,, Mr ძიძა“ – მამა პეტრე ულვაშით, კეთილი სახითა და ბედნიერი განწყობით!

dz1

დანიშნულ ადგილზე შესახვედრად მივდივარ და სამხატვრო აკადემიას ვუახლოვდები. აივანზე სტუდენტები დგანან. გარეთ არც ცივა, არც ცხელა _ მწიფობისთვის ამინდია. იმ ადამიანს უნდა შევხვდე, რომელსაც ახლა თქვენ გაგაცნობთ. სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მინდა მისი გაცნობა _ ის ხომ ერთადერთი მამაკაცი ძიძაა ჩვენს ქვეყანაში.

გიფიქრიათ ოდესმე, რას ნიშნავს იყოთ ერთადერთი თქვენს მშობლიურ ქვეყანაში? შესაძლოა, მასაც არ უფიქრია, მაგრამ საქმით შეასრულა, არადა, ჯერ 22 წლისაა.

სანამ უშუალოდ შევხვდები, მასზე ინფორმაციებს ვაგროვებ. აღმოჩნდა, რომ ზუგდიდიდანაა. მიკვირს, _ მეც სამეგრელოდან ვარ (თუმცა ზუგდიდიდან _ არა), იქ მამაკაცის ძიძად აღქმა ცოტა უცნაური და უხერხულია.

როგორც ჩანს, პეტრე გამონაკლისია და სტერეოტიპებს ანგრევს.

ინტერვიუზე 12:00 საათზე დაბარებული 13:00 საათზე რომ მოვიდა, უკვე კითხვას მიჩენს, _ ნუთუ, ასეთი პუნქტუალურია ბაღში მუშაობის დროსაც? თუმცა ჩემივე კითხვის თავადვე შემრცხვა, როდესაც საუბარი დავიწყეთ.

 

„ქრონიკა+“ არცთუ ცნობილ „Mრ ძიძაზე“ უცნობ ისტორიას გთავაზობთ.

პორტრეტი: მას აქვს ულვაში და გადაპარსული თავი. ის ბავშვებს უყვართ, რადგან კეთილია, მულტფილმის გმირს ჰგავს და პეტრე ჰქვია, ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და უკვე პატარებს ასწავლის.

პეტრე ნოდია თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია, წარმოშობით ზუგდიდიდან. თბილისში იმის გამო ჩამოვიდა, რომ დასავლეთ საქართველოში არქიტექტურის ფაკულტეტი არ იყო, თუმცა დიდად არ მოსწონს სწავლების დონე და ხარისხი აკადემიაში, მაინც უწევს სიარული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდეგ სწავლა ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში გააგრძელოს და რეალურად ისწავლოს ის, რაც უყვარს. ამბობს, რომ აქ სწავლების მეთოდი მიუღებელია თანამედროვე ხელოვნებისთვის და განათლების ამგვარი სისტემა, ძირითადად, არ არის მოსაწონი ბევრი აკადემიელისთვის, მაგრამ ლექციებზე სიარული მაინც უწევთ.

პეტრეც ისეთივე რიგითი სტუდენტი იქნებოდა და თქვენ ახლა მასზე სტატიას არ წაიკითხავდით, რომ არა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული ბავშვებისადმი. ამბობს, რომ ადრეული ასაკიდან უყვარდა და ზრუნავდა მათზე:

