გიორგი მღებრიშვილის კომფორტის ზონა

ol

ახალი რუბრიკის _ „კომფორტის ზონის“ ფარგლებში „ქრონიკა+“, ამჯერად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის _ გიორგი მღებრიშვილის უბანს ესტუმრა. ჩვენ ფოთის სამ ნომერში მცხოვრებლები გამოვკითხეთ, რათა უკეთ გაგაცნოთ ქვეყნის ძალოვანი უწყების პირველი პირი, ერთად გავიგოთ, სად ცხოვრობდა და როგორი მეზობელი იყო ნომერ პირველი პოლიციელი?

 

 

 

***

 

მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პროსპექტს გზები სხვადასხვა მხრიდან უერთდება. ერთ-ერთი მათგანია ფოთის ქუჩა, რომლის დასაწყისიც, ფაქტობრივად, ჩიხია, ცენტრალური ნაწილი წერეთლის გამზირზე გამოდის, ხოლო დასასრული დავით ყიფიანის ქუჩამდე გრძელდება. ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ლანდშაფტს პროსპექტის მხარეს დაწყებული მშენებლობები მყუდროებას უკარგავს. ქუჩის სიღრმეში კი ორ-სამსართულიანი სახლები ერთმანეთისგან თითქმის არაფრით გამოირჩევა. ის იყო, მორიგი გზაჯვარედინი გავიარეთ, ფოთის სამ ნომერთან შევჩერდით და ფოტოების გადაღება დავიწყეთ, შორიდან კი ყვირილი მოგვესმა, _ რას უღებთ? რატომ იღებთ? გვიქნევდა ხელებს შუა ხნის კაცი, რომელსაც ყურადღება არ მივაქციეთ და პროფესიული მოვალეობის შესრულება განვაგრძეთ. გაბრაზებულ ტონალობაში ნათქვამი სიტყვები სულ უფრო ახლოდან გვესმოდა.

 

_ ჩვენიანები არიან, რატომ უღებთ? გაჩერდით!

 

_ უკაცრავად, ვერ გავიგეთ, რას გვეუბნებით…

 

_ თქვენ „სითი პარკიდან“ არ ხართ? აქ ცხოვრობენ ამათი პატრონები.

 

_ არა, ბატონო, ჩვენ ჟურნალისტები ვართ, მანქანები არ გვაინტერესებს.

 

ადგილობრივმა ამოისუნთქა და გაგვეცალა, რადგან გაიგო, რომ ბუად ქცეულ კომპანია „სითი პარკს“ არ წარმოვადგენდით.

 

სამსართულიანი სახლის მეორე სართულის აივანზე ახალგაზრდა კაცი შევნიშნეთ, რომელიც ჩვენკენ იყურებოდა:

 

_ შინაგან საქმეთა მინისტრი თქვენი მეზობელია? _ მოკლედ ვკითხეთ.

 

_ არ ვიცით, ვერ გეტყვით, _ მივიღეთ ასეთივე ლაკონიური პასუხი, რის შემდეგაც ფოთის სამ ნომერში მდებარე ეზოში შევედით და ჩვენს წინ მიმავალ კაცს ზურგიდან დაწეულებმა მივაძახეთ:

 

_ უკაცრავად, თქვენ ადგილობრივი ხართ?

 

იქამდე ჩვენთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც ხელში პროდუქტებით სავსე ცელოფნები ეჭირა, შეჩერდა, შემოტრიალდა და გაგვიღიმა _ ცნობილი ქართველი მსახიობი, შოთა ქრისტესაშვილი, ინტერესით გვიცქერდა.

 

_ მოგესალმებით, ბატონო შოთა, ჩვენ გვაინტერესებს, როგორი მეზობელია შინაგან საქმეთა მინისტრი, ორი სიტყვით გააკეთებთ კომენტარს?

 

_ სიამოვნებით, ამობრძანდით და სახლში ჩავწეროთ ინტერვიუ, აი, იქ ვცხოვრობ, მესამეზე, _ ხელით მიგვანიშნა თავისი საცხოვრებლისკენ, იქამდე კი სხვებს ვესტუმრეთ.

