სანახაობა იწყება!

x1

თუ სად მოხვდნენ ახლად არჩეული დეპუტატები, სკოლასა თუ პარლამენტში, იმედია, ამას მალე თავადვე გაარკვევენ. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ერთადერთ დამოუკიდებელ დეპუტატს, სალომე ზურაბიშვილს (და, სავარაუდოდ, არა მარტო მას), პრეზიდენტის გამოსვლამ სკოლა, ხოლო თავად ქვეყნის პირველმა პირმა დამრიგებლური ტონით მოსაუბრე სკოლის დირექტორი მოაგონა.

რაც შეეხება თავად პრეზიდენტს, რომელსაც კანონმდებლობა არა მარტო სხდომის დანიშვნას, არამედ მისი გახსნის უფლებასაც ანიჭებს, დეპუტაცია მაინცდამაინც ოვაციებით ვერ შეხვდა. გიორგი მარგველაშვილს რამდენიმეწამიანი, იძულებითი აპლოდისმენტების ფონზე მოუწია დარბაზში შემოსვლა. სამაგიეროდ, ჩვენმა დეპუტატებმა ხელის მტევნები არ დაზოგეს და მაქსიმალური დატვირთვა მიაყენეს, როცა საკუთარი უფლებამოსილების ცნობამდე მივიდა საქმე.

გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა რამდენიმე საინტერესო მესიჯისგან შედგებოდა, რომელთა გათვალისწინებაც საპარლამენტო უმრავლესობას ნამდვილად წაადგება. პრეზიდენტმა არჩეულ დეპუტატებს იმ დაპირებების ასრულებისკენ მოუწოდა, რომლებსაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში უხვად გასცემდნენ. იგი დემოკრატიული კურსის შენარჩუნების აუცილებლობასაც, საკონსტიტუციო ცვლილებებთან ადეკვატურ მიდგომასა და სხვა მნიშვნელოვან თემებსაც შეეხო.

მარგველაშვილის მინიშნებები უმრავლესობის უმრავლესობისთვის, სავარაუდოდ, მიუღებელი და უადგილო აღმოჩნდა. ამაზე მათმა ახლად არჩეულმა თავმჯდომარემაც გაამახვილა ყურადღება და ამომრჩევლის არჩევანის პატივისცემის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი.

 

არჩილ თალაკვაძე _ უმრავლესობის თავმჯდომარე:

ამ ეტაპზე პრეზიდენტის განცხადებაში ვერაფერ სენსაციურს ვერ ვხედავ. სიმბოლურიცაა და შემთხვევითიც ნამდვილად არ არის, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე უნდა გახდეს ადამიანი, რომელსაც საკონსტიტუციო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული და ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც კონსტიტუციაზე მუშაობის დრო მოვა, ერთად, კონსენსუსით შევიმუშავებთ ფორმატს. მეორე მხრივ, როდესაც საუბარი ეხება მართლმსაჯულებისა თუ სხვა სფეროების რეფორმას, ეს ჩვენს პროგრამაში იყო გაცხადებული. ამ რეფორმებს გავაგრძელებთ და ბოლომდე მივიყვანთ. ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, სხვა რესურსი, გარდა იმისა, რომ გაკეთდეს ეფექტიანი რეფორმები, არ გვაქვს. ეს ჩვენი გუნდის ყველა წევრს კარგად ესმის.

ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ მედია პლურალიზმი გაზრდილია და არ შემცირებულა. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მედიის თავისუფლების, თითოეული ჟურნალისტისა და მათი ინტერესების დაცვა.

 

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი გასულ პარასკევს შეიკრიბა. 150 დეპუტატიდან 106 ახალბედაა. მათ გარკვეულ ნაწილს საზოგადოება ნამდვილად გაიცნობს, ხოლო ნაწილი, ალბათ, ისევე შეუმჩნევლად და უსიტყვოდ დაასრულებს თავის 4-წლიან სამსახურს, როგორც შეუმჩნევლად ჩაიბარეს ჩვენი ბედი. ამის დიდი გამოცდილება გვაქვს.

