აკაკი მინაშვილი: „რომ არა სააკაშვილი, როგორც ლიდერი _ არც ეს გუნდი იქნებოდა“

44

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი, პარტიაში მიმდინარე პროცესებსა და სოცქსელებში დაწყებულ მსჯელობას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პარტია, დადებით პროცესად მიიჩნევს და ამბობს, რომ პარტია ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე და არა პირიქით. მისივე თქმით, ყრილობა წარმომადგენლობითი უნდა იყოს, ხოლო ენმ ისეთივე სახალხო უნდა გახდეს, როგორიც 2000-იანი წლების დასაწყისში იყო.

აკაკი მინაშვილი ენმ-ს დეპუტაციის მძიმე ხვედრზეც ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ, ზოგადად, პოლიტიკოსის ხვედრია მძიმე, ხოლო პარტიამ, მისი აზრით, მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნა კი არა, პოლიტიკური ბრძოლის სხვა ფორმები და სხვა არენაც უნდა გამოიყენოს. აკო მინაშვილის თქმით, მთავარია არა პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები, არამედ ივანიშვილის დამარცხება, რაც წარმოუდგენელია სააკაშვილის გარეშე. აქედან გამომდინარე, მას პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის გარიყვა შეუძლებლად მიაჩნია.

2016 წლის არჩევნებზე საუბრისას აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ პარტია მზად არ აღმოჩნდა გაყალბებისთვის, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ყველა წინაპირობა, რაც მიუთითებდა, რომ ივანიშვილი არჩევნებით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა. ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრს „საფუძვლიანი ეჭვი“ აქვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ არჩევნებში რუსული პიარტექნოლოგიის სპეციალისტების დახმარებით გაიმარჯვა.

 

აკაკი  მინაშვილი:

_ ჩემი აზრით, ყველა ძალიან კარგად ხედავდა არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, როდესაც საარჩევნო კამპანია იწყებოდა, რამდენად დაძაბული იყო საარჩევნო გარემო და ეს ყველაფერი გამოიწვია იმ ნაბიჯებმა, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა. ეს იყო თაიგული, ფართო სპექტრი მექანიზმებისა და მანქანებისა, რომელიც ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენა. ეს იყო დაშინება და შანტაჟი, მათ შორის, იყო ფართომასშტაბიანი მოსყიდვა ადამიანების, მათ შორის, საარჩევნო კომისიის წევრების. ძალიან ბევრ ადგილას გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პარტიების კომისიის წევრები მოსყიდულნი იყვნენ. ეს ბევრ ადგილზე გამოჩნდა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“საარჩევნო უბნები „გაამწვანა“.

საარჩევნო უბნებზე ძალიან კარგად იკვეთებოდა, როგორი დაძაბული გარემო იყო. უბნებზე წარმოდგენილი იყვნენ „ქართული ოცნების“ მხრიდან საეჭვო პირები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ უკვე ადგილზე მოეხდინათ გავლენა ამომრჩეველზე, ყველაფერი, მათ შორის, საარჩევნო დღესთან დაკავშირებით ბათილი ბიულეტენები. აქაც ძალიან მარტივი მექანიზმია _ კომისიის წევრი ხელს არ აწერს ბიულეტენს და ამით ხდება ბიულეტენების გაბათილება. ეს განსაკუთრებით მარტივი იყო რეგიონებში, სოფლებში, პატარა დასახლებაში, რადგან იქ იციან, ვინ ვისი მომხრეა. თუ ვინმე შემოვიდა, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო, კომისიის წევრმა ეს იცოდა და არ არტყამდა ბეჭედს, ან ხელს არ აწერდა, ამიტომ ამ ადამიანის ხმა დაკარგული იყო… რაც შეეხება სამეგრელოს, იქ ძალადობა ხდებოდა არა მხოლოდ ამომრჩეველზე, ან კონკრეტულად დამკვირვებლებზე, გვახსოვს, რომ უცხოელ დამკვირვებლებსაც კი შეეხნენ.

