გიგა ბოკერია ცესკოში უჩა მამაცაშვილს შეხვდა?

oiu

„დიქტატურა არჩევნებით არ იგებს, ტირანია აგებს მხოლოდ რევოლუციით“, _ ეს ფრაზა კახა ბენდუქიძემ „ტაბულასთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ თქვა. მიხეილ სააკაშვილს ხშირად უთქვამს, რომ კახა ბენდუქიძესთან ბევრი რამ აკავშირებდა, მათ შორის, იდეალებიც. ამავე ინტერვიუში კახა ბენდუქიძემ კიდევ ერთი საინტერესო მინიშნება გააკეთა: „ახლა ბიძინა ივანიშვილს აქვს იგივე პრობლემა, რაც სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა _ შეგროვებული იყო ნაგავი, რომელსაც ერქვა უმრავლესობა, მაგრამ მიშას ჰქონდა ამ ხალხის მართვის უნარი, მუშაობდა მათთან, რაც ბიძინას, ეჭვი მაქვს, არ შეუძლია, თან ხომ ხედავს, რა სულელი ხალხი ჰყავს. ბიძინას, ალბათ, ესმის, რომ მის ირგვლივ მყოფი ხალხი შეიძლება ისე მოიქცეს, რომ ყველაფერი თავზე დაემხოს”. ივანიშვილმა მართვის სულ სხვა და მიშასგან განსხვავებული სტილი აირჩია _ მან ეს ხალხი თავის ნებაზე მიუშვა, მერე მარიონეტებივით ათამაშა და ბოლოს სასურველ შედეგს, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიაღწია. ეს მისი მოკლევადიანი შედეგია. სააკაშვილი გრძელვადიან პოლიტიკაზე თვლიდა, მაგრამ მას საკუთარი პარტიის რამდენიმე ახირებულმა ლიდერმა უმტყუნა.

 

ბრძოლა სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობის“ ბოკერიას ფრთას შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკვე მოიგო. ამ პროცესმა მკაფიოდ აჩვენა, რომ სააკაშვილს პარტიაში მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს, ხოლო ბოკერიას ფრთა ჟვანიას გუნდის ნარჩენების ამარადაა დარჩენილი, რომელსაც ჟვანიას გუნდის მეორე განაყოფი „ქართულ ოცნებაში“ ჰყავს მოკავშირედ. ვიწროპარტიული ჯგუფის ხშირად ზღვარსგადასული ინტრიგები უდავოდ სააკაშვილის ფეთქებად ხასიათზე იყო გათვლილი, მაგრამ, მათთვის მოულოდნელად, მან ბოკერიას თამაშის წესები არ მიიღო _ ყველა განცხადება, რომელიც სააკაშვილმა გააკეთა, იყო მოზომილი და აწონილ-დაწონილი, რაც მთავარია, საჭირო დროს და მყისიერ შედეგზე გათვლილი.

 

თვითგამოცხადებული, არაპროგნოზირებადი ლიდერები მოულოდნელად რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, ამიტომ ნელ-ნელა ტონიც შეიცვალეს და გიორგი ბარამიძის ბოლო განცხადებით სააკაშვილი პარტიის სიმბოლოდაც კი აღიარეს, მაგრამ ამომრჩეველი ამ ქვეყანაში უკვე გაიზარდა, არც ბარამიძის განცხადების ქვეტექსტები გამორჩენია და არც ამ გუნდის გულწრფელობის დაიჯერა.

 

განხეთქილება `ნაციონალურ მოძრაობაში” კარგა ხნის განმავლობაში მზადდებოდა, ჯერ კიდევ, 2013 წელს, როცა კახა ბენდუქიძე ტირანიის რევოლუციით დამხობაზე ლაპარაკობდა. ბოკერიას ჯგუფი კულისებში სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირებას ითხოვდა, მაგრამ მაშინ მათ ამ გეგმის განხორციელება ვერ შეძლეს. მეორედ პარტია დაშლის პირას 2015 წლის გაზაფხულზე დადგა, როცა პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა ჩავარდა და მას ორი ხმით სერგო რატიანმა მოუგო.

