ვალერი გელაშვილი: „ჯერ მილიონ ნახევარ დოლარს მთხოვდა სიმონ ნოზაძის პირით, შემდეგ სამასი ათას დოლარზე ჩამოვიდა“

mm

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს უშიშროების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა „მრეწველების“ პარტიიდან ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს მოუგო „ქართული ოცნებიდან“. ხაშურის 43-ე მაჟორიტარული ოლქი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც „ქართული ოცნების“ 50 გამარჯვებული ოლქიდან   წააგო. თან _ „მრეწველებთან“, რომელიც საარჩევნო თემაში, „ისე რა“ იყო.

„ჯერ მილიონ ნახევარ დოლარს მთხოვდა სიმონ ნოზაძის პირით, შემდეგ სამასი ათას დოლარზე ჩამოვიდა“, _ ამბობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვალერი გელაშვილი თავის უკვე ყოფილ კონკურენტზე და „ქრონიკა+“-თან წარმოუდგენელ ამბებს ჰყვება:

_ 1990-იანი წლების ბოლოს საქართველოში გადმოვედი და რაც ვიცოდი, იმას მივყავი ხელი _ ბიზნესს. ჩემი პოლიტიკური კარიერაც იმ დროიდან იწყება. როდესაც პირველ ეკლესიას ვაშენებდი, დეპუტატობაზე არც მიფიქრია. გაგეცინებათ, მაგრამ ქართულ ენაზე მზითვის წიგნები დავაბეჭდინე ლიტვაში. 5000 ცალი ჩემთვის დავიტოვე და დანარჩენი გოგონებს დავურიგე ხაშურის რაიონში. წიგნში ოჯახურ თემებზე იყო, ძირითადად, საუბარი.

_ ეს თქვენს ბიზნესს უკავშირდებოდა?

_ არანაირად! უფრო ტრადიციულ და ოჯახურ ფასეულობებს ეხებოდა. მოკლედ, საქართველოს მაშინდელი უშიშროების მინისტრი იყო ვახტანგ  ქუთათელაძე, სიმონ ნოზაძე კი _ მისი მოადგილე. ნოზაძე ხშირად მოდიოდა ჩემთან ოფისში, აღმაშენებლზე მქონდა მაშინ. ორივენი ხაშურლები ვიყავით და ერთმანეთს კარგად ვიცნობდით. მოკლედ, იყო ასეთი საქმე ჩემი ბიზნეს-საქმიანობიდან გამომდინარე _ ტვირთი უნდა გადამეტანა რუსეთში. ცხადია, ყველაფერი ოფიციალურ დონეზე შევათანხმე უშიშროებასთან. მანამდე ნოზაძეს არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ სამინისტროსთან ძველებური ურთიერთობა გვექნებოდა და კვლავ დავეხმარებოდით მას.

_ დააკონკრეტეთ, თუ შეიძლება, უშიშროების სამინისტროს თქვენი დახმარება რისთვის სჭირდებოდა?

_ შოთა კვირაიას უშიშროების მინისტრობის დროს მის უწყებას ჩემი თანხებით რაღაც-რაღაცები ვუყიდე.

_ მაინც, რა?

_ არ დაგიმალავთ, ზუსტად არ მახსოვს. სიმონ ნოზაძესთანაც ანალოგიური საუბრები მქონდა და ნოზაძე ამაზე დამთანხმდა. ამის შემდეგ ვილნიუსში წავედი და უცებ შემოტევები დაიწყო ჩემს ბიზნესზე. მათ დაიწყეს. დაგიკონკრეტებთ: ვახტანგ ქუთათელაძე ნოზაძის პირით მითვლიდა, მილიონ ნახევარი დოლარი მომიტანეო. გავბრაზდი და მეც შევუთვალე, _ არაფრის მომტანი არ ვარ! თუ რამეს ვიშოვი, ჩემი ნებით, თავად დაგეხმარებით-მეთქი! ივაჭრეს და ორი კვირის შემდეგ სამასი ათას დოლარზე ჩამოვიდნენ. ამჯერად ამ თანხას მთხოვდნენ. მე კვლავ დავაბარე, _ 20 დოლარსაც არ გამოგიგზავნით-მეთქი.

_ ანუ ჯერ მილიონ ნახევარს, შემდეგ კი 300 ათას დოლარს უშიშროების მინისტრი გთხოვდათ სიმონ ნოზაძის სახელით?

_ დიახ. გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, იგივე წელია და 21 თებერვალს სიმონ ნოზაძემ თვითონ შემიყვანა კაბინეტში ვახტანგ ქუთათელაძესთან. გაბრაზებული დამხვდა მინისტრი, _ შენმა ხალხმა ფეხებზე დამიკიდა. ორჯერ შევუთვალე, ფული მოეტანათო! _ მეუბნება მინისტრი კაცი. _ რატომ უნდა მოეტანათ, დავაშავე რამე-მეთქი? დაიწყო რაღაცების ახსნა. ბოლოს ვუთხარი, _ თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, აგერ საწყობი და აგერ ტვირთი, რაც გინდათ, ის ქენით-მეთქი და გამოვიჯახუნე კარი.

_ ბატონო ვალერი, ახლა თქვენ იცით, რას მეუბნებით? რომ სიმონ ნოზაძე ვახტანგ ქუთათელაძესთან ერთად ფულს „გაწერდათ“?

_ დიახ, ასე იყო და ორივე ერთად „მაწერდა“ ფულს. ხომ არ ვმალავ, ღიად ვამბობ! ნოზაძემ მიმიყვანა მასთან, იქნებ, მოელაპარაკო ქუთათელაძესო. ამ შეხვედრიდან რომ არაფერი გამოუვიდათ, ადგნენ და მთელი სასაწყობო ტერმინალი დამიყადაღეს. ზუსტად მილიონ ნახევარი დოლარის საქონელი მქონდა იქ. ეგონათ, ამის გამო მაინც წავიდოდი მოლაპარაკებებზე, მაგრამ არ წავედი.

_ კარგით, რა ხდება ამის შემდეგ?

_ 1999 წელია, ზაფხულის დასაწყისი, როცა ერთმა მეგობარმა დამირეკა და გამაფრთხილა, _ ინფორმაცია მაქვს, შეიძლება, შენ ან შენი ოჯახის რომელიმე წევრი გაგიტაცონ და ფრთხილად იყავიო. მაშინვე ჩემს ძმას დავურეკე. იარაღი ჰქონდა ახალი ნაყიდი და ვუთხარი, _ სახლში მიდი, იარაღი აიღე, კარი დაკეტე, სანამ თბილისიდან ჩამოვალ-მეთქი. არ გასულა ცოტა ხანი და ჩემმა ძმამ დამირეკა, რომ მამაჩემის ძმა, ამირან გელაშვილი გაიტაცეს. ეს კი ასე მომხდარა: ჩემს ძმას ბიძაჩემი თავის მანქანაში ჩაუსვამს, თავად აფთიაქში გადასულა წამლის საყიდლად და სანამ უკან დაბრუნდებოდა, დაქირავებული ოსები ჩამსხდარან ჩემი ძმის მანქანაში და ბიძაჩემი ჯიპიანად გაუტაციათ. მოვიდა  პოლიცია, პროკურატურა! შედეგი _ ნული. მე ცხინვალში ბიჭებს ვიცნობდი და იმათ ვთხოვე, გადაეკეტათ ცხინვალის გზები ვლადიკავკაზში, რომ დატყვევებული ადამიანი არ გადაეყვანათ. იმ დროს ტყვეები ჩეჩნეთში გადაჰყავდათ და იქ ყიდდნენ. მაინც ვერაფერს გავხდი. ბიძაჩემი, 60 წლის კაცი, ცხინვალში 4 თვე ჰყავდათ ტყვედ. 4 თვის შემდეგ გამოუშვეს და მალევე გარდაიცვალა. მახსოვს, გვიყვებოდა, რომ  ტყვეობაში მას ვიღაც ნარკომანი უვლიდა.

_ რა გინდათ ამ ყველაფრით თქვათ?

