რა კავშირშია მეუფე შიო, რაინდი ვასაძე და სენაკის საკრებულო?!

12

„ქრონიკა+“-სთან სკანდალურ განცხადებას აკეთებს „ქალთა კავშირი – ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი და სენაკის საკრებულოს წევრი ინგა ქარდავა:

„ 7-ში იყო ბატონი ლევანი ჩამოსული სენაკში. როგორც ვიცი, მეუფე შიო და ვასაძე თანაკურსელები არიან. ერთ-ერთ რესტორანში იყვნენ და როგორც მითხრეს, მეუფემ სთხოვა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გამხდარიყო ხვიჩა ჯიშკარიანი. ჯერ ერთი, მეუფეს რა ესაქმება, საკრებულოში ვინ იქნება თავმჯდომარე და ვინ – არა?! რა უფლება აქვს სასულიერო პირს, ასე ჩაერიოს ადგილობრივი თვითმმარველობის საქმეებში?! მეუფე ასევე ძალიან ახლოს არის პარლამენტის წვერთან, ყოფილ „ნაციონალ“ გურამ მისაბიშვილთან. მისაბიშვილი მარგველაშვილის სიახლოვესაც მეუფის ინიციატივით მოხვდა. ახლა რასაც ვიტყვი, ეს არ არის ცუდი საქციელი: უფალი ამბობს, რომ როცა ადამიანი ცოდავს, უნდა ამხილო, მაგრამ მე მინდა ამ გაზეთით მეუფეს ვთხოვო: ჯობია, საკუთარ კომერციულ საწყისებზე გახსნილ სკოლას მიხედოს, ვიდრე საკრებულოს საქმეებში ჩაერიოს. მისი კერძო სკოლა ყველაზე ძვირადღირებულია სენაკში და არც ერთი სოციალურად დაუცველი ბავშვი არ სწავლობს იქ. ე. ი. ბიზნესი აქვს და ახლა პოლიტიკაშიც უნდა ჩარევა. ამ სკოლას უკავშირდება 2 თვის წინანდელი სკანდალი, რომლის შესახებაც მთელმა სენაკმა იცის… ახლა ამაზე მეტად ფრჩხილებს არ გავხსნი. მეუფე ასე რატომ გაპოლიტიზირდა, არ ვიცი. არ მინდოდა მასზე ასეთი ფორმით საუბარი, მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს და კარგი იქნება, თუ ის ასეთი ქმედებებისგან თავს შეიკავებს. უახლოეს პერიოდში ვაპირებ შევხვდე პატრიარქს და მეუფეზე ყველაფერი მოვუყვე.“

სენაკის საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ვის ლობისტობასაც ამ დრომდე იჩემებს მეუფე შიო, დღეს „ოცნების“ სიაში არის, რომელიც გახლავთ სამეგრელო-ზემო სვანეთის „სუს“-ის ყოფილი უფროსი და გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე. მასთან თავის დროზე დიდი დაპირისპირება ჰქონდა ინგა ქარდავას და როგორც „ქრონიკა+“-სთან დეპუტატი აცხადებს, ხვიჩა ჯიშკარიანის დამსახურებაა, რომ დღეს სხვა პარტიის სახელით შევიდა სენაკის საკრებულოში: „სწორედ მისი წყალობითაა, რომ მაშინ ჩემ გვერდით მდგომი და მებრძოლი ადამიანებიდან არც ერთი აღარ არის „ქართული ოცნების“ სიებში. რეგიონების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი უფროსები საკრებულოებში გადანაწილდნენ. ჯიშკარიანი ამბობს კიდეც, – ღარიბაშვილის კადრი ვარ და მისი მფარველობის ქვეშ ვიმყოფებიო.“