გურამ პეტრიაშვილი: ,,ბატონო მინისტრო, ბოდიში, რომ გაზეთის ფურცლებიდან გიტარებ გაკვეთილს!”

p1

საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბოლო კვირის ,,მარგალიტებს” საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ვინ კონტექსტიდან ამოვარდნილ ფრაზებზე საუბრობდა, ვინ კიდე ფილოსოფიურ მიდგომებს უწუნებდა საჯარო მოხელს. ფაქტი ერთია, აქამდე ყველაზე უწყინარი, თუმცა არაორდინალური მინისტრი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები მრავლად დაფიქსირდა, წყენაც და შექებაც თითქმის თანაბრად გადანაწილდა, `ქრონიკა+”-მა მინისტრის, ქართული განათლებისა და ბოლო დროს საჯილდაო ქვად ქცეული ზრაპრების გმირების თემის შეფასება მწერალ გურამ პეტრიაშვილს სთხოვა.

 

გურამ პეტრიაშვილი:

_ ჩვენს განათლების სისტემაში ისეთ კურიოზს შევესწარი, არც ერთ ქვეყანაში რომ არ მომხდარა. რამდენიმე წლის წინ, სატელევიზიო გადაცემაში, განათლების ყოფილ მინისტრს, კახა ლომაიას მისცეს დავალება _ მას უნდა დაეწერა დაფაზე სიტყვა: „ბავშვი“. ლომაიამ ჯერ დაწერა: ბავში, მერე _ ბაშვი. განათლების მინისტრმა სიტყვა „ბავშვი“ სწორად ვერ დაწერა. ეს არ იყო მექანიკური შეცდომა. ის დიდხანს იდგა დაფასთან და ფიქრობდა, როგორ დაეწერა ეს სიტყვა. ლომაია იყო სანტექნიკოსი, თანაც, როგორც ჩანს, ცუდი სპეციალისტი, თორემ, მე ვიცნობ ამ დარგში მომუშავე ადამიანს, რომელმაც ბრწყინვალედ იცის ქართული ენა. ის ლომაიაზე მეტად განათლებულია და ამჟამინდელ განათლების მინისტრსაც აჯობებს აზროვნებაში.

_ ბოლო ათწლეულებია, რაც ჩვენს ქვეყანაში განათლების მინისტრებად სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ნიშნავენ. სანტექნიკის სპეციალისტის გარდა განათლების მინისტრად გვყავდა ბუღალტერიც, ალექსანდრე ჯეჯელავა კი მარკეტინგის სპეციალისტია. პედაგოგიური განათლების მინისტრის ეპოქა, ეტყობა, ისტორიას ჩაბარდა. ასეა, ბატონო გურამ?

_ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მარკეტინგში, ან სანტექნიკის დარგში არ შეიძლება, ადამიანი განათლებული იყოს, მაგრამ როდესაც მხოლოდ მარკეტინგით აქვს თავი ამოვსებული და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა იყიდოს, როგორ იყიდოს და გაყიდოს, ის განათლებას ვერ მიეწევა. მე მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე და 3 წელიწადი სხვადასხვა სკოლაში ვიმუშავე. ბავშვებთან ურთიერთობები რომ არ მქონოდა და სკოლაში არ მემუშავა, ვერ გავიგებდი, რას წარმოადგენს განათლების სფერო. ამ დარგში რომ იმოღვაწეო, საოცრად უნდა გიყვარდეს ბავშვი და დიდ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე იმ საქმის მიმართ, რომელიც გაბარია. მომავალი თაობა უნდა გაზარდო და აღზარდო თავისი ქვეყნის ნამდვილ მოქალაქედ, რომელმაც შემდგომ უნდა ზიდოს ეს მოქალაქეობრივი ტვირთი. ამჟამინდელი მინისტრის ნააზრევს რომ ვისმენ, ის იმ ადამიანების გამონათქვამებს მაგონებს, რომლებიც „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კომედი შოუში“ მუშაობენ. ამ შოუში ასეთი სცენა ჰქონდათ _ ასახიერებდნენ „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს: ტარიელს, ავთანდილსა და ფრიდონს, ყველანი ერთად კი კოშკის დეკორაციასთან იდგნენ და ბაასობდნენ:

_ რა ხდება იქო? _ ეკითხებოდა ერთი. _ ნესტანია დატყვევებულიო, _ პასუხობდა მეორე. მესამე კოშკის მიმართულებით იძახდა: ნესტან, ნესტან, როგორ გაქვს საქმეო? ერთი სიტყვით, ნესტანს მიანიშნებდა, უკვე იხმარეს თუ არა შენზე ძალა და გაგაუპატიურეს თუ არაო? მადლობა ღმერთს, ზემოდან ნესტანმა ანიშნა, _ არა, ჯერ არაო.

