პირადი ფირების სკანდალი – უცნობი დეტალები

p99

პირადი ფირების სკანდალი, თითქმის, ერთი წლის წინ „ქრონიკა+“-ის რედაქციაში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

 

პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი რედაქციაში მოიტანა, დღეს უკვე თავისუფალია, არა იმიტომ, რომ უდანაშაულოა, არამედ იმიტომ, რომ მან დანაშაული აღიარა და თან წინასაპატიმრო ვადა გაუვიდა. ამავე საბაბით პატიმრობიდან კიდევ ორი პირი, _ ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე გაათავისუფლეს.

 

საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ინგა ჩატოიანი, არც არავის დაუკავებია, ხოლო ნიკოლოზ ხაჭაპურიძე ჯერ ისევ საპყრობილეშია.

 

რა მოხდა რეალურად და ვინ იდგა ამ სკანდალის უკან? _ „ქრონიკა+“-მა სკანდალური საქმის აქამდე უცნობი, კულუარული დეტალები გაარკვია.

 

 

 

„ქრონიკა+“-ის რედაქციაში გასული წლის დეკემბრის ბოლოს მოქალაქე გელა ღურწკაია მოვიდა. ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მან ტელეფონზე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. პირველი შეხვედრისას მითხრა, რომ მას მასალები აქვს დეპუტატ ეკა ბესელიასა და პოლიპატიმრების ურთიერთობის შესახებ, რომელსაც მე გადმომცემდა. იმ მომენტისთვის ეჭვი არაფერში შემპარვია, რადგან სწორედ იმ დროს ბესელია-კობახიძის სკანდალი ახალი აგორებული იყო და რედაქციაში ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა: ზოგიც ინტერვიუს, ზოგიც კონფიდენციალობის დაცვით სხვადასხვა მასალებს გვთავაზობდა. გელა ღურწკაიას შეხვედრაზე შევუთანხმდი. დათქმულ დღეს მან მობილურ ტელეფონზე ისევ დამირეკა. რაკი იმ დროისთვის რედაქციაში არ ვიმყოფებოდი, მას მასალების ოფისში დატოვება შევთავაზე. ღურწკაია დაჟინებით ითხოვდა ჩემთან პირად შეხვედრას და მის ხელთ არსებული მასალების სხვა პირისთვის გადაცემის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. სწორედ ამ დაჟინებული მოთხოვნის მერე გაჩნდა პირველი ეჭვი და რედაქციაში მისულმა გადაწყვეტილება მივიღე, _ გელა ღურწკაიას ვიზიტი მობილური ტელეფონით გადამეღო. საბოლოოდ, სწორედ ეს ფირი აღმოჩნდა ის პრევენცია, რომელმაც მე დაჭერას, ხოლო „ქრონიკა+“ დახურვას გადაარჩინა.

 

ის, რომ დეპუტატის პირადი ცხოვრების ფირის დატოვებაზე კატეგორიული უარი ვთქვი, ეს ჩემ მიერ გადაღებულ ფირზეც ჩანს და გელა ღურწკაიამაც დაადასტურა. ამავე ჩანაწერში მკაფიოდ ვეუბნები ღურწკაიას, რომ იგივე გადასცეს იმ პირებს, რომლებმაც ის ჩემთან გამოაგზავნეს. მოგვიანებით, ჩემთან ვიზიტის მოტივად ანგარება და თანხა _ ათასი ლარი დასახელდა, მაგრამ ფული არც ღურწკაიას მოუთხოვია და ვერსიაც სრულიად არადამაჯერებლად ჟღერს, რადგან საქმეში სულ ხუთი პირი ფიგურირებს და ეს თანხა ძალიან სასაცილოდ გამოიყურება.

 

ის, რომ გელა ღურწკაია კურიერი იყო და მას შესაძლოა, არ სცოდნოდა, რა გეგმის ნაწილი იყო მისი „ქრონიკა+“-ის რედაქციაში სტუმრობა, იმთავითვე ცხადი იყო, რადგან მას ჩვენთან ყოფნის პერიოდში მუდმივად ურეკავდნენ ტელეფონზე, ასევე მან ფურცელზე დაწერილი მოიტანა იმ პროგრამის დასახელება, რომელიც ამ ფირს გახსნიდა. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ოფისთან ღურწკაია შავმა „სუბარუმ“ მოიყვანა, რომელსაც სხვა პირი მართავდა.

