ლელა კაკულია: ,,ბიძინა ივანიშვილს ბევრი თამაში აქვს… დიდ ცვლილებებს ვერ ვხედავ, ხედვაში მიქრება…”

zaa

პროგნოზები, რომელიც ცნობილმა წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ სხვადასხვა დროს „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში გაასაჯაროვა, ერთმანეთის მიყოლებით ახდა. მან იწინასწარმეტყველა „რესპუბლიკური პარტიის“ დაშლა, ირაკლი ალასანიას პოლიტიკური კარიერის დასასრული თავდაცვის მინისტრის პოსტზე, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური მომავალი, ლიდერების დაკავება და შავ ზღვაზე ნატოს გემების შემოსვლაც კი.

დღეს, როცა პოლიტიკური რეალობა, ფაქტობრივად, არაპროგნოზირებადია, „ქრონიკა+“ ისევ ცნობილ წინასწარმეტყველს, ლელა კაკულიას დაუკავშირდა.

_ ქალბატონო ლელა, ერთ-ერთი თქვენი წინასწარმეტყველება ეხებოდა შავ ზღვაში ნატოს გემების შემოსვლას. თქვენ ძალიან დიდი ხნის წინათ იწინასწარმეტყველეთ ის, რაც ნატოს ბლოკმა ახლა განაცხადა, რომ ნატოს გემები შავ ზღვაში უნდა შემოვიდეს. რა პროცესები იწყება საქართველოში?

_ ეს აუცილებლად ასრულდება… საერთოდ, საქართველოს ნატოს ხაზით გასვლაზე 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. იმ პერიოდში, 90-იან წლებში, ეს ძალიან უჩვეულო იყო და აუხდენელ ოცნებას ჰგავდა. მერე მიჰყვა ის, რომ საქართველო ნატოში შედის, მიჰყვა გემების ხედვა შავ ზღვასთან დაკავშირებით. ეს ხედვა იმ წლებში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, იქ სხვა წინასწარმეტყველებები მქონდა, თუ რა ხდება მსოფლიოს გლობალურ პოლიტიკაში, საქართველოში და რას მოიმოქმედებს რუსეთი საქართველოს მიმართ და შავ ზღვაზე ნატოს გემები რომ დავინახე, მაშინ ვიწინასწარმეტყველე. თურქეთი ამერიკას ბოსფორის გასაღებს აძლევს, _ ესეც ვიწინასწარმეტყველე, _ შავ ზღვაში ამერიკული გემები შემოვა. ეს აუცილებლად მოხდება, აუცილებლად, ამას რუსეთი წინ ვერ აღუდგება, გამორიცხულია, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, დღეს ძალიან რთული დამოკიდებულებაა: ევროპასა და ამერიკას შორის, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რუსეთი რა პოლიტიკასაც ატარებს, თვითონ რუსეთისთვისაც ძალიან წამგებიანია. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არასწორად თამაშობს, რომელიც გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს. ამასთანავე, იქ ვთქვი, რომ მას, საბოლო ჯამში, ნიურნბერგის პროცესს მოუწყობენ და ეს ყველაფერი იქით მიდის…

შავ ზღვაზე განლაგებული გემები, ყველაფერი ეს, პირველ რიგში, ჩემი საქართველოს, ჩემი ქართველების დასაცავად არის თითქოს, ასე ვხსნიდი. რა თქმა უნდა, თვითონ მსოფლიო პოლიტიკას სჭირდება და ევროპასაც აუცილებლად სჭირდება შავი ზღვა, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს უფრო მეტად დასჭირდება, ეს არის საქართველოს დიდი, დიდი, დაცვა…

_ ქალბატონო ლელა, როგორ განვითარდება პროცესები რუსეთში?

