„წითელი პროკურორების“ საქმე – პოლკოვნიკი „ქურდული გაგებით“ ახალ პარლამენტში

kii

2016 წლის არჩევნებმა, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო სურათი უჩვენა. პირველი რიგში იმით, რომ ისეთი ფიგურები შემოიყვანა და დააბრუნა თამაშში, რომლებიც, წესით და რიგით, მასში არ უნდა იყვნენ. ამ შემთხვევაში პოლიტიკა, კერძოდ კი საკანონმდებლო ხელისუფლება იგულისხმება.

„ქრონიკა+“ მეტად საინტერესო ინფორმაციას გამოაქვეყნებს იმ დეპუტატობის კანდიდატებსა და დეპუტატებზე, რომლებიც აქამდე, რატომღაც, არავის გაუხმაურებია. არადა, ყველაფერი ხელის გულზეა. დიდად არც არაფრის „ამოქექვა“ და ჩაძიება მოგვიწია.

რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატით „ქართული ოცნებიდან“, პაატა მხეიძით გვინდა დავიწყოთ.

პირველ რიგში, წარმოგიდგენთ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომელიც ოფიციალურად გამოვითხოვეთ და მისმა პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა:

 

დაიბადა 1960 წლის 10 მაისს;

1990-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე: საქართველოს სარაიონთაშორისო ბუნების დაცვის პროკურორის თანაშემწედ (1990-1991 წწ.), ქ. თერჯოლის პროკურორის თანაშემწედ (1991-1992 წწ.), ქ. თბილისის პროკურორის თანაშემწედ (1992-1994 წწ.), ქ. თბილისის პროკურატურის ორგანოებში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის უფროს პროკურორად (1994-1998 წწ.), სასჯელთა აღსრულების ადგილებში კანონიერებაზე ზედამხედველობის ქ. თბილისის პროკურორის მოადგილედ (1998-2000 წწ.), გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსად (2000-2001 წწ.), 2001-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ქ. თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე;

2005-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში უფროს გამომძიებლად, განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსად, სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; 2010-2011 წლებში იკავებდა ქ. თბილისის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ცენტრის ჯერ განყოფილების, შემდეგ კი სამმართველოს უფროსის თანამდებობებს;

2011-2014 წლებში იყო შპს „ფესვები XXX“-ის კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში; 2015 წელს მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის სამმართველოს უფროსად, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურში;

2015 წლიდან ბოლო პერიოდამდე იკავებდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას;

2002 წელს მან წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები;

არის პოლკოვნიკი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი“.

პაატა მხეიძის შვილმა მამამისის პროფესიული გზა გააგრძელა და დღეს მუშაობს კონსტიტუციის უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანუ სუს-ში. ეს რაც შეეხება იმ მონაცემებს, რაც გამოვითხოვეთ. ახლა კი დეტალები.

ჯერ პაატა მხეიძის ფრაზების ციტირებას გავაკეთებთ, როდესაც იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა:

„როგორც საზოგადოება თვითონ მიუჩენს ადგილს _ ვის პრესტიჟულს, ვის მეორეხარისხოვანს _ ასეა ეს ყველაფერი, თან უფრო დიდი გაგებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. სისტემაში, რომელიც ჩაკეტილია და მართავენ დაუწერელი ქურდული კანონებით. დიახ! ეს ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს. ამიტომ ვინც თავისი პატიმარი მეგობრის ცოლს შეეხო უდიერად, ან ცოტა უღირსად, გაყიდა სული, მოსთხოვონ პასუხი და უთხრან, რომ შენი ადგილი აქ კი არ არის, არამედ სადღაც კუთხეში. დაახლოებით ასე ხდება (ქურდული კანონებით, _ თ. რ.) და ეს ჩემთვის, როგორც კაცურად, ისე პროფესიონალურად, აბსოლუტურად მისაღებია“.

