დავით ოსეფაშვილი: ,,ხალხის უკმაყოფილება ისეთ პიკს მიაღწევს, საპროტესტო აქციები დაიწყება!”

da2

„ასეთი ცუდი პერიოდი ეკონომიკურად და ფინანსურად საქართველოს ძალიან დიდი ხანია, არ ჰქონია.  ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამორიცხულია, ის გამოწვევები დაძლიოს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, რადგან, უბრალოდ, ამ მთავრობას არ გააჩნია არც მწყობრი გეგმა, არც შესაბამისი უნარები და არც კომპეტენცია“, _ ასე აფასებს პოლიტოლოგი დავით ოსეფაშვილი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

 

 

 

„ქრონიკა+“-ს დავით ოსეფაშვილი ესაუბრება:

 

_ ბატონო დავით, 2016 წელი იწურება. რა მოუტანა ამ წელიწადმა ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურ ფლანგზე?

 

_ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ხელისუფლების შენარჩუნება შეძლო და ეს იყო უმთავრესი, რასაც მან ამ 4 წლის თავზე მიაღწია. ამასობაში, „ნაცმოძრაობაში“ მოხდა სერიოზული ბზარი, დაიწყო დაპირისპირება შიდა ორ ფრაქციას შორის, კერძოდ, სააკაშვილის მომხრეებსა და ბოკერია-ბაქრაძის მომხრეებს შორის. გასაგებია, ეს რა მიზეზებითაც იყო განპირობებული, ეს გახლდათ ბრძოლის მეთოდების ფორმასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა, რამაც ძალიან „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ეს დღემდე გრძელდება, რაც, საბოლოო ჯამში, 20 იანვარს ყრილობით დასრულდება. ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, საბოლოო სურათი ყრილობაზე გამოჩნდება. რაც შეეხება 2016 წლის მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს, ეს იყო ის, რომ მთავრობამ ვერ შეძლო, დაპირებები შეესრულებინა. ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა. ლარმა თავის კატასტროფულ მინიმუმებს მიაღწია, უკიდურეს დონემდე დაეცა, 1998 წლის მერე მაქსიმუმს გადასცდა და, ზოგადად, ქვეყანაში არის ძალიან დიდი პოლიტიკური ნიჰილიზმი, უნდობლობა პოლიტიკური პროცესების მიმართ, უკვე ძალიან დაიღალა ხალხი ამ ყველაფრით, „ქართული ოცნების“ მომხრეებიც კი აკრიტიკებენ ამ ხელისუფლებას, რადგან ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც რეალურად არსებობს და მიმდინარეობს ლარის დაცემის ფონზე, ამ ყველაფერმა ასახვა ჰპოვა ყველა სფეროში, დაწყებული სოციალური, დამთავრებული გადასახადებით, კრედიტებით და ა. შ.

 

_ ზოგადად, რას მიიჩნევთ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უმთავრეს პრობლემად?

 

_ ზოგადი პრობლემა ქვეყანაში ეს არის მოსახლეობის უკიდურესი გაღარიბება და ეკონომიკური სტაგნაცია. ქვეყანაში შემცირდა ეკონომიკა, არ იქმნება სამუშაო ადგილები, უფრო მეტი ადამიანია შემოსავლისა და სამსახურის გარეშე, უფრო მეტი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს, შემოსავალს, იზრდება გადასახადები, იზრდება სამომხმარებლო ფასები პროდუქტებსა და ბევრ სხვა რამეზე, ეს, საერთო ჯამში, მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებულ ნაწილს ურტყამს. ეს არის ყველაზე დიდი და სერიოზული გამოწვევა და არა პოლიტიკური პროცესები, ანუ მოსახლეობას, ძირითადად, სოციალური, ფინანსური და ეკონომიკური პრობლემები აწუხებს. ძალიან ცუდი პერიოდია, ასეთი პერიოდი ეკონომიკურად და ფინანსურად საქართველოს დიდი ხანია, არ ჰქონია.