_ რუსეთში მოვლენები დრამატულად ვითარდება, ეს მე უარყოფითად მაქვს ხედვაში, იმიტომ, რომ მოსკოვს ძალიან უჭირს, ბიზნესმენებს ძალიან უჭირთ, ეკონომიკა მთლიანად ნულს უტოლდება და ყველანაირი ნეგატივია დაგროვილი, რუსეთი ვერაფერს ვეღარ შეცვლის, იმიტომ, რომ ამერიკა ყველაფრისთვის მზად არის და რუსეთს წყნარად ადევნებს თვალყურს, პუტინი კი შეცდომებს შეცდომებზე უშვებს. ფაქტობრივად, თვითონაც არ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს, მაგრამ პუტინზე წინასწარმეტყველებები რასაც გვაძლევს ამასთან დაკავშირებით, ასეთი რამე დავინახე, რომ თვითონ რუსი ხალხი გამოვარდება გარეთ, ძალიან ძლიერი ოპოზიცია ეყოლება პუტინს: „ძირს პუტინი!“ _ ასე სკანდირებს ხალხი. ამას ვხედავ და პუტინის პერიოდი მალე დამთავრდება, თორემ მისი დიდხანს ყოფნა რუსეთს გაანადგურებს. იქაც მოდის ძალიან მოაზროვნე ახალი ძალები და ძლიერი ჯგუფი, რომელიც მერე რუსეთს მართავს. ალბათ, შემდეგ დავინახავ, საქართველოს მიმართ სიკეთე მოაქვს თუ არა, მაგრამ რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს რუსეთში, საქართველოს მიმართ დადებითი პოლიტიკის გატარებას მაინც ვერ ვხედავ, ამიტომ საქართველო რუსეთთან დაკავშირებით ყოველთვის მზად უნდა იყოს. მოკლედ, არაფერი უნდა დავუთმოთ და ამით მოვიგებთ კიდევაც, მით უმეტეს, დღევანდელი პოლიტიკა, რაც ახლა არსებობს მსოფლიოში, საქართველოსთვის დიდი დასაყრდენი ბაზაა.

_ ახლა უკვე საშინაო პოლიტიკაზე მინდა გკითხოთ: „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგო. როგორი იქნება „ოცნების“ კიდევ ეს ოთხი წელიწადი საქართველოსთვის? მიიყვანს თუ არა ამ ვადას ბოლომდე? ექნებათ თუ არა შეცდომები და რა უნდა გაითვალისწინონ? თქვენ რას ურჩევთ მათ ამ ოთხი წლის განმავლობაში?

_ პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ ახალგაზრდების წინ წამოწევასა და პოლიტიკური ხარჯების დათმობას ვურჩევდი აუცილებლად, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს. სხვათა შორის, ძალიან ძლიერი ახალგაზრდები არიან და ისინი არენაზე ნელ-ნელა გამოჩნდებიან. ძველ პოლიტიკოსებზე რა ვთქვა? _ ის, რაც ოთხი წლის განმავლობაში გააკეთეს, იგივეს გაიმეორებენ და ახალს ვერაფერს გააკეთებენ. მით უმეტეს, დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაშია ქაოსი და საქართველო პატარა ქვეყანა ვართ. სულ ვამბობ და კიდევ ვიმეორებ, _ დამოკიდებულები ვართ დიდი ქვეყნების პოლიტიკაზე, თუ როგორ გადაწყვეტენ ისინი საკითხებს. ამიტომ საქართველოს უმართლებს, _ როცა ყველაფერი ირევა, საქართველოში მაშინ ყველაფერი ლაგდება. ამიტომ ახალგაზრდა მეცნიერები, ჩემი პატარა ქართველები, ძლიერი ნაბიჯით შემოდიან პოლიტიკაში, ძალიან ბევრი ძველი პოლიტიკოსი  დატოვებს პოლიტიკურ არენას და ის ცვლილებები, რაც ამ ახალგაზრდებს მოაქვთ, საქართველოს ბევრი უარყოფითისგან დაიცავს. ასე რომ, რაიმე ისეთ ქმედებებს დიდად არ აღვნიშნავ. ვხედავ, ძალიან კარგი პროექტებია, რასაც განახორციელებენ, მაგრამ მე მაინც ისევ ახალგაზრდებზე ვაკეთებ აქცენტს, ისინი პარლამენტშიც და ყველგან სიახლეებს შეიტანენ, ასე რომ, ქართული პოლიტიკაც გადახალისდება და ამ ცვლილებებს ხალხიც მიიღებს.

