დიმიტრი შაშკინი: ,,რა ხდება ქვეყანაში _ სამხედრო ბაზაზეა თავდასხმა, სირია ვართ თუ ლიბია?!”

zx

 

საქართველოში 19 წლის წინათ დაარსებულ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ისტორიაში უპეცედენტო შემთხვევა მოხდა: ბაზა თავდასხმის ობიექტი გახდა!

თითქოსდა ისეთი არაფერი მომხდარა, განგაშის ზარები რომ შემოვკრათ: თავდასხმა აღკვეთილია, გუშაგმა ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედა, ჯერ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი დამიზნებით ისროლა. ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, დანარჩენი გაიქცა.

თავდაცვის სამინისტრომ ვრცელი განცხადება გაავრცელა და მომხდარს ბაზაზე თავდასხმის კლასიფიკაცია მისცა. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები:

„…ამოღებულ იქნა „SAMSUNG “-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული „AK-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისთვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა“.

განცხადებაში მანამდე აღწერილია, როგორ განვითარდა მოვლენები უშუალოდ სროლის წინ, თუმცა, ამ დრომდე, არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა სამი უცხო პირი დაცულ ტერიტორიაზე, ან როგორ შეძლო მათგან ორმა გაქცევა:

„…ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადღეღამისო განაწესში. დაახლოებით 03:30 საათზე მან დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკისა და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ“.

თუ განცხადების ამ ნაწილს განცხადების პათოსს მოვაშორებთ და ჩვეულებრივი თხრობის სტილში გადავიყვანთ, თავდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ:

დაცულ ტერიტორიაზე თავისუფლად შევიდა სამი შეიარაღებული პირი, ისინი არც ერთ სხვა საგუშაგოზე არათუ არ გაუჩხრეკიათ, არც კი შეუყოვნებიათ. ამის შემდეგ ისინი უშუალოდ ბაზის ტერიტორიას მიუახლოვდნენ, რის შემდეგაც მიიღეს გაფრთხილება გუშაგისგან. მათ ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ, ამის მიუხედავად, გუშაგს ესროლეს არა პისტოლეტიდან ან „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატიდან, არამედ, რატომღაც, საჭიროდ მიიჩნიეს, ცეცხლგამძლე ბალონი ესროლათ…

აი, აქ კი ყველაზე წარმოსახვითი ფანტაზიის მქონენიც გაიჭედებიან: წარმოიდგინეთ გუშაგი შემოვლაზე, ან კოშკურაზე, რომელიც გამაფრთხილებელ შეძახილს მიმართავს, მერე აფრთხილებს, რომ ესვრის, თუ არ გაჩერდებიან, მერე ჰაერში ისვრის და ამ დროს რას აკეთებს თავდამსხმელი? ცეცხლმაქრ ბალონს ეძებს, რომ გუშაგს ესროლოს, მაშინ როცა მხარზე, ოფიციალური ვერსიით, „კალაშნიკოვი“ აქვს გადაკიდებული, ქამარში კი პისტოლეტი გაჩრილი?

სანამ იმას განვიხილავთ, როგორ შეიძლებოდა კრწანისის სასწავლო ცენტრში მოხვედრილიყვნენ პირები, რომლებსაც, წესით, იქაურობასთან შეხება არ უნდა ჰქონოდათ, მანამდე გავარკვიოთ, რატომ დაინდეს (და ფაქტია, რომ დაინდეს) თავდამსხმელებმა გუშაგი, რომელსაც, შესაძლოა, ისინი მოეკლა? რატომ არ ესროლეს და არ გააგრძელეს თავიანთი საქმე, თუკი მართლაც თავდასხმა იყო მათი მიზანი და, რაც მთავარია, თუკი მართლაც შეიარაღებული იყვნენ? როდის შეიძლება ადამიანი ისე მოიქცეს, როგორც ერთ-ერთი თავდამსხმელი მოიქცა, როცა გუშაგს ტყვია კი არა, ცეცხლმაქრი ბალონი ესროლა? დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუშაგის მოკვლა არ უნდა და/ან იცნობს მას…

იცნობდა თუ არა გუშაგს 23 წლის აფხაზეთიდან დევნილი გიგა შენგელია, ამ დრომდე უცნობია. სწორედ შენგელიაა მოკლული და მის შესახებ ცნობილია, რომ იგი ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში ცხოვრობდა, მისი ძმა კი კრწანისის სასწავლო ცენტრში ორი წლის წინათ მსახურობდა. ერთ ვერსიით, სწორედ გიგა შენგელიას ძმაა გაქცეული ორი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი.

