„კასრების საქმეზე“ ბრალდებულ კობა თოდუას დაკავება რუსეთმა დაუკვეთა?!

lo0

რამდენიმე დღეში „კასრების საქმეზე“ ბრალდებულ კობა თოდუას საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. დავით ნარმანიას ბიძაშვილი ამჯერად მეორე ინსტანციის სასამართლოში ეცდება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას. თოდუას მეუღლე „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ მისი დაკავების მიზეზი არ იყო მხოლოდ ის მოთხოვნა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ახალაიას წინააღმდეგ მიეცა ცრუ ჩვენება. მისი თქმით, ეს საქმე რუსულ კვალზე გადის, რომელიც, ჯერ კიდევ, 2012 წლიდან ითხოვდა თოდუას განეიტრალებას.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება კობა თოდუას მეუღლე _ ნანა ანჩაბაძე:

 

_ ჩემი მეუღლე დააკავეს 2013 წლის 19 ივლისს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან. თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და დაკავების დროს დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. დილით სამსახურში მანქანით რომ მიდიოდა, სუს-ის თანამშრომლები შეიარაღებულები დახვდნენ და მძღოლთან ერთად აიყვანეს. მთელი დღის განმავლობაში რომ ვერ ვუკავშირდებოდი, ძებნა დავიწყე. მძღოლი „მოდულის“ შენობიდან საღამოს გამოუშვეს და ამბავი მოიტანა, რომ კობაც დაკავებული იყო, მაგრამ რაზე, რა ხდებოდა, არ ვიცოდით. „მოდულის“ შენობაში მივედი, მითხრეს, რომ პროკურატურაში ჰყავდათ, პროკურატურიდან ისევ უკან გაგვიშვეს, მხოლოდ ღამე მისცეს უფლება, რომ ახლობელთან დაერეკა, ადვოკატი მოითხოვა. ადვოკატად ჩვენი ნათესავი ირაკლი ნარმანია ავიყვანეთ. ადვოკატსაც არ მისცეს ნახვის უფლება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც იქნა, მოინახულა. დაკავების დროს მასზე სუს-ის მაშინდელი მაღალჩინოსნებისა და ანტიკორუფციული დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლა იყო. ისინი იყვნენ დარბაისელი და ჩიკვილაძე. თავიდან არავინ განუმარტავდა, რისთვის დააკავეს. მხოლოდ ეუბნებოდნენ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ უნდა მიეცა ჩვენება, ოღონდ რა საქმესთან დაკავშირებით, ზოგადად უყვებოდნენ სიტყვიერად და როგორც თვითონ გამოიტანა აზრი, უნდა ეთქვა, რომ ბაჩო ახალაიას კაბინეტში რაღაც მოხდა, ადამიანის მკვლელობა თუ გატაცება, ვითომ ეს ჩემმა მეუღლემ დაინახა და სასამართლოზე ამის შესახებ უნდა მიეცა ჩვენება. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ახალაია უკვე დაკავებულია და სულ სხვა რაღაცაზე ედავებიან, მაგრამ საქმე ის არის, რომ ახალაიას დაკავებიდან წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა გადის და იმ საქმეს ვერ უმტკიცებენ. რომელიმე მაღალჩინოსანი სჭირდებოდათ, მით უმეტეს, ჩემი მეუღლე დაზვერვის დეპარტამენტიდან იყო, თან ეუბნებოდნენ, ფარული ჩანაწერები რომ გავრცელდა, ასეთი ინფორმაცია შენს მინისტრზეც გექნება და გაგვიმხილეო. მოსაფიქრებლად გარკვეული დრო მისცეს. პერიოდულად ჩიკვილაძე აკითხავდა და ეუბნებოდა, _ რა მოიფიქრეო? ბოლოს ჩემმა მეუღლემ ჰკითხა, _ თუ თქვენთვის სასურველი ჩვენება არ მოგეცით, რა მოხდებაო? მაშინ დარბაისელმა უპასუხა, _ თუ სასურველ ჩვენებას არ მოგვცემ, საკუთარ ოჯახს 10 წელი ვეღარ ნახავო. 15 წუთი მოსაფიქრებელი დრო ისევ მისცეს. ამის მერე ისევ შევიდა ორივე და ჰკითხა, _ რა აირჩიე, თავისუფლება თუ ციხეო? ჩემს მეუღლეს უთქვამს, _ რასაც თქვენ მთხოვთ, არ გავაკეთებ, რადგან საკუთარი თვალით არაფერი მინახავს, თქვენ იმისთვის არსებობთ, გამოიძიოთ და თუ რეალურად რამე არსებობს, დაუმტკიცოთ და მოწმეც მოიყვანოთ, თუ ბუნებაში არსებობს ასეთი დანაშაული. ამაში ვერ გამოგადგებით, მირჩევნია, იქ ვიყო, სადაც მიპირებთ, რომ მამყოფოთ და ამ საქმეს ხელს არ მოვაწერო. კიდევ გაუმეორეს, _ კარგად დაფიქრდი, ჩვენ ყველაფერს დაწერილს მოგიტანთ, რაც სასამართლოზე უნდა თქვა, დაგაწინაურებთ კიდეც, რომელიმე ქვეყანაში ატაშედ გაგიშვებთო და ა. შ. მაგრამ კობამ ისინი კატეგორიული უარით გაისტუმრა. საბოლოოდ, როცა მიხვდნენ, რომ ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, ნახევარი საათის შემდეგ უკვე პროკურორი კავსაძე შევიდა და უთხრა, _ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კარგად მოგეფიქრებინა, ჩვენთან შეთანხმებაზე წამოსულიყავიო. რადგან იგი მათ არ დაეთანხმა, სიტყვიერად, ზეპირად წაუყენეს ბრალი „კასრების საქმესთან“ დაკავშირებით, მეორე დღეს კი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

