რომის პაპი, ნეპოტიზმი და კახეთი

nep

ნეპოტიზმის იტორიული სათავეები

 

ნეპოტიზმმა სახელწოდება შუა საუკუნეების ეკლესიური გამოცდილებიდან შეიძინა, როდესაც კათოლიკური პაპები და ეპისკოპოსები, რომელთაც უბიწოების აღთქმა ჰქონდათ დადებული და თავიანთი შვილები არ ჰყავდათ, დისშვილებს/ძმისშვილებს ისეთ პრივილეგირებულ თანამდებობებს აძლევდნენ, რომელიც, ჩვეულებრივ, მამიდან შვილზე გადადიოდა ხოლმე. ზემოთ ხსენებული ნათესავები ხშირად პაპების არალეგიტიმური შვილები იყვნენ. სწორედ ამიტომ ზოგიერთ ძველ ლექსიკონში „დისშვილი/ძმისშვილი“ განმარტებულია, როგორც სასულიერო პირების უკანონო შვილი. ზოგიერთმა პაპმა ასეთ „ნათესავს“ პოზიცია კარდინალამდე აუმაღლა და ხშირად ასეთი ქმედებები პაპის „დინასტიის“ გაგრძელებას ნიშნავდა. ნეპოტიზმის ასეთი ქმედებები 1692 წელს პაპმა ინოკენტი XII-მ აკრძალა. გამონაკლისად დაიშვა მხოლოდ კვალიფიციური ნათესავების დანიშნვა წამყვან თანამდებობებზე.

 

 

ქართული ნეპოტიზმის იდენტობა

 

ნეპოტიზმი _ მეგობრებისა და ნათესავებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება მათი დამსახურების მიუხედავად. ლათინურად „ნეპო“ ნიშნავს დისშვილს/ძმისშვილს, ან შვილიშვილს.

ე. ი. მე და ჩემი ოჯახი, სამეგობრო-სანათესავო… დედაც ვატირე ყველასი, არ აქვს მნიშვნელობა, რა „ბაგაჟის“ პატრონია, ავიყვან იმას, ვინც ახლობელია! მერე რა, რომ სხვამ შეიძლება, მეტი იცოდეს, „ზატო“, ჩემიანი არაა _ შესაბამისად, ერთგული ვერ იქნება!

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქალიც და მამაკაციც „თანაბარი უფლებებით“ სარგებლობენ, მაინც პატრიარქალურ ქვეყნად ვრჩებით, შესაბამისად კი ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ძირითადად, ძლიერი სქესია წარმოდგენილი, ისინი კი თავიანთ „სავარძელს“ სწორედ ამგვარი „სათამაშოებით“ ალამაზებენ. თანაც „სათამაშოები“, ხშირად, „ყველანაირ“ სურვილს ასრულებენ!

საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე და ამის გამოისობით ათასობით განათლებული და ერუდირებული ადამიანი სრულიად უშანსოდ რჩება და ცდილობს, საკუთარი თავი უცხო ქვეყანაში და საზოგადოებაში იპოვოს, იქ მოახერხოს მისი შესაძლებლობების რეალიზება, ამიტომაც საქართველოდან ინტელექტუალური პოტენციალის გადინების პროცენტი ძალიან მაღალია. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ ქვეყანაში, სადაც სამსახურში აყვანის ასეთი წესი არსებობს _ ბატონობს კონფორმიზმი!

კონფორმიზმი პოლიტიკაში _ გულისხმობს შემგუებლობას არსებულ რეჟიმთან, გაბატონებულ შეხედულებებთან პასიურ შეგუებას; ხასიათდება საკუთარი თვალსაზრისის, პოზიციის არარსებობით; კონფორმისტი არაპრინციპულად მიჰყვება ნებისმიერ, სულ უფრო მზარდი ძალით თავსმოხვეულ შეხედულებებს.

კონფორმიზმი _ ქცევა, რომელიც კონტროლდება ჯგუფური დაწოლის მეშვეობით. ჯგუფი მის მიერ შემოღებული ქცევის ნორმების დახმარებით ინდივიდს აიძულებს, დაიცვას ის ჯგუფის წევრების ინტერესების გასატარებლად.

ასეთი ტიპის ხალხით გაივსო დღეს სახელმწიფო სამსახურები _ ხალხით, რომელსაც საკუთარი პრინციპები არ გააჩნია და ყველა მათი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე შეფების შეხედულებების იდენტურია. ასეთები კი ვერასოდეს შექმნიან თავისუფალ, ჯანმრთელ სამოქალაქო საზოგადოებას.

