უცნობი სახეები საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში!

kl

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ახალ სამპარტიულ პარლამენტში პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიულ საქართველოს“ 115 დეპუტატით საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება. ეს პარლამენტი არ იქნება პირველი, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა იარსებებს. ასეთი ვითარება გახლდათ 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობდა საკონსტიტუციო უმრავლესობას და მას ხშირად აკრიტიკებდნენ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებული ცვლილებების მიღების გამო.

 

არჩევნების პირველი და მეორე ტურების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა და 150-წევრიან პარლამენტში გასანაწილებელი 77 პროპორციული მანდატიდან 44 მიიღო, ხოლო 73 მაჟორიტარული ოლქიდან 71 მანდატი მოიპოვა. მისი ძირითადი ოპონენტი ახალ პარლამენტში ის 27 მომავალი დეპუტატი იქნება, რომელიც ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სისტემით გაიყვანა. ორივე ამ პარტიის ოპონირებას კი ახალ საკანონმდებლო ორგანოში, როგორც მისი ლიდერები აცხადებენ, „პატრიოტთა ალიანსი“ გეგმავს, რომელიც პროპორციული სისტემით ახალ საკანონმდებლო ორგანოში 6 ადგილს დაიკავებს.

 

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების შედეგებით 30 ოქტომბრის კენჭისყრამ ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს გაამარჯვებინა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს; ერთი დეპუტატი კი ახალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ ყოფილი კოალიციური პარტნიორის _ „მრეწველთა“ პარტიიდან მოხვდება, რომელმაც ხაშურში მაჟორიტარული არჩევნები მოიგო.

 

მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატთა საქმიანობის, აქტიურობის, ეფექტიანობისა და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობის შესახებ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ კვლევა ჩაატარა. კვლევის ავტორები არაეფექტიან საპარლამენტო კონტროლზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: კანონმდებლობის მიერ დადგენილი ზედამხედველობის არაქმედითი მექანიზმები, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ტრადიციებისა და გამოცდილების ნაკლებობა და როგორც პარლამენტის წევრთა, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაბალი პოლიტიკური კულტურა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“ შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად ეფექტიანად ახორციელებენ საქართველოს პარლამენტის წევრები მაკონტროლებელ ფუნქციას, რა საკითხებით ინტერესდებიან ყველაზე ხშირად და რამდენად სრულყოფილად იღებენ პასუხებს დასმულ კითხვებზე?

 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: ევროპის განვითარებული ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებისგან განსხვავებით, საქართველოს პარლამენტის წევრები იშვიათად იყენებენ კითხვის უფლებას _ VIII მოწვევის პარლამენტში, 2012 წლიდან დღემდე, 27 დეპუტატის მიერ დასმულია 405 კითხვა; საქართველოს პარლამენტის წევრები იშვიათად ინტერესდებიან აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სამთავრობო პროგრამის განხორციელებითა თუ საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით. VIII მოწვევის პარლამენტის წევრთა მიერ არც ერთი კითხვა არ დასმულა ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციისა და თანამშრომლობის მიმართულებით; პარლამენტის წევრები სადეპუტატო კითხვის მეშვეობით იღებენ ინფორმაციას კონკრეტული მშენებლობების ნებართვების, ბიზნესის გარკვეულ სახეობასთან დაკავშირებული იმპორტის შესახებ. სადეპუტატო კითხვები, ძირითადად, არ არის დაკავშირებული აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიანი განხორციელების პრინციპულ საკითხებთან; მთავრობის წევრთა პასუხები, უმრავლეს შემთხვევაში, არ არის სრულყოფილი და მათ ხელს აწერს არა მინისტრი, არამედ სამინისტროს თანამშრომელი, მაგალითად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ზოგიერთ შემთხვევაში, თუკი კითხვის ავტორი უმცირესობის წევრია, მინისტრი პასუხს აგზავნის არა კითხვის ავტორის, არამედ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე; კანონმდებლობაში არსებული მექანიზმები, რომელიც ითვალისწინებს მთავრობის წევრის პასუხისმგებლობას პარლამენტის წევრის კითხვა/შეკითხვაზე პასუხის გაცემისთვის დადგენილი პროცედურის დარღვევისთვის, პრაქტიკაში არ მოქმედებს.

