ახალგაზრდა ინოვატორს ქართული ხის სათვალეები ექსპორტზე გააქვს

kj1

მარტივი არ არის, იყო 22 წლის, გქონდეს საკუთარი კომპანია, ხოლო პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგქონდეს.

ის თითქმის ყოველთვის ატარებს მაჯის საათს და არასდროს _ საკუთარი კომპანიის სათვალეს, რადგან პრიორიტეტს იმ მომხმარებლებს ანიჭებს, რომლებმაც სათვალე მასთან შეუკვეთეს. დაღლილმა და სამსახურებიდან „გამოქცეულმა“ „ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის დრო გამონახა და დღეს სწორედ იმ წარმატებულ ახალგაზრდაზე მოგიყვებით, რომელმაც საკუთარი იდეისა და შესაძლებლობის რეალიზება საქმეში მოახერხა.

სანდრო ხუციშვილი, ჯერ კიდევ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და უკვე ფლობს კომპანიას, რომელსაც „Woody Glasses “ ჰქვია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იცის, სადაც უნდა წავიდეს.

მისი კომპანია ხის სათვალეებს ამზადებს, რომელზეც უკვე საკმაო მოთხოვნაა. საკუთარ თავს გუნდის წევრს უწოდებს და არა ხელმძღვანელს.

 

იდეაზე, ამჟამინდელ მდგომარეობასა და მომავალ გეგმებზე თავად კომპანიის დამფუძნებელი და იდეის ავტორი, სანდრო ხუციშვილი გვესაუბრა:

_ მსგავსი სათვალეების შექმნის იდეა 2015 წლის აგვისტოში მოვიდა, როდესაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროექტი: „დაიწყე ბიზნესი Fab Lab -თან ერთად“ მიმდინარეობდა და მის ფარგლებში საშუალება გვქონდა, ის ინოვაციური ტექნიკა გამოგვეყენებინა, რასაც ლაბორატორია ფლობდა.

დიდხანს ვფიქრობდით, რა უნდა შეგვექმნა ისეთი, რომელიც მომხმარებელს დააინტერესებდა და მიიზიდავდა. კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებას ახალი რამე სჭირდებოდა, რა თქმა უნდა, მისაღებ ფასად, ამავდროულად, მომსახურება უნდა შეგვეთავაზებინა ისეთი, რომ კონკრეტული პროდუქტის დიზაინი მომხმარებელს თავად შეექმნა. გვინდოდა მიგვეწოდებინა არა ის, რისი გაყიდვაც ჩვენ გვსურდა, არამედ ის, რაც მათ უნდოდათ. ეს იდეაც მე და ჩემს მეგობრებს მოგვივიდა ამ პროექტზე მუშაობის შედეგად.

ახლა ოფისი გვაქვს და გუნდის ოთხი წევრი ვართ: დიზაინერი, ტექნიკური ხელმძღვანელი, ხელოსანი და მე _ გუნდის წევრი. გვაქვს საკმაო რაოდენობის შეკვეთა და ვიწყებთ სხვადასხვა ობიექტზე სტენდების განთავსებასაც. შეკვეთები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მის ფარგლებს გარედანაც გვაქვს. პირველი შეკვეთა ბარსელონიდან მივიღეთ. აქტიურად ვგეგმავთ პროდუქციის რეალიზებას რუსეთში, თურქეთში, პოლონეთში. ძირითადად, ფიზიკური პირები არიან დაინტერესებულები.

სიმართლე გითხრათ, დიდი შრომა არ ჩაგვიდევს ამ პროდუქციის გაპიარებაში, არც რეკლამები გაგვიკეთებია, ყველაფერი იდეის მოწონების გამო მოხდა.

აბსოლუტურად ინდივიდუალურია ყველა სათვალე, ყველა მათგანი მომხმარებლის გემოვნებაზეა აწყობილი. ერთი სათვალის დამზადებას ორიდან ოთხ დღემდე ვუნდებით.

_ ახლა რა ეტაპზე ხართ?

_ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოცოციაციის პროექტიდან: „ახალგაზრდა სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ დაფინანსება მივიღეთ, _ გრანტი 17 200 ლარის ოდენობით და დანადგარები, ტექნიკა ვიყიდეთ, ამიტომ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას.

_ საშუალოდ, რა ჯდება სათვალე?

_ 175 ლარი და მეტი, 250 ლარამდე. მაქსიმალური ფასი არ არსებობს, მომხმარებელზეა დამოკიდებული, _ შეიძლება, ვერცხლის აქსესუარებით გაფორმება გვთხოვოს. ეს, რა თქმა უნდა, ზრდის ფასს. ნებისმიერ დეტალს, რომელსაც მომხმარებელი ისურვებს, სათვალეში ვდებთ და არ ვზღუდავთ. ზუსტად ეს იყო ინოვაციური.

_ თანხის გადახდა წინასწარ ხდება?

_ შესაფერისი მოდელის, ლინზის, ფერის შერჩევიდან, ანუ შეკვეთიდან 3 დღის მანძილზე უნდა ჩარიცხოს თანხა, რომ რეალიზებაში ჩავუშვათ.

_ რა პრობლეებს ხედავთ სფეროში, სადაც დასაქმებული ხართ?

_ ბევრს: მარკეტერი ვარ, რაღაც მხრივ ბიზნესანალიტიკოსიც და ვერ ვხედავ იმას, რომ ახალგაზრდებს რამე ახლის შექმნის, ან თავად დაწყების სურვილი ჰქონდეთ. მგონია, რომ ეს დიდი პრობლემაა. ალბათ, ტენდენციაა, მაგრამ ხშირად გამიგია, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ აუცილებელია ვინმეს ბიძგი, ან რაიმე კონკრეტული მოვლენა ცხოვრებაში, რომელიც გადაგაწყვეტინებს, თუ ვინ გახდები: მუსიკოსი, მხატვარი, ბიზნესმენი თუ სხვა ვინმე. ამას თუ დაელოდები, ეს პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდება და უკან რომ მოიხედავ, არაფერი გრჩება. ამ სფეროში ახალგაზრდების პრობლემა, ძირითადად, ისაა, რომ არ უნდათ სიახლის ძებნა.

ბიზნესს რაც შეეხება, უამრავი პრობლემაა აქაც, რომელსაც ჯერ საქმით არ შევხებივარ, რადგან იმ ბაზარზე არ გავსულვარ, სადაც ეს პრობლემებია, თუმცა არის გადასახადების, პოტენციურ ბაზრებზე ვერშესვლის პრობლემები. ხშირად შესაძლოა, ქართული პროდუქცია რეალიზდეს, მაგრამ იმ ბაზრამდე ვერ მივდივართ იმის გამო, რომ შესაბამისი კომუნიკაცია არ არსებობს იმ და ქართული ბაზრის სუბიექტებს შორის. რეალურად, უფრო ახლო ურთიერთობების დამყარებაა საჭირო.

თანხების მიმართვა დაიწყო ინოვაციების კუთხით, რასაც მივესალმები, მაგრამ მარტო ინოვაციები საკმარისი არ არის, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაძლიერდეს. სხვა სექტორები არსებობს, რომლებსაც განვითარება სჭირდება, მაგალითად, _ აგროსექტორი, რომლითაც ახალგაზრდები არიან დაინტერესებულები და იქ არანაირი წინსვლა არ შეინიშნება. კარგი იქნებოდა, ამ კუთხით ჩვენზე განვითარებული ქვეყნების მაგალითი გადმოგვეღო, თუნდაც, რაღაც მოკლევადიანი პერიოდით და ამ წერტილიდან დაგვეწყო ახალი.

_ საზოგადოებაში რა პრობლემას ხედავთ?

