ჩემპიონი დეპუტატები სტადიონიდან, ტატამიდან და საჭიდაო ხალიჩიდან

vg

რვა წინა მოწვევის პარლამენტში, ათი ახალში – ასეთია სპორტსმენების რიცხვი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩეული პარლამენტის წევრთაგან ყოველი მეთხუთმეტე ამ დარგის წარმომადგენელია. ზოგიერთი მათგანი წინა ოთხი წლის განმავლობაშიც ფლობდა სადეპუტატო მანდატს, ნაწილი კი ამ პრესტიჟულ და საპატიო სამსახურში პირველად ახლა შეაბიჯებს.

 

 

ვერ ვიტყვით, რომ სპორტსმენებმა გასული ოთხი წელიწადი პარლამენტში უქმად გაატარეს, თუმცა მათი ნაწილი ხალხს არა კანონშემოქმედებითი, არამედ ფიზიკური აქტივობით დაამახსოვრდა. პლენარულ სხდომებზე გამართული მუშტი-კრივისას მათ მთლად საჩემპიონო დონე არ უჩვენებიათ, მაგრამ არასპორტსმენ დეპუტატებთან ჭიდილში უპირატესობის მოპოვებას მაინც ახერხებდნენ.

 

ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, თენგიზ ხუბულური და ზაზა კედელაშვილი უკვე მეორე მოწვევის პარლამენტის წევრები არიან, „დებიუტი“ კი ელით კახა კალაძეს, ბიძინა გეგიძეს, ირაკლი აბუსერიძეს, მიხეილ ყაველაშვილს, ლევან კობიაშვილსა და მუხრან ვახტანგაძეს. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, ახალ პარლამენტში მოხვედრის შანსი აღარ მიეცათ ძიუდოისტს, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს, მსოფლიო ჩემპიონ მოჭიდავე ელდარ (ლუკა) კურტანიძეს, ფეხბურთელს, ლანჩხუთის `გურიის~ ყოფილ კაპიტან თეიმურაზ ჩხაიძესა და სპორტსმენ-რეჟისორ სოსო ჯაჭვლიანს, რომელიც ახალგაზრდობაში ტიტულოვანი მკლავჭიდელი იყო.

 

დიდია იმის ალბათობა, რომ კახა კალაძე მთავრობას დაუბრუნდეს და, შესაბამისად, სპორტსმენ დეპუტატთა რიცხვი ცხრამდე შემცირდეს.

 

ძველ სპორტსმენთა აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ მოხვდა, ერთადერთი „ნაციონალი“ ყოფილი ათლეტი კი, ისევე როგორც წინა ოთხი წლის განმავლობაში, ახლაც ზაზა კედელაშვილი იქნება. „პატრიოტთა ალიანსს“ დეპუტაციაში სპორტსმენი არ ჰყავს.

 

ახალი მოწვევის პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯერ არ დაუსახელებიათ. წინა ოთხი წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე ლერი ხაბელოვი მუშაობდა, რომელიც, ამავდროულად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიცაა. მისი პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი იყო, მოადგილე – სოსო ჯაჭვლიანი. ხაბელოვისა და ხაბარელის ამ პოსტზე წარდგენა არ უნდა გამოვრიცხოთ. ამბობენ, რომ საამისო შანსი მიხეილ ყაველაშვილსაც აქვს.

 

სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ თითოეულმა სპორტსმენმა-პარლამენტარმა სპორტში თავისი მკაფიო კვალი დატოვა. სხვა საქმეა, რამდენად წარმატებულები იქნებიან პოლიტიკაში. სპორტის გულშემატკივართათვის თითოეული მათგანის მიღწევები კარგადაა ცნობილი, თუმცა მოკლედ მაინც ვთქვათ მათი სპორტული მიღწევების შესახებ.

 

 

 

კახა კალაძე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული ფიგურაა. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, იტალიურ გრანდ „მილანში“ თითქმის ათი წელი გაატარა და სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა – ტიტული, რომელიც სხვა ქართველ ფეხბურთელს არ მოუპოვებია. გასული ოთხი წელიწადი ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე გაატარა.

 

 

 

ლერი ხაბელოვი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ კი კარიერა ამავე სფეროს დაუკავშირა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ახალი მოწვევის პარლამენტში სიით მოხვდა.