18 ნოემბერს ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, უამრავ ავტომანქანას შენიშნავდით. სტუმარ-მასპინძლიანად _ ყველამ _ საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან მიუჩინა ბინა, _ იქ, სადაც, წესით, ფეხით უნდა გადაადგილდებოდნენ. სამაგიეროდ, ავტომობილების სადგომი ცარიელი და ბალახაბიბინებული გამოიყურებოდა. განსხვავებული მდგომარეობა იყო უშუალოდ შენობის ირგვლივ. ქუთაისის დასუფთავების სამსახურმა 17 ნოემებრის წვიმიან დღეს საკუთარი თანამშრომლები ირაკლი აბაშიძის პროსპექტზე სათიბად მიავლინა და დეპუტატებს ახლად გაკრეჭილი მოლი დაახვედრა. პარლამენტის წინ გრანიტის ფილებით მოპირკეთებული შეკეთებული ბილიკიც თვალში საცემი იყო, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში სავალალოდ გამოიყურებოდა, მაგრამ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ფეხით სავალი ნაწილი მასზე ავტომობილების მოძრაობის შემდეგ რთული სათქმელია.

პირველ საპარლამენტო სესიაზე დასასწრებად მისულ დეპუტატებს, მთავრობის წევრებსა და დიპლომატიურ კორპუსს ცოცხალი დერეფნის გავლა მოუწია. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა კანონმდებლებს საშინაო დავალება მოუმზადეს. „მიიღეთ ქმედითი კანონები“; „დაიცავით ადამიანის უფლებები“, _ მხოლოდ ასეთი შინაარსის ლოზუნგების ხილვისა და შეძახილების მოსმენის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს კარი დეპუტატებისთვის უპრობლემოდ იხსნებოდა. აქციის ორგანიზატორებმა გულისწყვეტა გამოთქვეს, რომ მათთან გასაუბრება არც ერთმა დეპუტატმა არ მოისურვა. აქტივისტემბა მათთვის მხოლოდ იმ ფლაერების გადაცემა მოახერხეს, რომლებზეც მოთხოვნები იყო ჩამოწერილი. „არც ერთი არ გაჩერდა, მათ არ სურთ ჩვენთან საუბარი. მეტიც, რამდენიმე მათგანი ურცხვად, უკანა შესასვლელიდან შეიპარა, მაგრამ არ გავჩერდებით და მათ მაინც მოუწევთ პოლიტიკური და პირადი პასუხისმგებლობის აღება ჩვენს მოთხოვნებზე“, _ განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პირველი სხდომისთვის ქართველი კანონმდებლები განსაკუთრებით მოწესრიგებულები გამოიყურებოდნენ. იგრძნობოდა, რომ საკუთარ ჩაცმულობაზე განსაკუთრებით იზრუნეს. ოფიციალურ სამოსში გამოწყობილი ხალხის რჩეულები ერთმანეთსაც ღიმილით ხვდებოდნენ და ჟურნალისტებთანაც სიამოვნებით პოზირებდნენ. უცხო თვალისთვის და საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის, ალბათ, შეუმჩნეველიც შეიძლებოდა დარჩენილიყო, რომ დარბაზში 3, ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული, ძალის წარმომადგენლები იყო თავშეყრილი. თუმცა ეს იდილია დიდხანს რომ ვერ გაგრძელდებოდა, ყველაზე კარგად დეპუტატებს ესმოდათ. სხდომის მეორე ნაწილში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, რომელსაც, როგორც ჩანს, მომავალშიც აქტიურად დავინახავთ ტრიბუნასთან, ერთმანეთის მისამართით ბრალდებებს არ იშურებდა. მათი თანაპარტიელების დიდი ნაწილი და „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტაცია კი სიმშვიდეს ინარჩუნებდა და „საქმის გარჩევაში“ არ ჩარეულა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ირმა ინაშვილი და მისი გუნდის წევრები მომავალში მხოლოდ არბიტრის როლს შეასრულებენ და სხდომებზე სკამების შესავსებად გამოცხადდებიან. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა იკამათო და უნდა იჩხუბო კიდეც. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ჩამოთვლილ ფაზებში ყველგან აქტიური მონაწილე გახდეს.

მართალია, მე-9 მოწვევის პარლამენტი ახალი სახეების სიუხვით გამოირჩევა, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა, ჯერ კიდევ, პირველ სხდომამდე დაამახსოვრა თავი საზოგადოებას. ერთ-ერთი მათგანია ქალბატონი ენძელა მაჭავარიანი, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გარემოს დაცვის კომიტეტში საქმიანობისას გამოიყენებს. დეპუტატმა უარი განაცხადა შეეფასებინა პრეზიდენტის გამოსვლა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას ეს არ სურს და მისი განსჯა მოსახლეობას მიანდო.

