არის თუ არა ხელოვნურად გაზრდილი გამამართლებელი განაჩენების რიცხვი?!

vv

ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილი „ქრონიკა+“-ს იმ დანაშაულებზე ესაუბრა, რომლებსაც პროკურორები და მოსამართლეები სჩადიან. ამბობს, რომ ხშირად ამ უსამართლობას ავტორი და რეჟისორი ჰყავს, რომელიც გავლენის სფეროს ფლობს და მის მიერ „ჯოხის ქნევით“ ამ სტრუქტურებში საქმეები გვარდება.

თენგიზ ბეჟაშვილი:

_ სასამართლო სისტემაში ამჟამად უარესი მდგომარეობაა, ვიდრე გასულ წლებში. სააკაშვილის მმართველობის პერიოდის მდგომარეობა შენარჩუნებულია და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იქ არაფერი გამოსწორებულა. გამამართლებელი განაჩენების რიცხვს ესენი ფორმალურად ზრდიან იმიტომ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს რაღაც შეიცვალა. სინამდვილეში, რამდენიმე გამამართლებელი განაჩენია დამდგარი, რომელსაც სარეკლამოდ იყენებენ, დანარჩენი საქმეები, ვგულისხმობ ძველ საქმეებსაც, სადღაც აქვთ მიმწყვდეული და გამქრალი. „ოცნების“ ნაცვლად მე მეშინოდა იმ პირობისა, რომელიც ხალხთან დადეს, რადგან ოკეანის სიდიდის სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი. ეს დაპირება, ცხადია, ვერ შესრულდა. ძველი საქმეებისთვის ხელიც არ უხლიათ და იმ უსამართლობებს სხვებიც დაამატეს. უამრავი მასალა წავიდა პროკურატურაში იმ იმედით, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, მაგრამ ყველა საქმე იგივე პასუხებით დაბრუნდა უკან, რასაც მანამდე გვაძლევდნენ. საქართველოში კვლავ მძლავრობს, ჯერ კიდევ, კომუნისტების პერიოდიდან წამოსული ბიძაშვილ-მამიდაშვილობა, მეგობრობა, აღებ-მიცემობა და ა. შ. გარდა ამისა, მთავარ პროკურატურაში, რაიონულ პროკურატურებში სააკაშვილის პერიოდის მოხელეები დარჩნენ და ისინი საკუთარ თავს ხომ არ წაუყენებენ ბრალს? გამორიცხულია, გამომძიებელმა თავად აღიაროს დანაშაული და საკუთარი ფეხით წავიდეს ციხეში. ცხადია, ვინმეს ციხეში გამოკეტვით არ ვართ დაინტერესებულნი, შეიძლება, ვიღაც-ვიღაცებს დანაშაული აპატიონ კიდეც, მაგრამ დაზარალებულებმა რა ქნან? ბოდიში მაინც მოუხადონ და უთხრან, რომ მათი დაცვის არანაირი მექანიზმი არ გააჩნიათ.

_ ძველი საქმეები საზოგადოებისთვის ცნობილია. ისიც ვიცით, რომ ამ საქმეებზე „ოცნების“ ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენის დაპირება გასცა, მაგრამ ამის გამოსასწორებლად არაფერი გააკეთა. ამჯერად ახალ უსამართლობებზე ვისაუბროთ, ბატონო თენგიზ.