 

რატომ არ დაუჯერა გიორგი ვაშაძემ მიშას და რა სცენარით უნდა განვითარებულიყო მოვლენები აღმასრულებელი მდივნის არჩევნების შემდეგ, „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო საინტერესო დეტალებს უმხელს:

 

ვაშაძის კანდიდატურის ჩავარდნის შემდეგ სააკაშვილს მისთვის უთხოვია, _ გიორგი, პარტიიდან არ წახვიდე, საარჩევნო სიის პირველი ნომერი შენ იქნები, ყრილობის მოწვევის ინიციატივით გამოვალ და სწორედ ყრილობაზე დავაყენებ კენჭისყრაზე ჩემ მიერ შედგენილ საარჩევნო სიასო. ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილამდე ვანო ჩხარტიშვილის მეშვეობით მისულა და სწორედ ამ დროს უჩა მამაცაშვილის მხრიდან დაწყებულა მუშაობა გიორგი ვაშაძის გადაბირებაზე. ბოლო მომენტამდე მისი პარტიიდან წასვლა გადაწყვეტილი არც ყოფილა, მაგრამ ერთი არგუმენტი, რაც ვაშაძის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობდა, სწორედ მისი და სააკაშვილის ტეტ ა ტეტ საუბრის დეტალების გახმაურება ყოფილა. მიხეილ სააკაშვილს სწორედ ვაშაძესთან საუბარში დაუსახელებია ოთხი მსხვილი ბიზნესმენის გვარი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაეფინანსებინა. ერთი ვერსიით მათი საუბარი ისმინებოდა და ინფორმაციამ აქედან გაჟონა, მეორე ვერსიით კი ეს ამბავი ისევ გიორგი ვაშაძის მეშვეობით, ვანო ჩხარტიშვილის გავლით მისულა ბიძინა ივანიშვილამდე და ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილისთვის მესიჯით გაუგზავნია ოთხივე ბიზნესმენის სახელი და გვარი. ცხადია, მათი მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების თემაც ამით დასრულებულა. ბრიფინგის დღეს ვაშაძემ სააკაშვილის ზარებს აღარ უპასუხა. ამავე წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილს ვაშაძისთვის მესიჯი გაუგზავნია, _ გიორგი, ცელი არ გამომისვა კისერში, პარტიიდან არ წახვიდე, სიის საკითხი ყრილობის გადასაწყვეტი იქნება და არა პოლიტსაბჭოსიო. მაგრამ ამ მომენტისთვის ვაშაძისა და მამაცაშვილის მოლაპარაკებები გადამწყვეტ სტადიაში იყო გადასული და გიორგი ვაშაძემ პარტია დატოვა. `ნაციონალური მოძრაობის” ძველი წევრები იმდენად დარწმუნებულები იყვნენ, რომ გიორგი ვაშაძის წასვლა სააკაშვილის დაგეგმილი სვლა იყო, ბრიფინგიდან რამდენიმე საათში ლამის ნახევარი პარტია გაყვა უკან. ირმა ნადირაშვილი და გიგა ბოკერია იმდენად შეშფოთებულან, განცხადების ტექსტიც თავად მოუმზადებიათ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ სიტყვიერად დათანხმებია. თუმცა, საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვადასხვა დროს გამიჯნული ყველა პირი ერთჯერადად გამოიყენა და თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.

 

გიორგი ვაშაძის პარტიიდან ჩამოშორება ბოკერიას ჯგუფის პირველი წარმატებული სვლა იყო პარტიის უზურპაციის გზაზე. ბოკერიას აქტიურად ეხმარებოდნენ ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები გოკა გაბაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და მიშა მაჭავარიანი. მოგვიანებით, წინააღმდეგობები სიის ფორმირებისას გაგრძელებულა, ხოლო დაპირისპირებამ 8 ნოემბრის არჩევნების ღამეს პიკს მიაღწია.

