ინფლაციის მაჩვენებელს მიბმული საპენსიო პოლიტიკა

nt7

2017 წლის ბიუჯეტით სოციალური პროექტები, რა თქმა უნდა, გაწერილი ხარჯებით ფინანსდება. უკვე ცნობილია და მთავრობის მეთაურმაც ღიად განაცხადა, რომ ხანდაზმულებისთვის პენსიების ზრდა არ იგეგმება: „ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი დამალული არ არის და არც ტყუილის თქმა მინდა დღეს. ეს არის რეალობა. 2018 წლიდან, როდესაც ახალი საპენსიო სისტემა ჩაირთვება, ინდექსაციის სისტემა იქნება, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას არსებული ინფლაციის მაჩვენებლებთან. ჩვენ წინასააარჩევნო პერიოდშიც თავი შევიკავეთ არარეალისტური დაპირებებისგან“, _ აღნიშნა კვირიკაშვილმა. მაგრამ პრემიერმა და მთავრობის სხვა წევრებმა განაცხადეს, რომ 2018 წლიდან პენსია ინფლაციის მაჩვენებლის პარალელურად გაიზრდება. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში, რადგან განმარტების გარეშე თავად პენსიონერებმა და საზოგადოების ნაწილმაც ვერ გაიგო, რას გულისხმობდა კონკრეტულად ეს პენსიების ინდექსაცია და, საერთოდ, რა პრინციპით უნდა იმუშაოს მან? რას ნიშნავს პენსიების ინფლაციის მაჩვენებლის პარალელურად გაზრდა, როცა მისი მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია?

 

როგორც ცნობილია, მომავალ წელს სავალუტო ფონდი ჩვენს ქვეყანაში 3%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, რის შემთხვევაშიც პენსიების ინდექსაციის ინფლაციასთან მიბმისას შემდეგი სურათი გვექნება: 180-ლარიანი პენსია 3%-ით, ანუ 5,4 ლარით გაიზრდება.  ვარაუდობენ, რომ 4% იქნება ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წელს და ინდექსაციის შემთხვევაში, პენსიები მცირე თანხით (ამ შემთხვევაში 7,2 ლარით) გაიზრდება.

 

 

 

სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა „ქრონიკა+“-ს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე:

 

_ მართალია, სულ არარაობას ამ სისტემის არსებობა სჯობია და ეს ინდექსირება, გარკვეულწილად, საქონლის გაძვირებისკენ მოახდენს ამორტიზებას.

 

ერთი რამეა, რომ პენსიონრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რაც ფასების საერთო დონეს ზრდის. უტრირება რომ მოვახდინოთ, ახალგაზრდების ხარჯების დიდი ნაწილი ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერისა და შესაბამისი მომსახურების მიღებაზე მიედინება, ხოლო მოხუცების უფრო საკვებზე, წამლებზე და როგორც წესი, ამ ბოლო ათწლეულების ფაქტი ადასტურებს, რომ ტექნიკაზე ფასები იაფდება, ხოლო მედიკამენტების ფასები უსწრებს საშუალო ინფლაციის მაჩვენებელს, ამიტომ ამაზე რომ მივაბათ პენსიების მაჩვენებელი, შეიძლება, იმავე რაოდენობით გავზარდოთ, თუმცა მექანიზმი შესამუშავებელია და საკმაოდ რთულია, თუ როგორ, რამდენ პროცენტზე მივაბათ, ან როგორ მოვიქცეთ დეფლაციის შემთხვევაში. თუმცა მაინც, ფაქტობრივად, როცა ინფლაცია 5%-ია, მაშინ ცხოვრების ღირებულება, ანუ შესაბამისი ინდექსი მეტად უძვირდებათ, ვიდრე ეს 5%-ია, ამიტომ გამოდის, რომ მომენტალურად, დეკლარაციის დონეზე, ოფიციალურად ვახდენთ იმის კომპენსირებას, რაც გაძვირდა, მაგრამ, რეალურად, პენსიონერების მსყიდველუნარიანობა მცირდება. შესაბამისად, აჯობებდა, რომ წელიწადში 2-ჯერ (ეს ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა), საარსებო მინიმუმის გადასინჯვა მოხდეს და საარსებო მინიმუმს მიებას პენსიები _ ეს იქნება უფრო სამართლიანი, ოღონდ საარსებო მინიმუმი რეალურად უნდა იყოს გაანგარიშებული და არა ისე, როგორც საქსტატი დღეს თავის საიტზე აქვეყნებს.

 

_ კონკრეტულად, რას გულისხმობს პენსიის ინფლაციის მაჩვენებელზე მიბმა და როგორ აისახება იგი რიგით პენსიონერზე?

