,,მოდი დეპარტამენტში და დაგელაპარაკები. არაკაცი ხარ შენ…” – ვის ემუქრებოდა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი პაატა ნინუა?!

211q

„ქრონიკა+“-ის მკითხველს სკანდალური სატელეფონო საუბრის ჩანაწერს გავაცნობთ, სადაც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი, პაატა ნინუა, ადვოკატ დავით ახალაურს უყვირის, დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, ძველბიჭურად ესაუბრება და, სავარაუდოდ, საქმის გასარჩევად (სხვა უარესისთვის თუ არა) რკინიგზის დეპარტამენტში მისვლას სთხოვს. ჩანაწერს იდენტიფიცირება არ სჭირდება, რადგან პროფკავშირის ხელმძღვანელის სატელეფონო საუბარს თავად შევესწარი და ჩანაწერიც პირადად გავაკეთე.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

17 ნოემბერს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრმა ადვოკატებმა _ ფრიდონ სიხუაშვილმა და დავით ახალაურმა ბრიფინგი გამართეს, რომელსაც ესწრებოდნენ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე მომუშავე კომპანია „23-ე ბრიგადის“ ნაცემი მუშები: ბეჟან სარალიძე და გიორგი პირველაშვილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ისინი ამავე კომპანიაში დასაქმებულებმა სცემეს. ადვოკატებმა ისაუბრეს, რომ ამ ფაქტზე სამართალდამცველებს სათანადო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ. განმარტეს, რომ დაზარალებულებს, რომელთაც სხეულის დაზიანებები აქვთ, სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს. მათ ამჟამადაც სჭირდებათ გამოკვლევები, მკურნალობა, მაგრამ ფული არ აქვთ და ჯანდაცვის დაწესებულებებს ვერ მიმართავენ. დავით ახალაურმა განაცხადა, რომ რკინიგზელთა ახალი  პროფკავშირი მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს არ ეხმარება და მათ ქმედებებს დამსაქმებელ კომპანიასთან გარიგებით ხსნის.

 

 

 

ფრიდონ სიხუაშვილი _ ადვოკატი:

 

_ დავით ახალაურთან ერთად, სოფელ ზვარეში, ნაცემ ადამიანებს იმიტომ დავუკავშირდი, რომ შევიტყვეთ, დაზარალებულებს ადვოკატი არ ჰყავდათ; ადგილზე ჩასვლის დროს კი დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან მსგავსი დანაშაულის, საზოგადოებისთვის უცნობი ფაქტებიც მოვიპოვეთ: სანამ ეს გახმაურებული ფაქტი  მოხდებოდა, წინა დღეს არმატურით დატვირთული პიკაპით ტყეში დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ. სწორედ ამ დროს ტყიდან სოფლის სამი მცხოვრები ზამთრისთვის შეშის გამოტანას ცდილობდა, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ. ნაცემი მოქალაქეებისთვის მაშინ იურიდიული დახმარება არავის გაუწევია, არც მათი დაცვა განუხორციელებიათ. სოფელში საუბრობენ, რომ დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენელთა მიერ მოკლულია ერთ-ერთი მუშა(?!!). ამჯერად სხვა დეტალების შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ დავაზუსტებთ და აუცილებლად გამოვიტანთ სააშკარაოზე. კონტრაქტორი მხარის დაუსჯელობის ფაქტებს მოჰყვა აღნიშნული შემთხვევაც, რომელსაც რეზონანსი მოჰყვა.

 

რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები სასტიკად არიან ნაცემი. ზოგს შუბლი აქვს გატეხილი, ზოგს _ ცხვირი, რის გამოც ერთ-ერთ მუშას სუნთქვა უჭირს. ეხუმრებით, 50-ზე მეტი პირი დაესხა თავს 8 დასაქმებულს, მაგრამ სამართალდამცველები ამას მალავენ და მხოლოდ კომპანიის ორი წარმომადგენელი დააკავეს.