მოკლული გიგა შენგელიას ცხედარი პათანატომიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შემდეგ ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში გადაასვენეს, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. შენგელიას ახლობლები გამორიცხავენ იმის შესაძლებლობასაც კი, რომ მას იარაღი ჰქონდა, ან თავდასხმაში მონაწილეობდა.

თუ მოკლულის ახლობლების ვერსიას გავიზიარებთ, ე. ი. გიგა შენგელია ცენტრში თავის ძმასთან და კიდევ ერთ პირთან ერთად მივიდა. თუკი მისი ძმა ცენტრში ორი წლის წინათ მსახურობდა, ცხადია, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მან კარგად იცოდა ბაზის სტრუქტურა და გეოგრაფიული არეალი. თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ მათ გუშაგს არ ესროლეს (სავარაუდოდ, იმის მოლოდინით, რომ ის არც აქეთ ესროდა), შეიარაღებული პირების მიზანი სულ სხვა რამე იყო და გუშაგი დაგეგმილ სცენარში არ ჯდებოდა.

რა შეიძლებოდა ყოფილიყო სამი თავდამსხმელის მიზანი? ცენტრის მეთაურთაგან რომელიმეზე შეიარაღებული თავდასხმა? ამერიკელი ჯარისკაცის/ოფიცრის მკვლელობა? თუ, უბრალოდ, შეზარხოშებულმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ბაზაზე წაჰყოლოდნენ ყოფილ ჯარისკაცს (გიგა შენგელიას ძმას), რომელმაც ძველი მეგობრების მონახულება გადაწყვიტა?

თუ ბოლო ვერსიას მივყვებით და ვიგულისხმებთ, რომ სასწავლო ცენტრში შესულებს ავი ზრახვები სულაც არ ამოძრავებდათ, მაინც ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ ბაზაში შეეღწიათ. ან თუ ვინმეს სანახავად მიდიოდნენ, იარაღი რად უნდოდათ? და თუკი გიგა შენგელიას ძმამ სამხედროების მონახულება გადაწყვიტა, როგორ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ გუშაგის ფაქტორის გათვალისწინება მოუწევდა?

მაგრამ სიმთვრალეში ბაზაზე „მიბოდიალების“ ვერსიას კიდევ ერთი სერიოზული გაბათილება აქვს: უბრალოდ, შეუძლებელია, დალევის ბოლო პუნქტიდან კრწანისის სასწავლო ცენტრში მოხვდე: ახლომახლო არც დასახლებაა, არც რესტორანი, ამასთან, იმ ადგილას, სადაც უშუალოდ მკვლელობა მოხდა, ქვეითად მისვლა ისე, რომ არავინ შეგამჩნიოს, სრულიად წარმოუდგენელია.

ის, რომ სამმა მამაკაცმა დალია, მერე რუსთავის გზიდან კრწანისის სასწავლო ცენტრისკენ გადაუხვია, ეს გზა გაიარა და ცენტრში შევიდა, დაუჯერებელი ვერსიაა, რადგან საქმე ეხება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ბაზას, სადაც იმყოფებიან არა მარტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები, არამედ ამერიკელი ჯარისკაცები და ოფიცრებიც.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ ის, რაც ახლა ხდება თავდაცვაში, „სრული ბარდაკია“ და რომ თავდამსხმელებს იმ ადგილას მოხვედრა მხოლოდ მანქანით შეეძლოთ:

„არათუ ეს ბაზა არის უმკაცრეს კონტროლზე აყვანილი, არამედ ნებისმიერი ის მანქანა, რომელიც რუსთავის გზიდან მარჯვნივ გადმოუხვევს ექცევა კონტროლის ქვეშ, რადგან ხელმარჯვნივ არის კრწანისი, ხელმარცხნივ არის ორი ციხე და ტერინინგ-ცენტრი. ასე რომ, ყოვლად წარმოუდგენელია, იქ მანქანა ვინმეს გამოეპაროს. თავად ეს ბაზა, სასწავლო ცენტრი, ყველაზე დაცული ცენტრია საქართველოში, რადგან იქ ქართველებთან ერთად არიან ამერიკელი ჯარისკაცები, დგას ამერიკული ტექნიკა და იქვე არიან ქართველი სამხედროები, რომლებიც ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან“, _ ამბობს დიმიტრი შაშკინი და იქვე დასძენს, რომ ის დეტალები, რაც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია მოყვანილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ უწყება არაკომპეტენტურია და რაღაცას მალავს:

