ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში დაკარგული ქალაქი და მოქალაქეები

n8

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით თბილისის საკრებულოში ურბანული განვითარების პრობლემებზე „მწვანე ფორუმი“ გაიმართა სახელწოდებით: „ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში“. მასში, ადგილობრივებთან ერთად, დარგის უცხოელმა ექსპერტებმაც მიიღეს მონაწილეობა. მიზანი გამოცდილების გაზიარებაა, რათა ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს.

ძველი საბჭოური სისტემის ნგრევა და კაპიტალისტურ საწყისებზე გადასვლა ყველა სფეროში მტკივნეული აღმოჩნდა. გამონაკლისი, არც დედაქალაქის ურბანული სახე ყოფილა. ქაოსურმა მრავალსართულიანმა მშენებლობებმა ქალაქის ცენტრი ბეტონის უსახურ გროვებად აქცია. ე. წ. ბიზნესინტერესებმა საზოგადოებრივ ინტერსებს „დედა უტირა“. ნახეთ, ზედ სპორტის სასახლეზე მიდგმული უზარმაზარი კორპუსი და ამ უკუღმართობასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელი გახდება.

აქ შეგვიძლია აღარაფერი ვთქვათ მთელი პარკების, ბაღების, სკვერების, მწვანე ზოლებისა და ხეების დაუნდობლად განადგურებაზე. ასე თუ გაგრძელდა, მალე დედაქალაქში ხე აღარ დარჩება, რომ ადამიანებმა თავი შეაფარონ. განგაშის ზარები დროულად შემოსაკრავია და საკრებულოში გამართული ღონისძიება, გამოსვლელების პათოსი სწორედ ამისკენ იყო მიმართული.

 

ნინო ლეჟავა _ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი:

_ ხშირად ესა თუ ის პრობლემა საზოგადოებრივ პროტესტს იწვევს, მაგრამ ეს პროტესტი უშედეგოდ ჰაერში იფრქვევა ხოლმე. ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრისთვის ორგანიზებული სახის მიცემა გვსურს. ამჯერად ეს „მწვანე ფორუმის“ ფარგლებში მოხდება. ალეკო ელისაშვილს თვითონ აღმოაჩნდა ინტერესი, რომ ყველა ამ დარბაზში მოვეწვიეთ. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს მშვენიერი შენობა საინტერესო ადამიანებით შეივსოს.

ქალაქი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, სულაც არ არის მწვანე, სწორედ ამიტომ ღონისძიებას „მწვანე ფორუმი“ დავარქვით. თანმიმდევრული განვთარების თვალსაზრისით ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ამ ქალაქში ცხოვრება, მუშაობა და განვითარება ყველასთვის სასიამოვნო უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ქალაქსა და მის მოქალაქეებზე, რომლებიც დღეს ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში არიან დაკარგულები.

 

ალეკო ელისაშვილი _ თბილისის საკრებულოს წევრი:

_ ბიოლის ფონდი წლების განმავლობაში ჯიუტად, მიზანდასახულად ეხმარება ურბანულ თემებს, თითოეულ ჩვენგანს, რომ უკეთ გავიაზროთ ქალაქი და როგორმე უკეთესად დავგეგმოთ ის სივრცე, სადაც ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვატარებთ. ადრე ფონდის ურბანული თემები აკვიატებად ჩანდა, მაგრამ დრომ დაადასტურა, რომ ზუსტი გეზი ჰქონდათ არჩეული. ის ურბანულ იდეებს აშენებდა და კარგ მოქალაქეებს ეხმარებოდა, რათა ამ საკითხებში უკეთესად გარკვეულიყვნენ.

ჩვენ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც პირდაპირ დაგვატყდა თავს. ნებისმიერ ზღრუბლს რომ გადავაბიჯებთ, ვგრძნობთ, რომ ეს არ არის მწვანე ქალაქი. ეს ჰაერიდან დაწყებული ყველაფერში იგრძნობა. ამდენად ჩვენ ყველას უფრო მეტი ფიქრი და მოქმედება გვმართებს.

ასევე ამ შენობას (საკრებულო), მის დარბაზებს აკლია ურბანულ პრობლემებზე სიღრმისეული მსჯელობა. არადა, ეს დარბაზები, არაჩვეულებრივად მოწესრიგებული სივრცე ითხოვს, რომ ურბანული თემებით იყოს დახუნძლული; კონკრეტულ პრობლემებზე მიდიოდეს მსჯელობა. ეს არის სივრცე, სადაც შეგვიძლია უფასოდ გავმართოთ სხვადასხვა ფორუმი, დისკურსი, კონფერენცია, სემინარი და ა. შ.

ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ვისაც ურბანული იდეები გაქვთ, პირადად მომმართეთ და კონფერენციის ორგანიზებაში დაგეხმარებით. ამ შენობის ერთადერთი ფუნქციაა, მოემსახუროს ხალხს და თბილისთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას. ნუ იფიქრებთ რაღაც სასტუმროებზე, თანხები დაზოგეთ და თქვენ მიერვე დაფინანსებული სივრცე მაქსიმალურად გამოიყენეთ.

ასევე ყველას გული გვისკდება ხოლმე, როცა რაიმე მწვანე პროექტზე გავიგებთ. ყველაზე საშინელი დეველოპერული პროექტები აუცილებლად მწვანედ არის სახელდებული. ხეების, პარკების გაჩეხას რაც გულისხმობს, იმას დაარქმევენ ხოლმე ამას. ეს ფორუმი გამონაკლისია, როდესაც რეალურად მწვანე პრობლემაზე ვმსჯელობთ.

 

ლუდეკ სიკორა _ ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღაში, ნეოლიბერალური ურბანული განვითარების მახეები:

_ თბილისში 3 წლის წინათ ვიყავი, მდგომარეობა, მეტ-ნაკლებად, შეცვლილია. ქუჩის გადაკვეთა სახიფათო აღარ არის, მაგრამ არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, გადასვლა მაინც სიძნელეებთან არის დაკავშირებული.

მთლიანობაში, გლობალური ურბანული განვითარების ნაწილი ხართ. დიდ ცლილებებს ათეული წელი, თაობები სჭირდება. დღეს ყველგან უთანასწორობაა, არჩევანი არსებობს, მაგრამ გააჩნია, ვის აქვს ეს არჩევანი. მთავარი ურბანული ცვლილებები ქალაქების ცენტრებს შეეხო. ამიტომ ჩემს ქალაქს, პრაღას, რევოლუციური ცვლილებების ქალაქად აღვიქვამ. ადრე გარშემო სოფლები იყო, დღეს იქ გარეუბნებია უთანასწორო განვითარებით.

მანქანების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ასევე კონფლიქტია კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ქალაქში განაშენიანების დახურული სივრცეები შეიქმნა, იქ ვერ შეხვალ, კერძო დაცვაა და ა. შ. ადრე ეს ყველაფერი ღია იყო ნებისმიერი ადამიანის გადაადგილებისთვის.

ჩვენთან ასევე მიგრანტები ჩამოდიან, მუშახელის, დაახლოებით, 50% უცხოელია. შესაბამისად, აქ კიდევ ერთი თემაა, _ მიგრანტთა უბნები იქმნება და ცალკე ბრძოლა მიდის. ადრე ე. წ. შოპინგი ქალაქების ცენტრებში იყო, ახლა ქალაქგარეთ გადადიან, ეს ტენდენცია თქვენთანაც შეინიშნება. მაგალითად, აქეთ მოსვლისას გზად „ისთ პოინტის“ ცენტრი ვნახე.

მიმდინარე პროცესების შედეგად, ქალაქების ლანდშაფტიც იცვლება. არის სოციალურად ამოვარდნილი ადგილები, განსაკუთრებით ინდუსტრიულ ქალაქებში. იქმნება სოციალური სახლები, ასეთი ჩვენთან 600 ადგილია.

სად ვართ 2016 წელს, ვრჩებით კაპიტალისტურ ქალაქში თუ არა? დიახ, კაპიტალიზმში ვართ და გლობალური ურბანიზმის პერიოდში ვცხოვრობთ, რადგან გლობალური კაპიტალიზმის შემადგენელი ნაწილი ვართ. ხოლო გლობალური ნეოლიბერალიზმი ახალ ლანდშაფტს ქმნის.

რაც შეეხება ურბანულ ტრანსფორმაციას, ადამიანები სამსახურებში ტრანსპორტით დადიან, ჩვენთანაც ასეა, რადგან ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჰყოფნის. ამ პროცესს ბევრი ნეგატიური შედეგი მოჰყვება. ხელისუფლება ცენტრებში მშენებლობას აკონტროლებს, მაგრამ ქალაქგარეთ ეს კონტროლი ნაკლებია. ადამიანები პერიფერიიდან ცენტრებში იმდენს მგზავრობენ, რომ სოციალური ურთიერთობისთვის დრო აღარ რჩებათ. ცენტრში მუშაობენ და ქალაქგარეთ ცხოვრობენ.

