ქიბარ ხალვაში: ,,მალე უმუშევარი დარჩებით, განაცხადი შემოიტანეთ და შეიძლება, მიგიღოთ!”

r1

თუ ინტერნეტის საძიებო სისტემაში ჩავწერთ სიტყვათა წყობას, _ თბილისის მერია, ერთ-ერთ პირველ შედეგში ასეთ განმარტებას მივიღებთ: თბილისის მერია წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას (წყარო _ ვიკიპედია).

ვირტუალური სივრციდან დაწყებული მოგზაურობა რეალური გარემოს შესწავლით გავაგრძელეთ. „ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა მიზნით სტუმრობენ და როგორ ემსახურებიან მოქალაქეებს დედაქალაქის მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში.

 

აუცილებელი განმარტება:

„ქრონიკა+“-ის მიერ მომზადებული რეპორტაჟების ფორმატიდან გამომდინარე, როგორც წესი, მასპინძლებს არ ვატყობინებთ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, ვინაიდან დამოუკიდებელი მედიის მიზანი არ გახლავთ რომელიმე უწყებისთვის, ან პოლიტიკოსისთვის სასურველი, შელამაზებული სურათის წარმოჩენა.

 

შარტავას #7-თან უცერემონიოდ მისულებს მერიის ცენტრალური შესასვლელი გადაკეტილი დაგვხვდა, კიბეებთან კი სამშენებლო ნარჩენები ელაგა. რკინის ჯებირზე გაკრული პლაკატი (რომელსაც მიმართულების აღმნიშვნელი წითელი ისარი ერთვოდა) გვატყობინებდა, რომ გვერდითა შესასვლელიდან უნდა გვესარგებლა, თუმცა სანამ დროებითი შესასვლელისკენ დავიძრებოდით, რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, რაც დაცვის თანამშრომელმა თავიდანვე შენიშნა. შენობაში მყოფი ტროტუარისკენ წამოვიდა, გზად კი ხელი დაგვიქნია. მივხვდით, რატომაც, _ ჟესტიკულაცია მიგვანიშნებდა, რომ გადაღება უნდა შეგვეწყვიტა. ჩვენ შენობის პირველი სართულის ცენტრალური დარბაზისკენ შემოვლითი გზით დავაპირეთ შეღწევა, როდესაც, ფაქტობრივად, ალყაში მოგვაქციეს. წამით ადრე ერთ-ერთ ფლიგელშიც მოვასწარით ფოტოების გადაღება, სადაც ბანკომატის ახალი აპარატები იდგა. როგორც ჩანს, განახლება მერიის ყველა კუთხე-კუნჭულს დაეტყობა გაუფასურების გზაზე მდგარი ლარის ფონზე; ჩვენი გზა კი უკან _ ქუჩისკენ გამობრუნებით გაგრძელდა. _ ნებართვა გაქვთ? შეათანხმეთ? გვანახეთ, რა გადაიღეთ! _ გვესმოდა ერთდროულად და ყველა მხრიდან. მიუხედავად განმარტებისა, რომ ზედა სართულებზე ასვლას არ ვაპირებდით და არც იქ მომუშავე პერსონალის შეწუხება გვქონდა ჩაფიქრებული, დაცვის სამსახურის შემადგენლობამ გზა თავიდანვე ორგანიზებულად მოგვიჭრა. დაძაბული საუბრის შემდეგ ტერიტორია იძულებით დაგვატოვებინეს.

_ შიგნით რემონტია, სად უნდა შეხვიდეთ?

_ მოქალაქეები ხომ შედიან?

_ აქ დადექით და აქ ჩაწერეთ ხალხი, _ გვეუბნებოდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, ფორმიანების ხელმძღვანელი.

მათთვის უსაფრთხო ზონაში _ ტროტუარზე _ იძულებით გადმოსულებს, მანვე, რეკომენდაციის სახით, განგვიცხადა, _ მერიაზე ცუდის მთქმელების ძებნა გაგიჭირდებათ და ტყუილად მოგიწევთ დგომაო. ტონალობა იმდენად სარკასტული იყო, რომ აღნიშვნად ღირს. ყველა პროფესია დასაფასებელია: ნარმანიას უწყების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების საქმიანობიდან დაწყებული, სიმართლის სადარაჯოზე მდგომი მედიის წარმომადგენლების მუშაობით დამთავრებული, იმავე მერიასთან ობიექტურობა რომ დაგვიწუნეს. ჩვენი გამოცემისადმი (და არა მხოლოდ) კრიტიკულად განწყობილი პერსონა ადვილად მოსახელთებელი რესპონდენტი არ გახლავთ, ამიტომ ჟურნალისტური პარამეტრებით თუ ვიმსჯელებთ, სააკაძის მოედანზე ტყუილად ნამდვილად არ გავსულვართ. გემრიელ ლუკმას ბოლოსკენ შემოვიტოვებთ, იქამდე კი თხრობას თანმიმდევრულად განვაგრძობთ: ობიექტზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად გასულებმა კიბეებთან მდგარი შუა ხნის ქალბატონი შევნიშნეთ და დიქტოფონი მოვიმარჯვეთ.

