შოთა მურღულია: ,,გიდასტურებთ, მე და მაჟორიტარები არ ვართ მომხრეები ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის!”

kk

რა ელოდება ქუთაისს და როგორი იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილება პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით? _ ეს ის საკითხია, რომელიც ქალაქის მოსახლეობაში დიდ ინტერესს იწვევს. საზოგადოების წარმომადგენლები ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვენ და მოუწოდებენ მას, საკონსტიტუციო ცვლილებებისგან თავი შეიკავოს. სწორედ ქვეყნის უმაღლესი დოკუმენტი განსაზღვრავს პარლამენტის ადგილსამყოფელს, რომლის შეცვლაც ქუთაისს შესაძლებლობას დაუკარგავს, საპარლამენტო დედაქალაქი იყოს და, ამასთანავე, პერსპექტივა ჰქონდეს, შესაბამისი სტანდარტების ქალაქად განვითარდეს.

ამ დღეებში ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

„პარლამენტმა ქუთაისს არაფერი მოუტანა“; „ამხელა თანხის პარლამენტის შენობაში დახარჯვას სჯობდა, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულიყო“; „პარლამენტი ახლოს უნდა იყოს მთავრობასთან“, _ ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ განცხადებებისა, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები პერიოდულად აკეთებენ და რომელთა საწინააღმდეგოდ პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირების მომხრეებს საკუთარი არგუმენტები აქვთ.

ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქად გადაქცევის იდეის გაჟღერების შემდეგ თვალში საცემი გახდა, რომ ბიზნესის წარმომადგენლების ინტერესი ქალაქის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა: შემუშავდა რამდენიმე პროექტი, რომელიც ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებდა. გაიზარდა მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზე. ტერიტორიამ, სადაც საკანონმდებლო ორგანოა განთავსებული და რომელიც გარეუბნად სახელდებოდა, პირველ კატეგორიაში გადაინაცვლა,  დაიწყო როგორც შენობა-ნაგებობებზე, ისე მიწაზე ფასების მატება. პარლამენტის გვერდით აიგო მთავრობის სახლი, სადაც ყველა სამინისტროს წარმომადგენელს მათთვის გამოყოფილ გარკვეულ ფართში მაქსიმალური კომფორტის პირობებში მუშაობა შეეძლებოდა.

პარლამენტის ფუნქციონირების პერიოდში პირველი ორი წლის განმავლობაში შემოსავლების მატებაზე საუბრობენ სავაჭრო და კვების ობიექტების მეპატრონეები. დღეს სურათი სხვაგვარია. პირად საუბრებში ისინი ვაჭრობის შემცირებაზე მიგვანიშნებენ და დასძენენ, რომ მდგომარეობა რადიკალურად სხვაგვარი იყო, როცა ქუთაისში ჩამოსული როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრების რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა. მათი დიდი ნაწილის ვიზიტი სწორედ პარლამენტის აქ ფუნქციონირებას უკავშირდებოდა. გარდა საქმიანი ვიზიტებისა, ტურისტების ინტერესიც გაიზარდა, რომელთა მარშრუტშიც ირაკლი აბაშიძის პროსპექტზე აღმართული საკანონმდებლო ორგანოს შენობის მონახულებაც შედიოდა.

მერვე მოწვევის პარლამენტის ფუნქციონირების დაწყებიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან სისტემატურად ისმოდა განცხადებები თბილისში გადაბარგების თაობაზე, რამაც ბიზნესის ინტერესი ქალაქისადმი ჯერ შეანელა, ხოლო თანდათან ჩაკლა. შეჩერდა დაანონსებული პროექტები, რომლებიც ქუთაისში მაღალი კლასის  სასტუმროებისა თუ სხვა ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებდა. დავიწყებას მიეცა იდეა აბაშიძის პროსპექტის საქმიან და ადმინისტრაციულ ცენტრად გადაქცევის თაობაზე.

 

თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტის არსებობა ქუთაისში და რა რისკებთანაა დაკავშირებული მისი დედაქალაში გადატანა, „ქრონიკა+“ ქალაქში მომუშავე ჟურნალისტებთან შეეცადა საკითხის გარკვევას.