_ მიყვარს ვერთობი, მსიამოვნებს, მხიარულად და ბედნიერად ვგრძნობ თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათთან ერთად ვარ. ამჟამად ერთ პატარასთან ვმუშაობ კერძოდ, რომელთანაც ძირითადი კომუნიკაციის ხანგრძლივობა ორ საათს შეადგენს დღეში. ასევე ვარ ერთ-ერთი ბაღის პედაგოგების ჯგუფის წევრი და ძირითადი პედაგოგი. ბაღი სექტემბერში გაიხსნა და ბუნებრივია, მზადების პროცესი სექტემბრამდე ჰქონდათ. სწორედ ამ პერიოდში აღმომაჩინეს მე, მოვიდნენ და თანამშრომლობა შემომთავაზეს, ეს იმიტომ, რომ იცოდნენ ჩემს დამოკიდებულებაზე ბავშვების მიმართ. მათ პროგრამას გავეცანი და დავრწმუნდი, თუ რამდენად კომპეტენტურები იყვნენ, შემდეგ დავიწყე თანამშრომლობა. კვირაში ორ დღეს ვატარებ ბაღში. სწავლებას ვიწყებთ მეცნიერებით, ვასრულებთ შემოქმედებითი აქტივობით. თითქმის ყველაფერს ვაკეთებთ, რაც მათი ასაკისთვისაა შესაფერისი.

_ როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა?

_ ძალიან კარგად, თუმცა დედა შემეკითხა, შემეძლო თუ არა მათი მოვლა და გამახსენა ნათესავი, რომელსაც ვუვლიდი, მშობლებს ვეხმარებოდი მის აღზრდაში. შემახსენა, როგორი რთული იყო მისი მოვლა, თუმცა ჩემგან მზაობა მაღალი იყო და ახლაც ასეა. ეს არ არის თამაში და მარტივი, თუმცა ზოგიერთს ჰგონია, რომ ძალიან მარტივია, ან, უბრალოდ, ჰგონია, რომ რთულია, მაგრამ არ იცის, რამდენად. სიმართლე გითხრათ, ძნელია, როდესაც მთელი დღე პედაგოგი ხარ და მერე გადიხარ ბაღიდან. მუშაობის დაწყების პირველ დღეებში ემოციების ზღვაში ვიყავი. არ ვიცი, როგორ აღვწერო, ეს იყო ექსტაზი _ თავისდაუნებურად მეცინებოდა ხოლმე იქიდან გამოსულს. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ისტერიკა მქონდა იმ ემოციური ფონისგან, რასაც განვიცდიდი, შემდეგ ეს დაბალანსდა. ნებისმიერი კეთილსინდისიერი პედაგოგი ბაღში, სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში ბოლომდე უნდა იხარჯებოდეს როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოს.

_ კონკრეტულ ბავშვებზე ხომ ვერ მოგვიყვებით?

_ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს 3 წლის დამიანესთან, რომელიც ბაღის შემდეგ გამომყავს და მშობლების შინ დაბრუნებამდე ვურთიერთობ მასთან. ასევე, მყავს პატარა მეგობარი, რომელსაც ლეიკემია დაუდგინდა და სამკურნალოდ თურქეთშია ახლა წასული. მას თანადგომა სჭირდება. წერილები სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოსთან გადავაგზავნე, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია.

_ რა სირთულეებს აწყდებით საზოგადოებისგან?

_ პირველ რიგში, არამეგობრულ, არაჯანსაღ დამოკიდებულებას: ყველა ერთმანეთს ეჯიბრება რაღაცაში. თითქოს ამბობენ, მე ვარ დამოუკიდებელი, ცალკე სუბიექტიო, თუმცა როცა სახელმწიფოს აქვს კონსტიტუცია, ერთიანი ეკონომიკური ხედვა და ა. შ., საზოგადოებაც უნდა იყოს ერთიანი ამ ყველაფრის ირგვლივ და არა დაქსაქსული. მიზეზი, რაც ამ არაჯანსაღ კონკურენციას იწვევს, არის ფანატიზმი, ეს უკანასკნელი კი, ჩემი აზრით, უმეცრების ერთ-ერთი გამოხატულებაა. როცა ადამიანს ერთი მოცემულობის სჯერა, სურვილი არ აქვს, თუნდაც, მოისმინოს სხვა. მისთვის მხოლოდ ერთი არსებობს და მას თავს ახვევს ირგვლივ მყოფთ. ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლნი არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვანაირად აზროვნებენ.

