იქნება თუ არა გარღვევა საგარეო ვაჭრობაში?!

sg1

იმათაც კი, რომლებიც ეკონომიკის ცოდნით ვერ დაიკვეხნიან, მარტივად შეუძლიათ გამოიცნონ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საგარეო ვაჭრობის მონაცემებს და რამდენად დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის საექსპორტო მაჩვენებელი.

იმის გამო, რომ საშუალო სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნებისთვის, მინიმუმ, 3-თვიანი პერიოდი მაინც უნდა გამოითვალოს და სტატისტიკური მონაცემები სწორედ ამ ინტერვალით იანგარიშება, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბოლო, კვარტლის გამოკლებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. მასში შეტანილია ამ წლის საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მაჩვენებელი და შედარებულია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

საგულისხმოა, რომ 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9104 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია; აქედან ექსპორტი 1512 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (8%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი _ 7592 მლნ აშშ დოლარს (34%-ით მეტი) _ ეს უკანასკნელი ნამდვილად არ არის სახარბიელო მაჩვენებელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა ჩ ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5194 მლნ აშშ დოლარს, ანუ 3%-ით ნაკლებს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-სექტემბერში 6080 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1195 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2011-2016 წლების მიხედვით.

 

***

აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესებულია ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობა, რაც ციფრებშიც კარგად გამოისახება და ვხედავთ, რომ 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2554 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 389 მლნ აშშ დოლარი იყო (17%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი _ 2165 მლნ აშშ დოლარი (17%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28% შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში 26% და იმპორტში 29% (2015 წლის იანვარ-სექტემბერში, შესაბამისად, 32, 29 და 33%). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29% (2015 წლის იანვარ-სექტემბერში 34%), წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით კი ევროკავშირის ქვეყნებთან ამგვარი სავაჭრო ურთიერთობის დაჭერა, ცალსახად, მისასალმებელია.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-სექტემბერში 1865 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 8%-ით ნაკლები). აქედან ექსპორტი 495 მლნ აშშ დოლარი (22%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1371 მლნ აშშ დოლარი იყო (2%-ით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 20% იყო, მათ შორის, ექსპორტში 33% და იმპორტში 18%  (2015 წლის იანვარ-სექტემბერში, შესაბამისად, 28, 38 და 25%). 2016 წლის იანვარ-სექტემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 14% (2015 წლის იანვარ-სექტემბერში 19%).

დსთ-ს ქვეყნებთან ექსპორტის შემცირებას არ მიესალმება და ბაზრის ამ მიმართულებით, გარკვეულწილად, ჩაკეტვას უგნურებას უწოდებს ექსპერტი, დემურ გიორხელიძე:

„დსთ-ს მიმართულებით ექსპორტის შემცირება რატომ არის კარგი, როცა ლოჯისტიკის თვალსაზრისით მოხერხებულია? რატომ არ ვტოვებთ იგივე მოცულობას დსთ-ში და ვუმატებთ კიდევ ევროპულ ბაზარს? რა იქნება ცუდი ამით? რატომ ამცირებ? _ უჭკუობაა, უბრალოდ! ევროპამ თუ მოგვცა ახალი შესაძლებლობები, გავიდეთ დსთ-შიც და ევროპაშიც, რატომ არა? როდის და ვინ იყო, ვაჭრობაზე უარს ამბობდეს? საიდან მოდის ეს იდეოლოგიზებული, ნეობოლშევიკური შეხედულებები? მარტივი შეხედულებებია საჭირო, მარტივი სიტუაცია“.

 

2016 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან კანადა (1829 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (1140 მლნ აშშ დოლარი), ირლანდია (621 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (612 მლნ აშშ დოლარი).

2016 წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი სამეული ასე გამოიყურება:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები _ 243 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16% შეადგინა;

2. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი _ 121 მლნ აშშ დოლარი და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8%-ია.

3. ფეროშენადნობების ჯგუფი _ ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 120 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8% შეადგინა.

 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-სექტემბერში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო:

1. სამკურნალო საშუალებები _ რომლის იმპორტმა 2591 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 34% შეადგინა. აქედან, ჩ ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2398 მლნ აშშ დოლარია;

2. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი _ 412 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5% იყო;

3. მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი _ დაფიქსირდა 338 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4%).

 

ცხადია, მხოლოდ მონაცემების მშრალად, ციფრებში წარმოდგენა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ არსებული რეალობა გავიაზროთ. საკითხავია, თუ რატომ შემცირდა ექსპორტი ასე და ჯანდაცვის ამ რეფორმის სარგებლიანობა რამდენად მაღალია იმასთან შედარებით, რომ მან იმპორტის მოცულობა ამდენად გაზარდა და მოწინავე ადგილი დაიკავა.

