თამაზაშვილები VS სონღულაშვილები

tt

ომს ორი მხარე ჰყავს, თამაზაშვილები და სონღულაშვილები…

 

მიზანი ერთია _ ვინ მოიპოვებს გავლენას კახეთზე?!

 

მამათა და შვილთა ბრძოლა განახლებულ ფაზაში შევიდა…

 

კახეთში კი ყველას 90-იანი წლების დასასრული ახსენდება, როგორ მოაშორა კახეთს სონღულაშვილმა თამაზაშვილი…

 

ყველაფერი კი ასე განვითარდა.

 

 

 

ბიძინა სონღულაშვილი

 

„გია არსენიშვილის საქართველოს სახელმწიფო მინისტრად გადაყვანის შემდეგ კახეთის რეგიონს ბიძინა სონღულაშვილი ჩაუდგა სათავეში.

 

დიდი მოვალეობაც დამეკისრა. მგონი, მაქსიმალური მონდომებით ვიმუშავეთ მე და იმ გუნდმა, რომელიც კახეთის ადმინისტრაციაში დამხვდა, მათ შორის, ისეთმა პატრიოტმა ადამიანებმა, როგორიც ცხონებული მედეა მეზვრიშვილი იყო. 4 წლის განმავლობაში ბევრი კარგი საქმეც გავაკეთეთ, მაგრამ როცა მოთხოვნილება და შესაძლებლობა ერთმანეთს სცილდება, ძნელია, ყველაფერს სანიმუშოდ გაართვა თავი. ვთხოვ ჩემს თანამემამულეებს, მომიტევონ, თუ რამე ისე ვერ გავაკეთე, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა, როგორც ყველას გვინდოდა და როგორიც უმდიდრესი და უდიდესი ისტორიის მქონე მხარეს _ კახეთს ეკადრებოდა“.

 

ასე იხსენებს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს სონღულაშვილი თავის მოღვაწეობას, თუმცა იქვე დასძენს, რომ „იმ პერიოდს, რა თქმა უნდა, თავისი დაღი დაასვა პანკისის ხეობაში გართულებულმა მდგომარეობამ“.

 

სონღულაშვილს, რატომღაც, არ ახსენდება მის გუნდში მაშინდელი კახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი თამაზ თამაზაშვილი.

 

რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ სონღულაშვილი გაგუბერნატორების შემდეგ პირველი, რასაც აკეთებს, თანამოაზრეებთან ერთად ცდილობს, თამაზაშვილი კახეთს მოაშოროს და ამით პანკისში თამაზაშვილის გავლენები შეამცროს. მისი ყოფილი თანამშრომლები სწორედ ამ ეპიზოდს ასე იხსენებენ.

 

_ ბიძინამ იცოდა, რომ თამაზაშვილის როლი დიდი იყო, ბოლოს და ბოლოს, მის უკან თარგამაძე იდგა და არც ისე ადვილი იქნებოდა ამ კაცის მოშორება. სიმართლე უნდა ითქვას, ბევრი შრომა, ბევრი რისკი გაწია და მაინც მოაშორა რეგიონს ეს კაცი. თითქოს ამით კახეთმა ერთი დიდი ტვირთი მოიცილა, თუმცა სონღულაშვილმა თამაზაშვილით ერთი დიდი მტერი შეიძინა.

 

_ სამაგიეროდ, თამაზაშვილს დიდი ქონება დარჩა, როგორც ვიცი…

 

_ კი, დარჩა. სონღულაშვილი და თამაზაშვილი იმ დროიდან უკვე მტრები არიან. ქონება ორივეს ჰქონდა და დღესაც აქვს, მაგრამ „ნაციონალების“ მოსვლის შემდეგ ლობირება აღარ ჰქონიათ.

 

_ ამბობენ, რომ სონღულაშვილი პატარკაციშვილის მეგობარი იყო.

