უცნობი სახეები საქართველოს პარლამენტში! (მეორე ნაწილი)

u1

„ქრონიკა+“ აგრძელებს მკითხველისთვის იმ პარლამენტართა გაცნობას, რომელთა შესახებ საზოგადოებისთვის მწირი ინფორმაცია, ან საერთოდ არაფერია ცნობილი. გაზეთის წინა ნომერში გაგაცანით „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გასულები, ამჯერად შევჩერდებით პარლამენტში მაჟორიტარული სიით გასულ დეპუტატებზე.

 

სამველ მირზოევი

სამველ მირზოევის შესახებ ინტერნეტსივრცეში არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

გოდერძი ჩანქსელიანი

თეთრი წყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი 1969 წლის 6 მარტს გულრიფშის რაიონში დაიბადა. 1994 წელს დაამთავრა შსს პოლიციის აკადემია და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია სამართალმცოდნის სპეციალობით. 1994-2004 წლებში მუშაობდა შს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში განყოფილების უფროსად; ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსად; ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსად. 2004 წლიდან არის შპს „ბევრილი ჯგუფის“ დამფუძნებელი, 2016 წლის აგვისტომდე კი იყო მისი გენერალური დირექტორი. ჩანქსელიანის სახელი ხორბლისა და ფქვილის ბიზნესის მონოპოლიასაც უკავშირდება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2007 წლიდან ხორბლის ბაზარზე „სვანური კლანი“ მოქმედებს, რომელსაც გოდერძი ჩანქსელიანი ხელმძღვანელობს.

 

გოგი მეშველიანი

ბოლნისელების მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი განათლებით ფინანსისტია. ის 1971 წლის 30 ნოემბერს დაიბადა, 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტების ფაკულტეტი. 2014 წლიდან გახლდათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2014 წელს საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტზე მეშველიანმა „არემჯის“ მიერ სამუშაოების განახლება დადებითად შეაფასა: მან განაცხადა, რომ კომპანია „არემჯიმ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე განაახლა მუშაობა. გარკვეულ სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიას მეშველიანი „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორ დავით ბალანჩივაძესთან ერთად ახორციელებდა, რომელიც, თავის მხრივ, მოსახლეობას ახალი საბადოს ამუშავებას ჰპირდებოდა.

 

რუსლან გაჯიევი

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი დაიბადა 1978 წლის პირველ იანვარს მარნეულის რაიონის სოფელ აზიზკენდში. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2011-2014 წლებში მუშაობდა მარნეულის #2 და #3 სკოლების დირექტორად. 2014 წლიდან გახლდათ მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. გაჯიევი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ დეპუტატად გახდომის გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღია და მიზეზი მისი ამომრჩეველი გახლდათ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, კარგად იცნობს მის მუშაობას განათლების რესურსცენტრში.

 

გიორგი თოთლაძე

ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე 1983 წლის 10 თებერვალს ქარელში დაიბადა. დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გახლდათ საქართველოს ნაკრების წევრი ძიუდოში. არის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ახალგაზრდული თამაშების ვერცხლის მედლების მფლობელი. ტრავმამ ახალგაზრდა მოჭიდავის კარიერა დაასრულა. სპორტიდან წასული თოთლაძე პოლიტიკაში გამოჩნდა. 2008 წლის მაისში, „ნაციონალების დროს, ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად დაინიშნა და ამ პოსტზე 2009 წლის ნოემბრამდე დაჰყო. 2010 წლის სექტემბერში ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა და ოქტომბრის ბოლოს გადადგა. პარტია „ქართულ ოცნებაში“ 2013 წლის იანვარში შევიდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 2013 წლის დეკემბერში თოთლაძეს გუბერნატორად მოიაზრებდნენ და მის მშობლიურ ქარელის რაიონში ზეიმობდნენ კიდეც. ფაქტობრივად, გადაწყვეტილი საკითხი 2014 წლის იანვარში შეიცვალა. 2013 წლის დეკემბერში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია თოთლაძისა და შს სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, მიხეილ კანდელაკის ნათესაობის შესახებ. კანდელაკი 2006 წელს გორის პოლიციის უფროსადაც მუშაობდა. საბოლოოდ, გუბერნატორად „ქართუ ბანკის“ ერთ-ერთი მენეჯერი, ზურაბ რუსიშვილი დაინიშნა, ხოლო გიორგი თოთლაძე _ მის პირველ მოადგილედ. სხვა მოადგილეებისგან განსხვავებით თოთლაძის კანდიდატურა მთავრობასთან შეთანხმდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჟურნალისტებმა მას ქარელის დეპუტატობის ვერსიაზე ჰკითხეს, თუმცა მან ეს უარყო და განაცხადა, რომ ტყუილია, მას რუსეთში ბიზნესი აქვს და იმის მიხედვას აპირებს.

