,,ნაციონალების” დამფინანსებელი ,,ოცნებაში” მინისტრობისთვის ემზადება?!

fer

„ქრონიკა+“ იწყებს ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის, ამ შემთხვევაში, ახლად დაკომპლექტებული მთავრობის უმაღლეს პირებს. საკითხი საკმაოდ სკანდალურია. რაც მთავარია, გამოძიებაში მოყვანილი თითოეული ფრაზა დოკუმენტურად დასტურდება.

მკითხველი რომ არ დავაბნიოთ, ჯერ დავიწყებთ ტენდერებით, ენერგოპროექტებით და სახელმწიფოსთან არსებული კორუფციული გარიგებებით. უნდა აღინიშნოსის კვლევაც, რომელიც  „მწვანე ალტერნატივამ“, ჯერ კიდევ სამი წლის უკან ჩაატარა სახელწოდებით _ ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა. „ქრონიკა+“ თავის პირველ პუბლიკაციაში შეეცდება, გაშალოს და დოკუმენტებით დაამტკიცოს დასკვნაში მოყვანილი თითოეული ფაქტი.

 

შპს „ფერი“ 1991 წელს დაფუძნდა. 1996 წლის აგვისტოსთვის „ფერის“ თერთმეტი დამფუძნებელი ჰყავდა, საიდანაც ყველა (ერთის გარდა) კომპანიაში მცირე წილს ფლობდა _ 1%-დან 5%-მდე. წილების დიდ ნაწილს _ 64%-ს ფლობდა იოსებ მჭედლიშვილი. ეს უკანასკნელი გახლდათ კომპანიის დირექტორიც. კომპანიის დამფუძნებელთა წილებში ცვლილება 1998 წლიდან დაიწყო: 1998-2007 წლებში კომპანიის ოთხმა მეწილემ დათმო თავისი წილი იოსებ მჭედლიშვილის სასარგებლოდ; 2012-2013 წლებში კი იოსებ მჭედლიშვილმა კიდევ ხუთი დამფუძნებლის წილი მიიღო. ასე და ამგვარად, დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიის უდიდესი წილის მფლობელი არის იოსებ მჭედლიშვილი _ 96%-ით. დარჩენილი 4% კი კახაბერ შევარდნაძეს ეკუთვნის. იოსებ მჭედლიშვილს ამჟამად უკავია კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა. კომპანიას ასევე ჰყავს დირექტორი (მთავარი მენეჯერი), ეს თანამდებობა 2005 წლიდან უკავია მერაბ იორდანიშვილს.

შპს „ფერის“ წესდებასა და კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში უწერია: „კომპანიის საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე (მათ შორის, რთულ რელიეფურ პირობებში), რომელიც მოიცავს გვირაბებს, მისასვლელ გზებს, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს, საოფისე და საცხოვრებელ შენობებსა და სხვ. კომპანიას ასევე აქვს მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდროენერგეტიკული პროექტების სრული მოცულობით განხორციელების გამოცდილება პროექტირების, მშენებლობის, დაკომპლექტების, მონტაჟისა და ექსპლუატაციის ჩათვლით“.

პირველი ბიზნესდაჯილდოება _ „მერკური“ _ 2011 წელს გაიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით „მერკური“ ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივაა. როგორც სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, „მერკურით“ დაჯილდოების დაარსების მიზანია ქართული ბიზნესის წარმოჩენა, წახალისება და პოპულარიზაცია. იგი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს უკვე მიღწეული წარმატების მაგალითზე ადგილობრივი საქმიანი წრეების ახალ ინიციატივებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მათი საქმიანობის არეალის გაფართოებასა და განვითარებას.

მაშასადამე, „მერკურით“ შპს „ფერი“ დაჯილდოვდა 2011 წელს, 2012 წლის ივნისში კი განმუხურში უბედური შემთხვევა მოხდა, სადაც სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ფერი“ აწარმოებდა. კერძოდ, ანაკლია-განმუხურის ცენტრალური წყალგაყვანილობის მონტაჟის დროს ჩამოშლილმა მიწამ მუშა იმსხვერპლა. მომხდარ ფაქტს მუშები დაჩქარებულ სამუშაოებს უკავშირებდნენ. შემთხვევის გამოძიების შედეგები დღემდე ცნობილი არ არის.

 

შპს „ფერის“ მიერ დაფუძნებული კომპანიები

კომპანია #1 _ შპს „ენერგია“ 2010 წლის სექტემბერში დაფუძნდა. ხსენებულ კომპანიაში შპს „ფერის“ წილი 30%-ს შეადგენს; დანარჩენ 70%-ს ვინმე მევლუდ ბლიაძე ფლობს. შპს „ენერგიის“ დირექტორია გაიოზ უგრელიძე. კომპანია რეგისტრირებულია შპს „ფერის“ კუთვნილ ფართზე. დაფუძნებისას კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 2 ათას ლარს. მას ბანკში დაგირავებული აქვს ორივე მფლობელის წილები (შპს „ფერის“ 30% და მევლუდ ბლიაძის 70%). გირავნობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ბანკში 30 მილიონ აშშ დოლარად დაგირავებულია შპს „ენერგიის“ მიერ „მომავალში შეძენელი და/ან მისთვის მომავალში გადაცემული „ლარსის ჰიდროელექტროსადგურის“ ყველა და ნებისმიერი დანადგარი, მათ შორის, სადერივაციო-სადაწნეო მილსადენი და აგრეგატები.

2013 წლის მდგომარეობით შპს „ენერგია“ ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში 19 მგვტ სიმძლავრის ლარსის ჰიდროელექტროსადგურს აშენებდა. პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის, შპს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა (ესკო) და შპს „ენერგიას“ შორის 2011 წლის 17 მაისს ლარსის ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე. 2012 წლის ივლისში შპს „ენერგიამ“ კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ დადო საქართველოს მთავრობასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს გახლდათ 5 მგვტ სიმძლავრის „შილდას ჰესი“ ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩელთიზე. როგორც პროექტის დოკუმენტაციიდან ირკვევა, პროექტს, თავდაპირველად, ახორციელებდა სს „GGEDC “-ი (შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დაფუძნებული კომპანია (კორპორაციის 100%-იანი მფლობელობით), ხოლო უშუალოდ ჰესის პროექტირებასა და მშენებლობას აწარმოებდა შპს „ფერი“ მემორანდუმის საფუძველზე. 2012 წლის ივლისში სს „GGEDC “-ის მიერ დაწყებული პროექტის განხორციელება შპს „ენერგიამ“ გააგრძელა, ხოლო 2012 წლის სექტემბერში, პროექტის საჭიროებისთვის, შპს „ენერგიას“, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საკუთრებაში გადაეცა გარკვეული მიწის ნაკვეთები, საგურამო-წითელი ხიდის 972 მეტრის მაგისტრალური გაზსადენი. კომპანიას ასევე უსასყიდლოდ გადაეცა 99 წლის ვადით მდინარე ჩელთის კალაპოტის მიწები. 2012 წლის სექტემბერშივე „შილდის ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა.

კომპანია #2 _ შპს „დარიალი ენერჯი“ დაფუძნდა 2010 წლის დეკემბერში. მას ორი დამფუძნებელი პარტნიორი ჰყავდა: აშშ-ში რეგისტრირებული „რობინს კომპანია“ (the Robbins Company) 30%-იანი წილით და შპს „ფერი“ _ 70%-იანი წილით. შპს „დარიალი ენერჯი“, ისევე როგორც შპს „ენერგია“ დარეგისტრირდა შპს „ფერის“ კუთვნილ ფართზე. „დარიალი ენერჯის“ დირექტორად ლაშა იორდანიშვილი დაინიშნა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებად განისაზღვრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგზე დარიალის ჰესის მშენებლობა, განვითარება და ფუნქციონირება. დარიალის ჰესის პროექტის განვითარებისთვის 2011 წლის 19 მაისს საქართველოს მთავრობას, შპს „დარიალი ენერჯის“, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დაიდო ხელშეკრულება 109 მგვტ სიმძლავრის დარიალის ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ.

