STREAM კვლევაში ჩართული საზოგადოების რისკები და შედეგები

kv1

 

 

საზოგადოება ხშირად საუბრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო კვლევები, იგივე ცდები სხვადასხვა მედიკამენტზე ტარდება და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები რიგით მოქალაქეებზე ექსპერიმენტებს ატარებენ. სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყებაში, უმეტესწილად, მალავენ და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ხდება საზოგადოებისთვის მსგავსი ფაქტები ცნობილი.

 

საქართველოში ჩატარებული  სამედიცინო კვლევების სიხშირეზე საუბრობს წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თინა ტურძილაძეც და ამბობს, რომ კვლევების შესახებ ინფორმაციები და მისი შედეგები უნდა გასაჯაროვდეს. არსებობს ეჭვი, რომ საკვლევი მედიკამენტები თუ მკურნალობის მეთოდები, ხშირად კვლევის მონაწილე ბენეფიციართა გარდაცვალების მიზეზი ხდება.

 

„ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, რომ  სასტუმრო ამბასადორში ტარდებოდა სემინარი საქართველოში STREAM კვლევაში საზოგადოების ჩართულობაზე და გადავწყვიტეთ, რომ ღონისძიებას დავსწრებოდით. სემინარზე შევიტყვეთ, რომ აღნიშნული კვლევა ეხება ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული  ფორმით დაავადებულ პაციენტებს (ტუბერკულოზი რეზისტენტულია, ანუ წამალგამძლეა, როდესაც დაავადების გამომწვევი ბაქტერია ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ მდგრადობას, რეზისტენტობას ამჟღავნებს, რაც საკმაოდ ართულებს დაავადების მკურნალობას. წამალგამძლე ფორმა შეიძლება განუვითარდეს როგორც ახალგამოვლენილ, ისე ნამკურნალევ პაციენტსაც, _ ავტ.). სემინარს ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრებიც, რომელთაგან ერთ-ერთი, პროფესიით ექიმი, თავადაც იყო დაავადებული ტუბერკულოზით, მაგრამ თქვა, რომ განიკურნა. აღნიშნული კვლევის შესახებ ისაუბრეს კვლევის ხელმძღვანელებმა, რომელთაც ის საქართველოში უნდა განახორციელონ. თანამკვლევარმა ნინო ლომთაძემ კი დამსწრე საზოგადოებას აუხსნა, როგორ ხორციელდება STREAM კვლევა საქართველოსა და მსოფლიოში, ასევე ისაუბრა მისი აუცილებლობის ძირითად მიზეზებსა და ამოცანებზე. როგორც ლომთაძემ განმარტა, კვლევა ემსახურება დაავადებული პაციენტების ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით სტანდარტიზებული მკურნალობის რეჟიმის შეფასებას. მისი მიზანია, დადგინდეს ტუბერკულოზის 6, ან 9-თვიანი რეჟიმების ეფექტიანობა და შეფასდეს ამ რეჟიმების უსაფრთხოება. კვლევაში გამოყენებული საცდელი რეჟიმები კი არის B, C  და D, რომელიც უნდა შედარდეს A რეჟიმთან, რომელიც უკვე გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აპრობირებული და დამტკიცებული, როგორც მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო რეჟიმი. ლომთაძის განმარტებით, კვლევის მიზანი ისაა, რომ, მინიმუმ, დაამტკიცოს და დაასაბუთოს, _ B, C და D 6-დან 9-თვიანი რეჟიმები ისეთივე ეფექტიანია, როგორც 20-24-თვიანი სამკურნალო რეჟიმი. მსოფლიო ჯანდაცვის სქემას, რომელიც გულისხმობს 20-24-თვიან მკურნალობას, მსოფლიოში წარმატების  50-%-ანი მაჩვენებელი აქვს. კვლევის ორგანიზატორები მოელიან, რომ ახალი, ექსპერიმენტული რეჟიმების დროს ბევრად უკეთესი იქნება პაციენტის დამყოლობა მასში ჩართულობაზე, მკურნალობის ხარისხი და, რა თქმა უნდა, შედეგი. ასე რომ, B, D და C რეჟიმების წარმატების მაჩვენებელი, სავარაუდოდ, სულ მცირე, 75% იქნება.