 

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჯერ კიდევ ოქმები არ იყო დაწერილი, „ნაცმოძრაობის“ ოფისში პარლამენტში შესვლის აუცილებლობაზე რომ ალაპარაკდნენ. სკაიპით ჩართულ სააკაშვილს იქ შეკრებილი ადამიანებისთვის უთქვამს, _ რა დროს პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ლაპარაკია, უბნებს მიხედეთ და ოქმები ხელში დაიჭირეთ, ხმები დაიცავითო. ამ საუბარს დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ნიკა რურუა, კაკო ბობოხიძე, სალომე სამადაშვილი და სერგო რატიანი ესწრებოდნენ. რურუასა და ბობოხიძის გარდა ყველა ლიდერს დარბაზი დაუტოვებია. ნიკა რურუას უთქვამს, _ ხალხის მიტოვება არ შეიძლება, უბნებს მივხედოთ, ათასი კაცი მარტო მე მყავსო, რაზეც კაკო ბობოხიძეს უთქვამს, _ ნიკა, მინიმუმ, პარტიის წევრი უნდა იყო, აქ სიტყვა რომ გეთქმოდესო. ამაზე ნიკა რურუა გაცეცხლებულა, ადგილიდან წამომხტარა და კაკო ბობოხიძეს საყელოში წვდომია, _ შენ ვის უბედავ ასე ლაპარაკსო და დარბაზიდან გარეთ გაუყვანია. ბობოხიძე და რურუა გიგა ბოკერიას გაუშველებია, _ რა დროს ეგააო და რურუა ცალკე გაუყვანია, _ ნიკა, თავს ნუ გამოიდებ, გადაწყვეტილია ყველაფერი, პარლამენტში უნდა შევიდეთ, ახალი რეალობა ასეთი იქნება, შენ ახალ პოლიტსაბჭოში აგირჩევთ, „რუსთავი 2“-ზე პარტიის სპიკერი შენ იქნები, დაფიქრდი და სხვა პირობებზეც შევთანხმდეთო. ნიკა რურუას ბოკერიას წინადადება უპასუხოდ დაუტოვებია, მეორე დღეს კი მასთან სხვა პირობების შესათანხმებლად ნიკა მელია მისულა. „ქრონიკა+“-ის წყარომ ამ შეხვედრის დეტალებიც იცის, _ ორივე ნიკას რიტორიკა მალევე ერთი ერთში ჰგავდა ერთმანეთსო, _ ჩამოვიდეს სააკაშვილი და ციხეში ჩაჯდეს, მუხტი მხოლოდ ასე აიწევა და ხალხი ქუჩაში გამოვაო. არადა, იგივე წყარო ამბობს, რომ სააკაშვილს მარტივი მოთხოვნა ჰქონდა, _ 8 ოქტომბერს ღამე არ დაიძინოთ, თბილისი გააღვიძეთ, 9-ში დილით რეგიონები შემოგიერთდებათ და იმავე საღამოს თბილისში ვიქნებიო. მაგრამ პარტიიდან მას არაორაზროვნად უთხრეს, რომ მისი ჩამოსვლა საჭირო არ იყო. რაც შეეხება რეგიონებს, ამ საკითხის მოგვარება შოთა უტიაშვილს დაავალეს. გიორგი ღვინიაშვილისა და უტიაშვილის შეხვედრის დეტალებზე „ქრონიკა+“ წინა ნომერში წერდა.

 

ამ შეთანხმების შემდეგ ნიკა რურუას მისივე შტაბისთვის უთქვამს, _ სააკაშვილმა ყველა გადაგვაგდო, არ ჩამოვიდა, არც ფული გამოაგზავნა და ჩვენს მზადყოფნას შემდგომი ბრძოლისთვის აზრიც აღარ აქვსო, რასაც შტაბის წევრების მხრიდან საკმაოდ მძიმე საუბარი მოჰყოლია. აირჩევენ თუ არა ნიკა რურუას ახალ პოლიტსაბჭოში და გახდება თუ არა პარტიის სპიკერი, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება, ამ ეტაპზე კი ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ არჩევნებზე ნიკა რურუას პარტიის ფინანსები თითქმის არ დაუხარჯავს. სამაგიეროდ, ელენე ხოშტარიამ და ოთო კახიძემ საარჩევნო კამპანიისთვის 150-150 ათასი დოლარი წაიღეს, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საგარეჯოსთვის 60 000 დოლარი, მაგრამ როგორც „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო ეუბნება, მათ ფული კოორდინატორებსაც კი არ გადაუხადეს, თავად ატარებდნენ კარდაკარს და საარჩევნო დანახარჯებიც მინიმალური ჰქონდათო.

