რატომ შეიქმნა საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირი?!

i8

 

„ქრონიკა+“-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე დღის წინათ ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირები შეიქმნა და მისი თავმჯდომარე გახდა უფლებადამცველი გიორგი თევზაძე. რამ გამოიწვია ადვოკატების ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება? ამის თაობაზე, თავდაპირველად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავუსვით კითხვები.

 

ზაზა ხატიაშვილი:

_ ადვოკატთა ასოციაციაში ათწლეულების წინათ დავაფუძნეთ დამოუკიდებელი პროფკავშირები, რომლის თავმჯდომარეც მაშინ მე ვიყავი, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე კი გახლდათ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის აქტიური წევრი სხვა წევრ-დამფუძნებლებთან ერთად. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ მაშინ. შეკრების ადგილი გვქონდა მოკლული იური ვაზაგაშვილის ოფისში _ „ჯაზუში“. ჩვენ რეჟიმის მიერ დახვრეტილი ადამიანების ოჯახის წევრები მოვიძიეთ და დარბაზში გარდაცვლილთა ფოტოები ჩამოვკიდეთ. იქ ვატარებდით პრესკონფერენციებსა და დაზარალებულ ხალხს სამართლებრივ საკითხებში ვუწევდით კონსულტაციებს. ადვოკატთა პროფკავშირები საკმაოდ სეროიზული ორგანიზაცია იყო და ყველა საპროტესტო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდა.

ამის შემდეგ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ამირჩიეს და,  ფაქტობრივად, პროფკავშირის საქმიანობაც შეჩერდა. ახლა კი გიორგი თევზაძემ გადაწყვიტა, რომ ეს გუნდი გაეერთიანებინა და ხელახლა დაეარსებინა ადვოკატთა პროფკავშირი. პროფკავშირის დამფუძნებლებმა კი ერთობლივად გიორგი დაასახელეს თავმჯდომარედ. როგორც იცით, ის ცნობილი უფლებადამცველია, ამავდროულად, საინტერესო პიროვნებაც გახლავთ. გიორგი პირველად სსრ კავშირის დროს დაიჭირეს 12 წლის ასაკში, როცა ბიბლიოთეკიდან ლენინის წიგნები წამოიღო და დაწვა. ეროვნული მოძრაობის დროს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გვერდით იდგა, ამიტომ ჩვენთვის თევზაძე თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოა.

დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება ძლიერი არასამთვრობო ორგანიზაცია, სადაც, დარწმუნებული ვარ, ადვოკატთა კორპუსის ცნობადი სახეები გაერთიანდებიან. ეს ორგანიზაცია ორიენტირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მისი ხელახალი დაარსების აუცილებლობა რა ფაქტორმა გამოიწვია? პროფკავშირი მხოლოდ ადვოკატების უფლებებისათვის იბრძოლებს? თქვენც ამისთვის იბრძვით და საქმიანობაში არ გადაიკვეთებით?

_ ცხადია, ის, პირველ რიგში, ადვოკატთა უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა კანონი მას არ უკრძალავს, როგითი, სხვა ადამიანების უფლებებიც დაიცვას და მისმა თითოეულმა წევრმა დააფიქსიროს საკუთარი აზრი იმ ნეგატიურ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება, ან მოხდება. აქედან გამომდინარე მწამს, რომ ადვოკატთა პროფკავშირი გახდება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, წარმატებული და ხმაურიანი არასამთავრობო ორგანიზაცია.

დღეს ქვეყანაში სამართლებრივი კუთხით შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა, კატასტროფაა და მურუსიძეების სასამართლომ წალეკა ყველაფერი. ისეთი ძლიერი ფიგურის შემოსვლა სამართლებრივ სფეროში, როგორც არის ადვოკატთა პროფკავშირები, ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის პროცესს წაადგება. ამჯერად, ადვოკატთა უფლებებს მე ვიცავ და ეს არის ჩემი ცხოვრების პრიორიტეტი, მაგრამ არ მაქვს იმის საშუალება, ვიბრძოლო იმისთვისაც, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს დაჩაგრული, სასამართლო იყოს თავისუფალი, ქვეყანაში დომინირებდეს სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, კანონიერების უზენაესობა სუფევდეს, არ იყოს შერჩევითი მართლმსაჯულება, დაიცვა  ყველა ნაწამები ადამიანი, რასაც გააკეთებს პროფკავშირი.