 

იზო ჩიჩუა:

 

_ გიორგი მღებრიშვილს როგორ არ ვიცნობ? აქ ცხოვრობდა…

 

_ რამდენი ხანია, რაც გადავიდა?

 

_ ბოლო წლებში გადავიდა, მაგრამ ბავშვობა და შემდგომი წლები ჩვენს გვერდით გაატარა.

 

_ ამ სახლში დღეს ვინ ცხოვრობს?

 

_ მისი მშობლები.

 

_ რას გვეტყვით მასზე? როგორ დაახასიათებთ შინაგან საქმეთა მინისტრს?

 

_ კარგი ბავშვი იყო პატარაობაში და ისე კარგია დღესაც.

 

_ შეგიძლიათ, ზუსტად მიგვასწავლოთ, რომელია მისი სახლი?

 

_ კი, რა პრობლემაა? ჩემს თავზე, მეორე სართულზე, ის ორი ფანჯარა მაგათია.

 

_ რამდენი წელია, რაც უბანში ვერ ხედავთ?

 

_ სამი წელია, ალბათ, თუმცა პერიოდულად მოდის, დედას და მამას ნახულობს.

 

ქალბატონ იზოსგან მოპოვებული კომენტარის შემდეგ ეზო შევათვალიერეთ და მობილური ტელეფონი კვლავ ფოტოგადაღების რეჟიმზე ჩავრთეთ. შინაგან საქმეთა მინისტრის ბავშვობის დროინდელი სახლი გარედან ძალიან მოკრძალებულად გამოიყურება; ფანჯრებს, რომელიც ეზოს შიდა მხარეს გამოდის, ნაწილობრივ, ხის ტოტები ფარავს. იქვე, ღია ცის ქვეშ, ქალბატონი ტანისამოსს რეცხავს, _ ეგ მდგმურია, ვერაფერს გეტყვის, აი, წინ მიდით, ლალი იკითხეთ, _ მოგვაძახა ჩვენმა პირველმა რესპონდენტმა ია ჩიჩუამ. უკვე დამისამართებულებმა თეთრ კართან მივაკაკუნეთ, საიდანაც ჯერ ახალგაზრდა კაცმა გამოგვხედა, შემდეგ კი დიასახლისმა.

 

ქალბატონი ლალი ჩხეიძე თავისივე სახლის ზღურბლზე ჩავწერეთ:

 

_ გაწონასწორებული ბავშვი იყო, ყოველთვის მოწესრიგებული; გამოირჩეოდა ზრდილობით. მხოლოდ დადებითს ვიტყვი მასზე.

 

_ ბავშვობიდან თქვენს მეზობლად ცხოვრობდა?

 

_ კი, დაახლოებით თორმეტი წლიდან.

 

_ რამე ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებთ მასთან დაკავშირებულს?

 

_ მე რა უნდა გითხრათ? ეგ უფრო ახალგაზრდებს ჰკითხეთ, მისი ასაკის ხალხს, ხშირი შეხება ვისთანაც ჰქონდა.

 

_ თქვენი დაკვირვებით, რა თვისებებით გამოირჩეოდა ის სხვებისგან?

 

_ ყოველთვის კეთილმოსურნე და დადებითი იყო, დიღომში დადიოდა სკოლაში და ვხედავდი, დილით ადრე როგორ გამოდიოდა სახლიდან. გამარჯობას ვერ დაასწრებდი, კაცთმოყვარე და თბილი მახსოვს, განდიდების მანიით არასდროს ყოფილა შეპყრობილი, დღემდე ასეა.

 

_ ბოლო პერიოდში ხედავთ?

 

_ ახლა მისი დედ-მამა არის აქ, თავად გოგას ისე ხშირად ვერ ვხედავთ, იშვიათად მოდის ხოლმე, თუ სცალია. ყოველთვის ძალიან კეთილმოსურნეა.

 

_ ანუ თანამდებობამ არ შეცვალა?