_ ახალი უსამართლობები „ოცნების“ ხელისუფლების ხელდასხმით ხდება. ამათაც მხოლოდ საკუთარი ახლობლების საქმეების მოგვარება აინტერესებთ, რისთვისაც აქტიურად იყენებენ წინა ხელისუფლების „ჩალიჩმაისტერებს“.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯაგაშვილი ჩხუბის გამო გასამართლდა. მას ადამიანის დაჭრას ედავებოდნენ, რაც ტყუილი იყო, თუმცა ამჯერად  საკითხის ამ კუთხით განხილვას არ ვაპირებ. ყველა შემთხვევაში პროკურატურა ვალდებული გახლდათ, რომ სიღნაღის სასამართლოში მტკიცებულებები შეეტანა არაუგვიანეს 5 დღისა, მაგრამ მან ერთი დღის დაგვიანებით შეიტანა, რაც არ შეიძლებოდა. საკასაციო საჩივარი პროკურატურაში, ან სასამართლოში როცა გარკვეულ დროში წარსადგენია და მას ერთი საათით გადააცილე, გეუბნებიან, რომ მტკიცებულებებს ძალა ეკარგება და აღარ განიხილებაო. ჯაგაშვილთან დაკავშირებითაც ასე უნდა მომხდარიყო _ რადგან პროკურატურამ მტკიცებულებების მიტანა დააგვიანა, ის სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიეჩნია. ეს საქმე სახალხო დამცველთანაც გავგზავნე და მისგანაც ვითხოვ, რომ სამართლიანობა აღდგეს. სასამართლო რატომ უნდა მიიჩნევდეს პროკურატურის კანონდარღვევას მისაღებად და მხოლოდ რიგით მოქალაქეს, ან ადვოკატს რატომ უნდა სთხოვდეს მის დაცვას? ეს შერჩევითი სამართალია! ცხადია, იუსტიციის საბჭოშიც შევიტანე საჩივარი მოსამართლის წინააღმდეგ, მაგრამ იქაც უშედეგოდ დატოვეს.

კიდევ ერთ საინტერესო საქმეზე მოგიყვებით: თამარ ხატიაშვილი ასაკოვანი ქალბატონია. ის დედოფლისწყაროში, თავის დასთან იმყოფებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, თავისი კუთვნილი ბინა გაეყიდა მეორე სოფელში. მყიდველს ერთი თვის ვადა მისცა გასაფორმებლად, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ქალბატონმა, იმის გამო, რომ ბინა აღარ ჰქონდა, ინერვიულა, უფრო ცუდად გახდა. მისი და მყიდველს შეეხვეწა, _ გადახდილ 4 ათას დოლარს უკან დაგიბრუნებთ და ბინა ისევ გადაუფორმეთ, თორემ მოკვდებაო. აღმოჩნდა, რომ მყიდველს ბინა ოფიციალურად გაფორმებული ჯერ არ ჰქონდა და იგი კვლავ თამარ ხატიაშვილის საკუთრებაში იყო. როცა ადამიანი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას აღარ აფორმებს, ეს წმინდა წყლის სამოქალაქო ურთიერთობაა. ამის შემდეგ ხატიაშვილის ოჯახმა მყიდველს მოცემული თანხა დაუბრუნა და ბინა საკუთრებაში დაიტოვა, მაგრამ მყიდველმა იჩივლა და სამართალდამცველებმა თამარ ხატიაშვილის გასახლება მოინდომეს.

_ თუ ბინა ისევ ხატიაშვილზე იყო გაფორმებული, სამართალდამცველები კანონის ძალით როგორ გაასახლებდნენ საკუთარი ბინიდან?

_ დედოფლისწყაროსა და მთელ კახეთში ყველამ იცის, რომ თამაზაშვილი „მეფობს“ და მას თუ მოუნდა, სწორად დაყენებულს ყირამალა ამოატრიალებს. ჩემი ინფორმაციით, ამ ბინის მყიდველებმაც მასთან მისასვლელი გზა მოძებნეს და აქედან მოხდა შემდგომ ამ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების პარალიზება. სხვა საქმეებიც არის, როდესაც საქმეში თამაზაშვილები ჩაერივნენ და მიმართულება შეუცვალეს. ამის დამტკიცება, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ფაქტები სწორედ ამაზე მიგვითითებს. კახეთში ყველამ იცის, რომ როცა მართლმსაჯულებაში ვინმე გაიჭედება, მაშინვე თამაზაშვილთან გარბის „საშველად“ და ისიც „შველის“.

მოკლედ, ყველაფერი ისე მოაწყვეს, რომ 70 წელს გადაცილებული, ავადმყოფი ქალბატონი თაღლითი გამოიყვანეს და ამ ვერსიაზე საქმეც ააგეს. ბევრი კანონი დაარღვიეს სამართალდამცველებმა, რომ საწოლს მიჯაჭვული ხატიაშვილი გაემტყუნებინათ და საქმე მომჩივნის სასარგებლოდ გადაეწყვიტათ. ხატიაშვილმა ამასობაში ბინა ახლობელზე გაყიდა იმ შეთანხმებით, რომ სანამ გარდაიცვლებოდა, თავადაც იქ იცხოვრებდა. ეს ამბავი 2013 წელს მოხდა, მაგრამ სიღნაღის პროკურატურამ ბრალში ჩაწერა, თითქოს 2012 წელს მოხდა.

