„ბიზნესდაჯილდოება 2016“ – „გააზიარე წარმატება“

aaqtb

ეს არის სლოგანი ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოებისა, რომელიც საქართველოში „თიბისი ბანკმა“ კომპანია „ჯეოსელთან“ ერთად წარმოადგინა. პროექტმა, რომლის მთავარი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა, უამრავ ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენს მოუყარა თავი.

 

„ბიზნესდაჯილდოება 2016“ „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასა და დამწყები მეწარმეების წახალისებას, რომ მათაც გამოიყენონ ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები და საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ.

 

პროექტი, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, რამდენიმე ფაზისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე კომპანიები მათთვის სასურველ ნომინაციებში რეგისტრირდებოდნენ _ სულ დარეგისტრირდა 523 კომპანია; შემდეგ დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც კვალიფიციური ექსპერტებისგან შედგება, განცხადებები შეისწავლა და თითოეულ ნომინაციაში 3-3 ფინალისტი გამოავლინა, ხოლო ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ გამარჯვების მსურველი კომპანიები ონლაინ ხმის მიცემის მარათონში ჩაერთნენ. 1-დან 17 ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, 24 საათში ერთხელ თავისი ფავორიტი კომპანიისთვის ხმა მიეცა.

 

„თიბისი ბანკი“ და „ჯეოსელი“ საკუთარი რესურსებით ეხმარებოდნენ კომპანიებს სხვადასხვა პიარ და მარკეტინგული აქტივობის განხორციელებაში. შედეგად, სოციალური ქსელის მეშვეობით, „ბიზნესდაჯილდოების“ შესახებ ერთმა მილიონმა ადამიანმა შეიტყო; ჰეშთეგი #გააზიარეწარმატება 90 000-მდე ადამიანმა გააზიარა, ხოლო მედიასაშუალებებში პროექტისა და მონაწილეების შესახებ 200-ზე მეტი სტატია და რეპორტაჟი მომზადდა. დაჯილდოების მთავარი მიზანი სწორედ ამ კომპანიების ცნობადობის ამაღლება და ბიზნესის წარმატების გაზიარება იყო.

 

17 ნოემბერს თბილისის ისტორიულ მუზეუმ „ქარვასლაში“ პროექტ „ბიზნესდაჯილდოება 216“-ის ფინალური ღონისძიება გაიმართა, სადაც შვიდ ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდა. „წლის მცირე ბიზნესის“ ტიტული კომპანია წჰიტე სტუდიო-მ მოიპოვა; „წლის ინოვაციური ბიზნესის“ წოდება „ბიოქიმფარმას“ მიენიჭა; „წლის ტურისტული ბიზნესი“ _ „ბარბარესთან“; „წლის ქართული პროდუქტი“ კომპანია „ბადაგი“ გახდა; „წლის აგრობიზნესი“ _ ბპც; „წლის ბიზნესი“ _ „ზეთა კემპინგი“; ხოლო „ხალხის რჩეულის“ ტიტული „კინგსმა“ მოიპოვა.

 

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი, მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე „ბიზნესდაჯილდოება 2016“-ში მონაწილე კომპანიები.

 

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილი:

 

_ მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასა და მის სწორად წარმართვას. მჯერა, რომ ასეთი წამოწყებები სტიმულს იძლევა, კიდევ უფრო მეტი ახალი კომპანია შეიქმნას, მეტი იდეა გაჩნდეს და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა გაიზარდოს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „თიბისისა“ და კომპანია „ჯეოსელს“.

 

 

 

ნიკა ქურდიანი _ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე:

 

_ პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესის განვითარებას, ბიზნესდაჯილდოება სამომავლოდაც გაგრძელდება. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ბიზნესს შევუქმნათ განწყობა თავის წარმატებაზე საუბრით. ამით ისინი სხვასაც აძლევენ სტიმულს. ეს ყველაფერი დიდი მოტივატორია და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მეტი ბიზნესი და ბიზნესაქტივობა იქნება, მით უკეთესია ქვეყნისთვის. პროექტს აუცილებლად გავაგრძელებთ მომდევნო წლებში და გვინდა, ეს საკმაოდ დიდი წამოწყება იყოს.

 

 

 

მამუკა ხაზარაძე _ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

 

_ ჩვენი ბანკი ახალგაზრდა ბიზნესმენებს მხარდაჭერას უცხადებს. აბსოლუტურად ახალი იდეები, ინოვაციები წამოვიდა წინა პლანზე. ადამიანებს, რომლებმაც თავისი ბიზნესი ნულიდან შექმნეს, მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს ადამიანები, ეს ბიზნესმენები ქმნიან ახალ რეალობას, ახალ სამუშაო ადგილებს და ჩვენ, როგორც ბანკი, მხარში ვუდგავართ.

 

 

 

ანანო არაბული _ ნომინაცია „წლის ბიზნესში“ გამარჯვებული:

 

_ ჯილდოს მოპოვება ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. საქმიანობის განვითარებისთვის ეს დამატებითი სტიმულია, რაც ნამდვილად კარგი წამოწყებაა. მოხარული ვარ, რომ საპატიო ტიტული მოვიპოვეთ. ვფიქრობ, ეს არის გზა, ადამიანს ახალი წამოწყების, განვითარების სურვილი გაუჩინო და კარგი შესაძლებლობა მისცე. აუცილებლად გავაგრძელებთ სწრაფვას ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად.

 

 

 

ბიზნესდაჯილდოება მომავალ წელსაც გაიმართება და მას ბევრი საინტერესო სიახლე დაემატება.

 

 

 

                                                                                               თამარ ბატიაშვილი