_ ქალბატონო ლელა, თქვენ ჩემთან ინტერვიუში პოლიტიკოსების მისამართით გზავნილი გქონდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ნუ ეთამაშებითო.  პოლიტიკური ველი ძალიან სწრაფად განთავისუფლდა, რას იტყვით, რა პროცესთან გვაქვს საქმე, ეს იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეთამაშებოდნენ, თუ პოლიტიკური პარტიები ასპარეზიდან ლოგიკურად წავიდნენ? მაგალითად, „რესპუბლიკური პარტია“, რომლის დაშლასაც თქვენ მუდმივად წინასწარმეტყველებდით.

_ იმიტომ ვთქვი, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დღესაც თავის თამაშს თამაშობს და ხვალაც ითამაშებს. ივანიშვილს მათი ნდობა, ფაქტობრივად, არ აქვს და საერთოდ, არც არავის ენდობა… სუფთა პოლიტიკური თამაშია, _ თუკი ხარ კარგი მოთამაშე, წარმოაჩინე შენი თავი. ასე რომ, პოლიტიკოსებს კვლავ ვურჩევდი, _ ივანიშვილს ბევრი თამაში აქვს. ეს მათთვის უკეთესია, მაგრამ „რესპუბლიკელების“ თავიდან აღმოცენებას პოლიტიკაში მე ვერ ვხე-დავ.!!! კიდევ ვიმეორებ: ახალგაზრდა პოლიტიკოსები იკავებენ ადგილს და ახალგაზრდებს მოაქვთ სიახლეები ქართულ პოლიტიკაში. აქედან იწყება საქართველოს პოლიტიკის აღმავლობის პერიოდი.

_ ქ-ნო ლელა, თქვენ ასევე ბრძანეთ, რომ ირაკლი ალასანია თავის პოლიტიკურ კარიერას თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაასრულებდა და ეს იყო ბოლო თანამდებობა, რომელიც მას საქართველოში ეჭირა. როგორ უყურებთ ალასანიას პოლიტიკურ მომავალს, ის როდესმე დაუბრუნდება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას, თუ, უბრალოდ, მას უცხოეთში რაიმე სხვა თანამდებობაზე ხედავთ?

_ ახლა რასაც მე ვხედავ, ის არის, რომ ალასანიამ რაც არ უნდა ქნას, მისი მხრიდან პარტიის დატოვებას, ფაქტობრივად, გამართლებულად მივიჩნევ, იმიტომ, რომ ხალხი მას არ გაჰყვა და არც არავის გაჰყვება. ხალხი, უბრალოდ, გადაიღალა, ხალხს ვერ მოატყუებ, რომელი პოლიტიკაც არ უნდა გაატარონ, ჩემი ქართველი ხალხი შეფასებას მშვენივრად აკეთებს. ასე რომ, ალასანიასა და „რესპუბლიკელებს“ პოლიტიკაში ვერ ვხედავ. კიდევ ვიმეორებ: ახალი, ახალი თაობა ჩაერთვება აქ. ესენი, ჯერჯერობით, პოლიტიკური არენიდან ქრებიან.

_ ქალბატონო ლელა, ძალიან კარგად მახსოვს თქვენი ეს ინტერვიუ, თქვენ ასევე ირაკლი ღარიბაშვილს ურჩიეთ, რომ ის უნდა გადამდგარიყო. ირაკლი ღარიბაშვილს მართლაც მოუწია გადადგომა ამ ჩვენი ინტერვიუდან რამდენიმე თვეში. ხედავთ თუ არა ღარიბაშვილს, მაგალითად, პრეზიდენტის პოსტზე და მობრუნდება თუ არა ის ქართულ პოლიტიკაში?