 

 

 

ბიძინა გეგიძე ძველი მორაგბეა, თუმცა ქართულ სპორტში თავისი კვალი მმართველ პოსტზე მუშაობით უფრო დატოვა. 1995-2004 წლებში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო და ქართული რაგბის აღმავლობაში მისი წვლილი ძალიან დიდია. პარლამენტში ვაკის მაჟორიტარის სტატუსით შედის.

 

 

ირაკლი აბუსერიძემ სარაგბო კარიერა არცთუ დიდი ხნის წინ დაასრულა. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, პოლიტიკური კარიერა კი თბილისის საკრებულოში დაიწყო. აბუსერიძე ისნის მაჟორიტარია.

 

 

 

შოთა ხაბარელი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტია, არის ოლიმპიური ჩემპიონი. არანაკლებ წარმატებული იყო მწვრთნელის ამპლუაში – თავკაცობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რა დროსაც ქართველმა ძიუდოისტებმა ორჯერ მოიგეს ოლიმპიადა, არაერთხელ – მსოფლიოსა და ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატები. პარლამენტშია 2012 წლიდან, სამგორის მაჟორიტარია.

 

 

მიხეილ ყაველაშვილი გასული საუკუნის 90-იანი წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ფეხბურთელია. უთამაშია არაერთ უცხოურ კლუბში, მათ შორის, „მანჩესტერ სიტიში“. არის მოძრაობა „ჩვენი ფეხბურთის“ თანადამფუძნებელი. აპირებდა ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ უმაღლესი განათლების არქონის გამო ვერ შეძლო. მაჟორიტარული არჩევნები ნაძალადევში მოიგო.

 

 

 

ლევან კობიაშვილის საფეხბურთო კარიერა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო. კარიერის უდიდესი ნაწილი გერმანულ კლუბებში გაატარა, ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ასი მატჩი ჩაატარა. შარშან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, ახლა კი უკვე გლდანის მაჟორიტარია – არც ხაბელოვისა და არც მის შემთხვევაში კანონი ამგვარ სამსახურებრივ შეთავსებას არ კრძალავს.

 

 

თენგიზ (თემურ) ხუბულური ქართული ძიუდოის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული ათლეტია, არის მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. ზედიზედ მეორე მოწვევის პარლამენტის წევრია, ამჯერად გორის რაიონის მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა.

 

 

 

მუხრან ვახტანგაძე მსოფლიოს ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, არის ასევე ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. ბოლო წლებში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ედგა სათავეში, პარლამენტში კი ბათუმის მაჟორიტარის სტატუსით მოხვდა. სხვათა შორის, საკმაოდ მაღალ დონეზე მღერის – მსურველებს ამაში დარწმუნება „იუთუბის“ ვიდეორგოლების საშუალებით შეუძლიათ.

 

 

 

ზაზა კედელაშვილი პარლამენტის ერთადერთი „ნაციონალი“ და, ამავდროულად, ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენია. 31 წლისაა, თუმცა აქტიურ ძიუდოს, ჯერ კიდევ, წინა საპარლამენტო არჩევნებამდე შეეშვა. ერთი პერიოდი შსს-ის სტრუქტურებში მუშაობდა, 2012 წლის ოქტომბერში კი ნაციონალური მოძრაობის წევრის სტატუსით დედოფლისწყაროს მაჟორიტარული არჩევნები მოიგო. ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ძიუდოისტი იყო, ზედიზედ სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, მერე კი, კარიერის პიკზე მყოფმა, აქტიური სპორტისადმი ინტერესი დაკარგა. პარლამენტში ამჯერად პროპორციული სიით მოხვდა.

 

სპორტსმენი დეპუტატებიდან მხოლოდ სამთან მოვახერხეთ გასაუბრება. კალაძესთან, ხაბელოვთან, ყაველაშვილსა და კედელაშვილთან დაკავშირება ვერ შევძელით, გეგიძეს უარი არ უთქვამს, მაგრამ დაკავებული იყო და გაზეთის გამოსვლამდე ჩვენი საუბარი ვერ მოესწრო, აბუსერიძემ და კობიაშვილმა კი „ქართული ოცნების“ პრესსამსახურთან გადაგვამისამართეს, საიდანაც პასუხად მივიღეთ, რომ ისინი პირველ საპარლამენტო სხდომამდე, ვიდრე მათი კონკრეტული ფუნქციები არ გაირკვევა, კომენტარისგან თავს შეიკავებენ. დანარჩენ სამთან დაკავშირება კი პრობლემა არ ყოფილა, მათ არც პრესსამსახური უხსენებიათ.