ამიტომ უფრო მეტი ველოსიპედი გვჭირდება და ნაკლები ავტომობილი. ყველაფერს ნელ-ნელა ვსწავლობთ, მათ შორის, სოციალურად მრავალფეროვან გარემოში ცხოვრებას.

ასევე მიმდინარეობს პოლიტიკური ოპოზიციის დელეგიტიმიზაცია. ერთმანეთს არაკომპეტენტურებს ვუწოდებთ. მთლიანობაში, ინდივიდუალიზმი სჭარბობს და საზოგადოებრივი ინტერესი საკმაოდ უკან მიჩანჩალებს. საზოგადოებას ერთმანეთის აღიარება და მოლაპარაკება სჭირდება. ახალი ინიციატივები და იდეები არის საჭირო.

90-იანებში იყვნენ ლიდერები, 2000-იანებში წინა პლანზე კაპიტალი წამოვიდა, დღეს იდეების ბრძოლაა, მათ შორის, სოციალურ ქსელებში. ამასობაში მემარცხენე იდეები, აზრები დაიბადა. ამიტომ საჭიროა დიალოგი, _ იყოს მანქანაც და ველოსიპედიც. არავის გვინდა კორუფცია, მწვანე საფრის განადგურება. კანონები უნდა შევცვალოთ, თამაშის წესები უფრო კომპლექსური უნდა გახდეს.

ჩემი მესიჯია: თუ გინდა შეცვალო ქცევა, ამისთვის ჯერ თამაშის წესები უნდა შეცვალო. რა ტიპის ქალაქში უნდათ ცხოვრება, ამაზე თბილისელებმა უნდა უპასუხონ.

 

იოსებ სალუქვაძე, ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

_ ერთი და იგივე სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ, გარკვეულწილად, დროში აცდენილი ვართ და პრობლემებიც აქედან გამომდინარეობს. არის კიდევ დამატებითი სირთულეები, რომელიც ჩვენ სივრცეს ახასიათებს. ლუდეკს ვეთანხმები, რომ გლობალური ურბანიზმის პერიოდში ვცხოვრობთ. მაგრამ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში 1991 წლის შემდეგ ურბანიზმის დონემ დაიკლო, რადგან ბევრი ადამიანი ემიგრაციაში წავიდა. ახლა ამ მაჩვენებლის ნელ-ნელა გასწორება ხდება. პირველად 2014 წლის აღწერის შემდეგ ურბანიზაციის 57% მივიღეთ.

მეორე საკითხი ისაა, რომ ჩვენ არა მარტო პოსტსოციალისტური, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცე ვართ, რომელიც კიდევ დამატებით ნიუანსებს აძლევს განვითარების პროცესს, რაშიც ვიმყოფებით. ასევე არის თავისებუბები, რაც ადგილობრივ ეკონომიკასთან და მძიმე კრიზისებთან არის დაკავშირებული, რამაც ჩვენს განვითარებაზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გლობალური ურბანიზაციისა და კაპიტალიზმის პროცესში ვართ. რამდენიმე ფაზა გამოვიარეთ. პირველი, სრული დერეგულაცია იყო. სოციალიზმის მკვეთრი რღვევა ისეთ პირობებში, როცა სრული დეინსტიტუციონალიზაცია მოხდა იმ ინსტიტუტებისა, რომლებმაც, წესითა და რიგით, უნდა იგძნონ ქვეყნისა და, მათ შორის, ქალაქის განვითარება.

ამ პერიოდში ფულის, კაპიტალის ნაკლებობა იყო. განვითრება, ძირითადად, მოსახლეობის ინიციატივით მიმდინარეობდა. ეს ქალაქისთვის, მაინცდამაინც, სასარგებლოდ არ გამოიხატებოდა. ჩვენს შემთხვევაში ეს მიშენებებითა და დაშენებებით გამოიხატა. ეს ყველაფერი 90-იან წლებში ძალიან უხვად იყო წარმოდგენილი. ამ ყველაფრის დაღი ქალაქს დღემდე აზის და, რეალურად, მნიშვნელოვანი პრობლემაა.

