სოფი კობერიძე: „საქართველოსთვის ჩემი წარმატებული კარიერა დღემდე შეუმჩნეველია“

s1

სოფი კობერიძე იტალიაში (და მის ფარგლებს გარეთ) მოღვაწე საოპერო მომღერალია. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, სწორედ, ამ ქვეყანამ მისცა საშუალება, რომ თავისი საქმის პროფესიონალად ჩამოყალიბებულიყო. ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალგაზრდა მუსიკოსს სამუშაო გარემოს ვერ უქმნის, ამიტომ ხელოვნები რეალიზებას ვერ ახერხებენ და სამშობლოს დატოვება უწევთ. მისივე თქმით, სადღეისოდ ქართველ ემიგრანტებს იტალიაში ეკონომიკური პრობლემების გამო კარგი პერიოდი არ უდგათ. მომღერალი იმედოვნებს, რომ თბილისის ოპერაში ცვლილებები ნიჭიერი ქართველი მსმენელისთვის თავის გაცნობის საშუალებას მისცემს.

„ქრონიკა+“ სოფი კობერიძეს ესაუბრება:

_ როგორც საოპერო შემსრულებელი, იტალიაში ვარ, ასევე მის ფარგლებს გარეთ ვმოღვაწეობ მას შემდეგ, რაც კონსერვატორია დავამთავრე. საერთოდ, მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე და პატარაობიდანვე, როგორც პიანისტი, კონცერტებში ვმონაწილეობდი.

_ რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოს დატოვება და იტალიაში წასვლა?

_ თავიდან იტალიაში პირადული მოტივების გამო ჩამოვედი. შემდეგ უკვე აქ კონსერვატორიაში მაგისტრატურა დავამთავრე და სწორედ ამ ქვეყანაში მომეცა იმის საშუალება, რომ ჩამოვყალიბებულიყავი როგორც პროფესიონალი საოპერო მომღერალი.

_ მილანის გადმოსახედიდან რა პრობლემებს ხედავთ სამშობლოში, მათ შორის, საოპერო სისტემაში?

_ ჩემი აზრით, საქართველოში საოპერო თეატრები, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებენ დრამატულ რეპერტუარზე და უკანა პლანზეა, ან საერთოდ არ ექცევა ყურადღება ბაროკოს რეპერტუარს (ჰენდელი, გლუკი), ბელკანტოს რეპერტუარს (მოცარტი, როსინი და ა. შ.)…

_ აქვს თუ არა დღეს საქართველოში ოპერის მომღერალს პროფესიული რეალიზაციის საშუალება?

_ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ ამახვილებს იმაზე, რომ ახალგაზრდა მუსიკოსს სამუშაო გარემო შეუქმნას. ამიტომაც ადამიანები ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას და სამშობლოს ტოვებენ.

_ რა პირობებში უწევთ კარიერის დაწყება და განვითარება ქართველ შემსრულებლებს?

_ თბილისს აქვს შესანიშნავი კონსერვატორია, რაც მაღალი დონის მუსიკოსად ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ შემდგომ შენი პროფესია შენივე სამუშაოდ აქციო, _ შემოსავლის წყაროს გაჩენას ვგულისხმობ.

_ როგორია მილანში თქვენი ცხოვრებისა და მუშაობის რიტმი, თუნდაც, ერთი დღე?

_ ჩემი ყოველი დღე საკმაოდ დატვირთულია და, საერთოდ, თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალ საოპერო დადგმაში ვმონაწილეობ. თითქმის მთელ დღეს ვატარებ თეატრში, სადაც სხვადასხვა სახის რეპეტიცია მაქვს, თუმცა ვცდილობ, დღის რაღაც ნაწილი ჩემს სხეულსა და გონებას დავუთმო, იოგას მივდევ და ასევე ძალიან მიყვარს კითხვა.

_ როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ, რა პრობლემები აქვთ იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს?

_ დღესდღეობით ემიგრანტებს არ უდგათ ბედნიერი პერიოდი იტალიაში. ეს ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშეა ეკონომიკური კრიზისის გამო… რაც დღეს იტალიას რესურსი აქვს, ძირითადად, აფრიკიდან ლტოლვილებს ხმარდება, ამიტომ ქართველ თუ არაქართველ ემიგრანტებს სტაბილური სამუშაოს პოვნის ნაკლები შანსი აქვთ.

_ ამ მხრივ რა შედეგებს მოიტანს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის მოხსნა?

_ სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში არ მგონია, ამ ეტაპზე იტალია იდეალური ვარიანტი იყოს ემიგრანტისთვის.

_ რამდენად გრძნობთ ქართველები სამშობლოს მხრიდან თანადგომას?

_ პირადად მე ვერ ვიტყვი, რომ აქ ჩამოსვლისას საქართველო გვერდით დამიდგა რაიმე ეკონომიკური თვალსაზრისით. სრულიად მარტომ მოვახდინე საკუთარი თავის აქ რეალიზება. იტალიამ, მიუხედავად დიდი პრობლემებისა, დიდი შანსები მომცა.

_ თქვენ, როგორც პროფესიონალებს, რისი გაკეთება შეგიძლიათ საქართველოსთვის, მათ შორის, სახელოვნებო სფეროში?

_ მე ჯერ არ მქონია საშუალება, რომ  ქართველი მსმენელის წინაშე წარვდგენილიყავი, იმიტომ, რომ საქართველოსთვის ჩემი წარმატებული კარიერა დღემდე შეუმჩნეველია…

ბევრი ცვლილებაა თბილისის საოპერო თეატრის მმართველობაში და იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები საშუალებას მომცემს, თავი გავაცნო ნიჭიერ ქართველ მსმენელს.

_ რა სამომავლო გეგმები და სურვილები გაქვთ?

_ ჩემი გეგმაა, გავაგრძელო სწავლა, განვითარება, როგორც ხელოვანმა. დიდი სურვილი მაქვს, რომ საოპერო ხელოვნება იმ დიდი კრიზისიდან გამოვიდეს, რომელშიც ამჟამად არის მსოფლიო მასშტაბით.

_ სამომავლოდ აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და მოღვაწეობის აქ გაგრძელებას?

_ მომღერლისთვის აუცილებელია მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში მოღვაწეობა უკეთესად განვითარებისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე საქართველოში ბევრ საინტერესო სპექტაკლში მივიღებ მონაწილეობას.

_ როგორ აფასებთ საქართველოში  ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებს და, საერთოდ, მიმდინარე პროცესებს?

_ რაც შეეხება საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებს, ვფიქრობ, რომ მთლიანობაში დემოკრატიული კენჭისყრა ჩატარდა. პოლიტიკურ პროცესზე რაიმე ანალიზს არ დავიწყებ, უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა საქართველოსა და ქართველ ხალხს ბევრ ბედნიერ დღეს აჩუქებს.

 

                                                                                                              გელა მამულაშვილი