2011 წლის სექტემბერში კომპანიამ სააქციო საზოგადოებად რეორგანიზაცია გადაწყვიტა. ამ დროისთვის კომპანიის კაპიტალი შეადგენდა 100 ათას აშშ დოლარს, რომელიც 33 333 333 აშშ დოლარამდე გაიზარდა. აქციების 70%-ის მესაკუთრე კვლავ შპს „ფერი“ იყო, 30%-ის მფლობელი კი „რობინს კომპანია“. 2011 წლის სექტემბერშივე კომპანიის წილები ხელახლა გადანაწილდა _ კომპანიას გაუჩნდა ახალი აქციონერი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ (Georgian Energy Develipment Fund, GEDF) სახით, რომელმაც 10 მლნ აშშ დოლარად იყიდა კომპანიის სააქციო კაპიტალის 30%-ი. ამ ცვლილების შედეგად შპს „ფერის“ წილი სააქციო კაპიტალში 40%-მდე შემცირდა, ხოლო „რობინს კომპანიის“ იგივე დარჩა _ 30%-ი. 2011 წლის ოქტომბერში კომპანიამ შეცვალა დირექტორიც. 2011 წლიდან 2015 წლამდე ლაშა იორდანიშვილის ნაცვლად კომპანიის დირექტორი ხდება ზურაბ ალავიძე. კომპანია „დარიალი ენერჯი“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „დარიალის ჰესის“ მშენებლობის პროექტს ახორციელებდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. 2013 წლის აგვისტოში სს „დარიალი ენერჯიმ“ განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემების გამო საფრთხის ქვეშ დგება პროექტის განვითარება და პროექტის დასრულებამ, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გადაიწიოს. 2013 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძისთვის მიწერილ წერილში კომპანია არსებული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად მინისტრს სთავაზობს შემდეგს:

„პროექტის დასრულებისთვის აუცილებელია საბანკო დაფინანსება, რასთან დაკავშირებითაც კომპანია დიდი ხნის მანძილზე აწარმოებს სამუშაოებს ქართულ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. სესხის დამტკიცების წინაპირობად ბანკები ითხოვენ, რომ კომპანიამ მოიზიდოს დამატებითი კაპიტალი 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. სს „დარიალი ენერჯიმ“ მოიძია შესაბამისი რესურსი _ შპს „ენერგია“ მზად არის, შენატანი განახორციელოს კომპანიის კაპიტალში 10 მლიონი აშშ დოლარის სახით და კომპანიას აქციონერთა სესხის სახით გამოუყოს დამატებითი 10 მილიონი აშშ დოლარი, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება წლიური 10%-ით. სანაცვლოდ, შპს „ენერგია“ ითხოვს, რომ კომპანიას ჰქონდეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ (შემდგომში GEDF) საკუთრებაში არსებული აქციების ყიდვის ოფცია ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ 15 მილიონ აშშ დოლარად. სხვა გზა სს „დარიალი ენერჯის“ მიერ დამატებითი 20 მილიონი აშშ დოლარის მოპოვებისა, ამ ეტაპზე, არ არსებობს“.

კალაძისადმი მიწერილი ამ წერილით სს „დარიალი ენერჯი“ ითხოვს თანხმობას, რომ GEDF-მა ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს სს „დარიალი ენერჯის“ კაპიტალის გაზრდას და სესხის აღებას. 2013 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა კომპანიის ზემოთ აღწერილი მოთხოვნა _ გამოიცა მთავრობის განკარგულება, რომლითაც მოიწონეს აქციების განთავსებისა და აქციონერთა ხელშეკრულების პროექტი.

