საბავშვო ბაღის დირექტორები კარვების გაშლას აპირებენ!

4

გადასახადის გაუქმების შემდეგ ბაგა-ბაღებში ბავშვის ჩარიცხვა, თავისი სირთულით, აბიტურიენტის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას გაუთანაბრდა. წინა ხელისუფლების დროს დახურვას და გაყიდვას გადარჩენილი ბაღების რესურსი გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა და შარშანდელის მსგავსად, საბავშვო ბაღის მიღმა წელსაც უამრავი ბავშვი დარჩა.

როგორც ცნობილია, ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 1-ლ ივლისს დაიწყო: 1-ლიდან 5 ივლისამდე დარეგისტრირება შეეძლოთ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს; 5-დან 10 ივლისამდე რეგისტრაცია გაიარეს ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილებმა; ყველა დანარჩენისთვის კი რეგისტრაცია 10 ივლისიდან გამოცხადდა. 10 ივლისის დილას „ყველა დანარჩენმა“ აღმოაჩინა, რომ საიტი, რომლითაც რეგისტრაცია ხდებოდა, გათიშული იყო. აღშფოთებული მშობლების ნაწილი ვითარებაში გასარკვევად ბაგა-ბაღების სააგენტოსკენ გაემართა. სააგენტომ რეგისტრაციის შეფერხების მიზეზად დარეგისტრირების მსურველთა დიდი რაოდენობა დაასახელა და მშობლებს ბავშვების დარეგისტრირება ადგილზე შესთავაზა. რამდენიმე საათის შემდეგ ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა ჩაირთო, თუმცა ამ დროისთვის ბაღებში  თავისუფალი ადგილები აღარ არსებობდა. ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი „ქრონიკა+“-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ურჩევნია, 50 ლარი გადაიხადოს და ბავშვი საბავშვო ბაღში ჰყავდეს, ვიდრე საერთოდ ბაღის გარეშე დარჩეს.

მარინა თავაძე: „ – იმდენად შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებული ვარ, რომ აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე და ვის მივმართო?! რატომ მიხაროდა ბაღებში გადასახადის გაუქმება, თუკი ჩემი შვილი ამ სიკეთით ვერასოდეს ისარგებლებდა? მუნიციპალური ბაგა-ბაღები, ფაქტობრივად, მხოლოდ სოციალურად დაუცველთა შვილებისთვის არსებობს და ჩვენ სად წავიყვანოთ ბავშვები, გაუგებარია?! ნამდვილად მერჩივნა, 50 ლარი გადამეხადა და ბავშვი გარანტირებულად მყოლოდა ბაღში, ვიდრე, უფასო ბაღის პირობებში, საერთოდ ქუჩაში დამრჩენოდა. სახლში ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავს და სამსახური რომ არ დავკარგო, იძულებული ვარ, 50 ლარზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი გადავიხადო და ბავშვი კერძო ბაღში შევიყვანო. ხელისუფლებას ჯერ დახურული ბაღების აღდგენაზე და ახალი ბაღების მშენებლობაზე უნდა ეფიქრა და გადასახადი მერე გაეუქმებინა, თორემ ახლა კარგის ნაცვლად, ცუდი გამოუვიდა.“

ნაძალადევის რაიონში მდებარე #9 ბაგა-ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ მის ბაღში ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან უმოკლეს დროში შეივსო. მანანა ჭილაიას თქმით, სოციალურად დაუცველების დარეგისტრირების შემდეგ, დანარჩენი კატეგორიის ბავშვებისთვის მხოლოდ რამდენიმე ადგილი დარჩა.

