რა გახდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დირექტორისა და აფთიაქის გამგის დაპირისპირების მიზეზი?!

cc1

 

„ქრონიკა+“-ს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აფთიაქის გამგე დაუკავშირდა. მისი თქმით, ახლად დანიშნული დირექტორი მას სამსახურიდან უმიზეზოდ უშვებს. თუ რა ხდება აჭარის ცენტრალურ სახელმწიფო სტაციონარში, დეტალების დასადგენად „ქრონიკა+“ თითოეულ მხარეს დაუკავშირდა.

 

გურამ სურმანიძე _ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აფთიაქის გამგე:

_ სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად მალხაზ ხალვაში დაინიშნა, სამსახურიდან მათავისუფლებენ. ახალმა დირექტორმა კონკურსიც კი გამოაცხადა ჩემს ადგილზე. ყოველდღე მესმის ფრაზა: „წადი“. როცა ვეკითხები, _ რას გიშავებთ-მეთქი? სხვადასხვა პასუხი მესმის. მეუბნებიან, რომ სხვა უნდა მოვიყვანოთ შენს ადგილას და წასვლამდე უნდა ასწავლოო. ახლა, უყურეთ, რას მთავაზობენ, _ ვიღაცა უნდა მოიყვანონ, მე ვასწავლო, გავზარდო და ჩემი ნებით წავიდე სამსახურიდან, ამიტომ ბოლომდე ვერ მიშვებენ.

_ თქვენი გაშვების კონკრეტული მიზეზი რა არის?

_ მიზეზი ის არის, რომ ბოლო პერიოდში საავადმყოფოში ტენდერები ძალიან ხშირად ვარდებოდა. დირექტორი თვითონ ათას სისულელეს წერდა სატენდერო დოკუმენტაციაში. მაგალითად, ყველაფერს წინასწარ ვერ დაგეგმავ, როდის იქნება ღორის გრიპი, ანდა სხვა რესპირატორული ვირუსის ეპიდემია კლინიკაში. ამ მიზეზით მედიკამენტებს ცოტა მეტს ვდებთ. მალხაზ ხალვაში კი სულ მეუბნებოდა, წინასწარ განსაზღვრე და ტენდერი ისე გამოაცხადეო. არადა, როგორ უნდა განსაზღვრო, რა მოხდება წინასწარ მთელი წლის განმავლობაში? მეც ვითვალისწინებდი ახალი ხელმძღვანელის მოთხოვნას და წინა წლებზე დაყრდნობთ რაღაცას ვახერხებდი. მაინც უკმაყოფილო დარჩა. ახლა ის დამაბრალა, რომ წინა ტენდერებიც არასწორად განსაზღვრეო. ბუნებრივია, ამაზე უკვე არ დავეთანხმე.

_ ეს არის გაშვების მიზეზი?

_ გარდა ამისა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ვარ. ხულო-ქედა-შუახევში მაჟორიტარი კანდიდატი ვიყავი. თავიდან, არჩევნების წინ, „პატრიოტთა ალიანსში“ რომ გავწევრიანდი, მეუბნებოდა, _ რა გინდა მაგ პარტიაში, შენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიხარ და თუ კანდიდატად წახვალ, სამსახურში ვეღარ დაბრუნდებიო. _ რას ჰქვია, ვერ დავბრუნდები-მეთქი?! და მშვენივრად დავბრუნდი კიდეც.

_ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ოთხი წლის წინათ ხომ არ იყავით? თქვენს განთავისუფლებას კი ეს წლებია, სულ ცდილობდნენ. როგორ ყვებით?

_ აი, ათასი მიზეზია, რა. რომელი ერთი მოგიყვეთ…

_ ტენდერების თემას დავუბრუნდეთ: თქვენი განცხადებით, მალხაზ ხალვაშს თქვენს ადგილზე თავისი ახლობლის მოყვანა უნდა?

_ დიახ, როგორც ახლახან გავიგე, აფთიაქის გამგედ მოყვანას თავის ახლობელს _ ნანა ხალვაშს უპირებს. ეს ქალბატონი, თავის დროზე, ბათუმის პირველი საავადმყოფოს აფთიაქის გამგე იყო. ერთი პედიოდი ჩემთანაც მუშაობდა, მაგრამ გაიქცა, _ სიტუაცია არ მოეწონა. ის მოჰყავს. როგორი ახლობელია, არ მეუბნება, მაგრამ ორივეს გვარი ხალვაშია და შესაძლოა, ნათესავიც არის.

