რომან გოცირიძე: „არ არის აუცილებელი, პარლამენტში ზვიად ძიძიგური შავი ჯიპით მოდიოდეს!“

ht

ახლად არჩეულ პარლამენტში დარგობრივი კომიტეტები დაკომპლექტდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით ფინანსისტი და ეკონომისტი რომან გოცირიძე აირჩიეს. როგორც გოცირიძე „ქრონიკა+“-თან აცხადებს, მაქსიმალურად გამოიყენებს დეპუტატისთვის მინიჭებულ ყველა უფლებას, რომ საფინანსო-ეკონომიკის სფეროში მიმდინარე პროცესი გამჭვირვალე გახადოს.

 

„ქრონიკა+“-ს რომან გოცირიძე ესაუბრება:

_ საკანონმდებლო მუშაობა პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, დეპუტატს უფლება აქვს, სხვადასხვა უწყებიდან ნებისმიერი სახის ინფორმაცია გამოითხოვოს, ასევე ინფორმაცია მიიღოს სხვადასხვა თანამდებობის პირისგან, ამიტომ ჩვენ ყველა კომიტეტში მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ უფლებას, რათა პოლიტიკური პროცესი გამჭვირვალე იყოს, განსაკუთრებით კი საფინანსო-ეკონომიკის სფეროში. რაც შეეხება თავად პარტიის მუშაობას ეკონომიკური მიმართულებით, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ჩვენი ამომრჩევლის მიმართ დაპირება იყო, ამას კანონის ენით გადავიყვანთ და პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივებით შევალთ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის გადასახადების შემცირება, განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის სერიოზული საგადასახადო შეღავათების დაწესება, ისევე როგორც პენსიების ზრდა და ზოგიერთი სახის ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია და სხვა საკითხები. თუ უმრავლესობა მხარს დაგვიჭერს, მივესალმებით, თუ არ დაგვიჭერს, საზოგადოებას ვაჩვენებთ, თუ როგორ იგნორირებს ჯანსაღ აზრს მმართველი უმრავლესობა და რომ არა მათი ასეთი პოზიცია, შეიძლებოდა ვითარება უკეთესი ყოფილიყო, ლარი მყარი ყოფილიყო და ა. შ. რაც შეეხება იმ ინიციატივებს, რომლებთან მიმართებითაც უმრავლესობის მხრიდან სწორი ნაბიჯები გადაიდგმება, მაგალითად, საგადასახადო დავის დეკრიმინალიზაცია, დღეს 50 000 ლარს რომ გადასცილდება, მარტივად რომ ვთქვათ, მეწარმეებს იჭერენ და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხია. ასეთი სახის გადაცდომებს ნახევარ მილიონ ლარამდე განვიხილავთ როგორც ადმინისტრაციულ სასჯელს და არა სისხლის სამართლის. „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა საარჩევნო პროგრამაში ასეთი საკითხი, მაგრამ 50 000-ის ნაცვლად, 100 000-მდე აპირებდნენ გაზრდას. არა უშავს, ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ესეც კარგია, ამიტომ ამ ინიციატივას ჩვენ მხარს დავუჭერთ. შევეცდებით, რომ უმრავლესობას არასწორი გეგმები შევაცვლევინოთ, საზოგადოების ყურადღების მობილიზებას მოვახდენთ, მათ შორის მედიის, რომ წნეხი იგრძნონ არა მარტო პარლამენტში მომუშავე 27 დეპუტატისა, არამედ საზოგადოებისა, არასამთავრობო სექტორისა, პარლამენტს გარეთ მყოფი ადამიანებისა, ანუ ჩვენ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას მოვახდენთ, რათა ის მავნებლური გადაწყვეტილებები არ გავატანინოთ, რომლებიც დღეს ასე იჩენს თავს, მათ შორის, ეკონომიკაში, რამაც ამ დარგის გაჩერებამდე მოგვიყვანა. ჩვენ სადაც საჭიროა, იქ ვიქნებით კონსტრუქციულები, სადაც საჭიროა, _ კრიტიკულები. კრიტიკაც თანამშრომლობის თემაა საპარლამენტო და საერთოდ, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ბიუჯეტის გაჯანსაღება; ქვეყანაში უნდა დაიწყოს რადიკალური დებიუროკრატიზაცია.

_ როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხთან მიმართებით?

_ რაც შეეხება დებიუროკრატიზაციას, ეს აუცილებელია, არ არის საჭირო, მინისტრს 5 და 7 მოადგილე ჰყავდეს თავისი შავი ჯიპებით, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობდნენ ათასნაირი შეღავათით, სპეცმომსახურებით და ა. შ.