_ ზოგადად, სოციუმში ინდივიდუალიზმი არ გვაქვს ქართველებს _ მასაზე დამოკიდებული ერი ვართ. რეალურად, როცა საზოგადოებაში რაიმე სიახლეს ავრცელებ, მას, წესით, ძალიან ბევრი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი უნდა გამოეხმაუროს, რომელიც ამ ინოვაციას გაფილტრავს და საბოლოოდ, რაღაც კარგი იქმნება. ქართულ საზოგადოებაში კი როცა რაღაც ახალი „ეშვება“, მხოლოდ ორი მხარე არსებობს და მას მიჰყვება მთლიანი საზოგადოება _ დადებითი და უარყოფითი. არ არის შიგნით რაიმე შუალედი, სადაც ამ ორი მხრიდან აირჩევა რაღაც ნაწილი, რომელიც არც რადიკალურად შეხედავს ამას და არც პირდაპირ მოიწონებს, რაღაც ისეთს შექმნის, რაც, საერთო ჯამში, რეალურად გადამწყვეტ მნიშვნელობას იქონიებს.

_ რომელიმე გადაწყვეტილება გინანიათ?

_ ზოგადად, სულ ტესტირების პროცესში ვარ, ამიტომ არ მაქვს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მინანია. ალბათ, უფრო პრობლემები შემხვედრია და მის გადაჭრაზე მიფიქრია, ვიდრე იმაზე, რომ რამე გავაკეთე და მერე ამას ცუდი შედეგი მოჰყვა.

_ სირთულეები, რომლებიც ცხოვრებაში შეგხვედრიათ…

_ ყველაზე დიდი სირთულე დროის მენეჯმენტი იყო. ახლა შედარებით დავალაგე ყველაფერი, ეს ყოველდღიურად მუშაობამაც მოიტანა, გამოცდილებამაც, სხვა ადამიანების გამოცდილების გათვალისწინებამ.

_ დამოუკიდებელი ხართ?

_ კი, 18 წლიდან.

_ რისი კეთება გიყვართ?

_ საყვარელ ადამიანებთან ყოფნა მიყვარს ძალიან, მაგრამ დრო არ მაქვს ხოლმე, კიდევ ფეხბურთის თამაშზე ვგიჟდები და ცურვა მიყვარს.

_ რისთვის გაქვთ დრო?

_ ამ ეტაპზე, ალბათ, იმისთვის, რომ უფრო მეტი გამოცდილება მივიღო ბიზნესის სფეროში. ამისთვის ნებისმიერ დღეს, დროს გამოვნახავ, რომ ამ სფეროში მეტი ვისწავლო.

_ ვისთვის არ გენანებათ რაიმე?

_ დედაჩემისთვის.

_ რა გაღიზიანებთ?

_ ბევრი უაზრო საუბარი. აქტიური საუბრის ეტაპზე ახლა გადმოვედი, რაც სათვალეების პროექტი განვითარდა, თორემ არ მიყვარს. ბევრ უაზრო ლაპარაკში ის მაღიზიანებს, რომ არაფრისმომცემი და არაფრისშემცველია. არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარიც, რადგან აპოლიტიკური ვარ და ჩემი საუბარიც ამ თემაზე არაფერს შეცვლის. შესაბამისად, ძირითადად, თავს ვიკავებ ხოლმე.

_ საყვარელი მხატვარი და წიგნი?

_ ნიკო ფიროსმანი. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მხატვარია! კარგი იქნებოდა, შესაბამისი პირობები რომ ჰქონოდა. წიგნს რაც შეეხება, დაახლოებით ორი წლის წინათ აქტიურად ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას, მაგრამ შემდეგ ისეთის კითხვა დავიწყე, რომელიც პრაქტიკაში გამომადგებოდა. ერთ-ერთი საყვარელი წიგნი კი არის თომას ედმოდსის „Dark horse “. ძირითადად, ინგლისურად, ორიგინალში ვკითხულობ ხოლმე. ხშირად ქართულ ენაზე არაა თარგმნილი ისეთი ლიტერატურა, რომელიც ბიზნესისა და მარკეტინგის მიღწევებს _ თანამედროვეობას, ყოველდღიურობას მისდევს ფეხდაფეხ, ორიგინალში ამიტომაც მიწევს კითხვა. საყვარელი ფილმი კი „რა აწუხებს გილბერტ სპენსერს“ გახლავთ.