_ მინდა, კიდევ უფრო დამიკონკრეტოთ მისი საქმიანობის სფეროები…

_ მაგალითად: როცა საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება დაიწყება, მას თავისი შეხედულებები და წინადადებები ექნება, რომლის გატანაზეც, ცხადია, სხვადასხვა ფორმით იბრძოლებს. საუბარი მაქვს ჯანსაღ და სამართლიან აზროვნებასა და შეთავაზებაზე. პირადად უზრუნველვყოფ, რომ მისი წარმომადგენლები პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივებისა და  კანონის განხილვებზე დაესწრონ და ა. შ.

მე ვიბრძვი ადვოკატთა უფლებებისთვის და ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ გააკეთებს იმას, რასაც მე ვაკეთებ საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე, მაგრამ ეს ბრძოლა მხოლოდ ადვოკატთა უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ასე არ იქნება პროფკავშირების შემთხვევაში. ის მთელი სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების დაცვაზე ორიენტირდება და ამას შეეცდება საკანონმდებლო ცვლილებებით.

_ ე. ი. მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოიყენებს იარაღად პროფკავშირები სამართლიანობისთვის ბრძოლაში?

_ ეს ასე არ უნდა გავიგოთ, თუმცა ყველაზე წარმატებული ბრძოლა და აბსოლუტური და ხანგრძლივი შედეგი მაინც ამ ფორმით მიიღწევა. მას ექნება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების მონიტორინგიც. ბევრი რამეა დაგეგმილი.  ადვოკატთა პროფკავშირების დამაარსებლები ძალიან არიან გააქტიურებულები და გადაწყვიტეს, იმისთვის იბრძოლონ, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო იყოს. ადვოკატთა კორპუსი, სამოქალაქო საზოგადოება ბევრ რამეში მოვტყუვდით და სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანას არ ეღირსა. ყველა იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც სასამართლო რეფორმებს იხილავს, უნდა ვიბრძოლოთ ინსტიტუციური რეფორმისთვის, რათა ვერავინ გაგვიბედოს ქვეყანაში მურუსიძეების სასამართლოს არსებობა. ბევრი ორგანიზაცია უნდა შეიქმნას, რომელიც ამისათვის იბრძოლებს.

დეკემბერში, როცა მურუსიძეების პარპაში გავაპროტესტეთ, იქ მოვიდნენ ნინო ბურჯანაძე, ირმა ინაშვილი, „ლეიბორისტები“, ალასანია… მე მათ განვუცხადე, თუ არ იბრძოლებთ სამართლიანი სასამართლოსთვის და მურუსიძეების პარპაში არ აღიკვეთება, სანამ ეს არ გახდება თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება, ვერ შეხვალთ პარლამენტი-მეთქი და ასეც მოხდა. საქართველოს, ქართველ ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება სამართლიანი სასამართლო, მაგრამ ის მოატყუეს და მიიღო მურუსიძის სასამართლო. დიახ პოლიტიკურ სპექტრს უნდა ებრძოლა და დამდგარიყო ხალხის გვერდით, რათა ეს არ მომხდარიყო, მაგრამ მათ არ დამიჯერეს.

_ კონკრეტულად რას სთავაზობდით მათ და რის წინააღმდეგ წავიდნენ?

_ მათ ვთავაზობდი, რომ რამდენიმე აქცია ჩაგვეტარებინა. ამ რეალობის გამოუყენებლობა გახლდათ პოლიტიკური სპექტრის უდიდესი შეცდომა, რამაც ისინი პარლამენტს გარეთ დატოვა. სხდომაზე მე ყველას ვუთხარი, თუ შესაბამისად არ იბრძოლებთ, მურისიძეების სასამართლო თქვენ დაგამთავრებთ-მეთქი. არჩევნების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ სააპელაციო სასამართლოში, სადაც მურუსიძეა გამეფებული, სარჩელი შეიტანა და ის  უარით გამოისტუმრეს. ინტერვიუებშიც ვაფრთხილებდი პოლიტიკოსებს, რა შედეგი მოჰყვებოდა მათ ინერტულობას ამ კუთხით, მაგრამ არ სჯეროდათ. იმედია, ყველაფერს ახლა მაინც მიხვდნენ. ამჯერად ადვოკატთა პროფკავშირი იბრძოლებს იმ სასამართლოს ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ, რაც უკვე მოგვიტანა მურუსიძეების სასამართლომ. იმ ორგანიზაციაში, რომელსაც შეუძლია იბრძოლოს სამართლიანი სასამართლოსთვის, ბევრი ადვოკატი გაწევრიანდება. პირადად მეც უნდა გავწევრიანდე.

_ ადვოკატების დევნის საკითხი ბოლო დროს გამოსწორდა?