 

 

 

დავით ახალაური:

 

_ საწარმოში პროფკავშირიც არის და იურისტებიც ჰყავთ, მაგრამ აღნიშნულ საქმეში დაზარალებულთა ადვოკატებად არ ჩართულან. დაზარალებულებიდან ჩვენ მხოლოდ სამს შევხვდით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ყველა ითხოვდა დახმარებას, ჩვენს ჩასვლამდე დანარჩენებმა ადვოკატებთან ურთიერთობა გადაიფიქრეს. ვიღაცები ამ საქმის მიჩუმათებით არიან დაინტერესებულები და უნდათ, რომ დამსაქმებელმა მხარემ კანონის წინაშე სათანადო პასუხი არ აგოს. ისიც წარმოუდგენელია, რომ დაზარალებულები კომპენსაციას არ ითხოვდნენ. ამჯერად მხოლოდ ორი ითხოვს დამნაშავეების დასჯას კანონის შესაბამისად და მორალური, ფიზიკური ზიანის კომპენსაციას, დანარჩენი კი გააჩუმეს“.

 

 

 

„ქრონიკა+“ პრესკონფერენციაზე მყოფ ნაცემ მუშებსაც გაესაუბრა.

 

 

 

გიორგი პირველაშვილი _ 25 წლის:

 

_ წელიწადნახევარზე მეტია, რაც ეს კომპანია საქართველოში მუშაობს. 10 თვის წინ დავიწყე მათთან მუშაობა, რადგან სხვა სამუშაო ფიზიკურად არ არსებობს. ხელმძღვანელები სხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან და მუშების უმეტესობაც მათი ქვეყნიდან  ჩამოიყვანეს. დღეში 14 საათს გვამუშავებენ, მაგრამ სათანადოდ არ ანაზღაურებენ.

 

_ მუშების ხელფასები განსხვავებულია?

 

_ დიახ: დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენელ მუშებს თვეში 2000-3000 ლარს უხდიან, ჩვენ _ 500 ლარს. მძიმე საქმეებს ჩვენ გვავალებენ და მათ ასვენებენ. ჩვენი მხარე პრეტენზიას თუ გამოხატავს, ხელმძღვანელობა ეუბნება, _ თუ არ მოგწონთ, მიბრძანდითო. სად წახვალ, სამუშაო სხვა სად არის? იძულებული ვართ, მათი მონობა ავიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. აქ დასაქმებულებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ადრეც ყოფილა, მაგრამ მაშინ კომპანიის ხელმძღვანელობა არ ჩარეულა. ახლა ჩვენ სწორედ მათი დავალებით გვცემეს.

 

_ რატომ, რა დააშავეთ ასეთი, რომ ფიზიკურად გაგისწორდნენ?

 

_ მოგეხსენებათ, რომ იქ არსებული მდგომარეობის გამო გავიფიცეთ და მუშაობის ნორმალურ პირობებს ვითხოვდით. მერე სამუშაოდ ისევ დავბრუნდით, რადგან შეგვპირდნენ, ყველაფერს მოვაწესრიგებთო. ამის შემდეგ მოხდა ეს ამბავიც. მენეჯმენტმა გვირაბიდან გამოიყვანა მეორე მხარის მუშები და ჩვენი ცემა დაავალა. სამი ტრაქტორით და მანქანებით მიგვიმწყვდიეს კლდესთან და ალყაში მოგვაქციეს. ქურთუკების შიგნით რკინის მილები და ნაჯახები ჰქონდათ დამალული და იმას გვირტყამდნენ. პირადად მე ხორცის საჩეხი ნაჯახი ჩამარტყეს თავში. ფაქტობრივად, გვხოცავდნენ, მაგრამ კლდეზე აძრომა და იქიდან გაქცევა მოვახერხეთ.

 

7 ნოემბერს ზესტაფონში, კლინიკა „ფერომედში“, ჩემი ფინანსებით, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია გადავიღე და 30 მილიმეტრის რეტროცერებრული კისტა აღმომაჩნდა. მითხრეს, რომ ეს გამოკვლევა თბილისის წამყვან კლინიკებში უნდა გადამემოწმებინა და მერე მემკურნალა, მაგრამ ამის საშუალება არ გამაჩნია. რკინიგზის პროფკავშირის ხელმძღვანელმა პაატა ნინუამ გვითხრა, _ გაიკეთეთ გამოკვლევები, იმკურნალეთ, ქვითრები მოიტანეთ და მერე აგინაზღაურდებათო. ვუთხარით, რომ ფული არ გვქონდა და უფულოდ არც გამოკვლევებს გვიკეთებდნენ და არც გვმკურნალობდნენ. მერე რამდენჯერმე კიდევ მოგვიკითხა, _ როგორ ხართო? და ეს იყო მათი „დახმარება“.