ეს გახლავთ 2002 წლის აპრილის ინტერვიუს ამონარიდი, რომელიც პაატა მხეიძემ რადიო „თავისუფლებას“ მისცა.  ე. ი. ამ ინტერვიუს მიხედვით, „ქურდული წესებით“ ციხის მართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს სწორად მიაჩნია, როგორც „კაცურად, ისე პროფესიონალურად“.

2003 წლის ივლისში პაატა მხეიძემ განცხადება დაწერა გადადგომაზე და პირველად გვამცნო პოლიტიკაში წასვლის შესახებ. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან „მრეწველებიდან“ იყარა კენჭი. ამაზე იმდროინდელ მედიაში ერთი ამბავი ატყდა და, როგორც გაირკვა, პაატა მხეიძე „წითელ პროკურორად“ ყოფილა სახელდებული.

 

აი, როგორ აფასებდა მის მოღვაწეობას 2003 წელს უფლებადამცველი პატიმრების საკითხებში გელა ნიკოლეიშვილი:

„მხეიძე აცხადებდა, რომ რაღაც შეცვალა, მაგრამ რეალური შედეგები ამას არ გვაჩვენებს. იქ არაფერი შეცვლილა, იმავე შინაგანი ატმოსფეროს თვალსაზირისით, ყოფითი პირობების თვალსაზრისით. დიდი უარყოფითი მოვლენა იყო ძველი კადრების დაბრუნება, ანუ იმათი, თვითონ გამოცდილ კადრებს რომ უწოდებს. ეს კადრები ვერ შეცვლიდნენ სიტუაციას, რადგან თავად შექმნეს ის“.

 

კიდევ ერთი ამონარიდი იმდროინდელი მედიიდან (რადიო „თავისუფლება“):

„პაატა მხეიძეს შეუძლია, უშიშრად იყაროს კენჭი. მისი არც ერთი პასუხი ქურდებს არ ეწყინებათ“.

 

რას ფიქრობენ უფლებადამცველები ახლა?!

„ქრონიკა+“ დიანა თევდორაშვილს დაუკავშირდა:

_ როდესაც ასეთ კანდიდატებს ამოწევენ, ვერ იტყვიან, რომ ჟურნალისტებმა რაღაც გამოიგონეს, მათზე მასალებია გამოქვეყნებული მედიაში. თქვენ ახლა გაინტერესებთ ჩემი, როგორც უფლებადამცვლელის შეფასება, როდესაც ეს ადამიანი მუშაობდა პროკურატურაში, შემდგომ სასჯელაღსრულების სისტემაში, ამის მერე კი კეზერაშვილთან?..

_ დიახ. რა გარანტიები გვაქვს, რომ იგივე რეალობის წინაშე არ დავდგებით, რაც ადრე იყო?

_ სასჯელაღსრულების სისტემაში შევარდნაძის დროს მხეიძე იყო დეპარტამენტის თავჯდომარე. 2003 წელს გადადგა, რომ კენჭი ეყარა. ზოგადად, როდესაც ადამიანს რაღაც თანამდებობაზე ნიშნავენ, პირველ რიგში, განმსაზღვრელი უნდა იყოს მისი ბიოგრაფია, მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანები სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ. კარგად მახოვს, პაატა მხეიძე,   გარკვეული პერიოდი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა. იმ დროს საშინელი სიტუაცია იყო ციხეებში და მხეიძის დროს, ის შემიძლია გითხრათ, რომ რეალური ცვლილებები ვერ განხორციელდა, რადგან იქ სხვა სისტემა იყო და შემდეგ, 2005 წლიდან, ბაჩო ახალაია ჩაუდგა სათავეში. როგორც ვიცით, სისტემა ჯოჯოხეთად გადაიქცა, თუმცა არც მანამდე იყო დალაგებული სიტუაცია. რაც შეეხება, „ქართულ ოცნებაში“ მის დეპუტატობას, თვითონ იმ პარტიის გადასაწყვეტია, რამდენად უღირს ამა თუ იმ კანდიდატის წარდგენა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ დაზარალებულ 20 პირს იცავდა ადვოკატი ნონა ფილაური. აი, რას უყვება იგი „ქრონიკა+“-ს:

