ნიკა ჩიტიძე: „ჯერჯერობით, ქვეყნის უკეთეს მომავალს ვერ ვხედავ!“

jj

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე „ქრონიკა+“-თან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს. ექსპერტის თქმით, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებობდა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, ეს პროცესი დღესაც გრძელდება. თუმცა, იქვე დასძენს, რომ უფრო მეტი კითხვა საზოგადოების მიმართ არსებობს _ რამდენად არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მოთხოვნა და რამდენად ესმის ხალხს _ რა არის დემოკრატია?!

 

„ქრონიკა+“-ს ნიკა ჩიტიძე ესაუბრება:

 

_ ჯერჯერობით, პრობლება არის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რომელიც მკვეთრად შემცირდა. არჩევნები ჩატარდება თუ არა, ან ახალი მთავრობა ფორმირდება თუ არა, სამწუხაროდ, ეს ტენდენცია _ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, შენარჩუნდება. ვგულისხმობ ლარის კურსის გაუფასურებას. ვიცით, რამდენიმე ახლად არჩეული პარლამენტარი აცხადებს, თითქოს ლარის გაუფასურება იმაზეა დამოკიდებული, რომ ოპოზიციამ დიდი თანხები გამოყო წინასაარჩევნო პერიოდში, იმ დროს, როდესაც შემოწირულობების სახით „ქართულმა ოცნებამ“ 13 მილიონი ლარი მიიღო, რომელიც ბევრად აღემატება ოპოზიციის მიერ მიღებულ თანხებს. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული თანხები მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. იგივე ის, რომ თითქოს დადებითი ტენდენციებია, თუ ლარი გაუფასურდა, დოლარით უფრო მეტ პროდუქციას იყიდის საქართველოს მოქალაქე, უფრო მეტ ლარს და პროდუქტს შეიძენს, თითქოს საქართველოს მოქალაქეები ხელფასს დოლარებში იღებდნენ, ან იგივე პრემიერი როდესაც გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში დადებითი ტენდენციაა და გაიზარდა მოხმარება. თუ გაიზარდა, მაშინ რატომ შეინიშნებოდა საქართველოში დეფლაცია?! ჯერჯერობით, მეათედი პროცენტია დეფლაცია და, საერთო ჯამში, რატომ შემცირდა ექსპორტი 7%-ით და იმპორტი გაიზარდა 31%-ით?! აქედან გამომდინარე, როდესაც ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი გეგმა და ვერც უხსნის საკუთარ მოსახლეობას ლარის გაუფასურების ძირითად მიზეზს, ბუნებრივია, არ უნდა ველოდოთ მდგომარეობის გაუმჯობესებას. საქართველოში სამწუხარო რეალობა, ჯერჯერობით, ასეთია ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება და ვერც ლარის კურსის დასტაბილურების უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. თუ ეროვნული ბანკის ინტერვენცია იქნა განხორციელებული, ეროვნული ბანკის რეზერვები კიდევ უფრო გამოიფიტება. ვიცით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეროვნულმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად ბანკმა 200 მილიონი დოლარი გამოყო, თუმცა კურსის შენარჩუნება მაინც ვერ მოხერხდა. ამ მხრივ, მგონია, რომ პრობლემები იქნება და, მეორე მხრივ, თვითონ ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას თვითონ „ოცნება“ ფლობს, გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნისთვის პრობლემურია. ქვეყანაში ინსტიტუტები ძლიერი რომ იყოს, ამ შემთხვევაში დიდ პრობლემას ვერ დავინახავდი, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას. მაგრამ, პირველ რიგში, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიზანია პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ უფრო დასუსტება, რაც არ უკავშირდება იმას, რომ ეს საქართველოსთვის უკეთესი იქნება, არამედ, იმას, რომ არსებობს დაპირისპირება ყოფილ პრემიერ ბატონ ივანიშვილსა და მოქმედ პრეზიდენტს შორის, შესაძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კი არა, მათ აირჩიონ პირდაპირი გზით საქართველოს პრეზიდენტი. შეიძლება ითქვას, ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ უკეთესს მომავალს და პრობლემები არსებობს ქვეყნის შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა თუ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხრივ იმ დროს, როდესაც კვლავ გრძელება შეტევა ერთ-ერთ წამყვან არხზე _ „რუსთავი 2“-ზე.

 

_ თქვენი აზრით, ოპოზიციური ძალები ამ სახით პარლამენტში შეძლებენ თუ არა, რეალურად, რაიმე გავლენა მოახდინონ საპარლამენტო ცხოვრებაზე?

 

_ ჩემი აზრით, უფრო „პატრიოტთა ალიანსის“ აზრი იქნება გათვალისწინებული, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“. „პატრიოტთა ალიანსი“ უფრო „ქართული ოცნების“ მოკავშირის ფუნქციას შეასრულებს საქართველოს პარლამენტში.