 

 

 

ბეჟან სარალიძე:

 

_ 7 ადამიანს მოგვაყენეს ფიზიკური ზიანი. ერთი მათგანი, გიორგი პირველაშვილი, ცუდად არის _ ექვს ადგილზე აქვს სხეული დაზიანებული. ყველა ერთად ვუჩიოდით კომპანიასა და მის წარმომადგენლებს. სამართალდამცველებისგან ვითხოვდით, დაესაჯათ. ბოლო წუთამდე ერთად ვიყავით და ადვოკატების ჩამოსვლას ველოდებოდით, მაგრამ ერთ-ერთ დაზარალებულს ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა. ზუსტად არ ვიცით, ვინ და რა უთხრა, მაგრამ ამის შემდეგ ოთხნი გავიდნენ და ისე წავიდნენ, ჩვენთვის არაფერი უთქვამთ.

 

_ თქვენი აზრით, ვის უნდა დაერეკა? თუ ვინმე რამეს შეჰპირდა, თქვენ რატომ არ გითხრეს?

 

_ ვერაფერს გეტყვით. მას შემდეგ ამ პიროვნებებთან კონტაქტი აღარ გვქონია. ჩვენ თბილისიდან ჩამოსულ ადვოკატებს შევხვდით და მას შემდეგ ერთად ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის. მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას და ყველა დამნაშავის დასჯას.

 

 

 

პრესკონფერენციის შემდგომ, როცა ყველა ჟურნალისტი წავიდა და მუშებთან და ადვოკატებთან მხოლოდ „ქრონიკა+“ დარჩა, გიორგი პირველაშვილის ტელეფონზე ზარი გაისმა. აღმოჩნდა, რომ მას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი, პაატა ნინუა ურეკავდა. მან უსაყვედურა, _ პრესკონფერენცია რატომ ჩაატარეთ და ადვოკატებს რატომ უჯერებთ, ხომ გითხარით, ქვითრები მოიტანეთ და აგინაზღაურებთო?! გიორგი მას პასუხობდა, რომ სამკურნალო თანხა არ ჰქონდათ და აქედან გამომდინარე, ქვითრებს ვერ მიუტანდნენ. სატელეფონო საუბარი მოულოდნელად შეწყდა, რის შემდგომაც უკვე გიორგიმ დარეკა რკინიგზელთა პროფკავშირის ხელმძღვანელან და უთხრა, რა პრეტენზიაც ჰქონდა, მისი ადვოკატისთვის მიემართა.

 

 

 

ახლა კი გთავაზობთ ადვოკატ დავით ახალაურსა და რკინიგზელთა პროფკავშირის აპარატის ხელმძღვანელ პაატა ნინუას შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის სრულ გაშიფრულ ვარიანტს:

 

 

 

(სტილი დაცულია)

 

დავით ახალაური: ალო, გამარჯობათ.

 

პაატა ნინუა: გაგიმარჯოთ.

 

დავით ახალაური: დავით ახალაური გახლავართ, ადვოკატი. ახლა დაგირეკიათ გიორგი პირველაშვილისთვის…

 

პაატა ნინუა: მე ველაპარაკე პირველაშვილს. რა განცხადება გააკეთეთ დავით, ერთი, ძალიან მაინტერესებს?

 

დავით ახალაური: რასთან დაკავშირებით გაინტერესებთ კონკრეტულად, თორემ საკითხი ვიცი…

 

პაატა ნინუა: რაო?

 

დავით ახალაური: დაზარალებულებს რომ ზიანს არ უნაზღაურებენ, ყურადღებას რომ არ აქცევენ…

 

პაატა ნინუა: ვინ არ უნაზღაურებს დაზარალებულს? საერთოდ, ხელშეკრულება წაგიკითხიათ?

 

დავით ახალაური: დიახ, თქვენ წაიკითხეთ?

 

პაატა ნინუა: ხელშეკრულება წაიკითხეთ? იმ აქციის შემდეგ რა შეთანხმებასაც მივაღწიეთ, ეს წაიკითხეთ?

