რა დასკვნები უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ზვარეს ინციდენტიდან?

ss

რამდენიმე დღის წინ სოფელ ზვარეში ჩინელ დამსაქმებლებსა და ქართველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ქართველი მუშები დაშავდნენ, რომლებიც ზესტაფონისა და ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო. დაკავებულია ჩინეთის 3 მოქალაქე. რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სამუშაოების განახლებას არ აპირებენ.

გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა კომპანია, უმეტესწილად, არღვევს დასაქმებულთა უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ამ ყველაფერზე არ რეაგირებს. მათივე თქმით, თუ ამ საქმეზე დროული რეაქცია არ იქნება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს: „ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ ექცევიან დასაქმებულებს საქართველოში. ირღვევა ის შრომის კანონმდებლობაც კი, რომელიც არ არის თანხვედრაში აღიარებულ ნორმებთან. ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების რეაგირებას მსგავს ფაქტებზე და სოფელ ზვარეში რაც ვიხილეთ, ეს იყო პიკი. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა პირველი არ ყოფილა და სოლიდარობას ვუცხადებთ იქ მომუშავე ადამიანებს“.

ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე მომუშავე მუშების მხარდასაჭერად თბილისიდან სტუდენტებიც ჩავიდნენ. ისინი გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, ზვარეში ქართველ მუშებს არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა და მათი შრომითი პირობები ხშირად ირღვევა.

 

ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „რკინიგზის ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარე _ ვიტალი გიორგაძე:

_ ზვარეში ეს პროცესი, დაახლოებით, თვენახევრის წინ დაიწყო. დასაქმებული ადამიანები პროფკავშირებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ დაგვიკავშირდნენ და მათი უფლებების დაცვა გვთხოვეს. შესაბამისად, შრომის სამინისტროს მივმართეთ და მათი წარმომადგენლის თანდასწრებით აღნიშნულ ჩინურ კომპანიასთან დავა დავიწყეთ. მთელი თვის განმავლობაში ამ პროცესში ვიმყოფებოდით. რა გახლდათ პრობლემა: უსაფრთხოების ნორმები დარღვეული, შრომითი ურთიერთობები გაუმართავი, კონტრაქტების უქონლობა. არ ჰქონდათ შვებულება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და ა. შ. ისინი ღიად აცხადებდნენ, რომ დამსაქმებლი არაადამიანურად ეპყრობა. ასევე წარსულში მოხდა ინციდენტები, როდესაც დამსაქმებელი სცემდა დასაქმებულებს.

ჩვენ ამ დარღვევებთან დაკავშირებით დაწესებულებაში შრომის ინსპექტორები შევუშვით, _ როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი, პროფკავშირების ინსპექცია. შესაბამისი დასკვნები დაიწერა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, რკინიგზის დეპარტამენტს გადავუგზავნეთ. ასევე ჩინურ კომპანიასაც გადავუგზავნეთ ჩვენი დასკვნები. ამ პროცესებზე ყველას ადეკვატური რეაგირებისკენ მოვუწოდეთ.ძალიან მძიმე მოლაპარაკებები დასრულდა და გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ შეთანხმებიდან მეორე-მესამე დღესვე ზვარეს ობიექტის დამსაქმებელმა ამ შეთანხმებების დარღვევა დაიწყო. ასევე მიმართეს პროვოცირებას იქ დასაქმებული ადამიანების მიმართ. კერძოდ, იყო ცემის მუქარა, ასევე პრობლემები დაიწყო შვებულებების გამოყენებაზე.

