ცვლილებები მთავრობასა და მედიაში

2

„მაგათ რა უნდა გააკეთონ პარლამენტში, იჯდებიან ცუციკებივით“, _ ეს ფრაზა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საჯაროდ თქვა. მაშინ, ჯერ კიდევ, ვერავის წარმოედგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს წააგებდა და გაყალბებული არჩევნების ხმების დაცვას პარლამენტში შესვლას ამჯობინებდა. რა მოხდა 8 ოქტომბრის ღამეს და რა პროცესები მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს კიდევ დიდხანს იქნება განსჯის საგანი, ამჯერად კი „ქრონიკა+“-ის წყარო ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებსა და მედიაში მოსალოდნელ გადანაწილებებზე გვიყვება.

ბიძინა ივანიშვილი საკუთარი თამაშის წესებით თამაშობს და მისი სვლების გათვლა სულ უფრო და უფრო ძნელად პროგნოზირებადი ხდება. არჩევნების ღამეს სახელდახელოდ გამართულ მიტინგზე მან მხოლოდ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ახსენა და საჯარო მადლობაც მან დაიმსახურა. წესით, მოქალაქეს კახი კალაძე არ უნდა დავიწყნოდა, რადგან საარჩევნო შტაბის უფროსი სწორედ კალაძე იყო. ივანიშვილის ეს „უყურადღებობა“ შემთხვევითი სულაც არ ყოფილა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, არჩევნების წინ მოქმედ პრემიერს ყოფილი მუდმივად ეკითხებოდა, თუ რა ხდებოდა პარტიაში, რაზეც გიორგი კვირიკაშვილი არაორაზროვნად პასუხობდა, რომ მან დეტალები არ იცის. ამით მკაფიოდ მიანიშნებდა, რომ პარტიის საქმეებში პირველი ვიოლინო სწორედ კახი კალაძეა. მართალია, „ქართულ ოცნებას“ 2016 წლის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, მაგრამ არჩევნები არცთუ კარგად ჩატარდა. ვინ, ვინ და ივანიშვილმა ყველაზე უკეთ იცის, რის ფასად დაუჯდა მას ეს მოგება. მართალია, საარჩევნო სიის ფორმირებისას კალაძის გავლენები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საპარლამენტო თანამდებობების უმრავლესობა სწორედ კვირიკაშვილის მიერ პარტიაში მიყვანილმა ახალმა სახეებმა დაიჭირეს. მნიშვნელოვნად შეიზღუდება კახი კალაძის გავლენები მთავრობასა და ბიზნესში. ბოლო მომენტამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა კალაძის მინისტრის პოსტზე დაბრუნების საკითხი. კულუარული ინფორმაციით, ის ინფრასტრუქტურის მინისტრის სავარძელს ითხოვდა, მაგრამ ამ პოსტზე კვირიკაშვილის კადრი ზურაბ ალავიძე დაინიშნება, პოსტს დატოვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელსაც ლარის კურსის რყევები და სხვა წარუმატებლობები ავტომატურად დაბრალდება, მაგრამ როგორც ამბობენ, ხადურს სულ უსამსახუროდ არ დატოვებენ და ის რკინიგზის დეპარტამენტში გადაინაცვლებს. ფინანსთა მინისტრის პოსტს დიმიტრი ქუმსიშვილი დაიჭერს, რომელიც ასევე გიორგი კვირიკაშვილის კადრია. ამ დანიშვნით ქუმსიშვილი ივანიშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ჩამოაშორა, სადაც, ამავე წყაროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის ინტერესები სწორედ ქუმსიშვილის ხელით ლაგდებოდა, სამაგიეროდ, ეკონომიკის სამინისტროში ინიშნება ივანიშვილის პირადი კადრი, ყოფილი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, რომელიც სამომავლო გეგმებთან ერთად წინამორბედის ფინანსურ საქმიანობასაც ყურადღებით შეისწავლის. მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან გადაყენება, ჯერ კიდევ, არჩევნების წინ იგეგმებოდა, ამ ეტაპზე, ძალოვან უწყებებში რადიკალური ცვლილებები აღარ იქნება. სამაგიეროდ, კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თანამდებობა უკვე დატოვა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ გამეზარდაშვილმა, რომელიც ამ უწყებაში თამაზაშვილის პირადი კადრი იყო. იგეგმება სამეგრელოსა და გურიის გუბერნატორების შეცვლაც. საინტერესო საკადრო ცვლილება მოხდა „სუსში“, რომელსაც მედიამ არჩევნების დროს დიდი ყურადღება არ მიაქცია. „სუსის“ უფროსის მოადგილედ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე გადაიყვანეს. ერთი შეხედვით, ამ არცთუ მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილების უკან, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანი გეგმა დგას: „სუსის“ უფროსის პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის _ „ანტრიკოტას“ გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდება, რასაც, საბოლოო ჯამში, მისი თანამდებობიდან ჩამოშორება მოჰყვება. გოგაშვილი კახი კალაძის პროტეჟეა. მართალია, მას უჩა მამაცაშვილთან ახლო ურთიერთობები აქვს, მაგრამ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გოგაშვილს იმდენი მიქარვები დაუგროვდა, უჩა მამაცაშვილი მის დაცვას არც მოინდომებს. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, ივანიშვილის ახლო გარემოცვამ „ანტრიკოტა“ არა მხოლოდ ივანიშვილისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში გამოიჭირა, არამედ უკვე ისიც დადასტურებულია, რომ სწორედ გოგაშვილის მეშვეობით ჟონავდა ინფორმაციები თანაგუნდელებზე. ასევე, დაზუსტებულია ინფორმაციაც, რომ მანანა კობახიძის ძმასთან დაკავშირებული სკანდალები სწორედ „სუსის“ უფროსის მოადგილემ მიაწოდა მესამე პირების მეშვეობით ჟურნალისტებს. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ დავით უსუფაშვილის მერე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე სწორედ მანანა კობახიძის კანდიდატურა  განიხილებოდა. გოგაშვილ-კალაძის დუეტს კი საკუთარი ამოცანები ჰქონდა _ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი კახი კალაძეს უნდოდა. საბოლოოდ, ამ მცდელობამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ივანიშვილის გარემოცვა სერიოზულად დაინტერესდა სოსო გოგაშვილის პერსონით, რომელიც, სხვათა შორის, სისტემაში ზვიად ჯანყარაშვილის რეკომენდაციით მოხვდა. სწორედ ამიტომ ალეკო ტაბატაძის დანიშვნამ, ყველაზე მეტად, სწორედ გოგაშვილი შეაშფოთა, _ ერთი მხრივ, ის ტაბატაძეზე კომპრომატებს აგროვებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ფრთხილობს, რადგან მანანა კობახიძის ძმის ამბავი უკვე გაუბაზრდა. რამდენად და ვისი მეშვეობით მოახერხებს  „ანტრიკოტა“ ტაბატაძეზე შავი პიარის აგორებას, ეს სამომავლოდ გამოჩნდება, მაგრამ ჩვენი წყარო ვარაუდობს, რომ მას პოსტიდან ახალ წლამდე გაუშვებენ. რაც შეეხება კახი კალაძის ბიზნესგავლენებს, მას ასევე სერიოზულად შეავიწროებენ. როგორც „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო ეუბნება, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და პირველი „რაზბორკები“ კალაძის ბიზნესების მოურავთან, ილია კეჭაყმაძესთან უკვე შედგა. მას რამდენიმე ბიზნესისგან დისტანცირება მეგობრულად ურჩიეს, რის გამოც კეჭაყმაძე არცთუ კარგ ხასიათზეა.