_ ძიძად მუშაობამ პრობლემები ხომ არ შეგიქმნათ?

_ პრობლემები ძალიან ცოტა იყო, უმნიშვნელოც კი. გასაკვირია _ ისეთ არაინფორმირებულ საზოგადოებაში, როგორშიც ვცხოვრობთ, საკმაოდ ჯანსაღი დამოკიდებულება იყო ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

_ ძიძობა თქვენი ერთადერთი საქმიანობაა?

_ მხოლოდ არქიტექტორობა და ძიძობა არ მაკმაყოფილებს, მეტი შემიძლია: შაბათ-კვირას სამზარეულოში ვარ. ჩემი კომპეტენცია ამ დარგშიც მაღალია და შეფმზარეულებთან მიღებული ცოდნით ევროპული კერძების მომზადებაზე ვმუშაობ. ახლა გარდამტეხი ეტაპია განათლების მიღების მხრივ. ბოლო კურსზე ვარ და ვგეგმავ, არქიტექტურის შესწავლა გერმანიაში უფრო ღრმად გავაგრძელო. გერმანიისგან ველოდები, რომ არქიტექტურის აზრზე მოვალ, _ ასე ვეუბნები ჩემს მეგობრებს. მინდა, რომ უკეთ ვისწავლო, მერე ჩამოვიდე და აქ გავაგრძელო. რაც შეეხება ბავშვებთან კონტაქტს, ეს პროცესი, ჯერჯერობით, არ მომბეზრებია და გააქტიურებას ვგეგმავ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად და ტექნიკურად შეიძლება გქონდეს ძირითადი პროფესია და აკეთებდე შენთვის საყვარელ საქმეს, ასე რომ, ვაგრძელებ მუშაობას ბავშვებთან.

_ გინდათ თუ არა, რომ პატარებისთვის მისაბაძი იყოთ და რა არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც საკუთარ თავზე აგიღიათ?

_ მთავარი მიზანი პატარებისთვის  ალტერნატივების ჩვენებაა და არა ის, რომ მისაბაძი პიროვნება ვიყო მათთვის. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა კი რა იქნება, თუ არა მომავლი თაობისთვის ცხოვრების სწავლება და საუკეთესო გზების დანახვება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც მაქვს, ბავშვებთან ურთიერთობაა.

_ რისი ეშინია პეტრე ნოდიას?

_ როგორც სხვა ადამიანებს, მეც მეშინია ყველა იმ ეგზისტენციალური ფაქტორის, რომელიც შეიძლება საშიში იყოს პიროვნებისთვის, თუმცა ეს შიში ხელს არ მიშლის მოქმედებაში. ძირითადად მეშინია სიმაღლისა და ძაღლების.

_ როგორ ფიქრობთ, ვინ არის გმირი დღევანდელი გადმოსახედიდან?

_ ყველა ის ადამიანია გმირი, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს საზოგადოების წინაშე აღებულ მოვალეობას (ამ გადმოსახედიდან, შესაძლოა, თვითონ პეტრეც გმირად მივიჩნიოთ, თუმცა ამაზე თავად არ საუბრობს და ამბობს, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია). არ მყავს იდეალი და თავად ვცდილობ, ყოველდღე, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი რაციონალური აზროვნებიდან გამომდინარე ვიმოქმედო.

_ როგორ ზრდიან დღეს მშობლები ბავშვებს და რამდენად საჭიროა საბავშვო ბაღები?