 

_ არა, არანაირად, მაგას ვერ ვიტყვი. შემიძლია დავიფიცო. ისე, მაგას არასდროს აკლდა კარგი თანამდებობები, სულ კარგ ადგილებზე მუშაობდა და ყოველთვის ეგეთი იყო.

 

_ იცით, რა მაინტერესებს, კრიმინალი თუ ხდება ამ უბანში?

 

_ არა, კრიმინალი არ ხდება. ადრე, ოთხმოცდაათიან წლებში, ეგ ყველას გვახსოვს და ყველგან იყო. ბოლო პერიოდში მსგავსი არაფერი ხდება.

 

დიასახლისს დავემშვიდობეთ და მორიგი რესპონდენტების ძიებაში ხის აივნებისკენ ავიხედეთ.

 

_ ჟურნალისტები ვართ, ჩაგვეწერებით? _ ავძახეთ ღია დერეფანში მდგარ შუა ხნის ქალბატონს და მალევე დავრწმუნდით, რომ ეს სამსიტყვიანი კითხვაც კი ძალიან ფორმალურად ჟღერდა. აშკარა იყო, რომ ჩვენი დაუგეგმავი ვიზიტის შესახებ ის უკვე ინფორმაციას ფლობდა.

 

ხის კიბეები, რომელისთვისაც გეომეტრიის კანონებზე მეტად დროის კანონებს დაეტყო ჟამთასვლის კვალი, სწრაფად ავიარეთ და გულისხმიერი მასპინძლის შეპატიჟება მივიღეთ.

 

_ ხომ არ უნდა გადამიღოთ? აივანი შევღებეთ და არ ვარ ფორმაში, _ გვკითხა ნანა ბეჟანიშვილმა.

 

_ ხმას ჩავიწერთ, გაზეთისთვის ვამზადებთ მასალას. რა ნიშან-თვისებით გამოარჩევთ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს?

 

_ გოგა ჩემზე პატარაა ასაკით, დიღომში ცხოვრობდნენ და მერე გადმოვიდნენ, 80-იან წლებში. სკოლაში აქედან დადიოდა ორივე ძმა.

 

_ გოგას ეძახდით უბნელები?

 

_ კი, გოგას ვეძახდით, არაჩვეულებრივი მეზობლები არიან, არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. გოგას და მის ძმას _ ალეკოს ძალიან კარგი შვილები ჰყავთ, გადამეტებით არაფერს ვამბობ. გოგას შვილებსაც ძალიან უყვართ ჩვენი ეზო და ხშირად მოდიან. აგარაკი აქვთ წაღვერში, მაგრამ როცა ჩამოდიან, სულ აქ მოდიან.

 

_ რამე კონკრეტულ ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებთ მასთან?

 

_ ბევრი რამის გახსენება შემიძლია: ერთ ზაფხულს მეზობლის დისშვილი მოვიდა, რომელიც გიტარაზე უკრავს და მღერის, იქეიფეს ახალგაზრდებმა, ღამე არ დაგვაძინეს, მათთან ერთად იყო გოგა, რომელიც თავადაც კარგად უკრავს. ბოლოს მაინც ისეთი განწყობა შეიქმნა, მთელი ეზო ჩავედით და მათთან ერთად მოვილხინეთ. აი, ეგ მახსოვს კარგად.

 

_ როგორი ეზო გაქვთ?

 

_ კარგი ხალხი ცხოვრობს. ზოგმა გააქირავა, ზოგმა გაყიდა და საბოლოოდ გადავიდა აქედან, ახლები ბევრია, მაგრამ მშვიდი ეზოა. ვისი ბებიებიც და ბაბუებიც აქ ცხოვრობდნენ, ანუ ძირძველი მკვიდრები, ერთი შვიდი ოჯახი ვართ. ჩვენ განვაგრძეთ ისევ ეს ურთიერთობები.

 

_ რამდენი წლის წინათ აშენდა ეს სახლი?