 

დავით ახალაური: იქნებ, თქვენ მითხრათ, რაზე საუბრობთ?

 

პაატა ნინუა: განცხადებას რომ აკეთებ, ძმაო და მლანძღავ ასე საქვეყნოდ, ვინ მოგცა მაგისი უფლება?

 

დავით ახალაური: რა ხელშეკრულება დადეთ, ან ვისთან?

 

პაატა ნინუა: საერთოდ, წარმოდგენა გაქვს, რა მოხდა ზვარეში? რა მოხდა, მითხარი, და რითი დამთავრდა? ვის დავალებას ასრულებთ?

 

დავით ახალაური: რა ხელშეკრულებაზე საუბრობთ და რატომ არ აქვთ დაზარალებულ მუშებს ზიანის ანაზღაურების უფლება, თქვენ ეგ ამიხსენით?

 

პაატა ნინუა: ვინ თქვა, რომ არ აქვს, ძმაო, მაგან იცის, რომ ავუნაზღაურებთ. ხელშეკრულება წაგიკითხია? სადა ხარ, ახლა, თქვი…

 

დავით ახალაური: ანუ აუნაზღაურეს ზიანი?

 

პაატა ნინუა: ბიჭო, სადა ხარ შენ, ერთი მითხარი…

 

დავით ახალაური: გეტყვით, სადაც ვარ და მობრძანდით, მაგრამ ჯერ ეს მითხარით, ზიანი აუნაზღაურეს?

 

პაატა ნინუა: ზიანი, რომ დაამთავრებენ მკურნალობას, მერე აუნაზღაურდებათ. რომ გამოდიხარ საქვეყნოდ და მლანძღავ, ვინ მოგცა ამის უფლება?

 

დავით ახალაური: როგორ უნდა ჩაიტარონ მკურნალობა, როცა ფული არ აქვთ ამისათვის. ხომ გეუბნებათ ამას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი?

 

პაატა ნინუა: მით უმეტეს, თუ არ აქვს, უნდა ჩავეყენებინე საქმის კურსში. მე მაგ ბიჭს ხუთჯერ დავურეკე, ძმაო. ვინ დაგავალა, ვის დავალებას ასრულებ შენ?

 

დავით ახალაური: მეც ხომ დაგიკავშირდით და გითხარით, არ უნაზღაურებენ ზიანს-მეთქი და თქვენ გააკეთეთ რაიმე ამის გამოსასწორებლად?

 

პაატა ნინუა: შენ ვინა ხარ, საერთოდ, გამაგებინე, რატომ ერევი ამ საქმეში?

 

დავით ახალაური: დაზარალებულების ადვოკატი ვარ, ვინ უნდა ვიყო?

 

პაატა ნინუა: ვისი ადვოკატი ხარ?

 

დავით ახალაური: გიორგი პირველაშვილის…

 

პაატა ნინუა: გიორგი პირველაშვილის ადვოკატი რომ ხარ, არ უნდა იცოდე, რითი დამთავრდა აქცია და რა ხელშეკრულებაა გაფორმებული? ბიჭო, შენ ნორმალური ხარ, რას აკეთებ, საერთოდ?

 

დავით ახალაური: გიორგი პირველაშვილთან რაიმე ხელშეკრულება გააფორმეთ?

 

პაატა ნინუა: გიორგი პირველაშვილთან… კომპანიამ ვალდებულება აიღო, რომ აუნაზღაურებს.

 

დავით ახალაური: ორი კვირა გავიდა შემთხვევიდან და შეასრულა, მერე, ეს ვალდებულება?

 

პაატა ნინუა: სად არის მერე პირველაშვილის მოთხოვნა, ან რამე ცნობა მოიტანა, რომ გადახდილი აქვს თანხა? მე მას ვუთხარი, რომ ერთი თეთრის ჩეკი არ გადააგდოს.

 

დავით ახალაური: რა ჩეკი არ უნდა გადააგდოს, როცა არ აქვს თანხა, რომ ექიმთან მივიდეს?

 

პაატა ნინუა: შენ არ იცი ეს თემა, ძმაო, შენ ხარ დილეტანტი ამ საქმეში. ჩვეულებრივი ინტრიგანი ხარ შენ. ვის დაკვეთას ასრულებ?