თეონა ხარაბაძე _ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  კორესპონდენტი:

_ მერვე მოწვევის პარლამენტის მუშაობის პერიოდში იყვნენ დეპუტატები, რომლებიც ცალსახად ამბობდნენ, რომ იმ შენობაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, კომფორტულია მუშაობა. აქ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, რაც მათ საქმიანობას ხელს უწყობს. თუმცა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ არის ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელსაც არ სურს, პარლამენტი ქუთაისში იყოს. ეს არის მათი ლიდერი და, შესაბამისად, ამ პოზიციის გათვალისწინება უწევთ. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი იყო. ის ადამიანები, რომლებთანაც ამ თემაზე მისაუბრია მიკროფონისა და ჩაწერის გარეშე, შეიძლება ითქვას, არ არიან რიგითი დეპუტატები, _ ისინი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ, როგოც ჩანს, ერთი ადამიანის პოზიციას ქვეყნისა და ქუთაისის ინტერესები ეწირება. ეს არის პრობლემა და ესაა მიზეზი, რის გამოც პარლამენტი შესაძლებელია, ქუთაისიდან გადაიტანონ.

პარლამენტის ქუთაისში არსებობამ ცენტრალური მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს დაანახვა, რომ რეგონებში ჟურნალისტები ზუსტად ისევე არიან კვალიფიციურნი, როგორც თბილისში. ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტებს პარლამენტში საქმიანობამ მეტი პროფესიონალიზმი შესძინა, გაიზარდა მათი პასუხისმგებლობა. ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილეები არიან. შესაბამისად, მედიასექტორი განვითარდა. იგივე შეიძლება ითქვას არა მარტო ქუთაისზე, არამედ მთლიანად იმერეთსა და დასავლეთ საქართველოზე. ფაქტია, რომ მე-8 მოწვევის პარლამენტი გაცილებით აქტიური იყო, _ მეტი ინფორმაციის გამოთხოვა გვიხდებოდა. შესაბამისად, მეტი ინფორმაცია ჟურნალისტებსაც ავითარებდა და საზოგადოებასაც. თუ პარლამენტი ქუთაისიდან გადავიდა, ქალაქის დატოვება მომიწევს, _ ან თბილისში უნდა გადავიდე სამუშაოდ, ან _ ბათუმში. ბევრი დატოვებს ქალაქს და არა მარტო ჟურნალისტებს შორის. ადამიანურ რესურსს კარგავს ქალაქი.  მიგრაციის პროცესი კიდევ უფრო გაიზრდება. ამას ემატება ისიც, რომ ასეთი ფორმით ფუნქციონირებით  პარლამენტს ის ეფექტი არ მოუტანია, რა მოლოდინიც იყო. არ აშენებულა სასტუმროები და სხვა პროექტებიც შეჩერდა, საპარლამენტო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია მოუვლელია. იყო პერიოდი, როცა იმხელა ბალახი ამოვიდა, ლამის, მთავრობის სახლს ფარავდა. ვამბობდით, რომ ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის სირცხვილი, როცა მის სამუშაო სივრცესთან ბალახი ჭამს საკანონმდებლო ორგანოს. იყო შემთხვევა, როცა პრეზიდენტს ელოდებოდა საკანონმდებლო ორგანო და ნაცვლად წითელი ხალიჩისა, სათლებით ხვდებოდნენ. ამ თემებს იმიტომ კი არ ვაშუქებდით, რომ გვიხაროდა, არამედ იმიტომ, რომ სირცხვილი იყო. დავუშვათ, ხარვეზებით აშენდა, მაგრამ შენ პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა გქონდეს, რომ დაზიანებული შეაკეთო. იმისთვის აირჩია ხალხმა ახალი ხელისუფლება, რომ წინა ხელისუფლების დაშვებული ხარვეზები გამოასწოროს. პარლამენტის ქუთაისში არსებობა შანსია სხვა რეგიონებისთვისაც. ეს არის შანსი ასევე საზოგადოებისთვისაც. ახლა ძალთა გადასინჯვა მიდის, ვინ აჯობებს _ ხელისუფლებისა, თუ საზოგადოების ვერტიკალი? თუმცა საზოგადოებასთან ბრძოლისა და მისი დამარცხების შემთხვევაში, საბოლოოდ, მაინც ყოველთვის ხელისუფლება მარცხდება და ეს უნდა გაითვალისწინონ.