 

_ საპარლამენტო კომიტეტები უკვე ჩამოყალიბდა. თქვენი აზრით, რამდენად სწორად შეარჩიეს წევრები? მაგალითად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში  ერთად არიან წარმოდგენილნი სესიაშვილი, კობალაძე, კვიციანი და სხვები. კონკრეტულ კომიტეტზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ, მოგესხენებათ, საიდუმლო დოკუმენტებთან აქვთ წვდომა…

 

_ რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით პრობლემები იქნება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მოსახლეობამ. თუნდაც ის, რომ ბატონი კვიციანი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში არის წარმოდგენილი, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და დაახლოებით 88 000-მა ადამიანმა ხმა მისცა „პატრიოტთა ალიანსს“, ამას მაგალითისთვის ვამბობ. რაც შეეხება თავმჯდომარეს, ბატონ სესიაშვილს, არ ვიცი, რამდენად შეიძლება ქვეყანაში წესრიგი იყოს უზრუნველყოფილი, როდესაც კორცხელის ინციდენტის შესახებ ბატონი სესიაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი საკადრისი მიიღო. ადამიანი, რომელიც თვითონ აქეზებს უკანონო ქმედებას, როგორ შეძლებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს?!

 

_ პარლამენტის თავმჯდომარეზე რას იტყვით?

 

_ სამწუხაროდ, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემაც ანალოგიურად განაცხადა, რომ პროვოკაციები მომზადებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, არ გაუკრიტიკებია და არც შეშფოთება გამოუხატავს. თუნდაც ის არაერთი განცხადება, რომ „ნაციონალები“გადატრიალებას ამზადებენ და ა. შ. მსგავსი სახის განცხადებების გაკეთება, ჩემი აზრით, არ აისახება დადებითად. როდესაც მსგავს განცხადებას აკეთებ და ამას კადრულობ პარლამენტის თავმჯდომარე, კონსტიტუციით ქვეყანაში მეორე ადამიანი, რამდენად სწორი მიმართულებით წავა ქვეყანა, აქ კითხვა ისმის. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ განცხადებებს აკეთებს, ძალიან სამწუხაროა; მეორე მხრივ, მისასალმებელია, რომ მას დოქტორის ხარისხი აქვს და გერმანიაში მიიღო განათლება. კი ბატონო, ეს ძალიან კარგია, თუმცა ისიც ვიცი, რომ, მაგალითად, უნივერსიტეტში როგორც მითხრეს, ლექციაზე ერთი დღეც არ მისულა. ოფიციალურად ცხრილში მისი სახელი და გვარი დაფიქსირებული იყო, მაგრამ ერთ ლექციაზეც არ გამოცხადებულა. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ პედაგოგიურ საქმიანობაში სუპერგამოცდილება აქვს. არ მესმის, როგორ შეიძლება არ მიხვიდე და ლექცია არ ჩაატარო, თუ ამაზე თანხმდები და პროფესორის წოდება გინდა? ახლა რომ პარლამენტის თავმჯდომარე ხარ, ხომ ისმის ეს კითხვა?! პოლიტიკური სოციოლოგიის ავტორს ძალიან კარგი გამონათქვამი აქვს: როგორიც არის ადამიანი, ისეთივეა მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა.

 

_ პარლამენტის ამ მოცემულობით რაიმე საფრთხეებს თუ ხედავთ თუნდაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?

 

_ დეკლარაცია ერთია, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ან ნატოს, პირველ რიგში, ნატო არ არის მარტო სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ეს არის დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა, ისევე როგორც ევროკავშირი არ ეფუძნება მხოლოდ ეკონომიკურ ინტეგრაციას. ეს ორგანიზაციაც არის 28 დემოკრატიული ქვეყნის გაერთიანება და თანამეგობრობა. თუ ჩვენ გვინდა აღნიშნულ სტრუქტურებთან დაახლოება, პირველ რიგში, უნდა დავუახლოვდეთ დემოკრატიული ღირებულებებით და რამდენად განვითარდება ქვეყანაში დემოკრატია ამ პირობებში, აქ ისმის კითხვა! დღეს არის ქვეყანაში საფუძველი, რომ დემოკრატია განვითარდეს, როდესაც „რუსთავი 2“-ზე შეტევა მიმდინარეობს?! როდესაც არავითარი წინაპირობა არ არსებობს, რომ ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარდეს?! აღნიშნული პრობლემას ქმნის, კი ბატონო, საგარეო კურსის გაცხადება ძალიან კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, საქმით უნდა დავამტკიცოთ! რადგან არის გაცხადება, რომ ევროპაა საქართველოს მომავალი, ძალიან კარგი, ხომ ვაცხადებთ, რომ პროევროპელები ვართ, ეს იგივეა, მაგალითად, ადამიანმა ეკლესიაში ილოცოს, სანთელი დაანთოს, საეკლესიო რიტუალები დაიცვას, იმარხულოს, მაგრამ გამოვიდეს ეკლესიიდან, ცოდვა ჩაიდინოს და განაცხადოს, რომ ეკლესიაში დავდივარ, პირჯვარს ვიწერ და მორწმუნე ვარო. თუ მორწმუნე ხარ, უნდა დაამტკიცო შენი საქციელით! ბევრი კითხვა არსებობს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა წინა ხელისუფლების, „ნაცმოძრაობის“ დროსაც არსებობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღესაც ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია! სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, კითხვები არა ხელისუფლების მიმართ არსებობს, არამედ, საზოგადოების მიმართ, _ რამდენად მზად არის, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყოს? რამდენად არის დემოკრატიის მოთხოვნა და რამდენად ესმის ხალხს, _ რა არის დემოკრატია?!

 

 

 

 

 

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი