რას ამბობენ ნარმანიას მერობაზე მის მშობლიურ კუთხეში?

001

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, საქართველოს „პირველ მოქალაქეს“, მეორე ტურის დასრულების შემდეგ, იმ საღამოს პირადად არ დაურეკავს: გამარჯვებულ კანდიდატს და მისი შტაბის წევრებს ივანიშვილის მოკითხვაც და მილოცვაც ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.

როგორც გავიგეთ, ბიძინა ივანიშვილს ნარმანიასთვის პირადად მილოცვით თავი არც მეორე და მესამე დღეს შეუწუხებია. ალბათ, ამის მიზეზი ისაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თბილისში არ იმყოფება და ოჯახთან ერთად საზაფხულო დასვენების ნეტარ მორევშია გადაშვებული.

თბილისში დედაქალაქის მერად დავით ნარმანიას გასვლის შემდეგაც კი მასზე გამოხმაურებების შესახებ თითქმის ყველასთვის ყველაფერი ცნობილია, ვისაც ინტერნეტსა და გაზეთებზე მიუწვდება ხელი. ნარმანიას მერობა მწარედ მოხვდებოდათ გულზე გია კორკოტაშვილს, მანჩო გიორგობიანსა და სხვა „ნაღდ თბილისელებს“, თუმცა ნარმანია რომ წარმოშობით „ხოხობი“ არ არის, ამის გამო გესლი არა მხოლოდ „კორკოტა და კომპანიამ“ ანთხია სოციალურ ქსელში – მათ მიბაძა გივია თარგამაძემაც, რომელმაც მას „კოკელი ნარმანა“ უწოდა.

11

დავით ნარმანიას ასეთ გამოხტომებზე ისევ ის პასუხი აქვს, რაც ადრე ჰქონდა: „ჩემთვის ჯიგარი ისეთ ადამიანთან ასოცირდება, რომელიც მაქსიმალურად მონდომებული და დაინტერესებულია, ქალაქის საჭიროება კარგად ესმის. თუ ჯიგრიანობაა მთავარი, აწონ-დაწონონ ჩემი ჯიგარიც“, – თქვა ადრე დავით ნარმანიამ.

მართალია, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მის ამ ფრაზას – ჩემი ჯიგარიც აწონ-დაწონონო, ბევრი ქილიკით შეხვდა, – ახლა სააღდგომო პერიოდია და ღვიძლი გადიდებული ექნებაო (მოსაზრება ნარმანიამ აპრილში გამოთქვა), მაგრამ უმრავლეობამ მოიწონა – კარგად მოუჭრა „ხოხბებსო“…

დღევანდელ სტატიაში თბილისიდან სამეგრელოს უმშვენიერეს კუთხე-კუნჭულში, მდინარე ენგურის ნაპირებზე გადავინაცვლოთ და ვნახოთ, როგორ შეხვდნენ თბილისში ნარმანიას გამარჯვებას მეგრელები? ამასთან, ვნახოთ, სად მდებარეობს თბილისის ახალი მერის მშობლიური სოფელი? რით გამოირჩევა იგი? სად იზრდებოდა ნარმანია? როგორ სწავლობდა და როგორ წავიდა და დარჩა თბილისში, სადაც პირველად 17 წლისამ დადგა ფეხი? მაშინ, ალბათ, ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად ერთი ამდენი წელი გავიდოდა და ის ამ მრავალტანჯული ქალაქის თავკაცი გახდებოდა…

-თბილისს მეგრელი მერების ბედი აქვს, ბაბა, – გვეუბნება სამოცს გადაცილებული ბერიკაცი, რომელიც ხურჩის ხიდისკენ ძროხებს ერეკება, – დათოს თავი რომ გავანებოთ, მეგრელები არ ჰყავდათ სულ? ახლა რამ გადარიათ? ზოდელავა არ იყო მეგრელი? უგულავა კაი, ხონიდან იყო, მაგრამ ხონიც სამეგრელო არ იყო ერთ დროს? – იშტაზე მოდის მოხუცი, – რომ ამბობენ, კოკელია, კოკელიაო, თვითონ ისინი ან მაგათი მშობლები თუ იყვნენ დაბადებული კოკზე უფრო ლამაზ ადგილას, მე ვიყო უნამუსო – რა არის თბილისი? თბილისი არის სოფლებიდან ჩასულების შექმნილი ქალაქი და ეგენი რომ გამოაკლო, ნიშნავს, ჭკვიან ხალხზე თქვა უარი, რადგან კაცი თუ სოფლიდან ჩადის და თბილისში იმკვიდრებს ადგილს, ეგ არ ნიშნავს, რომ ის კაცი ჭკვიანია? მერე და მერე თბილისის მერი თუ ხდება, მთლად კარგი და გადასარევი – ესე იგი, მთლად ჭკუით ყოფილა გადაპენტილი, – აქებს ბერიკაცი დავით ნარმანიას.

– ნარმანიები ბევრი არ ცხოვრობს კოკში და ხურჩაში, მაგრამ ვინც ცხოვრობს, ყველა პატიოსანი ხალხია, შრომისმოყვარე და სტუმართმოყვარე, – ამბობს უკვე კოკის ცენტრში ქალბატონი ციალა დანელია, – ძალიან გაგვიხარდა, მაგალითად, დავით ნარმანიას მერად გასვლა. კაი ოჯახის შვილია, დედამისი მანამდეც დირექტორის მოადგილე იყო კოკის სკოლაში და ახლაც დირექტორის მოადგილეა, კი ამბობენ, დირექტორს უშვებენ და მაგას ნიშნავენო, მაგრამ არა მგონია, ნორამ ეგ იკადროს, ნამეტნავად პატიოსანი ქალია. მისი მეუღლე ინჟინერი იყო, კიდევ ერთი ბიჭი ჰყავდათ, ორივე აკონტროლებდა ბავშვებს, ამათი ხმამაღალი სიტყვა არ გამიგია არასდროს, ქუჩაში მარტო მაშინ თუ დაინახავდი, როცა სკოლაში მიდიოდნენ ან იქიდან მოდიოდნენ, – ყვება ის.

22

– მე თუ მკითხავ, მერჩივნა, ისევ გზების მინისტრი ყოფილიყო, თავის კუთხეს მიხედავდა, – ცოტა გაღიზიანებული ტონით ერთვება ჩვენს საუბარში იქვე მდგარი ქალი, მაგრამ სახელსა და გვარს არ გვეუბნება, – თბილისს ჰყავს მიმხედავები ისედაც, კოკელმა რომ არ იზრუნოს მასზე, ზრუნვა და დახმარება თუ უნდა, კოკს უნდა, თბილისს რად უნდა დახმარება? ყოფილიყო უგულავა, რომ გამოამწყვდიეს ციხეში და მიხედავდა მშვენივრად, ან გასულიყო მელია, რა, ვერ მიხედავდა?! – კითხულობს ის, რის შემდეგაც იქვე მდგარი ორი ახალგაზრდიდან ერთის რეპლიკას იმსახურებს: „დედა, აგი „ნაციონალი“ ყოფილა!“ ხოლო საყოველთაო სიცილის ხმაში ისევ გაღიზიანებული ქალის ხმა ისმის, _ ნაციონალი არ უნდა მაგას, მართალს ვამბობ მე ყველაფერს…

დავით ნარმანია რომ ბეჯითი მოსწავლე და წყნარი ბავშვი იყო, სხვა კოკელებიც ადასტურებენ. აქ მისი ძმაც ახსოვთ, რომელიც დღეს იურისტია. თავად სოფელი კოკი სამეგრელოს ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. მის გაგრძელებაზე, უკვე მდინარე ენგურსგაღმაა სოფელი ხურჩა, რომელსაც ნაბაკევი ესაზღვრება. გზა ზუგდიდიდან ინგირის, კახათის, ახალკახათისა და ჩემნაშკარის გავლით მოდის. სოფელი კოკი საქართველოს ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე, ზუგდიდიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. სოფელს ჩრდილო-დასავლეთით 25 კმ.-ის დაშორებით ესაზღვრება სათანჯოს გორა, ხოლო დასავლეთით, 20 კმ-ის სიშორეზე ზღვაა.

მდინარე ენგური ორ ნაწილად ყოფს დღევანდელი კოკის ტერიტორიას. ის მოიცავს ხურჩის უბანს, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება და უშუალოდ კოკის ადმინისტრაციულ ტერიტორიას. მდინარეს შუა მოქცეულ ტერიტორიას ძველად კოკიას ეძახდნენ. მეგრულად კოკია კუნძულს ნიშნავს. კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად, სოფლის სახელწოდება საკუთარ სახელს უკავშირდება. ძველად სოფელში ცხოვრობდა ღონიერი და უშიშარი ვაჟკაცი. იგი არ ითმენდა ძალმომრეობას, მებატონეებსაც ეშინოდათ მისი და მოსახლეობის დამცველ ფარს წარმოადგენდა. მას კოკი რქმევია და სოფელსაც მისი სახელი ეწოდა.

სოფელი პირობითად დაყოფილია სამ ნაწილად: დიდი კოკი, პატარა კოკი და შუა კოკი.

დავით ნარმანია, იმის მიუხედავად, რომ ბეჯითი მოსწავლე იყო, მდინარეზე საბანაოდ კლასელებთან ერთად ხშირად გაპარულა. ამასაც კოკელები იხსენებენ, – შატალოზე წასულ კლასელებს ხათრს ვერ უტეხავდა, თორემ სულითა და გულით არ უნდოდაო. ამბობენ, რომ ნარმანიამ ცურვა ენგურში და ანაკლიაში ისწავლა.

სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით მათემატიკურ საგნებს სწავლობდა, თუმცა, ზოგადად, ფრიადოსანი მოსწავლე გახლდათ. ოჯახშიც დიდი მუყაითობით გამოირჩეოდაო. მისი მეზობლები ამბობენ, – მშობლებს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ შიდა საქმიანობაში აქტიურად ჰყავდათ ჩაბმული ძმები, მაგრამ განსაკუთრებულად ამ კუთხითაც დავით ნარმანია აქტიურობდა – ბარვა და თოხნაც კარგად ეხერხებოდაო, თურმე…

33

რამდენადაც აქებენ დავით ნარმანიას მის მშობლიურ სოფელ კოკში, მით უფრო ირონიულად მოიხსენიებენ მას ზუგდიდში:

– ჯერ მკვეთრი „ლ“-ს წარმოთქმაში ივარჯიშოს, სამეტყველო აპარატი დახვეწოს და მერე გადაწყვიტოს მერობა, – ამბობს ზუგდიდელი ნინო ალფენიძე, – მე მაგას თბილისის მერად კი არა, კოკის გამგებლად არ ავირჩევდი! – ამატებს ბოლოს გაბრაზებული. მას სხვა მოქალაქე ედავება:

– რატომ, ქალბატონო, მაგალითად, რას გიშავებთ ნარმანია? მიხედავს მშვენივრად მაგ ქალაქს, მისახედია თბილისი აშკარად.

მოკლედ, ვისი პიანინო ვის როიალშია, კაცი ვერ გაიგებს. ზოგადად, დავით ნარმანიას მერად გასვლას სამეგრელოში უფრო მოწონებით ხვდებიან, ვიდრე პირიქით.

დავით ნარმანიას შესახებ სამეგრელოში კიდევ ბევრი რამ შევიტყვეთ. მაგალითად, ის, რომ უყვარს სანადირო თოფები, პიკნიკები ახლობლებთან ერთად და, რა თქმა უნდა, საზამთრო…

ვნახოთ, როგორ გამოადგება ის დედაქალაქს, აწ უკვე მერის ამპლუაში?..

 

დოროთე გითოლენდია