 

 

 

რამდენად გაართმევენ თავს ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატები მათზე დაკისრებულ მოვალეობას? აღმოაჩნდებათ თუ არა მაღალი პოლიტიკური კულტურა იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ასოცირებაზე ხელმოწერის შემდეგ რამდენიმე ასეული საკანონმდებლო ნორმა უნდა შეიცვალოს?

 

„ქრონიკა+“ გაგაცნობთ, ვინ წარმოგადგენთ საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით:

 

ამჯერად შევჩერდებით „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველ 50 ადგილზე მოხვედრილ იმ დეპუტატებზე, რომელთა შესახებაც საზოგადოებისთვის მწირი ინფორმაციაა, ან საერთოდ არაფერია ცნობილი.

 

 

 

რუსლან პოღოსიანი

 

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის #19-ს იკავებს 34 წლის, განათლებით იურისტი რუსლან პოღოსიანი, რომელიც სომხური დიასპორის წარმომადგენელია. დეპუტატობამდე მისი სამუშაო გამოცდილება 3 წელს ითვლის და როგორც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდიდან ვიგებთ, ის ამ ხნის მანძილზე შპს „ალეკოს“ იურისტად მუშაობდა. პოღოსიანი მერვე მოწვევის პარლამენტისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გახლდათ. საინფორმაციო სააგენტოების გვერდებზე პოღოსიანის აქტიურობა 2013 წელს ფიქსირდება, როდესაც მან პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტი სააკაშვილი სომეხი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ საბოტაჟში დაადანაშაულა. პოღოსიანს „ქართული ოცნების“ სახელით მთიან ყარაბაღში შექმნილი მდგომარეობის გამო აქვს გაკეთებული განცხადება. ასევე, „სომეხთა გენოციდის“ მსხვერპლთა ხსოვნის თაობაზე, რა დროსაც მან ქართველებისგან გულისხმიერება და თანაგრძნობა ითხოვა. 2014 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ორ ბინას ფლობს ქალაქ თბილისში. 2013 წელს მისმა წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 61100,25 ლარი. მას 2013 წელს „ბანკი ქართუდან“ 25 000 აშშ დოლარი სესხის სახით აქვს აღებული.

 

 

 

მახირ დარზიევი

 

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის #20 მახირ დარზიევია, რომელიც 59 წლის ისტორიკოსი გახლავთ. ის საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანულ დიასპორას წარმოადგენს. მისი სამუშაო გამოცდილება 1974 წლიდან ზეინკლობით იწყება, 1982 წლიდან კი მარნეულის სკოლაში ისტორიის მასწავლებლობით გრძელდება. 2012 წელს ის საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ხდება. მახირ დარზიევი მედიის ყურადღების ცენტრში როგორც პარლამენტის წევრი, მხოლოდ ერთხელ მოხვდა, როდესაც მან ახალქალაქის დეპუტატ სამველ პეტროსიანს პლენარულ სხდომაზე უპასუხა: სამველ პეტროსიანი სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით გამოვიდა, მახირ დარზიევმა კი მას უპასუხა, რომ საქართველოს პარლამენტი ის ადგილი არ იყო, სადაც სომეხთა გენოციდის საკითხებზე საუბრობენ, რადგან ის ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებში არ შედის.

 

„ან გამოჩნდი ისეთი, როგორიც ხარ, ან იყავი ისეთი, როგორიც ჩანხარ“, _ 2012 წელს მახირ დარზიევის საარჩვნო პლაკატზე ეს წარწერა იყო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მახირ დარზიევისა და მისი ოჯახის საკუთრებაა მიწის ფართობები მარნეულის რაიონში. რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში მახირ დარზიევმა, როგორც დეპუტატმა, 60 201 ლარი მიიღო. 2013 წელს დარზიევს სამომხმარებლო სესხი აუღია 35 000 ლარის ოდენობით, რომლის მომსახურებაც 18 315 ლარი დაუჯდა. დეპუტატს „ლენდ კრუიზერ პრადოც“ შეუძენია.

