ფინანსთა მინისტრის კომფორტის ზონა

a2

სანამ ეკონომიკისა და აწ უკვე ფინანსთა ყოფილი მინისტრის საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად წავიდოდი, ჯერ მისი ქონების დეკლარაციას გადავხედე და გაოცება მაშინ გენახათ, როცა აღმოვაჩინე, რომ 7 ბინა, 2 მიწის ნაკვეთი, 1 საცხოვრებელი სახლი და 1 ავტოფარეხი აქვს. თუმცა ესენი გადანაწილებულია მეუღლესა და შვილზეც.

 

ახლა კი ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და უშუალოდ საქმეზე გადავიდეთ.

 

საცხოვრებელ სახლად მინისტრს ლამისყანის ქუჩაზე მდებაზე კერძო სახლი აქვს მითითებული და მეც, რა თქმა უნდა, დიდი შემართებით გავემართე ლოტკინის ტერიტორიისკენ, თან მიკვირდა, ასეთ მაღალ ადგილზე რატომ ცხოვრობდა მთავრობის გუნდის წარმომადგენელი, როცა იქიდან „სამსახურში“ „ჩამოსვლას“ საკმაო დრო დასჭირდება და, ძირითადად, ახლა საბურთალოს ტერიტორიაზე ცხოვრება მიიჩნევა „პრიორიტეტად“. „მაღლა“ ასვლისას კერძო სახლების ერთმანეთზე მიჯრილ ეზოებს ვათვალიერებდი და ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეფიქრებოდა. როგორც იქნა, მივადექი ადგილს, საიდანაც ლამისყანის ქუჩა იწყება და ვხედავ, რომ აქ მუშები დგანან, გზას აგებენ. მათ შემოვუარე და დანიშნულ ქუჩაზე აღმოვჩნდი. რატომღაც, მეგონა, რომ უზარმაზარი სახლი უნდა მეძებნა, დიდი მოაჯირით და საოცარი ფასადით, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოგვიდგენია ხოლმე და მინისტრის სახლიც ის ნაცრისფერი ფასადის მქონე ორსართულიანი შენობა აღმოჩნდა, რომელზეც ვიფიქრე, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება-მეთქი (წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ).

 

ქუჩა სამ ნაწილად იყოფა, ორ მათგანს ცენტრალურ გზაზე აქვს გასასვლელი, ერთი კი შიდა, სხვა ქუჩისკენ გასასვლელს მიუყვება. გვერდით კერძო სახლში გაკეთებული საბავშვო ბაღი და კიდევ კერძო სახლის კვალობაზე საკმაოდ დიდი შენობა დგას, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე მარკეტს და „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალს მოიცავს.

 

გეგმაში მარკეტებში შესვლა და იქ კითხვა მქონდა, იცოდნენ თუ არა მინისტრის აქ ცხოვრების შესახებ და ჰქონდათ თუ არა მასთან უშუალოდ შეხება? ამ გეზის აღებისას, ვხედავ, შუახნის ქალბატონი ჩანთებით დატვირთული მოდის და მეკითხება, საიდანაც მე მოვდივარ, იქით გზას გაგრძელება თუ აქვს (რემონტის გამო) და თუ შეძლებს, რომ ამ მხრიდან წავიდეს თავის სახლში? მეც ვხვდები, რომ იგი „აქაურია“ და ვეკითხები:

 

_ ქუმსიშვილს თუ იცნობთ? ამ ქუჩაზე ცხოვრობს.

 

_ კი, შვილო, როგორ არა, ჩემი ბავშვობის მეგობარია, ჩემზე პატარაა, მაგრამ ერთად გავიზარდეთ (ამ დროს ცოტა მიკვირს, როგორ გაიზარდნენ ერთად 42 წლის დიმიტრი და თითქმის 55 წელს მიტანებული ქალბატონი, რომელიც ძალიან კეთილი აღმოჩნდა, ქვემოთ ნახავთ). მშობლები ამ ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მერე იქით ქუჩაზე (და ხელით მანიშნებს ცენტრალური გზისკენ) იყიდა სახლი და ცალკე გადავიდა. კარგი ბიჭია, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დაფასებულია ქალებში, გოგოებში.

 

_ და ეკონომიკაზე თუ გისაუბრიათ მასთან?

 

_ მოიცა, შენ რომელ ქუმსიშვილზე მესაუბრები, მინისტრზე?

 

_ დიახ, სხვა დიმიტრი ქუმსიშვილიც არსებობს ამ ქუჩაზე?