ქალბატონი ნათია:

_ დაფინანსებასთან დაკავშირებით მოვედი, ოთხი ათასი ლარი კლინიკამ დააფინანსა, მაგრამ ეს სრული თანხის 42 პროცენტია.

_ ვის სამკურნალოდ ითხოვთ ამ თანხას?

_ დედასთვის, ის პედაგოგი იყო, ახლა კი პენსიონერია. თავიდან გვითხრეს, 100%-იანი დაფინანსება იქნებაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მკურნალობის ღირებულების ნახევარსაც ვერ გვიფარავენ. დღეს თუ არა ხვალ შევიტანთ გამგეობაში განაცხადს, რომ თანხა სრულად დაგვიფარონ, პროგრამის ფარგლებში რაცაა გათვალისწინებული.

_ რას გპასუხობენ?

_ ჯერ არ ვიცი, რამდენია დარჩენილი, მივალ და მერე ვნახოთ.

პირველი კომენტარის ჩაწერის შემდეგ ჩვენკენ ნელი ნაბიჯებით მომავალი შუა ხნის კაცი შევნიშნეთ.

ავთანდილ გოგელაშვილი:

_ ოპერაციის გადავადებაზე ვიყავი. მეუღლე მწოლიარე მყავს. ორგანიზმის საერთო მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და ოპერაციას ვერ აკეთებდნენ, რის გამოც გადავადება ვითხოვეთ.

_ შეგიძლიათ, მოკლედ აგვიხსნათ, ამ პროცედურებთან მერია რა შუაშია?

_ 50%-ს მერია აფინანსებს. საავადმყოფომ ფორმა ასის შესაბამისი დოკუმენტაციით მას მიმართა. განიხილეს, ნახევარი დაგვიფინანსეს, დანარჩენი ჩვენ უნდა გადავიხადოთ. გუშინ დამირეკეს და მითხრეს, მობრძანდით, პასუხი წაიღეთო და აი, ყველაფერი მოგვარდა.

ადმინისტრაციული შენობიდან გამოსული მოქალაქეები (განსაკუთრებით ახალგაზრდები) იმდენად სწრაფად მოძრაობდნენ, რომ მათ შეჩერებას აზრი არ ჰქონდა, ზოგიერთი მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, ზოგიერთს ერიდებოდა იმის თქმა, რომ სოციალური პრობლემების გამო ახლდნენ ოჯახის წევრებს, სხვებმა კი მიახლოებისთანავე უცნაურად გამოგვხედეს. მათგან განსხვავებით, ვალერი კოპალიანი თავისი ვიზიტის მიზნებზე საუბარს არ დაგვზარდა:

_ მეორედ მომიწია მერიაში მოსვლა. მედიკამენტების თანხის გადმორიცხვას ვითხოვ. აფხაზეთიდან დევნილი, ომის ვეტერანი ვარ. თუ ჩამირიცხავენ, მადლობელი ვიქნები.

_ ახლა რომელ განყოფილებაში მიბრძანდებით, ბატონო ვალერი?

_ პირველ სართულზე, განცხადებას დავწერ და საბუთებს ჩავაბარებ.

_ რა შეგიძლიათ, ამ დაწესებულებაზე რომ გვითხრათ? კმაყოფილი ხართ მათი მუშაობით?

_ რა ვიცი, რა გითხრათ? ამათ თანამშრომლებს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ნორმალურად გვხვდებიან. ალბათ, რაც საჭიროა, აკეთებენ, ზედმეტს ვერავინ გააკეთებს, ეკონომიკა უნდა აღორძინდეს, რომ სახელმწიფომ მეტი შეძლოს თავისი მოქალაქეებისთვის.

მალევე გავარკვიეთ, რომ მერიის დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე უწყება კოსტავას 72 ნომერში გადაუტანიათ, რის გამოც შენობიდან გამოსულები რიგ შემთხვევებში უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ:

_ მე კანცელარიას ვეძებდი და, თურმე, რემონტის გამო გადაუტანიათ, _ გვითხრა შუა ხნის ქალბატონმა, რომელმაც ჩვენთან ვინაობის გამხელა არ ისურვა.