_ რამდენად შეცვალა ამ ყველაფერმა არჩევნების შედეგი ორ პარტიასთან მიმართებით, როგორ ფიქრობთ?

_ ყველაფერმა ამან მოგვცა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალა არჩევნების შედეგი, იმდენად მნიშვნელოვნად, რომ გაყალბება რომ არ მომხდარიყო, რადიკალურად განსხვავებული სურათი გვექნებოდა, ამაზე, მგონი, ყველა თანხმდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ ფართომასშტაბიანი გაყალბება იყო. ვიღაცები დაობენ, რომ 3-4% იყო გაყალბება, მაგრამ, მე მგონი, ყველამ კარგად იცის, განწყობაც ისეთი იყო, გაყალბება რომ არ მომხდარიყო, სულ სხვა რეალობა გვექნებოდა ქვეყანაში და, მათ შორის, პარლამენტშიც. ეს არის ჩემი მკაფიო პოზიცია: ჩვენ არ აღმოვჩნდით მზად ამ გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველად, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგად ვხდებოდით _ „ქართული ოცნება“ ასე მარტივად არ დათმობდა ხელისუფლებას, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მიხეილ სააკაშვილისგან, როცა ჩვენ ვიცოდით, რა იყო ხალხის განწყობა და 2012 წელს დავთმეთ ხელისუფლება. ამ შემთხვევაშიც, კარდაკარის დროს, იგრძნობოდა, რა იყო ხალხის ნება და ისიც ვიცოდით, რომ ამის მიუხედავად, ივანიშვილი არ დათმობდა ხელისუფლებას, ამიტომ ნაბიჯები უნდა გვქონოდა, რომლებსაც ხმების დასაცავად გადავდგამდით.

_ კი მაგრამ, ამას გარდა, თვითონ პარტიასაც, ზოგადად, ხომ მიუძღვის რაღაც ბრალი, მაგალითად, იმაში, რომ მისმა დამკვირვებლებმა ხმები ვერ დაიცვეს, დააშინეს, მოისყიდეს და ა. შ.? თქვენი მხარდამჭერები იმასაც გსაყვედურობდნენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3.000 მოუსყიდავი დამკვირვებლის შერჩევა რა პრობლემა გახდაო?..

_ დიახ, ეს პროცესი რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება. პირველი ეს არის შერჩევის ეტაპი, აქ იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ სრულყოფილი შერჩევაც რომ ყოფილიყო, უნდა გვქონოდა გეგმა B-ც, რადგან ამხელა ფულის პირობებში ვერ გამოვრიცხავდით მოსყიდვას. შენ მზად უნდა იყო, რომ ამაზე შემდგომი რეაგირება მოახდინო. სამწუხაროდ, პარტიის ლიდერშიპმა ამ მიმართულებით არ იფიქრა და მას თანმიმდევრობით ჩამოყალიბებული გეგმა არ ჰქონდა. ჩემი პოზიცია იყო, რომ მზად უნდა ვყოფილიყავით ამისთვის და ჩამოყალიბებული გეგმა გვქონოდა, მაგრამ რაღაც მომენტში პარტიის ლიდერშიპი ვერ დავარწმუნე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. პარტიას მოგვიწია, გაყალბებულ შედეგებს შევგუებოდით.

_ შეიძლება ითქვას, რომ პარტიის ლიდერშიპის მოლოდინი არჩევნების შედეგებისადმი ზედმეტად ოპტიმისტური იყო?

