ეკონომიკის ექსპერტიც იყავი, სოსო?!

ss

„ბანკის დახმარების გარეშე ეკონომიკის განვითარება არ არსებობს, მსოფლიოში ეს მიღებული თემაა, ამიტომაც ბანკები, ძირითადად, ორიენტირებულები არიან ამაზე. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ასე არ ხდება, ანუ იმის მაგივრად, რომ საბანკო სისტემამ ხელი შეუწყოს ეკონომიკისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარებას, პირიქით, _ ის საწინააღმდეგო როლს ასრულებს, აკნინებს მას, ასუსტებს ეკონომიკასა და მთლიან სისტემას. ეს გამოწვეულია პროცენტებით. მე უფრო მინდა ვისაუბრო იმ არაადეკვატურ პროცენტებზე, რომელიც საქართველოში ბანკებმა დაადგინეს. იმდენად დიდია განსხვავება, რომ წარმოუდგენელია, ამით ეკონომიკა და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა განვითარდეს, სადაც მოგების შანსი ძალიან დაბალია. თუ ევროპულ ბანკებსა და ქართულ ბანკებს შორის შედარებას გავაკეთებთ, იქ წლიური არის 1-3%, ხოლო საქართველოში მერყეობს 24-დან-36%-მდე. ხშირად არის 16% და 14%, რაც განსაკუთრებულ შემთხვევებში აქვთ, ალბათ, კორპორაციულ და მსხვილ კლიენტებზე“.

 

ეს სიტყვები სოსო გოგაშვილს ეკუთვნის, ოღონდ არა ახლა, არამედ წინა ცხოვრებაში. 2012 წლის 14 მაისს გოგაშვილმა, როგორც ეკონომიკის ექსპერტმა, მედიაკავშირ „ობიექტივის“ ეთერში საბანკო პოლიტიკაზე ისაუბრა. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ კაცი, რომელიც ეკონომიკის ექსპერტის რანგში საუბრობდა, სულ რაღაც ერთი წლის მერე ძალოვანი სტრუქტურის წამყვანი ფიგურა გახდებოდა, 4 წლის შემდეგ კი _ სახელმწიფო უსაფრთხოების „ხერხემალი“. ამ ჩანაწერის გარდა არსად არ არსებობს მისი, როგორც ეკონომიკის ექსპერტის არც ინტერვიუ და არც მიმოხილვა.

საუბრის დროს გოგაშვილი საქართველოში მოღვაწე ბანკების წინააღმდეგ გამოდის. მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორის სუფთა მოგება 10-ჯერ მეტად სჭარბობს საზღვარგარეთ არსებული ბანკების მოგებას. მისი აზრით:

„2011 წელს, ფულადი მოგების სახით, საბანკო სექტორს 350 მილიონი ჰქონდა იპოთეკის განხრით სუფთა მოგება. მე მონაცემები მაქვს. არის ორგანიზაცია, რომელიც „პროკრედიტ ბანკმა“… „პროკრედიტ ბანკი“ შედარებით ლიბერალურად ექცვა თავის კლიენტებს, ვიდრე „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ტაოპრივატ ბანკი“, „კონსტანტა“. მაგათზე ლეგენდები დადის ხალხის ტერორის გამო. 6243 ადამიანი რამდენიმე ხნის წინ მევალეთა სიაში შეიყვანეს. იცით, ალბათ, რაზეც ვსაუბრობ, _ ეს არის ადამიანი, რომელსაც უკვე არანაირი ქონება აღარ გააჩნია, რომელსაც არ აქვს უფლება, რაიმე საბანკო ოპერაცია ჩაატაროს, კომუნალურსაც ვერ გადაიხდის. პერსპექტივა არ აქვს, სადმე სამსახური დაიწყოს. თუ დაიწყებს, იქაც ირღვევა კანონი. ევროპაში თუ 0,7-დან 2%-მდე ეჭრება ვადაგადაცილებული სესხის პროცენტი, აქ მთლიანს აჭრიან. კარგ შემთხვევაში ნახევარი, 50% თუ ჩამოაჭრეს, ხო… ამ კრედიტინფოში ორი მილიონი რეგისტრირებულია, ე. ი. რომელსაც პრობლემა შეექმნა, ანუ 800 000 ადამიანი არის ძებნილი. 11500-მა კომპანიამ, რომელსაც დავალიანება ჰქონდა, ვერ გადაიხადა, მისამართი შეიცვალა, ან, დავუშვათ, ის ორგანიზაციები ატერორებენ, რომლებიც ბანკებმა შექმნეს, რომ ეს ფული ამოიღონ“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე 2012 წლის მაისში ამბობს, რომ სახელმწიფოში ბიზნესი აღარ არსებობს და ამის პრობლემა სწორედ საბანკო სექტორია. ბიზნესის არარსებობის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გოგაშვილი თაღლითური სქემით ხსნის და დაბეჯითებით ყვება, რომ ბანკები თაღლითები არიან:

„ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, შემცირებულია ბიზნესსესხების გაცემა იმიტომ, რომ აღარ არის ბიზნესი და სესხს ვინ აიღებს? შეგიძლიათ გადაამოწმოთ: უბრალოდ, მიხვიდეთ ნებისმიერ ფილიალში, ბანკში და დაინახავთ, რამდენი ცარიელი მაგიდა უდგათ, სადაც ადრე კრედიტოფიცრები ისხდნენ და შტატები აქვთ შემცირებული. მაგალითად, თუ იყო 4-5 კრედიტოფიცერი, ახლა არის ერთი. ანუ ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მოთხოვნა აღარ არის, უფრო სწორად, მოთხოვნა როგორ არ არის, მაგრამ ამ ტიპის სესხებზე, უბრალოდ, ის ბიზნესი გადახდას ვერ უზრუნველყოფს და აღარ არსებობს. კიდევ მინდა ვთქვა ერთი რაღაც: ეს არის კვალიფიციური თაღლითების ინსტიტუტი, რომელიც ქართველ ხალხს ატყავებს! მეტს ვერაფერ დავარქმევ! იმიტომ, რომ როდესაც ადამიანს ხელშეკრულების გაფორმების დროს პირდაპირ ატყუებ იქ ჩადებული პირობებით, არ უხსნი ბოლომდე, ჩვენი ბრალიცაა, როდესაც რაღაცას აწერ ხელს, 90% საერთოდ არ უყურებს, რაზე აწერს ხელს, ამ შემთხვევაში ბანკი თავს იმართლებს, რომ ხელი მოაწერა და დაადასტურა. მინდა, ამათი თაღლითობის მაგალითი მოვიყვანო: საკრედიტო ბარათები, რომლებსაც რეკლამირებას უკეთებდნენ „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკიც“, რომ ნულპროცენტიანი, ანუ უპროცენტო იყო, ეს არის ერთ-ერთი თაღლითური სქემა. ამათ არანაირი უპროცენტო არ აქვთ. იქ შეტანა-გამოტანის პროცენტს გართმევენ 3-დან-5%-მდე, ანუ ეგ არის სესხი 36%დან 60%-მდე. გააჩნია, როგორი ბარათია. საკომისიო ჰქვია, მაგრამ, სინამდვილეში, ეგ არის პროცენტი. ამით ძალიან ბევრი ხალხი ჩაითრიეს ამ ამბავში. ამ პრობლემის მოგვარების გზები არსებობს და ამაზე ხალხი მუშაობს. თვითონ ადამიანები უნდა მიხვდნენ, სად არიან ჩათრეულები. მათ შორის კონსოლიდაცია არ არსებობს, თორემ ეს 800 000 კაცი, რომელიც იძებნება, რომლებსაც ამის მერე გაუყიდეს სახლი, წაართვეს მოძრავი ქონება, კიდევ ვალი დარჩათ და მთელი ცხოვრება უნდა იხადონ ის ვალი, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, შემდეგ როდესაც გადასცდება ათმაგ ოდენობას საწყისი თანხისა, ძირისა და შემდეგ გთავაზობენ, რომ იცით, ნახევარს ჩამოგაჭრით და მოდი, ეს მაინც გადაიხადე, სიხარულით თანხმდებიან ამაზე და უნდა იაზრებდნენ, რას აკეთებენ. ასე პირდაპირ ბრძოლა მიდის ხალხთან! არანაირი ინტერესი, რა სისტემა?! რა საბანკო სისტემა?! რა ეკონომიკური სისტემა?! ეს არის თაღლითური სექტორი! ეს სულ სხვა რამეა. ყველგანაა, მაგრამ როდესაც საკრედიტო საბანკო სისტემა მიზანმიმართულად მოწადინებულია, დააარბიოს ეკონომიკა და ხალხი გააღატაკოს, მონურ რეჟიმში გადაიყვანოს, რაზეა ლაპარაკი!“