_ ღარიბაშვილი ქართულ პოლიტიკაში მობრუნდება იმდენად, რამდენადაც მე მაშინ აღვნიშნე, რომ ღარიბაშვილი დროებით გადადგება და ჩემი რჩევაც დროული იყო. ახლა ვურჩევ, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე იფიქროს, ყოველ შემთხვევაში, ხალხსაც უარყოფა არ აქვს, მაგრამ მართალი გითხრათ, პრეზიდენტის პოსტზე მას ვერ ვხედავ!!!

_ როგორი იქნება მარგველაშვილის პოლიტიკური მომავალი? ის შეინარჩუნებს ამ თანამდებობას ერთი ვადით, იმპიჩმენტით მოუწევს წასვლა, თუ ისევე მოუწევს წასვლა, როგორც სხვა პოლიტიკურ ფიგურებს მოუწიათ?

_ როგორც სხვა პოლიტიკური ფიგურები წაბრძანდნენ, ასევე წაბრძანდება მარგველაშვილიც. დიდ აჟიოტაჟს ვერ ვხედავ, უჩუმრად მიდის, თითქოს ქრება.

_ როგორ ხედავთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ლიდერების მომავალს?

_ „ნაციონალები“ უდავოდ ნიჭიერები და ჭკვიანები არიან, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვეს. „ნაციონალებს“ თვითონ ხალხი არ ღებულობს და საკმარისია თქვა, _ „ნაციონალი“, ადამიანებს მაშინვე უარყოფა აქვთ… მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მათ მოახერხეს და პოლიტიკაში დარჩნენ, ქართული პოლიტიკისთვის ასე იყო საჭირო, ისინი იბრძოლებენ, არაფერს დათმობენ, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი ადგილი რომ დაიკავონ, ქართულ პოლიტიკაში, ამას ვერ ვხე-დავ!.. ისევ ვიმეორებ: მოდის ახალი ძალა, მოდიან ახალგაზრდები, მეცნიერები, როგორც 1995 წელს ვიწინასწარმეტყველე.

_ დარწმუნებული ვარ, თქვენი ეგ წინასწარმეტყველებაც აცხადდება, ისევე როგორც ყველაფერი სხვა…

_ ქართულ პოლიტიკაში ახალი ხალხი გამოჩნდება, ახალი სახეები… ძალიან მნიშვნელოვანია ახლა რასაც ვამბობ, იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკას ძალიან გაქაჩავენ, ასე რომ ვთქვათ, და არაფერს არ წავაგებთ, არაფერს…

_ ბაქრაძეზე და ბოკერიაზე რას მეტყვით?

_ დიდ ცვლილებებს ვერ ვხედავ, ხედვაში მიქრება. რაღაც ადგილი რომ დაიჭირონ და დიდ სიმაღლეზე ავიდნენ, ვერ ვხე-დავ!.. არიან, როგორც არიან და მერე არენიდან ქრებიან.

_ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მინდა გკითხოთ, მიხეილ სააკაშვილი დღეს დევნილია საკუთარი ქვეყნიდან, ალბათ, მას საკუთარი პარტიაც გაემიჯნება. სააკაშვილი გადარჩება, როგორც პოლიტიკოსი, იქნება ის უკრაინაში, თუ მას საქართველოში დაბრუნების რაიმე პერსპექტივა აქვს?

