ქალი, რომლის ცხოვრებაც ტრამვაის მძღოლობით იწყება და ყვითელი ავტობუსით გრძელდება

mm1

წარმოიდგინეთ, დაბადების დღეზე წასულს გაცვიათ ახალი ტანსაცმელი, გამოპრანჭული ხართ და კარგად ერთობით, მაგრამ მაშინ, როდესაც მეგობრის სანახავად ადექით და რაღაც ნივთის გადასაცემად ხელჩანთა გაშალეთ, იქიდან ე. წ. 5-იანი ქანჩი („კლუჩი“) გადმოგივარდათ, ეს ფოლადის საგანი კაფელის იატაკზე დაენარცხა და იმხელა ხმაური გამოიწვია, რომ ყველამ თქვენ შემოგხედათ. ცოტა არ იყოს, უცნაურია ქალი, რომელსაც ჩანთით მსგავსი ნივთები დააქვს, არა?

საღამოს, 22:00 საათის შემდეგ მასთან თქვენთვის მოსატანი ამბის გამო მივდივარ, მეორე დღეს, როცა ისვენებს, ინტერვიუსთვის არ სცალია და დიდუბეში მიბარებს, თავისსავე ავტობუსში. მეც ადგილზე ვცხადდები და ველოდები 121 ნომერ ყვითელ ავტობუსს, რომელიც ზუსტად 5 წუთში მოვიდა. მძღოლი კი აშკარად შეიმჩნევა, რომ ქალია. ეს 60 წლის მაღალი აღნაგობის, სათვალიანი ქალბატონი მადონა ნაროუშვილია და იგი 34 წელია, რაც ქალაქის ტრანსპორტს მართავს და მგზავრებს ემსახურება. თავიდან ტრამვაი იყო, მერე _ ავტობუსი. მისი პროფესიონალიზმი კი ეჭვის ქვეშ არ დგება!

ცხოვრობს მარტო, 84 წლის დედასთან ერთად, ახალგაზრდობაში გარდაცვლილი დისშვილიშვილებს საკუთარ შვილიშვილებს უწოდებს და ძალიან უნდა, რომ მათ ბებია დაუძახონ, მაგრამ ისინი მადონას სახელის დაძახებისას მხოლოდ „მადუჩით“ შემოიფარგლებიან _ ახალგაზრდა ხარ და ბებიას არ დაგიძახებთო. ამაყობს მათით, რადგან ორივე კარგ გზას ადგას, _ სწავლობენ და თან მუშაობენო. უნდა ნახოთ მადონას სახე, როდესაც თავის დისშვილიშვილებზე ჰყვება.

მაშ, ასე! გაიცანით ერთადერთი და პირველი ქალი ავტობუსის მძღოლი საქართველოში _ მადონა ნაროუშვილი:

 

_ როდიდან დაიწყეთ მანქანის ტარება და რამ შეგაყვარათ იგი?

_ ბავშვობიდან, 8 წლის ვიყავი, როცა მამამ პირველად დამსვა საჭესთან, მას შემდეგ იქიდან არ ჩამოვსულვარ. არ მომწონდა თოჯინებიც კი, მინდოდა, ყველას სათამაშო მანქანა ეჩუქებინა. ერთხელ მამას მეგობარმა თოჯინა მომიტანა და, თურმე, მდინარეში მოვისროლე.

_ რამის არ გეშინიათ ხოლმე გზაზე, ან, ზოგადად, ცხოვრებაში, როდესაც ქალი ხარ და თან გვიანობამდე გიწევთ ტარება?

_ არა, უბრალოდ, მინდა, ჯანმრთელად ვიყო, არ მინდა, რომ ლოგინად ჩავვარდე, ძალიან პრეტენზიული ვარ და რთული მოსავლელი ვიქნები. მეცოდება ის, ვინც უნდა მომიაროს. აი, ამის მეშინია.

_ ვისთვის არ გენანებათ რაიმე?

