გიორგი რურუა: ,,ეს არის „ფულის რეცხვა“ ინვესტიციების სახელით!”

ru2

„სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიამ“ საქართველოში შემოსულ ინვესტიციებზე კვლევა ჩაატარა. კომპანიის განცხადებით, კვლევის მიზეზი ეკონომიკური სტაგნაცია, არასტაბილური ფინანსური გარემო და სახელმწიფოში მხოლოდ ფურცელზე შემოსული ინვესტიციები გახდა.

რა შედეგები გამოკვეთა კვლევამ? რატომ აცხადებენ მკვლევრები, რომ საქართველო ჩრდილოვანი ეკონომიკური ზონის ქვეყანაა?

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის“ გენერალური დირექტორი _ გიორგი რურუა:

_ ჩვენი ორგანიზაციის კვლევის მიზეზი გახდა ეკონომიკური სტაგნაცია, ფინანსური არასტაბილური გარემო და სახელმწიფოში მხოლოდ ფურცელზე შემოსული ინვესტიციები. რეალურად ძალიან ვიწრო სფეროებში ხორციელდება ინვესტიციები და ისიც მცირე თანხების ოდენობით, ხოლო ციფრები სხვა რამეს გვეუბნება. თუ დავეყრდნობით ციფრებს სხვადასხვა სფეროში, ინვესტიციებში საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა იდება. თუმცა თუ კვლევას ჩავხედავთ, ეს ასე არ არის. მაგალითისთვის ავიღოთ ტრანსპორტის სეგმენტი. მონაცემთა მაჩვენებლების მიხედვით, ამ სეგმენტს მოწინავე ადგილი უჭირავს ინვესტიციების ჩადების კუთხით, ეს საზოგადოებისთვის ყველაზე თვალსაჩინო სფერო გახლავთ, სადაც ნათელია, რომ ამ დრომდე გაუმჯობესება რეალურად არ ეტყობა. ახლა დაიწყო „იბიარდის“ პროგრამის დახმარებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით მთლიანი პარკის განახლება, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება. სტატისტიკური მონაცემებით კი დიდი ხნის წინ უნდა ჰქონოდა ჩვენს საზოგადოებას განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

_ რა პერიოდს მოიცავს კვლევა და რა შედეგები გამოიკვეთა?

_ კვლევის პერიოდი მოიცავს 2011 წლის მთლიანი საანგარიშო პერიოდის მიმოხილვას და 2009 წლის მე-4 კვარტალს _ ნოემბერს. აღნიშნულ კვარტალზე რაც არ უნდა საოცარი იყოს, დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას, _ სად და რა სფეროში დაიხარჯა 32 მლნ დოლარის ინვესტიცია, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც მაქვს. რაც შეეხება კვლევის ჩატარების მეთოდებიდან, საუკეთესოა სტატისტიკური ინფორმაციის ამოწევა, რაც ნებისმიერი ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომი და საჯაროა. სტატისტიკის დეპარტამენტი ამ შემთხვევაში არის საჯარო წყარო, რომელზე დაყრდნობითაც გავაანალიზეთ მონაცემები, დავაჯამეთ ციფრები და რეალურად დარჩა ის, რომ შემოსული ინვესტიციებიდან 80% და მეტი ქვეყნიდან ისევ გადის, ხოლო აქ რჩება, სულ რაღაც, 20%, ისიც ზოგ შემთხვევაში.

საქართველოდან უცხოეთში 2011 წლის მესამე კვარტალში 129, 841 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია გავიდა. ყველაზე მეტი გადინება, 78,498 მლნ აშშ დოლარი, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას სტატისტიკის დეპარტამენტი ავრცელებს და დასძენს, რომ სამაგიეროდ ამავე კვარტალში საქართველოში 266 მილიონი დოლარი შემოვიდა, მათ შორის, 135 მილიონი ნიდერლანდებიდან. საქართველოდან კაპიტალის გატანით არაბეთის გაერთიანებული საემიროების შემდეგ მეორე ადგილზეა აშშ, სადაც კაპიტალდაბანდებამ 21.916 აშშ მლნ დოლარი შეადგინა. სოლიდური კაპიტალი გავიდა ბრიტანეთის ვირჯინიაში _ 15, 447 მლნ აშშ დოლარი, ლიხტენშტაინში _ 10, 189 მლნ აშშ დოლარი და ესპანეთში _ 3, 360 მლნ აშშ დოლარი. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ინვესტიცია სულ 14 ქვეყანაში განხორციელდა: გიბრალტარი _ 245,3 ათასი აშშ დოლარი, სლოვაკეთი _ 70 ათასი აშშ დოლარი, რუმინეთი _ 57,7 ათასი აშშ დოლარი, ლატვია _ 23,7 ათასი აშშ დოლარი, უზბეკეთი _ 21,8 ათასი აშშ დოლარი, სირია _ 10,7 ათასი აშშ დოლარი, ბელიზი _ 5,4 ათასი აშშ დოლარი 643,1 _ 451,8=191,3. თუ საიდან ეს ციფრები, მოგახსენებთ: 2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 53 მლნ აშშ დოლარის, მე-2 კვარტალში კი 32 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია გავიდა. სულ საქართველოში 2011 წლის სამ კვარტალში 643,1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მათ შორის, პირველ კვარტალში 173,7 მლნ აშშ დოლარი, მეორე კვარტალში 203,4 მლნ აშშ დოლარი, მესამე კვარტალში 266 მლნ აშშ დოლარი. შესაბამისად, თუ შემოსული და გასული ინვესტიციების მონაცემებს შევადარებთ, მივიღებთ ჯამში 191,3-ს, რაც შეიძლება ჩაითვალოს განხორციელებულ ინვესტიციად. ეს არის წმინდა წყლის „ფულის რეცხვა“!