_ არა, ამას ვერ ვიტყოდი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა ამომრჩეველთან და არა მხოლოდ ჩვენს ამომრჩეველთან გვქონდა კარდაკარი, რა დროსაც ჩვენი წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატები ოჯახებში დადიოდნენ და მათთან საუბარი ჰქონდათ. განწყობა მოქმედი ხელისუფლების მიმართ ძალიან უარყოფითი იყო იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ ოთხი წლის განმავლობაში გაატარა. „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, განვითარებადი სახელმწიფო გააჩერა, ეკონომიკური სიდუხჭირე შექმნა და კიდევ ბევრი სხვა რამ. ეს განწყობა არ იყო გადამეტებული, ეს განწყობა იყო ქვეყანაში, ამ განწყობას ძალიან კარგად ხედავდა ივანიშვილი, ამიტომ მისი მიზანი პროგრამა კი არ იყო, არამედ ხალხის დარწმუნება, ხალხში სიარული, საარჩევნო სამუშაოების ჩატარება… კარგად გამოჩნდა, რომ პროგრამა, პრაქტიკულად, არ ჰქონიათ, რეალისტური დაპირებები არ ჰქონიათ. ერთადერთი, რაზეც „ოცნებამ“ იმუშავა, არჩევნების გაყალბება იყო, მთელი ადმინისტრაციული რესურსი ამ მიმართულებით მუშაობდა.

მინდა ვთქვა, რომ თავად ადმინისტრაციულ რესურსშიც დიდი ნაწილი არ უჭერდა მხარს, არ ჰქონია ხელისუფლებას ბოლომდე მათი მხარდაჭერა, მაგრამ სხვადასხვა მეთოდით: დაშინებით, სპეცსამსახურების მხარდაჭერით მოხდა მათი მობილიზება. ეს იყო ერთადერთი ტაქტიკა ივანიშვილისა, ყველა ზომის გამოყენება იმისთვის, რომ შედეგი ყოფილიყო განსხვავებული, ვიდრე ეს არის ქართველი ხალხის ნება. დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ივანიშვილს კონსულტანტები ჰყავდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისგან, რადგან ეს გაყალბება ძალიან ჰგავს იქაურ არჩევნებზე მომხდარ გაყალბებას, განსაკუთრებით ელცინის არჩევნებს მაგონებს…

_ რას გულისხმობთ?

_ ბიულეტენების გაბათილება, როცა რეალურად არ ხდება ასე მასობრივად ჩაყრა, ძალადობა, რომელიც მხოლოდ მაშინ ხდება აუცილებელი, როცა წაგება ბევრად აშკარაა და მაინც მოუწია ივანიშვილს ძალადობის გამოყენება სამეგრელოში და სხვაგან, დაშინება, შანტაჟი, ბათილი ბიულეტენები, თაღლითობა და ხრიკები, როდესაც ეს ასე ხილული არ იყო, ყუთების გატაცება, დამსხვრევა და ასე შემდეგ, რაც არ ასახავს ნებას. ასეთი მეთოდები იყო გამოყენებული რუსეთში ელცინის არჩევნებში. სწორედ ამიტომ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილს კონსულტაციები გაუწიეს.

_ რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ არჩევნებსაც ასე არ ჩაატარებს და ჩრდილოელი მეზობელი ისევ არ დაეხმარება, თუ წლევანდელ დახმარებას მოცემულობად მივიღებთ?

_ არავითარი გარანტია არ არსებობს! მთავარია, პოლიტიკური პარტია იყოს მზად, დაიცვას ხმები, მათ შორის, კონსტიტუციური მეთოდებით დაიცვას სხვადასხვა არენაზე.

_ საუბარი იყო იმაზეც, უნდა გავიდეს თუ არა პარტია ქუჩაში?..

_ მე ყველას შევახსენებ, თუმცა ჩემგან არ ესწავლებათ, არსებობს ბევრი პოლიტიკური მეთოდი იმისთვის, რომ შენი და შენი სახელმწიფოს მიზანი გახადო სიცოცხლისუნარიანი და აღსრულება მოახდინო. მათ შორის, ქუჩაში, მათ შორის, ფართომასშტაბიანი შეხვედრები კონკრეტულ ადამიანებთან, დაინტერესებულ პირებთან, დემონსტრაციები, მანიფესტაციები, _ ეს არის ყველა დემოკრატიული და კონსტიტუციური მეთოდი, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გამოიყენოს, რათა ხმები დაიცვას. მათ შორის, ინტენსიური მუშაობა კონკრეტულ ჯგუფებთან, რომლებსაც ქვეყნის ბედი აწუხებს. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ძალიან ინტენსიურად განხორციელებული არჩევნების შემდეგ. ყველამ დაინახა და თქვენ ნახეთ პარტიის ხელმძღვანელების განცხადება საარჩევნო დღეს. არავინ უარყოფს, რომ საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა იყო და ამაზე რეაგირება უნდა მომხდარიყო.