 

_ მაგალითად, თუ პენსია 180 ლარია და ინფლაცია 4%, მაშინ ეს 180 უნდა გავზარდოთ 4%-ით, ანუ 7,20 თეთრით და პენსია გახდება 187,20 ლარი.

 

_ ანუ პენსია ინფლაციის მაჩვენებლის მოძრაობის მიხედვით იმოძრავებს?

 

_ ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, ტექნიკურად ცოტა რთულია ამის დალაგება. როგორც წესი, ეს უნდა ხდებოდეს წელიწადში 2-ჯერ (სხვა ქვეყნების გამოცდილებით ვამბობ) და შეიძლება, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით მოხდეს: გასული წლის დეკემბერთან, ან წლის დასაწყისთან შედარებით რამდენად გაიზარდა ფასები. ყოველ შემთხვევაში, ეს სამსჯელო, სადისკუსიო თემაა და ამაზე სლოგანის დონეზე უბრალოდ საკითხის დასმა მას არ წყვეტს.

 

რეალურ პრობლემას წარმოადგენს ის, თუ როგორ, რამდენად იცვლება პენსიონერთა ცხოვრების ინდექსი და რა ფორმატში უნდა მოხდეს მისი კომპენსირება, ბიუჯეტში როგორ უნდა მოხდეს მისი გათვალისწინება, ეს კი ჰაერშია გამოკიდებული და სკრუპულოზურ დაჯდომას და დაფიქრებას, მსჯელობას საჭიროებს.

 

_ ამაზე ვინ უნდა აგოს პასუხი? ვინ უნდა გაუწიოს კოორდინება?

 

_ როგორც წესი, როცა ბიუჯეტი მტკიცდება, მას მთავრობა წარადგენს, მომხსენებელი შეიძლება იყოს როგორც ფინანსთა მინისტრი, ისე მთავრობის მეთაური, იმიტომ რომ ეს მთავრობის დოკუმენია, მაგრამ სახსრების უშუალო განმკარგავი არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

 

 

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს (რომელზეც ექსპერტი საუბრობს), ამაზე ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს გვერდზეა განთავსებული და მისი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია: „2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის #111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი დემურ გიორხელიძე:

 

_ საფრთხე ინფლაცია არ არის, აქ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული ყველაფერი და, ჯერჯერობით, ინფლაციის გეგმურ მაჩვენებელსაც 2 წელია, ეროვნული ბანკი არ აღწერს _ ეს მთლად კარგიც არ არის, მით უმეტეს, ქვეყანაში ფული ძალიან ცოტაა.  მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, ქვეყანაში რა მასშტაბისაცაა ეკონომიკა, შესაბამისია ფულის მასაც. ჩვენს ქვეყანაში კი, მთლიანი შიდა პროდუქტისა და ფართო ფულის, ე. წ. M2-ის ფარდობა რომ ავიღოთ, იგი 18%-ია, ანუ 5-ჯერ ნაკლები ფული ემსახურება ეკონომიკას და ამის მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არის. ამიტომაც სავალუტო ბაზარზე ფულის ნებისმიერი მოძრაობა ლარს საშინელ მდგომარეობაში აყენებს. თუმცა რყევები რომ არ იყოს, მაშინ „მაყუთს“ ვერაფრისგან გააკეთებენ, ახლა ჰაერიდან, არაფრიდან კეთდება ფული.

 

ყველაფრის გამოსავალი სახელმწიფოს ხელშია, ისინი კი არაფერს აკეთებენ და გამოდის, რომ 2-3 ფინანსური ჯგუფი მართავს სიტუაციას. ამ ეტაპზე მთავრობაშიც საიმედო არაფერი უთქვამთ.

 

 

 

მთავრობის წევრებიც ცალსახად აღნიშნავენ, რომ პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდა არარეალურია და მომავალი წლის ბიუჯეტითაც არაა გათვალისწინებული. საუბრობენ რეფორმაზე, რომელსაც, ჯერ კიდევ, 2014 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში, საპენსიო რეფორმის სამსახურის შექმნით ჩაეყარა საფუძველი და რომლის მიზანი, საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის კონცეფციის შემუშავება და დანერგვა იყო. როგორც დაგეგმილია, საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე საქართველო 2017 წლის მესამე კვარტალში გადავა, ხოლო 2016 წელი მთლიანად  საპარლამენტო განხილვებსა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას დაეთმო.

 

 

 

რა რეფორმას განახორციელებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის სახელმწიფო, ამას მომავალი წლიდან ვიხილავთ, თუმცა მანამდე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პაატა შეშელიძე:

 

_ პრემიერმა იმდენ არაადეკვატურ რამეზე ისაუბრა, რომ ამაზე სერიოზული მსჯელობა არ ღირს, ბევრი, აბსოლუტურად, წარმოუდგენელი დაპირებაც გასცა.

