,,ნარკოლოგიური ცენტრი, სადაც სტაციონარული მკურნალობა უფასო იქნება, საქართველოში არ არსებობს!”

b1

„ბემონი“ უკვე რამდენიმე წელიწადია, არსებობს. იგი 1998 წელს თბილისში დაარსდა და მისი ძირითადი მიმართულება ნარკოტიკების მოხმარებისა და შიდსის პრევენციაა, ამავე დროს, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. თელავში ორგანიზაციამ ოფისი 2010 წლის პირველ მარტს ოფიციალურად გახსნა. ორგანიზაციის მიზნები იგივე რჩება, თუმცა ამოცანები დროთა განმავლობაში პროექტების მიხედვით იცვლება. ამჟამად „ბემონი“ რამდენიმე პროექტს ახორციელებს: პროექტს „აღმოვფხვრათ ხარვეზები მოძრავი ჯგუფის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის“ აფინანსებს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა  სამინისტრო და აღმოსავლეთი-დასავლეთი. პროექტის ფარგლებში არსებობს სოციალური ბიურო. მისი მოწოდებაა კახეთში ნარკოტიკის მომხმარებლების სოციალური და სამედიცინო დახმარება. ასევე არის ახალგაზრდებზე გამიზნული პროექტი, რომელსაც აფინანსებს „იუესაიდი“, შეერთებული შტატების გაერთიანებული სააგენტო. ამ ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ჯანსაღი ცხოვრების წესზე და განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდულ კლუბ „ბემონში“ ადამიანებს შეუძლიათ თავისუფალ დროს მისვლა, რომ უბრალოდ დასხდნენ, წაიკითხონ და გაერთონ კომპიუტერებზე. პოპულარიაზაცია უკეთდება ჯანსაღი ცხოვრების წესს, საუბარი შედგება ხუთი კონკრეტული კომპონენტისგან: ნარკოტიკები, შიდსი, ალკოჰოლი, თამბაქო, კვება და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

„ქრონიკა+“ ესაუბრება „ბემონის“ წარმომადგენელს _ დავით ღონღაძეს, რომელიც წლებია, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობს, არის სხვადასხვა კვლევის თანამონაწილე და ავტორი:

 

_ რა არის დეკრიმინალიზაცია, სად არის საფრთხეები და გამოსავალი?

_ კვლევები ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, სადაც სამი ორგანიზაციაა ჩართული, მათ შორის, „ბემონიც“. ამ წლებში გამოვლინდა, რომ, სამწუხაროდ, ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელთა რაოდენობა მაინც იზრდება, მიუხედავად სახელმწიფოს რეპრესიული მიმართულებისა. პოლიციის მიმართ შიში არსებობს, მაგრამ ეს ნარკომომხმარებლების რაოდენობას არ ამცირებს. გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქეები ხშირად მეზობელ ქვეყნებში გადადიან და როგორც თვითონ ამბობენ, იქ მოიხმარენ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკს. ბოლო წლებში თურქეთია პოპულარული, ვინაიდან იქ გარკვეული ტიპის ნარკოტიკი იშოვება, რომელიც უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში გადმოტანილი. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო დარტყმის ქვეშ აყენებს დამატებით პრობლემებს: ხშირად, როცა თურქეთში ჩადიან, იქ არ არის საშუალება, რომ თავისი შპრიცი მოიხმარონ და ზოგჯერ შპრიცებს ერთმანეთს უზიარებენ, რაც ჰეპატიტისა და შიდსის გადაცემის ალბათობას ზრდის. კიდევ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა: ბოლო კვლევაში დაფიქსირდა, რომ შედარებით დაწეულია ნარკოტიკის პირველადი მოხმარების ასაკი და ინექციური ნარკოტიკების მოხმარების ასაკიც ოდნავ გაახალგაზრდავებულია. მაგრამ ტენდენციაზე იმ შემთხვევაში იქნება საუბარი, თუ შემდგომი კვლევაც დაადასტურებს, რომ ეს ასეა. დღესდღეობით, ბოლო მონაცემით, ინექციური ნარკოტიკების  მომხმარებელია 49.700. ეს არ არის ზუსტი ციფრი, მხოლოდ კვლევის შედეგად გამოვლინდა. წინა კვლევაში 45.000 იყო. კვლევები ჩატარდა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თელავშიც.

_ რა განსაზღვრავს ნარკოდამოკიდებულთა ზრდის ტენდენციებს?!