კომპანია #3 _ შპს „აღმოსავლეთის ენერგო კორპორაცია“ 1999 წელს დაფუძნდა სამი პარტნიორის მონაწილეობით: „სიჩუანის ელექტრო-ენერგეტიკული იმპორტისა და ექსპორტის კორპორაცია“ (54%), კორპორაცია „ჰაინანსიტ ენტერპრაიზი“ (39%) და შპს „ფერი“ (7%). კომპანიის საქმიანობებს შორის კომპანიის მთავარ მიმართულებად განისაზღვრა ადორის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მომზადება და განხორციელება. კორპორაცია „ჰაინანსიტ ენტერპრაიზმა“ დროთა განმავლობაში დათმო თავისი წილი კომპანიაში და, საბოლოდ, 2004 წლიდან დღემდე, წილები ასეა გადანაწილებული: 93%-ი ეკუთვნის „სიჩუანის ელექტროენერგეტიკული იმპორტისა და ექსპორტის კორპორაციას“ (ჩინეთი), 7% კი შპს „ფერის“. კომპანიის საწესდებო კაპიტალი დაფუძნებისას შეადგენდა 54 980 აშშ დოლარს, 2004 წელს კი 55 მლნ დოლარს გადააჭარბა. ჩინურმა კომპანიამ საწესდებო კაპიტალის გაზრდისთვის ფულადი შენატანი გააკეთა, შპს „ფერმა“ კი კომპანიას „ხადორის ჰესთან“ ახლომდებარე მინიჰესი „ხადორი 2“ გადასცა. 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კომპანიის მეწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოში დავაში იმყოფებოდნენ და ამ დავის გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიჩუანის ელექტროენერგეტიკული იმპორტისა და ექსპორტის კორპორაციის წილი (93%-ს) დაყადაღდა. თუმცა 2013 წლის პირველ ოქტომბერს დავაში მყოფი მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „ფერი“ უარს იტყოდა სარჩელზე და მოითხოვდა ყადაღის გაუქმებას. სანაცვლოდ, ჩინური მხარე 2013 წლის 31 დეკემბრამდე შეიძენდა შპს „ფერის“ 7%-იან წილს კომპანიაში 1 900 000 აშშ დოლარად. მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ ჩინური კომპანია იძლეოდა გარანტიას, რომ 10 წლის განმავლობაში კომპანია შპს „ფერის“ მისცემდა „ხადორი-2“ ჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემის საშუალებას მის კუთვნილებაში მყოფი ელექტროგადამცემი ხაზით, წლიური შეღავათიანი ტარიფით 50 ათასი აშშ დოლარი.

კომპანია #4 _ შპს „ყაზბეგიჰესი“ იყო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. შპს „ფერიმ“ პირდაპირი მიყიდვის წესით 2011 წლის აგვისტოში 200 ათას ლარად შეიძინა შპს „ყაზბეგიჰესი“. ეს უკანასკნელი პრივატიზაციის დროისთვის ფლობდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბროლისწყალზე (ხდისწყალი) განთავსებულ მცირე, 0,38 მგვტ სიმძლავრის ჰესს _ „ყაზბეგიჰესს“. კომპანიის ყიდვიდან მოკლე ხანში, 2012 წლის აპრილში, შპს „ფერიმ“ მთლიანად გაასხვისა 100-პროცენტიანი წილი ფიზიკურ პირებზე, კერძოდ, ლაშა იორდანიშვილსა (66 67%) და ლელა იოსელიანზე (33 33%). საინტერესოა, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ლელა იოსელიანის 33 33%-იანი წილის საფასურის გადახდა დაევალა არა თავად ხელშეკრულებით განსაზღვრულ მყიდველს _ ლელა იოსელიანს, არამედ იოსებ მჭედლიშვილს, შპს „ფერის“ თანამფლობელს. ეს უკანასკნელი დათანახმდა ამ ვალდებულების შესრულებას. ასე და ამრიგად, კომპანიამ 2013 წლამდე სამჯერ შეიცვალა დირექტორი: პრივატიზაციიდან, ანუ 2012 წლის 24 აგვისტომდე კომპანიის დირექტორი იყო გიორგი ფიცხელაური, შემდგომ ის ჩაანაცვლა ირაკლი შენგელიამ; ეს უკანასკნელი კი 2013 წლის ივნისში ჩაანაცვლა გიორგი გოგუამ. კომპანიის პრივატიზაციის მთავარ პირობად განისაზღვრა შპს „ყაზბეგიჰესის“ საკუთრებაში არსებული ჰესის სიმძლავრის გაზრდა 2,5 მგვტ-მდე, თუმცა მოგვიანებით ეს პირობა შეიცვალა და კომპანიას დაევალა ახალი, არანაკლებ 5 მგვტ სიმძლავრის „ყაზბეგიჰესის“ მშენებლობა იმავე მდინარეზე.