 

ვაჟა კაპანაძე _ ექსპერტი:

„მსგავსი მონაცემები ექსპორტში, უმეტესწილად, თხილის ბიზნესზე ფასის დავარდნამ გამოიწვია და შესაძლოა, წლის ბოლომდე მაჩვენებელი შეიცვალოს, ისევ და ისევ, ფასების ცვლილებიდან გამომდინარე.

მე მგონია, რომ ამ 8%-იან ცვლილებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა თხილსა და აზერბაიჯანის ფაქტორს უნდა ეთამაშა. თხილზე ფასები რომ დავარდა, მოსახლეობამ არ გაყიდა, ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება ესეც იყოს. ფასების ცვლილების გამო შესაძლოა, მონაცემებიც შეიცვალოს, მეტი თხილი გავიდეს ქვეყნის გარეთ.

რაც შეეხება ევროკავშირთან ვაჭრობის გაუმჯობესებას, ეს ნამდვილად კარგი ტენდენციაა, რადგან როცა ისეთ კონკურენტულ ბაზარზე გავდივართ, როგორიც ევროპაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე დსთ-ს ბაზარი. თუმცა ამ მონაცემების  შემცირება ზუსტად დსთ-ში მეზობლების ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. ღვინის ექსპორტი გაიზარდა, თხილზე ფასების რყევამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა, წინა წელს თხილი მაღალი ფასით კვოტირებდა და წელს უკვე მერყეობა დაიწყო. შესაძლოა, რაოდენობაზე არ ასახულიყო, შარშან 100 ტონა გაგვეტანა, წელს კი _ 90, მაგრამ თანხაში ერთნაირად ასახულიყო. ფასების ცვალებადობამ რყევები გამოიწვია.

აზერბაიჯანის ბაზარს სერიოზული სავალუტო რყევები აქვს. ამან ძალიან შეამცირა იმპორტი საქართველოში. ბუნებრივია, აქ, ძირითადად, ხორცპროდუქტები გადიოდა. რუსეთში ღვინის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი, ევროპის ბაზარი კი საკმაოდ პოზიტიურია.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ეკონომიკის ზრდა იწვევს ნავთობპროდუქტების მოხმარების ზრდასაც, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდაზე სიგნალებს გვაძლევს“.

 

ექსპერტი დემურ გიორხელიძე კი მსგავსი მონაცემების გამომწვევ მიზეზებზე ღიად საუბრობს: „აქ ძალიან მარტივი პროცესები მიმდინარეობს: მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მთლიანობაში საშინაო პოლიტიკა, ლარის კურსის არანორმალური სიხშირით, უზარმაზარი ამპლიტუდით რხევა უაზროს ხდის ადგილობრივ წარმოებას. იმის გამო, რომ აქ არაფრის გათვლა არ შეიძლება, შესაძლებლობები მწირია, ფინანსური ბაზარი კონცენტრირებულია კომერციულ ბანკებში, რომლებიც საკუთარ ბიზნესებს აკეთებენ და ამდენად ფული ხელმიუწვდომელია ქვეყანაში ბიზნესისთვის, რაც ექსპორტის შემცირებას იწვევს.

დანარჩენი, გასაგებია, რომ იმპორტი იზრდება, მაგრამ მოხმარება არ არის მისი პროპორციული, რადგან ქვეყანაში შემოსავლები ძალიან დაბალია, თუმცა მაინც, შევხედოთ ტენდენციას, იმ ნიშას, რასაც ადილობრივი წარმოების შეკვეცა ჰქვია, უცხოური პროდუქცია იკავებს. მთლიანობაში კი ექსპორტის ნაკლებობა გამოწვეულია ცუდი სამეურნეო გარემოთი და იმ ცუდი სიტუაციით, რომელიც არასტაბილუობას უკავშირდება, განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის. აქ, წარმოების შემთხვევაში, ადამიანს, ფაქტობრივად, გაუთვალისწინებელი, დაუთვლელი და განუსაზღვრელი რისკების განსაზღვრა უწევთ. როცა ქვეყანაში მაღალია ასეთი უპროგნოზობა, იქ რაიმე სერიოზულ ბიზნესზე საუბარი ზედმეტია.

ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის გაზრდა კი არაფრის მანიშნებელი არ არის, აბსოლუტურ მაჩვენებელში არაფერია, ეს არის ილუზია, თითქოს ევროკავშირისკენ დაიძრა ქართული პროდუქცია. რა უნდა დაიძრას რეალურად?! ამ კუთხით სერიოზული აქცენტირებაა საჭირო.