_ ეს თემა მაქსიმალურ კონტროლზე მაქვს აყვანილი. საქართველოში თუ არ იქნა სამართლიანი სასამართლო, მართლმსაჯულება, ადვოკატების მიმართ სათანადო დამოკიდებულებაც ვერ იქნება. ხმები მომივიდა, რომ თურმე ზოგიერთს უხარია ამ პოსტზე ჩემი უფლებამოსილების ვადის ამოწურვა, _ ერთ წელიწადში მოვიცილებთ ხატიაშვილს და მერე ვნახოთ, როგორ იქნებიან ადვოკატებიო! მაგრამ მაგათ არ იციან, რომ მე ვერასდროს მომიშორებენ. ასოციაციის თავმჯდომარე რომ აღარ ვიქნები, მაინც ვიბრძოლებ ჩემი კოლეგების უფლებებისთვის. ჩემი ხელმძღვანელობის დროს პირველად მოხდა ის ფაქტი, რომ ყველა საერთაშორისო ადვოკატთა ორგანიზაცია საქართველოში ჩამოვიდა და გვერდით დაგვიდგა ამ ბრძოლაში. სადაც არ უნდა ვიყო, ამ პროფესიის ადამიანების უფლებების სადარაჯოზე ვიდგები!

 

გიორგი თევზაძე _ ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე:

_ ადვოკატების პროფესიულ საქმიანობაში სათანადო პირობების შექმნა, წლების მანძილზე, საქართველოში პრობლემას წარმოადგენდა. ალბათ, ყველას ახსოვს წინა ხელისუფლების პირობებში ადვოკატთა ინსტიტუტის სისტემური დევნის მაგალითები, რომლის შედეგადაც უამრავი ადვოკატი აღმოჩნდა სისტემის მსხვერპლი. ადვოკატთა კორპუსმა ზაზა ხატიაშვილის ხელმძღვანელობით თითოეული ადვოკატის კანონიერი უფლებებისთვის იბრძოლა, რისთვისაც არაერთი საპროტესტო აქციის გამართვა დაგვჭირდა. ამან უდავოდ დადებითი როლი შეასრულა, თუმცა კვლავაც არის კონკრეტული შემთხვევა  სამართალდამცველი უწყების ზოგიერთი პირის მხრიდან, როდესაც ადვოკატებს დევნიან.

ადვოკატ გიორგი მდინარაძის შემთხვევას გავიხსენებ, რომელზედაც ამჟამად სასამართლო პროცესები იმართება. პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც ამ საქმეში ბრალდებულია, ამჯერად ცილისმწამებლურ შეტევას ზაზა ხატიაშვილზე ახორციელებს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, თითქოს იცის, რომ ზაზა ხატიაშვილი ნომრიანი აგენტია. ცხადია, მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს, რადგან ეს არის აბსურდი და ცილისწამება. ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მას აუცილებლად მოეთხოვება პასუხი!

_ ჩივილს აპირებთ? შეიძლება, რომ სწორედ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გახდეს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის პირველი დასაცავი პირი?

_ ზაზა ხატიაშვილი თავად არის უფლებადამცველი და მას დასაცავი არაფერი აქვს, თუმცა, ალბათ, ასეთი დეზინფორმაციისთვის და ღირსებაშემლახველი განცხადებისთვის პოლიციელ ლაშა კვირკვაიას ვუჩივლებთ. მოქმედი კანონმდებლობა ადვოკატებს არ აძლევს სამართლებრივ საშუალებებს, სათანადოდ დაიცვას კლიენტი და სრულყოფილად განახორციელოს დაცვის ვალდებულება. სამწუხაროდ, მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატთა როლის მიზანმიმართული დაკნინება, ჯერ კიდევ, საბჭოთა სისტემის პერიოდიდან მიმდინარეიბს და დღემდე გრძელდება.  სუსტი ხელისუფლებები, რომლებიც არ გამოხატავენ ხალხის აზრს, ყოველთვის ცდილობენ, რომ შეზღუდონ ადვოკატის პროფესიული საქმიანობა. ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერებაში ისინი ხედავენ ხელისუფლების დაკარგვის პოტენციურ საფრთხეს.

ადვოკატთა ინსტიტუტს არაერთი გამოწვევა და სირთულე შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი 25 წლის მანძილზე. ხდებოდა ადვოკატთა კორპუსის პოლიტიზება და შიდა დაქსაქსულობის პროვოცირება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ინსტიტუტის გამოყენების მცდელობა. მოკლედ, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?! თუმცა ამ სირთულეების ფონზე ადვოკატთა კორპუსი მაინც თავის სიმაღლეზე  აღმოჩნდა. ახლა მას აქვს შანსი, განვითარების ახალ ეტაპზე გავიდეს. აი, ეს ფაქტორებია, რამაც განაპირობა ადვოკატების მიერ ერთსულოვნად ადვოკატთა პროფკავშირების ორგანიზაციის დაფუძნება.