ჩვენ ამას მაქსიმალური ჩართულობით ვაგვარებდით და ამ პრეცედენტებით გვინდოდა, რომ პროცესი ნორმალურ კალაპოტში ჩამდგარიყო. გარკვეულწილად, ამას ვახერხებდით. საბოლოოდ, იცით, რაც მოხდა: ჩინელი დამსაქმებელი ქუჩაში სოფლის მცხოვრებთ დახვდა, რომლებიც ტყიდან შეშას ეზიდებოდნენ და აღნიშნული მერქნის დაბრუნება მოსთხოვა. ამ ადამიანებმა არ დაუბრუნეს და ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ყველაფერს იქვე დასაქმებული მუშები შეესწრნენ და სოფლელებს გამოესარჩლნენ. მეორე დღეს, როდესაც ისინი სამსახურში გამოცხადდნენ და ხელმძღვანელობისგან პასუხი მოითხოვეს, თუ რატომ იყო ნაცემი ის ორი ადამიანი, ვინც სოფლის მცხოვრებთ გამოესარჩლა, ამ დასაქმებულებს ალყა შემოარტყეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ყველაფერი იმის ბრალია, რომ საქართველოში შრომის პოლიტიკა, პრაქტიკულად, არ არსებობს. სახელმწიფომ იაფი მუშახელის პოლიტიკა აირჩია, _ მეტი უფლებები ბიზნესს და ა. შ. ამ ფონზე მიმდინარე პროცესები ლოგიკურად გამოიყურება. ჩვენ და სახელმწიფომ რეალურად დავინახეთ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია მექანიზმი, ბერკეტი, როდესაც დამსაქმებელი ურჩად იქცევა, კანონს არ ემორჩილება, არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს, რომ მსგავსი კომპანიები იძულებული გახადოს და კანონის ჩარჩოებში მოაქციოს. ამიტომ, ბუნებრივია, მსგავსი ფაქტები მერეც მოხდება, თუ რეალური რეგულაციები არ დაწესდა და შრომის ნორმალური პოლიტიკია არ შემუშავდა.

დღეს სიტუაცია ძალიან გამწვავებულია. სოფლელები მუშებს სრულ სოლიდარობას უცხადებენ. ასევე არასამთავრობოებმა, სტუდენტებმა თანადგომა დააფიქსირეს. ასე რომ, სოლიდარობის მუხტი სულ უფრო ძალებს იკრებს. მე იმით ვარ შეშფოთებული, რომ რკინიგზის უწყება პასუხისმგებლობას გაურბის, რომ მთავრობის მაღალი ეშელონებიდან ამ საქმეზე არც ერთი კომენტარი არ გაკეთებულა. მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას აწარმოებს, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ საქმის ობიექტურად გამოძიებისთვის და პროცესის მაქსიმალურად დადებითად დასრულებისთვის მნიშვნელოვანია მთავრობის ჩართულობა, რკინიგზის მონაწილეობა და ასევე საზოგადოების თითოული წევრის მაქსიმალური ყურადღება აღნიშნულ საქმეზე. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ამ შეთხვევაში არანაირ ქსენოფობიაზე საუბარი არ არის. ბუნებრივია, იქ დასაქმებულ ადამიანებს უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვთ ჩინელ ერთან და მათ კულტურას დიდ პატივს სცემენ. ოღონდ იქ უშუალოდ დამსაქმებლები კრიმინალები არიან.

ჩვენ რკინიგზას ვაფრთხილებდით და ვეუბნებოდით, რომ ზვარეს ობიექტზე დამსაქმებლები არიან პროვოკატორები, კრიმინალები და მოვითხოვდით, რომ ისინი შეეცვალათ, რადგან ყოველდღე მათი პროვოკაციების მოგერიება გვიწევდა. ბოლოს და ბოლოს, რეალობა მივიღეთ, როცა ხელკეტებით, დანებითა და ნაჯახებით გაუსწორდნენ დასაქმებულებს. რკინიგზამ ჩვენი გაფრთხილება, თავის დროზე, ყურად არ იღო. შეგვპირდა, რომ მათ, სარეთოდ, ჩინეთში გაუშვებდნენ ან სხვაგან გადაიყვანდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ახლაც ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ დამსაქმებელი დაუყოვნებლივ ჩანაცვლდეს და ამ ხალხის იძულებითი მოცდენა აუნაზღაურდეს, ამ ადამიანებს ნორმალურ, უსაფრთხო გარემოში მუშაობის საშუალება მიეცეს.

_ შრომითი პირობების უგულებელყოფა და არაადამიანური მოპყრობა ახსნეთ. ხომ არ დაგვიკონკრეტებთ?