წინათ „კომედი შოუს“ დაწყების დროს განმარტავდნენ, ეს არის თამამი ხუმრობები ყველასა და ყველაფერზეო. მინდა, მომკლას ღმერთმა, როცა მოვისმენ „თამამ ხუმრობას“ ქეთევან წამებულზე, თამარ მეფეზე, ღვთისმშობელზე, დავით აღმაშენებელზე, ილია ჭავჭავაძეზე, ქართლის დედასა და ა. შ.

შეიძლება გაგიკვირდეთ, რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ საბჭოთა განათლების სისტემა ძალიან კარგი იყო, რადგან მას საფუძვლად ედო გერმანული განათლების სისტემის სქემა. გერმანელები ჭკვიანები არიან და ისინი ცუდ სისტემას არ აირჩევდნენ. ასეთ განათლების სისტემაში აღიზარდნენ ნოდარ დუმბაძე, რეზო ინანიშვილი, სულიკო ჟღენტი, რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, გიგა ლორთქიფანიძე და ა. შ. ამ სისტემას არაფერი აკლდა, მაგრამ მერე ამერიკული სისტემა შემოიტანეს, რომელსაც რაღაც ტესტები და უნარები მოჰყვა. მას მერე ვკითხულობ და ვერავინ წესიერად ვერ მიხსნის, რას ნიშნავს უნარები?

თეა თუთბერიძე, რომელსაც სკოლაში, მგონი, მაშინაც არ უვლია, როცა სწავლობდა, სკოლის დირექტორების დირექტორად დანიშნეს. მე დაწერილი მაქვს ერთი მოთხრობა, რომელშიც ერთ-ერთი პერსონაჟი დირექტორების დირექტორია. ეს მოთხრობა მანამდე დავწერე და მაშინ არ ვიცოდი, ეს სინამდვილეში თუ მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. მოთხრობის გმირი, დირექტორების დირექტორი, საშინელი ადამიანია. ასეთი იყო თუთბერიძეც, მან როინ მეტრეველი მოხსნა, რომელიც, თავის დროზე, ცკ-ს მდივანიც იყო და თან წიგნს წერდა თამარ მეფეზე.

რასაც ახლა გეტყვით, აუცილებლად დაბეჭდეთ: მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდია საქართველოში აღარ არის, რაც მოვიდნენ სიგუები, კოტოვანები თავისი შევარდნაძეებით, განათლების სისტემა, რა თქმა უნდა, არ წავიდოდა ისე, როგორც საჭირო იყო. გამსახურდიას თავის კაბინეტში ერთი სამუშაო მაგიდა ედგა და მასზე დოკუმენტები ეწყო. ამ ოთახში მეორე მაგიდაც იდგა, ფანჯრების გასწვრივ, სადაც გადაშლილი ეწყო ქართული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსების წიგნები. სწორედ ამ წიგნებთან იჯდა ხშირად ბატონი ზვიადი. მას მერე კი, რაც ეს ადამიანი ჩამოაგდეს და მოკლეს, ცხადია, განათლებაც ისე წავიდა, როგორც ამ ხალხს შეეფერება. ჩემი ძმა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს და ლექციებს კითხულობს. ბავშვებმა არაფერი იციან, არც ძველი, არც ახალი და არც აინტერესებთ. ჯეჯელავა მოვა თუ სხვა, სულ ერთია, ყველა ისე გააგრძელებს, როგორი გეზიც აქვს აღებული.

_ ანუ ამ პროცესებს მხოლოდ განათლების მინისტრების არაკომპეტენტურობას არ აბრალებთ?

_ ეს ყველა მათგანის დამსახურებაა, ვინც განაგებდა და განაგებს ამ დარგს. ამას მასწავლებლებს ვერ დავაბრალებ. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში დიდხანს კითხულობდა ქართულ ლიტერატურას თქვენი მოგვარე, ვარდიაშვილი, ძალიან ძლიერი პედაგოგი. დარწმუნებული ვარ, განათლების მინისტრების ნამოქმედარისა და გამონათქვამების გამო ისიც ძალიან განიცდის. დავიწყებ ჯეჯელავას იმ გადაწყვეტილებით, რომ ქართული ლიტერატურის სწავლებიდან, თურმე, საზეპიროები უნდა ამოიღონ, რადგან ის ბავშვებს ღლის და მათთვის არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს.