_ კონკრეტულად რას ედავებოდნენ?

 

_ თავიდან არ ვიცოდით, რას ედავებოდნენ, სასამართლოს დარბაზში გავიგეთ, რომ ბრალი წაუყენეს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების მუხლით. დავიწყეთ მტკიცებულებების მოპოვება. როდესაც კონკრეტული დღეები დაუსახელეს, პირველ ეპიზოდში 2011 წლის 28 მაისი იყო, სადაც დაზარალებული ამბობს, რომ გალის რაიონიდან გადმოიყვანეს და სადღაც მიწურში ამყოფებდნენ, მაგრამ დაზარალებული ამბობს, რომ ეს ხდებოდა დილის საათებში და ზუსტად ახსოვს ეს დრო, რომ აწამებდნენ. ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ ამ დროს სამსახურში ვიყავი, თავდაცვის სამინისტროში თითის ანაბეჭდით შევდიოდიო. ამ მტკიცებულების მოძიება მოითხოვა. მოვიძიეთ და აღმოჩნდა, რომ 25-დან 30 მაისის ჩათვლით კობა თავიდან ბოლომდე იმყოფებოდა თბილისში. სამინისტროში შესვლა და გამოსვლა, ყოველი წუთი დაფიქსირებულია თითის ანაბეჭდით. ერთადერი დღეა 29 მაისი, სადაც კობა სამსახურში არ ფიქსირდება და ისიც იმის გამო, რომ კვირა დღეა, მაგრამ ამ დღეს „საქართველოს ბანკის“ ბანკომატიდან თანხა აქვს გამოტანილი გამსახურდიას ქუჩის კვეთაზე. ეს ამონაწერიც მოვიპოვეთ, რასაც დაერთო ისიც, რომ მეგობარმა გაიხსენა, _ ეს ის პერიოდია, 26 მაისის ცნობილი მოვლენები რომ მოხდა. ამ მეგობრის სიმამრი იყო იმ დროს ნინო ბურჯანაძის მძღოლი, ეს კაცი დააპატიმრეს და ოჯახმა არ იცოდა, სად ჰყავდათ. კობას მეგობრულად სთხოვა, იქნებ, რამე იცოდე ამ საკითხზე, ის მაინც გავიგოთ, სად ჰყავთო და ამ საქმესთან დაკავშირებით კობა თავის მეგობარს ბულაჩაურის ქუჩაზე შეხვდა. მეგობარმა ეს ჩვენებაც მისცა, _ ზუსტად მახსოვს, კვირა დღე იყო, წინა დღეს რომ დავურეკე, მითხრა, _ სამსახურში ვარ და არ მცალიაო. ამის შემდეგ დაზარალებულს ათქმევინეს, რომ ის გალიდან გადმოიყვანეს არა 28, არამედ 29 მაისს. როდესაც პროკურატურას ვკითხეთ, _ ხომ ამბობდა დაზარალებული პირველ ჩვენებაში, რომ ზუსტად ახსოვდა გადმოყვანის თარიღი, პროკურატურამ გვიპასუხა, _ იმ ერთ დღეში თოდუა თბილისიდან ზუგდიდში ჩასვლას თავისუფლად შეძლებდაო. მაგრამ აქ დაზარალებული ჰყვება, რომ 5 საათი ვიყავი მიწურში, სადაც მაწამებდნენო. მერე კობა ისევ დილით ფიქსირდება სამსახურში 9 საათზე. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ჩასვლა-ჩამოსვლას მოასწრებდაო და ექსპერიმენტი რომ ჩავატარეთ, რაც არ უნდა თავისუფალი იყოს გზა, ზუგდიდში ვერ ჩახვალ და უკან ვერ დაბრუნდები, მით უმეტეს, თუ 5 საათი ამ ყველაფერს უყურებ.

 

