ბრალდება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას

fc2

ქუთაისში ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ საყვედურს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მისამართით, რომელიც, საზოგადოების აზრით, ნაკლებადაა დაინტერესებული ქალაქის პოპულარიზაციით და მხოლოდ კონკრეტული რეგიონების ტურისტულ შესაძლებლობებზე აკეთებს აქცენტს.

ასეთ ადამიანთა რიცხვში შედის მოგზაურთა კლუბ „ Cheap travel Georgia “-ს დამფუძნებელი ლევან ჭანჭალეიშვილი. აღნიშნული კლუბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 13 000 წევრს აერთიანებს და მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცდილობს, ქუთაისისა და მთლიანად საქართველოს შესახებ უცხოელ ტურისტებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს, ხოლო ქართველ მოგზაურებს უცხოური მარშრუტების დაგეგმვაში დაეხმაროს.

ჭანჭალეიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ქუთაისი ადგილობრივი თვითმმართველობის იმედად ჰყავს დატოვებული და არანაირ თანხას არ ხარჯავს ვიზიტორების აქ მოსაზიდად. თავის მხრივ, იგი მადლიერებას გამოთქვამს ქალაქის მერიის მისამართით, რომელიც, მისი აზრით, მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, მაქსიმალურს აკეთებს ტურისტების მოსაზიდად.

წლის ბოლოს ქუთაისში ტურიზმის ცენტრი გაიხსნება, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი სივრცე იქნება, სადაც უცხოელ, თუ ადგილობრივ სტუმრებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ტურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. ამ ფაქტს დადებითად აფასებენ ის ადამიანები, რომლებიც ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ქალაქის პოპულარიზაციისთვის მეტი ვიზიტორის მოსაზიდად და აღნიშნული ცენტრის დასატვირთად მაქსიმალურდ უნდა იყოს გამოყენებული ის გამოფენები, რომლებიც საზღვარგარეთ ტურისტული კომპანიებისთვის იმართება.

ლევან ჭანჭალეიშვილი იხსენებს ტუროპერატორებისთვის პოლონეთში გამართულ გამოფენას, რომლის შესახებაც ინფორმაცია პოლონელი  პარტნიორისგან მიიღო:

„ჩვენი პოლონელი მეგობარი, რომელიც ტურისტულ ბიზნესში საქმიანობს, საქართველოს დახლთან მივიდა და იკითხა, თუ რა ინფორმაციის მიღება შეეძლო ქუთაისის შესახებ?

_ ქუთაისში რა გინდათ, ან ბათუმში წადით, ან თბილისში, იქ საინტერესო არაფერიაო(!!!), _ უპასუხეს მას. იგი ძალიან გაკვირვებულა და უთქვამს, რომ ქუთაისში ნამყოფი არის და საინტერესოც ბევრია. ჩვენმა პარტნიორმა დაგვირეკა, აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა და დასძინა, რომ მსგავსი რამ პირველად ნახა, როცა რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი ასეთ რჩევას იძლევა. ამ ფაქტში მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, მონაწილეობს გამოფენაში და კი ბატონო, ნუ დავარქმევთ ამას ანტიქუთაისურ ქმედებას, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, არაფერს აკეთებს ქალაქის პოპულარიზაციისთვის. მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციამ თანამშრომლების შერჩევისას მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს“.

ლევან ჭანჭალეიშვილი გაკვირვებულია იტალიურ გამოცემაში გამოქვეყნებული მასალის შესახებაც, რომელიც ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით დანიშნულ რეისს ეხებოდა. კონკრეტულად, უკმაყოფილოა იტალიაში საქართველოს საელჩოს მრჩევლის, სოფიო ქარცივაძის გამოცემისთვის მიცემული კომენტარით, სადაც იგი ახალი რეისის გახსნაზე საუბრობს და როგორც ჭანჭალეიშვილი დასძენს, ნაცვლად იმისა, მკითხველი ქუთაისით დააინტერესოს, მიუთითებს, რომ ქალაქი მდებარეობს ზღვასთან და ფოთის პორტთთან ახლოს. „ხომ შეიძლება, აღნიშნო, რომ ქუთაისი ძველი ქალაქია, დაუკავშირო ოქროს საწმისს და თქვა, რომ საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით. კარგად უნდა იყოს გამოყენებული ყველანაირი უფასო ტრიბუნა. ქუთაისის აეროპორტმა მოიტანა ეს ბენეფიტი და გამოვიყენოთ. თუმცა თვალში საცემია და, რატომღაც, ბოლო დროს ძალიან ხშირად გაიგონებთ საყვედურებს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა იყოს ქუთაისში ეს აეროპორტი, რა უნდა პარლამენტს ქუთაისში და სხვა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქუთაისის მიმართ მიზანმიმართული კამპანიაა და ეს, უბრალოდ, გაუგებარია.

„ვიზეარმა“ თავისი გამოცემის ყდაზე დადო ფოტო და რეკლამა გაუკეთა საქართველოს. ფაქტობრივად, ეს ავიაკომპანია აკეთებს იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო ეს უკანასკნელი ქუთაისში მომავალ ტურისტს ზღვისკენ გვიმისამართებს. კი ბატონო, აუცილებლად უნდა ნახონ ზღვა და მთაც, მაგრამ დააინტერესე ამ ქალაქითაც!