საზეპირო არის ქართული ენის ნიმუში, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლოს ბავშვმა და ამით „აშენდეს“ მისი სული. პირდაპირ ჯეჯელავას მინდა ვუთხრა: ბატონო მინისტრო, სკოლა მხოლოდ ინფორმაციას კი არ იძლევა, ის ზრდის მოქალაქეს. სკოლა, სადაც მხოლოდ კომპიუტერული ცოდნით უტენიან თავს, განათლების კერა ვერ იქნება. განათლება არის სისტემა და ამიტომაც იქ გამოკვეთილი უნდა იყოს ერის ამოცანები, რაც დღეს ასე არ არის. ამჟამინდელი სკოლებიდან გამოსულ ბავშვებს მერე უცხოეთში უშვებენ სასწავლებლად, სადაც კიდევ უფრო მეტად ერევათ ტვინი და რა მოქალაქეები დადგებიან ისინი? „ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეოს“ ზეპირად რომ ისწავლის ბავშვი, მას გულში ძარღვი აუცილებლად შეუტოკდება. ამისათვის ასწავლიან საზეპიროებს სკოლაში. 74 წლის კაცი ვარ და დღემდე მახსოვს კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენადან“ ზეპირად ნასწავლი ფრაზა: „და მთელ ღამეს ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს“. ეს ხომ ფრაზაა, მაგრამ დავიმახსოვრე, როგორც ლექსი.

ლიტერატურა ერთ ადგილზე არ ჩერდება. ბოლო პერიოდში ლიტერატურაში მოვიდა რეზო ინანიშვილი, რომლის უამრავი მოთხრობაც შეიძლება, საზეპიროდ ასწავლო ბავშვებს. ეს მოთხრობები მათ ასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი ადამიანი. რატომ არ უნდა ასწავლო ზეპირად ბავშვს ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“? გახსოვთ, რას ეუბნება ზურიკელას მომაკვდავი ბებია? მასშიც დახასიათებულია მომავალი ქართველი. ამიტომ, ბატონო მინისტრო, ბოდიში, რომ გაზეთის ფურცლებიდან გიტარებ გაკვეთილს, მაგრამ მაინც უნდა მომისმინო. საზეპირო არის მშობლიური ენის, ქვეყნის, სამშობლოს შეყვარების კიდევ ერთი ცდა და ეს მანამდე უნდა გცოდნოდათ, სანამ მინისტრად მოხვიდოდით. ასეთ აზრებს თუ შეუგნებლად აფრქვევთ, ეს არის ვაი და თუ შეგნებული გაქვთ, რასაც ამბობთ _ ვაი და ვუია ერთად. არ ვიცი, „ცეერუში“ როგორ დაარიგეს, რა დავალებები მისცეს მიხეილ სააკაშვილს, ან მის მეუღლეს, ასე რომ გარდაქმნეს ყველაფერი…

_ ჯეჯელავა სააკაშვილის დანიშნული მინისტრი არ არის, ის „ოცნებამ“ დანიშნა, ბატონო გურამ…

_ თქვენ გგონიათ, დიდი განსხვავებაა მათ შორის? როგორც მიშამ აიჩემა კაჭკაჭივით, _ ნატო და ევროპა, ისე განაგრძობენ ესენიც. მე და ჩემმა რამდენიმე თანამოაზრემ პროექტი დავწერეთ და, ალბათ, მომიწევს ამ ხელისუფლებასთან მისვლა ამის გამო. შეიძლება, ჩემი საქმისთვის ცუდს ვაკეთებ, ჯეჯელავაზე ახლა რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ ჯანდაბას ჩემი ყველა იდეა, მთავარია, ქართული განათლება გადავარჩინოთ.

_ ჯეჯელავამ მხოლოდ საზეპიროების წინააღმდეგ არ გაილაშქრა. მან ასევე მოუწოდა მშობლებს, მძიმე წიგნებით შვილებს ნუ დატვირთავთო და ქაღალდის წიგნის ალტერნატივად ელექტრონული წიგნი შესთავაზა. აგერ, ინტერნეტშია წიგნები და ის გამოიყენონ თქვენმა შვილებმაო. როგორ ფიქრობთ, მინისტრს მართლა აწუხებს, ბავშვებს წიგნების სკოლაში ტარება რომ ღლით, თუ ამჯერადაც უფრო რთულად არის საქმე?