_ ის, რომ მისი გამტაცებლები იყვნენ უშიშროების მაშინდელი ხელმძღვანელობა, მათი შიკრიკები და მათი მოწყობილი იყო ეს ყველაფერი. ბიძაჩემის გატაცებიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ ახლა ჩემი ბიძაშვილი დაიჭირა შსს-მ.

_ გატაცებულის შვილი?

_ არა, მეორე ბიძის შვილი. დააბრალეს, ვითომ საქართველოში ეზიდებოდა სპირტს. ისე ვიყავი გამწარებული, სად წავსულიყავი, აღარ ვიცოდი. არჩევნები მოდიოდა და ვიფიქრე, ეს ხალხი რომ მივატოვო და ქვეყნიდან წავიდე, ალბათ, მთელ ჩემს სანათესავოს დაიჭერენ, მათ ვერ მივატოვებ-მეთქი. მაშინ გადავწყვიტე, რომ პარლამენტში შევსულიყავი და იქიდან მებრძოლა ჩემი უფლებებისთვის. იმ წელს იყო, დამოუკიდებელ კანდიდატად რომ ვიყარე კენჭი. სიმონ ნოზაძე თავისი სპეცსამსახურებით ჩამოვიდა ხაშურში, მე რომ არ გავსულიყავი დეპუტატად, მაგრამ მაშინ ხაშურლებმა ძალიან დამიჭირეს მხარი და მან ვეღარაფერი გააწყო. არჩევნებში გავიმარჯვე და პარლამენტში მოვხვდი. ზუსტად არჩევნების დღეს გამოუშვეს ტყვეობიდან ბიძაჩემი და სახლშიც მომიყვანეს. მანამდე კი ფულს ითხოვდნენ, მაგრამ არ გადავიხადე. 18 კილო ჰქონდა საწყალ კაცს ტყვეობაში დაკლებული.

_ გამტაცებლები დაიჭირეს?

_ თავის თავს ხომ არ დაიჭერდნენ? შემკვეთები და შემსრულებლები ერთნი იყვნენ. პარლამენტში პირველი განცხადება ქუთათელაძის წინააღმდეგ გავაკეთე, რომ ჩვენ გვყავდა უშიშროების მინისტრი, რომელიც ღიად ითხოვდა ბიზნესმენებისგან ფულს. ჟვანიამ მაშინვე გამითიშა მიკროფონი, _ ტრიბუნას პირადი დაპირისპირებისთვის ნუ იყენებო. არ გავჩუმდი და სათქმელი მაინც ვთქვი. ჟვანიას ვუპასუხე, _ უშიშროების მინისტრის მიერ ფულის გამოძალვის მცდელობა პირადული როგორ არის? ლაპარაკობთ აბრეშუმის გზაზე, წინსვლაზე, თქვენი მინისტრი კი ბიზნესმენს იბარებს და ფულს სთხოვს კაბინეტში-მეთქი. მერე უკვე მიხეილ სააკაშვილთანაც შევედი და ვთხოვე, უკანონოდ დაპატიმრებული ბიძაშვილის დახსნაში დამხმარებოდა. იცით, რა მიპასუხა სააკაშვილმა? _ შენ ნუგზარ შევარდნაძესთან ხარ დაპირისპირებული, მას უნდოდა სპირტის ბიზნესის ხელში ჩაგდება და ჩვენ ამ საქმეში ვერ ჩავერევითო. ბოლოს მაინც გამოუშვეს ჩემი ბიძაშვილი. ის ცხრა თვე იჯდა ციხეში უკანონოდ. ქუთათელაძის ბრძანებით ჩემს ტვირთს კონფისკაცია გაუკეთეს. მილიონ ნახევარი დოლარის საქონელი 800 000 დოლარში გაყიდეს და ბიუჯეტში იმის ნახევარიც არ შეიტანეს, რაც უნდა შეეტანათ.

_ ე. ი. ფული მაინც შეგაწერეს?