 

_ მმართველ გუნდს შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება?

 

_ არ მივიჩნევ შესაძლებლად ამ შემადგენლობით, რომლითაც დღეს არის ჩამოყალიბებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, გამორიცხულია, რომ ამ მთავრობამ ეს გამოწვევები დაძლიოს, რადგან, უბრალოდ, ამ მთავრობას არც მწყობრი გეგმა გააჩნია, არც შესაბამისი უნარები, არც კომპეტენცია, რომ შეძლოს, ეკონომიკურ, ფინანსურ და ყველა სხვა სოციალურ გამოწვევას უპასუხოს. სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, მიუხედავად ძალიან დიდი შეცდომებისა, პრობლემებისა, თუნდაც დანაშაულებისა და ა. შ. ის მთავრობები ყოველთვის ეფექტიანები იყვნენ, მაშინ ყოველთვის ხდებოდა ინვესტიციების მაქსიმალური შემოტანა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან სერიოზული წნეხი ბიზნესზე, სერიოზული პრობლემები და პრეტენზიები იმ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან, სააკაშვილის მთავრობა ყოველთვის იყო ეფექტიანი, ამ მთავრობისგან განსხვავებით. მართალია, ბიზნესებს აღარ ატერორებენ, როგორც ახლა ამბობენ, სამაგიეროდ, ამ მთავრობას თავისი რეალური ფუნქციის შესრულება არ შეუძლია. არ აცნობიერებს, ან არ უნდა გააცნობიეროს ის, რომ ლარის ასეთი კატასტროფული მდგომარეობა დამოკიდებულია მის არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე ეკონომიკაში, ფინანსების მიმართულებით, ინვესტიციების მიმართულებით, გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები. ძალიან ბევრი, ასობით მილიონი ლარი იხარჯება პრემიებში, სხვა დანამატებსა და პრეფერენცებში, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ეკონომიკასა და იმ მოსახლეობას ურტყამს, რომელიც აბსოლუტურად გაღარიბებულია. ამიტომ ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ამ მთავრობის არსებულმა შემადგენლობამ ქვეყნის ამ რთული მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლოს. ჯერ ერთი, ფაქტობრივად, მთავრობა არ შეცვლილა, რადგან 4 წლის განმავლობაში რა ძირითადი ბირთვიც არსებობდა მთავრობაში, ის მთავრობა ახლაც განაგრძობს თავის საქმიანობას. შესაძლებელია, რაღაც სფეროებში მიღწევები არის, ამის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ, საერთო ჯამში, ვერაფერს ცვლის, რადგან მთავარია ის რეალური მდგომარეობა, რაც თითოეულ მოქალაქეზე აისახება, _ ადამიანს, რომელსაც 1000 ჰქონდა ლარი ხელფასი, ეს თანხა თავისი მსყიდველუნარიანობით დღეს, დაახლოებით, 500 ლარია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა სექტორსა და ყველაფერს შეეხო. შეიძლება ითქვას, ეს პრობლემა არ შეეხო მხოლოდ დიდ ბიზნესს, იმ კატეგორიას, რომელსაც საქართველოდან თავისი პროდუქცია გააქვს, ექსპორტს ახორციელებს და აქეთ შემოაქვს საქართველოში უცხოური ვალუტა. სხვა შემთხვევაში, პრინციპში, ყველა სხვა ფენა აბსოლუტურად დაზარალებულია, თუმცა უკვე ბიზნესსაც უჭირს იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ბიზნესი ვერ გაზრდის მის მიერ წარმოებულ პროდუქციას უსაზღვროდ, მიუხედავად იმისა, რომ ლარი უფასურდება, მის პროდუქციას ხალხი ვერ იყიდის; რომ არ გაზარდოს გარკვეული დონით, მას თვითღირებულებაში პრობლემები ექმნება და ის ვერ შეძლებს ამ თვითღირებულების დაფარვასაც კი, ჩაკეტილი წრეა.