ყველაზე ცუდი ისაა, რაც ჩვენ მეორე ტურში დავინახეთ, როდესაც ჩვენმა ამომრჩეველმა, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტია, შეიძლება ჩათვალოს, რომ აღარ ღირს ჩვენთვის ხმის მიცემა, რადგან არ გვაქვს უნარი, რომ მისი ხმა დავიცვათ, ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა და ეს მეორე ტურზე უფრო კარგად გამოჩნდა, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია ფართომასშტაბიანი მუშაობა ჩვენს ამომრჩეველთან და არა მარტო ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენ დეტალურად უნდა ავუხსნათ ყველას ჩვენი ხედვა, იდეა, როგორ ვაპირებთ სიტუაციის შეცვლას ქვეყანაში, როგორ ვაპირებთ ხმის დაცვას სამომავლოდ. ესაა გადამწყვეტი, რადგან ამომრჩეველმა უნდა დაიჯეროს, რომ მის ხმას ფასი აქვს და მისი ხმა არ დაიკარგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ნიჰილისტური ტენდენცია იქნება.

მინდა ვთქვა, რომ ახლა მთავარი ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი პერიოდის განმავლობაში იქნება, რამდენად დაახლოვდება ენმ ხალხთან. ჩვენ უნდა გავხდეთ ისეთი მოძრაობა, რომელიც ახლოა და იმ წუხილს ეხმიანება, რომელიც ხალხშია. ეს საჯარო დისკუსიები და ამ დისკუსიებში მომხრეების, თანამოაზრეების ჩართვა ძალიან კარგი პროცესია. აშშ-ში ეს ჩვეულებრივი პროცესია და კარგია, რომ ეს პრაქტიკა ინერგება საქართველოსა და ჩვენს პარტიაში, იმიტომ რომ „ქართულ ოცნებაში“ მსგავსი რამ წარმოუდგენელია, _ ვინც იქ განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს, ის დაისჯება. ასეთი მიდგომა აქვს ივანიშვილს. ჩვენ შემთხვევაში ეს ღია დისკუსია უნდა გამოიწვიო მეტი ადამიანის ჩართვით და დაინტერესება პარტიის ცხოვრებით, მეტ ადამიანს უნდა შეეძლოს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში.

_ ახლა იმაზეც ვთქვათ, რა არის ენმ-ში, ამ ეტაპზე, მთავარი პრობლემა? ვხედავთ, რომ პარტიის შიგნით და პარტიის მხარდამჭერებშიც განსხვავებული ხედვებია…

_ ტაქტიკასთან მიმართებით განსხვავებული აზრები რომ არსებობს, ეს ღიად დაფიქსირდა. განსხვავებული პოზიცია იყო პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე, მე კი პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი ვიყავი. ვფიქრობ, ამით უნდა აგვეწია თემა, ამით მეტ ყურადღებას მივიქცევდით, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებით ყურადღებას გავამახვილებდით, რამდენად არალეგიტუმურია ის შედეგი, რაც დადგა, მაგრამ გადაწყდა ის, რაც გადაწყდა, ამაზე დავა შეწყდა. ამის შემდეგ დავა სხვა რამეზე დაიწყო. ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის მაინც დახურული სისტემის არსებობა. ჩვენ ეს სისტემა უნდა გავხსნათ, მეტი ადამიანი უნდა ჩავრთოთ მეტი მხარდამჭერი უნდა ჩავრთოთ, უნდა იყოს საჯაროდ პოზიციების დაფიქსირება, ამიტომ არასწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიამ პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით მიიღო.