 

ირაკლი ვაჩიბერაძე _ ტელეკომპანია „მაესტროს“ იმერეთის ბიურო:

_ მინდა, ჩემი აზრი დავაფიქსირო არა მარტო როგორც ჟურნალისტმა, არამედ როგორც მოქალაქემ. მე, როგორც ჟურნალისტს, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ქუთაისში, მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოს აქ გადმოტანა იყო ფანტასტიკური შანსი ქუთაისისთვის და მთლიანად რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის. არც ერთ აქ მცხოვრებ ჩემს კოლეგას და, მათ შორის, მეც, არ მოგვეცემოდა საშუალება, თბილისში რომ გადავსულიყავით, პარლამენტში გვემუშავა. ეს არის ძალიან კარგი საშუალება პროფესიული ზრდისთვის და არა მარტო აქ მცხოვრები ჟურნალისტებისთვის. ვიცი, რომ ძალიან ბევრმა ჩემმა თანატოლმა შეცვალა გადაწყვეტილება თბილისში გადასვლის შესახებ და დაინახა თავისი თავი ამ ქალაქში, მაგრამ თემის გააქტიურების გამო თითქმის ყველა მათგანი ფიქრობს, გეგმებს გადახედოს.

პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა ეს არ ნიშნავს მხოლოდ ქუთაისის, ან იმერეთის განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯს, ეს ნიშნავს რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, სვანეთის, გურიისა და აჭარის განვითარებასაც. საკანონმდებლო ორგანოს აქ გადმოტანა ეს ნიშნავდა იმასაც, რომ აქ უნდა აშენებულიყო სასტუმროები, სხვადასხვა სივრცე მომსახურებისთვის, განვითარებულიყო ბიზნესსექტორი, რასაც მოჰყვებოდა ადამიანების დასაქმება და შემოსავლების ზრდა. ვფიქრობ, რომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია დაკარგა ქუთაისმა და სრულიად ქვეყანამ იმის გამო, რომ ბიზნესი მუდმივად ხედავს შესაძლებლობას, გადაიტანონ პარლამენტი. თბილისს არაფერი დაუკარგავს პარლამენტის აქ გადმოტანით, პირიქით, დედაქალაქი  განთავისუფლდა ზედმეტი ტვირთისგან. ხელისუფლბის სურვილის განხორციელების შემთხვევაში კი ქუთაისი ნამდვილად დაკარგავს ბევრ რამეს. ამასთანავე, ეს იქნება ძალიან ცუდი მესიჯი მთლიანად რეგიონების მიმართ.

 

ირმა ბახუტაშვილი _ „ფაქტმეტრის“ რეგიონული ანალიტიკოსი:

_ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ჩამოყალიბების იდეა არ უნდა მოკლას და არ უნდა გააცამტვეროს თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში ყველა რეგიონს თანაბარი განვითარების საშუალება მისცეს. აუცილებელია, ყველა ადამიანთან მივიდეს ის სიკეთე, რომელიც თავადაც დეკლარირებული აქვთ და აცხადებენ, რომ ამისთვის იბრძვიან. დაუშვებელია, მხოლოდ თბილისის განვითარებაზე ვიზრუნოთ და რეგიონებს შანსი არ დავუტოვოთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მიდგომებით  დედაქალაქის განვითარებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ ქალაქ-სახელმწიფოს, რომელსაც არ ექნება ძლიერი ზურგი. ყველა ადამიანი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის, უნდა გრძნობდეს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს. თუ  პარლამენტი ქუთაისში დარჩება და არა იმ მანკიერი ფორმით, როგორითაც დღეს არის, არამედ სრულყოფილად, ბუნებრივია, ამას მოჰყვება ინფრასტრუქტურის განვითარება და  სხვადასხვა პროექტის განხორციელება.   თბილისში უნდა იგრძნონ, რომ დაცარიელებული რეგიონები საშიშია   არა მხოლოდ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ თავად თბილისისთვის.