_ მეორე ეპიზოდი რას ეხება?

 

_ რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ისიც 2011 წელია, აგვისტო, აქ კონკრეტული თარიღი არ არის. მეორე დაზარალებული ამბობს, რომ ფაქტი მოხდა აგვისტოს პირველ რიცხვებში. ახლა დავიწყეთ აგვისტოს თვის მოძიება და აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლე 1-ლიდან 5 აგვისტოს ჩათვლით თბილისში იყო, ესეც თითის ანაბეჭდებით ფიქსირდება და 7-ში ერთად ვიყავით წასულები ბათუმში. იქ რომ ჩავედით, ბავშვი გაგვიხდა ცუდად და იქვე ინფექციურ საავადმყოფოში მოგვიწია გადაყვანა. მთელი დღე საავადმყოფოში ვიყავით. გადავწყვიტეთ, ბავშვისთვის გამოკვლევები თბილისში ჩაგვეტარებინა და ღამის 11-12 საათზე წამოვედით, 8-ში გამთენიისას ჩამოვედით. 8-9 რიცხვში კობას ისევ თანხა აქვს აღებული ბანკომატიდან და „საქართველოს ბანკის“ მიერ ისევ ფიქსირდება, რომ ის თბილისში იმყოფებოდა. თავიდან აგვისტოში 2 დღეს ედავებოდნენ, მაგრამ ეს მტკიცებულებები რომ დაიდო, ედავებიან ერთ დღეს, კონკრეტულად ის ერთი დღე რა რიცხვია, ან რა დროა, საქმის მასალებში არსად ჩანს. 12 პირია მიცემული ამ საქმეზე პასუხისგებაში, ყველა ყველაფერს ასახელებს და ჩემს მეუღლესთან მიმართებით _ არაფერს. როდესაც დაზარალებულები შემოჰყავდათ, თვითონ კობა ეკითხებოდა, კარგად შემომხედეთ, იქნებ, მე ვიყავიო? მაგრამ არც ერთს მისთვის ხელი არ დაუდევს. ერთადერთი არქანია იყო, რომლის საქმეზეც ედავებოდნენ, თითქოს ჩემი მეუღლე კონდახით სცემდა. ამ ადამიანმა პირდაპირ სასამართლო დარბაზში დაადო ხელი სხვას, _ ეს იყო, ვინც მცემდაო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, _ კარგად შემომხედე, სხვაში ხომ არ გეშლებაო? _ არაო, _ უპასუხა, _ კარგად მახსოვს, შენ ნამდვილად არ იყავიო. მერე დაზარალებულს პროკურატურამ ათქმევინა, იქ 3-4 კაცი ნიღბით იყო და ერთ-ერთი აღნაგობით გგავდა და, ალბათ, შენ იყავიო.