2000-იანი წლებიდან, როდესაც ეკონომიკური ვითარება შედარებით გამოსწორდა, ქვეყანაში საკმაოდ სუსტი ინსტიტუციები იყო; გეგმარებითი ან სხვა რაიმე საფუძველი მოშლილი იყო, რასაც ქალაქის განვითარება დაეყრდნობოდა, იმძლავრა კაპიტალმა. პროცესი, პრაქტიკულად, ყოველგვარი წინაღობების გარეშე განვითარდა. ჯერ ქალაქის ცენტრალური ნაწილის ამოვსება მოხდა, ძალიან ხშირად ეს საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე მიმდინარეობდა. მერე ამ პროცესმა პერიფერიებზე გადაინაცვლა,

მაგრამ ცენტრალური უბნები გაცილებით უფრო იზიდავს დეველოპერებს, მენაშენეებს, ვიდრე ქალაქის რომელიმე სხვა ნაწილი. თუმცა ეს აღარ არის 10 ან 15 წლის წინანდელი ქალაქი.

თუ პირველ პერიოდს თვითშემოქმედებითი ურბანიზმი დავარქვით, მერე ეს არის ინვესტორთა ურბანიზმი, როდესაც მათ შეეძლოთ ყველგან და ყველაფერი გაეკეთებინათ, რასაც კი მოისურვებდნენ. დღეს ამის შედეგი გვაქვს, რაც ლანდშაფტზეც აისახება.

შემდეგ ძალიან უცნაური, მაგრამ ასევე გამოკვეთილი პერიოდი დაიწყო, როდესაც მთავრობამ კონსოლიდაცია მოახდინა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობს პროფესიული შეზღუდვები. დაიწყო მკაფიო პროექტების განხორციელება, რომელიც, მათი თვალსზრისით, აუმჯობესებდა ქალაქის იერსახეს. აქაც არაფერი ახალი არ არის, მსგავსი მაგალითები აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, პრაღაშიც ვნახეთ… მაგრამ ეს პროცესი განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცისთვის არის დამახასიათებელი, როდესაც ცენტრალურ ნაწილში და განსაკუთრებით ღირებულ ურბანულ ლანდშაფტებში ხდება მინისა და ფოლადის კონსტრუქციებით დიდი ნაგებობების მშენებლობა, რადგან ეს თვალს კარგად ხვდება და ბევრის მენტალობაში იყო ასახვა განვითარებისა, რომელიც ქალაქს ნამდვილად სჭირდებოდა.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქალაქში ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ გააჩნია სად, რა მასშტაბითა და რამდენადაა ეს ყველაფერი კონსენსუსის საფუძველზე მიღწეული.

საბოლო ჯამში, ახლა ვართ ფაზაში, რომელიც, როგორც ჩანს, ახალია და სადაც უფრო მეტი ზრუნვა იკვეთება საქალაქო სივრცის მიმართ, მათ შორის ოფიციალური ინსტიტუციების მხრიდან. მაგრამ პროცესები იმდენად შორს არის წასული, რომ ძალიან ძნელია დარეგულირება უკვე იმ შედეგებისა და ინერციისა. უპირველესად, ეს არის საცხოვრისის ფონდი, რომელიც, მოგეხსენებათ, ჩვენში როგორიც არის: ის შენდება, პროცესი გრძელდება და ამაზე სულ მოთხოვნაა… მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საცხოვრებელ ბაზარზე მონაწილეობას ვერ იღებს ქალაქის მოსახლეობის 30, მაქსიმუმ 40%-ზე მეტი. დარჩენილი გარეთ არის დატოვებული. ჩვენ კიდევ არ ვიცით, რა ხარისხის საცხოვრებელი შენდება, რადგან გადახდისუნარიანობა იმდენად დაბალია, რომ კარგ პროდუქტს ძალიან მცირე პროცენტი უკავია იმ საერთო წარმოებაში, რომელსაც ვიღებთ.

მეორე საკითხი არის არაჯანსაღი ქალაქის მიღება. ასეთი ქალაქის წარმოება გამომდინარეობს არა მარტო სატრანსპორტო პრობლემების გამო, არამედ იმის გამოც, რომ მშენებლობები იკავებს საზოგადოებრივი სივრცეების ადგილს. რაღაც განწირულის მდგომარეობაში ვართ, ნეოლიბერალური, არარეგულირებული სივრცე შევქმენით პრივატიზაციის ძალიან მაღალი დონით არა  მარტო საბინაო ფონდზე, არამედ ზოგადად, საქალაქო სივრცეებზე. დღეს, პრაქტიკულად, ქალაქისთვის კარგი პროექტის განსახორციელებლად სივრცე დარჩენილი არ არის.