 

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, რას ფიქრობს დეპუტატი პარლამენტის შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით და რა გეგმები აქვს იმ კომიტეტში საქმიანობის კუთხით, სადაც მას აქტიური კანონშემოქმედებითი მუშაობა მოუწევს?

 

ენძელა მაჭავარიანი:

_ ის, თუ სად უნდა იყოს პარლამენტი, ამ წუთში ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გამაჩნია იმიტომ, რომ არ ვიცი, რა დადებითი და რა უარყოფითი ასპექტები აქვს. სხვა თემები უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია და იმაზე ვფიქრობ.

_ რომელი თემებია თქვენთვის პრიორიტეტული?

_ სოციალური სფერო, ჯანდაცვა, ეკოლოგია. საქართველოში დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა სიღარიბის დაძლევაა. ეს იმდენად რთული სფეროა, რომ ერთმა საკანონმდებლო ინიციატივამ არ შეიძლება, ეს გამოასწოროს. საკანონმდებლო ინიციატივა არ არის ჯადოსნური ჯოხი. ვფიქრობ, რომ ამ თემებზე კომპლექსურად უნდა ვიმუშაოთ და ყველა გზა ვიპოვოთ, რომ ქულების ზღვარს მიღმა მყოფები არ გვყავდეს.

_ თქვენ გარემოს დაცვის კომიტეტში მოგიწევთ მუშაობა. საინტერესოა, რა ხარვეზებს ხედავთ კანონმდებლობაში და რა გეგმები გაქვთ მათ გამოსასწორებლად?

_ არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ კანონმდებლობაში არის პრობლემები. მიმაჩნია, რომ ამ კანონებშიც უნდა შეიცვალოს მიდგომები: გარემოს დაცვის კანონები მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს, მაგრამ იგი აქტიურად არ მუშაობს. პრობლემებთან ახლოს მდგომი კანონები უნდა მივიღოთ. არ ვიცი, რა რეგულაცია სჭირდება იმას, როდესაც გეგუთისკენ მიდიხარ და მთელი უზარმაზარი ველი ცელოფნის ტომრებით არის მოფენილი. ეკოლოგიურ და დასუფთავების პრობლემებს გამოსასწორებლად ნება სჭირდება, პირველ რიგში, სამოქალაქო აქტივობა.

კომიტეტი შეიკრიბება და ჩემს მიმართულებებს დავაყენებ.

 

პარლამენტის პირველი შეკრების გამო გამოწვეული საზეიმო განწყობა მაინცდამაინც არ ეტყობოდა „ოცნების“ ძველ სახეს, მანანა კობახიძეს, რომელიც ჟურნალისტებთან მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა და მცირე კომენტარებით შემოიფარგლა. რას უნდა მივაწეროთ ეს? _ მის მოუცლელობას, თუ, უბრალოდ, ჯერ კიდევ, არსებულ წყენას, ვერავინ გაარკვია.

საქართველოს ახლად არჩეულმა პარლამენტმა პირველივე სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა საკითხი ბოლომდე მიიყვანა; დავმჯდომარის გარდა ფრაქციებიც დააკომპლექტა. 110-წევრიან ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ მამუკა მდინარაძე ჩაუდგა სათავეში.  „ქართული ოცნება-მრეწველები“ სიმონ ნოზაძის ხელმძღვანელობით იმუშავებს, 116-წევრიანი უმრავლესობის ლიდერი კი არჩილ თალაკვაძე იქნება. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას თავმჯდომარეობით 20 კაცს აერთიანებს, ხოლო მეორე ფრაქცია, რომელიც ამავე პარტიის წევრებისგან, „ნაციონალური მოძრაობა _ საქართველოს წინსვლისთვის“ სახელით დაკომპლექტდა, ელენე ხოშტარიას თავმჯდომარეობით იმუშავებს. „პატრიოტთა ალიანსის“ 6-კაციანი ფრაქციის ლიდერი გიორგი ლომაია გახდა, თუმცა ამომრჩეველს ყველაზე მეტად მათ მიერ მიღებული კანონები და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება აინტერესებს. რამდენად შეძლებენ დეპუტატები ამომრჩეველთა იმედების გამართლებას და რა უფრო გველოდება, მხოლოდ სანახაობა თუ ცვლილებები, ამას დრო გვიჩვენებს.

 

                                                                                                                  ხვიჩა ვაშაყმაძე