 

_ სულ ეს არის პროკურატურის მტკიცებულებები?

 

_ კი! ჩვენ გვაქვს სატელეფონო საუბრები, ბანკის ამონაწერები, თითის ანაბეჭდები, საავადმყოფოდან წამოღებული საბუთები, რომ ბავშვი რეგისტრაციაში გავატარეთ და 7 რიცხვში ნამდვილად ვიყავით ბათუმში, მაგრამ არაფერი გაითვალისწინეს.

 

_ ხელისუფლება რომ შეიცვალა, თქვენი მეუღლე ისევ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, დაკავებამდე ხომ არ ყოფილა მასზე რაიმე სახის ზეწოლა?

 

_ დიახ, როდესაც ირაკლი ალასანია მინისტრი გახდა, მისი ერთ-ერთი ხელქვეითი სერგო ჩაჩიბაია იყო _ ადამიანი, რომელიც ალასანიას დავალებით აგროვებდა კომპრომატებს ყოფილ მაღალჩინოსნებზე და თანამშრომლებზე. მას პირდაპირ ჰქონდა საუბარი კობასთან, კომპრომატები მოსთხოვა და რადგან მასაც უარი უთხრა, ჩაჩიბაია დაემუქრა, _ მაშინ შენც ახალაიას ბედს გაიზიარებო. ამბობს, _ ამ სიტყვებს მაშინ ყურადღება არ მივაქციე, რადგან არარეალურად მოეჩვენა ეს ყველაფერიო. კასრებში მოპოვებულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს ექსპერტიზა რომ ჩაუტარდა, კობა არსად ფიქსირდება არც ხმით და არც გარეგნულად. ექსპერტიზა ჩაუტარდათ დაზარალებულებს, რომლებიც ამბობენ, რომ სცემდა. ამ ადამიანებს არანაირი დაზიანების კვალი არ ეტყობათ. ეს ყველაფერი საქმის მასალებში დევს. ამის გარდა, არც ერთი დაზარალებული ხელს არ ადებს. საგამოძიებო ექსპერტიზა რომ ჩატარდა, ამ 9 თვის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა ადამიანი წაიყვანეს იმ მიწურში, სადაც დანაშაული მოხდა და ყველას მოსთხოვეს აეხსნათ, დანაშაულის ჩადენის დროს ვინ სად იდგა და იმ მომეტში რას აკეთებდა. კობამ მოითხოვა, მაგრამ არ წაუყვანიათ. ეუბნებოდა, _ ამხელა ბრალს მიყენებთ, ის მაინც არ გაინტერესებთ გაიგოთ, რა ადგილას ვიყავი და რას ვაკეთებდიო? გამომძიებელს როდესაც სასამართლო დარბაზში ამაზე ვკითხეთ, გვიპასუხა, _ თოდუა იმას მაინც არ გვეტყოდა, რაც ჩვენ გვაინტერესებდაო.

 

_ თქვენი მეუღლის ბიძაშვილი დავით ნარმანიაა, მისი ძმა იცავდა თქვენს მეუღლეს. არ გქონიათ ურთიერთობა, რომ სიმართლის პოვნაში დაგხმარებოდათ?