 

_ მართალია, ისინი ახლო მეგობრები იყვნენ, ბიძინამ შეძლო მაშინ, ოქროს შუალედი აეღო და არც „ნაციონალებთან“ დაეძაბა ურთიერთობა და არც ვინმეს გასჩხეროდა ყელში. მიზეზი კი ერთი იყო, იგი უნდა გადარჩენილიყო.

 

_ და გადარჩა?

 

_ როგორც ჩანს, გადარჩა.

 

ბიძინა სონღულაშვილის ვაჟის კანდიდატად წარდგენის დროს კვირიკაშვილმა თქვა, რომ სონღულაშვილი თავის გამოცდილებას თითოეული მოქალაქის ინტერესებს მოახმარს. „მე უკვე დავითს ვიცნობ 20 თუ არა, 17 წელია ნამდვილად. ის იყო ყოველთვის და დღესაც არის გამორჩეული, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც განათლება მიიღო როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში. მას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, მათ შორის, კერძო სექტორშიც. დარწმუნებული, ვარ  თავის გამოცდილებას და, რაც მთავარია, უამრავ პოზიტიურ, დადებით თვისებას მოახმარს თითოეული თქვენგანის ინტერესებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში“. შესაბამისად, სონღულაშვილისა და კვირიკაშვილის ნაცნობ-მეგობრობა დიდი ხნის დაწყებულია…

 

_ მასე მე არ მახსოვს, თუმცა შეიძლება…

 

_ ბიძინა სონღულაშვილი კი მიიჩნევს, რომ მართალია, მას უტრიალეს, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს წინა ხელისუფლების დროს. მაგრამ ფაქტია, მასზე არც სისხლის სამართლის საქმე აღძრულა, არც არაფერი წაურთმევიათ, მისი დისშვილი, მაგალითად, გურჯაანის თვითმმართველობაში მუშაობდა, თავად სონღულაშვილების ოჯახი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის ერთ-ერთი შემომწირველი იყო.

 

 

 

რა ქონებას ფლობს ექსგუბერნატორი?

 

კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ბიძინა სონღულაშვილმა, გურჯაანის რაიონში, მდინარე ალაზნისპირას მდებარე 120 ჰა მიწის ნაკვეთი 2016 წელს ინდოელებზე გაასხვისა. არსებული ინფორმაციით, ყოფილ გუბერნატორს ინდოელებმა ერთ ჰა-ში 2600 აშშ დოლარი გადაუხადეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ბიძინა სონღულაშვილმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი კერძო პირებისგან 4-5 წლის წინათ იყიდა და ჰა-ში 800-დან ათას ლარამდე გადაიხადა. სონღულაშვილი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთის გაყიდვა ჯერ არ დასრულებულა და არც ის იცის, რის გაკეთებას გეგმავენ ინდოელები. მისივე თქმით, 120 ჰა მიწის ნაკვეთი მხოლოდ მისი საკუთრება არ არის. ყოფილმა გუბერნატორმა დანარჩენი მესაკუთრეები არ დაასახელა.

 

ბიძინა სონღულაშვილს მდინარე ალაზნის პირას იჯარით აქვს აღებული ასევე 500 ჰა-დე ტერიტორია, სადაც მას ტბები, სამონადირეო მეურნეობა აქვს მოწყობილი და ვენახები და ხეხილის ბაღები აქვს გაშენებული. კახეთის ყოფილი გუბერნატორის საკუთრებაშია გურჯაანის აგრარული და სამრეწველო ბაზრები, სასტუმრო კომპლექსი „რები გურჯაანი“ და ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე შენობა. ყოფილ გუბერნატორს ქონების ნაწილი დასა და დისშვილებზე აქვს გაფორმებული. ასევე, როგორც ცნობილია, სონღულაშვილს მიწები აქვს შირაქში. ამჟამად კომპანია „სონეთკონტრაქტმშენის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჩაბმულია სამშენებლო ბიზნესშიც. ბიძინა სონღულაშვილი კახეთის გუბერნატორად 2002 წელს მუშაობდა.

