პაატა დავითაია: „გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ოპოზიციის 90%-ს პარლამენტში ივანიშვილი აკონტროლებს!“

v4

ხელისუფლების მიერ მინისტრთა კაბინეტის წარდგენის დღე რამდენჯერმე დაანონსდა და გადაიდო. ამის თაობაზე პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ფიქრობს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივადაა და გიორგი კვირიკაშვილი ელოდება, როდის დაუწერს მინისტრების სიას ბიძინა ივანიშვილი.

 

„ქრონიკა+“-ს პაატა დავითაია ესაუბრება:

 

_ ძალიან მარტივად არის ყველაფერი, ჩვენ საკითხს ყოველთვის რთულად ვუყურებთ. საკითხი მარტივია იმიტომ, რომ ვნახოთ, რა იყო საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც არჩევნები ჩატარდა, ცნობილიც კი არ გახლდათ, ვინ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე. წარმოიდგინეთ, პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებში „იმარჯვებს“, მან არ იცის, ვინ ეყოლება პარლამენტის თავმჯდომარე. ეს ხდება იმიტომ, რომ რეალურ მმართველს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის შპს „საქართველოს“ 100%-იანი წილის მფლობელი და როგორც მფლობელს, უნდა გადაეწყვიტა, ვინ იქნებოდა აღმასრულებელი მდივანი საკანონმდებლო დარგში. სანამ მან თავისი მეფური სიტყვა არ თქვა, _ ვინ იქნებოდა საკანონმდებლო დარგში აღმასრულებელი მდივანი (მე პარლამენტის თავმჯდომარეს ვუწოდებ შპს-ს აღმასრულებელ მდივანს, რადგან ის ერთი მიმართულების დირექტორია), ვერ გადაწყდა, ვინ იქნებოდა ამ პოსტზე.

 

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს _ ხელისუფლების მეორე შტოს, აღმასრულებელი მდივანი, რეალურად, მთავრობის თავმჯდომარე იქნება. ახლა ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მთავრობის თავმჯდომარე კვირიკაშვილი არ არის მთავრობის თავმჯდომარე. რეალურად, ის არის ბატონ ივანიშვილს ამოფარებული შირმა. ამიტომ მას არ ეკითხებიან, თუ ვინ იქნებიან მისი მინისტრები. მას უწერენ, ვინ იქნებიან მინისტრები, ადამიანი თვითონ ვერ იღებს გადაწყვეტილებას, აქედან გამომდინარე, სანამ შპს „საქართველოს“ შიდა კარის თამაშები არ გადაწყვეტს შპს-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მფლობელი ბატონი ივანიშვილი, აქამდე არ ყალიბდება. წარმოიდგინეთ, როდესაც ერთი ადამიანი ზის და (ეს ადამიანი არის ივანიშვილი) მას უნდა შეუთანხმონ ყველა სამინისტროს, ყველა აღმასრულებელი საკითხის თემა, ეს ხომ ვერ მოხდება ერთ დღეში?! მით უმეტეს, ხედავთ, როგორი მიდგომა აქვს მას ხელისუფლების მიმართ. ამიტომ ეს არის ტექნიკური მხარეები _ ვინ, რა და როგორ, ზოგიერთზე, ალბათ, საქმის გარჩევებიც მიმდინარეობს. რეალურად ვხედავთ, რომ მას ერთი სერიოზული თემა აქვს _ ის თავისი პარტნიორების გადამგდებიც არის, ეს აჩვენა „ქართული ოცნების“ კოალიციის დაშლამ, როგორ ექცევა ის თავის პარტნიორებს, როგორ გამოაქვს მერე ეს საუბრები საჯარო სივრცეში, აქედან გამომდინარე, ეს პროცესები მიმდინარეობს. კვირიკაშვილი იქნება თუ სხვა, ყველა იქნება მის მონურ მორჩილებაში. ხომ ხედავთ, მის სურათებს მანქანებზე რომ კიდებენ, ალბათ, მალე ხატის ფორმას მისცემენ და ასეთ სიტუაციაში იქნებიან. ამიტომ ეს მოლაპარაკებათა პროცესი მიდის. როგორც ჩამოყალიბდებიან ისინი, ვინც მონურ მორჩილებაში იქნება, ან გარჩევა-გამორჩევებში არ იქნება, მერე ჩამოყალიბდება სურათი. ეს არის! არაფერი სახელმწიფოებრიობასთან, სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან, სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან, წინსვლასთან ამას არავითარი შეხების წერტილი არ აქვს.