_ შვილიშვილებისთვის, დედაჩემისთვის და ჩემი მანქანისთვის. საჭმელს არ შევჭამ და მანქანას გავაკეთებ, მაგას რომ სტკივა, მეც მტკივა. „ჩემს გოგოს“ ვეძახი მანქანას და ისე კარგად მემსახურება უკვე 13 წელია, რომ ძალიან მიყვარს, „ოპელია“ შინდისფერი. ვეფერები ხოლმე: „ჩემი ლამაზი გოგო, ხომ იცი, ახლა არ უნდა მიღალატო“. ისიც ძალიან კარგად მემსახურება. ახლა მინდა, რომ ჯიპი ვიყოლიო. მარკას არ აქვს მნიშვნელობა, ფულს ვაგროვებ ამისთვის, მაგრამ სულ მეხარჯება და ვერ ვაგროვებ.

_ ყველაზე დიდ პრობლემას რას შეხვედრიხართ?

_ კარგა ხნის წინათ უცებ ავად გავხდი, ლოგინად ჩავვარდი და არავინ მყავდა პატრონი 6 დღის მანძილზე. ყველაფერი გავყიდე, ბოლოს სულ ნულზე დავრჩი და ხელახლა დავიწყე ცხოვრება.

_ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

_ ტყუილები. როცა ადამიანი მატყუებს და გამოვიჭერ, მინდა, რომ ხელი ჩავარტყა და ის ენა ამოვაცალო.  ნებისმიერთან ასე ვარ. არ მიყვარს ტყუილი და პირდაპირ ვაჯახებ ხოლმე, რასაც ვფიქრობ, ამიტომ ზოგს არ ვუყვარვარ. მგზავრობისას კიდევ არაფერი მაღიზიანებს, არ ვაქცევ ყურადღებას, თუ რამე ხდება და ჩემზე საუბრობენ. ისაუბრონ, არ ვიშლი ნერვებს.

_ ბევრი მეგობარი გყავთ?

_ სხვათა შორის, ქალები არა, არ მიყვარს ქალების სიახლოვე, ყველამ ფული მთხოვა და უკან არ აბრუნებენ, გული მწყდება. კაცები უფრო გამტანები არიან, ჩემ მიმართ ისე იქცევიან, როგორც მე მათ მიმართ და ეს მომწონს. თუმცა საიდუმლოს არავის ვეუბნები, ჩემთვის ვინახავ.

_ საქართველოში რა პრობლემას ხედავთ დღეს?

_ უმუშევრობააო, ამბობენ და მაშინ ამდენი ხალხი მე სად გადამყავს და გადმომყავს, გამაგებინა ერთი. სად დადიან?!

მე თუ მკითხავთ, საქართველოში არის გონების პრობლემა _ ყველაფერი მზამზარეული უნდათ, ზარმაცები არიან და იმას ფიქრობენ, რომ რამე უშრომლად მოიპოვონ. მთელი ჩემი ცხოვრებაა ვმუშაობ და მილიონერი ვერ გავხდი, ამ უშრომელ კაცს საიდან აქვს ხოლმე „მილიონები“, ვერ გავიგე.

_ გენატრებათ თქვენი რაიონი?

_ ძალიან. ყოველ ზაფხულს იქ ვარ. შვებულების დროს მთელ სამეგრელოს მოვივლი. მეგრულიც კარგად ვიცი და საყვარელი ფრაზაა: მა სი მიორქ (მე შენ მიყვარხარ).

_ ამ სისტემაში რა პრობლემას ხედავთ?

_ ახალი ავტობუსები ყველგან უნდა შემოიყვანონ, თორემ ამ მანქანების მუშაობა აღარ შეიძლება, უკვე ძალით ვამუშავებთ. კიბეები შევადუღებინე გუშინ, ვიღაცას ფეხი რომ არ ჩავარდნოდა და მოსტეხოდა. ესაა ძირითადი პრობლემა, თორემ მძღოლები ვმუშაობთ და კიდევ კარგა ხანს მოვემსახურებით მოსახლეობას.

_ როგორია თქვენი ერთი დღე?