 

 

შოთა ხაბარელი:

 

_ თქვენ წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატიც იყავით. როგორ შეაფასებთ საკუთარ საქმიანობას?

 

_ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ოთხი წელიწადი როგორც ქვეყნისთვის, ასევე ქართული სპორტისთვის. გახლდით სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მიმაჩნია, რომ კოლეგებთან ერთად მაქსიმუმი გავაკეთე იმ მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად, რაც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა.

 

სპორტის მიმართულებით მთავარ მიღწევად ის მიმაჩნია, რომ სპორტი სრულად გავათავისუფლეთ სახელმწიფოს ჩარევისგან. თუკი ადრე სპორტული ფედერაციების საპრეზიდენტო არჩევნები სრული ფორმალობა იყო და მთავრობას საკუთარი კანდიდატურა დაუბრკოლებლად გაჰყავდა, ახლა უკვე მთლიანად სპორტული ოჯახი წყვეტს, ვინ იქნება ამა თუ იმ წამყვან თანამდებობაზე. შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობა და პროცესი უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული გახდა. სპორტული ფედერაციის პრეზიდენტს უკვე უმაღლესი განათლება მოეთხოვება, რაც სრულიად ბუნებრივი და აუცილებელი კრიტერიუმია. გარდა ამისა, პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

 

ასევე, ჩვენი კომიტეტის მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია სპორტული ფედერაციების დაფინანსების გაზრდა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები. ყოველნაირად ვეცადეთ, იმგვარი კანონები მიგვეღო, რომლებიც ახალგაზრდობის ინიციატივებს ბარიერებს კი არ დაუწესებდა, არამედ მაქსიმალურად გაამარტივებდა მათ განხორციელებას. პარლამენტისა და პირადად ჩემი კაბინეტის კარი საინტერესო პროექტების ავტორთათვის ყოველთვის ღიაა.

 

_ ახალი მოწვევის პარლამენტში რა მიგაჩნიათ სპორტის კომიტეტის მთავარ გამოწვევებად?

 

_ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის პროექტები, სადაც ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯებია გადადგმული. ჩვენ წინაშე უამრავი ახალი ამოცანა დგას, ასე რომ, სამუშაო პროცესი საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი გვექნება. უმნიშვნელოვანეს მიზნებს განეკუთვნება სპორტული ფედერაციებისთვის დაფინანსების გაზრდა და სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით ახალი პროექტების განხორციელება.

 

_ დეპუტატ სპორტსმენებს სპორტულ მიღწევებს ვერავინ დაუწუნებს, მაგრამ ნუთუ სჭირდება პარლამენტს ამ სფეროს ამდენი წარმომადგენელი?

 

_ პარლამენტს ყველა სფეროდან წამოსული ხალხი სჭირდება, მათ შორის, სპორტსმენები. ბევრ სპორტსმენ დეპუტატს მხოლოდ სპორტული კი არა, ცხოვრებისეული გამოცდილებაც უმაგრებს მხარს. ჩვენს რიგებში მრავლად არიან პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც, სხვათა შორის, არც განათლება და კომპეტენცია დაეწუნებათ.

 

_ სპორტის გარდა კიდევ რომელი კომიტეტის წევრად გიხილავთ?

 

_ წინა პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი ვიყავი და ახლაც ამ მიმართულებით ვგეგმავ მუშაობას.

 

_ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თქვენი თანამდებობა თუ განიხილება?

 

_ ყველაფერი ძალიან მალე გადაწყდება. ჩემი კანდიდატურა კი, არ დაგიმალავთ და, დღის წესრიგში დგას.

 

 

თემურ ხუბულური:

 

_ არ მესმის, რატომ იწვევს საზოგადოების ნაწილის გაღიზიანებას პარლამენტარი სპორტსმენები? პარლამენტს ხალხი ირჩევს, ხალხში კი სპორტსმენები პოპულარული არიან, რადგან მათ ქვეყანას სახელი გაუთქვეს და ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი არიან. დემოკრატიული ქვეყანა ვართ და პარლამენტში ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებსაც ამომრჩევლებმა დაუჭირეს მხარი.