არ არის აუცილებელი, პარლამენტში ზვიად ძიძიგური შავი ჯიპით მოდიოდეს. ამის გარეშეც ძალიან კარგად შევძლებთ კანონების მიღებას. ფუფუნება წარსულს უნდა ჩაბარდეს. ხალხს უნდა დავუმტკიცოთ, რომ რეალურად გვინდა ლარის გამყარება. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ყველა იმ ინიციატივას დაუჭერს მხარს, რომელიც ხალხსა და ეკონომიკურ განვითრებას წაადგება. ჯიბრში არავის ვუდგებით. ჩვენი პირველი მოთხოვნა ის არის, რომ ფული უნდა დარჩეს ბიზნესს, სადაც სამუშაო ადგილები იქნება და არა ჩინოვნიკს, რომელიც თავისი ნებით ანაწილებს ამ ფულს და როგორც წესი, მთავრობისა და ამ ჩინოვნიკის მიერ შექმნილი პროექტები წარუმატებლად მთავრდება. საქართველოში ისტორიას არ ახსოვს, რომ ასეთი პროექტები სიცოცხლისუნარიანი ყოფილიყოს. ჩვენი მოთხოვნა სწორედ იმ ხარჯების შემცირებაა, რომლის დიდი ნაწილი არაეფექტიანი, უსარგებლო და ფუფუნების ხარჯებია. წარმოიდგინეთ, ყველა მინისტრს 5-6 მოადგილე ჰყავს, რისთვის სჭირდებათ?! ყველა სახელმწიფო უწყებას, რომელიც სამინისტრო არ არის, ასევე მოადგილეები ჰყავს. ამ უწყებებში არის დეპარტამენტები, რომელსაც თავისი მოადგილეები ჰყავს, შემდეგ განყოფილებები თავისი მოადგილეებით და ა. შ. საქართველოში არის მოადგილეობრივი მახინჯი სისტემა, რომელიც უზარმაზარ ფულს ნთქავს. ყველას ჰყავს ჯიპი, შეღავათები, სხვადასხვა პრივილეგია. მარტო მოადგილეების შეკვეცით საქართველოში შესაძლებელია, ერთი დიდი ბიზნესი დაფინანსდეს. რეალურად, მოადგილეობა პოლიტიკური მოსყიდვის ერთ-ერთი ფორმაა. როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, მახსოვს, ჰოლანდიაში ჩავედი, ბანკის ბრეზიდენტმა სადილზე დამპატიჟა, ფანჯრიდან დავინახე, მოდის კაცი, რომელიც ველოსიპედზე ზის და ხელში ქოლგა უჭირავს. წარმოიდგინეთ, საქართველოში კაცი ველოსიპედზე, ხელში ქოლგით, დაახლოებით ძველი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სიუჟეტად იქნებოდა აღქმული. როდესაც შემოვიდა, ჰოლანდიის ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აღმოჩნდა, მას მანქანა არ ემსახურებოდა და სამსახურში ველოსიპედით დადიოდა. ჩვენთან ბიუროკრატია ფუფუნების სტატუსს ნიშნავს. ვიმეორებ: მანქანას სჭირდება საწვავი, რემონტი, მძღოლი, მის მფლობელს კიდევ სჭირდება სხვადასხვა სამივლინებო თუ სხვა ხარჯები, ამაზე იხარჯება მილიონობით ფული.

_ სამინისტროების შემცირებაზე რას იტყვით?

_ ასევე უნდა გაუქმდეს მკვდარი სამინისტროები. ვიღაცას ჰგონია, რომ რამეს ნიშნავს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის სამინისტროები, ესენი არის ქვემდგომ უწყებებზე ზემდგომი დაწესებულებები, სადაც არავითარი საქმე არ კეთდება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო გზებს არ აშენებს, მშენებლობას კურირებს მასში შემავალი საგზაო დეპარტამენტი, ამ სტრუქტურებსაც უნდა სერიოზული რეფორმირება, მაგრამ თავისთავად საუფროსო უწყებები უნდა გაუქმდეს, ანუ საქართველოში უნდა მოხდეს ბიუროკრატიული აპარატის რადიკალური ცვლილება. რა თქმა უნდა, ადამიანებს შემცირებები შეეხება, მაგრამ ამ ფულის ბიზნესში დაბანდებით სამუშაო ადგილებს იქ იპოვიან. ასევე ეს ეხება თვითმმართველობას და ადგილობრივ მმართველობას, რომელიც გაივსო ნათესაური და სხვადასხვა ნიშნით დანიშნული ადამიანებით. უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ჩვენ ამის ინიიცირებას მოვახდენთ. ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ 27 კაცი საქართველოს პარლამენტში ხელწამოსაკრავია, _ დეპუტატების ეს რაოდენობა, თავისი გამოცდილებით, 270-ს უდრის.

 

                                                                                                         თამარ ბატიაშვილი