 

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველ ფირს დავიტოვებდი, ამაზე მხოლოდ მკითხაობა შეიძლება. გამორიცხული არაა, რომ ღურწკაიას სამართალდამცველი ორგანოებისთვის მაშინვე ეცნობებინა, რომ ფირი ჩემთან მოიტანა და დატოვა, რასაც ავტომატურად მოჰყვებოდა რედაქციაში ჩხრეკა და ჩემი დაკავება; ან მეორე ვარიანტში ეს ფირი ინტერნეტსივრცეში ატვირთულიყო და ფირის გასაჯაროება სწორედ ჩვენ დაგვბრალებოდა. მით უფრო, რომ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გელა ღურწკაიას პოლიციასთან ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამავე წყარო გვეუბნება, რომ ეს უკანასკნელი სამართალდამცველებს არაერთი საქმის გახსნაში დაეხმარა, მათ შორის, ერთ-ერთი გახმაურებული საქმე ყალბი დიპლომების საქმე იყო.

 

მარტვილში ღურწკაიას დაკავება არც არავის გაკვირვებია. მის თაღლითობაზე არაერთი სახალისო ისტორია გაიხსენეს. ერთ დღესაც ღურწკაიას დედას სახლში ხელოსნები მიდგომიან, თქვენმა შვილმა სახლის მეორე სართული მოგვყიდა და უნდა დავშალოთო.

 

ფრიდონ რუხაიას ვალი აქვს, მაგრამ არ უბრუნებს. ამბობს, ეგ მანქანით დადის, მე მეტროთი, აბა, სად შემხვდებაო. რაც შეეხება მის მეოცნებეობას, ესეც არანაკლებ სახალისო ისტორიაა: 2011 წელს გელა ღურწკაიას გამგეობის შენობასთან შეკრებილი ,,ნაცებისთვის” უთქვამს, ერთი ,,პოლლიტრა” არაყის ფული მომეცითო, საჯარო მოხელეებს უარი უთქვამთ, შენი თავი არ გვაქვსო. გელა ღურწკაია `ოცნების” მიტინგზე მისულა, `ნაცები” დაუგმია და მერე გამგეობასთან გამოუვლია – არ გერჩივნათ არყის ფული მოგეცათო?!

 

ყველა ამ ვერსიის გათვალისწინებით ჩემ მიერ საჯაროდ გაცხადდა დანაშაულის შესახებ, რასაც ქ. თბილისის პროკურატურაში ჩემი დაბარება და საქმეზე გამოძიების დაწყება მოჰყვა. 2016 წლის 3 თებერვალს გელა ღურწკაია დააკავეს, სხვა დაკავებული პირების შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა მთავარი პროკურატურის განცხადებიდან, რომელიც 15 მარტს გამოქვეყნდა. შოთაძის უწყებას განცხადებაში იმის აღნიშვნა დაავიწყდა, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით სამართალდამცველებს ჩვენ მივმართეთ და ჩვენვე გადავეცით ოფისში გადაღებული ვიდეოფირი.

 

აღნიშნულ საქმეზე გელა ღურწკაიასთან ერთად ნიკოლოზ ხაჭაპურიძე, ადვოკატი ირაკლი ფხალაძე, ზურაბ ჯამალაშვილი და ინგა ჩატოიანი დააკავეს. უფრო ზუსტად, პროკურატურა გვეუბნება, რომ ჩატოიანმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა საქმეში გირაოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ დრომდე არ დევს.

 

რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან დაკავებულ პირებს და რა მოხდა გელა ღურწკაიას დაკავების მერე, ეს დეტალები „ქრონიკა+“-მა დამოუკიდებლად გაარკვია.