_ რამდენი წელია, რაც მალხაზ ხალვაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორია?

_ სამი წელია და „ოცნების“ მხარდამჭერია. მანამდე საქართველოში არ იმყოფებოდა, მურმან დუმბაძემ რუსეთიდან ჩამოიყვანა.

_ ტენდერებს მანამდე თქვენ ატარებდით?

_ სატენდერო კომისია გვყავს. მე  მასალებს წარვადგენდი და შემდეგ შესყიდვების სამსახური ტენდერებს აცხდებდა. ახლაც ასეა. დირექტორი თვითონ ვერ მათავისუფლებს, მიზეზი არ აქვს და წასვლაზე განცხადება შენ დაწერეო. მანამდე, ორი თვით, სხვა თანამდებობაზე გადაგიყვან და შემდეგ აუცილებლად უნდა წახვიდეო. იმ ორი თვის განმავლობაში ხელფასს მომცემს, მხოლოდ საავადმყოფოში არ უნდა ვიარო და არც გამოვჩნდე.

_ ბატონო გურამ, მაინც ვერ გავიგე კონკრეტული მიზეზი _ ფინანსურია თუ პოლიტიკურია?

_ რაღაცებში ხელს ვუშლი…

_ რაში უშლით ხელს, ტენდერებით ფული კეთდება თუ სხვა რამეში?

_ ყველაფერი მაქეთკენ მიანიშნებს, _ მე თუ წავალ, ვიღაცას ხომ უნდა მოარგოს? ბოლოს ვიკამათეთ. სატენდერო ფასების მოპოვებაზე ვიყავი გასული, იმიტომ რომ ზოგი ფირმა მიგზავნის, ზოგი _ არა. ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც ტრავმატოლოგიური მასალები იყიდება, თანამშრომლებს სუფრა ჰქონდათ და მეც 3-4 ჭიქა დავლიე. როცა საავადმყოფოში დავბრუნდი, დირექტორმა მკაცრად მითხრა, _ ნასვამი მეორეჯერ აღარ მოხვიდეო. _ კაცი ხომ არ მომიკლავს, ან ოპერაციაზე ხომ არ შევსულვარ, რა დავაშავე ამ ნასვამობით-მეთქი?! ჩაიხვია, _ სვამ და ადრე გითხარი, არ დალიოო. _ კაცები ვართ, ხან ქორწილში წასვლა მოგვიწევს და ხან დაბადების დღეზე, ამით რა გავაფუჭე-მეთქი? მიზეზებზეა. არადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 წელია, ვმუშაობ, აქედან 6 წელი აფთიაქის გამგე ვარ. აქამდე პრეტენზია არავის წამოუყენებია და არც შენიშვნა მიმიღია.

 

„ქრონიკა+“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს _ მალხაზ ხალვაშს დაუკავშირდა:

_ ბატონო მალხაზ, რესპუბლიკური საავადმყოფოს აფთიაქის გამგე გურამ სურმანიძე ბრალს გდებთ, რომ უმიზეზოდ უშვებთ სამსახურიდან…

_ წაშლილი მთვრალი იცით, რა არის?!

_ რას გულისხმობთ, რომ სისტემატურად სვამს?

_ სვამს ერთია, მაგრამ ერთხელ შენიშვნა, მეორეჯერ და ა. შ. ბოლოს სამსახურში გვიან მოვიდა „გახეული“ მთვრალი და რა უნდა მექნა?

_ გურამ სურმანიძის თქმით, სამსახურიდან განთავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი მისი „პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანებაა.

_ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. რა შუაშია საავადმყოფო, აფთიაქი და პოლიტიკა? არანაირი შეხება არ მაქვს პოლიტიკასთან. საავადმყოფოდან იმიტომ დავითხოვე, რომ სვამს.

_ ტენდერებზე მითხარით, მის ადგილზე მართლა თქვენი მოგვარე მოგყავთ?

