მოძრაობს თუ არა ქვეყანაში არალეგალური ფული?

cc2

 

ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც, ხშირად, ფულის გათეთრების ნიშნები არცთუ იშვიათად იკვეთება და აღიკვეთება კიდეც. დღეს ბაზარზე უამრავი ბანკია, ისინი მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე კი არა, მხოლოდ იურიდულ პირებზე არიან ორიენტირებულები. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია „კაპიტალ ბანკისთვის“ ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით. ბევრი სპეციალისტი და სფეროს ექსპერტი ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში არალეგალური ფულის მოძრაობა მხოლოდ „კაპიტალ ბანკით“ არ შემოიფარგლება. ფულის გათეთრებასა და სხვა უკანონო მაქინაციებში, შეიძლება, სწორედ ამ ტიპის ბანკები იყვნენ ჩართული. ისინი ძალიან პასიურები არიან, არ ემსახურებიან ხალხს და, ძირითადად, ფულის გატარებით არიან დაკავებული.

ზოგიერთის აზრით სავალუტო ჯიხურები, რომლებსაც ცოტა მომხმარებელი ჰყავთ, თავისუფლად შეძლებენ ხსენებული მაქინაციის შესრულებას, სხვა ექსპერტებს კი ფულის გათეთრების საუკეთესო გზად კაზინო და სათამაშო ბიზნესი მიაჩნიათ.

დღესდღეობით უკანონო შემოსავლების საქმე ძალიან მძიმედ და მწვავედ დგას როგორც საქართველოში, ისე რეგიონში. საჭიროა რაიმე პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ მანამდე კომპეტენტური აზრი, სპეციალურად „ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის.

 

ლია ელიავა, ეკონომიკის ექსპერტი:

_ რა დეტალებია ცნობილი თქვენთვის ამ კონკრეტულ („კაპიტალ ბანკი“) შემთხვევასთან დაკავშირებით?

_ ბანკი ქრონიკულად წამგებიანი იყო და ამას არავინ აქცევდა ყურადღებას. ამდენი ხნის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა რატომ არ გააკეთა ის, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა, დიდ კითხვის ნიშანს აჩენს. აღნიშნული ბანკი მანამდე უნდა დახურულიყო, რადგან ფიზიკური პირების დეპოზიტებზე არ მუშაობდა, ძირითადად იურიდიული პირების მომსახურებაზე იყო ორიენტირებული და, სავარაუდოდ, შეიძლება ითქვას, რომ ეს იურიდიული პირები იყვნენ ბანკთან დაახლოებულები, ანუ აფილირებულები. ეს ბანკი კი კლასიკური ჯიბის ბანკის შთაბეჭდილებას ტოვებდა. საქართველოს როვნულ ბანკს აქამდე უნდა მოეხდინა რეაგირება, დრო არ უნდა გაეწელა და ამ ბანკისთვის ქვეყნიდან გასვლის საშუალება არ უნდა მიეცა.

_ რამდენად ხშირია ასეთი ბანკი საქართველოში და ვინ არის მათზე პასუხისმგებელი?

_ ასეთი ბანკები არსებობს. რომელიც გაიყიდა ან ვიღაცას მიუერთდა, ყველა მათგანი გაკოტრებულია და ისინი ხელმოცარულ ბანკებადაა მიჩნეული. შესაბამისად, მეპატრონეებმა გაყიდეს, ყველა გაყიდული ბანკი გაკოტრებულია. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, ფინანსური მონიტორინგის სამსახური კი ბანკების მიერ კანონის დარღვევაზე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლზე აგებს პასუხს. ამ კანონის აღსრულებისთვის კომერციულ ბანკებს მოეთხოვება, რომ რაიმე საეჭვო ოპერაცია გარიგების შესახებ, რომელიც არ არის დამახასიათებელი ბანკის იურიდიული, ან ფიზიკური პირისთვის, აცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ეს ერთი გარემოებაა, მაგრამ ის, რომ კომერციული ბანკი სისტემატურად ხარვეზიანი იყო, არ იცავდა ნორმატიულ მოთხოვნებს, _ ამაზე, თავის დროზე, ე.ბ.-ს უნდა ჰქონოდა რეაგირება. გარდა ამისა, საქართველოს საბანკო სექტორის მფლობელთა სტრუქტურა არც ისე გამჭვირვალეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და ე.ბ.-ს მიერ ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიებისთვის საბანკო ლიცენზიის მიცემა არასწორი ქმედება მგონია, რაც ასეთ შედეგებს გამოიწვევს. ეროვნულ ბანკს ცალი თვალი დახუჭული აქვს და საკითხავია, რატომ, რა დგას ამის მიღმა?! ფაქტია, რომ საქართველოში საბანკო ზედამხედველობა არის ძალიან მიკერძოებული, ფავორიტული, სუსტი და არ შეესაბამება საზედამხედველო მსოფლიო პრაქტიკას, ამის გამოსწორება კი ისევ ე.ბ.-ს შუძლია, მაგრამ ვიცით, რომ, ჯერჯერობით, საბანკო ზედამხედველობის ე.ბ.-დან გამოყოფის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა არ გამოუქვეყნებია. ასე რომ, სანამ ეს სიტუაცია ასეა დარჩენილი, მსგავს შემთხვევებზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია.