 

_ წინასწარი ინფორმაციით, მინისტრების შემადგენლობა მნიშვნელოვნად არ იცვლება, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა კიდეც, რომ ძალოვან მინისტრებს არ შეეხებიან. აღნიშნეთ, რომ არაფერი შეიცვლება, მაგრამ სულ არაფერს ელოდებით?

 

_ პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრს არავინ ეკითხება ძალოვნების შეცვლას, რადგან ისინი უშუალოდ ბატონ ივანიშვილთან არიან დაკავშირებულნი. აქედან გამომდინარე, დილას როგორ ხასიათზეც გაიღვიძებს ივანიშვილი და ვინ რა ამბავს მიუტანს, იმის მიხედვით შეიცვლებიან მინისტრები. ხომ ხედავთ, მართლა ხასიათებით ხდება ქვეყნის მართვა, ვისზე რას იტყვიან და ა. შ.

 

_ სამინისტროების შემცირებაზე რომ საუბრობენ, ამაზე რას ფიქრობთ?

 

_ რა თქმა უნდა, დიასპორის სამინისტროს თავისუფლად შეუძლია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იმუშაოს, ეს მისაღები საკითხია. ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის სამინისტროს პირობითად შემცირება არ შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი, ევროკავშირისკენ მივდივართ და კარგი იქნება, თუ სამინისტრო ამ მიმართულებით იმუშავებს. რაც შეეხება კონფლიქტებზე მომუშავე სამინისტროს, ის არაფრის მომტანი არ არის, არაფერი ფუნქცია არ აკისრია, მოლაპარაკებაზე ამათ არავინ უჯდება, არც ერთი მხარე, არც რუსეთს ელაპარაკებიან, მათ პირდაპირ ივანიშვილი ელაპარაკება, რა აზრი აქვს ამ სამინისტროს, ვერ წარმომიდგენია! ალბათ, სწორი იქნება მისი შემცირება, იქ დასაქმებულები კომპიუტერზე თამაშის მეტს არაფერს აკეთებდნენ. სხვა მიმართულებითაც ცვლილებები უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მენეჯმენტს აირჩევს მთავრობაში ივანიშვილის წარმომადგენელი კვირიკაშვილი, ეს მის გემოვნებაზეა დამოკიდებული და ასეთი საკითხის გადაწყვეტა შეიძლება ანდოს კიდეც. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, მეორე საკითხია, რომ ძალიან ბევრი ყოფილი დეპუტატია დასასაქმებელი, აქედან გამომდინარე, როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს, არ ვიცი. შეიძლება, მათი დასაქმების გამო ბევრი სამინისტროც არ შეამცირონ.

 

_ პარლამენტზე რას იტყვით, ოპოზიცია რა ძალითაც არის წარმოდგენილი, შეძლებს რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოს საკონსტიტუციო უმრავლესობას?

 

_ რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს?! ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას ბატონი ივანიშვილის უმრავლესობას! გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ოპოზიციის 90%-ს პარლამენტში ივანიშვილი აკონტროლებს! აქედან გამომდინარე, რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ? განცხადებების მეტს ისინი არაფერს გააკეთებენ!