 

ენზელ მკოიანი

„ქართული ოცნების“ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი 1999 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრია. იყო ადამიანის უფლებების დაცვის, იურიდიულ და აგრარულ საკითხთა კომიტეტების წევრი. მკოიანი 1959 წლის 3 მაისს დაიბადა. დაამთავრა სომხეთის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1998 წელს მიიღო „ღირსების მედალი“, 2009 წელს კი „ღირსების ორდენის“ კავალერი გახდა. 2012 წელს, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ენზელ მკოიანი იყო ერთ-ერთი იმ ხუთ დეპუტატს შორის, ვინც უარი თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში ყოფნაზე. მაშინ მკოიანი წინა მოწვევის პარლამენტში მმართველი პარტიის გუნდში ირიცხებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციაში შესვლაზე 2012 წლის 21 ოქტომბერს უარი განაცხადეს და ცალკე საპრალამენტო ფრაქციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც 2012 წლის არჩევნებს უკავშირდება: ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალბერტ ნურბეგიანი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად სოფელ სათხაში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, სოფელი დაეტოვებინათ. ამ დროს მათ უკნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ენზელ მკოიანის ნათესავები (ბიძაშვილები) მიეპარნენ და „ქართული ოცნების“ აქტივისტს, სოკოლოვს, თავში ქვა ჩაარტყეს. სოკოლოვმა გონება დაკარგა. იგი ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო, მოგვიანებით, ნინოწმინდის პოლიციის განყოფილებაში მას ახსნა-განმარტება დააწერინეს.

 

ელგუჯა გოცირიძე

 

ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, 1958 წლის 20 მარტს თერჯოლაში დაიბადა. პროფესიით ექიმი დეპუტატი 1984-1986 წლებში ტყიბულის საავადმყოფოს ქირურგად მუშაობდა, მომდევნო წლებში ჯერ ტყიბულის სამშობიაროს მთავარ ექიმად, ხოლო შემდეგ „ჩაჩავას კლინიკის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა და ამ დაწესებულებაში დღემდე აგრძელებს საქმიანობას. მინიჭებული აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ელგუჯა გოცირიძემ „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობის სახით გადარიცხა 60 000 ლარი. 2013 წელს ღუდუშაურისა და ჩაჩავას სახელობის კლინიკების ყოფილმა თანამშრომელმა პროფესორებმა და ექიმებმა ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. მათ ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი ელგუჯა გოცირიძე შანტაჟითა და დაშინებით კლინიკის აქციების მითვისებაში, ფულის გათეთრებასა და კორუფციული სქემის შედგენაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, გოცირიძე, ჩაჩავას კლინიკის გარდა, ღუდუშაურის კლინიკასაც ხელმძღვანელობს, მისი შვილი კი ამ კლინიკის აქციათა პაკეტს ფლობს. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების ინვესტორებზე მიყიდვა გადაწყვიტა, ელგუჯა გოცირიძემ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ლობირებით, ჩაჩავას კლინიკა „ჩალის ფასად“ შეიძინა. ადვოკატის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების კუთვნილი აქციების მითვისების მიზნით, ელგუჯა გოცირიძე მათ 2-3 თვიან შრომით ხელშეკრულებებს უფორმებდა და სამსახურში დარჩენის სანაცვლოდ, კუთვნილ აქციებს სძალავდა. აღნიშნულის გამო ექიმებმა სამედიცინო დაწესებულება დატოვეს. „ჩაჩავას კლინიკის“ დირექტორმა დაწესებულების საკონტროლო პაკეტის მოპოვების შემდეგ საგრძნობლად გაიუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა, ხოლო დავით ბაქრაძის მეუღლე, მისი თქმით, კლინიკაში მაღალ ხელფასს იღებს. პროფესორ მერაბ კილაძის განცხადებით, სახელმწიფომ ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფო 6 მილიონ ლარად გაყიდა, ახალმა მფლობელმა საავადმყოფოდან პროფესიონალი და კვალიფიციური კადრები გაუშვა. პროფესორის განცხადებით, ტენდერში ელგუჯა გოცირიძეს კონკურენტი არ ჰყავდა, მან კლინიკა 6 600 000 ლარად შეიძინა.