 

_ უიმე, შვილო, ეგ ბავშვია ჩემთან შედარებით, მეგონა, მის ბიძაზე მეკითხებოდით და სულ სხვა ინფორმაცია მოგაწოდეთ (აქ მეც მივხვდი, დაახლოებით, 13-15-წლიან სხვაობას და იმას, თუ რატომ და როგორ გაიზრდებოდნენ ერთად ეს კეთილი ქალბატონი და მინისტრის ბიძა).

 

ორივემ კარგა ხანს ვიცინეთ იმაზე, რომ მე ასაკთან დაკავშირებით დავიბენი და ის _ პერსონასთან დაკავშირებით.  მერე კი ისევ საქმეს მივუბრუნდი:

 

_ ანუ მინისტრი აქ, ამ ქუჩაზე ცხოვრობს?

 

_ აქ ცხოვრობდა და გაიზარდა, მაგრამ ახლა აღარ არიან აქ, ბაბუა მეცნიერ-მუშაკი იყო და ძალიან კარგი ოჯახი აქვთ.

 

_ თვითონ დიმიტრისთან თუ გქონდათ შეხება?

 

_ ეგ ჩემთან შედარებით ბავშვია, შვილო, არ გაგიკვირდა, წეღან რომ გითხარი, ერთად გავიზარდეთ-მეთქი?

 

_ კი, ძალიან გამიკვირდა (გამოვუტყდი მეც).

 

_ ჰო, დედამისს კარგად ვიცნობ, კარგი ხალხი არის ძალიან, განათლებულები და ზრდილობიანები. ამ სახლში ახლა დიმიტრის ბებია ცხოვრობს და შეიძლება, ის გაგესაუბროს, მაგრამ როგორ დაგაკავშირო ახლა მე მათთან? მოიცადე, ნინოს დავუძახებ (ვერ ვხვდები, ვინ არის ნინო, მაგრამ ამის გაფიქრებაში ეს ქალბატონი თავის ყვავილებს მაჭერინებს და ხელჩანთასთან მტოვებს, რომელიც მოჰქონდა, იმ საბავშვო ბაღისკენ მირბის ნინოს დასაძახებლად, რომელიც წეღან ჩამოვიტოვე და იმ სახლისკენ მიმითითებს, რომ მინისტრისაა, რომელზეც წეღან ვიფიქრე, არ იქნება მინისტრის-მეთქი (ხომ ვთქვი, წინასწარ ვერ განსაზღვრავ).

 

მე ამ კეთილი ქალბატონის ყვავილი მიჭირავს, ნაცრისფერი სახლის წინ ვდგავარ, რომელსაც, როგორც ვატყობ, მინისტრის ბაბუის (რომელიც მეცნიერი იყო, ასევე დიმიტრი ქუმსიშვილი) სახელისა და პროფესიის მინაწერი ამშვენებს, ამ ქალბატონს კი ნინო გამოჰყავს.

 

_ გამარჯობა, ნინო, „ქრონიკა+“-დან ვარ, ამჯერად ფინანსთა მინისტრის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ და, უბრალოდ, მაინტერესებს, თქვენ თუ იცნობთ, ან რაიმე შეხება თუ გაქვთ მასთან?

 

_ მე არა, მაგრამ ჩემს ქმარს აქვს შეხება, გადასარევი ადამიანია, „ტვინიკოსი“ ბიჭი, შეგნებული და წყნარი, მეტი რა გითხრა?!

 

ლალი (მიმართავს კეთილ ქალბატონს), მანანას დაუძახე, აბა (მანანა მინისტრის მამიდა აღმოჩნდა), თუ იქნა სახლში. ეგ ახლა აქ სახლის მეპატრონეა, იმიტომ რომ მდგმურები ჰყავთ და ბებიაა ხოლმე მარტო ქვემოთ, მანანა დაგაკვალიანებს, _ მეუბნება, _ მე მეტის თქმა არ შემიძლია მაგ ადამიანზე. ძალიან კარგი პიროვნებაა.

 

_ მდგმურები ჰყავთ?

 

_ აი, ზემოთ სართულზე ცხოვრობენ, მაგრამ გირაოთი არიან თუ ახლობლები, არ ვიცი, ნათესავები არ არიან და…

 

_ ბებია ჰყავთ აქ მარტო?

 

_ ჰო, აი, მანანაა ხოლმე აქ და ისინი „დაბლა“ ცხოვრობენ, საბურთალოზე, მგონი.