 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ საქმის ფიგურანტი ყველა პირი ერთმანეთს იცნობდა, _ ინგა ჩატოიანი ირაკლი ფხალაძის კლიენტი იყო, ირაკლი ფხალაძე და ნიკოლოზ ხაჭაპურიძე ერთმანეთთან მეგობრობდნენ, ასევე დიდი ხნის მეგობრები იყვნენ ირაკლი ფხალაძე და ზურა ჯამალაშვილი, ჯამალაშვილის მეუღლე თეა ჩიქოვანი და ირაკლი ფხალაძე საადვოკატო საქმიანობასაც ერთად ეწეოდნენ, ერთმანეთს იცნობდნენ ირაკლი ფხალაძე და ძმები ხაჭაპურიძეებიც, _ დიდ ხნის წინათ, როცა ლევან ხაჭაპურიძე ვალებში გადავარდა, მან დასახმარებლად მეგობართან ერთად სწორედ ირაკლი ფხალაძეს მიაკითხა, ფხალაძემ ქალაქის ცენტრში მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი იპოთეკით დატვირთა და ფული ხაჭაპურიძეს გადასცა. ამ დღის მერე ხაჭაპურიძე დაითესა, ფხალაძემ ბინა ვეღარ გამოიხსნა და ხაჭაპურიძის ვალების გამო ქუჩაში აღმოჩნდა. 2011 წლის მერე ირაკლი ფხალაძესა და ძმებ ხაჭაპურიძეებს ურთიერთობა აღარ ჰქონიათ.

 

ნიკოლოზ ხაჭაპურიძე, რომელიც კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი იყო, ამ დროისთვის სულ სხვა საქმეზე, ბანკის ყალბი ბარათების გამოყენების ფაქტზე იყო დაკავებული. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ამ საქმეზე დაკავებული 7 პირიდან სწორედ მას გაუფორმეს საპროცესო გარიგება. ამავე საქმეზე იყო დაკავებული ინგა ჩატოიანიც, რომელიც, მოგვიანებით, ბრალდებამ კარგად გამოიყენა, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი გახლავთ. ეს ინფორმაცია ჩემთვის მათი დაკავების მომენტისთვის გახდა ცნობილი. ინგა ჩატოიანი მის მეგობრებთან ხშირად ამბობდა, რომ ყალბი ბარათების საქმეზე მას ძალიან მალე გაათავისუფლებდნენ სწორედ მისი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის დახმარებით. მოგვიანებით, მათი მეგობრობის ფაქტი ჩემთან საუბარში ნიკოლოზ ხაჭაპურიძის ძმამ, ლევან ხაჭაპურიძემაც დაადასტურა.

 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ინგა ჩატოიანი იყო ის პირი, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები დისკით ჰქონდა. ამ დისკზე კი რედაქციაში მოტანილი ფირის გარდა, მოგვიანებით, ინტერნეტსივრცეში ატვირთული კიდევ ერთი ფირი ინახებოდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ფირები დისკით მის ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს სწორედ ინგა ჩატოიანმა მიუტანა, _ მაგარ შარში ვარ, მიშველე, ამ ფირების გამო ჩემი ახლობელი დააკავესო. ირაკლი ფხალაძის კომპიუტერში დისკი არ გაიხსნა. მოგვიანებით, მან ფირები გადმოწერა და საკუთარ ლეპტოპში ნახვის შემდეგ ინგა ჩატოიანს ურჩია, _ დისკები დაამტვრიე და გადაყარე, ამათი შენახვა არ შეიძლებაო. ამ ვიზიტის მერე ინგა ჩატოიანი ირაკლი ფხალაძესთან აღარ გამოჩენილა, გამოჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი აიტვირთა. ინგა ჩატოიანმა ფხალაძეს ტელეფონით დაურეკა და სთხოვა, კლიენტი გამოჩნდა, რომელსაც შვილი ჰყავს დაჭერილი, ადვოკატი სჭირდებათ და კარგადაც იხდიანო. მოგვიანებით კი ჩატოიანმა ფხალაძეს ტელეფონით დაკავებულის მამაც დაალაპარაკა, რომელიც, რეალურად, პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო. ფხალაძე და ჩატოიანი ერთმანეთს მოგვიანებით „ავლაბრის“ მეტროსთან შეხვდნენ, ამ მომენტისთვის ჩატოიანი უკვე გადამღები კამერით იყო აღჭურვილი და ფხალაძეს სწორედ ფირებზე დაუწყო საუბარი, _ ის ფირები გახსოვს? ერთი ინტერნეტში გამოქვეყნდაო. როგორც ჩანს, ფხალაძეს აზრადაც არ მოსვლია, რომ მისი სტაჟიანი კლიენტი ადვოკატის ჩასაწერად იყო მოსული. მაგრამ იმავე დღეს მან ინფორმაცია მიიღო, რომ პროკურატურა მის სახლში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა. ირაკლი ფხალაძე სამართალდამცველებს ჩართული კომპიუტერით დახვდა სახლში და ორივე ფირიც აჩვენა, რადგან ეს ის ინფორმაცია იყო, რომელიც მას, როგორც ადვოკატს, კლიენტმა მიაწოდა. კანონის თანახმად, ფხალაძეს ფირების შენახვის უფლებაც ქონდა.