დასკვნის გამოტანა საკმაოდ ადვილია _ ვინც მათნაირად არ აზროვნებს (მაგას თუ აზროვნებას ეძახიან), ოპოზიციონერია, ე. ი. ერის მოღალატეა.

 

 

კახური ნეპოტიზმი თელავის თემის მუნიციპალიტეტიდან

 

მამა _ საკრებულოს აპარატის უფროსი, ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატი სოსო მეგუთნიშვილი;

შვილი _ დავით მეგუთნიშვილი, იმავე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი;

რძალი _ ანუ დავით მეგუთნიშვილის მეუღლე, კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტი ნინო ყურშიტაშვილი;

მეგუთნიშვილების ლობი მუნიციპალიტეტში _ საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი. მუნიციპალიტეტში ცნობილია, რომ გიორგობიანისთვის, როგორც საუკუნეების წინათ რომის პაპისთვის, მისი მეორე ოჯახი სწორედ მეგუთნიშვილები არიან.

 

ამბობენ, რომ ქართულ რეალობაში მამაკაცს მაღალი თანამდებობა უკავია და ცოლს კი რიგითიო.

ჩვენთან ეს სტერეოტიპი დანგრეულია. მაგალითად:

„ქართული ოცნებიდან“ ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გელა სამხარაულის მოთხოვნით, სოფელ ვარდისუბანში გამგებლის წარმომადგენელი ლევან თუშიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„სამხარაულს ვარდისუბანში შეხვედრა ჰქონდა. ხალხის მობილიზება რწმუნებულს დაავალეს. ცოტა ხალხი მოვიდა და მათაც პრეტენზიები გამოთქვეს სასმელ წყალთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდეგ სამხარაულს დაურეკავს გამგებლისთვის და რწმუნებულის განთავისუფლება მოუთხოვია, გამგებელმა კი მას პირადი განცხადება დააწერინა“, _ ასე  აცნობეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი კი აცხადებს, რომ ლევან თუშიშვილი პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა: „საკუთარი განცხადების საფუძველზე გავათავისუფლე. საქმეებს თავს ვერ ართმევდა. შევთანხმდით, რომ სხვაგან გადავიყვანდი. ბიბლიოთეკების გაერთიანებაში დავასაქმე სპეციალისტად“.

ლევან თუშიშვილის მეუღლე, სოფიო ახმეტელი, თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსია. სოფიო ახმეტელის მამა, გია ახმეტელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია კახეთში, ხოლო სოფიო ახმეტელი ნათია თამაზაშვილის ახლო მეგობარი და ნათელმირონია. სოფიო ახმეტელს თვითმმართველობაში სხვადასხვა სამსახური აქვს გამოვლილი: იყო საკრებულოს სპეციალისტი; კახეთის გუბერნიაში ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; სამსახურის უფროსი; ბოლოს კი თელავის თემის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

მისი მეუღლე ლევან თუშიშვილი ჯერ სამხედრო გაწვევის სამსახურში მუშაობდა, მოგვიანებით სოფლის წარმომადგენელი იყო, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარმა დეპუტატმა მისი განთავისუფლება შეძლო, ეს გამგებელმა ვერ გაბედა, რადგან თუშიშვილის უკან მათი ლობი დგას.

გელა სამხარაულის თქმით, მან არა მხოლოდ ვარდისუბნის, არამედ სხვა სოფლების რწმუნებულებთან დაკავშირებითაც გამოხატა უკმაყოფილება აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან.

გარკვეულწილად, ნეპოტიზმად შეძლება მივიჩნიოთ საჯარო სამსახურში ისეთი ადამიანის დასაქმება, რომელიც არაკვალიფიციურია და მხოლოდ ნაცნობობის, ან ნათესაობის გამო ხვდება ამა თუ იმ ორგანიზაციაში. იმ პირობებში, როცა საჯარო სამსახურების ფუნქციონირებისა და მისი თანამშრომლების ანაზღაურება უშუალოდ საზოგადოების მხრიდან გადახდილ გადასახადებზეა დამოკიდებული, ნეპოტიზმი განსაკუთრებით მწვავე პრობლემის სახით ჩნდება. სუბიექტურ შეხედულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია და საჭიროა, საჯარო მოხელეების შერჩევისას, ან იერარქიულ კიბეზე მათი დაწინაურებისას დაცული და გათვალისწინებული იქნეს ის სტანდარტები და უნარები, რომლებიც საჯარო სამსახურში მომუშავე პიროვნებას უნდა ახასიათებდეს.

 

 

                                                                                 მაკა მოსიაშვილი