_ საერთოდ, საქართველოში მომავალში ყველა დაბრუნდება, მაგრამ დღეს რომ დაბრუნების პერსპექტივა ჰქონდეს, მაგის შანსს მე ვერ ვხედავ. სააკაშვილი კონტაქტშია ამერიკასთან, ამერიკელების პოლიტიკოსების ნაწილი მხარს უჭერს და, სხვათა შორის, ძალიან კარგ ნაბიჯებს დგამს ამერიკასთან მიმართებით და უკრაინაში რჩება, მაგრამ უკრაინაშიც დიდი პოლიტიკური ცვლილებები უნდა იყოს აუცილებლად. იქაც ახალ პრეზიდენტს ვხედავ, ახალი ხალხი მოდის აუცილებლად. რუსეთის პოლიტიკა, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ რამეს ამოაგდებს და ცოტა რთული პროცესებიც იქნება. სააკაშვილს წარმატებული პოლიტიკური მომავალი აქვს. მერე ვნახოთ, რა იქნება, კიდევ რას დავინახავ.

_ გიორგი კვირიკაშვილზე მინდა გკითხოთ: პრემიერი, რომელიც ახლა გამოჩნდა, შედარებით ახალი სახეა. ისიც ისეთივე უსახური ფიგურა დარჩება ქართულ პოლიტიკაში, თუ რაიმე როლს ითამაშებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში?.. უფრო რომ დავაზუსტო, მინდა გკითხოთ, _ ეს ოთხი წელიწადი იქნება ოთხი წელიწადი, „ოცნება“ თავის ვადას დაასრულებს, თუ რაიმე უფრო ბობოქარ ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

_ ცოტა ბობოქარი ცვლილებები იქნება იმიტომ, რომ ხალხი მაინც უკმაყოფილოა, _ ადამიანს ყველაფერი ამ წუთში და ამ დღეს უნდა, მოთმინებისა და ლოდინი თავი აღარ აქვს, ხალხი ძალიან გაწვალდა. რაც შეეხება კვირიკაშვილს, სხვათა შორის, ამ პიროვნებას ძალიან ნორმალურად ვუყურებ და კარგად მიჰყავს ეს ყველაფერი, მე მომწონს. მაგრამ ესენი რომ ყველაფერს გადაასხვაფერებენ და მთებს გადადგამენ, ასე არ ვხედავ. ამ ადამიანის ირგვლივ რა ცვლილებებიც არის, დადებითად ვაფასებ.

_ ქალბატონო ლელა, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება, თუ ის ისევ არაფორმალურ მმართველად დარჩება? მახსოვს, თქვენ მას ურჩიეთ, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის.

_ მაშინ ვურჩიე, თუმცა ეს ნაბიჯი არ გადადგა, მაგრამ ახლა პოლიტიკიდან გასვლა უკვე გვიანია.   ვურჩევდი, რომ არ გავიდეს, ისედაც ბედისწერაში აწერია პოლიტიკაში ყოფნა, ის არ წავა პოლიტიკიდან.

_ არაფორმალური მმართველი იქნება, თუ რაიმე პოსტს დაიჭერს?

_ არავითარ პოსტს არ დაიჭერს, ის რაც იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში, იგივეს აკეთებს მომდევნო ოთხი წლის მანძილზეც.

_ ეს მისთვის წარმატებული იქნება?

_ მისთვის წარმატებული იქნება ის, რომ საქართველოშია და ამ ყველაფერს დირიჟორობს, მისი გადამრჩენი არიან ის ახალგაზრდა მეცნიერები, მათი მოსვლა რომ ვიწინასწარმეტყველე, რომლებიც სრულიად ცვლიან ქართულ პოლიტიკას.

_ ანუ თქვენ მკაფიოდ მიიჩნევთ, რომ ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერებისგან უნდა ჩამოყალიბდეს, სწორედ ის ძალა იქნება, რომელიც საქართველოს მომდევნო ხელისუფლებაში მოვა, ამ ადამიანებს ექნებათ თუ არა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა?

_ ზუსტად ამ ადამიანებს ექნებათ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა ასი პროცენტით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ მწვანე შუქი აუნთოს ახალგაზრდებს, აუცილებლად!.. და ეს ყველაფერი მაქედან მოდის.

_ ანუ ის საკუთარი პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის, ამას მეუბნებით?

_ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არც ერთ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგავს იმ ახალგაზრდებს.

_ და მომავალში უკვე ეს ადამიანები იქნებიან წინა პლანზე?

_ ისინი აუცილებლად წამოიწევიან წინა პლანზე.

_ არის თუ არა მათ შორის ირაკლი კობახიძე, რომელზეც თქვენ თქვით, რომ მას ძალიან გულშემატკივრობთ და თქვენგანაც ენერგიას იღებს?..

_ ირაკლი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა და აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს. სხვა ახალგაზრდებსაც ვხედავ, მარტო ირაკლის კი არა… ასე რომ, მე მომწონს ახალგაზრდების ეს ჯგუფი, ვინც სადავეებს აიღებს ხელში, მართვის სადავეებს…

_ ქალბატონო ლელა, ამერიკის არჩევნებზე მინდა გკითხოთ: რამდენიმე დღეში არჩევნებია, ვის უწინასწარმეტყველებთ ამერიკის პრეზიდენტობას, _ ჰილარი კლინტონს, თუ დონალდ ტრამპს?

_ დონალდ ტრამპი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, მაინც დროებითი იქნებოდა, დიდი-დიდი, რამდენიმე კვირა გაეძლო და ჰილარი კლინტონს ვხედავ იმიტომ, რომ ადრე ვიწინასწარმეტყველე, ამერიკას ქალი პრეზიდენტი ე-ყო-ლე-ბა!..

_ და რას შეცვლის ქალი პრეზიდენტი საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებით? ჩვენი ქვეყნის უფრო აქტიური მხარდამჭერი იქნება?

_ აუცილებლად იქნება, აუცილებლად!.. საქართველო ნატოში შედის, საქართველო ძლიერი სახელმწიფო იქნება… ამაზე რამდენი წელია, ვწინასწარმეტყველებ, ეს აუცილებლად მოხდება და ამერიკა მაინც უნდა გადმოიხაროს საქართველოს მხარეზე, ვინაიდან რუსეთი ევროპას ისეთ სიურპრიზებს უწყობს შავ ზღვაზე, რომ ეს ამერიკამ აუცილებლად უნდა გააკეთოს და კიდევაც გააკეთებს.

_ ანუ მომდევნო ოთხი წელიწადი ცვლილებების, სიახლეების წელიწადი იქნება?..

_ მომდევნო ოთხი წელიწადი ცვლილებები აუცილებლად იქნება, რასაც ახალგაზრდა პოლიტიკოსები გამოიწვევენ. ეს ცვლილებები საქართველოსთვის ძალიან მომგებიანია და ძველი პარტიები აღარ იარსებებს.

_ კიდევ რომელ პარტიას ემუქრება დაშლა, გარდა „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატებისა“?

_ იცით, რა, ზოგიერთი პარტია თავის ნიშას ინარჩუნებს, ძალიან იბრძვის, მაგრამ აი, „პატრიოტთა ალიანსს“ ძალიან გაუჭირდება პარლამენტში, ერთი ეს შემიძლია აღვნიშნო…

_ რატომ გაუჭირდება, რას გულისხმობთ?

_ არის რაღაც დაპირისპირებები „ნაციონალებთან“ და „ოცნებასთან“ მიმართებით, სულ არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამენ და ეს ძალიან დიდ უსიამოვნებებს მოუტანს. აი, დაველოდოთ და ვნახავთ…

_ ძალიან დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე უარს არასდროს გვეუბნებით. ჩვენც რამე ხომ არ გვემუქრება?

_ მე ყოველთვის თვალყურს გადევნებთ და ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამთ. იცით, სად უნდა დაარტყათ და ზუსტად იცით, სად უნდა ჩამოსცილდეთ… არა, არა, დარტყმას და რაღაც მსგავსს ვერ ვხედავ, ღმერთმა დაგიფაროთ… გააგრძელე „В том же духе“…

 

                                                                                                                        ელისო კილაძე