 

დავით ახალაური: მე ვარ ადვოკატი და ვიცავ ადამიანს. საქართველოს და კაცობის დავალებას ვასრულებ და შენ ვის დავალებას ასრულებ ახლა?

 

პაატა ნინუა: არა, შენ ხარ ჩვეულებრივი ინტრიგანი. გინდა, ისარგებლო მაგ ადამიანის გასაჭირით.

 

დავით ახალაური: თქვენ აუნაზღაურეთ ზიანი, რაიმეთი დაეხმარეთ და მე ტყუილს ვამბობ?

 

პაატა ნინუა: იტყუები, ძმაო-თქო, გეუბნები და შენ ხარ მატყუარა ადამიანი…

 

(ამ დროს ადვოკატმა ტელეფონი გიორგისთან მიიტანა და პროფკავშირის ხელმძღვანელის გასაგონად ჰკითხა, _ გიორგი, შენ აგინაზღაურეს ზიანი და მე ტყუილს ვამბობ?)

 

გიორგი პირველაშვილი: არანაირი ზიანი არ აუნაზღაურებიათ, მე კიდევ მკურნალობის ფული არ მაქვს და ქვითრები საიდან მივუტანო?

 

პაატა ნინუა: რა, რაა, გიორგი, შენ ბექამ (კარგად არ ისმის სახელი) არ გელაპარაკა? მე არ გელაპარაკე შენ? არ გელაპარაკე, რომ ყველაფერს გადაგიხდის-თქო? რაში მადანაშაულებ, ის მითხარი? უყურადღებობაში მადანაშაულებ? გასალანძღად რომ დარეკეთ ტელევიზიებში, ერთხელ ვერ დარეკე ჩემთან?

 

დავით ახალაური: ჩვენ დაგირეკეთ და გესაუბრეთ კიდევაც, როდის უნდა აუნაზღაუროთ ზიანი, მას შემდეგ ორი კვირა გავიდა და ადამიანი ცუდად არის.

 

პაატა ნინუა: რა გქვია შენ, ერთი, ადვოკატს? რა გქვია შენ, ერთი, მითხარი? ვინ დაგავალა ეს ყველაფერი, მითხარი. შენა ხარ ჩვეულერივი ინტრიგანი ადამიანი, გაიგე? შენ ჭორის დონეზე რაღაც ამბები გაიგე ეხლა და ბოლომდე არა ხარ ჩახედული საქმეში.

 

დავით ახალაური: შეგიძლიათ, მობრძანდეთ ადვოკატთა ასოციაციაში?

 

პაატა ნინუა: რა ადვოკატთა ასოციაციაში? შენ არა ხარ ის ადვოკატი, ვისთანაც მივალ მე. შენ მოდი დეპარტამენტში და დაგელაპარაკები აქ. ან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს, პრინციპში, შენთან. მე გაგცემ შენ ტელევიზიით პასუხს. შენ ასრულებ ვიღაცის დავალებას.

 

დავით ახალაური: ვის დავალებას ვასრულებ, იქნებ, ისიც მითხრათ?

 

პაატა ნინუა: შენ ხარ ინტრიგანი, გეუბნები-თქო. ჩვეულებრივი ინტრიგანი ხარ, არაკაცი ხარ შენ. იმიტომ, რომ… (აღარ ისმის).

 

დავით ახალაური: რომ იცოდეთ, თქვენს საუბარს ვიწერთ… რასაც იმსახურებთ პირადად თქვენ, იმას მიიღებთ სამართლებრივი ფორმით. მოგიწოდებთ, რომ კორექტულად ისაუბროთ.

 

პაატა ნინუა: კი ბატონო, მე ველოდები თქვენგან სამართლებრივ ფორმას. თუ ადვოკატთა პროფკავშირმა არ გააკეთა განცხადება, ახლა დავრეკავ ზვარეში და ბიჭები თავად იტყვიან სათქმელს.

 

დავით ახალაური: აა, თქვენ დარეკავთ და ისინიც იტყვიან? დაშინებულები გყავთ და ამიტომ მოიქცევიან ასე?

 

პაატა ნინუა: მე დავაშინე?

 

დავით ახალაური: აბა, როგორ გააკეთებენ თქვენი დარეკვის შემდეგ კომენტარს?

 

პაატა ნინუა: არაკაცი ხარ, ძმაო, შენ ხარ ინტრიგანი.