 

ნანა ლომთაძემ განაცხადა, რომ კვლევას ორი ეტაპი აქვს: პირველი დაიწყო 2012 წელს, მეორე _ 2015 წლის მარტში, როცა მასში პირველი პაციენტები ჩაერთნენ მონღოლეთში. ამ დროისთვის კვლევაში ახალი მედიკამენტებიც გამოიყენეს. კვლევის თანამკვლევრის საუბრიდან საინტერესოდ მოგვეჩვენა აღნიშნულ კვლევაში მონაწილე ქვეყნების სია. მისი თქმით, კვლევის პირველ სტადიაზე მონაწილეობდნენ: ეთიოპია, მონღოლეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ვიეტნამი. მეორე სტადიაში ჩართული არიან: ინდოეთი, საქართველო, მოლდოვა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, უგანდა, ზიმბაბვე და ჩინეთი. ასე რომ, კვლევა მულტიცენტრულია და ის მხოლოდ საქართველოში არ მიმდინარეობს. ამით დაგვამშვიდეს და ისიც გვითხრეს, რომ ისინი თვალყურს ადევნებენ არა მხოლოდ მკურნალობის მიმდინარეობას, არამედ უსაფრთხოებასაც და გვაინტერესებს, უფრო მეტი იქნება თუ ნაკლები არასასურველი მოვლენები, რომელიც ამა თუ იმ პაციენტზე გამოვლინდება. სემინარზე გავარკვიეთ ისიც, რომ კვლევაში, მსოფლიოს მასშტაბით, 400 პაცენტის ჩართვა იგეგმება და მას ფარმაკოკინეტიკური კომპონენტი აქვს, რომელიც ყველა ზემოთ აღნიშნულ ქვეყანაში არ ჩატარდება. „ვფიქრობთ, რომ საქართველოში ის ჩატარდება „ბედაქილინით“  C და D რეჟიმში მონაწილე პაციენტებში. კვლევაში ჩართულობისთვის აუცილებელია პაციენტების წერილობითი თანხმობა“, _ განაცხადა ლომთაძემ. მან ასევე ისაუბრა, რომელი პაციენტების კვლევაში ჩართვა არ შეიძლება და ა. შ.

 

 

 

საქართველოში აღნიშნულ კვლევას განახორციელებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ამიტომ კვლევაში უკეთ გასარკვევად „ქრონიკა+“-მა ცენტრის ხელმძღვანელს, ზაზა ავალიანს მიმართა:

 

_ ბატონო ზაზა, როგორც გავარკვიეთ, თქვენი ცენტრი სტრეამ კვლევაში ჩაერთო. ალბათ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო კვლევების, ე. წ. ცდების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს და, შეიძლება ითქვას, სრულიად სამართლიანადაც. არსებობს აზრი, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ხდება ექსპერიმენტული მედიკამენტების, მკურნალობის მეთოდების გამოცდა. ამ შემთხვევაში რა ხდება, იქნებ, ამიხსნათ?

 