 

 

 

სამველ მანუკიანი

 

სიის #23-ის, სამველ მანუკიანის შესახებ ინფორმაცია, თითქმის, არ იძებნება. სამველ მანუკიანი დაიბადა 1976 წლის 11 ივნისს. ის სხვადასხვა დროს შპს „გეოფუდის“ ერთ-ერთი მეწილე იყო. მისი სახელი გამოჩნდა „ქართული ოცნების“ შემომწირველების სიაშიც, _ მან პარტიას 45 000 ლარი შესწირა.

 

 

 

ისკო დასენი

 

„ქართული ოცნების“ სიის #26, პროკურორი, ბიზნესმენი და კონსული ისკო დასენი გახლავთ. ის 1958 წელს დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 2012 წლამდე პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. წელს, 5 ოქტომბერს, ისკო დასენს თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებული თამარ მეფის გამზირის #13-ის მიმდებარედ 120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 5-წლიანი იჯარით გადასცა. წელსვე დასენმა თბილისში აგლაძის ქუჩა #25-ში მდებარე შენობის მე-4 სართულზე 324.80 კვ.მ. ფართი დაირეგისტრირა; ერთი წლის წინათ კი _ 3428 კვ.მ. ბელიაშვილის ქუჩაზე. ისკო დასენი 2013 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო ლიდერკრედიტის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შემდეგ კი თავმჯდომარე იყო. 2015 წლის მაისის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო ლიდერკრედიტის“ 100%-იანი წილის მფლობელია. წელს, 12 აგვისტოს, შპს „მისო ლიდერკრედიტმა“ „ქართულ ოცნებას“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემოწირულობა _ 120 000 ლარი გადაურიცხა. 2014 წლის 6 ოქტომბრიდან ისკო დასენი საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის საპატიო კონსულია. კახა კალაძემ მის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას ასე უპასუხა: „ეს ადამიანი გახლავთ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, იეზიდი მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე. ეს ადამიანი დასაქმებულია ბიზნესსექტორში, არის წარმატებული ბიზნესმენი და ბევრი ადამიანი ჰყავს დასაქმებული“. პარტიას თანხა შესწირეს მისი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა და ახლობლებმაც _ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სულ, დაახლოებით, 167 000 ლარი. 2015 წლის დეკემბერში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ისკო დასენს წევრობა გაუუქმა.

 

 

 

დიმიტრი სამხარაძე

 

პროპორციული სიის #27 დეპუტატის შესახებ ინტერნეტსივრცეში ცოტა რამ იძებნება. მასზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის უდიდესი ნაწილი 2012 წლის 2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მის დაკავებას ეხება. სამხარაძე „ოცნების“ სხვა 5 აქტივისტთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მეორე დღესვე გაათავისუფლეს.

 

 

 

ვანო ზარდიაშვილი

 

პროპორციული სიის 28-ე ნომერია ვანო ზარდიაშვილი. ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ვანო ზარდიაშვილი დაიბადა 1982 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და თბილისის მერიაში. 2004-2006 წლებში იყო გენერალური პროკურორის თანაშემწე და მრჩეველი, ასევე სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანაშემწე. ვანო ზარდიაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც „რუსთავის 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ სპეციალურ ბრიფინგზე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, განაცხადა, რომ ზარდიაშვილი ერთ-ერთი პირია, რომელიც ზეწოლას ახდენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის შუამავალია ხელისუფლებასთან.

 

 

 

შოთა შალელაშვილი

 

„ქართული ოცნების“ სიის #29, შოთა შალელაშვილი, 1959 წელს დაბადებული ბიზნესმენია. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მან ა. წ. 28 სექტემბერს ტარას შევჩენკოს ქუჩაზე 259 კვ.მ. ფართი, ხოლო ამავე წლის ივლისში სამტრედიის დაბა კულაშში 599 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა, რომელზეც ორი შენობა-ნაგებობა ირიცხება _ 434 კვ.მ. და 42.8. კვ.მ. ფართის. შალელაშვილი 2012 წლიდან 2010 წელს დარეგისტრირებული შპს „ისნის“ სავაჭრო ცენტრის პარტნიორიცაა. მისი გვარი „ოცნების“ ოფიციალურ შემწირველთა შორის არ იძებნება, თუმცა მისი 51%-იანი წილის მფლობელმა გრიგოლ მიქელაძემ პირველ აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ 55 000 ლარი შესწირა. მიქელაძეს საქმიანი ინტერესები აქვს 13-მდე კომპანიაში, მათ შორის, 100%-იანი მესაკუთრეა შპს „ნოვოროსიისკი მეტალში“. 2014 წლის გაზაფხულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენები შოთა შალელაშვილი და გია მიქელაძე „ქართუ ბანკის“ წილის შესყიდვას აპირებდნენ.