„მისცეს თავდასხმის კლასიფიკაცია და, ამავე დროს, განცხადებაში მიუთითებენ, რომ ამ ხალხს არ უსვრია, არადა, ცეცხლსასროლი იარაღი, ოფიციალური ვერსიით, ჰქონდათ. რასაკვირველია, თვითონ ჯარისკაცი, გუშაგი, ვინც გაისროლა, მოქმედებდა ინსტრუქციის ზუსტად დაცვით და სწორად, მაგრამ მან გაისროლა უშუალოდ ცენტრის ტერიტორიაზე. სწორედ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ სამმა ადამიანმა მანქანით გაიარა, მინიმუმ, სამი ბარიერის მქონე საგუშაგო, სადაც სიჩქარე უნდა დააგდო 5 კმ/სთ-მდე და იმ ადგილამდე დაუბრკოლებლად მიაღწიეს. ეს ობიექტი, თავისი ადგილმდებარეობითა და სტატუსით არის ობიექტი, სადაც ასე ქუჩიდან ვერავინ მოხვდება, ეს წარმოუდგენელია.

ეს ხდება იმ პირობებში, როცა ტერიტორია დაცულია სათვალთვალო კამერებითაც და ყველა გუშაგს აქვს ღამის ხედვის მოწყობილება, საიდანაც შეუძლებელია, ვერ დაინახო, ტრიალ მინდორზე საით გარბის ორი კაცი… არც ვიცი რა ვთქვა…“ _ გაკვირვებულია დიმიტრი შაშკინი.

თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და დარწმუნებულია, რომ გამოძიებაში ამერიკული მხარე აუცილებლად ჩაერთვება:

„ამავე დროს, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გვამი აღმოაჩინეს მოგვიანებით, მხოლოდ სამხედრო პოლიციის მოსვლის შემდეგ, ხოლო ორი ადამიანი კიდევ გაიქცა… თავდაცვის სამინისტრო აბდაუბდას წერს, რადგან პირველ ზონას, შემოსასვლელს, იქ სამხედრო პოლიცია იცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელები ისე შევიდნენ ცენტრის ტერიტორიაზე, რომ სამხედრო პოლიციის კონტრლირებადი ზონა გაიარეს…

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებაში ჩაერთვება ამერიკული მხარე, რადგან იან კელიმ უკვე განაცხადა, რომ ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. ამ კითხვებს აუცილებლად გაეცემა პასუხი, რადგან მოტივი გაუგებარია: ამხელა ბაზაზე შემოდის სამი კაცი, რისთვის შემოდის? რომ მოკლან? და თუ ეს თავდასხმაა, რა ხდება ქვეყანაში _ სამხედრო ბაზაზეა თავდასხმა, სირია ვართ თუ ლიბია, ბოლოს და ბოლოს?! სამხედრო ბაზებზე მიდის თავდასხმები უკვე?“ _ კითხულობს ის.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიას არც მოკლულის მამა ენდობა. რომან შენგელია აცხადებს, რომ მისი შვილი არასდროს ყოფილა ყაჩაღი და არც იარაღი ჰქონდა. „ნასამართლევიც კი არ არის, იარაღი შეიძლება, ჰქონოდა ნანახი, მაგრამ ქონით ნამდვილად არ ექნებოდა. შეიძლება, მეგობრის სანახავად მივიდა, მე არ ვიცნობ მის ყველა მეგობარს, გამოიძიონ და იქ არ აღმოჩნდება, ვინ იცნობდა და ვისთან მივიდა? სისხლისგან დაიცალა ბიჭი, ძირს ეგდო, ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი, ეს რას ნიშნავს? რას და იმას, რომ გარბოდა და მაინც ესროლეს… კაი, დააშავა, მაგრამ საფრთხეს არ გიქმნის, არ გესვრის, გარბის და ტყვიას რომ ესვრი მაინც, რატომ ესვრი, რა ჯიშის ხარ? ან კიდე _ კაი, დაჭერი, მაგრამ მერე მაინც მიეხმარე, გადაარჩინე, სანამ სისხლისგან დაიცლება, არ შეიძლება?“ _ კითხულობს ის.

ფაქტია, რომ თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ სკანდალები მატულობს და პარალელურად მატულობს ამ უწყებით უკმაყოფილო მოქალაქეთა რაოდენობაც. უწყება, რომელიც, სულ რაღაც, ხუთიოდ წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული იყო და მოსახლეობის ნდობის მაჩვენებლით შსს-სა და ეკლესიასაც კი უსწრებდა, მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნის შემდეგ უამრავ კითხვის ნიშანს წარმოშობს.

ჯერ გონიოში, ზღვაში დაღუპული ჯარისკაცების საქმის გამოძიება არ დასრულებულა (არც არავინ დასჯილა), დაღუპული ჯარისკაცების მშობლებსა და ოჯახის წევრებს უწყებასთან შეკითხვები აქვს, ამ შეკითხვებს კი კრწანისის სასწავლო ცენტრზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებული შეკითხვებიც დაემატება…

 

                                                                                                                ლაშა ბერულავა