 

ირაკლი ფხალაძესთან ერთად მისი მეგობარი ზურაბ ჯამალაშვილიც დააკავეს.

 

ის, რომ ზურაბ ჯამალაშვილი კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის, ვასილ ჯამალაშვილის მამა იყო, გარკვეულ ალიბის ამ საქმეს უკვე სძენდა. მოგვიანებით, ირაკლი ფხალაძეს მეგობრისთვის, ხოლო ჯამალაშვილს შვილისთვის ხელის დადება შესთავაზეს. ამ ვერსიისა და კვალის ყოფილი ხელისუფლებისკენ წაყვანის მიზნით ირაკლი ფხალაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ამოიღეს“ ორი ცალი სიმბარათი, ერთიც უკრაინული და მეორე რუსული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ვერსია რამდენიმე მიზეზის გამო განწირული აღმოჩნდა:

 

ირაკლი ფხალაძემ პირადი ფირების არსებობა დაადასტურა, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად მას, როგორც ადვოკატს, უფლება ჰქონდა, კლიენტისგან კონფიდენციალური ინფორმაცია მიეღო და არ გაეხმაურებინა.

 

ზურაბ ჯამალაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ სახაზინო ადვოკატი აუყვანეს და საპროცესო გარიგებას სთავაზობდნენ, შვილს ხელი არ დაადო და ბრალის აღიარებაზეც უარი თქვა.

 

ვასილ ჯამალაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს კუდ-ში მუშაობდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფავორიტი იყო, გარდა იმისა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა და კუდ-ის მაღალჩინოსნებზე ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, განრიდება გაუკეთეს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ორხევში მას ცალკე მოსმენების სამსახურიც კი გაუკეთეს და იქაც სპეციალური პროგრამების შექმნაზე მუშაობდა. ამასთან, ჯამალაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას არც მამასთან, არც პირადი ცხოვრების ამსახველ ფირებთან რაიმე შეხება არ ჰქონია. პატიმრობიდან განთავისუფლებული ირაკლი ფხალაძე პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა. მან განაცხადა, რომ პროკურატურის ტყვე იყო, მასთან წინასწარი დაკავების საკანში შედიოდნენ და პროკურატურის თანამშრომლები სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებდნენ, რომელთა ვინაობას ის, ამ ეტაპზე, არ ასახელებს.

 

„ვინაიდან, ჯერ კიდევ, გამოსაკვლევია უამრავი მტკიცებულება, დასაკითხი არიან როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის მოწმეები, ჯერჯერობით, თავს ვიკავებ, ღიად დავასახელო იმ პირების ვინაობა, რომლებიც ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. ასევე თავს შევიკავებ საქმის დეტალებში სიღრმისეულად შესვლაში, ვინაიდან ამან შეიძლება, ჩემი ინტერესები დააზიანოს. თუმცა კი როცა სასამართლოს ჩვენებას მივცემ, რასაც აუცილებლად ვაპირებ, მას შემდეგ, როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, ყველაფერი გახდება ცნობილი“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს ირაკლი ფხალაძემ.

 

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება და როგორც ჩანს, ისე დასრულდება, რომ კითხვებზე, რომელიც არსებობს, პასუხებს ვერასოდეს მივიღებთ.