_ აქ მერიის სამსახურები სრულად არ ფუნქციონირებს?

_ არ ვიცი, შევედი და გამოვედი, _ კანცელარია რემონტის გამო გადავიდაო…

_ თქვენ რასთან დაკავშირებით იყავით აქ?

_ წამლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ჩემი ძმა პენსიონერია, ინვალიდია და გვეკუთვნის, ახლა კოსტავაზე უნდა ჩავიდე.

ლიანა მჭედლიშვილი:

_ სამოც წელს გადაცილებული ქალი ვარ, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს და სამსახურს ვეძებ, არ მინდა, პენსიის იმედად წამოვწვე სახლში.

_ აქ ხშირად დადიხართ სამსახურის პოვნის იმედით?

_ პირველად ვარ და სად წავიდე, ისიც არ ვიცი. მაინტერესებს, თუ გამოვა ვაკანსიის საქმე, ბედს ვცდი.

მერიისკენ მომავალი მშვენიერი მსახიობი ქეთევან ხიტირი კი დაგვპირდა, რომ შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენთან კომენტარს გააკეთებდა, თუმცა მომდევნო ორი საათის განმავლობაში რუსთაველის თეატრის მსახიობი უკანა გზაზე ვერ შევნიშნეთ. მისგან განსხვავებით იქვე მდგარმა, სოლიდურად ჩაცმულმა, ასეთივე ასაკის მამაკაცმა მეტად ორიგინალური კომენტარი მოგვცა:

_ მეზარება პასუხის გაცემა. ცუდად კი არ გეუბნებით, სამ დღეში აქ მოვალ და თუ ახლა არ მომეხმარნენ, მერე გეტყვით, რა როგორ… რესპონდენტების ძიებაში ტროტუარის მიმართულებით გავიხედეთ და კიდევ ერთი ნაცნობი სახე დავაფიქსირეთ, ამჯერად, ნუცა ჯანელიძე. იგი კიბეებთან შევაჩერეთ:

_ მოგესალმებით ქალბატონო ნუცა, მე თქვენ წლების წინათ პირადადაც გიცნობდით, ზაზა სვანაძე გაწუხებთ…

_ უიი, ვიცი, ვიცი, ვიციიი… სკანდალური ჟურნალისტი. აბა, რა გინდა? _ ღიმილიანი სახით შეჩერდა ქალბატონი ნუცა.

_ ამჟამად „ქრონიკა+“-ის თანამშრომელი ვარ, თბილისის მერიის შესახებ რეპორტაჟს ვამზადებთ. ხალხს ვეკითხებით, როგორ ემსახურებიან ამ დაწესებულებაში?

_ კულტურის სამსახურში მომუშავე ერთ ქალბატონთან, ია ქარდავასთან, ძალიან საინტრესო აღმზრდელობით და საჭირო პროექტთან დაკავშირებით მოვედი!

_ თქვენ ქართულ შოუბიზნესში წლების განმავლობაში მოღვაწეობდით და საკმაოდ წარმატებითაც. როგორ შეაფასებთ თბილისის მერიის მუშაობას?

_ არავინ არასდროს არის კმაყოფილი ყველაფრით! მე რა სფეროსაც ვემსახურები, იქიდან გამომდინარე გიპასუხებთ. როგორ გითხრათ (რესპონდენტი დაფიქრდა)…

_ რატომ არ ჩანხართ ბოლო წლების განმავლობაში ეკრანზე?

_ აი, ამას სამი ძახილის ნიშნით გამოაქვეყნებთ? იმიტომ, რომ ქართული სიმღერა აღარ უნდათ ჩვენს მეგობრებს ოკეანის გაღმიდან! რასაც ისინი ბრძანებენ, იმას ასრულებს მთელი ქვეყანა! ზუსტად მაგიტომ არ ვჩანვარ ეკრანზე!!! არავის უნდა ქართული ხელოვნება, ყველას უნდა ინგლისური, რომელსაც მე არანაირ შემთხვევაში არ უარვყოფ…

_ ვინ აკონტროლებს დღეს ქართულ შოუბიზნესს? ვის აქვს მონოპოლია გასართობ ინდუსტრიაში?