თუმცა საბაზრო ეკონიმიკას ეს უპირატესობა აქვს, რომ თუ შენ ქალაქი გადარდებს, ისეთივე მოთამაშე ხარ, როგორიც ნებისმიერი სხვა კერძო პირი თუ ფირმა. როცა ამაზე ვსაუბრობ, თავში ერთი წერტილი მაქვს და ეს იპოდრომია. გასაგებია, რომ დღეს იპოდრომი კერძო მფლობელის ხელშია. კარგია თუ ცუდია, სხვა საქმეა, მაგრამ როგორც კერძო მფლობელის ხელში შეიძლება იყოს, ასევე შეიძლება ღია საბაზრო პროცედურებით ობიექტის ისევ ქალაქისთვის დაბრუნერბა. შემდეგ ისევ ქალაქმა გადაწყვიტოს, განახორციელოს ისეთი პროექტი, რომელიც საზოგადოებას სჭირდება.

ზოგადად, ასეთი ვითარების დროს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა ყოველთვის პრობლემურია. ეს ჩვენთან შედარებით განვითარებულ ქვეყნებსაც ეხება, რადგან ამას ყოველთვის ებრძოდა კაპიტალის ინტერესი, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს თრგუნავს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს…

ამასთან, საზოგადოების შრეები, რომლებიც ქალაქგანვითარებაში მთავარი მოთამაშეები არიან, ესენია: ხელისუფლება, ბიზნესსექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. იმისთვის, რომ განვითარება ნორმალურად მიმდინარეობდეს, აუცილებელია, რომ სივრცე ყოველთვის არსებობდეს, მაგრამ ეს სივრცე კონსენსუსისა და დაბალანსების საფუძველზე უნდა იყოს შექმნილი.

განსაკუთრებით თბილისის განაშენიანებულ ნაწილზე ვსაუბრობ, რადგან დანარჩენი მუნიციპალიტეტები, უბრალოდ, თბილისს შემოვუერთეთ და ამით საქმე დავამთავრეთ. ეს კიდევ ცალკე მსჯელობის საგანია.

მესამე, ეს არის ბიზნესსექტორი, რომელსაც, რასაკვირველია, უნდა მივცეთ საშუალება, რაღაც ააშენოს და გაყიდოს. მაგრამ, ჩემი აზრით, ბიზნესსექტორი კი არ უნდა კარნახობდეს ქალაქს, სად რა უნდა გააკეთოს, არამედ ქალაქი უნდა აძლევდეს ბიზნესსექტორს წინადადებებს, სად, რის განვითარება სჭირდება. ბიზნესსექტორს შეუძლია, იქ თანხაც დააბანდოს, მოგებაც ნახოს და ა. შ.

ამ სამი მოთამაშის დაუბალანსებლობა ნებისმიერ ეტაპზე იმ სურათს იძლევა, რაც დღეს მივიღეთ. ჩვენ ერთმანეთის მიმართ რაღაც მტრულად განწყობილ კლასტერებად, სამოქალაქო ჯგუფებად ჩამოვყალიბდით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენი საერთო ინტერესია, განვითარებაც გვქონდეს და კარგი საცხოვრებელი გარემოც.

ამავე დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც ერთ ქალაქში მოსახლეობის ყველა ფენას ერთნაირი ცხოვრების საშუალება არ გააჩნია. მაგრამ მათ თუ არჩევანი არ მიეცათ, ეს ძალიან ცუდია. შენ ვიღაცას აგდებ და არჩევანს არ აძლევ, იქ დარჩეს თუ წავიდეს.

თუ მენაშენეს აშენება, განვითარება ავუკრძალეთ, მაშინ ეკონომიკური განვითარება საიდან უნდა მივიღოთ? კაპიტალდაბანდებით ეკონომიკური განვითარება მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ საზოგადოებრივად სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მიღებული გვაქვს და მომავალშიც შეიძლება მივიღოთ ე. წ. ტოქსიკური ინვესტიცია, რომელმაც ჩვენი გადასახადების გადამხდელებისთვის გაცილებით მეტი ხარჯი გამოიწვიოს.

 

                                                                                               გელა მამულაშვილი