_ ეგრეა. სასამართლოში სარჩელი შევიტანე, რომ ტვირთი არაკანონიერად იყო წაღებული, მაგრამ მაინც ვერაფერი გავაწყვე. 2001 წელს ვახტანგ ქუთათელაძე მინისტრის პოსტზე შეცვალეს და 2003 წელს უკვე სიმონ ნოზაძემ იყარა კენჭი „მოქალაქეთა კავშირიდან“ საპარლამენტო არჩევნებში. მე „მრეწველებიდან“ ვიყარე კენჭი.

_ ანუ ყველაფერი პირიქით _ ის იყო  მმართველ პარტიაში და თქვენ „მრეწველებში“, სადაც დღეს, 2016 წელს, სიმონ ნოზაძეა?

_ დიახ, ასეა, მაგრამ 2003 წელს ნოზაძეს არჩევნების მეორე ტურში მოვუგე. ნოზაძეს ისე ჰქონდა დალაგებული საქმე, რომ უნდა წაეგო, მაგრამ, ეტყობა, ხალხმა უღალატა და 216 ხმით მოვუგე.

_ უცნაურია, რომ ამ ყველაფერზე ახლა ალაპარაკდით…

_ არასოდეს მდომებია დაპირისპირება. არ ვაპატიებ ქუთათელაძესა და ნოზაძეს ჩემი ოჯახის გამწარებას. ერთხელ ქუთათელაძეს რესტორანში შევხვდი. ვახტანგ ქუთათელაძე ნოზაძის საშუალებით ისევ აპირებს თამაშში შემოსვლას, ნოზაძის უკან კი მისი საძმაკაცო დგას. ზოგი მათგანი ისევ სპეცსამსახურში მუშაობს. ცხადია, ყველა სიმონ ნოზაძეს ედგა გვერდით და არჩევნებში ეხმარებოდა, რათა პარლამენტში შეიყვანონ. მინდა, მათ გასაგონად ვთქვა: ბრძოლა არ დამიმთავრებია და ახლაც, მანდატით ვიქნები თუ უმანდატოდ, ყველაფერზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

 

„ქრონიკა+“ ხაშურის დეპუტატს „მრეწველებიდან“, სიმონ ნოზაძეს დაუკავშირდა:

_ ჩემთვის ეგ ახალი არ არის, იმიტომ რომ პირადად მისგანაც გამიგია. მოგიყვებით, როგორც იყო: გარდაცვლილი ნათესავის თხოვნით მე შევახვედრე ვალერი ვახტანგ ქუთათელაძეს. და საერთოდ, როგორც ხაშურელი, რომელიც ყველა ხაშურელს ეხმარება, დავეხმარე მაგასაც და შევახვედრე. რაც შეეხება იმას, რომ მინისტრი მას მილიონ ნახევარ დოლარს სძალავდა და შემდეგ სამასი ათას დოლარზე ჩამოვიდა, მერე ბიძა ჰყავდათ გატაცებული და სიმონ ნოზაძემ გამოსტაცა ფული, ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე.

_ რას გულისხმობთ?

_ როგორც მე გავარკვიე და მოვიძიე, პროკურატურაში საქმე იყო აღძრული. სასამართლომ მაშინ ვალერი გელაშვილი 12 მილიონი ლარით დააჯარიმა. ასე რომ, მანდ სიმონ ნოზაძეს შეხებაც არ ჰქონია. როგორც წესი, მე ეკონომიკურ დანაშაულებებს არასოდეს ვკურირებდი. რასაც ახლა გელაშვილი ლაპარაკობს, საარჩევნოა და ნუღარ გავახმოვანებთ ამას. არ ღირს ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა. გელაშვილმა იცის, რომ პატივს ვცემ და თუ სურვილი ექნება, მასთან, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესმენთან ხაშურის სინამდვილეში, ვითანამშრომლებ.

_ ანუ ადამიანი ხელს გადებთ საჯაროდ და ფულის გამოძალვის გარდა, ლამის, არც ისე ასაკოვანი ბიძის ნაადრევ გარდაცვალებაში გადანაშაულებთ და თქვენ მასთან თანამშრომლობას აპირებთ?

_ დიახ.

 

                                                                                                           თამარ როსტიაშვილი