 

_ ეს ბინა საუკუნეზე მეტი ხნისაა, როგორც ვიცი, 120 წლის წინათ აშენდა. მაგალითად, ჩვენს ფუძეზე ბებიის მამიდები ცხოვრობდნენ. ბევრჯერ ვიფიქრე, კორპუსში ხომ არ გადავიდე-მეთქი, მაგრამ რომ მახსენდება ეს ურთიერთობები, აქაურობას ვერ ველევი.

 

_ მივიბრუნდეთ მთავარ თემას, ბატონი გიორგი ეზოში ხშირად ჩამოდიოდა?

 

_ გოგა სწავლობდა, სულ მეცადინეობდა, დაკავებული იყო.

 

_ ჩვენი საუბრის დასასრულისკენ, თუ გნებავთ, გვითხარით: რამე ხომ არ გაწუხებთ ეზოს მცხოვრებლებს? საერთო პრობლემა გაქვთ, ისეთი რომლის მოგვარებასაც ისურვებდით?

 

_ რაღაცები გაკეთდა, ასფალტი დააგეს, კომუნიკაციები გამოიცვალა, დანარჩენს ჩვენ თვითონ ვხედავთ ეზოში, ისეთი არაფერი, მაგრამ ფასადის მხარეს ცოტას თუ დაგვეხმარებიან, კარგი იქნება, ეს სახლი რაღაც პერიოდი, ალბათ, კიდევ გაძლებს.

 

ქალბატონმა ნანამ დამშვიდობების წინ ბატონ შოთა ქრისტესაშვილის სახლისკენ გადაგვამისამართა. ცნობილი მსახიობი გველოდებოდა.

 

_ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხდით, როგორც ვიცით, თქვენ აქ ძირძველი მკვიდრი ხართ…

 

შოთა ქრისტესაშვილი:

 

_ მე დავიბადე ევდოშვილის ქუჩაზე, ოთხ ნომერში. ფოთის ქუჩაზე რომ გადმოვედი, მეუღლე შევირთე, რომელიც აქ ცხოვრობდა, ბინები გავაერთიანეთ და ერთად დავსახლდით. მას მერე ნახევარი საუკუნე გავიდა.

 

_ მღებრიშვილები როდიდან გადმოვიდნენ?

 

_ კარგა ხანია. გოგა, დაახლოებით, ათი-თორმეტი წლის მახსოვს, იშვიათად მინახავს მისნაირი ახალგაზრდა კაცი.

 

_ როგორ დაახასიათებთ მას?

 

_ არავის გვინახავს გაბრაზებული, აღელვებული _ სულ მომღიმარი, სულ სხვისი შემბრალებელი, ერთი სიტყვით, კარგი ქართველია. ჩვენს ეზოში ლხინს რა გამოლევს? ჰოდა, მახსოვს, რომ მისი საყვარელი სადღეგრძელო ღირსების სადღეგრძელო იყო, რაც ძალიან ნიშანდობლივია.

 

_ სად მუშაობდა, თუ იცით?

 

_ მამა პოლიციის მაიორი იყო, რომელიც დიდ გაჭირვებაში გაიზარდა, დედა არაჩვეულებრივი ქალბატონია _ წყნარი.

 

_ ბოლო პერიოდში თუ ხედავთ?

 

_ მე როგორც ვიცი, ამჟამად ნაქირავებში ცხოვრობს, ბავშვის დაბადების დღე ჰქონია, ამას წინათ იყვნენ მეზობლები და გავიგეთ, რომ ქირით ცხოვრობს. ოთხი-ხუთი წელი იქნება, რაც გადავიდა, მაგრამ ეზოსთან კონტაქტი არ გაუწყვეტია.

 

_ რას იტყვით მის მოღვაწეობაზე?

 

_ ძალიან მომეწონა გოგას გამონათქვამები პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებით არჩევნებზე, ყველაფერს ვადევნებ თვალს. თუ ვინმე ინტრიგანი გამოჩნდება, რაღაცას იტყვის, სადღაც თუ ინციდენტი მოხდა, ეს ყოველთვის არ იქნება პოლიციის ბრალი.