შპს „ფერისთან“ დაკავშირებული კომპანია Landsvirkjun power -ი ისლანდიური სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც საქართველოში, სავარაუდოდ, 2010 წლიდან მუშაობს. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ 2010 წელს Landsvirkjun power-მა, ისლანდიურ საკონსულტაციო კომპანია Verkis-თან და ქართველ პარტნიორებთან ერთად გაიმარჯვა UNDP/Global Energy Fund-ის პროექტში (Georgia – Promoting the Use of  Renewable Energy resources for Local Energy Supply) გამოცხადებულ ტენდერში. 1 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი ითვალისწინებდა საქართველოში სამი მცირე ჰესის (2,0-6,5 მგვტ) რეაბილიტაციას და წინასაპროექტო კვლევების ჩატარებას. სხვა ოთხი მცირე ჰესის პროექტისთვის 2011 წლის ნოემბერში, კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამი ჰესიდან ერთ-ერთი „ხადორი-2 ჰესი“ იყო. სავარაუდოდ, შპს „ფერისა“ და კომპანია Landsvirkjun power-ს შორის თანამშრომლობა პირველად სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შედგა.Landsvirkjun power -სა და შპს „ფერის“ შორის თანამშრომლობა სხვა პროექტების ფარგლებშიც გაგრძელდა. მაგალითად, 2011 წლის 20 ივლისს შპს „ფერიმ“ საკონსულტაციო კომპანია Verkis-თან და შპს „დარიალიენერეჯისთან“ ერთად დადო ხელშეკრულება 109 მგვტ სიმძლავრის „დარიალიჰესის“ პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, სატენდერო დოკუმენტებისა და საინჟინრო გადაწყვეტის მოსამზადებლად. კომპანია იქვე აღნიშნავს, რომ Landsvirkjun power -მა, თავის მხრივ, ქვეკონტრაქტები დადო ქართულ კომპანიებთან: შპს „ფერისთან“, გეოლოგიური კვლევებისთვის შპს „გეოინჟინიერინგთან“ (Geoengineering) და ტოპოგრაფიული და გეოდეზიური კვლევებისთვის _ შპს „გეოგრაფიკთან“ (Geographic). ზემოთ ჩამოთვლილ ქართულ კომპანიებთან ისლანდიური კომპანიების თანამშრომლობა გაგრძელდა კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში. ეს გახლავთ 20 და 25 მგვტ სიმძლავრის ჰესების მშენებლობის პროექტი მდინარე მაჭახელაზე. Landsvirkjun power -ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, Landsvirkjun power -მა და Verkis -მა ხელშეკრულება დადეს შპს „მაჭახელაჰესი 1“-თან სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებაზე (სატენდერო დოკუმენტების მომზადება, წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და სხვ.)

ისევე როგორც „დარიალიჰესის“ პროექტის შემთხვევაში, კომპანია იქვე აღნიშნავს, რომ ამ პროექტისთვისაც Landsvirkjun power -მა, თავის მხრივ, ქვეკონტრაქტები გააფორმა შპს „ფერისთან“, „გეოინჟინიერინგთან“ (Geoengineering) და შპს „გეოგრაფიკთან“ (Geographic).

სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა“ საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მრავალი სახის სერვისს უზრუნველყოფს, მათ შორის, ერთ-ერთია სხვადასხვა ტიპის პროექტისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევების ჩატარება. სწორედ „გამა კონსალტინგი“ (როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ) სს „დარიალი ენერჯის“ „დარიალისჰესის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ავტორია. „გამა კონსალტინგმა“ ასევე მოამზადა მდ. ბროლისწყალზე (ხდისწყალი) შპს „ყაზბეგიჰესის“ მიერ დაგეგმილი „ყაზბეგიჰესის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გადამუშავებული ვერსია. ესეც მას შემდეგ, რაც კომპანიის მიერ გარემოს დაცვის სამინისტროში პირველად წარდგენილი გზშ ანგარიში დაიწუნეს. დავაკონკრეტებთ, რომ „გამა კონსალტინგსა“ და შპს „ფერის“ შორის თანამშრომლობა შედგა ფოთის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში.