 

 

 

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა ადვოკატთან ძველბიჭური საუბარი და შეურაცხყოფა ამით დაასრულა.

 

ამის შემდეგ კვლავ ადვოკატ დავით ახალაურს გავესაუბრეთ:

 

_ ჩემს ორ დაზარალებულ კლიენტს არანაირი სახის ზიანი არ აუნაზღაურეს. პროფკავშირი მათ გარკვეული ქვითრების შენახვას სთხოვს იმ მოტივით, თითქოს მერე კომპანია დანახარჯს აანაზღაურებს. ესენი ფულის სასესხებლადაც დადიოდნენ, მაგრამ ვერ იშოვეს და უფულობის გამო ვერ მკურნალობენ, ამიტომ და გაუგებარია, რა ქვითრები უნდა შეინახონ?

 

სანამ დაზარალებულებთან ზვარეში ჩავიდოდით, ბატონ პაატას მანამდე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ერთად გვებრძოლა ამ ადამიანების უფლებების დასაცავად. მან მიპასუხა, თუ დახარჯულ თანხებს არ აუნაზღაურებენ, ალბათ, განაცდური დღეების ანაზღაურებას მოვითხოვთო, მაგრამ საუბარი იყო განაცდურ 6 დღეზე და ეს რა კომპენსაცია იქნებოდა? მას ისიც ავუხსენი, რომ ზიანი უფრო მეტი იყო, მათ სხეულის დაზიანებები ჰქონდათ, მორალური ზიანი მიადგათ და ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა იყოს-მეთქი. ამის შემდეგ იმერეთში ჩავედით. ვიცოდით, რომ ყველა დაზარალებული გველოდებოდა, მაგრამ ნინუასთან საუბრის შემდეგ ჩვენ მხოლოდ სამი დაზარალებული დაგვხვდა. აქედან ერთმა განაცხადა, რომ საჯაროდ არაფრის თქმა არ სურდა. როგორღაც შევძელით და ტელეფონით კიდევ ერთ დაზარალებულს _ დავით მუმლაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ზიანი არ ანაზღაურებიათ, სადაზღვევოში გაგვგზავნეს, რადგან უნდათ, საყოველთაო დაზღვევით აუნაზღაურონ ზიანი და დამსაქმებელ კომპანიას არაფერი მოაკლდეს. მუმლაძეს თავის არეში დაზიანებები აქვს და დაზღვევის საკითხებზე ასეთ მდგომარეობაში მყოფი დადიოდა. მიუხედავად ამისა, ის არ შეგვხვდა, პროფკავშირის ხელმძღვანელი კი მლანძღავს და ინტრიგანს მეძახის. დასკვნების გამოტანა საზოგადოებისთვის მიმინდვია, თუმცა ერთს ვიტყვი: შეუძლებელია, ადამიანს არ გქონდეს პრეტენზია იმ დროს, როცა მძიმე დაზიანებები გაქვს.

 

საკითხი ეხება ადამიანის უფლებებს, და ასეთ დროს არავის ინტერესებს არ გავითვალისწინებ, _ არც  პროფკავშირის, არც სხვა ვინმესი, რადგან, პირველ რიგში, ადამიანის უფლებები უნდა დადგეს. ხელისუფლების არსებობის წყარო არის ხალხი, უბრალო ადამიანი _ გლეხი, მუშა. სწორედ მათი უფლებების დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტული ძალოვანი უწყებებისთვის, საჯარო მოხელისთვის და პროფკავშირისთვის და არა საწარმოს, ან კომპანიის კორპორაციული ინტერესების დაცვა. შეიძლება სურთ, რომ ტენდერი არ ჩაიშალოს და სამუშაოები გაგრძელდეს, მაგრამ ეს ადამიანების გატეხილი თავებისა და სხეულის დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

 

 

 

ქრონიკა+“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელს, პაატა ნინუას დაუკავშირდა:

 

_ ნაცემი მუშები რკინიგზაში არ არიან, ქალბატონო, ზვარეში არიან.

 

_ დიახ, ვიცი, მაგრამ ისინი ხომ თქვენი პროფკავშირის წევრები არიან?

 

_ დიახ, ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან, კი.