 

გრიგოლ მიქელაძე

სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი პროფესიით ინჟინერია. გრიგოლ მიქელაძე 1954 წელს დაიბადა. 2003 წლიდან დღემდე კომპანია „ტრანსერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. 2004 წელს აირჩიეს სამტრედიის საპატიო მოქალაქედ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიქელაძეს „ქართული ოცნებისთვის“ 55 000 ლარი აქვს გადარიცხული. ქართულ მედიაში მოიპოვება ინფორმაცია, რომ 2012 წელს პირველმა ქართველმა თავადმა ისრაელის მოქალაქეობა მიიღო. თავადი ქართველი ბიზნესმენი გრიგოლ მიქელაძეა. ეს ფაქტი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მიქელაძე პირველი არაებრაელი ქართველია, რომელმაც ისრაელის მოქალაქეობა ებრაელი ხალხის წინაშე დამსახურების ნიშნად მიიღო და არა „დაბრუნების შესახებ კანონის“. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს შემთხვევა პირველი იყოს მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში.

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ქართველმა ბიზნესმენმა ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ ელი იშაიასგან მიიღო. გრიგოლ მიქელაძე იმერეთის თავადური გვარის შთამომავალია. მიქელაძეების გვარს ეკუთვნოდა მიწები ქუთაისის მახლობლად, სადაც, მოგვიანებით, ქალაქი სამტრედია აშენდა. თავადების რეზიდენცია სოფელ ყულაშში მდებარეობდა. 1970-იანი წლების დასაწყისში აღნიშნულ სოფელში, დაახლოებით, ხუთი ათასი მოსახლე, ძირითადად კი, ქართველი ებრაელები ცხოვრობდნენ.

 

ცოტნე ზურაბიანი

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი 1984 წლის 28 სექტემბერს დაიბადა. ცოტნე ზურაბიანმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი; ასევე ბრემენის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ეკონომიკისა და ევროპული კანონმდებლობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2012 წელს გახდა კოალიცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში; თბილისის მერიაში; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. ინტერნეტის საძიებო სისტემაში, ძირითადად, ზურაბიანის წინასაარჩევნო შეხვედრების ქრონიკაა ასახული. გაზეთ „ქრონიკა+“-ს კი ვრცელი მასალა აქვს მიძღვნილი, თუ როგორ გაიარა ზურაბიანმა ბიძინა ივანიშვილის კარისა და გულისკენ მიმავალი გზაზე. როგორც სტატიაში ვკითხულობთ: ზურაბიანი ახალგაზრდული გუნდის ლიდერობისთვის იბრძოდა, თუმცა ამ გუნდის ერთპიროვნული მმართველი არასოდეს ყოფილა. მას კოალიციის ახალგაზრდული გუნდის შიგნით მხარს უჭერდა შოთა აფხაიძის ძმა გიორგი აფხაიძე და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირების შედეგად ცნობილი აქტივისტი გიორგი ფარესიშვილი. ზურაბიანი აქტიურად ცდილობდა მაია ფანჯიკიძის გულის მოგებას, როდესაც ამ ქალბატონს, ჯერ კიდევ, ოპოზიციურ „ოცნებაში“ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია ებარა.

 

გოჩა ენუქიძე

ამბროლაურს, ონს, ცაგერს, ლენტეხსა და მესტიას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს გოჩა ენუქიძის სახით. ენუქიძე პარლამენტის დეპუტატი მესამედ გახდა. 2008 წლიდან ამბროლაურის რაიონს ის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წარმოადგენდა. ენუქიძე 1962 წლის 8 აპრილს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი და მიიღო ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია. სწავლობდა როსტოვის საინჟინრო-სატრანსპორტო ინსტიტუტში, შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. მინიჭებული აქვს ინჟინრის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ენუქიძე რუსეთის უმსხვილესი საერთაშორისო ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ბრენდის ქვეშ საქართველოში მოქმედი ბენზინგასამართი სადგურების მფლობელია. საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ენუქიძე 26 მსხვილი კომპანიის მფლობელია, მათ შორისაა, „ლუკოილის“ სტრატეგიული პარტნიორი _ შპს „იბერკომპანი“, ასევე, „იბერია ბიზნეს ჯგუფი“, „კია მოტორს ჯორჯია“, საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ და ა. შ. გოჩა ენუქიძე ასევე ფლობს აქციების წილს „ლიბერთი ბანკში“. მაჟორიტარი დეპუტატი არის საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების მესაკუთრე თბილისში, მცხეთაში, საგურამოში, ბაკურიანში, წყნეთში. „ჩემი მიზანია რაიონის კეთილდღეობაზე და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვა, რაიონის ინფრასტრუქტურის განვითარება. უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად და მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად ამბროლაურისთვის პრიორიტეტული დარგების _ ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და საკონსერვო მრეწველობის განვითარება, ამასთანავე, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგის _ ღვინო „ხვანჭკარას“ მომცემი უნიკალური მევენახეობის განვითარებისადმი ხელშეწყობა“, _ ეს დაპირება ენუქიძემ, ჯერ კიდევ, 2008 წლის არჩევნების დროს მისცა აბროლაურის მცხოვრებლებს. ამ დაპირებების დიდი ნაწილი დღემდე არ შესრულებულა.