„თბილწყალგეო“ 2000 წლის 20 ივლისის მდგომარეობით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენდა. ორგანიზაციის ამჟამინდელი იურიდიული სტატუსი ნათელი არ არის. „თბილწყალგეომ“ შპს „ენერგიის“ დაკვეთით ჩაატარა გარემოზე ზემოქმედების შეფასება „ლარსიჰესის“ პროექტისთვის. ასევე, ამავე ორგანიზაციამ მოამზადა მდ. ბროლისწყალზე (ხდისწყალი) შპს „ყაზბეგიჰესის“ მიერ დაგეგმილი „ყაზბეგიჰესის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პირველადი ვერსია. ეს ვერსია  გარემოს დაცვის სამინისტრომ დაიწუნა _ არ გასცა ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.

შპს „ენერგო-არაგვი“: მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების უმრავლესობას შპს „ფერისა“ და მასთან წილებით დაკავშირებული კომპანიები ახორციელებენ. ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ 8 მგვტ სიმძლავრის „არაგვიჰესის“ პროექტი მდინარე თეთრ არაგვზე, რომელსაც შპს „ენერგო-არაგვი“ ახორციელებს, თუმცა ამ პროექტშიც შპს „ფერია“ ჩართული. ის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ენერგო-არაგვის“ დაკვეთით ასრულებს.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავდა კომპანიების მიერ პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობების გაკეთებას. საგულისხმოა, რომ ამ არჩევნებისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველ კომპანიებს შორის იყო შპს „ფერიც“. კომპანიამ 2010 წლის 19 თებერვალს მმართველ პოლიტიკურ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიებს უკვე აკრძალული ჰქონდათ შემოწირულობების მიღება კომპანიებისგან. ამასთან, ფიზიკური პირებისთვის პარტიებისთვის შემოწირულობების წლიურ ზედა ზღვარად 60 ათასი ლარი განისაზღვრა. როგორც პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების მონაცემებიდან ირკვევა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებს შორის კვლავ აღმოჩნდნენ შპს „ფერისთან“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ასოცირებული პირები. ესენი არიან: ზურაბ ალავიძე, სს „დარიალი ენერჯის“ დირექტორი _ მან მმართველ პარტიას

2012 წლის 30 ივლისს 35 ათასი ლარი შესწირა; ლაშა იორდანიშვილი, სს „დარიალი ენერჯის“ ყოფილი დირექტორი; შპს „ყაზბეგიჰესის“ თანამფლობელი _ მან მმართველ პარტიას 2012 წლის 10 ივლისს 40 ათასი ლარი შესწირა. ამავე დღეს იოსებ მჭედლიშვილმა (შპს „ფერის“ 96%-იანი წილის მფლობელი) „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შემოწირულობის მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა _ 60 ათასი ლარი შესწირა.

 