_ უფრო დეტალურად ვისაუბროთ საფინანსო ზედამხედველობაზე.

_ ბანკებისა და მიკროსაფინანსოების საფინანსო ზედამხედველობა პარლამენტის გადაწყვეტილებით ცალკე სტრუქტურაა, რომელიც პარლამენტის დაქვემდებარებაში უნდა იყოს, თუმცა ეროვნულმა ბანკმა საკონსტიტუციო სასამართლოში იმ მიზეზით გაასაჩივრა, რომ კომერციული ბანკების ზედამხედველობის უფლებას ართმევენ, ამ ყველაფერზე კი სასამართლოს ჯერაც არ გამოუტანია განაჩენი. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეროვნული ბანკია ყველაფერზე პასუხისმგებელი, რაც საბანკო სექტორში ხდება, _ რამდენად მდგრადია, ხელს უწყობს ან არა ეკონომიკის განვიარებას. მე კი ვფიქრობ, რომ მთავარია, ვინ და რა პრინციპით უხელმძღვანელებს სტრუქტურას, დაქვემდებარებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

_ რაც შეეხება ისევკაპიტალ ბანკს“, რა ძირითად დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება ეროვნულმა ბანკმა?

_ ამ კონკრეტული ბანკის შემთხვევაში ე.ბ.-ს ფულის გათეთრებაზე არაფერი აღუნიშნავს საბუთში. აქ საუბარია კანონის დარღვევაზე, რომელიც მრავალ მუხლს მოიცავს, მაგ.: ზედამხედველობის სააგენტოსთვის ფინანსური ანგარიშგების არჩვენება, რაიმე საეჭვო ოპერაციებზე ყურადღების მიუქცევლობა და სხვ.  ფაქტობრივად, ბანკს ქვეყნიდან უცხოურ ანგარიშებზე მილიონები გაჰქონდა. თავის დროზე იყო ამისთვის ყურადღება მისაქცევი და სხვებისთვის საჩვენებლად ბანკის სამაგალითოდ დასჯა.

_ რა უნდა მოხდეს არსებული რეალობის სასიკეთოდ შესაცვლელად?

_ სექტორი უნდა გადახალისდეს, ახალ ჩამოყალიბებულ საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკას ვერაფერი შეცვლის, თუ ხელმძღვანელები არ შეიცვალნენ, რომლებიც ამას ახორციელებენ, რადგან წლების მანძილზე ე.ბ.-ს საზედამხედველო მანკიერი თვისებების გაუმჯობესების პირი, ჯერჯერობით, არ ჩანს. თუმცა სამართლიანია აღვნიშნოთ, რომ კარგი ქნეს, ბანკი რომ გააკოტრეს და არა გაყიდეს, როგორც პრაქტიკაშია მიღებული. ეს არის კარგი მაგალითი სხვა ბანკებისთვის, რომ ყოველგვარ შეცდომას სასჯელი მოსდევს.  დეკემბერში, ალბათ, საბჭოს წევრები გამოიცვლებიან და ვინ რას გააკეთებს ამ უწყებაში, ამას დრო გვაჩვენებს.

_ ამ ტიპის დანაშაულისთვის ლიცენზიის შეჩერება საკმარისი სასჯელია?