 

 

 

თამაზ თამაზაშვილი

 

თამაზ ალექსანდრეს ძე თამაზაშვილი 1957 წლის 2 თებერვალს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში დაიბადა. 1974 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს #1 საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოსკოვში გაიარა. ამ პერიოდში გახდა სპორტის ოსტატობის კანდიდატი ძიუდოში.

 

1978-1980 წლებში მუშაობდა მილიციაში უმცროს ოპერრწმუნებულად. 1981 წელს ჩაირიცხა მილიციის აკადემიაში. 1982 წელს პირად და გუნდურ შეჯიბრებაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხუთჭიდში.

 

1985-87 წლებში მუშაობდა თბილისის ყოფილი პირველი მაისის რაიონის მილიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ოპერრწმუნებულად.

 

1990-1994 წლებში მუშაობდა დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსად. 1994-1995 წლებში _ კახეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსად.

 

1995-1996 წლებში იყო ორგანიზებული დანაშაულის, რეკეტისა და ეკონომიკური დივერსიის წინააღმდეგ მებრძოლი დეპარტამენტის კახეთის განყოფილების უფროსი. 1996-2001 წლებში _ კახეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი.

 

2001-2003 წლებში იყო შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

 

2000 წელს მიენიჭა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება. როგორც ბიოგრაფიიდან ჩანს, თამაზაშვილმა კახეთი სწორედ სონღულაშვილის გაგუბერნატორების შემდეგ დატოვა.

 

 

 

თამაზ თამაზაშვილის ქონებრივი დეკლარაცია 1999 წლიდან 2002 წლის აპრილის ჩათვლით: თამაზ თამაზაშვილი 1999 წლის 20 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, როდესაც ის შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა, ფლობდა შემდეგ ქონებას: საკუთარ სახელზე გაფორმებულ ბინას თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობი შეადგენდა 50კვ.მ-ს და შეფასებული იყო 20 000 ლარად (იმ დროისთვის). მეუღლის, მაია პაპიაშვილის საკუთრებაში ირიცხებოდა ბინა თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე, 30 კვ.მ. ფართობის და შეფასებული იყო 10 000 ლარად (იმ დროისთვის). ნაღდი ფულის სახით თამაზაშვილი ფლობდა 700 ლარს, ხოლო მისი მეუღლე _ 300 ლარს. შეძენილ ქონებაში ირიცხებოდა მსუბუქი ავტომობილი „ნივა“, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 8000 ლარს. სამუშაოს შესრულებისთვის თამაზაშვილს 1999 წელს მიღებული ჰქონდა 350 ლარი.

 

2000 წლის 18 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თამაზაშვილი იმავე თანამდებობაზე მუშაობისას ფლობდა: ზუსტად იგივე უძრავ-მოძრავ ქონებასა და სამუშაოს ანაზღაურებაში იღებდა ისევ 350 ლარს, ხოლო ნაღდი ფულის სახით ის წინა წლის მსგავსად, ფლობდა ისევ 700 ლარს, ხოლო მეუღლე _ 300 ლარს.

 

2001 წლის აპრილის მონაცემებით, თამაზაშვილი უკვე ფლობდა 30 000 ლარის ღირებულების 177 კვ.მ. ფართობის ბინას თბილისში კოსტავას ქუჩაზე (71ა), ხოლო მეუღლის საკუთრებაში მყოფი ბინის მისამართი და ფართობი აღნიშნული არ იყო დეკლარაციაში, თუმცა მითითებული იყო, რომ მეუღლის სახელზე არსებული ბინის ღირებულება შეადგენდა 10 000 ლარს. ნაღდი ფულადი თანხა, რომელიც თხუთმეტჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს, თამაზაშვილს ჰქონდა 11 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მის მეუღლეს, _ 500 ლარი. 2001 წლის დეკლარაციაში ნასყიდობის, ან გასხვისებული ქონების გრაფაში თამაზაშვილს მითითებული აქვს გასხვისებული ბინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 148, 50 კვადრატული მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 20 000 ლარს.