 

_ აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე სახის ცვლილებებს ქვეყნის საგარეო კურსში, დეკლარირებული კი არის, მაგრამ…

 

_ სწორად დასვით შეკითხვა. საგარეო კურსში ცვლილება ღიად არა, მაგრამ შეფარვით იქნება. მაგალითად მოვიყვანოთ იანუკოვიჩი: ის ღიად აკეთებდა ერთ განცხადებას, შეფარვით მუშაობდა მთელი თავდაცვის სამინისტრო და რაც იქ სიტუაცია იყო, ყველაფერი რუსების ქოლგის ქვეშ გადადიოდა და ასეთი სიტუაციაა აქაც. თქვენ ნახეთ, როგორ არის ჩამოყალიბებული თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, ხომ სასაცილოა, დაზვერვაც კი არ დასჭირდებათ რუსებს, რადგან თავიანთი წარმომადგენლები უზით იქ, იგივე რუსული „გაზპრომისა“ და დაზვერვის წარმომადგენლები თავისუფლად მოძრაობენ! მეტი რა გგონიათ კურსის შეცვლა, განცხადება კი არ არის! იქიდან გამომიდნარე, რომ ყველაფერი კონტროლდება, ეს ერთ დღესაც აფეთქდება და იტყვიან, რომ ჩვენ უკვე სხვა მიმართულებით უნდა ვიფიქროთ. ასე ღიად დეკლარირებულად, რომ ჩვენ კურსს ვცვლითო, არავინ იტყვის. დღეს არის რუსების ხოტბა, კარგად შემოდის რუსული ბიზნესი, ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება, დიპლომატიური ურთიერთობები არ არის, მაგრამ სხვა ურთიერთობები უკვე არის, აქედან გამომდინარე, ერთ დღეს უკვე მოთხოვნა გაჩნდება, რომ ახლა უკვე სხვა ეტაპია, ამათ ეს არ ესმით და ამას რომ მოსთხოვენ, ამაზე ორი აზრი არ არის!

 

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც, პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ ერთპიროვნული მმართველი იქნება და როგორც ამბობთ, მათგან, ალბათ, ბევრ შეცდომასაც უნდა ველოდოთ, საზოგადოებისგან რაიმე სახის აფეთქება და პროტესტი თუ არის მოსალოდნელი?

 

_ ძალიან სწორი შეფასებაა და ეს იქნება! ხალხი რადგან უკანა პლანზე გადაიწევს, ვფიქრობ, რომ რაღაც პლატფორმის ირგვლივ მოხდება გაერთიანება, ეს იქნებიან ჟურნალისტები, პარტიების თავმჯდომარეები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ჩვეულებრივი მოქალაქეები: სტუდენტი, მასწავლებელი, ყველა, მოხდება ერთ პლატფორმაზე ჩამოყალიბება და ძალიან მკვეთრი პასუხის მოთხოვნა, თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი. მე ამის წინაპირობას ვხედავ, დღეს თუ „რუსთავი 2“ ჩაიგდეს ხელში და ჩემი პროგნოზით, სავარაუდოდ, ჩაიგდებენ, ეს ნათელი მაგალითი იქნება იმისა, რომ საზოგადოებას მოქმედება მოუწევს. ერთი რაღაც მინდა ვუთხრა ხელისუფლებას: შპს შეიძლება 100%-ით აკონტროლოს მეპატრონემ, იგივე ივანიშვილმა, მაგრამ საქართველო შპს არ არის და 100%-ს ვერ გააკონტროლებს! აფეთქდება ეს ყველაფერი, ეს არ არის კერძო კომპანია, ხალხი არ შეეგუება ამას, ხელისუფლება თუ ჰყავს მონურ მორჩილებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ის საქართველოს აკონტროლებს. მახსოვს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, ოპოზიცია გავანადგურეთო, ხომ ნახეთ, ბოლოს ვინ განადგურდა?! ესენიც ასე არიან, აცხადებენ, ოპოზიცია გავანადგურეთო. ბოლოს ვინ განადგურდება, ვნახავთ!

 

 

 

                                                                                                         თამარ ბატიაშვილი