_ ეს დაწესებულება, ძირითადად, იმისთვისაა, რომ როდესაც მშობელი დაკავებულია, ბავშვი ისეთ გარემოში მიიყვანოს, რომელიც პატარისთვისაც მაქსიმალურად მშვიდი, კომფორტული და სასიამოვნო იქნება. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვის აღზრდის საკითხში საზოგადოებასა და მშობელში ძალიან დაბალია ინფორმირებულობის დონე, ამას ძალიან დიდი ცოდნა და მზაობა სჭირდება. გახდე მშობელი _ ეს პასუხისმგებლობაა და ბევრი, სამწუხაროდ, არ ემზადება ამისთვის. თუ მშობელს შეუძლია ბავშვთან ყოფნა, მასთან დროის გატარება და ამ მხრივ არ არის შეზღუდული, მაშინ ძალა უნდა შესწევდეს, რომ თავისი შვილი აღზარდოს, თუ არადა, უნდა მიიყვანოს ბაღში, მაგრამ ისეთში, სადაც პატარის ჯეროვნად მოვლა შეუძლიათ. მართალია, თანატოლ ბავშვებთან ურთიერთობა შემდეგ ამ პატარების სოციალიზაციას უწყობს ხელს, მაგრამ თუ არ გყავს ბაღში და თავად ზრდი, შეგიძლია, საღამოს გაიყვანო პარკში, მეგობრების შვილებთან, ან იქ, სადაც ბევრი ბავშვია. ბაღისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება ბავშვი სოციალიზდეს, მთავარია მონდომება.

_ თავად თუ მიიყვანდით შვილს ბაღში?

_ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ყოველთვის მექნება საქმე, არქიტექტორი ვარ, ვხატავ და არ მგონია, უსაქმურად ვიყო, მაგრამ, მგონი, მაინც არ მივიყვანდი და მე თვითონ შევძლებდი ბაღებში დამტკიცებული აღმზრდელობითი კურსის გატარებას.

_ რა სჭირდებათ დღეს ბაღებს?

_ რაც დღეს სახელმწიფო ბაღებს სჭირდებათ (შესაძლოა, ბევრ კერძოსაც), ეს არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, პედაგოგები და კარგი პროგრამა, ყველანაირი ტექნიკური საჭიროების გამართვა. ეს ყველაფერი მინიმუმია იმასთან შედარებით, რაც საჭიროა, თუმცა ის მოცემულობა გვაქვს, რასაც ვხედავთ.

_ რას ელით მომავლისგან?

_ ძალიან განვითარდება ტექნიკა და ვიცხოვრებთ კოსმოსში. ვიმედოვნებ, რომ ამას ის პატარები მიაღწევენ, რომლებთანაც ვმუშაობ. ასევე ბავშვებისგან ველი, რომ იპოვიან საკუთარ თავს და ბოლომდე გამოიყენებენ რესურსებს, რეალიზდებიან სოციუმში. ვისურვებდი და მინდა, რომ ადამიანების მიმართ ლოიალურები და ტოლერანტულები იყვნენ ცხოვრების მანძილზე და არა მხოლოდ ბავშვობაში. თუმცა, მუხედავად ყველა მოლოდინისა ბავშვებთან დაკავშირებით, პრაგმატული პიროვნება ვარ და ვცხოვრობ მხოლოდ იმით, რასაც თავად ვაკეთებ, _ ვქმნი. მჯერა, რომ რაღაც უკუკავშირი არსებობს სამყაროში.

_ როგორ ფიქრობთ, რომელი ქვეყნისთვის გაჩნდით?

_ დავიბადე საქართველოში, მაგრამ ზოგადად დავიბადე დედამიწაზე, ვარ დედამიწელი ადამიანი, არ ვეკუთვნი რომელიმე ქვეყანას, არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყანა უფრო შესაფერისია ჩემთვის, ვიდრე საქართველო. მე დავიბადე აქ და ვცხოვრობ აქ, ეს არის ჩემი მოცემულობა, თუ მომინდება შეცვლა _ შევცვლი.

_ რომელ ლიტერატურულ, ან ფილმის გმირს შეადარებთ თავს?

_ მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის მეშინია, საკუთარ თავს პიტერ პენს ვამსგავსებ, მეგობრებიც ამას მეძახიან და ვიზუალურადაც მომწონს.