 

ანზორ ბოლქვაძე

ანზორ ბოლქვაძე ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატია. 2008 წელს საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ის მხოლოდ ხულოს წარმოადგენდა. ბოლქვაძე 1960 წლის 9 სექტემბერს ხულოს რაიონის სოფელ უჩხოში დაიბადა. განათლება ჯერ ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში მიიღო, ხოლო შემდეგ დაამთავრა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და სამოქალაქო მშენებლობის პროფესიას დაეუფლა. 2006-2008 წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. 2006 წელს მიენიჭა „ღირსების ორდენი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო განმუხურსა და სოფელ ზემო აფხაზეთში საცხოვრებელი სახლების, კოტეჯების, სკოლების, პატრიოტული ბანაკებისა და ხიდების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი ხულოში ანზორ ბოლქვაძეს ეკუთვნის. სასტუმროები, კაფე-ბარები, ხულოს მიწის ნაკვეთების ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს“, _ აღნიშნავენ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ხულოს მცხოვრებნი. მათი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ ხულოში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი ძალიან დაბალ ფასად შეისყიდა, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში მისი სახელი არ ფიგურირებს. „ეს ყველაფერი სხვადასხვა პიროვნების სახელზეა გაფორმებული, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურად მთელი ამ ქონების პატრონი ანზორ ბოლქვაძეა. მის გარეშე აქ არაფერი კეთდება“, _ აღნიშნავენ ადგილობრივები. ანზორ ბოლქვაძე კი ამ ფაქტს უარყოფს და აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მის ქონებაზე საუბრობენ, სხვა ინტერესები ამოძრავებთ.

 

დავით ჭიჭინაძე

ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის შესახებ ინტერნეტსივრცეში, პრაქტიკულად, ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

ივლიანე წულაია

მეცხრე მოწვევის პარლამენტის „ქართული ოცნების“ დიდუბის დეპუტატი პროფესიით იურისტი ივლიანე (ილია) წულაია გახლავთ. როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ, მისი, როგორც დოქტორანტის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. წულაია უნივერსიტეტის დამთავრებამდე იურიდიულ ფირმაში მუშაობდა და კერძო სამართლის ადვოკატი იყო. წულაია დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელია. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ პროფესიით იურისტმა ბიზნესსაქმიანობა 20 წლის ასაკში დაიწყო და საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ბიზნესმენია. სამშენებლო ბიზნესამდე ის ფეხსაცმლის იმპორტით იყო დაკავებული. წინასაარჩევნო პერიოდში ყიფიანის ქუჩის #31-ში მცხოვრებმა შვიდმა ოჯახმა დიღომში, „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატ ილია წულაიას ოფისის წინ აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ის შეუსრულებელ ვალდებულებებსა და ქონების წართმევაში დაადანაშაულეს. 2016 წლის არჩევნებზე მან „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა. წულაიას უკავშირდება განცხადება საპოლიციო გამოსახლებების აღდგენაზე, რამაც საზოგადოებაში მის მიმართ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

 

ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან კობერიძეა, რომელიც ბრენდინგისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „Branding.ge “-ს დირექტორია. კობერიძემ განათლება სტოკჰოლმის ბიზნესსკოლაში, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალობით მიიღო. კობერიძე საქართველოში მოაზროვნეთა კლუბ „რა? სად? როდის?“ დამაარსებელია, პროფესიით კი ექიმი-გინეკოლოგია და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ლექციებს კითხულობს.

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ჟურნალისტ სოფო მოსიძის მეუღლეა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის შტაბში საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) სწორედ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მეუღლის ფირმას გადააბარეს. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის შტაბის, უშუალოდ პრეზიდენტობის კანდიდატის აქტივობის გაშუქება ლევან კობერიძის რებრენდინგის ფირმას გადააბარეს. მის ფირმას არა მარტო მარგველაშვილის, კიდევ რამდენიმე უწყების პიარმიმართულების კონტროლი დაევალა.

 

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატია. მაჭარაშვილი 1956 წლის 5 თებერვალს დაიბადა და წარსულში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 15 000 ლარი შესწირა. ის „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

 

რომან მუჩიაშვილი

საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი 1974 წლის 13 მაისს საგარეჯოში დაიბადა. დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი. მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. 2007 წლიდან შპს „პატარძეულის“ ფინანსური დირექტორია. წარსულში მუჩიაშვილი თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და წლების განმავლობაში მისი დამფინანსებელი იყო.

 

(გაგრძელება იქნება)

 

                                                                                                      თამარ ბატიაშვილი