_ ერთხელ ელიზბარ ჯაველიძემ მითხრა, _ ევროპაში ერთ ქალბატონს ველაპარაკე, რომელმაც პირდაპირ თქვა, ქართველების ადგილი თანამედროვე მსოფლიოში არ არის, არც განათლება გინდათ და არც არაფერიო. მართლაც, ჩვენ გვამზადებენ სხვის მომსახურე ერად. უნდათ, რომ ვიყოთ მხოლოდ ოფიციანტები, ლაქიები, მიმტან-მომტანები. მალე ჩამოგვართმევენ რუსთაველს და გვეტყვიან, ასეთი ნაწარმოები თქვენ არ უნდა გქონდეთო. ამას წინათ ერთ-ერთი ეროვნების ხალხს მცდელობა ჰქონდა და ახლა ამას ისეთები გააკეთებენ, რომელთაც ღონეც აქვთ და იმის საშუალებაც, რომ სამუდამოდ გაგვაჩუმონ. ეტყობა, ჯერ კარგად არ აქვთ შეგნებული, თუ რა დაწერა რუსთაველმა, თორემ ეგ რომ შეიგნონ, რა მთა და მწვერვალია „ვეფხისტყაოსანი“, უარესად გაგვანადგურებენ. გვეტყვიან, ვინ მოგცათ უფლება, რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, ილია, აკაკი, ბარათაშვილი გყავდეთო?

_ როგორც ვხვდები, ამჯერად ჯეჯელავაზე არ საუბრობთ და ვინ გყავთ მხედველობაში, ბატონო გურამ? კონკრეტულად ვინ გვეტყვის ასე?

_ ვინ და ისინი, ვინც შეიმუშავა გეგმა, რომ კაცობრიობა არის ძალიან დიდი, უნდა განადგურდეს და დარჩეს მხოლოდ 1 მილიარდი, რომელსაც ისინი ეძახიან „ოქროს მილიარდს“. მასში შევა, ალბათ, ამერიკა და რამდენიმე ევროპული ქვეყანა. დანარჩენი უნდა მოისპოს ნელ-ნელა, ათასნაირი ხერხით. ჯეჯელავას გამოსვლებიც ამ განადგურების ერთ-ერთი მეთოდი და მაგალითია.. წიგნი დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა. წიგნს აქვს თავისი გემო, სუნი, ფერი, გრძნობა და მას კომპიუტერი ვერასდროს შეცვლის. წიგნს გულში ჩაიხუტებ აღფრთოვანებული, მოეფერები და კომპიუტერს _ ვერა. ეს ანაღვლებთ მათ და არა ის, ბავშვებს წიგნების ტარებით ჯანმრთელობის მხრივ რაიმე დაუშავდებათ, თუ არა. ჯეჯელავამ არ იცის, რას ნიშნავს წიგნიდან ამოკითხული „მოქნეული სიტყვა“ და ამიტომ ადვილად უპირისპირდება მას. გოგლა ლეონიძე „ნატვრის ხეში“, მოთხრობა „მარიტაში“ ბოლოს ამბობს: მარიტა აღარ არის. მე მის ნასახლარზე ამოვედი და დავინახე, რომ ერთი ბროწეული ამოვარვარებულიყოო. ჯეჯელავამ და მისმა მსგავსებმა მხოლოდ ის იციან, რომ ბროწეულის ხე ამოდის, მაგრამ ბროწეულის ამოვარვარება არც გაუგონიათ. სწორედ ეს არის ქართული „სიტყვის მოქნევა“, სიტყვის ძალა და ენერგია. ამიტომ უნდა ისწავლოს ბავშვმა ზეპირად ნაწარმოების ასეთი ადგილები, რათა ეს ენერგია შეიგრძნოს და გაითავისოს. თარგმნეთ ეს სიტყვა სხვა ენაზე და ნახავთ, რამდენი სიტყვა დაგჭირდებათ აზრის გადმოსაცემად „შემომეყარა ყივჩაღის“ მსგავსად. უცხოელს შემომეყარა რომ გადაუთარგმნო, უნდა აუხსნა, _ მივდიოდი გზაზე და მოულოდნელად შემომხვდა ყივჩაღიო. აქ კი ერთ სიტყვაშია ყველაფერი მოქცეული. ინგლისური ენა ისეა მოწყობილი, შეიძლება გინდოდეს თქვა, კაცი ვაშლს ჭამსო, მაგრამ სიტყვები გადააადგილო და გამოგივიდეს, რომ ვაშლმა შეჭამა კაცი. ჩვენი ენა სხვანაირია, უფრო მოქნილია და ამის განადგურება ამიტომ უნდათ ჯეჯელავებსა და მის მსგავს განათლების მინისტრებს მავანთა დავალებით.