 

_ გმადლობთ, ნინო (ვეუბნები და ლალისკენ მივემართები ყვავილებით, რომელსაც უკვე მანანა გამოუყვანია სახლიდან)…

 

მანანა, გამარჯობა, „ქრონიკა+“-დან ვარ, ჟურნალისტი (ვუხსნი, რა მიზეზით მოვედი ამ სახლთან და რა მაინტერესებს, თუმცა…)

 

_ გასაგებია, მაგრამ ვერაფერს გეტყვით დიმას ნებართვის გარეშე, არ მინდა, რაიმე ისე ვთქვა, რაც შეთანხმებული არ მაქვს, სახლი კი შეგიძლია, გადაიღო, _ მეუბნება მანანა.

 

_ კარგი, გმადლობთ (მოკლედ… არ მითხრა, როგორია ჩვეულებრივ ურთიერთობაში მინისტრი და მოდის თუ არა საერთოდ ამ სახლში, სად ცხოვრობს ახლა და ა. შ.)

 

ამასობაში ლალი (კეთილი ქალბატონი) მკოცნის, წარმატებულ დღეს და წერას მისურვებს და მიდის. მეც მადლობას ვუხდი და უკვე იმ მარკეტში შევდივარ, სადაც ადრე ვგეგმავდი მისვლას.

 

_ გამარჯობა, აქ ცხოვრობთ? დიმიტრი ქუმსიშვილს ხომ არ იცნობთ? _ ვეკითხები კონსულტანტ გოგონას (რომელიც, სხვათა შორის, არ დამზარდა, რომ ასაკოვან და იმ ქუჩაზე მცხოვრებ კაცთან მისულიყო, რომელსაც შესაძლოა, დიმიტრიზე ჰქონოდა ინფორმაცია. მართალია, ის კაცი ჩემთვის გამოსადეგ ინფორმაციას არ ფლობდა, მაგრამ მაინც მადლობა, რომ დამეხმარა).

 

_ ეგ მომღერალი როა?

 

_ არა, მინისტრია…

 

_ მაშინ, ამას ჰკითხეთ, _ მითითებს მოლარეზე, რომელიც დაღლილი სახით ემსახურებოდა მორიგ მომხმარებელს.

 

_ აქ ცხოვრობთ?

 

_ კი.

 

_ დიმიტრი ქუმსიშვილზე გაგიგიათ?

 

_ კი.

 

_ იცნობთ? აქ ცხოვრობს? მოდის ხოლმე? ხომ არ იცით?

 

_ არა.

 

_ გმადლობთ, _ გამოვდივარ.

 

შემდეგი პუნქტისკენ მივემართები და ცოტა უფრო ძველი მაღაზიისკენ ვიღებ გეზს, სადაც მეტი შანსია, რომ მასზე იცოდნენ. ჰოდა, ვპოულობ კიდეც ასაკოვან, 70 წელს მიტანებულ ბაბუს და ვეუბნები:

 

_ გამარჯობა, დიმიტრი ქუმსიშვილს თუ იცნობთ?

 

_ მინისტრს?

 

_ დიახ.

 

_ ბავშვობაში ვიცნობდი.

 

_ როგორი ბავშვი იყო?

 

_ ძალიან კარგი, ჭკვიანი და განათლებული.

 

_ ახლა თუ გაქვთ რაიმე შეხება?

 

_ რაც მინისტრი გახდა?

 

_ დიახ.

 

_ არა, აქ აღარ დადის ხოლმე.

 

_ მშობლებს, ან ბიძას არ აკითხავს აქ?

 

_ მშობლები იქ ჰყავს.

 

_ სად?

 

_ იქა, მგონი, თეთრი წყაროში, თუ სადღაც არიან, არ ვიცი.

 

_ გმადლობთ, _ ვეუბნები და უკვე ლოგიკურად (რედაქტორის გამჭრიახობის საფუძველზე) მივემართები იმ საცხოვრებელი ბინის მისამართზე, რომელიც სიდიდით ამ უკანასკნელის (სადაც ახლა ვიყავი) შემდეგ მეორეა (როგორღაც მივხვდით, რომ იმ 7 ბინიდან, რომელიც დეკლარაციაში იყო მითითებული, 40, ან 55 კვ.მ.-იან ბინაში არ იცხოვრებდა და, სავარაუდოდ, მისი ამჟამინდელი კომფორტის ზონაც საბურთალო, კერძოდ კი მერიის მიმდებარე ტერიტორია, შარტავას ქუჩა იქნებოდა).

 

ახლა ამ „სიმაღლიდან“ ჩამოსასვლელად ტაქსის დაჭერა და საბურთალოზე წასვლაღა დამრჩენოდა. რაც მთავარია, ვიცოდი, სად მივდიოდი და ძალიან მაინტერესებდა, გამართლდებოდა თუ არა ამჯერად ჩემი მოლოდინი მას შემდეგ, რაც ლოტკინის სიმაღლიდან თითქმის ბარზე ვეშვებოდი.