კომპანია „ფერისთან“ დაკავშირებული ჰიდროენერგეტიკული პროექტები

„ყაზბეგიჰესი“ მდინარე ბროლისწყალზე (ხიდისწყალი) საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 აგვისტოს #15/08/07 განკარგულებისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან 2011 წლის 16 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ფერიმ“, პირდაპირი მიყიდვის წესით, 200 ათას ლარად შეიძინა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (და ასევე ხელშეკრულებით) განსაზღვრული საპრივატიზებო პირობებით, კომპანია ვალდებული იყო, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან: 1. ერთი თვის ვადაში გადაეხადა საპრივატიზებო თანხა; 2. 24 თვის ვადაში გაეზარდა შპს „ყაზბეგიჰესის“ საკუთრებაში არსებული ჰესის სიმძლავრე 25 მგვტ-მდე და შეეყვანა ის ექსპლუატაციაში; 3. 25 თვის ვადაში შპს „ყაზბეგიჰესის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის გადაეცა მიწის ის ფართობი, რომელიც არ წარმოადგენდა ჰესის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ტერიტორიას. შპს „ყაზბეგი ჰესის“ ყიდვიდან თითქმის რვა თვეში, 2012 წლის 11 აპრილს, შპს „ფერიმ“ მთლიანად გაასხვისა 100-პროცენტიანი წილი ფიზიკურ პირებზე: ლაშა იორდანიშვილსა (66 67%) და ლელა იოსელიანზე (33 33%). წილის გასხვისებიდან, დაახლოებით, თვენახევარში, 2012 წლის 29 მაისს, შპს „ყაზბეგიჰესის“ მესაკუთრეებმა მიმართეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გოჩა მალანიას და მოითხოვეს ხელშეკრულების პირობების ცვლილება. ცვლილების ხასიათსა და აუცილებლობას ისინი სულ ორი წინადადებით, შემდეგნაირად ხსნიდნენ:

„მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიძინეთ შპს „ყაზბეგიჰესი“ და, შესაბამისად, ვიკისრეთ შპს „ფერსა“ და თქვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პირობის შესრულება, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მდინარე ბროლისწყალს, რომელზეც განთავსებულია ყაზბეგის ჰიდროელექტროსადგური, აქვს მეტი ჰიდროპოტენციალი, ვიდრე 2,5 მეგავატი. გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოგმართავთ თხოვნით, შეგვიცვალოთ საპრივატიზებო პირობა ნაცვლად 2,5 მეგავატისა ახალი 5-6 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობით, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ შპს „ყაზბეგიჰესის“ მეშვეობით; ხოლო ყველა სხვა დანარჩენი პირობა დარჩება უცვლელი“.

ორი წინადადება საკმარისი აღმოჩნდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის, რომ ყოველგვარი შემდგომი მსჯელობის, ან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის გარეშე, იმავე დღეს, 2012 წლის 29 მაისს, მიემართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის, ვერა ქობალიასთვის და შეეთავაზებინა პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების ცვლილება შპს „ყაზბეგიჰესის“ მოთხოვნის შესაბამისად. ასე და ამგვარად, 2011 წლის 15 აგვისტოს #15/08/07 განკარგულებაში შევიდა ცვლილება და საპრივატიზებო პირობა შეიცვალა ზუსტად ისე, როგორც ამას შპს „ყაზბეგიჰესის“ მფლობელები მოითხოვდნენ: არსებული, პრივატიზებული ჰესის სიმძლავრის გაზრდის ნაცვლად, კომპანიას მოეთხოვა მდინარე ბროლისწყალზე არანაკლებ 5 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა (ვალდებულების შესრულების ვადის უცვლელად _ 24 თვე).

ცვლილებების პროცესმა კვლავ ყაზბეგში გადაინაცვლა და განკარგულებაში ცვლილების შეტანიდან მეორე დღესვე, 2012 წლის 5 ივნისს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და შპს „ფერის“ შორის 2011 წელს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაშიც ანალოგიური ცვლილება შევიდა. საგულისხმოა, რომ მაშინ, როდესაც მთელი ეს პროცესი შპს „ყაზბეგიჰესის“ მესაკუთრეების მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის მიწერილი ორწინადადებიანი წერილით დაიწყო და მის შინაარსს არ გასცდომია, 2012 წლის 5 ივნისს დადებულ ხელშეკრულებაში (ცვლილებაში), მხარეები, ცვლილების აუცილებლობის დასაბუთებისას, აღნიშნავენ, რომ ისინი პრეზიდენტის განკარგულებით ხელმძღვანელობენ. ამგვარად, ყოველგვარი დასაბუთებისა და შესაძლო დადებითი ან უარყოფითი შედეგების გათვლის გარეშე, შპს „ყაზბეგიჰესის“ მესაკუთრეთა სურვილის დასაკმაყოფილებლად, სხვადასხვა დონის სახელმწიფო სტრუქტურებმა, შეთანხმებულად, სულ რაღაც, ერთ კვირაში, მიიღეს გადაწყვეტილება მდინარე ბროლისწყალზე ახალი, არანაკლებ 5 მგვტ სიმძლავრის ჰესის აშენების შესახებ.