_ ამ შემთხვევაში მე ვახმოვანებ საკუთარ და ნაწილობრივ ჩემი ორგანიზაციის აზრს: ჩვენ ვხედავთ, რომ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას თავისი შედეგები აქვს. ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ მარტო ეს რომ ვერ შველის, ფაქტია. არ არსებობს ნარკომომხმარებლების დახმარების გარკვეული სამედიცინო ცენტრები, ერთიანი მიდგომა. ქვეყანაში ზოგადი მდგომარეოაბაა ისეთია, რომ ახალგაზრდებს მომავლის იმედი არ აქვთ: არის დასაქმების, სწავლის, თავის დამკვიდრების პრობლემა, ამავე დროს, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები, ფაქტობრივად, იატაქვეშეთში არიან. ამ ფენის მართვა და მათთან სპეციალისტებს კონტაქტი შეუძლებელია. ზოგჯერ ეს ადამიანები ახალგაზრდებისთვის ავტორიტეტები ხდებიან და შესაძლებელია, ესეც თამაშობდეს გარკვეულ როლს. ამიტომ რეპრესიული პოლიტიკა უნდა იყოს ნარკოტიკების გავრცელებასთნ დაკავშირებით, მაგრამ მომხმარებლების მიმართ ადამიანურ დამოკიდებულებას უნდა ვიჩენდეთ. უნდა არსებობდეს რეაბილიტაციის ცენტრები, სამედიცინო დაწესებულებები და, შესაბამისად, ეს პრობლემა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უფრო ცნობადი გახდება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რეალურ პრობლემებს დაინახავენ და ამან შეიძლება, გარკვეული როლი ითმაშოს, ახალგაზრდებისთვის ნარკოტიკი ნაკლებ მიმზიდველი გახდეს. ეს მხოლოდ ვარაუდია, წინასწარ პროგნოზირება ძალიან ძნელია.

_ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც ნარკომომხმარებელთა რიცხვი მაღალი იყო და რეფორმების შემდეგ დაიკლო?

_ ჩემთვის ცნობილია შეერთებული შტატები, მაგრამ მითად ქცეული ჰოლანდიის მაგალითის მიხედვით, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ჰოლანდიაში ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იკლებს. მე მგონი, ორი წლის წინ ერთი კონგრესმენი ხმალამოღებული იბრძოდა ნარკოტიკების წინააღმდეგ. მან თქვა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლაში ომი წავაგეთო. ის რეპრესიული მიდგომის მომხრეა. აშშ-ს ბევრ შტატში, ჯერ კიდევ, რეპრესიული მიდგომაა და მიუხედავად იმისა, რომ ორ შტატში მარიხუანის მართვადი ლეგალიზაციაა, ისეც არაა, რომ ყველგან შეხვალ და იყიდი. 160 მაღაზიაში იყიდება, რომელსაც ადრე ლიცენზია ჰქონდა, რომ მარიხუანის პროდუქტები სამედიცინო მიზნით გაეყიდათ. ერთზე მეტ ულუფას ერთჯერად შესვლაზე ვერ იყიდი. ერთჯერადი ულუფის გაცემის დოზა წლიდან წლამდე ნელ-ნელა შემცირდა და, ვთქვათ, მარიხუანას კაფეში, სოფლის მიღმა თუ მოიხმარ, ჩვეულებრივად დაგაჯარიმებენ.

როგორც ამბობენ, იმედი ჰქონდათ, რომ ე. წ. დიდი ნარკოტიკები შემცირდებოდა. არც ეგ გამართლდა, რადგან ის ერთგვარი გზაჯვარედინი გახდა, _ ხშირად, ლეგალური ბიზნესის მიღმა არალეგალური, ე. წ. ნარკოტიკები იმალება და კიდევ მეტიც მოხდა: მაგალითად, ჰოლანდიაში ეს გახდა ნარკოტიკული ნივთიერება, სადაც ხუთი ჯიშის მარიხუანა გამოიყვანეს. ასევე, ორი წლის წინ ურუგვაიში მარიხუანის სრული ლეგალიზაცია მოხდა. იქ რამდენიც გინდა, იმდენი შეგიძლია იყიდო. ახლა რა ვითარებაა არ ვიცი, უკიდურესად სიდუხჭირეში მყოფი ქვეყანაა და ძნელია, ასეთი შედარების გაკეთება…

_ საქართველოში რომელი ნარკოტიკული ნივთიერებებია გავრცელებული?