_ რატომ ჩაწერა?

_ ეტყობა, პროკურორს „ეძინა“, როცა ბრალს წერდა! თამარ ხატიაშვილს ბრალი წაყენებული აქვს 2012 წლის იანვრის მდგომარეობით. მთელი გამოძიება ამ მიმართულებით წაიყვანეს, სასამართლოც სათანადოდ არ დაინტერესდა და შედეგზეც ახლავე მოგახსენებთ: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მე ვამართლებდი და ამიტომ არ შემეძლო მეთქვა, დანაშაული 2013 კი არა, 2012-ში მოხდა-მეთქი. მე ვამტკიცებდი, რომ დანაშაული არ მომხდარა. ეს არის ჩემი პოზიცია, ამიტომ ვერ შევძელი აღნიშნულ კანონდარღვევაზე ყურადღების გამახვილება. 2012 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო დადგა ხატიაშვილის განაჩენი, რაზეც ამნისტია გამოვიდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი 2013 წლის იანვარში მოხდა. მომჩივანმა მხარემ, როგორც ჩანს, კიდევ ირბინა და სააპელაციო სასამართლოს წევრმა, გიორგი (გერონტი) კახეთელიძემ ეს დანაშაული „შეამჩნია“, თუმცა მან ამ ბაკქანალიას თავისი წვლილიც დაუმატა. მან თქვა, რომ ეს მოხდა 2013 წელს და ამნისტია არასწორად აქვს შეფარდებულიო. როდის მოხდა ეს ფაქტი, ამას მანაც აუარა გვერდი. ბევრი რამ გააყალბა კახეთელიძემ, ათასი სისულელე ჩაიდინა და განაჩენი მაინც უცვლელად დატოვა, ამნისტია კი მოუხსნა.

_ მას პროკურატურის შეცდომა გამოუსწორებია და რას ერჩით?

_ სააპელაციო სასამართლოს არ აქვს უფლება, რომ ბრალის დრო შეცვალოს. სიტყვა „ტექნიკური შეცდომა“ სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს, თანაც როცა სასამართლო ამ ცვლილებით მხოლოდ ამნისტიას აუქმებს და ადამიანის ბრალს ამძიმებს, ძალიან საეჭვო და დამაფიქრებელია. კონსტიტუციაში წერია, რომ ბრალი არ შეიძლება შესწორდეს სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში. შეცდომა უნდა გასწორდეს პირველ ინსტანციაში, ზემდგომმა კი ან უნდა დააბრუნოს გამოძიებაში, ანდაც გაამართლოს ეს ადამიანი. კახეთელიძემ სხვა ეშმაკობაც ჩაიდინა: მან პროცესზე საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ განაჩენი უცვლელი დარჩა, მაგრამ როცა განაჩენი ფურცელზე ამობეჭდილი გადმოგვცა, იქ ეწერა, რომ ცვლილება უნდა შევიდეს. ამაზეც შევიტანე საჩივარი, რომ მოსამართლემ სხვა რამ გამოაცხადა და სხვა დაწერა. იუსტიციის საბჭოს ვთხოვე, ამ სხდომის აუდიო ჩანაწერი გამოითხოვოს, რადგან ზეპირად გამოცხადებული და დაწერილი ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ უშედეგოდ. შემდგომ საქმე უზენაეს სასამართლოში წავიდა და მან ხატიაშვილი თაღლითობის ნაწილში გაამართლა, რადგან ოფიციალურად მომჩივანს ბინა გაფორმებული არ ჰქონდა, ფულიც უკან დააბრუნეს და თაღლითობა როგორ იქნებოდა? თუმცა უზენაესმა სასამართლომ უკვე თავის მხრივ ჩაიდინა უსამართლობა და სხვა მუხლზე გადაიყვანა საქმე.

_ ეს რას ნიშნავს?