მანანა ჭილაია:  _ ამ დღეებში რეგისტრაცია დაახლოებით 30-მდე ბავშვმა გაიარა. პირველი ნაკადი სოციალურად დაუცველების იყო, ამის შემდეგ რამდენიმე ადგილი დარჩა, მაგრამ წამიერად შეივსო. ჩვენი ბაღის უკან არის ნევროლოგიის ინსტიტუტი, კარდიოლოგიის ინსტიტუტი, ყოფილი მერვე საავადმყოფო, ანუ მიწისძვრით დაზარალებულთა და დევნილთა დასახლების ადგილები. ამ ადამიანებმა ჩვენი ბაღი უნდა გაიარონ და სხვა ბაღში წავიდნენ, მაგრამ მე ვერაფრით ვეხმარები და ვერც ვამტკიცებ, რომ ჩემზე არაფერია დამოკიდებული და მე არაფერ შუაში ვარ. არ ვიცი, ჩვენს ბაღში ეს რამდენად გამოვა, მაგრამ ერთადერთი გამოსავალია, რომ შეიკრიბოს ბაღის სათათბირო ორგანო, სადაც შედიან როგორც მშობლები, ასევე თანამშრომლები. უნდა ვკითხოთ მშობლებს, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ თითოეულ ჯგუფში 40 ბავშვზე მეტი იყოს? შეიძლება, გამოსაშვებ ჯგუფში ორი-სამი ადგილი დავამატოთ, მაგრამ ქვეყანა რომ დაიქცეს, 2010-წლიანებში ერთ ადგილსაც ვერ დავამატებ იმიტომ, რომ უკვე 40 ბავშვი გვყავს. ვერც ბაგაში დავამატებ, იმიტომ, რომ 25 ბავშვზე მეტის ერთად დაძინება შეუძლებელია და მე ვის ვუთხრა, თქვენს შვილს ვერ დავაძინებ და სხვის შვილს დავაძინებ-მეთქი? ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სათათბირო ორგანო? ჩემი თანამშრომლები მზად არიან, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებითი ანაზღაურების გარეშე დაიტვირთონ, რადგან 35 ბავშვზეც და 45 ბავშვზეც ანაზღაურება ერთი და იგივეა. კარგი იყო, რომ თავის დროზე ამდენი ბაღი არ დახურულიყო, მაგრამ რა გაეწყობა? ახლა სიტუაციის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ…“

ბაღებში მიმდინარე რეგისტრაციის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია „იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლებების დაცვა – ანტიკორუფციული კავშირი“ აკვირდებოდა.

„ქრონიკა+“-მა კომენტარი სთხოვა გიორგი ბურჯანაძეს:  „ –  მოგეხსენებათ, რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულებისა და ბაღებში სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების ჩარიცხვის შემდეგ, ფაქტობრივად, ადგილები აღარ დარჩა. ჩემი ახლობლის შვილის დარეგისტრირებას ოთხი კომპიუტერიდან ერთდროულად ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ერთ-ერთი ბაღის გამგემ, რომლის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ, მითხრა, – ჯგუფები გადავსებული მაქვს და ვეღარავის ვარეგისტრირებ, უბანში გამოსვლა მეშინია, რომ ბაღის მიღმა დარჩენილი ბავშვის მშობელმა არ მცემოსო. სხვა გზა აღარ მაქვს, ბაღის ეზოში კარავი უნდა გავშალო და რეგისტრაციაგაუვლელი ბავშვები იქ შევიყვანოო. საქმე ის გახლავთ, რომ წინასწარ არავინ იყო ინფორმირებული, რეგისტრაცია ამ პრინციპით თუ გაიმართებოდა. სააგენტო ვალდებული გახლდათ, მოსახლეობა გაეფრთხილებინა: პირველ რიგში იმ კატეგორიაზე იქნებოდა ჩარიცხვა და დანარჩენს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა. ფაქტობრივად, მუნიციპალური ბაგა-ბაღები მხოლოდ სოციალურად დაუცველი ფენისთვის გახდა ხელმისაწვდომი და ეს სერიოზული პრობლემაა.

– ელექტრონული რეგისტრაცია არა მარტო ბაღებისთვის, სკოლებისთვისაც სერიოზულ პრობლემად იქცა. პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოახერხეს იმავე მიკრორაიონში მცხოვრებმა ოჯახებმა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩარიცხულთაგან ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა და ამ სკოლაში დედმამიშვილი ჰყავს.