_ შოუბიზნესი, უხეშად რომ ვთქვათ, ფულის გაკეთების საშუალებაა სანახაობით. ვისაც თავისი შოუს დაფინანსების შესაძლებლობა აქვს, სადაც შედის საორკესტრო მომსახურება, დეკორაცია, დარბაზის დაქირავება, ის ჩანს. რა უნდა გააკეთო იმ ცარიელ დარბაზში, როცა თვრამეტი ათას ლარს იხდი? ამ შემთხვევაში საკონცერტო დარბაზზე ვსაუბრობ, სცენაზე რა უნდა ქნა? ან რამდენად უნდა გაყიდო ბილეთი?

_ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რასთან დაკავშირებით მობრძანდით აქ?

_ წეღანაც აღვნიშნე: მოვედი ია ქარდავასთან, რომელიც კულტურის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელია და მასთან მივდივარ ძალიან საინტერესო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც, დედას ვფიცავარ, თავად ია ქარდავამ შემომთავაზა, _ რას იტყვი ამ საკითხზეო? მე ვუთხარი, _ არ ვიცი, მოვიფიქრებ-მეთქი.

_ ხშირად სტუმრობთ თბილისის მერიას?

_ როცა მიბარებენ, სიამოვნებით მოვდივარ.

_ ჩვენი შოუბიზნესის მთავარი პრობლემა რა არის?

_ ფულიიი (რესპოდენტი იცინის)!..

ცნობილ მუსიკოსსა და პედაგოგს წარმატებები ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ. არც იქამდე და არც შემდეგ (დაახლოებით ორი საათის განმავლობაში) ასეთ მაჟორულ ტონალობაში არც ერთ ჩვენს შემდგომ რესპონდენტს არ უსაუბრია.

_ ოპერაცია მჭირდება, კუჭ-ნაწლავში კარგი მდგომარეობა არ მაქვს, სიარულიც მიჭირს, _ გვითხრა მარო დავოინმა.

_ ეს რა საბუთები გიჭირავთ?

_ აქამდე ძლივს მოვაღწიე, მაგრამ უნდა მოვსულიყავი, იქნებ, ოპერაციის თანხაზე დამეხმარონ, კალკულაციის ფურცლები მაქვს და ვიცი, რომ დახმარების გარეშე არ დამტოვებენ.

_ კმაყოფილი ხართ თბილისის მერიის მუშაობით?

_ ახლა მივდივარ, არ ვიცი, რა დამხვდება.

ირაკლი რუხაძე:

_ მე უცხო ენების ინსტიტუტში ვმუშაობდი, ლექტორი გახლდით. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში 618-ე კოოპერატივი საერთო საცხოვრებლის აშენებას აპირებდა საბურთალოზე. 1987-88 წლებში ამ ბინათმშენებლობის კოოპერატივში ფული შევიტანეთ. კორპუსი არ აშენდა, თუმცა რადგანაც ეს სახელმწიფო კოოპერატივი იყო, სახელმწიფომ აიღო ვალად. მას მერე ყველა მთავრობა გვპირდება, რომ ჩვენს საქმეს შეისწავლის, მაგრამ დღემდე გვატყუებს. 80 წლის კაცი ვარ, წლებია, აქ დავდივარ, თუმცა ჩვენს ამბავს არანაირი პირი არ უჩანს.

_ დღეს ვისთან იყავით და რამდენად გულისხმიერად გიპასუხეს?

_ ქონების მართვის სამსახურში გახლდით. შიდა ვალი რომ არის, ყველა აღიარებს, მაგრამ კიდევ უნდა განიხილონო და აგორავებენ თემას, _ შიგნით ჩვეული სიტუაციაა, რაც საერთოდ ახასიათებს ბიუროკრატიას. აქ, მეტ-ნაკლებად, ფასადურად, ვითომ დემოკრატიაა. ევროპის ქვეყნებისკენ კი მივისწრაფით, თუმცა მათგან კიდევ შორს ვართ _ მენტალურად, განათლებით.

ძნელია ასეთ ვითარებაში მყოფი ადამიანის დაიმედება, ვინაიდან იმავე თბილისის მერიის გვერდით (დაახლოებით 100-200 მეტრში) ბეტონის ჯუნგლები იწყება. სააკაძის მოედნიდანაც კარგად აღიქმება დაუსრულებელი ნაგებობები, რომელთა დასრულებასაც არაერთი ოჯახი ელოდება ბოლო ათი წლის განმავლობაში.