 

_ ორმა დაზარალებულმა მუშამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროფკავშირი მათ სამედიცინო დაწესებულების ქვითარს სთხოვს, რომ ამის მერე აუნაზღაურდებათ დანხარჯი. ასეა?

 

_ ვინ ჩაატარა პრესკონფერენცია? ადვოკატებმა რომ ჩაატარეს? მაგაზე ჩვენ განცხადება გავაკეთეთ, ქალბატონო. მაგ ბიჭებთან ურთიერთობა მქონდა და კიდევ მაქვს კონტაქტი. ის მოთხოვნები, რაც მათ ჰქონდათ, კომპანიამ ვალდებულებად აიღო. მაგათ თუ უნდოდათ, ან უნდათ მკურნალობა, იქ გარკვევით წერია, რომ კომპანია ნებისმიერ ხარჯებს დაუფარავს. თუ არ აქვთ საშუალება, უნდა მივიდნენ და კომპანიის წარმომადგენელს დაელაპარაკონ. ვიცი, სადაც იყვნენ ეგენი მისული და როგორც იყვნენ… გავაკეთეთ ერთხელ პრესკონფერენცია და რა ვიცი, მეორედ ხომ ვერ ჩავატარებთ?

 

_ მე მეორედ პრესკონფერენციის ჩატარებას არ გთხოვთ. ისინი აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებიდან ქვითარს თუ მოიტანენ, იმ შემთხვევაში დაუფარავს კომპანია სამედიცინო ხარჯებს, მათ კი ფული არ აქვთ, რომ ქვითრამდე მიაღწიონ და იმკურნალონ. ასეთ შემთხვევაში რას ურჩევთ, როგორ უნდა მოიქცნენ?

 

_ შეიძლებოდა, რომ მათ ეთქვათ, მკურნალობა გვინდა, მაგრამ არ გვაქვს თანხებიო. კომპანია ვალდებულია, ყველანაირი დანახარჯი აუნაზღაუროს.

 

_ გასაგებია, რომ აქამდე კომპანიამ არ იცოდა მათი მდგომარეობა. ამ პრესკონფერენციის შემდეგ ხომ გაიგო და დაეხმარა ვინმე ამ ბიჭებს?

 

_ ეს ბიჭები ტელევიზიით ვნახე, მანამდე ჩემთან არც დაურეკავთ(?!). ზვარეში ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს და თუ რამე სჭირდებათ, ორგანიზაცია მზადაა, კანონის ჩარჩოებში გაუწიოს დახმარება. კომპანიის წარმომადგენლებს უნდა მიაკითხონ, ჩვენთან უნდა მოვიდნენ და გადავამისამართებთ.

 

_ ტელეფონით პირველაშვილი გესაუბრათ…

 

_ არავის არაფერი უთქვამს, ქალბატონო, არც გიორგი პირველაშვილს დაურეკავს ჩემთან, არც ბეჟანს და არ უთქვამთ, რომ მკურნალობისთვის საჭირო თანხები უნდოდათ. ეს ამბავი ტელევიზიით გავიგე, განცხადება რომ გააკეთეს. დავურეკე და ადვოკატი დამალაპარაკა, რა გავაკეთო ახლა, აბა, მითხარით? პრესკონფერენცია სხვამ ჩაატარა და სხვა ლაპარაკობს მაგ ადამიანების მაგივრად. თუ დარეკავენ და გვეტყვიან, რომ მკურნალობა სჭირდებათ, დავეხმარებით-მეთქი.

 

_ ადვოკატი სხვა რატომ არის, ის ხომ დაზარალებულების უფლებებს იცავს? ადვოკატს რომ დაკავშირებოდნენ, მუშებს ამის უფლება არ ჰქონდათ?

 

_ მე რა უფლება მაქვს, ადვოკატის აყვანა ავუკრძალო? თქვენ ნამდვილად ჟურნალისტი ბრძანდებით, ქალბატონო? (დამცინავად იცინის, _ ნ.ვ.).

 

_ ნამდვილად ჟურნალისტი ვბრძანდები, ნელი ვარდიაშვილი ვარ, თუ გნებავთ, გადაამოწმეთ (იმედია, რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახური მაინც გაიხსენებს ჩემს ჟურნალისტობას და ბატონ პაატას ეტყვის, რომ არ მომიტყუებია, _ ნ.ვ.). რატომ გეპარებათ ეჭვი, უადგილო, ან უცნაურ კითხვას გისვამთ?