 

მაგალითად, ჩვენთვის უცნობია, სად და რა ვითარებაში მოიპოვეს იმ პირებმა, ვისაც ეს ფირები ჰქონდა, შს სამინისტროში საგანგებოდ დაცული მასალები?

 

რატომ გადაწყვიტეს ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ და გელა ღურწკაიამ ჩემი „დახმარება“?

 

ვინ იყო დამკვეთი, ვისი დავალებითაც ღურწკაია, ჩატოიანი და ხაჭაპურიძე მოქმედებდნენ?

 

ჰქონდათ თუ არა აღნიშნულ პირებს სხვა პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები?

 

ვინ და საიდან ატვირთა ის ფირები, რომლებიც მარტში ინტერნეტში გამოჩნდა?

 

გავა თუ არა გამოძიება ამ პროცესის დამკვეთზე?

 

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დაკავებული ნიკოლოზ ხაჭაპურიძე საპყრობილიდან ღია ტექსტით იმუქრება, _ აქედან დროულად გამიყვანეთ, პირი არ მომაღებინოთო. ღარიბაშვილის გარემოცვა, რომელსაც დღეს გავლენები თითქმის არ აქვს, საგონებელშია ჩავარდნილი. სწორედ ამ მიზნით და ნიკოლოზ ხაჭაპურიძის უდანაშაულობისთვის ფონის შესაქმნელად, ყოფილი პრემიერის გარემოცვამ თამაშში „უფლებადამცველი“ ნანა კაკაბაძე შემოიყვანა, რომელმაც ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში სრულიად უადგილოდ და უაპელაციოდ განაცხადა, რომ არსებობს პირი, რომელმაც მას აცნობა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები ჩემთან ინახება და ეს პირი იმ საინფორმაციო სააგენტოში მუშაობს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ მისი განცხადება დაიბლოკა. მიუხედავად იმისა, რომ ნანა კაკაბაძეს იმავე ეთერში კატეგორიულად მოვთხოვე, ამ პირის ვინაობა გაესაჯაროებინა, მან უარი განაცხადა და მეტიც, მეორე დღეს ყველა იმ ჟურნალისტს დაემალა, რომელმაც ამ თემაზე მას კომენტარი სთხოვა. ჩემი მხრივ, „უფლებადამცველ“ კაკაბაძეს მინდა შევახსენო, რომ თუ ის დანაშაულის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, ვალდებულია, ეს ინფორმაცია სამართალდამცველ ორგანოებს მიაწოდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დანაშაულის დაფარვაში დაედება ბრალი. იმდენად, რამდენადაც კაკაბაძე ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ის პირი იყო, რომელიც მასთან შეხვედრაზე „მოდულის“ შენობაში სისტემატურად დადიოდა, პოლიტპატიმრების აქციების თაობაზე ინფორმაციას გურიის ამჟამინდელი გუბერნატორის, გია სალუქვაძის მეშვეობით ექსპრემიერის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან ათანხმებდა, მათთან დაახლოებული პირი იყო და პოლიტპატიმრების ოფისის მოსაწყობად დაფინანსებასაც იღებდა. ჩემი ვარაუდი, რომ „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის უკან სწორედ ღარიბაშვილის ახლო გარემოცვა იდგა, სრულიად ლეგიტიმურია.

 

კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებ: არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი „ქრონიკა+“-ის რედაქციაში არ ინახებოდა. ნებისმიერ დროს მზად ვარ, სამართალდამცველ უწყებას როგორც ოფისის, ისე ჩემი საცხოვრებელი ბინის კარი გავუღო, ვაჩვენო ჩვენი კუთვნილი კომპიუტერები, რომელიც გაზეთის დაარსების დღიდან არ შეცვლილა და ხელი შევუწყო ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.

 

წინასწარ დაგეგმილი ე. წ. შავი პიარი ვერ გვაიძულებს, გადავუხვიოთ მთავარ კურსს _ ვწეროთ მხოლოდ სიმართლე და დავიცვათ ჟურნალისტური სტანდარტები.

 

 

 

ელისო კილაძე