მქონდა შემთხვევა, როცა დეპარტამენტს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქზე მივწერე და პასუხი არც კი გაუციათ. აი, სულ სხვაგვარად ეკიდება საქმეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობა და უშუალოდ ქალბატონი ქეთევან ალექსიძე. ნებისმიერ თემაზე, რომელსაც წამოვწევთ, აუცილებლად აკეთებენ გამოხმაურებას. ამ ცოტა ხნის წინათ ჩვენს გვერდზე დავწერეთ, რომ ავტობანზე არ არის ტაბლო, რომელიც მგზავრებს ქუთაისის აეროპორტისკენ მიანიშნებდა, რის გამოც ისინი შესაძლებელია, გასცდნენ მას. როგორც კი ეს გამოვაქვეყნეთ, უმოკლეს ხანში გამოცხადდა ტენდერი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. აი, ეს არის პასუხისმგებლობისა და კომუნიკაციის კარგი მაგალითი“.

არ ვიცით, ვინ და რამდენად კარგად იცნობს ქუთაისის ტურისტულ პოტენციალს, მაგრამ ადგილობრივები, რომლებსაც ტურიზმთან რაიმე სახის შეხება აქვთ, ან ჰქონდათ, ან, უბრალოდ, ადამიანები, რომლებიც იცნობენ ქალაქის ისტორიას,  დარწმუნებულნი არიან, რომ მას სახელმწიფო არასათანადოდ იყენებს. სპეციალისტების აზრით, შესაბამისი პროექტების განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია, მეტი ტურისტი დავაინტერესოთ ქალაქით. მართალია, ბოლო დროს უცხოელების რაოდენობის მატება ქუთაისის ქუჩებში აშკარაა, მაგრამ, ძირითადად, ქალაქს ე. წ. არაორგანიზებული ვიზიტორები სტუმრობენ, რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობენ მარშრუტის დაგეგმვას და ამა თუ იმ ობიექტის მონახულებას. ვიმედოვნებთ, რომ ტურიზმის ცენტრის გახსნა გარკვეულ როლს შეასრულებს მდგომარეობის გამოსწორების გზაზე და კატალიზატორი იქნება ქუთაისთან მიმართებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა.

,,ქრონიკა+” კომენტარისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაუკავშირდა:

„ქუთაისის, როგორც საქართველოს უძველესი და ისტორიული ქალაქის პოპულარიზაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყველა საერთაშორისო ტურისტულ  გამოფენაზე ახდენს. თითოეულ მათგანზე ადმინისტრაციის თანამშრომლები ავრცელებენ ბროშურებს და ატარებენ პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად არის საუბარი იმ ისტორიულ ძეგლებზე, მათ შორის, გელათზე, ბაგრატის ტაძარზე, სათაფლიასა თუ პრომეთეს მღვიმეზე, რომელიც სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს. მეტიც, ზოგიერთ  საერთაშორისო გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდზე ქუთაისის მერიაც არის წარმოდგენილი, მერიის თანამშრომლები კი  მთლიანად ქალაქის პოპულარიზაციას ახდენენ.

2016 წელს, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, 16 ქვეყნისთვის სპეციალური ონლაინკამპანია ჩატარდა, სადაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქალაქ ქუთაისში ,,CHECK IN GEORGIA”-ს ფარგლებში ხოსე კარერასის კონცერტი  და ტურისტების მოწვევა ანონსდებოდა.

გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეწევა არა მხოლოდ კონკრეტულად ქალაქ ქუთაისის, არამედ მთლიანად იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციას. მაგალითად, კურორტი წყალტუბო, რომელიც სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი დესტინაციაა საქართველოში. წყალტუბო მოხვედრილია თემატურ კატალოგებში, ისეთში, როგორიცაა სპა-კურორტების კატალოგი საქართველოში.

იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციას კიდევ ერთი გზით ვახდენთ: წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საერთაშორისო მედიიდან ჟურნალისტები ჩამოგვყავს,  რომლებიც ჩვენი ქვეყნის შესახებ პოზიტიურ სტატიებს წერენ და გადაცემებს ამზადებენ. მარტო 2016 წელს უკვე 500-ზე მეტ ჟურნალისტს ვუმასპინძლეთ. მათი დიდი ნაწილი ტურის ფარგლებში იმერეთის რეგიონსაც სტუმრობს. შესაბამისად, რეგიონის ტურისტული პოტენციალი მათ გადაცემებსა თუ სტატიებშიც არის ასახული.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, ის საქართველოში ტურისტების ნაკადის ერთ-ერთი მთავარი შემომყვანი ხდება, 2016 წლის სექტემბერში კომპანია ,,WIZZ AIR’’-მა ევროპის ქალაქების მიმართულებით  დაიწყო 7 ახალი რეისი და ჩვენ აქტიურად ვიყენებთ მათ ტურისტების მოსაზიდად.

იმ ყველაფრის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ახდენს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქუთაისის პოპულარიზაციას,  საერთაშორისო ბაზრებზე გამართული  ბოლო სამი პრეზენტაციაც გამოდგება, რომელიც მიუნხენში, ბერლინსა და მილანში გაიმართა, ეს ქალაქები სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ კომპანია ,,WIZZ AIR’’-მა ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანის მიმართულებებით დაიწყო ფრენა. ამ პრეზენტაციებზე კი განსაკუთრებით იყო ხაზგასმული ქუთაისის  ტურისტული მნიშვნელობა.

 

 

ხვიჩა ვაშაყმაძე