 

_ გეუბნებით, ორგანიზაციამ განცხადება გააკეთა, მაგ ადამიანებს კი ჩემთვის განცხადებით არ მოუმართავთ, ტელევიზიით ლაპარაკობენ. მაგ ადამიანებს წინა დღესაც ველაპარაკე (აბა, არ მილაპარაკიაო?!) და ვუთხარი, ხომ არ სჭირდებოდათ რამე? მითხრეს, არაფერი გვჭირდებაო. მეორე დღეს ადვოკატებს გამოჰყავთ ტელევიზიით და საზოგადოებას ეუბნებიან, თურმე, არავინ ეხმარება. ასეთი რამ ტყუილია. ჩემი ტელეფონიდან ჩანაწერებს ამოვიღებ და გაჩვენებთ, რომ მათ ველაპარაკე. ეგ პოპულისტური განცხადება იყო, რაც ადვოკატთა ასოციაციის რამდენიმე ადვოკატმა გააკეთა, რომლებიც სოლიდარობისთვისაც არ არიან ზვარეში ნამყოფები, სამწუხაროდ.

 

_ ტყუილად ამბობენ, რომ ზვარეში ჩავიდნენ და მას შემდეგ, რაც თქვენ გესაუბრნენ, მხოლოდ სამი დაზარალებული დახვდათ?

 

_ ტყუილია, არ ყოფილან ეგენი ზვარეში, მათ ტელეფონით დამირეკეს ჩხუბიდან მეორე თუ მესამე დღეს და დაზარალებულების ტელეფონის ნომრები უნდოდათ. გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთო და მერე დაიწყეს რაღაცები. თურმე, სამართლებრივად უდგანან მხარში და ჩვენ არ ვუდგებით გვერდით. საკმაოდ მაღალი დონის იურისტები გვყავს და ჩვენს წევრს რაიმე თუ სჭირდება, უსასყიდლოდ ვეხმარებით.

 

_ ადვოკატ დავით ახალაურს ამის გამო მიმართეთ შეურაცხმყოფელი სიტყებით?

 

_ როგორიც იყო, ისე მივმართე. ეს იყო პოპულისტური ნაბიჯები, რაც მათ გააკეთეს. აგვისტოდან მოყოლებული 4 თვე ვცხოვრობდი ზვარეში და ახლაც რომ დამირეკოს ზვარეში დასაქმებულმა, მზად ვარ, წავიდე და გვერდით დავუდგე.

 

_ დაზარალებულები ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე ძალით მოიყვანეს, ამისი თქმა გინდათ?

 

_ არა, ქალბატონო, ძალით როგორ მოიყვან ადამიანს? არ ვიცი, როგორ აღმოჩნდნენ. თავგზა აურიეს გაჭირვებულ ბიჭებს. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადების გაკეთების უფლება ადვოკატებს არ ჰქონდათ, რადგან მათ არ იცოდნენ იმ ხელშეკრულების შესახებ, რომელიც ჩხუბის შემდეგ დაიდო კომპანიასა და დასაქმებულებს შორის. ისეთი პრეტენზიები წამოაყენეს, რომელიც ხელშეკრულებაში გარკვევით წერია. ადვოკატად კი არ ვუდგები კომპანიას, ეგრე კი არ მიიღოთ, თუ ისინი ხელშეკრულებას დაარღვევენ, კანონის ფარგლებში მივხედავთ მაგ საქმეს.

 

_ თქვენ იმის უფლება გქონდათ, ადვოკატისთვის ინტრიგანი, არაკაცი და ა. შ. გეწოდებინათ?

 

_ მე რისი უფლება მქონდა და რისი _ არა, ეგ, მე მგონი, თქვენი საქმე არ არის. თქვენ გაქვთ იმის უფლება, რომ მისვამთ ამ კითხვას?

 

_ ჟურნალისტს კითხვის დასმის უფლებას მიკრძალავთ?

 

_ არა, არ გიკრძალავთ, ქალბატონო, შეგიძლიათ, ნებისმიერი კითხვა დამისვათ, მაგრამ მაგაზე პასუხს არ გაგცემთ.

 

 

 

                                                                                                      ნელი ვარდიაშვილი