_ 2005-2010 წლები ეს არის ყველაზე რთული პერიოდი, როდესაც აქტიურად მიდიოდა ბიზნესის დატერორება, წილებში ჩაჯდომა და ქონების წართმევა. დღეს „ქართული ოცნება“ კანდიდატად წარადგენს პიროვნებას, რომელსაც მთავრობაში ყოფნის მორალური უფლება არ გააჩნია. აგიხსნით რატომაც: ფინანსთა სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტი (სადაც მხეიძეს მაღალი პოსტი ეჭირა), იმ პერიოდში გადაცდომებზე მუშაობდა, ყოველ შემთხვევაში, უნდა ემუშავა. დღეს არც ერთი ის თანამდებობის პირი, რომელიც უკანონოდ ითვისებდა იმ პერიოდში ქონებას, დასჯილი არ არის. ე. ი. ახლა მე მთავრობაში უნდა ვიხილო ის ადამიანი, რომელიც კეზერაშვილის სისტემის მაღალჩინოსანი იყო, მანამდე კი, შევარდნაძის დროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი.

_ უფრო კონკრეტულად ვილაპარაკოთ…

_ მე ვსვამ კითხვას, _ კეზერაშვილი შესული იყო წითელ ცირკულარში და მასზე ოფიციალურად გამოცხადდა ძებნა. ის საშინელებები, რაც მის დროს ხდებოდა, ქრონოლოგიურად არის  დაწყობილი. პირადად მე არაერთ მისგან და მისი უწყებისგან დაზარალებულ პირს ვიცავდი. სრულიად ლოგიკურია, რომ რადგან კეზერაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი, აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება, რომ ამ უწყების მაღალი რანგის თანამშრომელი, მით უმეტეს, კონტროლისა და გამოძიების სფეროში მივიჩნიოთ სამართლიან ჩინოვნიკად? გარდა იმისა, რომ მორალურად არასწორია, ჩემი აზრით, სამართლებრივადაც არასწორია.

_ სამართლებრივად რატომ არის არასწორი?

_ თუ შენს უწყებაში, შენი მინისტრი, შენი მუშაობის პერიოდში დანაშაულს სჩადის და ის პასუხისგებაში მისცეს, შენ ამ დროს იქ მუშაობ და ამ უკანონობისთვის ხელი არ შეგიშლია, მაშინ ვინ ხარ?! კიდევ ვიმეორებ: მე ხომ არ ვსაუბრობ რიგით თანამშრომლებზე, ან, თუნდაც, განყოფილების გამგეებზე? დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ვგულისხმობ. ასეთი ლოგიკით, ამ ჩინოსნის მიმართ დღეს ჩემი ნდობა, როგორც მოქალაქის, არის ცუდი ინსპირაცია.

 

„ქრონიკა+“, ბუნებრივია, შეეცადა, თავად პაატა მხეიძესაც დაკავშირებოდა. მის მაგივრად გვიპასუხა მისმა პრეს-სამსახურმა ეკატერინე ნონიაშვილმა:

_ კონკრეტულად რა საქმეებს სწავლობდა ბატონი პაატა 2005-2010 წლებში, როდესაც კეზერაშვილის უწყებაში ხელმძღვანელი პოსტები ეჭირა? იგი თავდაპირველად უფროსი გამომძიებელი გახლდათ და საკმაოდ ხმაურიანი საქმე გადიოდა მის ხელში…

_ მის ბიოგრაფიას დეტალურად მოგაწვდით. კიდევ რა გაინტერესებთ?..

_ სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის დროს რატომ უწოდებდნენ მას „წითელ პროკურორს?“

_ მომწერეთ და წერილობით გიპასუხებთ.

_ ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი შვილი „სუსში“ მუშაობს. რამდენად აქვს ადგილი ინტერესთა კონფლიქტს, თუ მხეიძის ბიოგრაფიულ მონაცემებს გავითვალისწინებთ?

_ ყველაფერს გაგირკვევთ და მოგწერთ.

 

                                                                                                          თამარ როსტიაშვილი