_ იდეაში თუ გყავთ ისეთი ადამიანი, ვისაც გინდათ, გაუტოლდეთ?

_ ადამიანები, რომლებიც XXI საუკუნის ლეგენდები არიან, თუნდაც სტივ ჯობსი, ხშირად, პატივსაცემები არიან არა იმიტომ, რომ ძალიან მაგარი პროდუქტი შექმნეს, არამედ იმიტომ, რომ რომელიღაც მწერალმა ძალიან მაგარი წიგნი დაუწერა, რომელიც შემდეგ ბესტსელერად იქცა, ამ პიროვნების ცხოვრების დამადასტურებელი და ამსახველია, ოღონდ ხშირ შემთხვევაში, ბევრი რამე გაზვიადებულია, უფრო სენტიმენტალურია ხოლმე. მე მსგავსი ადამიანი არ მყავს, უფრო საკუთარ თავს წარმოვიდგენ ხოლმე მსგავსი ადამიანების პროფილებში.

_ როგორ გგონიათ, როგორი ადამიანები იმსახურებენ პატივისცემას?

_ ზოგადად, ვფიქრობ, რომ პატივისცემას იმსახურებს ყველა, თუ რაიმე ისეთი, განსაკუთრებულად ცუდი არ ჩაუდენია, რამაც სხვებს ზიანი მიაყენა და თან ჰგონია, რომ არ სცდებოდა და სწორი იყო. ესეც ინდივიდუალურია, რადგან რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ინდივიდუალური ცხოვრებაა, ყველას აზრი პატივსაცემია, არც ერთმა არ ვიცით, ვინ რა პრობლემის, გასაჭირის წინაშე ვართ, როგორ ვცხოვრობთ, რაზე ვფიქრობთ, ან როგორი ცხოვრება შეგვხვდა? _ ყველა ინდივიდუალურად უმკლავდება და ფიქრობს.

_ რა მუსიკას უსმენთ?

_ საყვარელი სიმღერა არის სტინგის Englishman in New York , მუსიკაა ისეთი, რომ არ მბეზრდება ბოლო 6 წლის მანძილზე. ეტაპობრივად ვუსმენ ხოლმე. თანამედროვე ჰიპ-ჰოპსაც ვუსმენ, კლუბურებსაც. ყველას თავისი ადგილი აქვს.

_ ვის ჰგავხართ?

_ საკუთარ თავს.

_ რას ვერ პატიობთ მარტივად?

_ ალბათ, ყველაფრის პატიება შეიძლება, თუ ეს ვინმეს რაიმე ზიანს არ აყენებს, მაგრამ მაინც მიჭირს ვაპატიო უპატივცემულობა, რაც შეიძლება ძალიან ბევრ რამეში გამოიხატოს. თუ პატივს გცემს, არც გიღალატებს და არც მოგატყუებს. არაფრის გამფუჭებელი ტყუილი კი უფრო სასარგებლო საქციელად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე უპატივცემულობად.

_ ყველაზე საინტერესო რა გაგიკეთებიათ?

_ ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ბერლინში „მერსედესის“ ცენტრში შესვლა, რადგან მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ამაზე. ძალიან ბევრი რამე გავიგე ამ მარკაზე, რომლის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. ყველაზე საინტერესო, თუნდაც, ტური იყო პირველიდან ბოლო სართულამდე.

_ რით ხართ გამორჩეული და განსხვავებული სხვა თანატოლებისგან?

_ არ ვარ გამორჩეული და განსხვავებული. ვაკეთებ იმას, რაც სწორად მიმაჩნია და რაც მიყვარს.

_ ვისთვის გინდათ, რომ მისაბაძი იყოთ?

_ ჩემს მერე ვინც მოდის _ მომავალი თაობისთვის, ალბათ, თუნდაც, შვილისთვის, თუმცა მისაბაძი რომ ვიყო, მაგისთვის არ ვაკეთებ ჩემს საქმეს.