_ ბუნებრივია, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაზეა საუბარი. როგორც აღვნიშნე, იქ არის ცემის მუქარა, ამის აღსრულება და ა. შ.ერთ მაგალითს მოვიყვან: უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს ერთ-ერთ მუშას ცხელი ბეტონი გადაესხა. მან მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. იქ საერთოდ არ არსებობს სამედიცინო ოთახი. განსაკუთრებით სპეციფიკური სამუშაოა, მავნეა ჯანმრთელობისთვის და ყოველ წუთს შეიძლება, რაღაც მოხდეს. მით უმეტეს, აბსოლუტურად ყველა ნორმა დარღვეულია, რაც უამრავი ნიუანსითა და კომპონენტით გამოიხატება. დამსაქმებლები აბსოლუტურად ყველაფერს არღვევენ. იმის ნაცვლად, რომ ზემოხსენებული ადამიანისთვის ამბულატორიული დახმარება გაეწიათ, ნორმალურ პირობებში გადაეყვანათ, წარმოიდგინეთ, ხელმძღვანელი თავზე დაადგა ბლაგვი საგნით და დარტყმა დაუწყო. მოკლედ, ჩვეულებრივი, მონათმფლობელური დამოკიდებულებაა. ისინი კრიმინალები არიან და ასეც იქცევიან, მსგავსი ფაქტები ადრეც ყოფილა და დღესაც გრძელდება. არაადამიანურ დამოკიდებულებაში სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ადამიანს ისე ექცევიან, როგორც პირუტყვს.

_ პრობლემისადმი სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება რით აიხსნება?

_ სახელმწიფო პოლიტიკა ჩანასახშივე არაჯანსაღია. რამდენი ხანია, პროფკავშირები იმაზე ვსაუბრობთ, რომ საჭიროა რეგულაციები, ძლიერი შრომის ქმედითი ინსპექცია და ა. შ. რეალურად, ბიზნესს სახელმწიფოზე ძალიან დიდი გავლენა აქვს, ბიზნესი უფრო და უფრო მეტ უფლებას ითხოვს… და, აი, ამ ჭიდილში მხოლოდ უმნიშვნელო შედეგები გვაქვს.შრომის კოდექსში იმ მცირე ცვლილებებისთვისაც კი (რასაც პროფკავშირებმა ბრძოლის შედეგად 2013 წელს მივაღწიეთ), ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. ამაში მხარში გვედგა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო და ა. შ.ეს მხარდაჭერა რომ არა, ვერაფერს გავაკეთებდით, იმხელა ზეწოლა აქვს ჩვენში ბიზნესს სახელმწიფოზე. ბიზნესი უფრო მეტ უფლებას ითხოვს, სახელმწიფოც აძლევს ამ უფლებას იმ იმედით, რომ საერთო მდგომარეობა გამოსწორდება და ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება. რეალურად კი საპირისპირო სიტუაცია გვაქვს. ადამიანები კიდევ უფრო გაჭირვებულები ხდებიან, ბიზნესი ვიღაცის ჯიბეებში ილექება და დოვლათი სახელმწიფოში არ ბრუნდება. ამიტომ ჩვენს დღევანდელ ბაზარს ბიზნესი არ ჰქვია. ერთი მხრივ, არიან მონები, ადამიანები, რომლებიც მონურ პირობებში არსებობენ და მათ, რეალურად, ცხოვრება არ გააჩნიათ; და მეორე მხრივ, სახეზეა ფაშისტური ბიზნესი, გამომდინარე შედეგებით. ბალანსი აუცილებლად უნდა გამოიძებნოს. ვფიქრობ, საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს ძალა აქვს, ბიზნესი და სახელმწიფოც დაარწმუნოს, რომ საჭიროა გონიერება, ერთმანეთის მოსმენა და გამოსავლის მოძებნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა ძალიან ღრმავდება და ცუდ შედეგებს მივიღებთ.

_ რა ეტაპზეა ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი?