 

_ რადგანაც ცნობილ მსახიობთან ინტერვიუს ჩაწერის პატივი გვხვდა წილად, არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე: რა ხდება ქართულ თეატრსა და კინოში დღეს? როგორ შეაფასებთ ქართულ ხელოვნებას აწმყოში?

 

_ რენესანსის ეპოქა გვქონდა, გვყავდა კორიფეები, მაგრამ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მხოლოდ წარსულს მისტირიან. აქა-იქ გარკვეული ძვრები არის, ამას წინათ ფილმშიც გადამიღეს, „გაყინული შადრევნების წელიწადი“ ჰქვია. უკვე პენსიაზე გახლავართ, მაგრამ როდესაც დამიძახებენ, კამერის წინ სიამოვნებით ვჩნდები. ახლა გარდამავალი პერიოდია, მაგრამ მჯერა, რომ ქართული ხელოვნება და ქართული ფეხბურთი ოდესღაც გაბრწყინდება.

 

_ ამაღლებულ თემებზე საუბრის შემდეგ ყოფითი საკითხებიც გავიხსენოთ: ეზოში რა პრობლემა გაქვთ?

 

_ ეს ძველი სახლია, 150 წლამდე მოღწეული, უკვე დაფახფახებულია, ამას საძირკველიც არ აქვს, მგონი. წლების წინათ ამირჩიეს თავმჯდომარედ; დავდიოდი, დავდიოდი, აღმასკომში, რაიკომში, გამგეობაში _ რაც შეიძლებოდა, გაკეთდა: სახურავი, კანალიზაცია, წყალგაყვანილობა. რამდენიც შეიძლებოდა, ხელი შეევლო, 120 წლის სახლის ფეხზე დაყენება ძნელია.

 

_ დასასრულისკენ რამეს ხომ არ დაამატებთ?

 

_ გადაეცით ქალბატონ ელისოს, რომ მის გაზეთს ვგულშემატკივრობთ, ბევრისთვის ძალიან უხერხულია მწარე სიმართლის მოსმენა, მაგრამ ეს ისეთი სიმართლეა, რომლისთვისაც თვალის გასწორება ძნელია. მე შემიძლია, გაუთავებლად ვისაუბრო გიორგიზე, იმდენად კარგი კაცია.

 

ცნობილ მსახიობს დავემშვიდობეთ და ქვემოთ დავეშვით, გზად ახალგაზრდა ქალბატონის ხმა მოგვესმა, _ შეიძლება, მეც რომ ჩამწეროთ? მეორე სართულისკენ მიმავალ კიბეზე გადავედით და ხის კართან მდგარ დიასახლისს გავესაუბრეთ.

 

თამარ წერეთელი:

 

_ რვა წელი იქნება, რაც ამ სახლში გადმოვედი, თუმცა მეც ვიცნობ ბატონ გიორგის, თავმდაბალი ადამიანია, რაც მისასალმებელია, ძალიან უშუალო, უბრალო. თითოეული ადამიანის გაჭირვებით ინტერესდება. ისიც კი არ მოსწონს, როცა ბატონობით მივმართავთ მოკითხვისას.

 

_ ბოლო პერიოდში აქ არ არისო, მაგრამ როგორც ვატყობ, ხედავთ.

 

_ ბოლო წლებში ჩვენს მეზობლად არ ცხოვრობს, მაგრამ ვახშამზე დადის თავის მშობლებთან. ჩვენ წინაა მათი კარი.

 

_ რა თვისებით გამოარჩევთ თქვენს მინისტრ მეზობელს?

 

_ უშუალოა, ძალიან ყურადღებიანია, თითოეული ადამიანის ცხოვრებით ინტერესდება. მაშინ ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო და მახსოვს, სულ გვკითხულობდა, _ ბავშვები როგორ გყავთ? ხომ კარგად ხართო? ძალიან თბილია.

 

_ უბანში, ეზოში ყველაფერი წესრიგშია?

