ვინ მოატყუა პრემიერი – მედიამ თუ ჯანდაცვის სამინისტრომ?!

a2

ნინოს დედას 4 შვილი ჰყავს. ოთხიდან ნინო ყველაზე უმცროსია და ბაღში დადის, მისი დედმამიშვილები კი სკოლაში დადიან. სახლში ორივე მშობელი _ დედაც და მამაც _ მუშაობს. რადგან ნინო ნაბოლარაა, მას ყველა დედმამიშვილი ყურადღებას აქცევს და უვლის. ნინოსა და მისი და-ძმის ცხოვრება დილით ასე იწყება…

 

ჯერ ყველანი ერთად მიდიან ბაღში მის მისაყვანად, მერე ზოგი სკოლაში მიდის და ზოგიც _ სამსახურში, 6-ის ნახევარზე ნინო ბაღიდან თავის დედმამიშვილებს გამოჰყავთ.

 

 

 

ნინოს დედა:

 

_ არ მინდა, რომ გამოვჩნდე, მერე ვინმე არ გადამეკიდოს და არ დავიღუპო თავი…

 

_ არ გამოჩნდებით, ბაღზე გვესაუბრეთ. როგორ ექცევიან ბავშვებს, თქვენს შვილს?..

 

_ ზოგადად, რომ ვთქვა, ცუდად ექცევიან-მეთქი, ეს ტყუილი იქნება, მაგრამ ერთადერთხელ გამიჩნდა პრეტენზია ამ ზაფხულს და ნეტა, ხმა არ ამომეღო: ჩემი შვილი შუადღის ძილს არის მიჩვეული, ბავშვი ჯერ სამი წლისაა, სანამდე ბაღში მივიყვანდი, სახლში ასეთ რეჟიმზე იყო _ 3-დან 4-მდე იძინებდ, მაგრამ ბაღში რომ მივიყვანე, პირველი დღეები არაფერი ვიცოდი, მერე მასწავლებელმა მითხრა, რომ ნინოს ბალიში მოუტანეთ, შუადღისას როცა ეძინება, ბალიში არ აქვსო. მეც ჩვეულებრივ მივუტანე ბალიში. ერთხელაც ბავშვი ცოტა ადრე გამომყავს, თან ვფიქრობ, ახლა არ გავაღვიძო, რომ მივალ-მეთქი. მივედი, ჩემს შვილს მაგიდასთან ჩამოსძინებია, ბალიში მაგიდაზე უდევს, თავი კი _ ბალიშზე, ხელები ჩამოშვებული აქვს და დამჯდარს სძინავს.

 

_ მასწავლებელმა რაო?

 

_ სანამ მასწავლებელს შევხედავ, ვხედავ, ხალიჩაზე ბავშვები არიან ძირს გაფენილები, ყველას თავისი ბალიში აქვს და სძინავთ. არც რამე პლედი აფარიათ, არც არაფერი, ასე უპატრონო ბავშვებივით არიან მიყრილები.

 

მასწავლებელმა მითხრა, _ მე უფლება არ მაქვს, რომ ბავშვები დავაძინო, რადგან გამგემ ბაღების გაერთიანებისგან ბრძანება მიიღო, რომ ბაგა-ბაღებში თავისუფალი ძილი უნდა დამკვიდრდეს და აი, თურმე, ეს ყოფილა თავისუფალი ძილი.

 

_ შეხვდით გამგეს?

 

_ გამგესაც შევხვდი და ბაღების უფროს თეონა მიქელაძესაც, აზრი?! მიქელაძემ რამდენიმე მშობელი გვნახა და გვითხრა, _ ჩემი შვილიც ასე დადის ბაღში და სულ არ იძინებსო. ეს ახალი მეთოდია შემუშავებული, არსად ბავშვებს საწოლში აღარ აწვენენ. შეიძლება, ბავშვს დღეში ორჯერ მოუნდეს ძილი, მერე რა? ანუ რახან ერთხელ ეკუთვნის, არ უნდა დავაძინოთო? ამიტომ ყველამ მოიტანეთ ბალიშები და ასე ბალიშებზე დაადებინებთ თავს და ბავშვებიც მშვენივრად დაიძინებენო…

 

_ მშობლებისთვის ასეთი არგუმენტი მისაღები აღმოჩნდა?

 

_ როგორ შეიძლება, ასეთი არგუმენტი მისაღები გახდეს?! მაგრამ როცა მშობლებს სხვა გზა არ აქვთ, მაშინ რა უნდა ქნან? ვერაფერსაც ვერ იზამენ… და, აი, ასე დავრჩით გაბრაზებულები, მაგრამ ბავშვები ყველას მაინც დაგვყავს ბაღში, რადგან სხვა გზა არ გვაქვს…

 

_ როგორ იკვებებიან ბავშვები ბაღში?