 

საოცარი საცობების ფონზე მოვაღწიე მერიის შენობასთან და ცოტა ზემოთ. სააკაძის მოედანზე ისევ კილომეტრიანი საცობი იყო, მაგრამ ეს ვის ადარდებდა, როცა მინისტრის „კომფორტის ზონას“ ვეძებდი და მაინტერესებდა, რა დამხვდებოდა რეალურად.

 

როგორც იქნა, მოვაღწიე. ქუჩაზე, დანიშნულების ადგილზე, 15-სართულიანი, ერთმანეთზე მიჯრილი ახალაშენებული ორი კორპუსის გაერთიანება დამხვდა, რომლის პირველი სართულის მარცხენა კუთხე შავი საღებავით იყო მოხატული და თბილისის თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა გახლდათ მცირე ზომებში წარმოდგენილი, „ქართლის დედით“ დაწყებული, „მშვიდობის ხიდით“ დამთავრებული.

 

კორპუსს ორი, საპირისპირო მხარეს მქონე შესასვლელი ჰონდა, რომელიც, რა თქმა უნდა, დაკეტილი იყო და თუ იქ მცხოვრები, ან რომელიმე ოჯახის კოდის, ან კარის კოდის მცოდნე არ იყავი, ვერ შეხვიდოდი. გარეთაც არავინ იდგა, რომ მათთვის მეკითხა, იცნობდნენ თუ არა მინისტრს, ამიტომ შიგნით შესვლა და მეზობლებთან დაკაკუნება, ინფორმაციის ასე მოპოვება გადავწყვიტე. თუმცა მანამდე, კორპუსის ქვემოთ არსებულ მაღაზიებში შევედი, რომ იქ მომსახურე პერსონალისთვის მეკითხა, იქნებ, ჩამოდის ხოლმე ბ-ნი დიმიტრი და თავად ყიდულობს სურსათს, ან რაიმე საოჯახო ნივთებს? ჯერ ამ უკანასკნელის მაღაზიაში შევედი და კონსულტანტს ვეუბნები:

 

_ დიმიტრი ქუმსიშვილს იცნობთ? თქვენთან ხომ არ ჩამოდის ხოლმე რაიმეს შესაძენად?

 

_ უნდა ვიცნობდე? ვინაა ასეთი?

 

_ ფინანსთა მინისტრია.

 

_ არა, არ შემოდის, ხოლმე.

 

_ გმადლობთ, _ გამოვდივარ და ახლა სურსათის მაღაზიაში შევდივარ.

 

ვხედავ, რომ ახალგაზრდა ქალბატონი თაროზე დალაგებულ პროდუქციას აღწერს.

 

_ გამარჯობა, მაინტერსებს, ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს თუ იცნობთ და ჩამოდის ხოლმე აქ?

 

_ დიახ, ვიცი, აქ ცხოვრობს და ჩამოდის ხოლმე, კი.

 

_ გესალმებათ? როგორია ურთიერთობაში?

 

_ კი, კი, გვესალმება ჩვეულებრივად, მეტი არაფერი, სხვა არანაირი შეხება არ გვაქვს. ყიდულობს რაღაცებს და მიდის.

 

_ კარგი, გმადლობთ, _ ვეუბნები და უკვე ვიცი, რომ მას მივაგენი, ახლა კორპუსებში შესვლისა და 15-ივე სართულის დათვალიერების დროა.

 

ზოგადად, იღბლიანი ვარ და აქაც გამიმართლა, _ ერთ-ერთ კარში ცოლ-ქმარი შევიდა, ღია დატოვა და მეც შევყევი. კორპუსს აშკარად ეტყობოდა, რომ ახალაშენებული, თან ჯერაც სრულად დაუსახლებელი იყო. პირველივე სართულიდან დავიწყე ახალ-ახალი და ლამაზი კარების კაკუნი. უშედეგოდ. მეორე სართულზე გადავინაცვლე, მაგრამ კაკუნს აქაც არ მოჰყოლია შედეგი, არავინ აღებდა, ჯერაც უცხოვრებელი იყო ბოლომდე და იმიტომ. თან იმას წარმოვიდგენდი, ახლა თვითონ მინისტრმა რომ გამიღოს კარი და რა გნებავთ, რომ მკითხოს-მეთქი. მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თხუთმეტივე სართულზე ოთხასივე მცხოვრებისთვის კარებზე არ მიმიკაკუნებია.

 

მარტივად ავედი მე-3 სართულამდე. აქ კარი ახალგაზრდა, ხალათში გახვეულმა გოგონამ გამიღო.