 

_ გამოსავალი?

 

_ ამ ყველაფერს სჭირდება და ამის წამალია უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის მაქსიმალურად შემცირება და ამ ხარჯების ეკონომიკის სტიმულირებაში ჩადება. ალბათ, უკეთესი იქნება, ამ ხარჯების გარკვეული ნაწილი პენსიონერებზე, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე წავიდეს. რა თქმა უნდა, მოიხსნას ის მარწუხები, გადასახადების სახით რაც აქვს დაწესებული ბიზნესს, რომ მან თავისუფლად სუნთქვა შეძლოს, მეტი შემოსავალი მოიტანოს, მეტი სამუშაო ადგილები შექმნას და, შესაბამისად, ამ ფონზე უფრო მეტ გადასახადსაც კი გადაიხდის. გადასახადების გაზრდა გადასახადების ზრდას კი არ გამოიწვევს, პირიქით, გადასახადების შემცირებამ შეიძლება, ეკონომიკას დიდი სტიმულაცია მისცეს, ბიზნესს, კონკრეტულ შემთხვევაში, და ამან გამოიწვიოს ბიუჯეტის უფრო მეტი შევსება, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს.

 

_ ასეთი სოციალური ფონის პირობებში, მომავალი 4 წლის მანძილზე, სანამ ამ ხელისუფლების მმართველობის ვადა ამოიწურება, რაიმე სახის სოციალურ აფეთქებას ხომ არ უნდა ველოდოთ?

 