 

_ ყურადღება არ მიმიქცევია, მგონი, კარგად…

 

 

 

დათუნას დედამ იცის, რომ მისი შვილი „უჭმელი“ ბავშვების რიცხვს მიეკუთვნება, ამიტომ ბაღიდან როცა გამოჰყავს, ყოველთვის კითხულობს, რა ჭამა და როცა მიჰყავს, ეკითხება, დღეს რა აქვთ მენიუში?! რამდენიმე კვირაა, ბაღში ბავშვს ბანანს აღარ აძლევენ და არც არაჟანს აჭმევენ…

 

_ დათუნას ხორციანი საჭმელი არ უყვრას, ამიტომ სულ ვცდილობ, ცილები სხვა პროდუქტით შევუვსო. უყვარს არაჟანი და რძის პროდუქტები. უკვე ორ კვირაზე მეტია, ბაღში რძის ნაწარმი საგრძნობლად შემცირებულია. არაჟანი საერთოდ ამოღებულია. გავიგე, რომ თუ წინა თვეებში კვირაში ორჯერ იყო ხორცი, ახლა ერთხელღა აქვთ.

 

_ იკითხეთ?

 

_ კი, ვიკითხე, რადგან როცა უკვე მეორე კვირაშიც ანალოგიურად არ იყო ის პროდუქტები, არც ხილი, მათ შორის, მასწავლებელს ვკითხე, _ რა ხდება-მეთქი? მიპასუხა, _ წლის ბოლო რადგან არის, შეგვიკვეცეს, იანვრიდან ყველაფერი ძველებურად გვექნებაო. რაღა დარჩა იანვრამდე, მეც გავჩუმდი…

 

 

 

ერთ-ერთი ბაღის მნე:

 

_ არ თქვათ, რომ მე გეუბნებით, სხვა შემთხვევაში გაერთიანება თელავიდან გადამასახლებს.

 

_ კონკრეტულად, რა საკვები აღარ აქვთ?!

 

_ ნოემბრის 20-მდე სხვა მენიუ გვქონდა, მერე შეგვიცვალეს. თუ მანამდე მენიუში ორშაბათს და სამშაბათს ხორციანი სადილი გვქონდა, ახლა გადაანაცვლეს და ერთი მთლიანად ამოიღეს. მენიუში არაჟანი გვიწერია, მაგრამ არ მიგვიღია, არ გვქონდა ბანანი, ბავშვებს არ ჰქონდათ ხაჭაპური და ა. შ.

 

 

 

ეს ის რესპონდენტები არიან, რომლებიც „ქრონიკა+“-მა ჩაწერა. ამ ადამიანების მონაყოლთან ერთად ამ ამბავს შემდეგი შეფასება მოჰყვა:

 

„მინდა, სრული სერიოზულობით განვაცხადო, რომ არ ვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში, თუ ეს რეალობაა, ამ გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი ჩინოვნიკი არსებობს, მინდა, რომ ის ხვალ აღარ იყოს თავის თანამდებობაზე“, _ ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ქალაქ თელავის საბავშვო ბაღებში ხორცისა და რძის პროდუქტების შემცირებასთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

გიორგი კვირიკაშვილმა საკითხის შესწავლა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს დაავალა, ასევე რეაგირებისაკენ მოუწოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.

 

ქალაქ თელავის საბავშვო ბაღებში ხორცისა და რძის პროდუქტები შეამცირეს, მათი ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა, მენიუში აღარ არის ხორცის გუფთა, ბავშვებს აღარ აჭმევენ ასევე არაჟანსა და ხაჭაპურს. მათივე ინფორმაციით, ხორცის გუფთა ბრინჯიანი სუპით ჩაანაცვლეს, ხაჭაპური კი _ ყველიანი მაკარონით. ქალაქ თელავის საბავშვო ბაღების გაერთიანების დაქვემდებარებაში 9 საბავშვო ბაღია.

 

ქალაქ თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, საბავშვო ბაღების მენიუში ცვლილება კი განხორციელდა, მაგრამ ხორციანი საკვები არ შემცირებულა: „ინფორმაცია გავრცელდა არასწორად. ხორცის გუფთას ბავშვები არ ჭამდნენო და ჩაანაცვლეს კატლეტით. ხაჭაპურიც ისევ შედის და არაჟანიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ, რომ პრემიერსაც მივწეროთ და მედიასაც ავუხსნათ სიმართლე“, _ განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

 

ქალაქ თელავის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თეონა მიქელაძე ქალაქის მერის, პლატონ კალმახელიძის მეუღლის, შორენა გრიშიკაშვილის ახლო მეგობარია.