_ სახელმწიფო, ისევ და ისევ, ბიზნესის ზეწოლით შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგებოდა. ამის მიზეზად ასახელებდა, რომ არ არსებობს ბაზისი, _ შრომის ინსპექცია დიდი ხანია, გაუქმებულია, არ გვყავს ინსპექტორები, შესაბამისი სტრუქტურები, ამისთვის საჭიროა დრო და ა. შ.სწორედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძალიან დიდი ხელშეწყობითა და პროფკავშირების მოთხოვნით ამ სამსახურის რაღაც ჩანასახი გაჩნდა. უბრალოდ, ეს სტრუქტურა, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, ფურცელზე ჩანაწერის სახით გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, რა სახითაც დღეს შრომის ინსპექციაა, რეალურად ეს არის სამარცხვინო და ფასადური მოვლენა. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით: თუ დამსაქმებელმა თვითონ არ მიიწვია ეს შრომის ინსპექცია (მოდით, შემამოწმეთო), მას უფლება არ აქვს, რომ იქ შევიდეს. რომ შევა, შეამოწმებს და დასკვნას დაუწერს, ეს დასკვნაც სავალდებულო არ არის და მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათისაა. როცა დასკვნა ოდნავ კრიტიკულია, დამსაქმებელი უკვე აღარ აძლევს უფლებას, თავიდან შევიდეს და შეამოწმოს საწარმოო პროცესი. ამიტომ ეს არის სამარცხვინო სამსახური, რითაც ვერც ევროკავშირსა და ვერც სხვას მოვატყუებთ.

ბუნებრივია, ამით ვერც მშრომელ ადამიანს მოვატყუებთ, რომელიც დღეს ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. ეს სტატისტიკაც ყველაფერზე ღაღადებს, როცა სამუშაო ადგილებზე უამრავი დაღუპული და დასახიჩრებული გვყავს. ბუნებრივია, ამით მათ ოჯახებსაც ვერ მოვატყუებთ. ამ ე. წ. გარდამავალმა ეტაპმა (როგორც ამაზე თვითონ სახელმწიფო საუბრობს) საკუთარი თავი უკვე ამოწურა. ხომ ხედავთ, დამსაქმებელი უკვე ნაჯახით უსწორდება დასაქმებულს! ამიტომ პროფკავშირები არ გავჩერდებით, სრული სიმწვავით ვიმოქმედებთ და შედეგს მაინც მივაღწევთ! არასამთავრობოებთან ერთად სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გავმართეთ. ამ პროცესს გავაგრძელებთ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უკვე ახალი მოწვევის პარლამენტმა ამაზე მუშაობა დაიწყოს და ქვეყანაში რეალურად შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია. დღევანდელი ფასადური ინსტიტუცია კი არავის სჭირდება. ვითხოვთ, რომ მას ჰქონდეს სანქციების გაცემის, დაუკითხავად შესვლის უფლება, რეალური მექანიზმები, რომ ეს სფერო, დამსაქმებლისა და დასაქმებულების შრომითი ურთიერთობები, რეალურად გააკონტროლოს.

 

თავის მხრივ, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი ზვარეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 2 ნოემბერს მოხდა მცირე კონფლიქტი „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. დავის მიზეზი გახლდათ მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ უკანონო მითვისების ფაქტი. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

ყურადღებას ვამახვილებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოჭრილი მერქნული რესურსი ეკუთვნის გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტს და მის შენახვასა და გადაცემაზე პასუხისმგებელია ჩინური მხარე. მომდევნო დღეს მოხდა კონფლიქტის ესკალაცია, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სამწუხაროდ, ორივე მხრიდან არიან დაზარალებულები.

მასობრივი მედიის საშუალებებით ვრცელდება მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია, თითქოს ჩინელმა მუშებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კიდევ ერთელ ვაფიქსირებთ, რომ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება როგორც ქართველ, ისე ჩინელ თანამშრომლებს. კონფლიქტის ინიცირების შესახებ არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცველი ორგანოები სათანადოდ და დროულად აიღებენ ყველა მონაწილე პირისგან ჩვენებებს და მიუკერძოებლად ჩაატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს.

სანამ არ დადგინდება საქმეზე ჭეშმარიტება, კატეგორიულად მოვითხოვთ, განთავისუფლდნენ დაკავებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები. აღნიშნულ ფაქტზე ეცნობა ჩინეთის საელჩოს. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება ჩატარდება გამჭვირვალედ და სამართლიანად და ზემოხსენებული ინციდენტი არ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობებზე“.

 

                                                                                                               გელა მამულაშვილი