გვთავაზობენ ალტერნატივას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სახით. კი ბატონო, კარგია, თუ განახორციელებენ ამ პროექტს, მაგრამ  დაუშვებელია დაიდოს სასწორზე ან პარლამენტი, ან საგანმანათლებლო ცენტრი.

ქუთაისი და მთლიანად იმერეთი მიგრაციის პრობლემის წინაშე დგას. ქალაქის საკრებულომ ქუთაისის განვითარების გეგმა დაამტკიცა, რომელშიც თავადაც აღიარებენ, რომ  საქართველოში ყველაზე მიგრაციული რეგიონი არის იმერეთი, ხოლო ქალაქი _ ქუთაისი. თუ პარლამენტი გადავიდა და მასთან დაკავშირებული სხვა პროექტები ალაგდა, ეს მიგრაციის არსებულ დონეს კიდევ უფრო გაზრდის. ქალაქის განვითარების გეგმის პირველსავე პუნქტში წერია: „იცხოვრე ქუთაისში“. თავადაც აღიარებენ, რომ ქალაქში ცხოვრება აღარ უნდა ხალხს და ეს გეგმა იმიტომ შეიმუშავეს, რომ  ხალხს მოუწოდონ, აქ იცხოვრონ. რატომ უნდა იცხოვრონ ქუთაისში, თუ აქ არანაირი პერსპექტივა არ არის და პარლამენტი, რომელიც სინათლის სხივივით გაჩნდა, ესეც გაქრება? ასეთი მიდგომით ქუთაისს დაცლა ემუქრება და ხელისუფლებამ ამაზე უნდა იფიქროს.

 

თათა კაჭკაჭიშვილი _ რადიო „თავისუფლება“:

_ ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის პარლამენტის აქ ფუნქციონირება. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის,  ყველაზე უფრო საინტერესო იყო პირველი ორი წელიწადი. ეს ის პერიოდია, როცა პარლამენტი აქ სრულყოფილად ფუნქციონირებდა.  საკომიტეტო მოსმენებზე იხილება ყველა კანონპროექტი და, შესაბამისად, ეს საპარლამენტო ცხოვრებაა. კონსტიტუციის 48-ე მუხლში ნათლად არის განსაზღვრული პარლამენტის ადგილმდებარეობა. ძალიან მინდა, რომ კონსტიტუცია იმის შესაბამისად არ იცვლებოდეს, რომელი ხელისუფლება თუ პარტია მოვა სახელმწიფოს სათავეში. კონსტიტუციის ამ ჩანაწერს ყველამ უნდა ვცეთ პატივი და განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა უდიდესი გამოცდილება იყო ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის. პარლამენტში მიმდინარე პროცესების გაშუქება ძალიან საინტერესო პროცესია. დანაშაულია, როცა ამბობენ, რა მისცა პარლამენტმა ქუთაისსო?.. ძალიან ბევრი რამ მისცა! როცა საკომიტეტო მოსმენებიც აქ იმართებოდა, იმ დროს ქუთაისს სტუმრობდნენ ელჩები, უცხოური დელეგაციები. ქალაქის ცენტრს რომ თავი დავანებოთ, უშუალოდ ტერიტორიაც, სადაც პარლამენტია, გაცოცხლებული, დატვირთული იყო. პარლამენტის გადმოსვლის შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამაც გახსნა ოფისი, მაგრამ იმის გამო, რომ საკომიტეტო მოსმენები აქ აღარ იმართება და საუბარი დაიწყო გადატანის შესახებ, ყველა ეს ოფისი დაიხურა.

ადამიანებმა თავიანთი ქონების გაცოცხლება დაიწყეს: გაიხსნა მაღაზიები, კაფეები, გაჩნდა კონკურენციის განცდა,  დაიტვირთა სასტუმროები. გაჩნდა შანსი, რომ ქალაქში, პოლიტიკასთან ერთად, ბიზნესიც გაკეთებულიყო. სამწუხაროდ, 2016 წლის ბოლოს მივიღეთ  გაუქმებული, გაჩერებული ბიზნესი, ნიჰილისტურად განწყობილი ადამიანები.