_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, დაახლოებით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას ემსგავსება, როდესაც ისინი ეტაპობრივად კარგავდნენ ძალიან ჭარბ ნდობას, რომელიც მათ ხალხმა გამოუცხადა. ზუსტად ასე იყო: აქციზების გაზრდა, შეზღუდვები, რეგულაციები. სამწუხაროდ, მაშინაც ასე კეთდებოდა და იყო ეს შეცდომები, თუმცა იმ მთავრობას ამასთან ეფექტიანობით ვერ შევადარებ, თუმცა, ბუნებრივია, ძალიან ბევრი შეცდომა ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ყველაფერს აქვს თავისი რესურსი, თუ მოსახლეობის გაღარიბება კიდევ უფრო გაგრძელდება, თუ ქვეყანაში გაუსაძლისი და კატასტროფული მდგომარეობა იქნება, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ეს მდგომარეობა გამოიყენონ და ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. არ გამოვრიცხავ, რომ სოციალური აფეთქება თუ არა, სოციალური პროტესტები ვიხილოთ გამოსვლების სახით. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერს ჰქონდეს პოლიტიკური წანამძღვარი, რადგანაც ყველა ასეთი აქცია რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ გამოყენებული იქნება თავისი დივიდენდების მოსახვეჭად. ამიტომაცაა ოპოზიცია, რომ ის ყოველთვის იტყვის სიმართლეს, თუმცა ამას გამოიყენებს თავისი პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ. ასევე ხელს არ უწყობს ამ პროცესებს მედიის შეზღუდვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რადგანაც იმ პირობებშიც კი, როდესაც სააკაშვილს ყველაფერზე მაქსიმალური ძალაუფლება ჰქონდა, მან ვერ შეძლო დასავლეთისა და, ზოგადად, სხვადასხვა ორგანიზაციის ზეწოლის შედეგად, მაგალითად, დაეხურა „მაესტრო“ და ეს უკანასკნელი, საბოლოო ჯამში, ისევე როგორც „კავკასია“ და სხვა ტელევიზია, თავისუფალი სარკმელი იყო იმ კონტროლირებად ტელევიზიებს შორის, რომლებიც მაშინ არსებობდნენ. ფაქტობრივად, იგივე სქემით და სცენარით მოქმედებენ ესენი, ოღონდ უფრო უნიჭოდ და უუნაროდ. იგივეს აკეთებენ და რა მოაქვს ასეთ ნაბიჯებს, ვფიქრობ, ჩვენი უახლესი ისტორია ამას გვაჩვენებს. ხალხის მოთმინებასაც ყოველთვის აქვს საზღვარი, ეს განპირობებულია პირადი კეთილდღეობით, ფინანსური შემოსავლებით, პრობლემებით და ინდიკატორი კეთილდღეობისა არის აბსოლუტურ მინიმუმზე, რადგან დიდი პრობლემებია. თუ ლარის ხელოვნური, ან რაღაც ფორმით დაჭერა ვერ მოხერხდა, ეს ავტომატურად გამოიწვევს კომპანიების მოთხოვნას ფასების ზრდაზე ელექტროენერგიაზე და ენერგომატარებლებზე. ეს გამოიწვევს თავისებურად ჯაჭვურ რეაქციას გადასახადებზე, კომუნალურებსა და ა. შ. ეს გამოიწვევს კიდევ მეტ უკმაყოფილებას, რადგანაც ფიზიკურად არ შეეძლება ე. წ. საშუალო ფენასაც, რომ გაზრდილი გადასახადი გადაიხადოს. ამიტომ შეიძლება ამან ნებისმიერი საპროტესტო მუხტი დააგროვოს და ამ მუხტმა შეიძლება სტიქიური სახეც მიიღოს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანაში არ არის მშვიდი ვითარება, ქვეყანაში არ არის დიდი ლეგიტიმაციით მოსული ხელისუფლება, საერთო ამომრჩევლების, დაახლოებით, 25%-მა მისცა ხმა ამ ხელისუფლებას, თუმცა იმ მახინჯი საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე „ქართულმა ოცნებამ“საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, რისი შეცვლაც და რეალიზებაც აბსოლუტურად ხდება: შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, მას სათავეში ჩაუდგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკვე აპრილის ბოლოს დაიდება ახალი კონსტიტუციის პროექტი, შემდეგ იქნება განხილვები და ალბათ, შემოდგომაზე დამტკიცდება, ანუ ფორსირებულად მოდის ეს ყველაფერი. გაგახსენებთ იმას, რომ სააკაშვილმა თავისი მმართველობის ბოლოს იგივე გააკეთა, როდესაც მას საპრეზიდენტო მეორე ვადა უმთავრდებოდა, მერე ის უნდა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი და ამიტომაც შეცვალა კონსტიტუცია და საკუთარ თავზე მოირგო, მაგრამ საქმე ის არის, რომ თუ „ქართული ოცნებაც“ იგივეს გააკეთებს, მართლა არ გაასწორებს ამ კონსტიტუციას და ის არ გახდება ევროპული, დაბალანსებული, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო დაამძიმებს პოლიტიკურ ფონს, ხელს არ შეუწყობს არანაირად ქვეყნის განვითარებას, საბოლოო ჯამში, რაღაც პერიოდის მერე ხალხის უკმაყოფილება ისეთ პიკს მიაღწევს, რომ შეიძლება, ამან დიდი საპროტესტო აქციები გამოიწვიოს. მართალია, დღეს და ხვალ ამის საშიშროება არ არის, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ პროცესის განვითარების ლოგიკა ზუსტად ერთი და იგივეა, რაც მახსოვს ბოლო 25 წლის განმავლობაში.

 

_ საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ პოლიტიკაში რას მიიჩნევთ წარმატებად და წარუმატებლობად?