მთავრობის დალაგების პარალელურად, რადიკალური გადაადგილებების პირველი ეტაპი მედიასივრცეშიც დაიწყება. ხელისუფლების პირველი სამიზნე „რუსთავი 2“-ია. 8 ოქტომბრის არჩევნების მერე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, კულუარებში ამბობდნენ, რომ, რეალურად, მათ ეს „რუსთავი 2“-ის გადასარჩენად გააკეთეს, რადგან ხელისუფლებისგან პირობა მიიღეს, რომ ტელევიზიას არ შეეხებოდნენ. მეორე თემად კი პატიმრების ბედი დასახელდა. როგორც აღმოჩნდა, ან ეს მოტივი იყო ბლეფი, ან ხელისუფლებამ პარლამენტის შეკრებისთანავე დაარღვია მიცემული პირობა. უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საკასაციო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დახურულ კარს მიღმა დაიწყო. ან უზენაესი სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს და „რუსთავი 2“-ს ქიბარ ხალვაშს საბოლოოდ გაუფორმებს, ან საქმეს სააპელაციო სასამართლოში დააბრუნებს, ტელევიზიას ყადაღას არ მოუხსნის და მას ნელ-ნელა, ფინანსურად მოახრჩობს. თუ ტელევიზია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, ის „რუსთავი 2“-ს გაყიდის და ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან სასამართლო დავა უპერსპექტივო გახდება. მას უფლება აღარ ექნება, კეთილსინდისიერ მყიდველს საკუთრებაზე შეედავოს, სანაცვლოდ ხალვაშს სხვა ქონებების დაბრუნებასა და რამდენიმე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს სთავაზობენ.