 

_ არა! ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ამ საქმეზე მარტო ვიბრძვი. არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მივმართე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც“ ვიყავი, „საერთაშორისო გამჭვირვალობაშიც“, ზერელედ მომისმინეს. გამოძიებას კი არ ვითხოვდი, დახმარება მინდოდა, რომ როგორ შეიძლებოდა, ამ რაოდენობის მტკიცებულებები გქონოდა და არ ითვალისწინებდნენ?!! როცა პროკურორი გეუბნება, რომ თითის ანაბეჭდი არაფერს ნიშნავს და ბალოიანის ცრუ ჩვენება უფრო მნიშვნელოვანიაო. სანამ კობას დააკავებდნენ, მანამდე ერთმანეთში მისვლა-მოსვლა გვქონდა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ჩვენ შორის, პრაქტიკულად, კავშირი გაწყდა. ირაკლი ნარმანია კი იმიტომ არის ჩვენი ადვოკატი, რომ არც მაშინ და არც ახლა არ გვქონდა საშუალება, ძვირადღირებული ადვოკატი აგვეყვანა. თან ჩემი მეუღლე დარწმუნებული იყო, რომ სიმართლეს დაამტკიცებდა და 9 თვეში გარეთ გამოვიდოდა. სახაზინო ადვოკატსაც ვერ ვენდობოდით და ამ ფაქტორებიდან გამომდინარე გახდა ჩვენი ადვოკატი. მერე დავით ნარმანიას რაღაცები მიაწერეს და ათასი ჭორი და საზიზღრობა გააჟღერეს.

 

_ ბალოიანი ახსენეთ, ვინ არის ეს ადამიანი?

 

_ ბალოიანი არის ადამიანი, რომელიც ცრუ მოწმედ ჰყავს გამოყენებული პროკურატურას თოდუას წინააღმდეგ, რომელიც ხელს ადებდა ჩემს მეუღლეს, რომ თურმე ქარდავასთან და სხვებთან ერთად იყო მიწურში და ამ ყველაფერს უყურებდა. ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჰყვებოდა ყველაფერს, როგორ შენდებოდა მიწურები: ადგილი, მიწური რომ აშენებულიყო, ვინ შეარჩია, ვინ გასცა ბრძანება, დაზარალებულები რომ გადმოიყვანეს, ვინ გადმოიყვანა. თვითონ ჰყვება, მიწურში რომ შევედით, ადამიანი „სკოჩით“ იყო მიბმული, ერთ-ერთმა ბრძანება გასცა და მისი დარაჯობა მოგვთხოვა, ამას 5 საათის განმავლობაში ვუყურებდითო. ჰყვება, ამ ყველაფერს ვინ იღებდა და ამ დროს ეს ადამიანი დაკავებული არ არის. ბალოიანი პროკურატურამ 9 თვის განმავლობაში ატარა, როგორც მოწმე. ჩვენ ვითხოვდით, მისთვისაც ჩაეტარებინათ ექსპერტიზა. მე ის ფირები არ მინახავს, მაგრამ ვინც ნახა, ეჭვი შეეპარა. მიუხედავად იმისა, რომ ფირები დაზიანებულია, ჩანს, რომ ერთი დიდი კამერით იღებს და მეორე _ ტელეფონით, ხელი ჩანს, პროფილი და ვინც ბალოიანი სასამართლო დარბაზში ნახა, ბევრმა მას მიამსგავსა. ამის მერე მოვითხოვეთ ბალოიანისთვის ექსპერტიზის ჩატარება, რაც, რა თქმა უნდა, პროკურატურამ არ გააკეთა. მეორე მოწმე, რომელიც ასევე ამ საქმეშია, გახლავთ ვინმე ხვიტია. როგორც მითხრეს, ამ ადამიანს ექსპერტიზაც კი არ სჭირდება, თუ ერთხელ გყავს ეს კაცი ნანახი და მერე ამ ფირს უყურებ, მაშინვე მიხვდები, რომ ხვიტიააო, წითელი მაისურით ზის და ამ ყველაფერს უყურებს. ამ ადამიანებს, იმის სანაცვლოდ, რომ კობა თოდუას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, რეალური სასჯელი არ მიუღიათ. როდესაც კობას გამოძიების პერიოდში სექსუალური ძალადობის მუხლი დაუმატეს, ამ ადამიანს მოუხსნეს წამების მუხლიც, სექსუალური ძალადობისაც, საპროცესო გარიგება გაუფორმეს და ორნახევარი წელი მიუსაჯეს, ბალოიანი კი დღემდე თავისუფალია და არავინ კითხულობს ამას. სწორედ ამის სათქმელად მივედი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეს ხომ კანონდარღვევაა და ვთხოვე, რეაგირება მოეხდინათ, მაგრამ, ასე ვთქვათ, „საიამ“ მაშინ ცხვირწინ მომიხურა კარი და არც გამჩენია სურვილი, რომ მეორედ მივსულიყავი.