როცა საუბრობენ გადატანაზე, მიმაჩნია, რომ ეს არის ერთეული ადამიანების ახირება. შედეგად მივიღებთ მხოლოდ იმას, რომ დეპუტატები და აპარატის წევრები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, უბრალოდ, სახლთან ახლოს იქნებიან. ამ იდეის განხორციელება თბილისს სხვას არც არაფერს შესძენს. 150 დეპუტატი და აპარატის თანამშრომლები, რომელთა საერთო რაოდენობა შვიდასამდეა, ის რიცხვი არ არის, რომელიც თბილისზე დადებითად, ან უარყოფითად აისახება.

საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით.

შოთა მურღულია _ ქუთაისის მერი:

_ დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის მაჟორიტარები არ დაუჭერენ მხარს  პარლამენტის გადატანას. მეც ორი წლის წინათ ზუსტად ეს მქონდა ჩემს პროგრამაში და პოზიცია არ შემიცვლია. იგივეს ფიქრობენ ისინიც. მე მათ ვესაუბრე და მათი პოზიციაა, რომ ხმას არ მისცემენ პარლამენტის გადატანას.

ქალაქის საკრებულო და მერია ამ მიმართულებით მუშაობს. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ საკრებულოში საკითხი დასვა პარლამენტის გადატანა-არგადატანასთან დაკავშირებით. მათ განემარტათ, რომ ქალაქის მერია და საკრებულო გადატანის წინააღმდეგია. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ მათ შესთავაზა, მხარდაჭერის წერილი მოემზადებინათ, სადაც ყველა მოაწერდა ხელს. არაფერი მომზადებულა. ამით მხოლოდ მანიპულირებენ და პოლიტიკური ქულების დაწერას აპირებენ. სამჯერ დაისვა ეს საკითხი და მიმართვა ვერ მოამზადეს.

არ უნდა გადავიდეს პარლამენტი და, ზოგადად, თუ ეს საკითხი დაისმება, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, არც უნდა განიხილონ. უნდა დაასაბუთონ სხვა შესაძლებლობები, რაც ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს. რადგანაც ამხელა თანხა ჩაიდო და თავის დროზე გადმოვიდა, მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ. არ მეგულება ქუთაისელი, რომელიც შეიძლება, სხვანაირად ფიქრობდეს. რა თქმა უნდა, ქუთაისმა ქვეყნის საწინააღმდეგოდაც არ უნდა იმოქმედოს. შეიძლება, მინდოდეს ჩემი ოჯახისთვის რამე, მაგრამ თუ ეს აზიანებს ჩემს მეზობლებს, ავდგები და სხვა გადაწყვეტილებას მივიღებ. ეს უნდა იყოს განხილვის თემა და არა ისე, რომ დააყენო საკითხი _ გადმოიტანე! ასე არ ხდება. გიდასტურებთ, რომ მე და მაჟორიტარები არ ვართ მომხრეები ქალაქიდან პარლამენტის გადატანისა.

 

პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირების დადებით მხარეზე საუბრობენ ექსპერტები.

ნანა შონია _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორი:

_ უდავოა, რომ პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება ეფექტიან გავლენას მოახდენს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაზე: შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები არა უშუალოდ პარლამენტში დასაქმების ხარჯზე, არამედ მომსახურების სფეროში, რომელიც, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად განვითარდება. საპარლამენტო სტატუსი გაზრდის ინტერესს ქალაქისადმი. ეს აისახება ტურიზმის განვითარებაზე, რაც შემოსავლების მატებას ნიშნავს. სტატუსი განაპირობებს ქალაქის შემდგომ განვითარებას. საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი საშუალებას იძლევა, მეტი მსხვილი ბიზნესი დაინტერესდეს და ჩადოს აქ თანხა. იყო ამის მცდელობა და იქნება კიდევაც, თუკი საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებაზე გაჩერდება და პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისი დარჩება, ოღონდ არა ნაწილობრივ, არამედ სრულყოფილად. ბიზესი იმ რეგიონით და ქალაქით ინტერესდება, სადაც ხალხი მოძრაობს, სადაც შესაძლებელია მოგებაზე ფიქრი. მხოლოდ საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსი რამდენად გაამართლებს, რთული სათქმელია.

 

 

                                                                                                          ხვიჩა ვაშაყმაძე