მომავალში არაფერი შეიცვლება, ლარი ისეთივე არასტაბილური იქნება, როგორიც ახლაა, შესაბამისად, ადამიანები მეტ ფულს გადაიხდიან იმაში, რაშიც ადრე ნაკლებს იხდიდნენ“.

 

სოსო არჩვაძე _ ექსპერტი:

„ამ ციფრების მიღმა სხვადასხვა საქონლის შემოტანა-გატანის ცოცხალი პროცესი დგას, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ექსპორტზე მოყვანილ ციფრებს, მინიმუმ, 25% უნდა დავაკლოთ, რადგან საექსპორტო პროდუქციად ჩათვლილ საქონელში ზუსტად ეს ის წილია, რომელიც კი არ მზადდება და გადის საქართველოდან, არამედ, უბრალოდ, დიდ გზას გაივლის სხვადასხვა ქვეყანაში გასასვლელად, ანუ საქართველო, ამ შემთხვევაში, ტრანზაქტორი ქვეყანაა. ამ ეტაპზე კი, ვფიქრობ, თანდათანობით ექსპორტის მაჩვენებელი იმ რეალურ მდგომარეობას უბრუნდება, რაც უნდა ჰქონდეს და იგი უფრო ობიექტურად ასახავს სინამდვილეს. გვინდა, რომ ვაჩვენოთ _ ნეტო ექსპორტი, რაც საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანას ასახავს. აქ კიდევ გასათვალისწინებელია, რომ ავტომობილების რეექსპორტი შეგვიმცირდა და იმპორტის ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანა ჩართულია ჩ ჰეპატიტის წინააღმდეგ ბძროლის კამპანიაში, ამიტომ ეს მონაცემი (3%) იმპორტის წილს უნდა გამოვაკლოთ. ამ წამლებში არც ფიზიკური და არც იურიდიული პირები არაფერს იხდიან, უსასყიდლოდ ღებულობენ.

კიდევ, ექსპორტ-იმპორტი აისახება დოლარულ განზომილებაში და იმის გამო, რომ ლარი გაუფასურებულია, ჩვენი ექსპორტი ლარებში იმდენდ არ შემცირებულა, რამდენადაც დოლარულ განზომილებაში. პირობითად, ჩვენ ვაწარმოებთ მილიონი ლარის პროდუქციას და თუ ეს ადრე 500 000 დოლარის ეკვივალენტი იყო, ახლა იმის გამო, რომ ლარი გაუფასურდა, 450 დოლარის შესაბამისი გამოვიდა. ჩვენ ისე არ ვამცირებთ ექსპორტის მოცულობას, როგორც ღირებულებითი მაჩვენებლები გვეუბნება.

მახსენდება გამოთქმა: „ისე არ წვიმს როგორც ქუხს“, _ თუ აღნიშნულ ფაქტორებს გავითვალისწინებთ, არა მხოლოდ ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა შეიცვლება, არამედ ის იმ მდგომარეობას მიუახლოვდება, რაც წლების მანძილზე გვქონდა. რა თქმა უნდა, გარღვევა არ იქნება საგარეო ვაჭრობაში და შემოტანილ პროდუქციას გატანილი ვერ გადააჭარბებს, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ, რომ აგრო-სასოფლო კომპონენტი გავაძლიეროთ.

თუ სასურსათო პროდუქციას ავიღებთ, ექსპორტი 500 მილიონით ნაკლებია, ვიდრე იმპორტი, ე. ი., ერთი მხრივ, ვამბობთ, ქვეყნის სახელი Georgia მიწათმოქმედებას უკავშირდებაო, მაგრამ, რეალურად, სოფლის მეურნეობა, აგრარული სექტორი და კვების მრეწველობა ძალიან დაბალ დონეზეა და, ფაქტობრივად, იძულებულები ვართ,  ყოველწლიურად 100-ობით მილიონი დოლარის საკვები შემოვიტანოთ. მაგალითად, შარშან საქართველოში მილიარდ ასი მილიონის სასურსათო პროდუქცია შემოვიტანეთ და მხოლოდ 600 მილიონის გავიტანეთ, ეს არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება.

ექსპორტ-იმპორტის სექტორში, მთლიანად თუ არა, სასურსათო სეგმენტში მაინც უნდა მივაღწიოთ დადებით ბალანსს, მაშინ მეტი სარგებელი, სამუშაო ადგილები და ეკონომიკური წინსვლა გვექნება“.

 

                                                                                                                      ნინო ტაბაღუა