_ სამწუხაროდ, სამედიცინო პრაქტიკაში არსებობს მავნე სტერეოტიპი, როცა საზოგადოების ფართო წრეებში, ვგულისხმობ არასამედიცინო წრეებს, ყველა კლინიკურ ცდას ექსპერიმენტად აღიქვამენ. მედიცინა, გარკვეულწილად, თავადაც არის ექსპერიმენტი, რომელიც სოციუმზე, პაციენტებზე წარმოებს. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და სამედიცინო მიდგომაც ინდივიდუალური უნდა იყო. ის სამკურნალო სქემები, რომლებიც მოწოდებულია კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, მუდმივ განვითარებას საჭიროებს. შესაბამისად, განვითარების ეტაპები უნდა იყოს დაგეგმილი და განხორციელებული. ამის დაგეგმვასა და განხორციელებას თავისი კანონზომიერებები ახასიათებს და ასევე აქვს სტანდარტული პროტოკოლები, რომლის მიხედვითაც, ეს საქმიანობა ხორციელდება. ამიტომ ექსპერიმენტებისა თუ კლინიკური ცდების წარმოებასაც გარკვეული წეს-კანონები მართავს და ყველა მათგანი მოწოდებულია, რომ პაციენტებისათვის ადამიანთა იმ ჯგუფებისთვის, ვისზედაც ის წარმოებს, იყოს უვნებელი, უსაფრთხო. ამ შემთხვევაში საუბარია ტუბერკულოზის მდგრად ფორმებთან ბრძოლაში ახალი სამკურნალო რეჟიმების შემოღებაზე. ეს არ ნიშნავს ახალი პრეპარატების გამოყენებას, ახალ პროცედურებს, ეს გახლავთ ერთ-ერთი მოდიფიცირებული სქემა თუ რეჟიმი, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანი გახადოს მკურნალობის შედეგი. შესაბამისად, ამ რეჟიმების დანერგვა აუცილებელია ჩვენს შემთხვევაში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოება და ასევე გვინდა, მკურნალობის პროცესი კომფორტული იყოს. ამჟამად მკურნალობა 2-წლიანი რეჟიმით ტარდება, შთღEAM კვლევა კი 9-11-თვიანი რეჟიმით მკურნალობის ეფექტიან შედეგს ითვალისწინებს. მსოფლიო თანამეგობრობა, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ, სწორედ ამ საკითხზე მუშაობს. ეს კვლევა უკავშირდება იმას, მკურნალობის მოკლევადიანი მეთოდები როგორ უნდა იყოს უფრო ეფექტიანი და წარმატებული იმ ახალი მედიკამენტებით, რომელიც მასში გამოიყენება. ამისათვის კი აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა, მათი დარწმუნება და საზოგადოების აზრის მობილიზება. აი, ეს ხორციელდება ახლა. ჩვენი მკვლევრები, კვლევის წარმომადგენლები ცდილობენ, საზოგადოებასთან სწორი მესიჯები მიიტანონ და ხალხი გააცნობიერონ,  როგორ წარიმართება კვლევის პროცესი. საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული, რათა კვლევა სწორად ჩატარდეს. ეს შექმნის დამატებით მზაობას იმისთვის, რომ პაციენტები მასში აქტიურად ჩაერთონ.

 

_ საქართველოდან რამდენი პაციენტის ჩართვას ითვალისწინებს ეს კვლევა და კვლევის გეოგრაფიული არეალი მხოლოდ თბილისს მოიცავს?

 

_ ეს არის სამწლიანი პროცესი და რამდენადაც ვიცი, მასში 400-მდე ადამიანის ჩართულობაზეა საუბარი. კვლევა შეეხება პაციენტების კონკრეტულ ჯგუფს და თავისი კრიტერიუმები აქვს. ესენი არიან მულტირეზისტენტული ფორმებით დაავადებული პაციენტები, რომელთაც სხვა მეთოდებით მკურნალობის შემდგომ წარმატებული შედეგი არ აქვთ. კვლევაში ჩართულობა შერჩევის შედეგად მოხდება და ის არის ნებაყოფლობითი პროცესი, მისი დაძალება გამორიცხულია. ეს გახლავთ მულტიცენტრული კვლევა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში წარმოებს. ჩვენ ვართ ამ თანამეგობრობის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა. სწორი და კარგი სქემები როცა შემუშავდება, მასში ჩვენი ქვეყნისა და, კონკრეტულად, ჩვენი ცენტრის მოკრძალებული წვლილიც იქნება. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პაციენტების ჩართულობაზე, არამედ საუბარია კვლევის სწორად განხორციელებაზე და ამიტომ მას წინ უძღოდა ჩვენი მკვლევრების ტრენინგები. კვლევა როგორ უნდა ჩატარდეს, ამას თავისი მომზადების ეტაპი ახლდა და მის დაწყებას ყოველმხრივ შეიარაღებული ვხვდებით.