_ დილით 6:00 საათზე მოვდივარ სამსახურში _ ეს არის ჩემი გართობა, დასვენება _ ყველაფერი. დღეში რამდენიმე წრეს ვაკეთებ და 01:30 საათზე ვასრულებ ყველაფერს, ასე გვიან კი იმიტომ, რომ 24:00 საათზე ვამთავრებ ზაჰესში, მერე 40, ან ცოტა მეტი ხანი მინდა, „გარაჟამდე“ რომ მივიყვანო ავტობუსი, იქ კი უნდა გარეცხო, „გააზაპრავკო“, დავაყენო, მივიდე საკუთარ მანქანასთან და წამოვიდე, ამ ყველაფერს საათნახევარი მაინც უნდა.

მეორე დღეს კი სახლში ვარ, ყველაფერს ვასუფთავებ, თავს ვიწესრიგებ, ბაღი მაქვს სახლის უკან და იქ ყვავილებს მოვუვლი, ამასობაში დღეც დამთავრდება.

ჩვენი საუბრის პარალელურად უცებ მოხუცი ქალის ხმა ისმის: გამიჩერე, რაა, შენ შემოგევლე. ავტობუსიც ჩერდება, _ დიდი მადლობა, გენაცვალე, _ ისმის ისევ მოხუცის ხმა და ჩადის. _ არაფრის, _ პასუხობს მადონა და მე მეუბნება, _ სულ ასე, შენი ჭირიმე, შენ შემოგევლე უნდა მითხრას ამ ქალმა, ძალიან კარგი ქალია და როგორ არ უნდა გაუჩერო ახლა ამას? ჰო, თან იქ გრაფიკით გათვალისწინებული გაჩერება არაა.

_ ძირითადად შარვლებს ატარებთ თუ კაბებს?

_ შარვლებს, კაბა სულ არ მაქვს, ბავშვობიდან არ მიყვრადა. ერთადერთხელ მეცვა კაბა, დედაჩემმა მომიტანა ლამაზი ქვედაბოლო და მეზობლის ბავშვმა მითხრა, _ რას ჰგავხარო. მეც ეგრევე გავიხადე. არასდროს ვუნახივარ კაბაში იმ ბავშვს და არ მოეწონა, მე კიდევ ჩავკეცე ის კაბა და ახლაც ეგრე დევს.

სხვათა შორის, ეკლესიაში შარვლით არ მიშვებენ და არც შევდივარ, თუ გადმოვიცვამ, ეგრე შევალ ხოლმე. შარვალი უფრო კომფორტულია ჩემთვის.

_ რას აფასებთ ყველაზე მეტად?

_ პატიოსნებასა და ადამიანობას. მართალი უნდა იყოს და მხოლოდ სარგებელს არ უნდა ეძებდეს.

_ პროფესიით რა ხართ?

_ საბუღალტრო დავამთავრე, მაგრამ ჩემი პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია, იმ დროს მოდაში იყო, უბრალოდ, საბუღალტრო. სენაკში დავამთავრე კურსები, ჩემი ქუჩის ბოლოში ასწავლიდნენ და…

_ თავიდან რომ ჩამოხვედით, სამსახურის მოძებნა და აქაურ ცხოვრებასთან შეგუება გაგიჭირდა?

_ არა, როგორც კი ჩამოვედი, იმ დღესვე დავიწყე მუშაობა ტრამვაიზე. რომ დაბრუნდეს ის ტრანსპორტი, ძალიან კარგი იქნება ქალაქისთვისაც და მოსახლეობისთვისაც, იმიტომ რომ სუფთაა ავტობუსთან შედარებით, გამონაბოლქვი არ აქვს, ხარჯიანი არ არის. მხოლოდ ელენერგია დაიხარჯება.

_ ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

_ ბავშვობა. სკოლაში რომ დავდიოდი და ცხენებით რომ ვჯირითობდი _ ეგ. მთელი ღამე მესიზმრება ხოლმე. გამომღვიძებია და თითქოს ხელს ვკიდებდი ცხენს.

_ როგორ გგონიათ, მისაბაძი ადამიანი ხართ?

_ რა ვიცი, ვისთვის როგორ, ბევრი მეუბნება, კიო, მინდა, შენისთანა ვიყოო. ვუთხარი, გასწავლი-მეთქი ყველაფერს, ოღონდ ჩემს ადგილზე იყავი, პენსიაზე რომ გავალ, დამჭირდები-მეთქი. ჰოდა,  ავირჩიე ერთი გოგო, აგვისტოს მერე დავაწყებინებ მუშაობას, თბილისში ცხოვრობს, 33 წლისაა, ძალიან ყოჩაღი გოგოა, ერთი სული მაქვს, როდის მოვა აგვისტო. მინდა, ჩემი გზა გააგრძელოს და ისიც ერთადერთი იყოს.