გოგაშვილის განსაკუთრებული აგრესია ინტერვიუს დროს „საქართველოს ბანკზე“ და ლადო გურგენიძეზე ვრცელდება: „წეღანაც აღვნიშნე, ეს არის ერთიანი თაღლითური გეგმა, რომლითაც მთელი მოსახლეობის ფულადი სახსრების აკუმულირება ხდება რამდენიმე ადამიანის ჯიბეში და ამის დამადასტურებელ ფაქტებს გეტყვით. მაგალითად: „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში ისეთი სქემა დალაგდა: ლადო გურგენიძე იყო „საქართველოს ბანკის“ სამელთვაყურეო საბჭოს თავმჯდომარე და იმ პერიოდში სესხები გამარტივდა, 17000-მდე ლარის ოდენობით გადიოდა უგირაო სესხები და როგორც ვიცით, ამ საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარე და მიმდინარე გადასახადებიდან უმრავლესობა შავი ბუღალტერიით მუშაობდა. რა თქმა უნდა, ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში ეს კანონდარღვევაა და ისჯება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესისთვის კაბალური პირობებია და როდესაც კლიენტი ბანკში მიდის, იქ წარადგენს იმ შავ ბუღალტერიას, რომლითაც შემოსავალი აქვს, ამას თვითონ კრედიტოფიცერი სთხოვს, რომ რეალური გადასახადი რაც გაქვს (არა ის, რასაც საგადასახადო გიჩვენებს), ის მომეცი, რომელსაც რეალური ბრუნვა აქვს, შავი რაცაა. ამას ბანკი არ უნდა აკეთებდეს, ეს ხომ დანაშაულია! ამით დანაშაულს ფარავს. დანაშაულია, როდესაც ბიუჯეტში რომელიღაც ორგანიზაციას ფული არ შეაქვს, მალავს და თანამონაწილე ხდება _ ეს ერთი. „საქართველოს ბანკში“ შავი ბუღალტერიის ძალიან ბევრი მასალა დაგროვდა, რომელიღაც ორგანიზაციას შემოსავალი მილიონი ჰქონდა და ასი ათასს აჩვენებდა, ეს ბანკმა შეიტყო. ამის მერე ლადო გურგენიძე პრემიერ-მინისტრად გადავიდა, ანუ ის თავისუფლად გამოიყენებდა იმ კონფიდენციალურ ინფორმაციებს, რომლებიც ორგანიზაციებმა იმ კრედიტოფიცერებთან მიიტანეს და ზუსტად დაემთხვა 2008 წლის ამბებს, რომელშიც სახელმწიფოს დიდი როლი მიუძღოდა და შემდეგ დატერორება დაიწყო: ამ ორგანიზაციებიდან რეალურად იცოდნენ, ვის რამდენი ჰქონდა შემოსავალი, დაიწყო საგადასახადოს, საფინანსო პოლიციის შესვლა, _ დააჯარიმეს, ქონება დაუყადაღეს, ისევ კაბალური მეთოდებით ამ სესხებში ჩაითრიეს, სესხები ააღებინეს, რომ ეს არარეალური ჯარიმები გადაეხადათ და ასე აღმოჩნდა ამ კლანჭებში დიდი ობიექტი“.

დაბოლოს, 2012 წელს სოსო მთავრობის მუშაობას აფასებს: „სასაცილო ის არის, როდესაც ჩვენი მთავრობა ევროპასა და აშშ-ს ჰბაძავს კომუნალური გადასახადებისა და ყველაფერ იმის ამოღებაში, რაც ადამიანისგან ამოსაღებია და არ ჰბაძავს მოსახლეობისთვის კარგის კეთებაში!“

 

როგორ განვითარდა მოვლენები 2012 წლის შემდეგ ეკონომიკის ექსპერტ გოგაშვილის ცხოვრებაში?

გოგაშვილმა ინტერვიუს დროს არა მარტო საყოველთაო პრობლემაზე, არამედ ინდივიდუალურზეც ისაუბრა, თუმცა არ დაუზუსტებია, რომ სწორედ ის იყო ბანკების მიერ ერთ-ერთი დაზარალებული. იმავე წელს, როცა გოგაშვილი ეკონომიკის ექსპერტად გვევლინება, გუგლის საძიებო სისტემაში უმარტივესად იძებნება, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს „საქართველოსა“ და „ტაოპრივატ ბანკთან“ სასამართლო პროცესები აქვთ.