_ კი ბატონო, ჩაერთნენ მხარდამჭერები, მაგრამ ახლა მათი ნაწილი წუხს, პასუხად გამიჯვნა მივიღეთო…

_ იქიდან დავიწყოთ, რომ, ბუნებრივია, მიუღებელია ნებისმიერი პირადი შეურაცხყოფა, წარუმატებელი არჩევნების შემდეგ პოლიტსაბჭომ პირველსავე ჯერზე ასეთი დოკუმენტი მიიღოს, უბრალოდ, არასწორია და საერთოდ, გაუგებარია, როგორ შეიძლება, პოლიტიკურმა პარტიამ ასეთი დოკუმენტი მიიღოს. მაშინ, როდესაც წინასაარჩევნოდ ჩვენ ვმუშაობდით ადამიანებთან, რომლებიც უნდა მოსულიყვნენ და მხარი დაეჭირათ ჩვენთვის და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთანაც, ვინც წლების განმავლობაში შეურაცხყოფას გვაყენებდა, და ასეთი ადამიანები, საბოლოო ჯამში, ჩვენი ამომრჩევლები გახდნენ, იმიტომ რომ ჩვენ მათთან ვმუშაობდით და ესაა პოლიტიკოსის მთავარი ფუნქცია, რომ თუნდაც ისეთი ამომრჩეველი მოიზიდოს, რომელიც მას შეურაცხყოფასაც კი აყენებს. ამ ფონზე ასეთი დოკუმენტის შექმნა შეცდომაა, თავი რომ დავანებოთ სხვა შეფასებას. შეიძლება, პირადი შეურაცხყოფა მართლაც მიუღებელია, მაგრამ ესაა პოლიტიკოსის ბედი და შენ ყველასთან უნდა იმუშაო, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს.

_ პოლიტიკოსის ხვედრზე გამახსენდა: როგორ გგონიათ, ენმ-ს დეპუტაციის ხვედრი პარლამენტში მძიმეა? ერთი მხრივ, წნეხი ხელისუფლებისგან და უმრავლესობისგან, მეორე მხრივ, დადარაჯებული პარტიის მხარდამჭერები…

_ რთულია, ზოგადად, პოლიტიკოსის ბედი და უფრო რთულია ისეთ გარემოში, როცა ქვეყანას ივანიშვილი მართავს, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური კულტურის წარმომადგენელი და რომლის მენტალობა განსხვავებული _ საბჭოთა რუსულია და არა დემოკრატიული. მთავარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ ჩაიკეტოს მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობაში.

თავისთავად, საპარლამენტო საქმიანობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ვითარებაში საპარლამენტო საქმიანობასთან ერთად უნდა იყოს ძალიან სერიოზული ყურადღება სხვა ტიპის პოლიტიკურ აქტივობებთან მიმართებით, ეს იქნება ქუჩა, თუ სხვა აქტივობა. ჩვენი ბრძოლის არეალი დღეს არ არის მხოლოდ პარლამენტი და საპარლამენტო ტრიბუნა, ჩვენი ძალაა ის, თუ რამდენად მრავალფეროვანი იქნება პოლიტიკური პარტია და რამდენად მრავალფეროვნად გამოიყენებს იმ პოლიტიკურ იარაღს, რომელიც პოლიტიკური პარტიის არსენალში არის და ამიტომ ეს უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა პარტიამ და არ უნდა ჩაიკეტოს საპარლამენტო საქმიანობაში. მრავალფეროვანი იარაღი გამოიყენა ივანიშვილმა ჩვენ წინააღმდეგ, ანალოგიურად, ჩვენც უნდა ვუპასუხოთ, უნდა გვქონდეს იმპროვიზაცია და ამომრჩეველთან დავახლოვდეთ. ეს არის გადამწყვეტი.

_ განსხვავებული მიდგომებია მიხეილ სააკაშვილის როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებითაც…

_ დიახ, დიდი დისკუსია მიდის იმაზე, თუ რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს. ბევრი ამბობს, რომ ბელადომანია არ არის სწორი და ბრმად ადამიანის გაყოლა მიუღებელია. გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ სააკაშვილის მიდგომა ავტორიტარულია და არ უშვებს განსხვავებულ პოზიციას.