_ ბათუმში მოიკითხეთ ჩემ შესახებ. არანაირ სააფთიაქო ქსელთან კავშირი არ მაქვს. ეს ადამიანი იმიტომ განაწყენდა, რომ სამსახურიდან გავუშვი. ტენდერებში გავლენა რომ ჰქონდა, ეს გავლენა მოიხსნა. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში არ შევდივარ, გურამ სურმანიძე კი ამ კომისიის წევრი იყო. რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველწლიურად ახორციელებს მრავალმილიონიან შესყიდვებს. მაქსიმალურად ფართო სატენდერო კომისია მყავს, სადაც საავადმყოფოს დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ექიმები შედიან. აჭარაში ორი სახელმწიფო საავადმყოფოა _ ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.

_ მურმან დუმბაძესთან რა კავშირი გაქვთ? მართლა მან ჩამოგიყვანათ რუსეთიდან?

_ მურმან დუმბაძემ კი არ ჩამომიყვანა, ბათუმი ჩემი სახლია. სარატოვის სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და სამშობლოში დავბრუნდი.

_ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი როგორ გახდით?

_ კონკურსი გამოცხადდა, სადაც 13 პრეტენდენტი მონაწილეობდა. მე გავიმარჯვე. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ წარმადგინა. ოთხი წელია, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ვხელმძღვანელობ და ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია.

_ კი მაგრამ, თუ სვამს, ამ ოთხი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეგეძლოთ, გაგეთავისუფლებინათ…

_ არანაირი პრობლემა არ მქონდა, რომ ნებისმიერ დროს გამეთავისუფლებინა, მაგრამ ადამიანურად დავინდე, _ მანამდე არაერთხელ გავაფრთხილე. რესპუბლიკური საავადმყოფო ურგენტული საავადმყოფოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტებს ვემსახურებით და სერიოზული დატვირთვა გვაქვს. ადმინისტრაციაში თანამშრომლები რვა საათზე მეტს მუშაობენ. ასეთ ფონზე ადამიანი, რომელიც კლინიკაში სისტემატურად ნასვამი დადის, წარმოუდგენელია!

_ ანუ 4 წელი ითმინეთ ეს წარმოუდგენელი სიტუაცია?

_ ხომ გეუბნებით, არაერთხელ გავაფრთხილე და ბოლოს კაცური სიტყვა მომცა. ამაზე დავშორდით. მერე რამდენჯერმე სამსახურში არ გამოცხადდა. სამშაბათს 11 საათზე დავუძახე და არ მოვიდა, მდივანს დააბარა, _ სამინისტროში ვარო. ორის ნახევარზე ძალიან მთვრალი მოვიდა. ვკითხე, _ გურამ, რა ეშველება ამ შენს სიმთვრალეს-მეთქი? რა მიპასუხა, იცით? _ მაგი შენი პრობლემა არ არისო! მეორე დღეს მოვიდა, ჯერ ხალხი გამომიგზავნა, ყველა ჩარია. მე ვუთხარი, _ ამჯერად ვერ გაპატიებ, იმიტომ, რომ აფთიაქის ხელმძღვანელი ხარ და ტენდერებია წინ-მეთქი. ჩემთვის აფთიაქის ხელმძღვანელის განთავისუფლება ძალიან არასასურველი იყო ამ პერიოდში. მაშინ ჩავატარებდი ტენდერს და მერე გავუშვებდი. მოკლედ, მეხვეწა, _ კრედიტები მაქვს და ნუ დამღუპავო. მე გავითვალისწინე მისი ეს თხოვნა და შევთავაზე, რომ კლინიკური ფარმოკოლოგიის განყოფილებაში გადავიყვანდი. იქ ვაკანსია მაქვს. ვუთხარი, რომ იქაც დროებით იქნებოდა, სანამ სხვა სამსახურს მოძებნიდა. _ ვიფიქრებო. მოგვიანებით, შემომითვალა, _ ბრძანება გამომიგზავნოსო. ამ თემის „პატრიოტთა ალიანსზე“, მურმან დუმბაძეზე, ჩემს მოგვარეებსა და ტენდერებზე მიბმა ცოტა უცნაურია.

 

 

                                                                                                      თამარ როსტიაშვილი