_ საინტერესოა, როგორია Mრ. ძიძას ერთი დღე?..

_ ვიღვიძებ არც ისე ადრე, არც ისე გვიან, მოვდივარ აკადემიაში, ვესწრები ლექციებს, რომელიც არც ისე ძლიერია, არც ისე საინტერესოა, არც ისე მნიშვნელოვანია, თუმცა საჭიროა იმისთვის, რომ აიღო დიპლომი, რომელიც დაგეხმარება გერმანიაში სხვადასხვა ბარიერის გადალახვაში; მერე მივდივარ სახლში, ვწესრიგდები; შეიძლება, დროის შუალედში ვნახო მეგობარი; მერე მივდივარ დამიანესთან და მასთან ვარ ორი საათით, მერე ისევ მეგობარი შეიძლება ვნახო და შემდეგ წავიდე, დავისვენო. ბაღში კვირის განმავლობაში ორი დღე ვარ და ეს ორი დღე იწყება ასე: დილით მივდივარ ბაღში და არა აკადემიაში, ვამთავრებ 17:00 საათზე, მაქსიმუმ 18:00-ზე, რომ დამიანესთან ვიყო 19:00-ზე.

_ ინტერვიუზე მოსვლა რატომ დააგვიანეთ?

_ ვცდილობ, პუნქტუალური ვიყო, მაგრამ როცა 19:00 საათზე უნდა მივიდე პატარასთან და დილით ბაღში, აქ, რა თქმა უნდა, აქ „ვცდილობ“ არ გამომადგება. აუცილებლად იქ ვარ, გამონაკლისის გარეშე! ამ შემთხვევაში არ არსებობს გამონაკლისი.

_ რას შეცვლიდა  Mr. ძიძა, რომ შეეძლოს?

_ მინდა, ადამიანებმა იმისთვის იმეგობრონ, რომ შექმნან ღირებული საზოგადოება, რაც მათ კეთილდღეობას, მშვიდობიანად ყოფნას უზრუნველყოფს. მინდა, რომ საზოგადოებამ შეცვალოს ადამიანებისადმი დამოკიდებულება, _ უფრო მეგობრული, ჯანსაღი გახდეს.

ადამიანები არ მეგობრობენ ერთმანეთთან და განსაკუთრებით უცხო ადამიანებთან. სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ, ჩემგან განსხვავებით. მე არავის გავურბივარ, საზოგადოების ნაწილი ვარ, ბევრს ვიცნობ, ბევრთან ვმეგობრობ ამ ქალაქში. არ მინდა, ჩაკეტილ გარემოში ურთიერთობა. მთავარი პრინციპი ბავშვებთან მუშაობის შემთხვევაშიც არის ალტერნატივის დანახვება. უამრავი ალტერნატივა არსებობს სამყაროში და რაც უფრო მეტს იცნობს ადამიანი და წვდომა აქვს, მით უფრო თავისუფალია, ასე რომ, ჩემი და მეგობრების მიზანი სწორედ ამ ალტერნატივების მოცულობისა და შესაძლებლობების გაცნობაა პატარებისთვის.

_ როგორ გგონიათ, როგორი მამა იქნება პეტრე?

_ ძალიან მაგარი! პრიორიტეტი არის გოგონა, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

 

P. S. პეტრე დარჩა, მე წამოვედი, ის უნივერსიტეტის ზღურბლთან იდგა, სიგარეტს მოუკიდა. 19:00 საათზე პატარას უნდა შეხვდეს, ასე გაგრძელდება მთელი კვირის მანძილზე. შაბათ-კვირას სამზარეულოში იმუშავებს, მაგრამ მაინც, ჯერ დამიანეს უნდა მიაკითხოს. ის ოსკარის ვარდისფერი ქალბატონისგან, დედა როზასგან გასხვავებით, „მამა პეტრეა“ ულვაშით, კეთილი სახითა და ბედნიერი განწყობით.

 

                                                                                                                   ნინო ტაბაღუა