_ თუმცა პირველი მაინც თქვენ იქნებით.

_ ის იყოს პირველი, არ მაქვს ამაზე მოთხოვნილება. ისე, სხვათა შორის, პატარაობიდან მინდოდა ერთი მე ვყოფილიყავი ყველაფერში, ისეთი რამე გამეკეთებინა, რომ გამორჩეული ვყოფილიყავი. არ ვიცი, რატომ, ვერ ვხსნი. როცა რამეს გავაკეთებდი,  განსხვავებული უნდა ვყოფილიყავი.

_ ვინ არის გმირი საქართველოში?

_ ვინც შრომობს.

_ ამ გადმოსახედიდან თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ?

_ რა ვიცი, თუ ჩამთვლიან, ალბათ, ჰო. ბევრი შრომა მიყვარს და თუ დამიფასდება, კარგია, მაგრამ მაინც ისევ ჩემთან მომაქვს ის ნაშრომი, არავისთან მიდის მეტი.

_ რა პროცესი გიყვართ ყველაზე მეტად მგზავრობისას?

_ ბევრი ხალხი რომ ამოდის და მეუბნება, _ რატომ არ მოხვედი დროზეო? ან რაიმე მსგავსს, სტიმულს მაძლევს. ერთხელ გავიხუმრე, _ რა ვქნა, რესტორანში ვიყავი და ვსვამდი, ორი სადღეგრძელო არ დამილევია და ისე წამოვედი-მეთქი. ერთმა ქალმა მართლა დაიჯერა, _ ნასვამი ხარ და მართავ? ცხელ ხაზზე დავრეკავ ახლაო! _ კარგი, ქალო, რესტორანი კი არა, მშია, მთელი დღეა, არაფერი მიჭამია-მეთქი.

_ ბევრი კურიოზი გადაგხდენიათ?

_ ყოველდღე ხდება: მაშინ სხვა ხაზზე ვმუშაობდი და ერთხელ მოხუცი მეუბნება, ვაგზლამდე მიდიოსო? _ კი-მეთქი. კიდევ გაიმეორა რამდენჯერემე და ვუპასუხე კი-მეთქი, _ შენ ვინ გეკითხებაო?! _ გაბრაზდა. ვუთხარი, _ მძღოლი ვარ-მეთქი და ამაზე მთლად გადაირია, _ როგორ?! ქალი და მძღოლიო?! მერე ლოცვა დამიწყო, _ არ ველოდებოდი, რომ ქალი იქნებოდა მძღოლიო, _ ისე გაუხარდა იმ მოხუც ქალს.

კიდევ ერთი სვანი გამექცა ავტობუსიდან _ დიდუბიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ მიდიოდა, მომკიდა ჟაკეტზე ხელი და სვანური ინტონაციით მეკითხება, _ შენ ქალი ხარ?! _ როცა დარწმუნდა, ქალი ვიყავი, მეუბნება, _ გაჩერდი, გაჩერდი! უნდა ჩავიდე! ამაზე მგზავრებმა სიცილი ატეხეს, _ რას დამცინით, თქვე ძაღლიშვილებო! _ ხალხს უთხრა. _ ბიჭო, ეს ქალი მთელი ცხოვრებაა, ავტობუსზე მუშაობს, გიჟები კი არ ვართ, ამას რომ ვენდობით, შემოდი და დაჯექიო, _ უთხრეს მგზავრებმა, მაგრამ ის მაინც ჩავიდა.

საუბრისას ვიღაც კართან დადგა და მადონამ ბავშვს მიმართა, _ ჩადიხარ, დეი?

ვამეორებინებ:

_ რა დაუძახეთ?

_ დეი (და) მპასუხობს.

_ ხშირად ეძახით ასე?