 

_ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შევადარებ: მათი მმართველობის პერიოდებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება დასავლური პოლიტიკური ვექტორის მიმართულებით მიდის, მისი აქტიურობა ძალიან დაბალია. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩვენ ყველა ფორუმზე ვიყავით წარმოდგენილნი და სადაც არ ვიყავით, იქ კარიდან თუ არ გვიშვებდნენ, ფანჯრიდან შევდიოდით იმის გამო, რომ საქართველო წარმოჩენილიყო და მაქსიმალური მოგება მიგვეღო აქედან ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ძალიან პასიურია, ისეთი პასიური, რომ საქართველო უღიმღამო ქვეყანა გახდა, _ თუ, დავუშვათ, დასავლეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში სააკაშვილის პერიოდში საქართველოს შესახებ ყველა პოლიტიკოსმა იცოდა და პოლიტიკაში ჩახედულმა დასავლეთის დიდმა ნაწილმა, ახლა საქართველო, ფაქტობრივად, ძალიან ნალებად არის წარმოჩენილი. ჩვენი მინისტრები დადიან ამ ფორუმებზე, ჩვენი დელეგაციები ჩადიან, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს იმდენად არაეფექტიანია, იმდენად უღიმღამო საგარეო პოლიტიკაა, იმდენად შიშნარევი, რომ, მაგალითად, რუსეთი არ გავაღიზიანოთ, ან რომელიმე სხვა მეზობელი, რომ აბსოლუტურად დამალულია ჩვენი ქვეყანა ამ პროცესებიდან. ამას ადრე განაპირობებდა სააკაშვილის ფაქტორი და ამიტომაც ჩვენი ქვეყანა წინ წამოწეული იყო, ამ შემთხევვაში, ჩვენი ქვეყანა არის ძალიან დაფარული, არ ვაქტიურობთ ამ მიმართულებით და არც ვჩანვართ, ეს განპირობებულია ივანიშვილის ფაქტორით, იმიტომ, რომ ის უწევს ანგარიშს რუსულ ძალას. მისი პოზიცია ასეთია, როგორც პოლიტოლოგი ვამბობ ამას, რომ ის მიიჩნევს, რუსეთი ნაკლებად უნდა გააღიზიანო, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება რუსებს არ მოეწონოთ და ამიტომ მას ურჩევნია, მაქსიმალურად თავი შეიკავოს რადიკალური ნაბიჯებისგან, ან იგივე კენჭისყრებში მონაწილეობისგან და ა. შ. ძალიან ფრთხილი პოლიტიკა აქვს არჩეული ამ მიმართულებით. ამის მიუხედავად, გახშირდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების გატაცება, ამ მიმართულებით აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა, ბორდერიზაცია მიმდინარეობს, აფხაზეთის და ცხინვალის მილიტარიზაცია მიმდინარეობს, ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება კი არ მომხდარა, მეტსაც გეტყვით, შეიძლება გაუარესდა კიდეც. სულ ცოტა ხნის წინათ რუსეთმა და აფხაზეთის ე. წ. მარიონეტულმა მთავრობამ ხელშეკრულება დადეს ერთობლივი არმიის ჩამოყალიბების თაობაზე. ძალიან ბევრი ასეთი ფაქტია, რომელსაც აბსოლუტურად ვერ და არ ეწინააღმდეგება ჩვენი ხელისუფლება. რამდენადაც მე ვიცი, ეს ფაქტი საერთაშორისო დონეზე არც კი განიხილება და ასეთი სიმწვავით, როგორიც საჭიროა, რომ დაყენოს ეს საკითხები ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საპარლამენტო დელეგაციებმა, ასე არ ხდება.

 

_ ამერიკასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენები თუ მოახდენს რაიმე გავლენას საქართველოზე?

 

_ არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები მოხდეს საქართველოსთან მიმართებით იმიტომ, რომ ის პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიციები, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა განახორციელა, რა თქმა უნდა, ამას არ დათმობს, თუმცა არც იმას უნდა ველოდოთ, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება დასავლეთისა და აშშ-ს მხრიდან. ამ ეტაპზე მაქსიმუმი რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ის, რომ უვიზო რეჟიმს მოგვცემენ ევროკავშირთან და ვიზის გარეშე შეგვეძლება ევროპაში გადაადგილება. რაც შეეხება ნატოში შესვლის საკითხს და ევროკავშირის წევრობას, ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა.

 

 

 

 

 

თამარ ბატიაშვილი