_ ამ შემთხვევაში ე.ბ.-მ იმიტომ გამოიყენა ეს მეთოდი, გაკოტრების დაწყება და ლიცენზიის შეჩერება, რომ ვინაიდან ამ ბანკს ვალდებულებები ძალიან ცოტა ჰქონდა, განსაკუთრებით ადგილობრივი ფიზიკური პირების მიმართ, ამ ბანკის გაკოტრებით და გასვლით ამინდი არ იცვლება. შესაბამისად, ნორმალური „სასჯელია“.

 

ლია ელიავასგან განსხვავებით საქართველოს ეროვნულ ბანკს მსგავს საკითხებში პასუხისმგებელ ორგანოდ არ მიიჩნევს ექსპერტი მიხეილ დუნდუა, რომელმაც „ქრონიკა+“-თან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმის პასუხისმგებელია, რაც უშუალოდ მას ეხება:

_ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კი საკითხი რამდენიმე უწყების ქვეშაა, ერთ-ერთია ეროვნული ბანკი, ოღონდ რაღაც ჩარჩოების ფარგლებში, „კაპიტალ ბანკის“ ტიპის შემთხვევებისთვის კი ფინანსური მონიტორინგის სააგენტო არსებობს, ე.ბ.-სგან დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ მეთვალყურეობს მონიტორინგს. უფლებამოსილებები განაწილებულია. არსებობს კომერციული ბანკების მხრიდან მონაცემების დეკლარირების კონტროლის ვალდებულება და თუ იგი არასწორადაა დეკლარირებული, ბანკს კონტროლი ან მეთვალყურეობა დაუწესდება. როცა ბანკის მუშაობაში ხარვეზია, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ფულის გათეთრება ხდება. ე.ბ. არ არის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სააგენტო და საგამოძიებო, სადამსჯელო ორგანიზაცია. შეიძლება, პირს დანაშაული ჩადენილი არ ჰქონდეს და დეკლარაციაც არ წარმოადგინოს, მაგრამ ეს გათეთრებას არ ნიშნავს. მსგავსი შემთხვევა მხოლოდ რეაგირებას საჭიროებს. ე.ბ.-ს თავისი ფუნქციები საკმარისად აქვს და მას ყურადღება უნდა მიაქციოს.

თავიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა უნდა მიაქციოს ყურადღება ამას და მერე პროკურატურამ _ აქ რამდენიმე უწყებაა ჩართული. საბოლოო ჯამში, დანაშაულის დამტკიცება პროკურატურის მოვალეობაა, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ამ პროცესს ეხმარება: როცა საეჭვო ფაქტს შეამჩნევს და როცა დეკლარაციას არ მიაწოდებენ, თუ ტრანზაქცია რისკის შემცველია, მაშინ პროკურატურაში აგზავნის. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია კი, რაც ფულის გათეთრებას წარმოადგენს, კრიმინალია მაშინ, თუ დამტკიცდა და რასაკვირველია, პასუხისგებაში მიეცემა, მაგრამ მტკიცების მაღალი ტვირთით დასამტკიცებელი საკითხია.

მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და სულაც არაა საჭირო ლინცენზიების მიცემის პროცესის გამკაცრება, ვინაიდან საქართველოში ეს საკითხი კარგადაა დარეგულირებული. ის ფაქტი, რომ შეიძლება ვინმე სადღაც, რომელიღაც ბანკში ფულს ათეთრებს, არ ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე გავამკაცროთ კანონი. კანონი არსებობს და დანაშაულს მაინც სჩადიან, ყველა ქურდობის მერე კანონს ხომ არ ვამკაცრებთ, არა?!

კანონმდებლობა წესრიგშია. დანაშაულის სრული პრევენცია შეუძლებელია. მთავარია, როცა დანაშაული მოხდება, რეაგირება დროული იყოს და აღკვეთილი. არც გადახალისებაა საჭირო საბანკო სექტორში, რადგან თუ რომელიმე პირი დანაშაულს ჩაიდენს, მან პასუხი უნდა აგოს. ამის გამო წესები არ უნდა გავამკაცროთ, რომ სხვას მერე პრობლემა არ შეექმნას. რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას, ყველა დარღვევას შესაბამისი სანქციები, დასჯა აქვს. ამ შემთხვევაში ისეთი დანაშაული იყო ჩადენილი, რაც ლიცენზიის გაუქმებას ექვემდებარებოდა და თუ რაიმე დამატებითი იქნებოდა, რაც უფრო მძიმე ტვირთს წარმოადგენდა, პროკურატურისგან უფრო მძიმე სანქციას მიიღებდა. მაგრამ ეროვნული ბანკი კომპეტენციის ფარგლებში მოიქცა. დანარჩენს თვითონ გადაწყვეტენ, რა მიუსაჯონ.