_ თაღლითობა არის 180-ე მუხლი და ხატიაშვილს უზენაესმა ეს მოუხსნა, მაგრამ საქმე გადაიტანა 185-ე მუხლზე, რომელიც გულისხმობს ქონებრივი ზიანის მიყენებას მოტყუებით, რაც სულ სხვა გარემოებაა. მან მტკიცებულებებად ისეთი ფაქტები გამოიყენა, რომელიც ოფიციალურად არ არის დადგენილი. თუ რა ზიანი მიადგა მომჩივანს იმით, რომ ბინაში გადახდილი თანხა ერთ თვეში უკან დაუბრუნეს და გაუფორმებელი ბინის გაფორმების უფლება აღარ მისცეს, უზენაესმა გაურკვეველი დატოვა. უზენაესში საჩივარი იმის გამო შევიტანეთ, რომ გამართლებას ვითხოვდით და მათ მუხლი შეგვიცვალეს, მეტ გაუგებრობასა და უსამართლობაში აღმოგვაჩინეს. ეს ჩაიდინა მოსამართლე მაია ოშხარელმა. სასამართლო გასცდა თავის კომპეტენციას და საკუთარი დასკვნები გამოიტანა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ბრალდებას არ აქვს წარმოდგენილი. მართალია, 185-ე შედარებით მსუბუქი მუხლია, მაგრამ უზენაეს სასამართლოს არ აქვს უფლება, ასე მოიქცეს და, ფაქტობრივად, ახალი ბრალი წაუყენოს ადამიანს. ეს ყველაფერი პროკურორებმა და მოსამართლეებმა იმიტომ ჩაიდინეს, რომ საქმეში ე. წ. კახელების კლანი და მათი მეთაური, ღარიბაშვილის სიმამრი ჩაერია. კახეთის ყველა რაიონში პოლიციასა და პროკურატურას ეს ადამიანი აკომპლექტებს, სასამართლო სისტემაზე ხელი მიუწვდება. მით უფრო, რომ მოსამართლე ოშხარელიც წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის.

37 წელია, ადვოკატი ვარ, ამ რეგიონში ვმუშაობ და ზეპირად ვიცი, ვინ რით სუნთქავს. ფაქტი ერთია: მაღლა ზის წითელი მამალი ინდაური და ის განკარგავს კანონისა და კონსტიტუციის დამცველთა ქმედებებს.

_ „წითელ მამალ ინდაურს“ ვის უწოდებთ და რატომ, ესეც აგვიხსენით?

_ მამალია იმიტომ, რომ ზეგავლენა აქვს და წითელია იმიტომ, რომ კარგად ამჩნევენ, ხოლო ინდაურს რატომ ვადარებ, ესეც, ალბათ, გასაგებია. ეს არის პირი, რომელმაც არაოფიციალურად კონკრეტულ საქმეს ბეჭედი დაასვა და თქვა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდაო. მონებიც უკანონობებს უსრულებენ. ასეთ ადამიანს დაექვემდებარა სიღნაღის პროკურატურა, სასამართლო, შემდეგ სააპელაციო სასამართლო და უზენაესი სასამართლოც კი და სხვაგან სად უნდა იპოვოს ადამიანმა სამართალი?

