გოგაშვილის გასაჭირი: ,,წავიდე, არ წავიდე…”

nn

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე ტაბატაძის დანიშვნის ბრძანება გამოსცა. ტაბატაძე ბოლო დრომდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი მას შსს-ში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უკვე სამი მოადგილე ჰყავს. ერთი მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის აგვისტოში შეიქმნა. პარლამენტის გადაწყვეტილებით ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო. მისი მთავარი ფუნქციაა: დაიცვას სახელმწიფოს უსაფრთხოება, საკონსტიტუციო წყობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან.

 

ტაბატაძემ საზოგადოებას დიდი ოდენობით აღებული ხელფასით დაამახსოვრა თავი. მან მაღალი თანამდებობრივი სარგო სწორედ მაშინ აიღო, როცა შს მინისტრი, ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ხუთ თვეში ალექსანდრე ტაბატაძეზე 76 740 ლარია გაცემული.

 

მიუხედავად მაღალანზღაურებადი  მინისტრის მოადგილეობისა, ტაბატაძეს „ქართული ოცნების“ რიგებში საკმაოდ გონიერ, ჭკვიან და ფრთხილ სუბიექტად განიხილავენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მართალია, სამი მოადგილის თანამდებობა ჰქონდა, თუმცა, რატომღაც, ალეკო ტაბატაძის დანიშვნამ „ოცნების“ კულუარებში კითხვები გააჩინა. ბოლოს და ბოლოს, ვინმე თუ იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას?

 

სუს-ი ოფიციალური გვერდიდან განგვიმარტავს: „ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა. საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების საპასუხოდ, უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანი და დემოკრატიული ფუნქციონირების მიზნით, 2015 წლის პირველ აგვისტოს შეიქმნა დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებები, ფუნქციები და უფლებამოსილებები მკაფიოდაა განსაზღვრული საკანონმდებლო დონეზე. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. სამსახურის საქმიანობის მიმართულებებს: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისიაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა. სამსახური ხელმძღვანელობს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. მისი საქმიანობა ხორციელდება იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

 

სუს-ში ხალისობენ, _ ტაბატაძემ სწორედ სუს-ის ამ ფუნქცია-ვალდებულებებზე დაუსვა კითხვები გოგაშვილს საჯაროდ, რამაც დიდი უხერხულობა გამოიწვიაო…

 

როგორც ხელისუფლების კულუარებში საუბრობენ, პრემიერი განსაკუთრებით ანტიპათიურად გოგაშვილის მიმართ არის განწყობილი; ხოლო გოგაშვილსა და ტაბატაძეს ერთმანეთის მიმართ არათუ კოლეგიალური დამოკიდებულება, არამედ სერიოზული კონფლიქტიც აქვთ. ეს განსაკუთრებით შეეხება ბოლო ერთი თვის მანძილზე ტაბატაძის მიერ დაქვემდებარებულ სამსახურებში თანამშრომელთა განთავისუფლებას. ამბობენ, რომ მათი საუბარი მხოლოდ გომელაურის თანდასწრებით ხდება. სხვა დროს ისინი, პრაქტიკულად, თანამშრომელთა დაბარებით და იმის გარკვევით არიან დაკავებული, ვინ ვის ნავში ზის.

 

გოგაშვილმა დაზუსტებით იცის, რომ კვირიკაშვილს მის მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს, ამიტომ თავად გადაწყვიტა და უჩა მამაცაშვილის „პირით“ მოქალაქე ივანიშვილს შეუთვალა, _ ალბათ, სჯობია, წავიდე.

 

პასუხი ერთი იყო, _ ახალ წლამდე მანდ უნდა იყო…

 

გოგაშვილმა არ იცის, ახალ წლამდე მოუწევს ყოფნა, თუ ახალი წლების მერეც. თუმცა ერთი, რაც დაზუსტებით იცის, ის არის, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაშორდეს სიტუაციას, _ იგი ვეღარ აკონტროლებს არსებულ გარემოს, ახლა უკვე თავად გოგაშვილია კონტროლის ქვეშ.

 

რამდენიმე კვირის წინ ალეკო ტაბატაძემ გოგაშვილის მიერ შექმნილი რეგიონული სამსახურის რამდენიმე განყოფილება გააუქმა. ეს ის განყოფილებებია, რომლებიც აქამდე სოსოს მისთვის საინტერესო ინფორმაციებს უგროვებდა და გარკვეულ მოქალაქეებზეც მუშაობდა. პრაქტიკულად, ტაბატაძის ბრძანებით სუს-ს ის რეგიონული განყოფილებები აღარ ჰყავს, რომელმაც არჩევნები ჩაატარა.

 

რა მოხდება მაშინ, თუ გოგაშვილს ახალი წლების შემდეგ სამსახურიდან წასვლა მოუწევს?!

 

გაზაფხულიდან სახელმწიფოში დაჭერების სერიები იწყება. აქ ერთი მთავარი კითხვა რჩება _ არ არის სოსოს დაჭერების საქმეში ჩარევა საჭირო და მისი განრიდება სჯობია, თუ ბიძინა სოსოს მოშორებით, ან დაჭერით ოპოზიციის გულის მოგებას შეეცდება?!

 

სუს-ში უკვე იციან, _ ალეკო ტაბატაძეს გოგაშვილის შავი საქმეების საქაღალდე მზად აქვს. გოგაშვილის კომპრომატების მოგროვებაში მას გომელაურის სხვა მოადგილე, მირიან მჭედლიშვილიც დაეხმარა.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკ იოსებ გოგაშვილს ერთი იმედი ის დარჩენია, 2017 წელს კარგი მეკვლე ჰყავდეს.

 

 

 

P. S. დაბოლოს, სოსო! აიღეთ საწერკალამი და ფურცელი, გადახედეთ საკუთარ ცხოვრებას და ჩამოწერეთ, მინიმუმ, 10 ქმედება, საქციელი, საქმე, გადაწყვეტილება, რომლითაც შეგიძლიათ, იამაყოთ.

 

ჩამოწერეთ 3 თვისება თქვენი ხასიათისა, რომელიც გეხმარებათ ცხოვრებაში.

 

შეეცადეთ, გამოყოთ ერთი ტალანტი, უნარი, რომელიც განგასხვავებთ სხვა დანარჩენისგან.

 

შეინახეთ ეს სია, შიაგადაშიგ გადახედეთ ხოლმე, გაიხსენეთ, ვინ ხართ, რა გაგიკეთებიათ, რას იმსახურებთ და რაც მთავარია, შეავსეთ და განაახლეთ ეს სია ყოველთვის, როცა ამის საშუალება მოგეცემათ.

 

 

 

მაკა მოსიაშვილი