 

_ უკაცრავად, დიმიტრი ქუმსიშვილს ხომ არ იცნობთ?

 

_ არა, ახალი გადმოსული ვარ და წარმოდგენაც კი არ მაქვს, აქ ვინ ცხოვრობს.

 

მადლობა გადავუხადე და შემდეგ კარს მივადექი.

 

ასე მე-6 სართულამდე მივედი და გავაცნობიერე, რომ ახლა ასე სიარულს მე-15 სართულამდე აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ ქვემოთ ჩამოვედი და ახლა მეორე სადარბაზოს მივადექი, რომელიც უფრო „წარმოსადეგი“ აღმოჩნდა, _ ჰოლში დიდი ქოთნით ყვავილი, მოსაცდელი სკამები, დიდი სარკე, კარგი იატაკი და იქ მცხოვრებლების ქვითრების ყუთიც კი იყო, სადაც კომუნალურების ქვითრები ელაგა.

 

აქაც დავუყევი სართულებს. პირველივეზე ერთი ქალი დავინახე, ფანჯრიდან იყურებოდა:

 

_ უკაცრავად, ხომ არ იცით, ეკონომიკის მინისტრი აქ ცხოვრობს? თქვენი მეზობელი ხომ არ არის?

 

_ გოგონი, ახალი გადმოსული ვარ და კარის მეზობელი ვინ მყავს, ისიც კი არ ვიცი…

 

კიდევ ერთი ქალი შემხვდა მაღლა კიბეებზე, მასაც იმავე კითხვით მივმართე, თუმცა პასუხი იგივე იყო.

 

მე-3 სართულზე კაკუნის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა გამომხედა, თან 2 ბავშვს აჩუმებდა პარალელურად.

 

_ ქუმსიშვილს ხომ არ იცნობთ? თქვენი მეზობელი უნდა იყოს ამ კორპუსში.

 

_ ვაიმე, არა, წარმოდგენაც კი არ მაქვს, _ ამის თქმა იყო და უმცროსი ბავშვი ჩემკენ გამოექანა, ალბათ, გარეთ გასვლა უნდოდა, _ ამის შემხედვარემ ცხვირწინ მომიხურა კარი დედამ, _ ბავშვი არ გამექცესო. მეც გზა გავაგრძელე.

 

ამ კორპუსში კარი უფრო მეტმა ადამიანმა გამიღო, ვიდრე წინაში, თუმცა უშედეგოდ და ისევ ქვევით ჩამოვედი. სადარბაზოდან ორი ქალი შემოვიდა, დედა-შვილი იქნებოდა, ამათაც იგივე ვკითხე:

 

_ კი, შვილო, ქუმსიშვილი როგორ არ ვიცით, მაგრამ ამ კორპუსში თუ ცხოვრობდა, არ ვიცოდი. აი, ქვითრებს გადაავლე თვალი და იქნებ, იპოვო.

 

_ გმადლობთ, _ რა კარგი იდეაა-მეთქი და ქვითრებს დავავლე ხელი, თუმცა უშედეგოდ. არც მინისტრისა და არც მისი მეუღლის გვარზე არანაირი კომუნალური გადასახადი არ იყო (აბონენტის ნომერი მე არ ვიცოდი და…) გარეთ გავედი და კართან მიმაგრებულ სიას შევხედე, სადაც ამ კორპუსში მცხოვრებთა გვარები იყო ჩამოთვლილი. დიმიტრი ქუმსიშვილი არც აქ ფიქსირდებოდა, არც მისი მეუღლე, არადა, ბინა მინისტრის სახელზე იყო.

 

მეტი შესასვლელი კორპუსს არ ჰქონდა, სართული კი _ თხუთმეტი, ისე რომ თითო სართულზე ექვსი ბინა იყო განთავსებული. ე. ი. ზუსტად 180 ბინის კართან უნდა მივსულიყავი ისე, რომ თავად მინისტრისგან კარის გაღების ნაკლები შანსი იყო, ამიტომაც წამოვედი, მაგრამ გავარკვიე, რომ „მაღალი“ ლოტკინიდან შედარებით „დაბალ“ საბურთალოზე გადმოსულ მინისტრს კომფორტს სწორედ ის ზონა უქმნის, სადაც ახალაშენებული კორპუსები, მერია, გზებზე მუდმივი საცობი და უცნობი მეზობლები არიან. ახლა დროა, ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას მივხედოთ, რომელიც უფრო მადარდებს, ვიდრე ის, რომ ფინანსთა მინისტრი დღეს მომღერალი ეგონათ.

 

 

 

ნინო ტაბაღუა

q1

q2

q3

q4