 

ჩვენს ქვეყანაში თარგეტირებული პენსია გვაქვს, ანუ შეგვიძლია არ გვქონდეს ინფლაცია და ხელოვნურად ვზრდით, რადგან ვიღაც მიიჩნევს, რომ კარგია ფულის მასის გაზრდა და ხელს უწყობს მას, ამიტომ ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს აბსურდული კანონი და მიზანი აქვს.

 

მაგალითებს და შესაძლო სურათებს მოგიყვანთ…

 

მაგალითი #1: ვთქვათ, ფასები იზრდება და ცხოვრების საშუალო დონეც შესაბამისად იზრდება, ე. ი ამ მიდგომით პენსია უნდა გაზარდონ, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ პრობლემები გვაქვს, ბიუჯეტში ფული არ შედის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ   ვალდებულების გასტუმრება შეუძლებელია, ფული არ არის და იმიტომ. ამ დროს ფასები მაღლა იწევს. მაშინ რა უნდა ქნან? _ ლოგიკურია, რომ მოსახლეობას აქტიურად ატყუებენ, მეტი გზა არ არის.

 

მაგალითი #2: წარმოიდგინეთ, რომ ფასები დაბლა იწევს და მცირედი დეფლაცია ფიქსირდება, ანუ ხალხს უნდა უთხრან: ადრე პენსიას რომ 180 ლარს გაძლევდით, ახლა 170 ლარი უნდა მოგცეთ. ეს მოლოდინი უნდა გააჩინონ ხალხში და ამ დროს ხალხი იტყვის: ძლივს შანსი გამიჩნდა, რომ ფული დავაგროვო, თქვენ კიდევ მართმევთ ამ ფულს?! ამ ყველაფრის დროს კი, შეიძლება, დეფლაცია სწორედ იმიტომ მიდიოდეს, რომ  ეკონომიკა ვითარდება და ფასები იწევს, როგორც, ჩვეულებრივ, ნორმალური ეკონომიკის პირობებში უნდა იყოს, სადაც ფინანსური და მონეტარული სისტემა გამართულია. სწორედ მაშინ უნდა იკლებდეს ფასები, ხომ? აბა, რისთვის არის განვითარება?! _ რომ მაღალი ხარისხის საქონელი უფრო იაფად ვიყიდოთ.

 

ეს დაპირება არის სისულელე. ინფლაციასა და მშპ-ზე პენსიების მიბმა არასწორია, რადგან ადამიანებმა პენსია უნდა მიიღონ საკუთარი დამსახურებით, ის სისტემა კი, რაც დღეს გვაქვს, საერთოდ დემოტივატორულია. ადამიანი ვინც შრომობდა, იმდენივეს იღებს, რამდენსაც ის, ვინც მთელი ცხოვრება არ შრომობდა. ეს დიდი უსამართლობაა.

 

საპენსიო სისტემა ადამიანის შრომის დაფასებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა გათანაბრებაზე, ან სხვა პარამეტრებზე.

 

_ რამდენად შესაძლებელია, რომ თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოს და პენსიების გაზრდაზე წავიდეს?

 

_ ტექნიკურად შესაძლებელია, რადგან უამრავი აბსურდული ხარჯია ბიუჯეტში, რაც, შეიძლება, მოაკლო და პენსიებს დაუმატო, თუმცა ეს სხვა რაღაცებზე: პრემიებზე, დანამატებზე, ძვირადღირებულ მანქანებზე, შტატებზე, ნათესავების რჩენაზე უარყოფითად აისახება და არ აწყობთ. საპირწონე სწორედ ეს არის.

 

_ როგორია სწორი მიდგომა საპენსიო სფეროში ისე, რომ არც პენსიონერებმა და არც ბიუჯეტმა იზარალოს?

 