 

რაც შეეხება კვლევის არეალს, ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე მივყვეთ პაციენტს დაავადებასთან მკურნალობის დროს. აქედან გამომდინარე, ის გულისხმობს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, რაც თბილისშია შესაძლებელი, თუმცა საუბარია რეგიონულ ჩართულობაზეც. საქართველოში ტუბერკულოზის სამკურნალო 10 რეგიონული ცენტრი გვაქვს და კვლევაში ისინიც ჩაერთვებიან.

 

_ ტუბერკულოზი ყველა ქვეყნის პრობლემაა, თუმცა ზოგან მას უფრო გლობალური ფორმები აქვს მიღებული. გასაგებია, რომ კვლევაში მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში ამიტომაც არ არის არც ერთი განვითარებული, ევროპული ქვეყანა. უკვე წლებია გავიძახით, რომ ევროპელები ვართ, თავს ვუტოლებთ განვითარებულ ქვეყნებს, თუმცა ამ კვლევის მონაწილეთა სიამაც აჩვენა, რომ ეს ლიტონი სიტყვებია და სინამდვილე ასე არ არის და ევროპამდე გზა კვლავ ძალიან შორია. რაზეც ევროპა უარს ამბობს, ჩვენ მას სიხარულით ვუღებთ კარს…

 

_ სამწუხაროდ, მძიმე მემკვიდრეობა გვერგო წილად. საბჭოთა პერიოდში აქტიური ბრძოლა იყო გამოცხადებული ტუბერკულოზთან. გასული საუკუნის 70-იან წლებში მიიჩნეოდა, რომ საქართველოში ეს დაავადება დამარცხდა, თუმცა შემდგომმა პერიოდმა, იმ პროცესებმა, რომელიც ქვეყანაში წარიმართა, ფაქტობრივად, წაშალა ის წარმატებები, რაც ამ ბრძოლას მოჰყვა.  ტუბერკულოზი არის ეშმაკი და  ვერაგი დაავადება. ის გრძნობს სისუსტეებს, ჩავარდნებს და ასეთ დროს აქტიურ განვითარებას იწყებს. საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც არ არსებობდა რესურსი, საზოგადოება სწორად და კარგად რომ განვითარებულიყო და არ იყო პირობები, რომელიც ტუბერკულოზის განვითარებას ხელს შეუშლიდა. ვგულისხმობ არასწორ კვებას, არასრული კვების რაციონს, არასწორი ცხოვრების წესს, სიბნელეს, ნესტს, სოციალურ სიდუხჭირეს და ა. შ. მოკლედ რომ ვთქვა, ტუბერკულოზის განვითარების აუცილებელი პირობები უხვად არსებობდა. ამას თან დაერთო ისიც, რომ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა პენიტენციურ სისტემაში. იქ არსებული პირობებიც იყო ტუბერკულოზის განვითარების ხელშემწყობი. დიაგრამების მიხედვით, საქართველოში, 2011 წელს ამ დაწესებულებებში დაავადების განვითარების პიკი დაფიქსირდა. აღნიშნულ პროცესებს ასევე ხელი შეუწყო შიდა მიგრაციამ, კომპაქტურად ჩასახლებულთა რიცხვის ზრდამ და ჩვენი ქვეყანა მძიმე ტვირთის მატარებელი გახდა ტუბერკულოზის მდგრადი ფორმების პრევალენტობის მხრივ. ამიტომ დააყენეს საქართველო კვლევაში იმ ქვეყნების გვერდით, რომელიც დასახელდა.