2013 წლიდან გოგაშვილი მისთვის ყველაზე უცნობი სისტემის თანამშრომელი ხდება: ჯერ გენინსპექციაში იწყებს მუშაობას, ხოლო შემდეგ მინისტრის მოადგილეც კი ხდება…

გოგაშვილის აუარება ვალის შესახებ ცნობები ახლაც კი მარტივად მოსაპოვებელია… თუმცა 2012 წლიდან 2016 წლამდე, ოთხი წლის მანძილზე, გოგაშვილი, სახელმწიფოსგან მიღებული სოლიდური ხელფასით, თითქმის, ყველა ვალს ფარავს. სავარაუდოდ, ხელფასიც არ ეყოფოდა და მავანნი ეხმარებოდნენ…

თუმცა 2016 წელს გოგაშვილი სწორედ იმ ბანკისგან ყიდულობს ბინას და ტვირთავს იპოთეკით, რომელსაც აკრიტიკებდა. კერძოდ, საუბარია „საქართველოს ბანკზე“. იმავე ბანკის საკუთრებაშია ის მიწებიც, რომელსაც მისი ოჯახის წევრები ეუფლებიან…

უკეთეს 2016 წელს „საქართველოს ბანკის“ დედოფლისწყაროს მენეჯერად გვევლინება გოგაშვილის ნათესავი, ალექსანდრე-ალიკა გოგაშვილი. ეს ბანკი გოგაშვილისთვის მთავარი ზარდახშა აღმოჩნდა, სადაც ფულს სწორად დებს და შესაბამის ინვესტიციას იღებს. ახლა კითხვა?! _ „საქართველოს ბანკი“ ისევ თაღლითია?

რამდენად გულწრფელი იყო 2012 წლის ინტერვიუს დროს ექსპერტი? რა თქმა უნდა, გულწრფელად საუბრობდა. ეს ერთადერთი ვიდეოჩანაწერია, სადაც გოგაშვილი ჩანს და მისი შეფასებები გვესმის. არც მანამდე და არც ამის შემდეგ გოგაშვილი ეთერში არავის უნახავს…

მთავარი, რაც 2016 წლის გადასახედიდან ჩანს, არის ის, რომ გოგაშვილმა „საქართველოს ბანკის“ მიმართ აგრესია შეცვალა და მასთან თანამშრომლობა გააგრძელა…

საინტერესოა, დღეს გოგაშვილი ბანკებისთვის ვიაიპი კლიენტად მიიჩნევა, თუ რიგითად?

როცა გოგაშვილი გურგენიძეს აკრიტიკებს, იქ ერთი მთავარი კითხვა ჩნდება, _ თუ გოგაშვილისეული ლოგიკით გურგენიძემ ბანკიდან 2008 წელს პერსონალური ინფორმაციები გაიტანა, რატომ არ დგება 2012 წლის შემდეგ გურგენიძის პასუხისმგებლობის საკითხი?! თუმცა გოგაშვილისავე ლოგიკას თუ მივყვებით, საინტერესოა, თუ მეწარმეებს შავი ბუღალტერია აქვთ და ისინი სახელმწიფოს რეალურ შემოსავალს უმალავენ, რა უნდა გააკეთოს მაშინ სახელმწიფომ, _ მადლობა გადაუხადოს, თუ კანონის მიხედვით მოიქცეს?

თუ სახელმწიფოში 2012 წლის მაისში ბიზნესი არ არსებობს, როგორ შეიძლება ავხსნათ დღევანდელი სურათი _ ბიზნესი ქუხს და ლარი გაუფასურებულია?!

დასასრულ, გოგაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეა. კითხვა, _ ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ ტერორთან ბრძოლა არ არის, ქვეყნის მთავარი უსაფრთხოება, სწორედ, მისი მყარი ეკონომიკის შექმნა და ეკონომიკაში ანტიკრიზისული გეგმის შემუშვებაა. თუ გოგაშვილი ინფორმაციას ფლობს, რომ ბანკები მოსახლეობის მტრები არიან და თაღლითობენ, მისი სამსახური რატომ არ ავლენს ადეკვატურ დამოკიდებულებას?!

 

P. S. სოსოს შესაძლებლობებს აშკარად არასწორად ვაფასებთ…

 

                                                                                                                              მაკა მოსიაშვილი