_ ბავშვებს და ახალგაზრდებს _ კი. კარგი ბავშვები არიან, ყველას ასე ვეუბნები, _ შვილო, პატარა. მიყვარს ასეთი მიმართვა, შემჩნეული მაქვს, ასე რომ მიმართავ ბიჭებს, გოგონებს, ახალგაზრდებს, რაღაცნაირად სითბოს გადმოანთხევენ და ჯიბრით რომ ელაპარაკები, უფრო ჯიბრზე გიდგებიან.

_ ვინმე გიცემიათ?

_ კი, 7 ნომერ ავტობუსზე ვცემე ერთი კაცი. საერთოდ არ ვიყავი ნამუშევარი იმ ხაზზე, გამიშვეს, _ 3-4 ბრუნი გააკეთეო და როგორც კონტროლიორებმა მითხრეს, ეგრე გავაკეთე მეც, იქ გავაჩერე, სადაც მითხრეს. ვიღაც მაღალი, შავგვრემანი კაცი გამომეკიდა გინებით, _ მაგინებს და როგორ უნდა გაუჩერო ეგეთ კაცს, ტვინს შეჭამს კიდევ-მეთქი, იქ ერთ ობიექტს წრე დავარტყი და რომ დავდექი, ფანჯარასთან მოვიდა გინებით. ისეთი უწმაწური სიტყვებით მაგინებდა, რომ საერთოდ არც კი გამიგია ეგეთი სიტყვები. _ რა გინდა-მეთქი? და ამაზე კიდევ მოაყოლა გინება. უკვე ვეღარ ვიხედებოდი, ბრაზისგან ისე ამევსო მოთმინების ფიალა, გავაღე კარი და  მარცხენა ფეხი პირდაპირ მუცელში ვგლიჯე და ტალახში ჩავსვი, ჩამოვედი ძირს და კიდევ ჩავარტყი წიხლი. ხალხი ამას უყურებდა და ხმას არ იღებდა _ ყველა მომსწრე იყო, რომ საშინელი სიტყვები მეძახა. ჩემს ცხოვრებაში არ გამიგია ეგეთები. მივაფურთხე, ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი. მერე კონტროლიორებმა მითხრეს, _ ცუდი კაცია ეგ, შემჩნეულია ეგეთ საქციელებშიო და უეჭველად ცუდ რამეს გაგიკეთებსო. ორი ბრუნი წავედი ისევ მაგ მიმართულებით და მესამეზე ვნახე, რომ იქ იდგა, მელოდებოდა. ამოვიდა ის ხალხი, გავედი ცოტა წინ და მოსახვევში სპეციალურად გავაფუჭე მანქანა, რა მექნა? _ მომკლავდა იქ, მარტო დამიგულებდა და რაღაცას ჩამარტყამდა. იმის მერე დიდუბეში რომ ჩავდივარ, დგას, იქ მელოდება და კბილებს მიკრეჭს.

_ რა გახარებთ ყველაზე მეტად?

_ ხალხი რომ კარგ ხასიათზეა. მოღუშულები რომ არიან, ვიცი, რომ მათ ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება…

_ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც საკუთარ თავზე აგიღიათ, რა არის?

_ მთელი ჩემი ცხოვრება ოჯახის პსუხისმგებლობაა, ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს, 16 წლის მერე. მამაც ადრე დამეღუპა, დაც და ავადმყოფი დედა დამრჩა.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანიათ?

_ ვინანიებ რაღაცებს, ჩემი დაუფიქრებლობით რაც ჩავიდინე, სხვა ნაბიჯი რომ გადამედგა, უკეთესი იქნებოდა, ერთი-ორჯერ ვინანე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.

_ სკოლის ასაკში პირველად როდის გყავდათ შეყვარებული?

_ მე-9 კლასში, ჩემი დის კლასელი იყო და ვცემე, არ მახსოვს, რატომ, მგონი, ჩემს ბიძაშვილს უთხრა რაღაც ჩემზე და ვერ ვაპატიე, _ როგორ უთხარი-მეთქი. ისე მაგრად ვტკიცე სახეში, რომ იმის მერე ვერავინ ბედავდა ჩემთან ამოსვლას. ქორწინებაში არ ვარ. მე ჩემი დისშვილი გავზარდე და კარგი გოგოა, შეყვარებული ჰყავს და ყველაფერს მეუბნება, ჩემ გარდა არავის, მესაიდუმლე ვარ. საიდუმლოს ვინახავ. ახლოს არ ვცოვრობთ, მაგრამ კონტაქტი გვაქვს.