ის იყო, წამოსვლა დავაპირეთ, ტროტუართან ძვირფასი ავტომობილი შევნიშნეთ. პიროვნება, რომელიც მძღოლის გვერდით იჯდა, ჩვენდა გასაკვირად, ქიბარ ხალვაში აღმოჩნდა. მას მივუახლოვდით და ფოტოების გადაღება დავიწყეთ. ბიზნესმენს დიდად არ გაჰკვირვებია მისდამი ინტერესი და შუშა ჩამოსწია. ბუნებრივია, შანსი ხელიდან არ გავუშვით და დაქოქილ ავტომობილში მჯდარ ხალვაშს დიქტოფონი მივუშვირეთ:

_ ბატონო ქიბარ, შეგიძლიათ გვითხრათ, რასთან დაკავშირებით ხართ მერიაში მოსული? „ქრონიკა+“-დან გაწუხებთ.

_ ჯერ ელისო კილაძეს ჟურნალისტად არ მივიჩნევ, ელისო კილაძე არის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი მიშას გუნდში. მერიასთან, სახელმწიფოსთან და ყველა სტრუქტურასთან ურთიერთობა მაქვს თავიანთი წინამორბედების მიერ ჩემთვის მოყენებული ზარალების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

_ არაერთი წელია, „რუსთავი 2“-ზე კონტროლის აღსადგენად იბრძვით, თუმცა უშედეგოდ, ეს ვისი ბრალია?

_ კილაძისნაირი ვაიპატრიოტებისა და გაუმართავი სასამართლოს.

_ ელისო კილაძე ხომ მოსამართლე არ არის?

_ მოსამართლე არ არის, მაგრამ თავის აზრს კი ავრცელებს.

_ გასაგებია თქვენი შეფასება ჩვენს მთავარ რედაქტორზე. ქართულ სასამართლოზე რას გვეტყვით? ივანიშვილს გავლენა აქვს ამ ინსტიტუციაზე?

_ სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს ყველა ის მოქალაქე და არასწორი მედიასაშუალება, რომელიც აზრს გამოთქვამენ, თითქოს მათი მხრიდან მიკერძოებულობაა. აი, თქვენ გეკითხებით, ელისო კილაძისთვის რომ მუშაობთ, სინდისის გრძნობა გაწუხებთ თუ არა?

_ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას პროფესიონალურად ვასრულებთ, ბატონო ქიბარ.

_ სამართალს უნდა ემსახუროთ!

_ სამართალს სამართალმცოდნეები და იურისტები ემსახურებიან. თქვენ რომ „რუსთავი 2“ ვერ დაიბრუნეთ, ეს ვისი ბრალია, ელისო კილაძის?

_ თქვენისთანა ვაიმოქალაქეების ბრალია.

_ კონკრეტულად ჩვენ რაში შეგიშალეთ ხელი?

_ ვაიმეეე! რაში შემიშალეთ ხელი და იმაში, რომ, თითქოს, „რუსთავი 2“ რომ გადაცემულიყო კანონიერ მფლობელს, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს წააგებდა.

_ სასამართლოსთან პრეტენზიები არ გაქვთ?

_ თქვენთანაც მაქვს პრეტენზია, უკეთესს სამსახურს რომ არ ეძებთ.

_ მე თქვენთვის არ შემომიჩივლია, რომ ცუდ ადგილას ვმუშაობ, ნუ დარდობთ! სასამართლოსთან თუ გაქვთ პრეტენზია?

_ ხომ გითხარით, არა, სასამართლოზე ზეგავლენას ახდენს ყველა ვაი-ურაპატრიოტი. დღემდე არ არის სამართალი დადგენილი ქვეყანაში.

_ რამის თქმა ხომ არ გსურთ? რამეს ხომ არ დაამატებთ?

_ არ ვიცი, რა გითხრათ: მიშა დამარცხებულია, ელისო კილაძეს სპონსორი აღარ ჰყავს და, ალბათ, მალე უმუშევარი დარჩებით. განაცხადი შემოიტანეთ და შეიძლება, მიგიღოთ.

 

ეპილოგის მაგიერ:

ასე დავასრულეთ საუბარი ერთ დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელთან, რომელიც, ამ მედიასაშუალებაზე კონტროლის აღდგენის შემთხვევაში, იქ მომუშავე ჟურნალისტებს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ჰპირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ხალვაშმა ჩვენი მთავარი რედაქტორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ დამალა და ხისტი ფორმულირებები გამოიყენა, ცნობილი საქმოსნის ნათქვამს უცვლელად გადმოგცემთ. პრინციპში, არც მას გაუკეთებია შეფასებები იმ დაწესებულების მიმართ, რომელიც ყველას აერთიანებს: პენსიონრებს, ხელოვნებს, მშენებლებს, სოციალურად დაუცველებსა და ერთ დროს სააკაშვილის მხარდამჭერ ბიზნესმენებსაც.

 

                                                                                                                      ზაზა სვანაძე