 

პროტესტი, რომელიც 8 ოქტომბრის ღამეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაიწყო, როგორც აღმოჩნდა, ფორმალური ხასიათის იყო. შუაღამის ორ საათზე ნიკა მელიამ რიხით გვაუწყა, რომ ივანიშვილისთვის შეკვდომას აპირებდა. სწორედ იმ დროს, როცა აქციაზე გიგა ბოკერია სიტყვით გამოდიოდა, გიორგი ბარამიძეს ტელეფონზე მესიჯი მოსვლია და აქციის მონაწილეებისგან მოშორებით სალაპარაკოდ გასულა. ამ მომენტში გიგა ბოკერიამ გამოაცხადა, რომ თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდა. ძნელი წარმოსადგენია, გიგა ბოკერიას არ სცოდნოდა, რომ თამარ ჟვანია ნომინალური ფიგურა იყო და მასთან შეხვედრა ვერანაირი რეალური შედეგით ვერ დასრულდებოდა. იმ მომენტში, როცა ბოკერიამ წამმზომი ჩართო, ცესკოს შენობიდან, მოულოდნელად, ნაცების აქციაზე ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი გაბედავა გინებით გამოჩნდა, რასაც, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ხმაური და გაღიზიანება მოჰყვა, პარალელურად, ცესკოს შენობას პოლიციის მეორე კორდონი დაამატეს. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ სწორედ ამ ჩოჩქოლში ცესკოს შენობაში ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ფარულად შეიყვანეს. კამერების გარეშე მოლაპარაკებაზე შესულ გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას კი თამარ ჟვანიას ნაცვლად თავმჯდომარის ოთახში სწორედ უჩა მამაცაშვილი დახვდაო. რა საუბარი შედგა მათ შორის, ცხადია, „ქრონიკა+“-ის წყარო ვერ აკონკრეტებს, მაგრამ შენობიდან ოციოდე წუთში გამოსულმა ლიდერებმა მხარდამჭერები დაშალეს, დაძინებისკენ მოუწოდეს და სამოქმედო გეგმებზე მოგვიანებით მოგახსენებთო, _ უთხრეს. „მოგვიანებით“ კი არც მეორე და არც მესამე დღეს არც ერთი ლიდერი პარტიის აქტივისტებთან აღარ გამოჩენილა, პირველსავე ბრიფინგზე კი გამოაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი წყარო ამბობს, რომ რეალურად პოლიტსაბჭოს ამ შემადგენლობას უფლებამოსილების ვადა ამოწურული აქვს, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, ამიტომაც მალავს ბოკერიას ფრთა საგულდაგულოდ პარტიის მოქმედ წესდებას.

 

არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა _ ამაზე არავინ დაობს. მარტივი ჭეშმარიტების გამო, უნიათო ოთხი წლის შემდეგ, წარმოუდგენელი იყო, „ქართულ ოცნებას“ იმაზე მეტი ხმა მიეღო, ვიდრე 2012 წელს, როცა ივანიშვილი პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა. წინასაარჩევნოდ „სუსს“ მხოლოდ ორი რამ ევალებოდა _ დაედგინა და აღერიცხა უცხოეთში სამუშაოდ წასული და აქ გარდაცვლილი ადამიანები. ამ ადამიანებზე ყალბი პირადობის მოწმობები გამოიცა (გაიხსენეთ იუსტიციის სამინისტროს უფასო ID ბარათების აქცია) და ასევე დადგინდა არარსებული კორპუსები და მისამართები. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხრიდან გაყალბების ამ სქემას ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომელი რომან კუსიანი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხათუნა გოგორიშვილი ხელმძღვანელობდა. ისინი ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები არიან და, შესაბამისად, ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა არა აქვთ. ცესკოში პირველად სწორედ ე. წ. გამწვანებული უბნების შედეგები აიტვირთა, სადაც წინასწარ იყო ყველაფერი გარკვეული, ხოლო იქ, სადაც პრობლემური უბნები იყო, კომისიის წევრები მოისყიდეს _ თითო კომისიის წევრის მოსყიდვა 300-დან 500 დოლარამდე დაჯდა. გამოქვეყნებული იყო “მოქალაქეთა კავშირის” დროინდელი ყველა გაყალბების ფორმა. რომან კუსიანისთვის და ხათუნა გოგორიშვილისთვის ეს ნაცნობი და კარგად აპრობირებული ფორმა, სწორედ ამ პერიოდიდან იყო.