 

მხოლოდ 2016 წელს მოხერხდა საქართველოს ამოღება ამ ე. წ. მძიმე ტვირთის მატარებელი ქვეყნების რიცხვიდან. ბუნებრივია, ეს არ არის ერთი ხელის დაკვრით მოგვარებადი პრობლემა. ეს გახლავთ ხანგრძლივი პროცესი და ტუბერკულოზს „ნელი მკვლელის“ სახელი ამიტომაც შეარქვეს. ამგვარად მოხვდა საქართველო იმ სიაში, რომელმაც, როგორც ჩანს, თქვენც გაგაკვირვათ, აღგაშფოთათ და როგორც ვხედავ, საზოგადოებაშიც არ გამოიწვევს დადებით რეაქციას, მაგრამ თუ ტუბერკულოზთან ბრძოლის ეფექტიანი იარაღი არ შემუშავდა, პირველ რიგში ვგულისხმობ პრევენციას და სწორ ღონისძიებებს, შეიძლება მან მძიმე შედეგები გამოიწვიოს, ისეთი, როგორიც იყო ევროპაში მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა მთელი სამეფო დინასტიები დაავადდა ტუბერკულოზით. 1907 წელს საქველმოქმედო აქციების ინციატივა შვედი მონარქების კარიდან წამოვიდა და მონარქის ოჯახის წევრებიც კი ყიდდნენ ქუჩებში გვირილებს. „თეთრი გვირილის დღე“ ამის შემდეგ გავრცელდა რუსეთის იმპერიაში და ამ კამპანიაში რომანოვებიც ჩაერთნენ. მიხეილ რომანოვების სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მკურნალობდა კიდევაც აბასთუმანში და აბასთუმნის ინფრასტრუქტურა იმ პერიოდის გახლავთ. ტრადიცია, რომელიც საქველმოქმედო გზით ტუბერკულოზთან ბრძოლას გულისხმობს, აქედან წამოვიდა. 1921 წელს კი, როცა ასეთი აქცია თბილისში ჩატარდა, 12 ათასზე მეტი ადამიანი იყო ტუბერკულოზით დაავადებული და ოფიციალურად რეგისტრირებული მარტო დედაქალაქში. ამჟამად, მთელ ქვეყანაში 4 ათასამდე ტუბერკულოზით დაავადებული და რეგისტრირებული პაციენტი გვყავს.

 

_ ამ სიაში საქართველოს მოხვედრას, ცხადია, თქვენ არც გაბრალებთ, მაგრამ კვლევა, რაიმე ახალი მეთოდის დანერგვა მედიცინაში, ალბათ, ფატალურობასაც ითვალისწინებს, არა?

 

_ გამორიცხულია, ამ კვლევამ რომელიმე პაციენტში ფატალური შედეგი გამოიწვიოს. ყველა კვლევას სარწმუნოობის კოეფიციენტი აქვს. ეს იმ სარწმუნოობით არის შედგენილი, რომელიც შემთხვევითობას გამორიცხავს. საერთოდ, კლინიკური კვლევები ცხოველებზე იწყება და ამ კონკრეტულმა კვლევამ ეს ეტაპი უკვე გაიარა. შემდგომ კვლევა ჯანმრთელ ადამიანებზე ტარდება, რისთვისაც მოხალისეებს არჩევენ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაზა აღნიშნულ კვლევას განვითარებულ ქვეყნებში ჰქონდეს გავლილი. ამ დროს ხდება მედიკამენტის ეფექტის დადგენა და იმის განსაზღვრა, ის ადამიანს ავნებს თუ არ ავნებს? კვლევის შემდგომი ფაზა დაავადებული ადამიანების ჯგუფებში ტარდება და ამ შემთხვევაში პაციენტების კოჰორტაა კვლევის ობიექტი. ბოლოს კვლევას სხვადასხვა ქვეყანაში ატარებენ, ვინაიდან სხვადასხვა გენეტიკისა და ეთნოწარმომავლობის მქონე ადამიანებს შესაძლებელია, სხვადასხვა მიმღებლობა ჰქონდეთ ახალი რეჟიმების მიმართ. აღნიშნულ კვლევაში ჩვენ სწორედ ამ სტადიაში ვერთვებით. ანუ ის ეტაპები უკვე გავლილია, რომელმაც დაადასტურა, რომ კვლევა უვნებელია. კიდევ ვიმეორებ: ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ახალ პრეპარატზე, არამედ საუბარია ახალ სამკურნალო რეჟიმზე, სქემაზე, რომელიც გულისხმობს შეცვლილ დოზირებას, მედიკამენტის მიწოდების ჯერადობას და წამლების კომბინაციას.