თავის დროზე უამრავი წერილი დავწერე რუსულ ენაზე და იცით, რა მომიგონეს? _ არ იცის რუსული და მას ამიტომ ებრძვისო. მე არ ვებრძოდი რუსულს, მაგრამ ვამბობდი, რომ რუსული ენით უნდათ ქართულის შეცვლა-მეთქი. ახლა კი ქართული უნდათ, რომ ინგლისურით შეცვალონ და გამეტებით ებრძვიან ჩვენს მშობლიურ ენას, ლიტერატურას, ღირებულებებს, მას, რაც გაგვაჩნია და საუკუნეების მანძილზე შეგვიქმნია. ყველაფრის განადგურება აქვთ მიზნად დასახული. ამ ვითომ პატარ-პატარა ცვლილებებით სწორედ აქეთ მიგვაქანებენ.

ჩემთან საუბრის შემდეგ ნებისმიერ მაღაზიაში შედით და პროდუქტი იყიდეთ. გამყიდველი გეტყვით: გემრიელად მიირთვით. წინათ ვინმე გეუბნებოდათ ასეთ სიტყვებს? დედა, ბებია თუ ოჯახის მასპინძელი გეტყოდა, ღმერთმა შეგარგოსო. გემრიელად მიირთვი _ ინგლისურის ცუდი კალკია და ვინ მოიგონა მისი ქართულ საზოგადოებაში დანერგვა, დიდი მიხვედრა არ სჭირდება! ამიტომ ვამბობ, ჩვენი გადაშენება უნდათ და ყველანაირ ხერხს იყენებენ ენის, მამულისა და სარწმუნოების საწინააღმდეგოდ. ჯეჯელავა ამ სტატიას რომ წაიკითხავს, იმედია, ცოტა მაინც დაფიქრდება და რამეს გაიგებს. ასევე გთხოვთ, თქვენმა გაზეთმა შუამდგომლობა გამიწიოს ტელევიზიაში და საპაექროდ, პირისპირ დამისვან ჯეჯელავა, თუნდაც, ლომაია. მე საზოგადოებას ვაჩვენებ, რომ ეს ადამიანები ძალიან უბადრუკნი და მწირი გონების პატრონები არიან.

_ ჩვენი ბავშვობის კომბლეც შეურაცხყო მინისტრმა და ის ცუდ მეცხვარედ, მოძალადედ დაგვიხატა. კომბლე ასეთ შარში, მგონი, არასდროს გახვეულა. სამაგიეროდ, ჯეჯელავას სპაიდერმენი მოსწონს. ძველ ზღაპრებთან და მულტფილმებთან მინისტრის ბრძოლას რით ახსნით?

_ ძველი მულტიპლიკაციური ფილმია „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“… ამ მულტფილმებს თავს შემოევლოს ყველა უცხოური და თანამედროვე მულტიპლიკაციური ფილმები. „არსენა“, „ბაში აჩუკი“ და „გიორგი სააკაძე“ 10-ჯერ მაინც მაქვს ნანახი. ამ ფილმებზე გავიზარდეთ და მგონი, ცუდი აღზრდა-განათლება არ მიგვიღია. თუ არ სჯერა ჯეჯელავას, მოვიდეს და გამეჯიბროს. ზღაპრების წერაში კი ცალი ნეკით დავამარცხებ.

_ სანამ ძველი ზღაპრების, მულტფილმების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე საუბარს გავაგრძელებდეთ, მეც მინდა, ერთი ამბავი მოგიყვეთ: ქართველი კომპოზიტორის, რეზო ლაღიძის ქალიშვილმა, რომელთანაც რამდენიმე წლის წინათ ინტერვიუ ჩავწერე, მითხრა, _ მამა მუსიკას, ძირითადად, ტყეში ქმნიდა. გავიდოდა ბუნებაში და საათობით უსმენდა ჩიტების ჭიკჭიკს, ფოთოლთა შრიალს და ყველა მისი ნაწარმოები იქ დაიბადაო. დღეს მუსიკას კომპიუტერი ქმნის და მას ადამიანის ნიჭი, გონება აღარ სჭირდება. თქვენ მიერ გაბმულ ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით, ქართული სიმღერა ამ „გეგმამ“ უკვე შეიწირა?