ცვლილებები განხორციელდება ტელეკომპანია „იმედში“ _ თეა სიჭინავას საავტორო გადაცემას დაუხურავენ და ის შაბათ-კვირის ნიუსს წაიყვანს; ნანა ლეჟავას ტელევიზიიდან მისი გაშვებაც უნდოდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს ვერ გადაახტა. თეა სიჭინავას ნაცვლად „იმედზე“ პოლიტიკურ თოქშოუს „მაესტროს“ მთავარი პროდიუსერი, ირაკლი ჩიხლაძე წაიყვანს, რომელიც თვის ბოლოს უკვე დატოვებს „მაესტროს“. სავარაუდოდ, ტელევიზიას მის ყოფილ მფლობელს, მაკა ასათიანს დაუბრუნებენ, რადგან არჩევნები უკვე დასრულდა და თვითმმართველობის არჩევნებიც მხოლოდ 2017 წელსაა. ამ ეტაპზე, 2017 წლამდე დაისვენებს „ტაბულაც“ _ არხის დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ოფიციალურ მიზეზად ტელევიზიის განახლება-გაფართოებას ასახელებს, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით არხს ფინანსური პრობლემები აქვს და ტელევიზიის დახურვის მიზეზიც ესაა.

დიდი ცვლილებები იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე _ თანამდებობა უკვე დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა. მის ადგილზე, არაოფიციალური ინფორმაციით, ორი კანდიდატურა განიხილება: ვასილ მაღლაფერიძისა და კოკა ყანდიაშვილის. ფორმალურად, კონკურსში სხვა კანდიდატურებიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ მაუწყებლის ბორდი სწორედ ბიძინა ივანიშვილის რჩეულს დაუჭერს მხარს. პარალელურად, GDS ისევ გასართობ არხად გადაკეთდება და როგორც ამბობენ, 2030 დაიხურება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 2030 საკმაოდ ძვირი ჯდება, რეიტინგი ვერ დადო და ამით ბიძინა ივანიშვილი ფრიად უკმაყოფილო ყოფილა. 2030-ის თანამშრომლების ნაწილს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ნაწილს კი „იმედში“ დაასაქმებენ. დღის წესრიგში ასევე დგას ტელეკომპანია „პირველის“ ფუნქციონირების საკითხიც. ივანიშვილის ახლო გარემოცვაში განსაკუთრებულ გაღიზიანებას ისევ ინგა გრიგოლია და ნინო ჟიჟილაშვილი იწვევენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტელევიზიის მფლობელი, ახალ წლამდე გამოჩნდება. ერთადერთი ტელევიზია, რომლის სტაბილურობასაც საფრთხე არ ემუქრება, ტელეკომპანია „იბერიაა“, ასევე სტაბილური იქნება და განსაკუთრებული ცვლილებები არაა მოსალოდნელი „კავკასიაზე“.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ასევე ნელ-ნელა დაიხურება წვრილ-წვრილი საინფორმაციო სააგენტოებიც, მათ შორის ისინიც, რომლებიც „სუსიდან“ ფინანსდებოდნენ. „მინიმუმ ერთი წელი აქტიური საინფორმაციო პოლიტიკა არავის სჭირდებაო“, _ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს. ცხადია, როცა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა და უკვე დალაგებული მთავრობა გყავს, აქტიური და დამოუკიდებელი მედია სრულიად ზედმეტი ატრიბუტია.

 

                                                                                                           ელისო კილაძე