 

_ სახალხო დამცველს არ მიმართეთ?

 

_ სახალხო დამცველთან ვიყავი, ნანუაშვილი ორჯერ შეხვდა ჩემს მეუღლეს, თავიდან კობა შიმშილობდა და მის დაკავებას აპროტესტებდა. დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ დაპირებად დარჩა.

 

_ დანარჩენი 11 ბრალდებულს თუ აქვს პრეტენზია, რომ უდანაშაულოდ დააკავეს?

 

_ არავის არ აქვს! სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებში მე დავრბოდი, არავის არ აქვს პრეტენზია. შეიძლება ითქვას, რომ ყველა დაზარალებული, ვისაც 5-6 წელი მიუსაჯეს, კმაყოფილია იმით, რომ მეტ სასჯელს ელოდა. ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არის ბულია, რომელთანაც პროკურორი შევიდა და უთხრა, _ ხვალ ამოცნობა იქნება და თოდუას უნდა დაადო ხელი, რომ ეს ადამიანიც ჩვენთან ერთად იყოო. ბულიას უთქვამს, _ საერთოდ არ ვიცი, თოდუა როგორ გამოიყურება და როგორ ამოვიცნოო? ჯერ სურათი შემომიტანა, კარგად დააკვირდი და ხვალ ამოცნობის დროს სამ კაცს შემოვიყვანთ, ორი იქნება საშუალო სიმაღლის, მოწესრიგებული და მესამე იქნება მელოტი და მოუწესრიგებელიო. მაღალი, მელოტი და შავი მაისურით რომელიც იქნება, ეს არის თოდუა და ხელი უნდა დაადოო. თავიდან ეს ბიჭი წინააღმდეგი იყო, შემდეგ უთხრეს, _ მცირეწლოვანი შვილები გყავს, ცოლი და მაგათზე იფიქრეო. მაინც რომ ეწინააღმდეგებოდა, მის ოჯახში მივიდნენ, ცოლი დაკითხვაზე წაიყვანეს და უთრეს, _ თუ გინდა, შენს ქმარს 12 წელი არ მივცეთ, მაშინ ეს უნდა გააკეთოს, ჩვენთან უნდა ითანამშრომლოს და შენს მეუღლეს ურჩიე, 5 წელზე მეტს არ მივცემთო. ეს ის პერიოდია, წინასწარი პატიმრობა რომ აქვთ მისჯილი და ნახვისა და დარეკვის უფლებას არ აძლევენ. არ ვიცი, შემდეგ რა მოხდა, მაგრამ ეს ბიჭი თანამშრომლობაზე დაითანხმეს. სასამართლო პროცესები რომ მიმდინარეობდა და დასწრების უფლება რომ არ გვქონდა, ყველა ბრალდებულის ოჯახის წევრები გარეთ ვიდექით, ჩვენ გარდა ყველა ერთმანეთს იცნობდა, ზოგი ბავშვების ნათლიები იყო, ზოგი მეგობარი. ყველა დანარჩენი კითხულობდა, ვინ იყო თოდუას მეუღლე და კობა რომელი იყო დარბაზში. მეორე ფაქტია ასეთი, მაგრამ არ უნდათ, რომ მათი ვინაობა დასახელდეს. ერთ-ერთის დედამ, როდესაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, ბოდიშივით მომიხადა, _ ჩემს შვილს არ უნდოდა, ეს გაეკეთებინა, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი რამე გადავიტანეთ და გვაიძულესო. ვთხოვე, _ მომიყევით და ხვალ პრესკონფერენცია