 

2001 წელს თამაზაშვილს გაფორმებული აქვს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ღირებულებადაც მითითებულია 2 ათასი ლარი, ხელშეკრულების დადების თარიღად კი მითითებულია 2000 წელი. სამუშაოს შესრულებისთვის ანაზღაურება მიღებული ჰქონდა 1700 ლარი, მის საკუთრებაში ირიცხებოდა 8000 ლარად ღირებული ავტომობილი.

 

2002 წლის მონაცემებით, როცა თამაზაშვილი შს სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, ის ფლობდა: 30 000 ლარის ღირებულების 177 კვ.მ. ფართობის ბინას თბილისში კოსტავას ქუჩაზე (71ა), ხოლო მეუღლის საკუთრებაში მყოფი ბინის მისამართი და ფართობი აღნიშნული არ იყო დეკლარაციაში, თუმცა მითითებული იყო ასევე, რომ მეუღლის სახელზე არსებული ბინის ღირებულება შეადგენდა 10 000 ლარს. ნაღდი ფულადი თანხა, რომელიც თხუთმეტჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს, თამაზაშვილს ჰქონდა წინა წლის მსგავსად. 11 ათასი ლარის ოდენობის, ხოლო მის მეუღლეს, _ 500 ლარის. სამუშაოს ანაზღაურებისთვის კი მიღებული ჰქონდა 1900 ლარი.

 

2002 წლისთვის თამაზაშვილის საკუთრებაში ირიცხებოდა 8000 ლარად შეფასებული ავტომობილი.

 

 

 

ომი დამთავრდა მშვიდობის გეშინოდეს, კახეთო…

 

თამაზაშვილისთვის სონღულაშვილის გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე თოფის გავარდნას ჰგავდა… ყველაფერს წარმოიდგენდა გენერალი იმის გარდა, რომ მისი ცხოვრება ისევ იმ 22 წლის წინანდელს დაემსგავსებოდა. ცნობილია, რომ სონღულაშვილები ამბიციური ადამიანები არიან, რითაც არც თამაზაშვილები ჩამოუვარდებიან; სწორედ ამიტომ იყო, რომ პირველსავე ტურში გამარჯვებული დედოფლისწყაროს კანდიდატის, თამაზაშვილების მიერ ხელდასხმული შიოლაშვილის გამარჯვება ერთგვარი სტიმული გახდა სონღულაშვილებისთვის. ამიტომ საჭიროდ მიიჩნიეს, მეორე ტურში განსაკუთრებული შედეგი დაედოთ და დავით სონღულაშვილმა 80%-იანი უპირატესობით აჯობა ღვინიაშვილს, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავისი მხარდამჭერების რაოდენობით გაუსწრო შიოლაშვილს.

 

სონღულაშვილები უშუალოდ პრემიერის „კლანად“ სახელდებიან, პრემიერს არც სონღულაშვილებთან მისი მრავალწლიანი ურთიერთობები დაუმალავს. შესაბამისად, თამაზაშვილის გავლენა კახეთში, ბუნებრივია, უნდა შემცირდეს, სამაგიეროდ, უნდა გაიზარდოს სონღულაშვილის.

 

როგორც კახეთში ამბობენ, მალე ცხადი გახდება, როგორ გაწევს კვირიკაშვილი სონღულაშვილის ხელით თამაზაშვილებს. ეს კვირიკაშვილის მშვენიერი სვლაა, იპონი რომ მოიპოვოს, ამისთვის თამაშის მოედანზე სწორედ სონღულაშვილების გამოყვანა იყო აუცილებელი, რადგან ბებერმა ხარმა უკეთ იცის, როგორ უნდა აჯობოს მეტოქეს!

 

90-იანებში დაწყებული ბრძოლა კვლავ განახლდა.

 

 

 

                                                                                                                          მაკა მოსიაშვილი