 

ვაჟა კაპანაძე _ საბანკო ექსპერტი:

_ არ მსმენია „კაპიტალ ბანკის“ შემთხვევის შესახებ. მხოლოდ ვერსიის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ ბანკი, რომელსაც კლიენტურა არ აჰყავს და მათი მოზიდვისთვის საჭირო ღონისძიებებს არ აწარმოებს, მხოლოდ რეგისტრირებულია, ქაღალდზე არსებობს, კითხვებს ბადებს, ამისთვის არსებობს ე.ბ. და, რა თქმა უნდა, იგია უშუალოდ პასუხისმგებელი ასეთ საკითხებზე, ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფუნქციაა. ფინანსური მონიტორინგის სამსახური კი ერთ-ერთი ორგანოა, რისი საშუალებითაც ე.ბ. ამას ახორციელებს.  მონიტორინგის სამსახური ანალიზს აკეთებს და ლიკვიდურობის მაჩვენებელს აცნობებს, რამდენად გამჭვირვალეა. ე.ბ. ყოველ კონკრეტულ გადარიცხვას ამოწმებს. ფულის გათეთრება კი ბანკების გვერდის ავლით ნაკლებად ხდება, ძირითადად, სათამაშო ბიზნესსა და ტოტალიზატორებში ფიქსირედება. ეს მსოფლიოში ოდითგანვე ცნობილი იყო, რომ შავი ფული სათამაშო ბიზნესიდან, ნარკოტიკებიდან, ოფშორებში და ამ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიებიდან მოდის.

უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება, კრიმინალია. უკანონოდ მიღებული ფული როგორ უნდა გათეთრდეს, საბანკო სისტემაში როგორ უნდა მოხვდეს? _ ამაზეა საუბარი. გადასახედია კომერციული ბანკების საქმეც. ჯერ ერთი, მათ არაპროფილური საქმიანობა უნდა შეეზღუდოთ და უნდა აღიკვეთოს ის ფაქტი, რომ მონოპოლიურ საბანკო სისტემაში აქტივების 80%-ს რამდენიმე ბანკი ფლობს, სწორედ ისინი კარნახობენ თამაშის წესებს. ამერიკელებმა ანტიმონოპოლიური კანონი რომ მიიღეს, მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება სწორედ მან გამოიწვია, რომ მონოპოლიის წინააღმდეგ ყოფილიყო ბრძოლა. ამ კანონის მიხედვით, თუ ბაზარზე სამზე ნაკლები კომპანია რჩება, მისი ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს, ან მისი საპირწონე შეიქმნას, რომ კონკურენცია იყოს. ეს უკანასკნელი კი ბაზარზე აუცილებელია. საინტერესოა ეროვნული ბანკის დასკვნა ბაზრის სეგმენტების მონოპოლიზებასთან დაკავშირებით, თუმცა ადრე თუ გვიან ყველაფერს გაეცემა პასუხი.

 

მართალია, დღეისთვის, ონლაინკაზინოს ანგარიშები, ფაქტობრივად, ფულის მიმოქცევის უკონტროლო არხებია, მაგრამ არანაკლებ საჭიროა, ყურადღება მიექცეს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისთვის საბანკო ლიცენზიების მიცემის საკითხს. მიხეილ დუნდუასი არ იყოს, არ არის საჭირო კანონის ყოველი დარღვევისას კანონის გამკაცრება, მაგრამ ბაზარზე სულ რამდენიმე დიდი ბანკის დარჩენისა და უკონკურენტო გარემოს შექმნილ სურათს ნამდვილად კარგად ხედავს ყველა. შედარებით პატარა ბანკები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება, იხურება, ან სხვა დიდი ბანკი „ყლაპავს“.

ფაქტი ისაა, რომ ქართულ ბაზარზე ფულიც თეთრდება, ბანკებიც კოტრდება, დიდი კომპანიებიც იერთებენ პატარებს და არაკონკურენტული გარემო იქმნება, ამაზე კი შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

 

                                                                                                                ნინო ტაბაღუა