გავმართოთ-მეთქი. შეეშინდა, _ ერთადერთი შვილი მყავს და ამის შემდეგ იმის მეშინია, ფიზიკურად არ გაუსწორდნენ, მაგრამ ყველაფერს გეტყვი და თუ რამეში გამოგადგება, შეგიძლია, მოყვეო: როცა ჩემი შვილი დაიჭირეს, მერე სახლში მოვიდნენ, პირადად თოდუას საქმეზე უთხრეს, მოწმედ გამოსულიყო. როდესაც პროკურორი კავსაძე ჩვენთან მოვიდა, მე და ჩემი მეუღლე ჩაგვსხა მანქანაში და გვითხრა, _ თბილისში უნდა წაგიყვანოთო. სად და რისთვის მივდიოდით, არ გვითხრეს. „მატროსოვის ციხესთან“ მიგვიყვანეს და კავსაძემ გვითხრა, _ ახლა შვილის ნახვის უფლებას მოგცემთო (ეს იმ დროს, როცა წინასწარ პატიმრობაში არიან), _ ნახვის უფლება რომ არ მაქვსო? _ ეს შენი პრობლემა არ არის, ოღონდ იმ პირობით გაჩვენებთ, რომ პროცესზე ამ ადამიანის წინააღმდეგ გამოვიდეს, მოსამართლესთან ჩვენ მოვაგვარებთ და 3-4 წელიწადზე მეტს არ მივუსჯითო. მართლაც შესულან, მამამისს უთქვამს, _ ამის გამო ვართ შემოსულები, პროკურორმა ასე დაგვაბარა და ახლა შენ გადაწყვიტე, რას იზამო. ამ ქალბატონმა მითხრა, სანამ ჩემი მეუღლე გამოვიდოდა, დაუბარა, _ სჯობს, 10 წელი იყო ციხეში და კაცურად, ვიდრე სხვისი ოჯახი გაამწარო და ამაზეც იფიქრეო.

 

_ ბოლოს როგორ მოიქცა?

 

_ პირველ ჩვენებაში თოდუას სახელი არსად ფიქსირდება, მერე უკვე ყველა ბრალდებულის მეორე ჩვენება იწყება, _ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვიყავით და ეს ფაქტი გამოგვრჩაო. თურმე, მეგის ქარდავა, კოდუა და სხვები, ძირითადი ბირთვი დაამახსოვრდათ და ამ დროს საქმის წამყვანი თოდუა გამორჩათ. ასე იწყება ყველა ბრალდებულის მეორე ჩვენება. როდესაც სასამართლოში ამ ბრალდებულების დაკითხვის დრო დადგა, როგორც ჩანს, პროკურატურა მიხვდა, რომ მათ სინდისი შეაწუხებდა და გადათქვამდნენ, ამიტომ დასაკითხთა სიიდან ამოიღეს და მოითხოვეს, რომ არ დაეკითხათ, მაგრამ აქ უკვე ჩვენმა ადვოკატებმა იმარჯვეს და მაინც დაიკითხნენ. ამ ადამიანებმა თქვეს, რომ კობა თოდუა არ იყო იქ და პროკურორი კავსაძე გვაძალებდა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენება მიგვეცაო. პრაქტიკულად, ჩემს მეუღლეს დარბაზში მოუხადეს ბოდიში, რომ ცრუ ჩვენება მისცეს, მაგრამ მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. სამაგიეროდ, გაითვალისწინა ბალოიანის ჩვენება, რომელიც ამტკიცებდა, რომ თოდუა კონდახით სცემდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ სულ სხვა პირი სცემდა. ასევე ხვიტიას ჩვენება.