ეს არის მითი!

მაშინ, როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, სააკაშვილი არ გახლდათ ასეთი და მუდმივად გვქონდა კონსულტაციები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ყოფილა, რომ მას ვინმე სხვა პოლიტიკოსისთვის დაეჯერებინა. შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ეს წრე უფრო ვიწრო იყო, ეს შეიძლება ხარვეზად ჩავთვალოთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ოპოზიციაში მოხვდა, ეს წრე გაფართოვდა, სააკაშვილს დისკუსია ჰქონდა პოლიტსაბჭოსთან და არა მხოლოდ პოლიტსაბჭოსთან, რეგიონულ აქტივისტებთან, ჩემი თანდასწრებითაც შეუცვლია მოსაზრება, ამიტომ ავტორიტარიზმი _  ეს არის მითი. რაც შეეხება ბელადომანიას, ვერავინ უარყოფს, რომ დღეს ის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა თავისი გამოცდილებით, თავისი პოლიტიკური ინტუიციიდან გამომდინარე. ასეთი პოლიტიკური ლიდერის გარიყვა დამაზიანებელია პოლიტიკური პარტიისთვისაც. გატარებული რეფორმების მთავარი ძრავი მიხეილ სააკაშვილი იყო თავის გუნდთან ერთად _ ყველა იმ აქტიურ წარმომადგენელთან ერთად, ყველას მონაწილეობით და ამას არავინ უარყოფს, ამიტომ ეს ბელადომანია კი არ არის, ეს არის სურვილი, რომ საქართველოს სახელმწიფო წარმატებული იყოს.

სახელმწიფო რომ წარმატებული იყოს, ივანიშვილი უნდა დამარცხდეს და ივანიშვილის დამარცხების მთავარი იარაღი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც პარტიის დამფუძნებელია და, ბუნებრივია, გუნდთან ერთად ის არის ივანიშვილის დამარცხების გარანტი. ეს ლიდერი _ სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, ეს გუნდიც ვერ შეკრებილიყო და ამ რეფორმებზე ვერ ემუშავა, ამიტომაც მისი გარიყვა არასწორია, სულაც რომ თავი გავანებოთ იმას, რასაც ჰქვია მეგობრობა და ა. შ.

_ თქვენი პროგნოზი როგორია? როგორ წარიმართება ენმ-ს ბედი, გადალახავს ის ამ წინაღობას და შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას?

_ პირველ რიგში, არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, თითქოს „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრიორიტეტი ერთმანეთს შორის რამის გარკვევაა. მთავარი მიზანი რჩება უცვლელი _ ივანიშვილის გაძევება, მით უმეტეს მაშინ, როცა ყველამ დაინახა, რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. რაც შეეხება შიდა საკითხებზე შეუთანხმებლობას, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა და ამომრჩევლებმა უნდა მიიღონ, რა სტრატეგიით და ხაზით უნდა წავიდეს „ნაციონალური მოძრაობა“. ჩემი აზრით, ეს არის ჩაკეტილი და ეს უნდა გაიხსნას, უნდა გასცდეს პოლიტსაბჭოს წევრების განხილვის ფარგლებს. ეს განხილვა უვე მიმდინარეობს სოცქსელებში და ეს ძალიან კარგია. პარტიაა ანგარიშვალდებული მომხრეებთან და ძალიან კარგი პროცესია, რომ ჩვენს ტაქტიკაზე, პოზიციებზე ანგარიშის ჩაბარება გვიწევს მომხრეებთან. ყრილობა ფართომასშტაბიანი უნდა იყოს და მმართველობაც ძალიან გახსნილი და ძალიან გამჭვირვალე უნდა იყოს, _ ეს ჩვენ დაგვაახლოვებს და იმ რელსებზე გადაგვიყვანს, რომელიც 2003 წლამდე და მერეც გვქონდა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვიყავით ჩვენს ამომრჩეველთან.

 

                                                                                                       ლაშა ბერულავა