_ ცხოვრების მიზანი რა არის?

_ ცხოვრების გარკვეულ ეტაპს როცა გავივლი და გზას მომავალ თაობას, შვილებს დავუთმობ, უკან რომ მოვიხედავ, ყველაფერი ისე იყოს გაკეთებული, როგორც ახლა ვგეგმავ.

_ მომავლისგან რას ელოდებით?

_ ძალიან ბევრ გამოწვევას, სიახლეს. ალბათ, მომავალიც ელოდება ჩემგან ბევრ სიახლეს.

_ საშუალება რომ გქონდეთ, სად იცხოვრებდით?

_ ამ ეპოქაში შვეიცარიაში, რადგან მგონია, რომ ეს ქვეყანა საუკეთესო შანსს მომცემს განვითარებისთვის.

_ საყვარელი ფრაზა…

_ ძველი ანდაზები მომწონს ძალიან, განსაკუთრებით ეს გამოთქმა და სულ მეცინება ამაზე: „ეგრე არ არის თაყაო, შენ რომ მამული გაყაო“. თუმცა საყვარელი გამოთქმა მაინც იქნება: ჟუსტ Dო Iტ.

_ საქართველო რომ არა, რომელ ქვეყანაში დაიბადებოდით?

_ ახლა რომ ვუყურებ, ამერიკაში არა (ტრამპის შემდეგ), ალბათ, ავსტრალიაში, ან პოლონეთში, ხალხიც ძალიან კარგია, გარემოც.

_ რაზე ღირს მსჯელობა და კამათი?

_ ყველაფერზე, რაზეც ლოგიკური დასასრულისა და დასკვნის გამოტანა შეიძლება.

_ სათვალეების გარდა თუ აკეთებთ კიდევ რამეს?

_ კი, ჯამში, სამი სამსახური მაქვს, დღეებს ვანაწილებ: ვარ ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში ტენდერების კუთხით და ბიზნეს ანალიტიკას ვამზადებ. არაოფიციალურად ერთში ვმუშაობ, ოფიციალურად _ ორში. ეს ეხება ახალი ბრენდების ანალიტიკას, კომპანიებთან მოლაპარაკებებს, მარკეტინგს, ბიუჯეტს, ფასდაკლებებსა და თითქმის ყველაფერს… მერე მივდივარ ჩემს კომპანია „ვუდი გლასში“ და კიდევ არსებობს საერთაშორისო სავაჭრო პალატა _ პლატფორმა, სადაც ახალგაზრდული ფრთის ვიცეპრეზიდენტი ვარ. უნივერსიტეტში სიარულს ვერ ვასწრებ, ამიტომ ვაწუხებ ხოლმე ლექტორებს, მაგრამ ძლივსძლივობით გამოდის რაღაც.

_ ვინ არის სანდრო ხუციშვილი?

_ იმათთვის, ვინც იმსახურებს, არის ძალიან კარგი მეგობარი.

 

 

„კარგ მეგობარს“ ინტერვიუს მსვლელობისას მობილურზე ძალიან ბევრჯერ დაურეკეს _ საქმეს სჭირდებოდა, როგორც ჩანს. თავისივე თქმით, იდეალურ გურმანს ყოველი დღე გათვლილი აქვს და ერთადერთი, რისთვისაც ვერ იცლის, ეს ძილია. ხვალ ისეთივე სამუშაო დღე ექნება, როგორც დანარჩენი, ის კი კვლავ განაგრძობს ინოვაციური იდეების ქართულ ბაზარზე დანერგვას და ქართული ნიშნით უცხოეთში გატანას. მანამდე კი საექსპორტოდ გამზადებულ კარგ, ქართულ, წითელ ღვინოსთან ერთად იმ შნიცელის დაგემოვნებას აპირებს, რომელსაც თავად იდეალურად ამზადებს.

 

                                                                                                                      ნინო ტაბაღუა