 

 

 

რევაზ არველაძე

 

სიის #33 რევაზ არველაძე ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. 2013 წელს, კახი კალაძის მინისტრობის პერიოდში, ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის აკადემიას შორის ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის შედეგად აკადემიამ სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარებისა და პროგნოზირების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის ვალდებულება აიღო. რევაზ არველაძეს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული დიდი ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე. მას მიაჩნია, რომ ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლების ერთადერთი საშუალებაა.

 

 

 

დიმიტრი ცქიტიშვილი

 

პროპორციული სიის 34-ე ნომერი, დიმიტრი ცქიტიშვილი, „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი და პარტიის წევრია. მისი განცხადებები, ძირითადად, ვიზალიბერალიზაციასთან და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს ეხებოდა. ის ასევე „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ დამფუძნებელია. ფორუმი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლის 21 იანვარს დაარსდა. ფორუმის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ფორუმი შედგება ადამიანთა იმ ჯგუფისგან, რომელიც იზიარებს პროგრესულ იდეებს და წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. დამფუძნებლებს შორის არიან ახალგაზრდა სოციალისტები. „საქართველოს პროგრესულ ფორუმში“ არის ორი თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორ საკითხზე მუშაობს: განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში; ღირსეული შრომისა და დასაქმების საკითხების განვითარება სოციალური დიალოგის ფორმატში.

 

 

 

თეიმურაზ კოხრეიძე

 

სიის #36, თეიმურაზ კოხრეიძე, 2012 წლიდან დღემდე „პეტროკას ენერჯიგრუპის“ ვიცე-პრეზიდენტია. „პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც საწვავის ექსპორტს ახორციელებს ევროპიდან და მას საქართველოში მოქმედი ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელებს აწვდის. ეს ის კომპანიაა, რომლის წილის შესყიდვის შესახებ რუსულმა კომპანია „როსნეფტმა“ 2014 წლის 29 დეკემბერს განაცხადა. „როსნეფტსა“ და „პეტროკას ენერჯი ლიმიტედს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი. თეიმურაზ კოხრეიძე სწორედ „პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტია, თუმცა არა საქართველოში რეგისტრირებულის, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ ნიკოლოზ მჭედლიშვილი, დირექტორი კი არჩილ ხელაშვილია.

 

თეიმურაზ კოხრეიძე 1986 წლიდან 1990 წლის ჩათვლით სხვადასხვა საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა; 1990 წლიდან 1993 წლის ჩათვლით ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა; 1993-დან 1995 წლებში _ მინისტრთა კაბინეტში; 1995 წლიდან 2004 წლის ჩათვლით საგარეო საქმეთა სამინისტროში; 2004 წლიდან 2006 წლის ჩათვლით ნავთობის ეროვნულ კომპანია „საქნავთობში“ აპარატის უფროსი იყო; 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით შპს „ფიუჩერპროდაქტსკომპანის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა.

 

 

 

ალექსანდრე ერქვანია

 

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის #42-ის, ალექსანდრე ერქვანიას შესახებ ინტერნეტსივრცეში არანაირი ინფორმაცია არ იძებნება. 2016 წლის აპრილში აღსრულების ბიუროს თბილისში, ყვარლის ქუჩაზე მცხოვრები ვინმე ალექსანდრე ერქვანიას სახელზე გაცემული აქვს სააღსრულებო ფურცელი და ჯარიმის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 500 ლარი დაეკისრა.