 

_ პარლამენტში სპორტის მიმართულებით უფრო აქტიურად იმუშავებთ, თუ თქვენი რაიონის პრობლემების აღმოსაფხვრელად?

 

_ წინა პარლამენტში სპორტის კომიტეტის წევრი ვიყავი, მაგრამ რაკი საკანონმდებლო ორგანოში ძველი სპორტსმენების დეფიციტი არ არის, ამჯერად, ალბათ, სხვა კომიტეტების მუშაობაში ჩავერთვები. გორის რაიონის დეპუტატი გახლავართ და ამ კუთხით იმდენი საქმე მექნება, სპორტისთვის უკვე ნაკლებად მეცლება. გორის სოფლის მეურნეობაში მთელი რიგი საკითხებია მოსაგვარებელი, რომელთა შორისაც სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემებს გამოვყოფდი. რაღა თქმა უნდა, გორი და შიდა ქართლი სპორტის გარეშე არ არსებობს. ამ კუთხემ საქართველოს უამრავი ჩემპიონი გაუზარდა და ამ ტრადიციების გასაგრძელებლად ჩემს კოლეგებთან ერთად ბოლომდე დავიხარჯები. ჩემპიონების აღზრდასთან ერთად, აუცილებელია მასობრივი სპორტის განვითარება – ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ხერხია მძიმე სენის, ნარკომანიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

_ „ქართული ოცნების“ ოთხწლიან მმართველობას როგორ შეაფასებთ?

 

_ იდეალური ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი გაკეთდა. უპირველესად, საყოველთაო დაზღვევას გამოვყოფდი, ასევე ჩ ჰეპატიტის პრობლემას, რომელმაც ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს შეუმსუბუქა ცხოვრება. პროგრესი თითქმის ყველა სფეროს შეეხო და შეიქმნა იმის წინაპირობა, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში პრემიერ-მინისტრის ოცპუნქტიანი გეგმა ეფექტიანად შესრულდეს. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სპორტის მიმართულებითაც, სადაც არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით განხორციელდა.

 

 

მუხრან ვახტანგაძე:

 

_ რა გამოცდილებით ხვდებით პარლამენტარის სტატუსს?

 

_ პარლამენტში მოხვედრა ჩემთვის დიდი პატივი და, ამავდროულად, გამოწვევაა. ვეცდები, ჩემს ამომრჩეველს იმედები არ გავუცრუო. აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე საკმაო გამოცდილება დავაგროვე და ვფიქრობ, პარლამენტშიც შევძლებ ქვეყნის სამსახურს.

 

_ როგორც ბათუმის მაჟორიტარი, რის გაკეთებას გეგმავთ თქვენი ქალაქისთვის?

 

_ აჭარის დეპუტაციას მივეკუთვნები და ბუნებრივია, უპირველესად, იმ ქალაქსა და რეგიონზე ზრუნვა მმართებს, რომელმაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამირჩია. ბათუმი ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული ქართული ქალაქია, მაგრამ სოციალური პრობლემები აქაც უამრავია… თუმცა კოლეგა დეპუტატებთან ერთად აჭარის რეგიონისა და მთელი ქვეყნის სპორტის განვითარებაზეც უნდა ვიზრუნო. ცხადია, სხვა ყოფილ სპორტსმენებთან ერთად სპორტის კომიტეტში ვიქნები.

 

არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სპორტსმენების ადგილი პარლამენტში არ არის. პირიქით, ამ მნიშვნელოვან სფეროზე ჩვენზე უკეთ სხვა ვერავინ იზრუნებს. პარლამენტარ სპორტსმენებს არც საქმიანი გამოცდილება აკლიათ და ბევრი მათგანი სხვა დეპუტატებზე არანაკლებ განათლებულია.

 

_ როგორია ქართული სპორტის განვითარების თქვენეული ხედვა?

 

_ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი მასობრივი სპორტის განვითარებაა. ყოველგვარი სპორტული მიღწევები ფასს კარგავს, თუ ახალგაზრდობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი მიუწვდომელი იქნება. პირადად ჩემი უმთავრესი ამოცანაა, ახალგაზრდობა ქუჩას მოვწყვიტოთ და მასობრივ სპორტში ჩავაბათ. მასობრიობა კი თავისთავად არის დიდი სპორტსმენების აღზრდის წინაპირობა.

 

 

 

                                                             ლევან ჯანეზაშვილი