 

_ ახლა რა არის თქვენი მოთხოვნა?

 

_ მესამე წელია, ჩვენი საქმე სააპელაციო სასამართლოშია _ საქმე, რომელიც სასამართლოს 6 თვეში უნდა დაემთავრებინა. პროცესსაც ვერ ვესწრებით, თავიდან ბოლომდე დახურულია. ვითხოვდით, რომ პრესას, ტელევიზიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონოდათ დასწრების უფლება, რაც პროკურატურას არ აწყობდა და, რა თქმა უნდა, კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. არც ერთხელ არ დაკითხულა ჩემი მეუღლე პროკურატურის მხრიდან იმ დროს, როცა თვითონ ითხოვდა, _ დამკითხეთ, იქნებ, რა ინფორმაციას გაწვდითო. როდესაც საქალაქო სასამართლოში კობას დაკითხვა მოვითხოვეთ, პროკურატურა როგორ წინააღმდეგობას უწევდა, ვერ აგიხსნით და მაქსიმალურად აკეთებდა ყველაფერს, რომ არ დაეკითხათ. აქ არ არის მხოლოდ ის ამბავი, რომ ახალაიას წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.

 

_ რას გულისხმობთ?

 

_ 2012 წლის 11 ოქტომბრის ჟენევის ოთხმხრივი ხელშეკრულების დოკუმენტი მაქვს, სადაც რუსული და აფხაზური მხარე პირდაპირ ითხოვს თოდუას განეიტრალებას. ამას ითხოვენ წლებია, მაგრამ წინა მთავრობამ ეს არ გააკეთა. როგორც კი საშუალება მიეცათ, ეს სისრულეში მოიყვანეს. ჩვენ ორივე აფხაზეთიდან ვართ. ახლობლები დღესაც გალის რაიონში ცხოვრობენ. საერთო ნაცნობმა გალში მცხოვრებ დეიდაჩემს ამბავი მიუტანა, _ დღეს აქ თქვენს სიძეზე საუბრობდნენ, რუსების სამხედრო ბაზაზე მუშაობს ის ადამიანი და იქ მოისმინა, რომ აქაური პოლკოვნიკი კობაზე ამბობდა, თოდუამ, თავის დროზე, სისხლი გაგვიშრო, მალე დაიჭერენ და დავისვენებთო. იმ ადამიანმა კობას საქმეზე არაფერი იცის და კითხვა დასვა, _ რა აქვს გაკეთებული თქვენს სიძეს ასეთი, რომ მისი საკითხი აქ განიხილებაო? მერე გავიგე, რომ ჩემი მეუღლე სხვასაც გაუფრთხილებია, _ რუსები ცუდად ითხოვენ შენს განეიტრალებას, წინასწარ ამბობენ, რომ დაგიჭერენ და იქნებ, ამ სიტუაციას თავი აარიდოო. სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, _ არაფერი გამიკეთებია და სად გავიქცეო? ამერიკის ვიზა გვქონდა ორივეს და მთავრობა როგორც კი შეიცვალა, თავისუფლად შეგვეძლო წასვლა, მაგრამ დავრჩით. ამ დოკუმენტის გარდა ჩემს მეუღლეზე რუსების გადაღებული ფილმიც არის. ერთი სიტყვით, ეს საქმე რუსულ კვალზე გადის!

 

 

 

თამარ ბატიაშვილი