 

_ მერიამ ბევრი რამე გაგვიკეთა, სკვერიც გაგვილამაზეს, ისეთი არაფერი არ გვაწუხებს, თქმად რომ ღირდეს. რაღაცები დაიძრა დიდუბის რაიონში.

 

_ კრიმინალი თუ გაწუხებთ? რამეს თუ გპარავენ ეზოდან?

 

_ არა, მსგავსი არაფერი. ხედავთ, „იტალიური ეზოა“ და კარი ღია გვაქვს, თუმცა არაფერი იკარგება. ცენტრალური შემოსასვლელი არ იკეტება.

 

_ ეზოში რამდენად ხშირად ჩამოდიოდა ბატონი გიორგი?

 

_ როდესაც რამე ხდებოდა, საქმის კურსში იყო, მაგრამ არასოდეს ჰქონია იმდენი დრო, რომ ქვემოთ ყოფილიყო. მის საქმიანობას თვალს ვადევნებთ და ძალიან გვიხარია, იგი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადამიანია დღევანდელ პოლიტიკაში, შინაგან საქმეთა მინისტრი ასე სუფთა წარსულის არც კი მახსენდება.

 

ქალბატონ თამართან გასაუბრების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის სახლს მოპირდაპირე მხრიდან კიდევ რამდენიმე ფოტო გადავუღეთ და მის კარის მეზობელთან დავაკაკუნეთ, თუმცა თავად გიორგი მღებრიშვილის მშობლები დაუპატიჟებელ სტუმრებს არ შეგვიწუხებია.

 

მზია დანელია:

 

_ როცა გადმოვიდნენ, ჩვენ დავხვდით, ორივე ძმა სკოლის მოსწავლე იყო, გაიზარდნენ და ძალიან წარმატებულად დაადგნენ გზას.

 

_ რადგანაც კარის მეზობელი ხართ, გკითხავთ: რას საქმიანობდა შემდგომ წლებში ბატონი გიორგი?

 

_ დაწვრილებით ვერ გეტყვით, მე ჭიათურაში გავთხოვდი, იმერეთში ვცხოვრობდი, თბილისთან ხშირი კონტაქტი აღარ მქონია, მხოლოდ კარგი მსმენია და კარგი ვიცი.

 

_ რამდენოთახიანი ბინა აქვთ?

 

_ მე ჩემს ფართს განახებთ და აი, ამას რომ ერთი ოთახი დავუმატოთ, იმხელაა მაგათი სახლი, სამი ოთახია. წინა ქუჩაზეც გადის მათი ფანჯრები.

 

_ კონკრეტულად რისი თქმა შეგიძლიათ ბატონ გიორგიზე? ალბათ, ხშირად ხედავდით…

 

_ როგორ არ ვხედავდით, აქ იყო აქედან დადიოდა მინისტრობის დროსაც. ამჟამად აქ მშობლები არიან.

 

შუა საუბრისას ქალბატონმა მზიამ გვთხოვა, დიქტოფონი გამოგვერთო, ვინაიდან მეტის თქმა არ ისურვა.

 

სამი ნომრიდან გამოსულებმა თაღის წინ მდგარ ავტომობილთან ორი ახალგაზრდა კაცი შევნიშნეთ და მათკენ გავეშურეთ. პიროვნებამ, რომელიც დათოდ გაგავეცნო, ვინაობა სრულად არ გაგვიმხილა:

 

_ სანამ მინისტრი გახდებოდა, იქამდეც ვიცნობდი, ახლა მეც გადასული ვარ, არ ვარ უბანში ხშირად.

 

_ ადრე ხედავდით ბატონ გიორგის?

 

_ ყოველდღე ვხედავდით.

 

_ როგორ დაახასიათებთ? ჰქონია კონფლიქტები?

 

_ წყნარი კაცია, თუ სადმე უხმაურია, არ ვიცი, მაგრამ უბანში კონფლიქტები არ ჰქონია, წყნარი, მშვიდი ადამიანია. ვიცნობთ, გვიყვარს და ჩვენიანად ვთვლით.