_ დიდი მადლობა, რომ რეზო ლაღიძე გაიხსენეთ. თუ ვინმე დაბადებულა საქართველოში ნიჭიერი, კარგი და კეთილი, ერთ-ერთი იყო ბატონი რეზო. მას ღმერთისგან ბოძებული ნიჭი ჰქონდა. მისი შექმნილი ნაწარმოებები იმდენად სწვდება ადამიანის გულს და ისეთი ღრმაა, რომ მის ბევრ სიმღერაზე გეტყვიან, ხალხურიაო. მან საქართველოს ჰიმნი დაწერა ილიას სიტყვებზე: „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია…“ ეს ნაწარმოები ყველას აოცებს, ამიტომ უნდათ, ყველაფერი წაგვიშალონ. საწყალმა ჯეჯელავამ შეიძლება არც იცის, რომ ვიღაცის ხელში იარაღია საკუთარი ერის, ქვეყნისა და ღირებულებების წინააღმდეგ. ისევე როგორც ლომაიას შეიძლება ჰგონია, რომ არის ქართველი, მაგრამ ეს არ არის, ბიჭებო, ქართველობა!

_ ახლა ის მითხარით, კომბლეს სპაიდერმენი მართლა სჯობია, თუ არა?

_ ერთი კაცი გამოვიდა მუზეუმიდან, სადაც ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ იყო გამოფენილი და თქვა, _ არ მომეწონა, აბა, ეს რა ყოფილაო?! ბრძენმა კაცმა ამასთან დაკავშირებით განმარტა, _ ეს ქალი დედამიწაზე იმდენ ადამიანს მოსწონს და უყვარს, მას აქვს ნება, აირჩიოს, ვის მოეწონოს და ვის _ არაო. „კომბლე“ არის ქართული ხალხური ზღაპარი. წარმოიდგინეთ, ის რომ ჩვენამდე მოვიდა, რამდენ დროს, თაობას გაუძლო. ახლა ვიღაც ჯეჯელავას მოეწონება ის თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

_ ჯეჯელავა ვიღაც არ არის, ბატონო გურამ, ის განათლების მინისტრია და ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ამ სფეროში. თუნდაც იმისი, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ. ასე არ არის?

_ ის როგორც ლაპარაკობს, ამის შემდეგ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ვიღაცა, მავანი და არ არის პიროვნება. ნუ შეგეშინდებათ, დაწერეთ ისე, როგორც გეუბნებით. მოვიდეს მერე და მე მეკამათოს. ვერა და ვერ მოვიდა განათლების მინისტრად ისეთი ადამიანი, ვინც ამ სფეროს მალამოდ დაედება და ეს არის ჩვენი ბავშვების ტრაგედია. განათლებისა და კულტურის საქმეებში ხელებს ურევენ ვიღაც ლევან ბერძენიშვილი, გია ნოდია და კიდევ სხვები. ბერძენიშვილი თუ ძალიან გამაბრაზებს, ავიღებ მაგის მიერ ნათარგმნ ბერძნულ პიესებს, გავარჩევ და დავუმტკიცებ, რომ წერა-კითხვაც არ იცის. ასევეა გია ნოდიაც. ძალიან ვთხოვ მათ, ნუ გამაბრაზებენ!

ასეთ „ვიღაცებს“, მათ გამონათქვამებს, საზოგადოება უნდა შეებრძოლოს ისე, როგორც ახლა მე და თქვენ ვებრძვით, რადგან სიმართლეს ვლაპარაკობთ. მაშინ ასეთი ადამიანების მიზნებს, ბოროტ გეგმებს აღსრულება არ უწერია, მაგრამ თუ ამ ადამიანებს ასე გაგრძელების საშუალებას მივცემთ და ქართველები ჯოგი აღმოვჩნდებით, აგვაოხრებენ, გაგვინადგურებენ ენას, ლიტერატურას, მუსიკას, ისტორიას, მამულსა და სარწმუნოებას, როგორც ერს გაგვაცამტვერებენ, ამის საშუალება კი მათ არ უნდა მივცეთ. მწამს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, რადგან ამ ბრძოლაში ჩვენ მარტონი არ ვართ.

_ გვერდით ვინ გვიდგას?

_ მარიამ ღვთისმშობელი გვიცავს იმ ბოროტებებისგან, რაც ქართველ ხალხს საუკუნეებია, სხვადასხვა მხრიდან გვემუქრება. ახლაც ის გადაგვაფარებს მანდილს.

 

                                                                                                          ნელი ვარდიაშვილი