 

_ კვლევასთან დაკავშირებულ სემინარს უცხოელებიც ესწრებოდნენ, რომელთაც განაცხადეს, რომ თავად იყვნენ ავად ტუბერკულოზით. ეს, ალბათ, იმ ადამიანების სანდოობისთვის ხდება, რომლებიც, სავარაუდოდ, კვლევაში უნდა ჩაერთონ?

 

_ ეზიო ტავორა გახლავთ ბრაზილიელი ექიმი, რომელიც თავად იყო ტუბერკულოზით ავად და განიკურნა. მას ამისთვის მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდა. ეს არის კარგი მაგალითი ჩვენი პაციენტებისთვის, რათა მიხვდნენ, რომ სწორი მიდგომის პირობებში შედეგი ყოველთვის დადებითია. დიახ, ის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს კვლევაში ჩართულობისკენ მოუწოდებს და სწორი მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრება. საერთაშორისო თანამეგობრობის ვალდებულებაა, გაცნობიერებისა და ინფორმირებულობის თვალსაზრისით მიეხმაროს კვლევის განმახორციელებელ სუბიექტებს, რათა ეს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებამდე მიიტანონ.

 

_ ბატონო ზაზა, სიტყვა კვლევაში უკვე იგულისხმება, რომ მისი შედეგი უცნობია, თქვენ კი ამბობთ, რომ ფატალურობა უნდა გამოვრიცხოთ. რატომ არ შეიძლება, კვლევის დროს უარყოფითი შედეგები დადგეს?

 

_ აქტიური მონიტორინგის პირობებში გამოვლინდება, რამდენად სწორად მიდის პროცესი და მასში ცვლილებები, ცხადია, შევა. ეს კვლევა ემსახურება მეთოდის დახვეწას, თორემ ყველა შემთხვევაში პროცესებში ის მედიკამენტები გამოიყენება, რომლებიც ტუბერკულოზს წარმატებულად ებრძვის. ამიტომ გამოვრიცხავ ფატალურ შედეგს, თუმცა რამდენად ეფექტიანი იქნება, ამას კვლევა გვიჩვენებს.

 

_ კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა გაქვთ?

 

_ კვლევას მანამ ვერ დაიწყებ, სანამ იმ ორგანიზაციების მიერ გაცემული ნებართვები არ გვექნება, რომელთაც მისი გაცემა ეკუთვნით. მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარეშე კვლევა არ შეიძლება, დაიწყოს. ჩვენ ეს ნებართვა რომ არ გვქონდეს, ამ საკითხის ინიცირებასაც ვერ შევძლებდით. ჯანდაცვის იმ სეგმენტიდან, რომელიც ტუბერკულოზს ებრძვის _ „ The Union “-დან უკვე გვაქვს დასკვნები და მოსაზრებები აღნიშნული კვლევის წარმოებაზე. მეტსაც გეტყვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ჩვენს სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამედიცინო კვლევების წარმოებას, ვინაიდან კვლევების გარეშე ტუბერკულოზის დამარცხება წარმოუდგენელია.

 

 

 

                                                                                                          ნელი ვარდიაშვილი