_ ინექციურ ნარკოტიკებში, სამწუხაროდ, ბოლო წლებში „სირეცი“ გაიზარდა. ეს არის ჰეროინის წარმოების შედეგად მონარჩენი ნივთიერება. ამ ნარკოტიკს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს, _ მასში დოზა ზუსტად არ ისაზღვრება და ზედოზირების ალბათობა მაღალია, აქედან გამომდინარე, სარისკოა. თუმცა საქართველოში ე. წ. სააფთიაქო ნარკომანია უფროა გავრცელებული და ესეც სახიფათოა, _ რამე რომ მოხდეს, ექიმებისთვის უცნობია კოქტეილში შემავალი ნივთიერებები და ძნელია ზედოზირების აღმოფხვრის დაგეგმვა, რადგან არ იციან, კონკრეტულად რით მოიწამლა.

_ როგორ შეიძლება გაკონტროლდეს სააფთიაქო ნარკომანია?

_ ადრე ხელმძღვანელ ფარმაცევტს ლიცენზია ჩამოერთმეოდა, ახლა უკვე სახიფათოა, რადგან სისიხლის სამართლის პასუხისგება დგება, როდესაც დახლის ქვეშ გაყიდის პრეპარატს, რომელიც სპეციალური კონტროლის სიებშია შესული. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ადამიანები ამბობენ, რომლებთანაც ურთიერთობა მიწევს, ეს პრეპარატები მაინც ხელმისაწვდომი ხდება.

_ გამოსავალი?

_ „ნაციონალებს“ ბაზალეთზე დიდი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა უნდოდათ. წელიწადში, დაახლოებით, 50 ადამიანი უნდა მიეღოთ. ეს მაინც პატარაა. ჩემი აზრით, ერთი დიდი ცენტრის გახსნას სჯობია, ისე აეწყოს სისტემა, რომ იქნებ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე პატარ-პატარა სარეაბილიტაციო ცენტრები გაიხსნას. ვთქვათ, ათ კაცზე: კახეთში რვა რაიონია და ცალკე _ ერთი ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ანუ ცხრა. ათ-ათ კაცზე ცხრა ცენტრი რომ გაიხსნას, 90 ადამიანია და უფრო მეტს მოიცავს. ხარჯები უნდა, კალკულაცია გასაკეთებელია, მაგრამ საქმე ადგილიდან ბევრი მიზეზის გამო არ იძვრის. ცენტრალურ ხელისუფლებაშიც მომხმარებლის მიმართ ლიბერალიზაციისკენ ნაბიჯები ძალიან ნელა იდგმება. გარკვეული ზეწოლის შედეგად სასამართლომ ორჯერ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როდესაც დამოკიდებულება შედარებით შეარბილა. ვგულისხმობ 70 გრამი მარიხუანის შენახვისთვის აღარავის აჯარიმებენ; ასევე 273-ე მუხლით მოხმარების შემთხვევაში დაკავებისას ერთ-ერთ პასუხისმგებლობად შეტანილი იყო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და კონსტიტუციურმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. კარგია, მაგრამ რამდენად იმუშავებს, ამას მომავალი გვაჩვენებს.

_ ეს ცენტრები სადღეღამისო უნდა იყოს თუ დღის?

_ თავიდან, ვთქვათ, დღის ცენტრი რომ გააკეთონ, კარგია, მაგრამ, სადღეღამისოც შეიძლება დასჭირდეს. დღესდღეობით ისეთი ნარკოლოგიური ცენტრი, სადაც ნარკომომხმარებლისთვის. სტაციონარული მკურნალობა უფასო იქნება, საქართველოში არ არსებობს.

_ შესაბამისი სპეციალისტები თუ გვყავს?!

_ საკმაოდ კარგი სპეციალისტები არიან. რა რაოდენობით, მეორე საკითხია. ისინი კომერციულ სტრუქტურებში მუშაობენ. თუ მოთხოვნილება გაჩნდება, სპეციალისტების რაოდენობაც გაიზრდება.

_ რას იტყვით მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე? ბოლო პერიოდში გავრცელდა აზრი, რომ მარიხუანა არ არის საშიში და გარკვეული წრეები მისი დათესვით პოპულარიზაციას ეწევიან.

_ პირდაპირ გეტყვით: მომხრე ვარ, ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია მოხდეს, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ეს არ არის მავნე. მავნეა! ალკოჰოლიც მავნეა! თამბაქოც! ისინი სხვა რაღაცაზე მოქმედებს, ეს _ სხვა რაღაცაზე. უბრალოდ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის მავნე. საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს დეკრიმინალიზაცია იმიტომ ხდება, რომ მარიხუანა მხოლოდ სამკურნალოა და არიქა, თუ მოწევ, მაგაზე კარგი არაფერიაო, რა თქმა უნდა, მცდარია. მარიხუანა მავნეა, უბრალოდ, მისი მოწევის გამო ადამიანებს არ უნდა ვიჭერდეთ.

 

 

                                                                                                                      მაკა მოსიაშვილი