ზემოთ აღწერილი პროცესებიდან, დაახლოებით, ერთ თვეში, 2012 წლის 13 ივლისს, საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ (ესკო) და შპს „ყაზბეგიჰესს“ შორის დაიდო ურთიერთგაგების მემორანდუმი. განისაზღვრა ახალი ჰესის ადგილმდებარეობა (1570-1300 მ ნიშნულები) და მშენებლობის დაწყებისა და დასრულების ვადები (2012 წ., 10 ოქტომბერი _ 2013 წ., 16 აგვისტო). კომპანიას ჰესის მშენებლობისთვის მიეცა, დაახლოებით, 10 თვე, ხოლო მშენებლობის დასაწყებად აუცილებელი ნებართვების მისაღებად მხარეებმა (მთავრობამ და კომპანიამ) სულ სამი თვე გამოყვეს. ამავე დროს, მემორანდუმითვე, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ყველანაირად შეუწყობდა ხელს კომპანიას პროექტის განხორციელებაში, „რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სათანადო ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებასთან“ (მემორანდუმის 3 5 პუნქტი).

ეს იყო დიდი კანონდარღვევა, ვინაიდან ის ინტერესთა კონფლიქტს უქმნიდა როგორც საქართველოს მთავრობას, ისე მის კონტროლს დაქვემდებარებულ იმ ორგანოებს, რომელთა უშუალო კომპეტენციასაც წარმოადგენს ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა. მემორანდუმით ამგვარი პირობების დაწესება სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ გადაწყვეტილება ჰესის მშენებლობაზე უკვე მიღებულია და ლიცენზიებისა და ნებართვების გაუცემლობის შესაძლებლობა არც კი განიხილება!

უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე სამინისტროში (ინფრასტრუქტურა) ნოდარ ჯავახიშვილს ჩაანაცვლებს ზურაბ ალავიძე, რომელიც 2011 წლიდან 2015 წლამდე შპს „ფერის“ დირექტორი იყო, ხოლო მანამდე ეკონომიკის მინისტრ („ნაციონალების“ დროს), პოლოლიკაშვილის მოადგილე.

 

„ქრონიკა+“ სოფო მოსიძეს _ მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის უფროსს დაუკავშირდა:

_ 2013 წელს „მწვანე ალტერნატივამ“ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც შპს „ფერსა“ და მასთან დაკავშირებულ  კომპანიებზეა საუბარი. ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ ზურაბ ალავიძემ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 30 ათასი ლარი შესწირა?

_ როდის?

_ 2012 წელს. გარდა ამისა, შპს „ფერი“ ალავიძის დირექტორობის დროს უშუალოდ დააჯილდოვა სააკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ანუ სახელმწიფო ჯილდოთი, როგორც სფეროში წლის ყველაზე წარმატებული ბიზნესი.

_ იქნებ, გადმომიგზავნოთ ეს ყველაფერი დოკუმენტურად.

_ აუცილებლად. და კიდევ: მთავარი ის კი არ არის, რომ წინა ხელისუფლების დროს დაჯილდოვდა, ანდა, დავუშვათ, „ნაციონალების“ შემომწირველი იყო. მთავარი ის არის, რომ შპს „ფერის“ წესდებაში უწერია საქმიანობის სფეროში გვირაბების გაყვანა, გზების რეაბილიტაცია და ა. შ. ეს რას ნიშნავს, რომ რასაც აკეთებდა და რის კორუფციულ გარიგებაშიც იყო მხილებული სახელმწიფოსთან, იმის მინისტრად მოდის?

_ ყველაფერი გადმომიგზავნეთ და თითოეულ პუნქტზე გიპასუხებთ.

 

 

                                                                                                                       თამარ როსტიაშვილი