 

„ქრონიკა+“ უკვე წერდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკის სახით იყო წარმოდგენილი, სადაც გიგი წერეთლის მამის პარტია, „ევროპული საქართველო“ შედიოდა. იგი ცესკომ საარჩევნო რეგისტრაციაში არჩევნების წინ გაატარა. ბლოკი პარტიისთვის დამატებით პრივილეგიებსა და ცესკოში ერთ დამატებით წევრს ნიშნავს. ამჟამინდელი მოქმედი წევრი დათო გურგენიძე ხათუნა გოგორიშვილის პროტეჟეა. იმის გამო, რომ ლევან თარხნიშვილს, ჯერჯერობით, საარჩევნო სერტიფიკატი არ აქვს, დროებით ცესკოს წევრად კაკო ბობოხიძის ნათესავი და გივი თარგამაძის მეგობარი დათო კირთაძე დაინიშნება. საბოლოოდ კი გამოვა, რომ ამ შემადგენლობის პირობებში ბიძინა ივანიშვილი ყველა მომდევნო არჩევნებზე სწორედ იმ შედეგს გაიფორმებს, რა შედეგიც მას დასჭირდება.

 

ეს კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმა და ყველა განცხადებაში ახირებულ ლიდერებთან ერთად ხაზს უსვამს იმას, რომ მომდევნო ოცი წლის განმავლობაში ყველა არჩევნები წინასწარ წაგებულადაა გამოცხადებული.

 

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა. ის წავიდა იმიტომ, რომ დაბრუნდეს. უკრაინის პროცესების პარალელურად ის მუდმივად საუბრობს საქართველოზე და ხშირად თავს იწონებს ქართული რეფორმებით.

 

ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მერე საჯაროდ არ გამოჩენილა. ვინ, ვინ და მან ხომ კარგად იცის, რა ფასად დაუჯდა ეს „გამარჯვება“. როგორც კახა ბენდუქიძე იტყოდა, _ მან, ასევე, ზუსტად იცის, _ მის ირგვლივ მყოფი ხალხი შეიძლება ისე მოიქცეს, რომ ყველაფერი თავზე დაიმხოს.

 

„ივანიშვილის მთავარი პრობლემა ღირებულებებია, ეს ღირებულებები არის საბჭოთა, მისი ღირებულებათა სისტემა დაფუძნებულია რაღაც რანგებზე, სადაც, მაგალითად, ინტელიგენცია გამოყოფილია ცალკე ფენად. ასეთი რამ მსოფლიოში არსად არსებობს. გაგიგიათ ამერიკული ინტელიგენცია? არსებობენ მხოლოდ ამერიკელი ინტელექტუალები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა ახალგაზრდობასთან მუშაობა. შეუძლებელია არსებობდეს ქვეყანა, სადაც ახალგაზრდობა, ანუ მომავალი ელიტა, ორივე პოლიტიკური ძალისგან გაუცხოებული იქნება. როგორ უნდა მოხდეს არ ვიცი, მაგრამ ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მგონია“, _ თქვა იმავე ინტერვიუში „ტაბულასთან“ კახა ბენდუქიძემ. უკრაინაში სააკაშვილმა კახა ბენდუქიძის ეს რჩევა უკვე გაითვალისწინა და მთავარი „სტავკა“ სწორედ ახალგაზრდებზე გააკეთა. რა მოხდება საქართველოში?

 

დიქტატურა არჩევნებით არ აგებს, ტირანია აგებს მხოლოდ რევოლუციით…

 

 

 

                                                                                                             ელისო კილაძე