 

_ რა თვისებებით გამოარჩევთ მას?

 

_ ხომ გითხარით, დალაგებული ტიპი იყო, რა პერიოდები გამოვიარეთ, გახსოვთ, იმ დროს არეულობა რომ იყო, პოზიტივით გამოირჩეოდა, დალაგებული და სიმპათიური კაცია.

 

დათოს გვერდზე მდგარმა, დაახლოებით, ოცდაათი წლის კაცმა, ჩვენს კითხვაზე ასე გვიპასუხა:

 

_ მეც იგივეს ვიტყვი, სხვას ვერაფერს დავამატებ.

 

გზად ხუთ ნომერ სახლში შევიხედეთ, სადაც ხის მასალები და სახერხი დანადგარები შევნიშნეთ. სამუშაო ფორმაში მყოფმა მასპინძელმა, გიორგი პავლიაშვილმა, სათვალე შეისწორა და ინტერვიუსთვის გაემზადა:

 

_ შინაგან საქმეთა მინისტრი ყველანაირად ნორმალური ადამიანია, ჩემო კარგო.

 

_ თქვენ ამ ქუჩაზე დიდი ხანია, ცხოვრობთ?

 

_ დიახ და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, კაი გაგებით ქალაქელი ბიჭია, არანაირი გადახრა არ აქვს.

 

_ უშუალო ურთიერთობებში როგორი იყო, გახსოვთ?

 

_ არაჩვეულებრივი, მშვიდი კონფლიქტები არ ჰქონია.

 

_ სალმით იცნობთ?

 

_ კი, კაცო, სალმით ვიცნობ კი არა, ახლოს ვიყავით.

 

_ ბირჟაზე მდგარი თუ გინახავთ?

 

_ სიმართლე გითხრათ, ბირჟაზე არ მინახავს, ქუჩაში მე თავად არ ვიდექი და სხვას როგორ შევნიშნავდი? (რესპონდენტი იცინის).

 

_ ქუჩაში თუ არა, ოჯახებში ხედავდით ერთმანეთს?

 

_ მისი მშობლებიც მიდიოდნენ, მოდიოდნენ, კაი სალამი გვქონდა, გემრიელი სალამი. თუ რამე დაგჭირდებოდა, გვერდით დგომა იცოდა.

 

_ უბანში რამე გაწუხებთ?

 

_ მე პრობლემა არ მაქვს, არც პრეტენზიების გამოთქმა მიყვარს, მხიარული ხასიათი მაქვს, ვწვალობ რაღაცას და მშვიდად ვცხოვრობ.

 

 

 

ეპილოგის მაგიერ

 

 

 

განსხვავებით ჩვენი რუბრიკის წინა ორი გმირისგან, ქვეყნის ნომერ პირველი პოლიციელის ამჟამინდელ საცხოვრებელს ვერ მივაკვლიეთ, თუმცა ეზო, რომელსაც ვესტუმრეთ, არცთუ შორეულ წარსულში ბატონი გიორგი მღებრიშვილის კომფორტის ზონას წარმოადგენდა. ამ მასალის ფარგლებში კიდევ არაერთი ადამიანის გამოკითხვა შეგვეძლო, მაგრამ ვინაიდან ფოთის ქუჩის სამ ნომერში ძირძველ მკვიდრებს ახლად ჩამოსახლებულები და მდგმურები სჭარბობენ, მათი ჩაწერა მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ. უკანა გზაზე, პირველსავე გზაჯვარედინთან (იქ, სადაც თევდორე მღვდლის ქუჩა ფოთის ქუჩასთან იკვეთება), ასფალტზე დაშვებული ჯაჭვი შევნიშნეთ, რომელსაც უპრობლემოდ გადავაბიჯეთ და გამზირისკენ ავიღეთ გეზი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ რუბრიკის გმირი არასდროს გადააბიჯებს თავის უფლება-მოვალეობებს და რაც მთავარია, კანონს.

 

 

 

                                                                                                                                  ზაზა სვანაძე

e1e2

e3