_ ძალიან რომ გენატრებათ და ვერ ხედავთ, არის ასეთი ვინმე?

_ ჩემი და, ვერ ვუშველე, ორნი ვიყავით და-ძმებიც ვიყავით ერთმანეთის, მე 24 წლის ვიყავი მაშინ, ის _ 27-ის.

_ პენსიაზე როდის აპირებთ გასვლას?

_ სანამ ჯიპის ფულს არ შევაგროვებ, მანამდე არა. გამოწერა დაახლოებით 4-5 ათას დოლარამდე დაჯდება, თეთრი ფერი მიყვარს და შოკოლადისფერი.

_ რას გეგმავთ?

_ ყველაფერი გავაკეთე რაც მინდოდა, მარტო ჩემი თავისთვის უნდა ვიბრძოლო აწი, რომ შვებულებაში კარგად დავისვენო, მანქანა რომ ვიყიდო და ვიარო.

_ საქართველოში რომ არა, სად დაიბადებოდით?

_ არასადაც არ დავიბადებოდი, არც ერთი ქვეყანა არ მომწონს, თითქმის მთელი ევროპა მოვიარე და თვითმფრინავიდან რომ ჩამოვიდოდი, მიწას ვკოცნიდი. ახლა ჩემი სახსრებით ვერ ვახერხებ მოგზაურობას.

_ რა საჭმელი გიყვართ ყველაზე მეტად?

_ გაგეცინებათ და ყველი და პური მიყვარს ყველაზე მეტად, სუფრაზე ვზივარ ქორწილში და ყველი და პური მიდევს თეფშზე.

_ რა გგონიათ, ყველაზე მეტად რომელი სახელი შეგეფერებათ?

_ რაც მქვია. მარგალიტა წინაპრების სახელია, მადონა კი მიყვარს. სანამ სკოლაში არ წავედი, მანამდე არც ვიცოდი, მარგალიტა რომ მერქვა. დაბადების მოწმობა რომ წაიღეს, იქ დამიძახეს სახელი, ნაროუშვილი მარგალიტაო და არ ავდექი, სხვა სახელს ველოდები, მერე მითხრეს, მე რომ ვიყავი.

_ რომელი ყვავილი გიყვართ ყველაზე მეტად?

_ ვარდები! ყვავილები მიყვარს, მაგრამ დაბადების დღეზე არ მჩუქნიან. ყველაზე მეტად იმ ადამიანს დავაფასებ, ვინც ყვავილებს მაჩუქებს. მეზობლებმა მითხრეს, _ ყვავილები რად გინდა, შენ კაცი ხარო. ბაღში 10 დასახელების ყვავილი მაქვს, გამგეობის წინ გადაყარეს, ავიღე და სახლში წამოვიღე.

_ ბავშვობიდან არ გიყვარდათ მაკიაჟი, ან სამკაულები?

_ არა, ნერვებს მიშლის. არც ბეჭედი მიყვარს. სათვალეც იმიტომ მიკეთია, რომ თვალი მტკივა და ლაზერული ოპერაცია მინდა გავიკეთო, რომ ყველაფერი აღმოვფხვრა.

ფრჩხილის ლაქი კი მიყვარს, ძირითადად, შავი და ყავისფერი, მაზუთში რომ ჩავყოფ ხელს, არ ჩანს, რომ დასვრილია, ტანსაცმელი თეთრი ფერები მიყვარს, მაგრამ სამუშაოზე „ბეჟი“ მაცვია. სპორტულები მიყვარს, 40-მდე შარვალი მაქვს, ახლაც ახალი შარვალი მიდევს აქ.

_ რომ არა მარგალიტა ნაროუშილი, ვინ იქნებოდით?

_ მაინც მარგალიტა ნაროუშვილი. მე მიყვარს ჩემი სახელი, გვარი და დაბადების ადგილი. ყველაზე ცუდი საქციელია სახელის, გვარისა და ეროვნების, სარწმუნოების გამოცვლა.