 

 

 

ენძელა მაჭავარიანი

 

სამების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და პროპორციული სიის #43, ენძელა მაჭავარიანი, ბოლო პერიოდში ტელეკომპანია GDშ-ის ჟურნალისტი იყო. დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის საპარლამენტო სიაში მოხვედრა არავის შეუთავაზებია და „ოცნებას“ საკუთარი თავი თვითონ შესთავაზა. გაწვდით მის კომენტარებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა თემაზე პანორამა თბილისის შესახებ: „დიდებული პროექტია, მადლობა უფალს, რომ ეს პროექტი ჩემს ქალაქში, ჩემს დროში ხორციელდება! მჯერა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სამების ტაძრის მსგავსად, სხვა ხელთქმნილ სასწაულებსაც აჩუქებს ჩვენს ხალხს და ქვეყანას, რადგან გულწფელად ვფიქრობ, რომ მისთვის „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ასწლოვანი ხის გადატანის შესახებ: „…ამ დიდი ხეების გადატანა, გადარჩენა და დენდროლოგიური ბაღის გაშენება ისეთივე დიდი საქმეა, ისეთივე ქველმოქმედებაა, როგორც აშენებული ტაძრები, სკოლები, აღდგენილი ძეგლები და ყველა ის კეთილი საქმე, რაც ამ წერილში გვაქვს ჩამოთვლილი…“

 

 

 

გია ბენაშვილი

 

სიის #44, გია ბენაშვილი, 2014-2015 წლებში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურ მმართველად მუშაობდა. 2016 წლიდან შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორია. მას და კახი კალაძეს შორის შესაძლო ბიზნესკავშირებზე მედიაში არაერთი სტატია იძებნება. 2015 წელს, როცა ბუნებრივ აირზე ტარიფები გაიზარდა, ბენაშვილმა მთავრობის პოზიციის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, რომელიც სრულ თანხვედრაში იყო მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე დვალიშვილის განცხადებასთან. კერძოდ, ბენაშვილის მაშინდელი განცხადების თანახმად, ის ტარიფები, რომლებიც 2015 წელს მოქმედებდა, 2007-2008 წლებში იყო დადგენილი.

 

 

 

დავით მათიკაშვილი

 

„ქართული ოცნების“ სიის #47 „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების განყოფილების ყოფილი უფროსი, დავით მათიკაშვილია. მისი სახელი ქართულ საინფორმაციო საშუალებებში კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას დედის, ლაურა ღაჭავასა და „ქართუ ბანკის“ დავაში ფიგურირებს. მათიკაშვილის განმარტებით, ლაურა ღაჭავა აუცილებლად იქნება ვალდებული, „ბანკ ქართუს“ გადაუხადოს აღიარებული ვალი. დავით მათიკაშვილი 2012-2016 წლებში „ქართული ოცნების“ შემომწირველთა სიაშია და მის მიერ შეწირული თანხის ჯამი 42 400 ლარს შეადგენს.

 

 

 

გიორგი ხატიძე

 

სამართლის დოქტორი გიორგი ხატიძე სიის #48-ია. ის ლექციებს კითხულობს საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში. 2013 წელს სამართლის დოქტორის ხარისხი მიენიჭა პენინსულას უნივერსიტეტში (აშშ, კალიფონია); 2007 წელს დაამთავრა ლივერპულის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო, ინგლისი) და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესსამართალში; 2007 წელს განახორციელა სამართლის მაგისტრის სადისერტაციო კვლევა დანდის უნივერსიტეტში ენერგეტიკის, ენერგო და მინერალური რესურსების პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ცენტრში (გაერთიანებული სამეფო, შოტლანდია); 2006 წლის სექტემბერს წარმატებით დაასრულა წინარე სამაგისტრო/ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის პროგრამა ბელერბის კოლეჯში (გაერთიანებული სამეფო, ინგლისი). 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში. ამჟამად იგი არის იურისტი კერძო კომპანიებში, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ სხვადასხვა ბიზნესმიმართულებით, მათ შორის, ენერგო და საინვესტიციო სექტორში; 2010 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში.

 

 

 

ანრი ოხანაშვილი

 

პროპორციული სიის #49-ის, ანრი ოხანაშვილის შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია, პრაქტიკულად, არ მოიპოვება. მისი სახელი და გვარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე ფიქსირდება, როგორც სისხლის სამართლის სპეციალისტი.

 

 

 

ლევან მგალობლიშვილი

 

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის #50-ის, ლევან მგალობლიშვილის ავტობიოგრაფიული მონაცემები, ან ინფორმაცია კონკრეტული აქტივობების შესახებ, ინტერნეტში არ იძებნება.

 

 

 

გაგრძელება იქნება

 

 

 

                                                                                                         თამარ ბატიაშვილი