– როცა ადამიანი შვილის დარეგისტრირებას სახლთან მდებარე სკოლაში, საბავშვო ბაღში ვერ ახერხებს და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მიჰყავს, ეს სერიოზული პრობლემაა. დროს რომ თავი დავანებოთ, მგზავრობა ხომ ფული ღირს? რაც შეეხება პირველ ექსპერიმენტულს, წინა დირექტორის დროსაც ეს პრობლემები იყო და როგორც ჩანს, მდგომარეობა არც ახლა გამოსწორებულა. ვაპირებ, რომ ყველა შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით, წლევანდელი ელექტრონული რეგისტრაციის შედეგები გადავამოწმო და აღწერა ჩავატარო. დარწმუნებული ვარ, უამრავ ბავშვს აღმოვაჩენ, რომლებიც პირველ ექსპერიმენტულში თუ საბურთალოზე მდებარე სხვა სკოლებსა და ბაღებში ვარკეთილიდან, გლდანიდან და აღსტაფიდან დადიან. ამ დროს იქვე მცხოვრები ბავშვები იძულებული არიან, სამი და ოთხი გაჩერებით დაშორებულ სკოლაში იარონ. ჩავატარებთ შემოწმებას და ვნახავთ, მართლა სწავლობენ თუ არა იმ ბავშვების დედმამიშვილები სკოლასა თუ ბაღში, სადაც რეგისტრაცია გაიარეს? ჯერ ერთი, გაუგებარია, როგორ ხდება სელექცია? რეგისტრაციის გავლისას ბავშვს შუბლზე აწერია, რომ სოციალურად დაუცველია? იქნებ, მშობელი იტყუება? ზოგი დედმამიშვილი სხვადასხვა გვარისაა და როგორ უნდა გაარკვიო, ნამდვილად დედმამიშვილია თუ არა? მოკლედ, ამ სისტემას უამრავი ხარვეზი აქვს და ამის გამართულად ამუშავება თუ არ შეუძლიათ, საერთოდ უნდა გააუქმონ და ბავშვები ადგილზე დაარეგისტრირონ, როგორც ადრე.

– გავიგე, რომ გამოცდილი პროგრამისტების დახმარებით ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში შესვლა სრულიად მარტივად არის შესაძლებელი. ასეთი შემთხვევების შესახებ თუ გსმენიათ?

– ასეთი შემთხვევების შესახებ მეც მსმენია და ვფიქრობ, რომ ამ ელექტრონული რეგისტრაციებით ბაგა-ბაღების სააგენტომ მხოლოდ ჰაკერებისა და პროგრამისტების საქმე გააკეთა. ამათ „შეუღწევად“ საიტზე პროგრამისტის შესვლა და ბავშვის დარეგისტრირება შარშან 50 დოლარი ღირდა. წელს არ ვიცი, რა ღირდა, მაგრამ რამდენიმე ადამიანისგან გავიგე, რომ პროგრამისტები და ჰაკერები „გაკეთდნენ“, რადგან ბავშვის უპრობლემოდ დარეგისტრირება მხოლოდ მათი დახმარებით არის შესაძლებელი. არ ვიცი, რას უყურებენ ბაგა-ბაღების სააგენტოში და რაზე ფიქრობენ, მაგრამ ასე გაგრძელება შეუძლებელია!“

„ქრონიკა+“ ასევე ესაუბრა ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს – რამაზ სულამანიძეს: „ – უკვე გამოცხადებულია ტენდერი სამი ახალი ბაღის მშენებლობაზე და უახლოეს ხანებში სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება. სავარაუდოდ, მომავალ წელს ქალაქს, მინიმუმ, სამი ახალი ბაღი შეემატება, უახლოესი ორი წლის განმავლობაში კი ცხრა ახალი ბაღი გაიხსნება. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას. სექტემბრიდან ბაღის ყველა აღსაზრდელზე გამოიყოფა ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღში. ეს კარგი სტიმული იქნება კერძო სექტორისთვის, რომელიც მუნიციპალური ბაღების უფასო სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, ფაქტობრივად, მილევად რეჟიმში მუშაობს. ვაუჩერების შემოღება კერძო ბაღებს დახურვისგან გადაარჩენს და ბაღის გარეშე დარჩენილ ბავშვებსაც კერძო ბაღებისკენ გადაამისამართებს. საბოლოოდ, ყველა მხარე მოგებული დარჩება.’’

მოასწრებს თუ არა ბაგა-ბაღების სააგენტო სექტემბრამდე ბაღის აღსაზრდელების ვაუჩერებით უზრუნველყოფას, დრო გვიჩვენებს, იმ ბავშვებისთვის კი, რომლებმაც მუნიციპალურ ბაღებში დარეგისტრირება მოახერხეს, სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.

ნელი თორდია