ივანე ჩხარტიშვილის ბიზნესავანტიურას „თიბისი ბანკი“ უზენაეს სასამართლოში დაუპირისპირდება

sa1

ივანე ჩხარტიშვილის მიერ სხვისი ქონების მითვისების კამპანიას „თიბისი ბანკი“ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე. წ. ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილს „თიბისი ბანკთან“ მრავალმილიონიანი სასესხო დავალიანება აკავშირებს, რომლის მომსახურებაც წლების განმავლობაში არ ხდებოდა ჩხარტიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ.

შესაბამისად, 2010 წელს, კანონის სრული დაცვით, დაგირავებული ქონება, ფოთის წისქვილქარხანა, გასხვისდა.

მოგვიანებით, 2015 წელს, ივანე ჩხარტიშვილმა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ლონდონის სამეფო სასამართლოში დავა წააგო, რომელმაც დაადგინა, რომ პატარკაციშვილის ქონება, მათ შორის, ფოთის წისქვილქარხანა, ჩხარტიშვილს უკანონოდ ჰქონდა მითვისებული.

ამონარიდი გადაწყვეტილებიდან: „ივანე ჩხარტიშვილმა გარდაცვლილი მეგობრის (ბადრი პატარკაციშვილი) ქონება არამართლზომიერად მიითვისა“, _ ნათლად ავლენს ე. წ. ბიზნესმენის არაკეთილსინდისიერებას.

საზოგადოებას კარგად ახსოვს ივანე ჩხარტიშვილის წარსული. ის არაერთხელ ამხილეს არაეთიკურ ბიზნესსაქმიანობაში, სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდების მიზნით.

ივანე ჩხარტიშვილი ახლაც 90-იანი წლების მეთოდებით, ბიზნესეთიკისა და საკუთრების უფლების დარღვევით, ცდილობს, სხვისი კუთვნილი ქონება მიითვისოს და ამ ბიზნესავანტიურას სამართლიანობის აღდგენის ეგიდით ახორციელებს.

„თიბისი ბანკი“, რომელიც მსოფლიო სტანდარტებით მართულ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს და ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს სეგმენტში ივაჭრება, არ დაუშვებს პოსტსაბჭოთა, შავბნელი მეთოდებით ბიზნესის კეთების პრაქტიკას საქართველოში და არ აპირებს, შერჩევით მიუდგეს მსესხებლებს, მათი პოლიტიკური გავლენების მიუხედავად.

ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს „ბიზნესმენს“ უწოდებს, სრულად უნდა იაზრებდეს სასესხო ვალდებულების მომსახურების პრინციპს. შესაბამისად, უფლებას ვიტოვებთ, ეს პიროვნება პროვოკატორად ვცნოთ.

ვიმედოვნებთ, სასამართლო ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე დადგება და კანონზე დაფუძნებულ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინაიდან ჩხარტიშვილის ქმედებები ძირს უთხრის არა მხოლოდ ბიზნესის ეთიკურად კეთების პრინციპს, არამედ სამართლიანი სასამართლოს რეპუტაციასა და ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს _ საკუთრების ხელშეუხებლობას.

ამასთან, ივანე ჩხარტიშვილის მისამართით განვმარტავთ, რომ არ ვაპირებთ ამ პოლემიკის განვრცობას. გვაქვს რა პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ვალდებულად მივიჩნიეთ თავი, ჩვენი პოზიცია საჯაროდ დაგვეფიქსირებინა.

„თიბისი ბანკი“ მუდამ იდგება ქვეყანაში სამართლიანობის, ბიზნესეთიკისა და საკუთრების უფლების სადარაჯოზე. შესაბამისად, ამ ბიზნესავანტიურას მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციაში წერტილს დაუსვამს.