 

ვინ მოატყუა პრემიერი? მედიამ თუ სერგეენკომ?

 

ფაქტი ერთია: ამბავი, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, თელავში ცნობილი ყველა იმ ოჯახისთვის იყო, რომელთაც ბავშვები ბაღში დაჰყავთ. „ქრონიკა+“-მა ორივე მენიუ მოიპოვა _ ნოემბრამდე და ნოემბრის შემდეგ. მენიუში ვხედავთ, რომ ხორცის კერძები გადანაცვლებულია და ამოღებული. თუ 2016 წლის მენიუში, ორშაბათობით, სადილისთვის გათვალისწინებული იყო ბოსტნეულის ბორში, პური, ხორციანი ღვეზელი (კატლეტი პიურეთი), სამშაბათობით კი _ წვნიანი გუფთით, პურით და ბანანით, დეკემბრის მენიუში ორშაბათობით მხოლოდ ბოსტნეულის ბორში და პურია დარჩენილი, კატლეტი და პიურე სამშაბათს არის გადატანილი, წვნიანი გუფთით კი მენიუში აღარ გვხვდება. მენიუში დარჩენილია არაჟანიც და ხაჭაპურიც, მაგრამ აღსაზრდელთა მშობლების მზარეულებისა და მნის  მტკიცებით, ბავშვებს არც არაჟანი და არც ხაჭაპური რამდენიმე დღეა, აღარ მიეწოდებათ.

 

ე. ი. ფაქტი მართალია, პრემიერმა სიმართლე იცოდა, სერგეენკო კი ვიღაცამ ირიბი მნიშვნელობით „დააბოლა“. რადგან სერგეენკო გუბერნიიდან „დააბოლეს“, გუბერნია თელავის მერმა „დააბოლა“, თელავის მერი კი ბაღების გაერთიანების უფროსს ჰყავს „მიბოლილი“… შესაბამისად, ჩნდება კითხვა:

 

თუ ორშაბათს და სამშაბათს მენიუში ბავშვებისთვის ხორცი იყო, რატომ დარჩა ახლა მხოლოდ სამშაბათს?

 

მეორე მენიუში ჩანს, რომ არ შეცვლილა და ისევ არის არაჟანი… თუმცა სამი კვირის მანძილზე არაჟანი ბაგა-ბაღებს არ მიუღიათ. მთავარი კითხვა: თუ ბაღებმა არაჟნის შესყიდვა განახორციელეს და როგორც ვხედავთ, ის ბაგა-ბაღებამდე არ მიიტანეს, არის თუ არა თანხის ფლანგვა და ითვლება თუ არა იგი სისხლის სამართლის დანაშაულად და თუ ბაღებს არ განუხორციელებიათ არაჟნის შესყიდვა, ე. ი. მენიუში ტყუილი წერია…

 

ყველაზე მნიშვნელოვანი: რატომ შემცირდა საკვები პროდუქტები ბაღში?! რა გახდა ამის მიზეზი?! მერიას ბიუჯეტში თანხა აღარ აქვს?! და გაწერილი ბიუჯეტი თუ ამოიწურა, რასთან გვაქვს საქმე? არამიზნობრივ ხარჯვასთან?

 

ინფორმაციისთვის: თეონა მიქელაძემ პირველი პრემია საკუთარ თავს ბაგა-ბაღების უფროსის თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვეში გამოუწერა, _ პირველი შესყიდვა რაც განახორციელა, საკუთარი კაბინეტისთვის რბილი ავეჯი იყო.

 

ცნობილია, რომ გაერთიანების უფროსის ბრძანებით, თუ რომელიმე მშობელი 10-ის ნახევარზე გვიან მიიყვანს ბავშვს, მას ბაღში აღარ იღებენ.

 

მივიღეთ სურათი: მოტყუებული სერგეენკო, გუბერნია, რომელსაც მუშაობა მხოლოდ ისე უნდა, რომ კაბინეტებიდან არ გავიდეს და ქალაქის მერი, რომელსაც ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი აიძულებს, რომ ტყუილი თქვას!

 

თელავში ამბობენ, რომ ჩინოვნიკებს ბაგა-ბაღებში სერიოზული კორუფციული გარიგებები აქვთ. საბავშვო ბაღების გაერთიანებას 2016 წელს 397 162 ლარი გამოეყო. მენიუს შეცვლა, სავარაუდოდ, იმან გამოიწვია, რომ გაერთიანებამ თანხა უკვე დახარჯა.

 

 

 

მაკა მოსიაშვილი