ქალაქ სიღნაღში ბანკის მთავარი მოლარე ქალბატონი ავად გახდა, სიმსივნე გაუჩნდა. ცხადია, სამსახურში ვეღარ დადიოდა, რადგან ქიმიოთერაპიას იკეთებდა და საწოლიდან ვეღარ დგებოდა. აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონსა და სიღნაღის პროკურორ დავით მჭედლიშვილის სიდედრს ერთმანეთში ფინანსური, არაოფიციალური ურთიერთობები ჰქონდათ და როგორც იტყვიან, ერთად ჩალიჩობდნენ წლების განმავლობაში. პროკურორის სიდედრი სიღნაღის რაიონში დოლარებს თავისი მეზობლის სახელით აპროცენტებდა, რომელიც სოციალურად დაუცველია. ავადმყოფ ქალბატონსაც ხელწერილის გარეშე ჰქონდა გარკვეული ფული აღებული პროკურორის სიდედრისგან და მისი ავად გახდომის შემდეგ ამის გამო მის ქმარს აწუხებდნენ, _ შენს ცოლს ვალი აქვს და შენ დაგვიწერე ხელწერილიო. საუბარი იყო 15 ათას დოლარზე. აღმოჩნდა, რომ ავადმყოფმა ქალბატონმა ეს ყველაფერი იეჭვა და ყველასგან ჩუმად, საკუთარ სახლში ჩანაწერი დააყენებინა, რომელმაც ჩაიწერა, როგორ მიდიოდა მათთან სახლში მჭედლიშვილის სიდედრი და ამ ქალის ქმარს ეუბნებოდა, გინდა თუ არა, შენი ცოლის წაღებული ფული დამიბრუნეო. აქედან აშკარა გახდა ის გარემოება, რომ ფულს, სინამდვილეში, სოციალურად დაუცველი ოჯახი კი არ აპროცენტებდა, როგორც ეს დოკუმენტებშია ასახული, არამედ პროკურორის სიდედრი იყო მევახშე. აუდიოჩანაწერის ექსპერტიზაც ჩატარდა, რომელმაც დაადგინა, რომ ეს ნამდვილად პროკურორის სიდედრის ხმაა, რომელიც მიდიოდა და ავადმყოფის მეუღლეს აწუხებდა. ანუ ნამდვილი მევახშე არის ის და არა მესამე პირი, რომელმაც პროცესი მოიგო. ამ კაცს დიდი ზემოქმედების შემდეგ მაინც დააწერინეს ხელწერილი, ფაქტიდან ორ დღეში კი მან სიღნაღის პროკურატურაში განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა გამოიყენეს, _ პროკურორის სიდედრი მომაკვდავი ცოლის ოთახში მიყვიროდა, ხომ არ ვანერვიულებდი ავადმყოფს და ამიტომ დავუწერე ხელწერილიო, მაგრამ ამას ყურადღება არავინ მიაქცია. ხელწერილმა, თითქოს ამ კაცის ცოლმა სოციალურად დაუცველი პიროვნებისგან ისესხა ფული, ყველა სასამართლო პროცესი რიხინ-რიხინით გაიარა და არავინ დაინტერესებულა, საიდან ჰქონდა სოციალურად დაუცველ ადამიანს ამდენი ფული? ბოლოს მაინც დადგინდა, რომ ეს ვალი ავადმყოფის ქმარს უნდა გადაეხადა. ფარატინა ხელწერილზე, რომელზეც კაცი აცხადებდა, რომ ძალით დააწერინეს, 15 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს. პროცესი დასრულებული არ იყო, ამ ადამიანს ცოლი რომ გარდაეცვალა და ეს ჩანაწერიც მერე აღმოჩნდა. წესით, ამას მდგომარეობა უნდა შეეცვალა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ამ მტკიცებულებისთვის ხელი არავის უხლია. აპელაციაც უშედეგოდ გავიარეთ. ერთ-ერთ მოსამართლეს ამ კაცის საუბარზე ცრემლებიც კი წამოუვიდა, რადგან ალალად ამბობდა, _ ხალხი არ ხართ, მე არავითარი ვალი არ ამიღია, ჩემმა ცოლმა თუ ვინმეს რაიმე გამოართვა, ის ცოცხალი აღარ არის და ხელწერილი კიდევ ძალის გამოყენებით დამაწერინესო. სააპელაციო სასამართლოში ერთ-ერთი მოსამართლე ადეიშვილი იყო, რომელიც ცუდ პიროვნებად ხასიათდება. ამჯერად დავით კოჭლამაზაშვილის გავლენით მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. კოჭლამაზაშვილი ერთ-ერთ რაიონში ახლაც პროკურორია და ცხადია, გავლენები კვლავ აქვს. ამის შემდეგ უზენაეს სასამართლოში ჩვენი საჩივარი აღარ მიიღეს, უკან დაგვიბრუნეს და  საკმაოდ დიდი ოდენობის ბაჟიც შეგვატანინეს.

არსებობს „კანონიერი ქურდი“, მაგრამ ესენი თანამდებობრივი ქურდები არიან, რომელთა გავლენები უფრო მეტია, ვიდრე კანონი.

კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე მოგიყვებით: სიღნაღის რაონში ერთ-ერთი პიროვნება პოლიციელებმა სცემეს. ეს ადამიანი იმავე ღამეს სასწრაფომ საავადმოფოში გადაიყვანა და შედგა დოკუმენტები, რომელიც მის სასტიკად ნაცემობას ადასტურებს. მტკიცებულებები პროკურატურაში შევიტანეთ და გამოძიების დაწყება ვითხოვეთ. რადგან დამნაშავე პოლიციელების გაწირვა არ მოისურვეს, ასეთი რამ მოიმოქმედეს: სამი-ოთხი წელია, გამოძიება მიდის და არაფრით არ მთავრდება. მთავარ პროკურატურას მივმართეთ, რომ განგებ ჭიანურდება. საქმე თელავის პროკურატურაში გადაიტანეს. დაკითხვაზე დაზარალებული გამოიძახეს და მასთან ერთად მეც წავედი, მაგრამ დაკითხვას ადვოკატი რომ დასწრებოდა, უარი განგვიცხადეს, ორდერი არ გაქვთო. სიღნაღის პროკურატურაში ეს საქმე მინაშვილს ეწერა. როცა მან გაიგო, რომ საქმე თელავის პროკურატურას დაეწერა, საქმიდან ჩემი ორდერი და ყველა მტკიცებულება ამოიღო, რომელიც ცემის ფაქტს ააშკარავებდა.

_ ასეთი რამ შესაძლებელია?

_ ამათთვის ყველაფერი შესაძლებელია. მინაშვილმა გამოშიგნული საქმე თელავს გადაუგზავნა, სადაც აღარც ჯანმრთელობის ცნობები იდო და აღარც ჩემი ორდერი. მაშინვე დავწერე საჩივარი, სიღნაღის პროკურატურას დავურეკე და ვუთხარი, რომ ამ საქმეს რეაგირების გარეშე არ დავტოვებდი. ასლები შენახული მაქვს. ამ საქმეს გენერალური ინსპექცია უშედეგოდ იძიებდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემაც მისწერა წერილი. ჩადენილია დანაშაული, მაგრამ საქმე თელავის პროკურატურაში ამ დრომდე რეაგირების გარეშე დევს და წინ არ მიდის, მინაშვილი კი დააწინაურეს და თბილისის პროკურატურაში გადმოიყვანეს.

ასეთი რამეები ახლაც ხდება და როგორ უნდა მიხედოს ამ ხალხმა ძველ საქმეებს, ან როგორ უნდა აღასრულოს სამართლიანობა საქმეებზე, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში მოხდა? როცა ეს დაპირება მოგვცეს, უამრავი საქმე ავკინძე და საკუთარი ხელით ჩავიტანე თელავის პროკურატურაში, მაგრამ იქ სიცილით მოკვდნენ.

_ ანუ რიგითი ადამიანი სამართალს დღესაც ვერ იპოვის?

_ ვერ იპოვის, თუ მას რომელიღაცა „წითელმა მამალმა ინდაურმა“ ვეტო დაადო. ჩვენს ქვეყანაში კი „მამალი წითელი ინდაურების“ ცვენაა.

იმ საქმეებში, სადაც ასეთი ხალხი ცხვირს არ ჰყოფს, ადვოკატები სამართლიანობას ვაღწევთ, მაგრამ სადაც ესენი არიან გამოჩხერილები, მარტო ადვოკატი კი არა, კანონი, სამართალი და კონსტიტუციაც კი უძლურია.

უამრავი საჩივარი დავწერე. მაგალითად, სიღნაღის სასამართლოს მოსამართლე ბონდარენკოს წინააღმდეგ, ასევე ბუგიანიშვილზე, რომელიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ძმა გახლავთ. ყველა მოსამართლის, პროკურორის დანაშაულსა და გადაცდომაზე რომ მოგიყვეთ, გაზეთის ფურცლები არ გვეყოფა. პროკურორებისა და მოსამართლეების 70% თავად არის გასასამართლებელი და ციხეში გამოსაკეტი. ბედის ირონიაა, ისინი სხვებს რომ ასამართლებენ!

 

 

                                                                                                             ნელი ვარდიაშვილი