_ ადვოკატთა პროფკავშირის მიზნებსა და გეგმებზე მოგვიყევით.

_ ძირითადი და უმთავრესი მიზანი ადვოკატთა პროფესიული ღირსებების დაცვა, ამაღლება, განმტკიცება და საზოგადოებაში ადვოკატის ავტორიტეტის გაზრდაა. ამ ძირითადი მიზნის მისაღწევად კი ვგეგმავთ ადვოკატის თავისუფალი პროფესიის განვითარებას,  დამოუკიდებლობის მოპოვებას პროფესიულ საქმიანობაში და მათ სოციალურ უზრუნველყოფას; ოპერატიულ რეაგირებას ჩვენი ორგანიზაციის წევრი ადვოკატების უფლებების ხელშეშლისა და შეზღუდვის ფაქტებზე. ასევე ვგეგმავთ ღირსეულ წარმომადგენლობას და თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს სამართალდამცველ უწყებებთან, პროკურატურასა და იუსტიციის სამსახურებთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან; საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან, თვითმმართველობის ორგანოებთან.

_ ვერ გავიგე, თანამშრომლობასაც გეგმავთ და ბრძოლასაც? ორივეს ერთად როგორ აპირებთ?

_ ბრძოლა მხოლოდ ქუჩაში გამოსვლას, არსებული მდგომარეობის, ან ფაქტის გაპროტესტებას, საჩივრების დაწერასა და მსგავს ქმედებებს არ გულისხმობს. ჩვენ გვინდა, რომ ადვოკატის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, იმ საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაშიც მივიღოთ მონაწილეობა, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ. ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები, თუმცა კრიტიკულები და პრინციპულები ხელისუფლების მიმართ ყველა იმ საკითხზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადვოკატებისთვის.

_ ე. ი. ადვოკატთა პროფკავშირის საქმიანობა აპოლიტიკური არ იქნება?

_ პირიქით, ადვოკატთა პროფკავშირის საქმიანობა სრულიად აპოლიტიკური იქნება. ეს ორგანიზაცია დაარსებულია  არასამეწარმეო იურიდიული პირის სახით და საქმიანობა, ძირითადად, ეფუძნება საქართველოს კანონს „პროფესიული კავშირების შესახებ“.

_ მაინც, ვისთან, რომელ უწყებებთან გეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას?

_ ჩვენი ძირითადი და სტრატეგიული პარტნიორი იქნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. მისი წევრები ვართ ადვოკატთა პროფკავშირის დამფუძნებლებიც. ურთიერთობა ასევე  გვექნება საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანებასთან, რომლის გამოცდილებაც დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება.

დამფუძნებელმა კონფერენციამ ნდობა გამომიცხადა და ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარედ ამირჩია. გამგეობაში ცხრა ადვოკატია _ ზაზა ხატიაშვილი, მამუკა ნოზაძე, ზურაბ როსტიაშვილი, ელზა ლეშკაშელი, ლია მასიკაშვილი, ელგუჯა ჩხაიძე, მამუკა ტივიშვილი, ელგუჯა მირველაშვილი და გიორგი თევზაძე. ორგანიზაციაში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სტრუქტურა, გვექნება პრეს-სამსახური, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს მედიასაშუალებებთან. ჩვენს პრიორიტეტს ასევე წარმოადგენს  თანამშრომლობა საერთაშორისო, ავტორიტეტულ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. ვგეგმავთ თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ  სუბიექტთან, რომელთა ინტერესის საგანიც იქნება ადვოკატთა პროფესიული ინტერესების დაცვა და ადამიანის უფლებების უზენაესი პრინციპების უზრუნველყოფა.

იგეგმება წარმომადგენლობების ფორმირება რეგიონებსა და სახელმწიფო ორგანოებში. ამოქმედდება ცხელი ხაზი ადვოკატთა პროფკავშირის წევრების პროფესიული საქმიანობის ხელყოფისა და ხელშეშლის აღკვეთისა და ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

რადგან ამ ინფორმაციას პირველად თქვენს გაზეთში ვაქვეყნებთ და ბევრი ჩვენი კოლეგა ამ ამბავს აქედან გაიგებს, ვისარგებლებ შემთხვეით და მივმართავ მათ: თუ სურვილი გაუჩნდებათ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირის საქმიანობაში, შეუძლიათ მოგვმართონ და გაწევრიანდნენ.

 

                                                                                                                      ნელი ვარდიაშვილი