_ სპეციალური ტიპის პენსია გვაქვს, რომელიც, სინამდვილეში, სოციალური დახმარებაა, ეს კი თვითონ პენსიის აზრს კლავს, რადგან გათანაბრებითია და არასამართლიანია, ამიტომ თუ სწორ მიდგომაზეა საუბარი, ეს უნდა შეიცვალოს. მესმის, არ იქნება ადვილი, იმიტომ რომ ადამიანებს არ აქვთ შრომითი ისტორიები და მათი მონაწილეობის აღრიცხვა წარმოუდგენელია დღევანდელი გაგებით, მაგრამ დღეიდან ხომ შეიძლება ამის მოგვარება? თუ, მაინცდამაინც, ასეთ საპენსიო სისტემას ვინარჩუნებთ, დღეს როგორიც არის, მაშინ ის უნდა გადაიხედოს და დღეიდან მოხდეს სხვანაირად გააზრება, მით უმეტეს, დღეს უკვე საგადასახადო სფეროში ბევრად მოწესრიგებული ვითარებაა, ყველამ იცის, ვინ რა გადაიხადა, ამიტომ ადამიანის მონაწილეობა დაფასებული უნდა იყოს, _ თუ, ვთქვათ, მე მეტი გადავიხადე, მოლოდინიც უნდა მქონდეს, რომ მეტს მივიღებ, ვიდრე ის, ვინც არ გადაიხადა. შესაბამისად, ეს ლეგალიზაციასაც შეუწყობს ხელს, რომ წახალისება მოხდეს. ეცოდინებათ, რომ ანაზღაურება ექნებათ. ეს ცოტა შორს მიმავალი თემაა, მაგრამ არსებითი რეფორმაა ჩასატარებელი, თუმცა არა ისეთი, როგორიც ახლა მიდის და გულისხმობს დაგროვებას, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს ხელშია და აბსოლუტურად არაა ნებაყოფლობითი, _ ადამიანს არ შუძლია აირჩიოს, სად დააბანდებდა საპენსიო ფულს. უკეთესი იქნებოდა, ნებაყობლობითი რომ ყოფილიყო, თავად გადაწყვეტდა, სად დააგროვებდა, მაგრამ მთავრობა გეუბნება, მე მომეცი, მე მივხედავო. ეს არასწორია და მით უმეტეს, მეორე პრობლემას წარმოშობს, გამქირავებელს ვალდებულებას უჩენს, რომ ანაზღაურება გაუზარდოს მასთან მომუშავეს. ეს გადასახადის ახალი სახეობაა, რომელიც რეფერენდუმის გარეშე არ შეიძლება, შემოიღონ. მოკლედ, რთული თემაა, ადვილად ვერ გადაწყდება.

 

დღეს არსებული სისტემა უსამართლოა სამსახურის სტაჟის მქონე ადამიანებისთვის და ინფლაციაზე პენსიის მიბმაც ამ სისტემის გაგრძელება იქნება.

 

_ გამოსავალი რა არის?

 

_ ჩატარდეს ფუნდამენტური რეფორმა. მესმის, რომ ახლა ისინი ამისთვის მზად არ არიან, მაგრამ რეფორმის გარეშე შეუძლებელია ყველაფრის მოგვარება, როცა ცვლილებაზეა საუბარი.

 

ჩვენ გვაქვს სოციალური პენსია. მისი გაუქმება ახლა იმ ხალხისთვის, ვინც აღარ მუშაობს, წარმოუდგენელი იქნება, ამიტომ რეფორმა უნდა შეეხოს ახალგაზრდებს.

 

50 წლის კაცს, რომელიც 15 წელიწადში პენსიაზე გადის, მაგრამ 30 წელიწადი აქვს უკვე ნამუშევარი, რომ უთხრა, ახლა დაგროვებით პენსიაზე გადადიო და რასაც აწი დააგროვებ, ეგ იქნება შენი ფულიო, თან 30-წლიანი სტაჟის გარეშე, უსამართლობაცაა, რადგან 30 წელი ეკარგება, ამიტომ ფაქიზი თემაა.

 

ტექნიკურად ამ სოციალური პენსიის გაუქმებაც შეუძლებელია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება ყველაფერის გარეშე. მაგრამ არის რაღაც გადასვლის, კომპენსაციის მომენტი, მთავრობამ პენსიონრებს თანხები რომ აუნაზღაუროს და ესეც თუ არ მოხდა, ბევრი ადამიანისთვის სერიოზული კატასტრობა იქნება. ყველაფერი ეს მარტივი საკითხი არ არის, ამიტომ სერიოზული გააზრება სჭირდება.

 

იყოს შერეული ტიპის, დაგროვებითი საპენსიო ფონდი, ოღონდ ისე, რომ ეს თანხები სახელმწიფოს არ მივცეთ. ჩვენ თვითონ განვკარგოთ და ყველას დამსახურების მიხედვით აუნაზღაურდეს.

 

 

 

ერთი კი ცხადია: პრემიერი და სამთავრებო გუნდი მიმდინარე და მომავალ წელს სოციალური პენსიის გაზრდას არ გეგმავენ და ხანდაზმულებსაც საარსებო მინიმუმით ცხოვრების გაგრძელება 2018 წლამდე მოუწევთ, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკითხი, თუ რამდენად გააბედნიერებთ მათ 2 წლის შემდეგ „იდეაში“ გაზრდილი დახმარება?..

 

ნინო ტაბაღუა