_ რა მუსიკას უსმენ?

_ ქართული მუსიკები მიყვარს ძალიან: ნინო ჩხეიძე, დათო კენჭიაშვილი, ოღონდ ავტობუსში ვერ ვუსმენ, არც რადიო აქვს და არც არაფერი, ამ ხმაურში რადიოს ხმა კი არა, რომ დამიძახებენ, ეგ არ მესმის.

_ ბავშვობაში რომელი საგანი გიყვარდათ ყველაზე მეტად?

_ გერმანული, მასწავლებელი მყავდა ძალიან კარგი და მაგის ხათრით ვსწავლობდი. დღესაც კი მახსოვს სიტყვები. ისე, ახლა კი მინდა ინგლისური რომ ვისწავლო, მაგრამ ჩემი გონება ამას ვეღარ გასწვდება.

_ რამდენი წლის ასაკში მიხვდით, რა გინდოდათ ცხოვრებაში?

_ 16 წლის რომ ვიყავი, უკვე დაღვინებული ვიყავი, ვიცოდი, ოჯახს რაც სჭირდებოდა მამისგან. ჩემი და გათხოვილი იყო და მე ვიყავი უფროსი ოჯახში.

_ მოძრაობის წესებს ხშირად არღვევთ?

_ არ მითხრა… ვიცი, რომ ვარღვევ… და მივდივარ, შტერმა მძღოლებმა არ იციან არაფერი. ერთ დღეში აღებული მოწმობა რა იქნება? ის კი არა, 6 თვის მანძილზე დავდიოდი, რომ ვსწავლობდი და პირველ გამოცდაზე ჩამჭრეს.

_ განსაკუთრებული ადგილი გაქვთ, სადაც ფიქრობთ?

_ ერთი სავარძელი მაქვს სახლში. იქ რომ ჩავჯდები, სულ ვიძირები და დედაჩემი მეუბნება, სავარძელი ფიქრებთან ერთად უნდა გაგიყიდოო. რამეს რომ მეუბნება ხოლმე, არ მესმის. სერიალების ყურება დიდად არ მიყვარს, მაგრამ რამდენიმე არჩეული სერიალი მაქვს, ოღონდ „გაფუჭებული“ კინოები არ მიყვარს, ზედახორაზე რომ გადადიან.

_ ტკბილეული გიყვართ?

_ ტორტი მიყვარს ძალიან, ხრაშუნა რაღაცები რომ აქვს, ჩემთან ახლოს არ დაიდებოდა, ის კრემი მიყვარდა და ხელს ვყოფდი სულ, ახლაც ასეა. სად მცალია სამზარეულოსთვის, მაგრამ ნაპოლეონს ვაკეთებ ხოლმე, დღესასწაულზე ვმუშაობ. გართობა ჩემს შვილიშვილებთან მისვლაა. სახლში მიყვარს ყოფნა და ავეჯის შეცვლა, საცობები ნერვებს მიშლის ყველაზე მეტად, ეს გზა მიყვარს, რასაც გავდივარ.

_ რა გინდათ ყველაზე მეტად?

_ მშვიდობა, აფხაზეთი, სამაჩაბლო რომ დაბრუნდეს. უბედნიერესი ვიქნები, თუ გინდა, ერთი წუთით არ მაცოცხლა მერე. მინდა, ქართველებს უყვარდეთ ერთმანეთი. უსიყვარულოდ არაფერი გამოგვივა.

 

ვახტანგ ხეთაგური, კონტროლიორი:

_ ძალიან მოწესრიგებული, მშრომელი და პატიოსანი ქალბატონია, რომელიც  ხალხს ბრწყინვალედ ემსახურება.

 

საუბარი 12 საათამდე 20 წუთით ადრე დავასრულეთ, მე სახლში წამოვედი, მადონა _ ფარეხში, ავტობუსი უნდა მოაწესრიგოს და ორ საათში სახლში წავიდეს. ხვალ დაისვენებს, დედას და ყვავილებს მოუვლის, ზეგ 06:00 საათზე კი მორიგი სამუშაო დღე დაიწყება.

 

                                                                                                                         ნინო ტაბაღუა