აღნიშნული მონაცემების გარდა არსებობს კიდევ ერთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაცია, რაც კვლავ ინვესტიციების შემოსვლას უკავშირდება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ესტონეთის ეკონომიკური ურთიერთობებისა და კომუნიკაციების მინისტრმა იოჰან ფართსმა, 2009 წლის ნოემბერში, მთავრობის კანცელარიაში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „საქართველოსა და ესტონეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ“. იმ დროისთვის განხორციელებული იყო 32 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც, როგორც აღინიშნა, კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო. ეკონომიკის სამინისტროში შევიტანეთ განცხადება, რომ გაგვერკვია, აღნიშნული შემოსული ინვესტიცია რა სფეროში განხორციელდა? თუმცა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ და სად დახარჯა ასეთი დიდი ოდენობის თანხა. აქვე აღვნიშნავ, რომ სამინისტროში არის ინვესტიციების დეპარტამენტი, მაგრამ რისთვის, ეს საკითხი საზოგადოების განსასჯელად დაგვითმია.

_ აღნიშნეთ, რომ კვლევა მოიცავს 2009-2011 წლებს. რატომ არის აქტუალური დღეს ამ წლების მონაცემების კვლევა?

_ ამ საკითხის კვლევას გარკვეული პერიოდი სჭირდება ქვეყანაში შემოსული და გასული თანხების საანგარიშო პერიოდების დათვლით, ამათთან მიმართებით კი ეკონომიკურ ბაზარზე სიტუაციის გაანალიზებით. საქართველოში შემოსულ ინვესტიციებზე მონაცემები გავაანალიზეთ და შემდეგი მივიღეთ: აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველო არის ჩრდილოვანი ეკონომიკური ზონის ქვეყანა, მაგრამ არა დაკანონებული ოფშორი, სადაც შემოდის უზარმაზარი ფინანსური ნაკადები და ისე გაედინება ქვეყნიდან ინვესტიციის სახელით, რომ ვერავინ ფლობს ინფორმაციას.

შავი ფულის გათეთრების ერთ-ერთი მეთოდი გახლავთ ფინანსური ოპერაციები. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია საბანკო ურთიერთობების გამოყენება. ამ შემთხვევაში კი, თუ ეს ოპერაცია ქვეყნის შიგნით განხორციელდება, ამით სპეცსამსახურები ინტერესდებიან, რათა ფულის წარმომავლობა დადგინდეს. შავ ფულს კი, როგორც მოგეხსენებათ, წარმომავლობა არ აქვს. ამ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ფულის ქვეყნიდან გატანა სხვადასხვა გზით.

_ რა გზით?

_ ინვესტიციების სახელით! ახლად შექმნილი კომპანიების სახელით სახელმწიფოში გაჩერებული დიდი საწარმოების გამოყენებით ხდება თვალთმაქცური გარიგებები საწარმოს განვითარების კეთილი მიზნებით. შემოსული თანხა უცხო სახელმწიფოში, კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში საბანკო სისტემას გაივლის. ახლად შექმნილი კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდება და დარჩენილი თანხები ოფშორულ ზონებში გადაირიცხება. ეს არის ის სავარაუდო სქემა, რომელშიც ჩართული არიან მაღალჩინოსნები. ისინი პირადი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ემსახურებიან მსხვილ ფინანსურ მოჩვენებით საინვესტიციო ოპერაციებს, რაც ცუდ კვალს ტოვებს სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ სავარაუდო სქემას სამართლის სამყაროში ჰქვია „ფულის რეცხვის“ ერთ-ერთი გზა. ეს არის ზუსტად ის უზარმაზარი ფინანსური ნაკადები, რომელიც ქვეყნიდან ინვესტიციების სახელით გაედინება ისე, რომ ინფორმაციას ვერავინ ფლობს. სამინისტროს მიდგომა ინფანტილურია, რადგან ქვეყანაში არ არიან ძლიერი ხელმძღვანელები, რის გამოც ქვეყნის მთავარი ინსტიტუტები სუსტდება, რაც სახელმწიფოს განვითარების ძლიერი ხერხემალი უნდა იყოს!

 

                                                                                                         თამარ ბატიაშვილი